ვარდმანიძემ თქვა, რომ აზარტული თამაშებით იყო დაკავებული – ხელვაჩაურის ყოფილი მერის ჩვენება

„ბატონო ჯუმბერ, დარეგისტრირებული ხართ თუ არა რომელიმე ინტერნეტსაიტზე რომელიმე აზარტული თამაშის მომხმარებლად?“ – პროკურორის ეს შეკითხვა დამაბნეველი აღმოჩნდა ხელვაჩაურის ყოფილი მერის – ჯუმბერ ვარდმანიძისთვის. მან მოსამართლე ლევან ყოლბაიას მოწმის სახით ჩვენება მისცა ხელვაჩაურის მერიაში „ნახევარი მილიონის მითვისების საქმეზე“.

ჯუმბერ ვარდმანიძე იყო ხელვაჩაურის მერი, როცა პროკურატურის ვერსიით, „ხელვაჩაურის წყლის“ დირექტორმა, ვლადიმერ [დავით] მიქელაძემ დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი მიითვისა. „ხელვაჩაურის წყალი“ კი, პირდაპირ იყო სამართლებრივად ანგარიშვალდებული ჯუმბერ ვარდმანიძესთან – ის ხელვაჩაურის მერი იყო 2017-2021 წლებში.

ჯუმბერ ვარდმანიძე ახლა აჭარის განათლების მინისტრის მრჩეველია.

პროკურორის კითხვას ხელვაჩაურის ყოფილმა მერმა აზარტული თამაშების საიტების შესახებ მოკლედ უპასუხა: „აღარ ვარ“.

– „2017-2020 წლებში თუ იყავით დარეგისტრირებული?“ – იკითხა ისევ პროკურორმა.

– „დასაშვებია“, – მხრები აიჩეჩა თანამდებობის პირმა.

– „სხვა პირის მონაცემები გამოგიყენებიათ აზარტული თამაშების განსახორციელებლად?“ – პროკურორის ამ შეკითხვაზე უკვე ხელვაჩაურის ყოფილმა მერმა თქვა, რომ ეს მისი „პირადი საქმეა“ და კითხვას აღარ უპასუხებს.

მოწმეს მოსამართლემ განუმარტა, რომ ვალდებულია შეკითხვებს უპასუხოს, როცა ის განრიდებული არ არის.

„კარგი, ბატონო, ჩემი შვილის საიტით [აზარტული თამაშების საიტები] ვსარგებლობდი. ეს ჩემი პირადი საქმეა და რატომ უნდა მოხდეს ჩარევა?“ – დარბაზს გადახედა ხელვაჩაურის ყოფილმა მერმა და მოსამართლეს მიუბრუნდა პროკურორზე: „ჩემს პირად საქმეში რატომ უნდა ყოფდეს ცხვირს?“ – იკითხა მოწმემ.

– „ყოფილა შემთხვევა, როცა თანხა მოუცია თქვენთვის ვლადიმერ მიქელაძეს?“ – მოწმეს დაუბრუნდა პროკურორი.

– „დავუშვათ მოუცია 100 – 200 ლარი, არ მახსენდება… ბოლომდე რომ მართალი ვიყო, რესტორანში გადაუხდია პურის ჭამის დროს“, – დასძინა ხელვაჩაურის ყოფილმა მერმა.

სასამართლო განხილვაზე ხელვაჩაურის ყოფილი მერი ჯუმბერ ვარდმანიძე

„თქვენი აზრით, რატომ აქვს პროკურატურას ბრალი წარდგენილი ჯგუფურად ჩადენილი მითვისებისთვის, რატომ გაჩნდა ეს ეჭვი?“ – ადვოკატ ადილარ წირღვავას ეს შეკითხვაც არ მოეწონა ხელვაჩაურის ყოფილ მერს.

„ვერ გეტყვით. აბა, მე რა ვიცი. ის ჩემ დავალებას ასრულებდა, რომ წყალი ყოფილიყო სუფთა,“ – თქვა ხელვაჩაურის ყოფილმა მერმა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ხელვაჩაურის მერიაში, სადაც თვითონ იყო პირველი პირი, ნახევარი მილიონი ლარის მითვისების ამბავი, მხოლოდ პროკურატურისგან გაიგო.

„ვისთან იყო „ხელვაჩაურის წყალი“ პასუხისმგებელი?“ – ჩაეკითხა მოწმეს ადვოკატი ადილარ წირღვავა.

„ჩემ წინაშე,“ – ჩაილაპარაკა მოწმემ და პაუზის შემდეგ დასძინა: „ჩემი მოადგილე იყო კურატორი“.

„მოადგილე“ კახაბერ ფუტკარაძეა, რომელმაც თანამდებობა დღეს, 21 ივნისს დატოვა მას შემდეგ, როცა „ბათუმელებმა“ ამ საქმის სასამართლო სხდომაზე ბუღალტრის ჩვენება გააშუქა: – ბუღალტრის ჩვენების მიხედვით, „ხელვაჩაურის წყალში“ ფიქციურად დასაქმებული იყო ხელვაჩაურის მერის მოადგილის, კახაბერ ფუტკარაძის შვილი თორნიკე ფუტკარაძე. მისი ხელფასი 1040 ლარი იყო.

ჯუმბერ ვარდმანიძემ დაუდასტურა სასამართლოს, რომ მოადგილის შვილის „ხელვაჩაურის წყალში“ განწესება მასთან იყო შეთანხმებული.

„ვერ გეტყვით, ვისი ინიციატივით დასაქმდა, მაგრამ ჩემი თანხმობის გარეშე არ მოხდებოდა, დეტალები არ მახსოვს,“ – თქვა ჯუმბერ ვარდმანიძემ. მას არ უთქვამს, რომ თორნიკე ფუტკარაძე ფიქციურად იყო დასაქმებული.

ჩვენების დროს ვარდმანიძემ ახსენა, რომ კომუნიკაცია ჰქონდა ვახტანგ აბაშიძესთან – წყალსაცავებთან და ჭაბურღილებთან მხვდებოდაო.

ვახტანგ აბაშიძე ამბობს, რომ მას სამსახურში თორნიკე ფუტკარაძე არასდროს უნახავს. ვახტანგ აბაშიძე, „ხელვაჩაურის წყლის“ დირექტორის მოადგილე იყო, როგორც ბრალდებულ დავით მიქელაძის დირექტორობის დროს, ისე ახლაც.

ამ დეტალზე ვარდმანიძის გამოკითხვის დროს მხარეებს ყურადღება არ გაუმახვილებიათ.

პროკურორმა კიდევ ეს იკითხა:

„ეს სპეციფიკური სფეროა. გაარკვიეთ, რომ მას [თორნიკე ფუტკარაძეს] შესაბამისი ცოდნა ჰქონდა?“ – იკითხა პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა.

„იქ ბევრი დამხმარე თანამდებობაა, რასაც არ სჭირდება კონკრეტული ცოდნა… ის იყო სპეციალისტის პოზიციაზე,“ – აღნიშნა ჯუმბერ ვარდმანიძემ.

ჯუმბერ ვარდმანიძის მტკიცებით, კადრების დამატების საჭიროება „ხელვაჩაურის წყალში“ არსებობდა, თუმცა ვერ დაასაბუთა, ვინ დაადგინა და რა ფორმით ამის საჭიროება. ხელვაჩაურის ყოფილმა მერმა ვერც ის თქვა, დამატებით რამდენი ახალი თანამშრომელი დაასაქმეს იმ უწყებაში, რომელიც 100 პროცენტით ეკუთვნის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს და ანგარიშვალდებულია ხელვაჩაურის მერიასთან.

„მე ხომ მათი ბრიგადირი არ ვიყავი… მივსულვარ და დამხვედრიან ადგილზე… იყო საუბრები, რომ საჭიროა კადრების დამატება. ჩემი დავალება იყო, რომ წყალი ჰქონოდა ხალხს და ეს წყალი ყოფილიყო სუფთა.

ერთხელ ფოტო გამომიგზავნა ვლადიმერმა ისეთი, ვუთხარი წაშალე ეს ფოტო შენ და მეც წავშლი, ვინმემ არ ნახოს-მეთქი. ჩანდა წყალსაცავში ჭიაყელა, ბაყაყი, ბოდიში და სლიკვიც. ეს ყველაფერი ვლადიმერმა მოაწესრიგა,“ – აღნიშნა ხელვაჩაურის ყოფილმა მერმა.

„მოწამვლა დაფიქსირდა ამ სამი წლის განმავლობაში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში?“ – ფეხზე წამოდგა და ისე დაუსვა შეკითხვა ბრალდებულმა ყოფილ უფროსს.

„არა. თუ ვინმეს კუჭი აეშალა, არ ვიცი,“ – ირონია დაეტყო ჩინოვნიკს.

„მე რუსულ მილებს ვყიდულობდი ბაზარზე „ჩეკები“ მქონდა, მაგრამ გუშინ ბუღალტერმა ესეც არ დაადასტურა… ეს არ უნდა აისახოს?“ – დირექტორობის პერიოდი გაიხსენა ბრალდებულმა და პროკურატურის მისამართით თქვა, რომ ყველა ხარჯი მითვისებად არ უნდა ჩაუთვალონ, როცა „ჩეკები“ არსებობს.

„მქონდა გადაცდომები, თავს არ ვიმართლებ, მაგრამ ეს ხარჯები არ არის გამოკლებული,“ – თქვა ბრალდებულმა და იქვე თორნიკე ფუტკარაძეც ახსენა – ხელვაჩაურის მერის უკვე ყოფილი მოადგილის შვილი, რომელიც, მაგალითად, ხელფასს სრულად იღებდა – ფუტკარაძის ხელფასიც მითვისებულ ნახევარ მილიონში ყოფილა ასახული.

„უნდა აისახოს, უნდა აისახოს,“ – მხრები აიჩეჩა ხელვაჩაურის მერმაც, ვითომ მე რატომ მეხება ეგ საკითხიო და თანდათან მოწმის ტრიბუნიდან ბრალდებულის გისოსებს მიუახლოვდა.

„დაუბრუნდით თქვენს ადგილს“, – შენიშვნა მისცა მანდატურმაც მოწმეს.

„კონტროლის რა მექანიზმი გქონდათ?“ – ხელვაჩაურის ყოფილ მერს ეს შეკითხვაც დაუსვა ადვოკატმა ადილარ წირღვავამ.

„აუდიტი“ – თქვა მოწმემ და განმარტა, რომ შიდა აუდიტს დანაშაულის ჩადენის შესახებ მისთვის ინფორმაცია არასდროს მიუწოდებია: – „იქ იყო საუბარი გაორებაზე, მაგალითად, თანამდებობრივ გაორებაზე, რაზეც ვისაუბრეთ…“

„როგორ ხსნით ამ შეუთავსებლობას, როცა თქვენ მანამდე მხოლოდ გაორება შეამჩნიეთ, პროკურატურამ კი…“ – გაოცება ვეღარ დამალა მოსამართლემ.

„არ ვიცი, მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით იყო ჩემთვის ეს ამბავი,“ – მოსამართლეს თვალი აარიდა ხელვაჩაურის ყოფილმა მერმაც.

————————–

ვლადიმერ [დავით] მიქელაძე „ხელვაჩაურის წყალკანალის“ ყოფილი უფროსია და მას გამოძიება ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით ფულის მითვისებას ედავება – 520 920 ლარი.

ვლადიმერ მიქელაძეს ბრალი აქვს ასევე წარდგენილი: სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი სიყალბისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების კუთხით.

20 ივნისს ამ საქმეზე სასამართლოს ჩვენება ხელვაჩაურის წყლის“ ბუღალტერმა მისცა. სასამართლო სხდომის „ბათუმელებში“ გაშუქების შემდეგ, თანამდებობა ხელვაჩაურის მერის მოადგილემ -კახაბერ ფუტკარაძემ დატოვა. მოსამართლეს მოწმეებმა უთხრეს, რომ „ხელვაჩაურის წყალს“ კახაბერ ფუტკარაძე კურატორობდა, მისი შვილი კი, ათეულობით სხვა ადამიანის მსგავსად, ფიქციურად იყო დასაქმებული დავით მიქელაძის დირექტორობის დროს.

ამ თემაზე:

„დირექტორთან კაბინეტში შემქონდა ფული“ – მოწმე ხელვაჩაურში 520 ათასი ლარის მითვისებაზე

„გადაჭედილია შეზლონგებით სანაპირო“ – რა ღირს ამ ზაფხულს ბათუმის პლაჟზე დასვენება

„გადაჭედლია შეზლონგებით მთელი პლაჟი, ადგილი უნდა მოძებნო, რომ დაჯდე,“ – ამბობს ია ქათამაძე, რომელსაც პლაჟზე ვესაუბრეთ. ის ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც შეზლონგით არ სარგებლობს და ზოგჯერ თავისუფალი ადგილი ზღვასთან ახლოს არ უწევს.

სანაპიროსთან ახლოს მოიჯარეებს უკვე ჩაუმწკრივებიათ რამდენიმე რიგად ასობით შეზლონგი. შეზლონგებს შორის გავლა შესაძლებელია, მაგრამ წამოწოლა და მით უმეტეს კომფორტულად დასვენება რომ შეუძლებელია, ამას ერთ-ერთი მოიჯარეც გვიდასტურებს და ამბობს: „მაინც არაა ხალხი, შეზლონგს გავუჩოჩებ და დაწვეს შეზლონგებს შორისაც“.

სანაპიროდან შეზლონგების მწკრივამდე მცირე ადგილი დაუტოვებიათ – დაახლოებით იმდენი, შეზლონგების ერთი მწკრივი კიდევ რომ დაემატოს. აქ ხან არის საკმარისი ადგილი ქვებზე წამოსაწოლად, ხან კი ადამიანებს შეზლონგების გამქირავებლებთან ჩხუბი უწევთ.

„…მე არ მიჩხუბია ჯერ მაგისთვის, მაგრამ ვცდილობ ადრე გამოვიდე. ყველა რომ გამოდის, მაშინ თუ გამოხვალ, არ მოგიწევს ადგილი. არ ვიცი, შესაბამისმა ორგანოებმა განიხილონ,“ – ეღიმება ია ქათამაძეს და დასძენს, რამდენჯერმე რომ შესწრებია ჩხუბს, შეზლონგი აიღეთ, ქვებზე დაწოლა მინდაო.

„შეზლონგებს შორის ხომ თავისთავად ვერ დაწვები? შარშანაც ბევრი იყო შეზლონგები, მაგრამ წელს ზღვასთან ძალიან ახლოს ჩამოუტანიათ ეს შეზლონგები,“ – ამატებს ია.

შეზლონგების გრძელ მწკრივზე მიუთითებს კიდევ ერთი დამსვენებელი – თინა მაჭარაძე. ისიც ქვებზე დაწოლას ამჯობინებს.

„იქნებ ვინმემ ამიხსნას, ამდენი შეზლონგი რისთვისაა საჭირო, როცა მომხმარებელი არ ჰყავთ?“ – კითხულობს დამსვენებელი და ყურადღებას ამახვილებს ამაზე: „პლაჟი და სანაპირო საჯარო სიკეთეა, სახელმწიფო საკუთრება, ის ყველას გვეკუთვნის“.

„უკეთესია ქვებზე წოლა, ეს არ უკავშირდება თანხას,“ – გვიყვება გიორგი ფევაძე. – „ზოგი ამბობს, რომ პლაჟი ბინძურია და ამიტომ ვარჩევთ შეზლონგსო, მაგრამ შეზლონგი არაა უფრო სუფთა. ქვებზე წოლა უფრო ჯანსაღია.“

„1 100 ცალი შეზლონგი მაქვს წელსაც გამოტანილი, ჩვეულებრივი შეზლონგის ფასი 5 ლარია, ბადიანი შეზლონგი 10 ლარი ღირს, დროში მომხმარებელი შეზღუდული არ არის,“ – გვიყვება ჯაბა ბერიძე, რომელსაც იჯარით აუღია პლაჟის ერთი მონაკვეთი. ჯაბა ბერიძე მიგვანიშნებს, რომ გასახდელი და აბაზანაც რომ მოაწყო პლაჟზე და ეს უფასოა ყველასთვის. მოიჯარის მოუწყვია რამდენიმე ჩასასვლელი ბილიკიც სანაპირომდე.

ჯაბა ბერიძეც ადასტურებს, რომ დამსვენებლების ნაწილი აპროტესტებს შეზლონგების რაოდენობას, ასევე მათი განთავსების ფორმას პლაჟზე.

„მოუმართავთ პრეტენზიით კი, მაგრამ ჯამში 5 – 6 კაცი იქნებოდა ასეთი. ახლა ყველა კმაყოფილი ვერ იქნება, მინდა ტალღამ დამასველოსო, ახლოს დავჯდეო…

ჩვენ გვაქვს დატოვებული 4 მეტრი სანაპიროდან და მეტი. განსაზღვრულია, რომ უნდა დავტოვოთ მინიმუმ 3 მეტრი და ყოველთვის მეტს ვტოვებთ, რომ ხალხი მართლა დაჯდეს. თავისუფალი სივრცეები ბევრგან მაქვს დატოვებული,“ – ამბობს მოიჯარე.

რამდენად იცავენ მოიჯარეები შეზლონგების პლაჟზე განთავსების წესებს? – ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის პრესცენტრში გვითხრეს, რომ ამ კუთხით პრეტენზიით რომელიმე მოქალაქეს მათთვის არ მიუმართავს, ხოლო მონიტორინგის ჯგუფს, რომელიც ამას აკვირდება, რეგულაციის დარღვევა არ დაუფიქსირებია.

შეზლონგების გამქირავებლების თქმით, შარშანდელთან შედარებით შეზლონგის ფასი არ გაზრდილა. „ქოლგაც 5 ლარია“, – დასძენენ ისინი.

რაც შეეხება სხვა საპლაჟო ინფრასტრუქტურას: პარაშუტით აფრენა წელსაც 150 ლარი ღირს, იახტით გასეირნება – 20 ლარი. ეს ტური ნახევარ საათს გრძელდება.

კატერის დაქირავება 100 – 150 ლარი დაგიჯდებათ. კატერზე 5 ადამიანი თავსდება. აქაც გასეირნების ლიმიტი ნახევარი საათია.

სკუტერით ზღვაში 10 წუთით გასვლა 100 ლარია. ყველაზე იაფი ნიჩბიანი საცურაო დაფის დაქირავებაა – საათი 25 ლარი.

ბათუმის სანაპირო, 4 ივლისი, 2023 წელი

სექსუალური შევიწროების გამო ქალ ფეხბურთელებს 36 000 ლარს გადაუხდიან – სასამართლო

დღეს, 4 ივლისს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა პრეცედენტული გადაწყვეტილება და სექსუალური შევიწროება დაადგინა ქალთა საფეხბურთო კლუბ „მართვესა“ და მწვრთნელ პაატა დოგრაშვილის მხრიდან 9 ქალი ფეხბურთელის  მიმართ.

ინფორმაციას ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ავრცელებს, რომელიც სასამართლოში ქალ ფეხბურთელების ინტერესებს წარმოადგენდა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ეს არის პირველი სასამართლო გადაწყვეტილება, სადაც საფეხბურთო კლუბი და მწვრთნელი ცნობილი იქნა სექსუალურ შევიწროებაში პასუხისმგებელად და დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 36,000 ლარის ოდენობით.

„ეს იყო ჩვენს გამოცდილებაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სექსუალური შევიწროების საქმე, ჩატარდა 33 სასამართლო სხდომა, თითო სხდომა გრძელდებოდა ხან 8-10 საათი“ – წერს ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ანა არგანაშვილი.

ამავე თემაზე: 

ფეხბურთელ გოგოებზე სექსუალური ძალადობის საქმე – PHR-ის განცხადება

გიორგი წიტაიშვილი „დინამო ბათუმში“ ითამაშებს

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრებისა და კიევის „დინამოს“ ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი „დინამო ბათუმში“ ითამაშებს.

„დინამო ბათუმი“ ამ ზაფხულს კონფერენსლიგაში ითამაშებს. კერძოდ, გუნდი ტურნირის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანურ „ტირანას“ დაუპირისპირდება, 13 ივლისს – სტუმრად, 20 ივლისს კი – შინ.

წარმატების შემთხვევაში „დინამოს“ მეტოქე საკვალიფიკაციო რაუნდის მეორე ეტაპზე თურქული „ბეშიქთაში“ იქნება.

გიორგი წიტაიშვილმა საფეხბურთო კარიერა უკრაინაში, კიევის „დინამოში“ დაიწყო და გუნდთან მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს. „დინამო ბათუმის“ ცნობით, წიტაიშვილი ბათუმში ერთწლიანი იჯარის საფუძველზე ითამაშებს.

7 შვილის დედა ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს: „გადავწყვიტე, სტერეოტიპების მსხვრევა“

45 წლის მეგი თათეშვილი სტუდენტობისთვის ემზადება. იგი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს. მის შესახებ ინფორმაციას ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრი აქვეყნებს ფეისბუქზე.

„45 წლის ვარ – 7 შვილის დედა და 2 შვილიშვილის ბებია. წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებს ვაბარებ. ამ ასაკში მიღებული ჩემი ეს გადაწყვეტილება ბევრისთვის ალბათ უცნაურია…

1995 წელს ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ოჯახური პირობების გამო, სამწუხაროდ, მეორე კურსიდან სწავლის გაგრძელება ვეღარ შევძელი. ამაზე გული, რა თქმა უნდა, ყოველთვის მწყდებოდა.

მეუღლე 3 წელია, რაც გარდაცვლილია. მას შემდეგ, რაც მარტო დავრჩი, მეტად გავაანალიზე, რა მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის, ქალისთვის საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას… სწავლას, უმაღლესი განათლების მიღებას, მე კი ამ ყველაფერს მოკლებული ვიყავი.

პირველი გამოცდა უკვე მქონდა.

მრავალი წინაღობის მიუხედავად, მაინც გადავწყვიტე სტერეოტიპების მსხვრევა და ამ გზით ყველასთვის (მათ შორის, საკუთარი თავისთვის) იმის ჩვენება, რომ, თუ მიზანს დაისახავ, ძალიან მოინდომებ, ასაკი საერთოდ არაფერს ნიშნავს.

ახლა საბავშვო ბაღში ვმუშაობ. აღმზრდელის თანაშემწე ვარ. მომავალშიც განათლების სფეროში ვგეგმავ განვითარებას. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდისთვის დამოუკიდებლად მოვემზადე. იმედია, ყველაფერი გამომივა“ – აქვეყნებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრი 45 წლის აბიტურიენტის კომენტარს.

 

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 4 ივლისის 21 საათიდან 5 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი – 8-13 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი
  • ღამით: 17 – 22 გრადუსი

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა +24 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 5-7 ივლისს ბათუმში და მთელ აჭარაში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია – გარემოს ეროვნული სააგენტო

„შავი ზღვის წყლის სინჯებში ბიოგენური ელემენტების, მძიმე მეტალებისა და ჯამური ნავთობის ნახშირწყალბადების კონცენტრაციები ნორმის ფარგლებშია“ – იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო დღეს, 4 ივლისს.

უწყებაში აცხადებენ, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უკვე 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე ახორციელებს.

სააგენტოს ცნობით, კვლევების შედეგად ისაზღვრება ზღვის წყლის ქიმიური პარამეტრები.

კერძოდ, აღებული სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც სააგენტოს განცხადებით, აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს.

რა ტაქტიკას იყენებს რუსეთი უკრაინის კონტრშეტევის შესანელებლად – ბრიტანული დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა დღეს, 4 ივლისს წერს, რომ ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთმა პრიორიტეტულად აქცია და დახვეწა ტაქტიკა, რომელიც მიზნად ისახავს შეანელოს უკრაინის ჯავშანტექნიკის კონტრშეტევითი ოპერაციები სამხრეთ უკრაინაში.

„ამ მიდგომის არსია რუსეთის მიერ ტანკსაწინააღმდეგო ნაღმების ინტენსიური გამოყენება. ზოგიერთ რაიონში დანაღმული ველების სიმჭიდროვე მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, იყენებს იმაზე ბევრად მეტ ნაღმს, ვიდრე ეს გაწერილია მის სამხედრო დოქტრინაში“ – წერს ბრიტანული დაზვერვა.

მოკლე ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინის წინსვლის შენელების შემდეგ რუსეთმა სცადა დარტყმა უკრაინულ ჯავშანტექნიკაზე, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ამ მიდგომით გარკვეულ წარმატებებს მიაღწია უკრაინის კონტრშეტევის ადრეულ ეტაპებზე, რუსეთის ძალები კვლავ დასუსტებულნი არიან, განსაკუთრებით ქვედანაყოფების გადანაწილებისა და საარტილერიო საბრძოლო მასალის დეფიციტის გამო – წერს ბრიტანული დაზვერვა.

____________

ფოტო: EPA/KATIA CHRISTODOULOU

რუსეთის თავდასხმის შედეგად სუმში 3 ადამიანი დაიღუპა – ქალაქში გლოვა გამოცხადდა

უკრაინაში, ქალაქ სუმში, 3 ივლისს საცხოვრებელ კორპუსზე რუსეთის დრონების თავდასხმის შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი, დაშავდა – 21.

დღეს, 4 ივლისს, სუმში გლოვის დღე გამოცხადდა.

ქალაქ სუმზე რუსეთის თავდასხმას წუხელ გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი.

„სამწუხაროდ, ჩვენს სახელმწიფოს ჯერ კიდევ არ აქვს საკმარისი რაოდენობის, მაღალი ხარისხის საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომ დაიცვას მთელი ჩვენი ტერიტორია და ჩამოაგდოს მტრის ყველა სამიზნე. მტერი სარგებლობს ამით, როგორც დღეს მოხდა“ – განაცხადა ზელენსკიმ. მან დასძინა, რომ ყველაფერი „შესაძლებელი და შეუძლებელი“ უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ უკრაინაში საჰაერო თავდაცვა ყველაზე ძლიერი იყოს.

რუსეთის თავდაცვა კიევს მოსკოვზე 5 დრონით თავდასხმაში ადანაშაულებს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ დღეს, 4 ივლისს, დილით, მოსკოვის რეგიონსა და ახალ მოსკოვში არსებულ ობიექტებზე ხუთი უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმა მოხდა. რუსეთი მომხდარში კიევს ადანაშაულებს.

„ახალი მოსკოვის ტერიტორიაზე ოთხი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანადგურა.

კიდევ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ჩახშობილ იქნა და ჩამოვარდა მოსკოვის ოლქის ოდინცოვოს რაიონის ტერიტორიაზე.

მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა“ – წერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „ტელეგრამზე“.

დღეს დილით მომხდარის შესახებ განცხადება გაავრცელა მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა. მისი თქმით, უსაფრთხოების მიზნით, ზოგიერთი რეისი დროებით გადამისამართდა ვნუკოვოს აეროპორტიდან.

ასევე, რუსული მედია წერს, რომ ახალი მოსკოვის სოფელ აკინშინოს მცხოვრებებმა აფეთქების ორი ხმა გაიგონეს.

მზარეულების თქმით, დამსაქმებელი მათ ამცირებს და ხელფასს არ უხდის – რესტორანი „ზღვის ხედი“

მზარეული ვლადიმირ პოტოცკი და შეფ მზარეული მაქსიმ ხროლი „ბათუმელებს“ უყვებიან, რომ რესტორნის მფლობელებმა, ოლესია ზუსკომ და ვლადიმერ ბორისოვიჩმა მათ ხელფასი არ გადაუხადეს და როცა კუთვნილი ანაზღაურება მოითხოვეს დამსაქმებლებისგან ლანძღვა-გინება მიიღეს პასუხად.

იმავეს ყვება ამ რესტორანში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეც, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს. მისი თქმით, „ხელფასებს არ იხდიან დროულად. თუ თხოვ, ან გატყუებენ, ან გაგდებენ სამსახურიდან“.

ვლადიმირ პოტოცკი უკრაინის მოქალაქეა, მაქსიმ ხროლი კი ბელორუსიდანაა. რესტორნის ერთ-ერთი მფლობელი ოლესია ზუსკოც ბელორუსის მოქალაქეა, მეორე დამსაქმებელი – ვლადიმირ ბორისოვიჩი კი რუსეთიდანაა.

მაქსიმ ხროლი გვეუბნება, რომ კონფლიქტამდე, მანამ, სანამ ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა რესტორნის მფლობელებთან, ვლადიმირ ბორისოვიჩი მასთან იკვეხნიდა, რომ ჰყავდა ნაცნობები და მფარველები ბათუმის მთავრობასა და პოლიციაში.

„როცა ხელფასი არ გადაგვიხადეს და პოლიციაში წასვლა გადავწყვიტეთ, ალბათ სწორედ ამ მფარველების იმედად გვეუბნებოდნენ, რომ ჩივილით არათუ ვერაფერს დაგვაკლებთ, არამედ იქით შეგიქმნით პრობლემასო“, – ამბობს რესტორნიდან გათავისუფლებული შეფ მზარეული მაქსიმ ხროლი.

25 წლის მზარეული ვლადიმირ პოტოცკი ამბობს, რომ „Sea View“-ს მფლობელები, ოლესია ზუსკო და ვლადიმირ ბორისოვიჩი მას სიტყვიერად შეუთანხმდნენ, რომ რესტორანში მზარეულად დაასაქმებდნენ და ყოველი კვირის ბოლოს გადაუხდიდნენ ხელფასს. ვლადიმირის ხელფასი დღეში 140 ლარი უნდა ყოფილიყო.

ვლადიმირ პოტოცკი

„მყავს დიაბეტიანი დედა, განსაკუთრებული კვება, ყურადღება და მედიკამენტები სჭირდება, გადასახდელი მაქვს ბინის ქირა და ყოველკვირეული ანაზღაურება ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ვენდე ადამიანებს კონტრაქტის გაფორმების გარეშეც, მაგრამ ხელფასი არ ჩამირიცხეს, რის შემდეგაც ოლესია ზუსკოს დავურეკე მორიდებით და ბოდიშის მოხდით ვკითხე, თუ როდის ჩამირიცხავდნენ ხელფასს. „пошол на хуй, пидараст, ты ничтожество”, ასე მიპასუხა და გამითიშა. გავოგნდი, მაგრამ 5 წუთში ისევ დავრეკე, ამჯერად მისმა მეუღლემ ვლადიმირმა მიპასუხა, მაგრამ ეს არ იყო დიალოგი, რაც ჩვენს შორის დაიწყო, ეს იყო ისტერიკა ამ კაცის მხრიდან.

თავიდან მითხრა, რომ სტაჟიორად ამიყვანა და არანაირ ხელფასს არ უნდა დავლოდებოდი. არადა ცხადი შეთანხმება დავდეთ, რომ მზარეულად ვსაქმდებოდი პირველივე დღიდან და ჩემი პირველივე სამუშაო დღე იყო ანაზღაურებადი. არანაირ სტაჟიორობას მე არ დავთანხმებივარ, 15 წელია სარესტორნო სფეროში ვმუშაობ, რად მინდოდა სტაჟიორობა.

მერე დაიწყო დამცირება და შეურაცხყოფა მთელი ჩემი ერის მიმართ, ეს კაცი მეუბნებოდა, რომ უკრაინიდან ხარ, წაეთრიე უკრაინაში, აიღე იარაღი და იქ მოკვდი, აქ რატომ ჩამოხვედიო. თავად რუსეთის მოქალაქეა და ამბობდა, რომ რუსეთს გულშემატკივრობს. „ვინ ხარ საერთოდ, რომ მე მირეკავო“ მეუბნებოდა. ამაზე მხოლოდ ის ვუპასუხე, რომ მკაცრად მოგიწევს ყველაფრის გამო პასუხის გაცემა-მეთქი და გავუთიშე“, – გვიყვება 25 წლის მზარეული.

მისი თქმით, რესტორნის მფლობელებმა მას არ გადაუხადეს ანაზღაურება – 700 ლარი, ზემოთმოყვანილი საუბრის შემდეგ ვლადიმირი დარწმუნდა, რომ დამსაქმებლები მისთვის ხელფასის გადახდას არ აპირებდნენ:

„ამიტომ, მათთვის სამაგიეროს გადახდის მიზნით, ავიღე რესტორნიდან ორი ჩილიმი და წავიღე. დავაბრუნებ მაშინ, როცა ჩემ ხელფასს გადამიხდიან. არაფერი მომიპარავს, შენახული მაქვს ეს და დაუბრუნდებათ, როცა მეც დამიბრუნებენ 700 ლარს“, – ამბობს მზარეული.

მას შემდეგ, რაც ვლადიმირმა ჩილიმები წაიღო რესტორნიდან, დამსაქმებლებმა მის წინააღმდეგ განცხადება შეიტანეს პოლიციაში, რომ ვლადიმირმა ისინი გაქურდა. ვლადიმირი ახლა ბათუმის პოლიციის მეექვსე განყოფილებაში დაბარებული. ამბობს, რომ აპირებს დასახმარებლად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალს მიმართოს.

ოლესია ზუსკო პირად მიმოწერაშიც ციხეში ჩასმით და „გისოსებით“ ემუქრებიან ვლადიმირს:

„მუშაობ დღე და ღამე: 12-საათიან ცვლაში მთელი კვირა, მუშაობ უხარისხო, მრავალჯერ გაყინული და გამდნარი პროდუქტით, უხარისხო აღჭურვილობით, გაქვს უამრავი ვალდებულება, სადილში ფულს იხდი, რესტორანი კვებას არ გინაზღაურებს, მთელი დღე დგახარ ფეხზე, თუ რამე შეგეშალა, ელემენტარული რამ, იხდი ჯარიმებს და ბოლოს ხელფასსაც არ გიხდიან.

ცხოველებსაც კი არ ექცევიან ასე, მსგავსი დამოკიდებულება 15-წლიანი მუშაობის განმავლობაში არსად მინახავს. ახლა ომია, ნაცვლად იმისა, რომ ადამიანებს ემპათია გვქონეს ერთმანეთის მიმართ, ამ დამსაქმებლებმა ზედ გადაგვიარეს“, – ამბობს ვლადიმირ პოტოცკი.

მას შემდეგ, რაც პოტოცკისა და რესტორან „Sea View”-ს თანამშრომლებს შორის კონფლიქტი გამწვავდა, საქმეში შეფ მზარეული, მაქსიმ ხროლი ჩაერია, რომელმაც დაიცვა ვლადიმირი. მან ოლესია ზუსკოს სთხოვა, არ დაეზიანებინა რესტორნის რეპუტაცია, არ დაეშვა, რომ დაეკარგათ მზარეული და სთხოვა გადაეხადათ ვლადიმირისთვის კუთვნილი ხელფასი, რაზეც დამსაქმებელი მას უშვერი სიტყვებით პასუხობს და ადანაშაულებს, რომ ისიც ვლადიმირის „დანაშაულის“ თანამონაწილეა და დეპორტით ემუქრება.

მაქსიმ ხროლი

ზუსკო შეფ მზარეულს მიმოწერაშივე აცნობებს შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი სიტყვებით, რომ დათხოვნილია სამსახურიდან:

„შეფ მზარეული ვარ ამ რესტორანში, მეც ახლა დამითხოვეს სამსახურიდან ვლადიმირის დაცვისთვის, რახან ის დავიცავი ჩემი კუთვნილი ხელფასის ნახევარი – 750 დოლარი არ ჩამირიცხეს. ვოვა ხელფასის მოსათხოვად იყო მისული რესტორანში და მეც ვახლდი მას, როცა ჩილიმები წამოიღო, ამიტომ თანამონაწილედ მაცხადებენ. დეპორტით მემუქრებიან. მე ვაცნობე დამსაქმებლებს, რომ ჩვენც ვიჩივლებდით ხელფასის გადაუხდელობის გამო. „ვნახოთ ვინ ვის უჩივლებსო“ დამემუქრნენ“, – ამბობს მაქსიმ ხროლი.

„ბათუმელები“ ორი დღეა ცდილობს რესტორნის მფლობელებთან დაკავშირებას, თუმცა ისინი სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ, პასუხი მხოლოდ მოკლე ტექსტურ შეტყობინებაზე მივიღეთ ოლესია ზუსკოსგან.

ჩვენ მას ვკითხეთ, ლეგალურად ეწევიან თუ არა ისინი საქართველოში ეკონომიკურ საქმიანობას და აცნობეს თუ არა რესტორნის გახსნამდე საქართველოს შრომისა და ჯანდაცვის სამინისტროს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებას აპირებდნენ.

ამაზე დამსაქმებელმა გვიპასუხა, რომ რესტორნის ყველა თანამშრომლის შესახებ მიწოდებული აქვთ ინფორმაცია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთვის. თუმცა ოლესია ზუსკო ამბობს, რომ მათ არ აქვთ უფლება პირველი სამ თვე არ გააფორმონ შრომითი ხელშეკრულება დასაქმებულებთან „მაქსიმ ხროლი კი ჩვენთან მხოლოდ თვე-ნახევარი მუშაობდა“, – მოგვწერა რესტორნის მფლობელმა.

კითხვაზე, რატომ არ გადაუხადეს დასაქმებულებს ხელფასი, ოლესია ზუსკომ გვიპასუხა, რომ მაქსიმ ხროლმა 1, 5 თვის განმავლობაში მიიღო „უზარმაზარი ხელფასი“ (2 250$), რასაც „არ იმსახურებდა“.

„არ ემორჩილება ხელმძღვანელებს, არ იცავს რესტორნის წესებს და უკონტროლო ადამიანია, რაც მთავარია თანამონაწილეა ქურდობის“.

მაქსიმ ხროლი ადასტურებს, რომ თვეში მისი ხელფასი 1500 დოლარი იყო. ის ადასტურებს ასევე, რომ პირველი თვის ხელფასი მიიღო, მიიღო მეორე თვის ნახევრის ანაზღაურებაც, მაგრამ მას შემდეგ, რაც თანამშრომელს დაუჭირა მხარი, დარჩენილი 750$ აღარ გადაუხადეს.

დამსაქმებელს ვკითხეთ, რა კომენტარს გააკეთებდა დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი ლექსიკის შესახებ, რითაც დასაქმებულს ესაუბრებოდა კერძო მიმოწერაში. ოლესია ზუსკომ ასე გვიპასუხა:

„ეს პირადი მიმოწერა იყო და არა საჯარო, ჩვენ მეგობრული ურთიერთობა გვქონდა, მან არ შეასრულა საკუთარი მოვალეობები და სხვები ვაკეთებდით მაქსიმის საქმეების 80%-ს. მიმოწერის ეს ნაწილი ყველაზე ცხარე კამათია! და ეს მეგობრული მიმოწერაა, არა საჯარო“.

თუმცა ცხადად ჩანს, რომ მაქსიმ ხროლი მიმოწერაში სთხოვს დამსაქმებელს მის კუთვნილ ხელფასს და ვლადიმირის ხელფასის ჩარიცხვასაც სთხოვს, რაზეც პასუხად ლანძღვას და მუქარას იღებს.

 „ბათუმელების“ ინფორმაციით, რესტორან „Sea View“-ს მფლობელებს არცერთ თანამშრომელთან არ აქვთ გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება. უცნობია, იხდიან თუ არა სავალდებულო გადასახადებს საქართველოს ბიუჯეტში ამ რესტორნის მფლობელები.

ახლახან დატოვა რესტორანი „Sea View“ კიდევ ერთმა მზარეულმაც. თ. ს ეთნიკურად ქართველია და საქართველოს მოქალაქე, თუმცა მას არ სურს საკუთარი ვინაობის გამხელა. გვეუბნება, რომ თუ ღიად ისაუბრებს, მერე ვეღარასდროს იმუშავებს სარესტორნო ქსელში მზარეულად, რადგან, მისი თქმით, თუ საკუთარი უფლებების დარღვევას გააპროტესტებს დასაქმებული ამ სფეროში, დამსაქმებლები ერთმანეთს გადასცემენ ინფორმაციას და მზარეულებს ბლოკავენ:

„ყოველ დღე ახალი თანამშრომელი მხვდებოდა რესტორანში, 3 ბარმენი და მიმტანები გააგდეს, ვინც ხელფასს ითხოვს, აგდებენ ყველას და ყველას იქით ემუქრებიან, რომ უჩივლებენ.

ვლადიმირ პოტოცკის ყოველდღიურ ანაზღაურებაზე შეუთანხმდნენ, მაგრამ არ გადაუხადეს ხელფასი.

ჭურჭლის მრეცხავი ქალია, რომელიც არის დამლაგებელიც, ტუალეტის მრეცხავიც. ეს აკრძალულია ყველა კვების ობიექტზე. სამზარეულოს დამლაგებელი არ შეიძლება ამავე დროს ტუალეტსაც ალაგებდეს.

იმის გამო, რომ ვლადიმირმა იმ დღეს ჩილიმები წაიღო რესტორნიდან, ნახევარი დღის ხელფასი ჩამოაჭრეს დამლაგებელს, რატომ არ დაიცავი ჩილიმებიო. ყველაფერში ასეა – „ჯარიმები“ – ფულს გვახდევინებენ, რაშიც მოუნდებათ იმაში. 12 წელია ამ სფეროში ვარ და არსად არასდროს გადამიხდია კვების ფული. აქ ჩვენ ვიხდიდით კვებისას“, – გვიყვება თ.ს.

მან სამსახური ანტისანიტარიის გამო დატოვა. ამბობს, რომ ბათუმში ბევრი მზარეული იცნობს და ეუხერხულებოდა ემუშავა ანტისანიტარიაში, რაც სამზარეულოში დახვდა. სამსახურიდან ამ დისკომფორტის გამო წამოვიდა:

„აქ რომ მონიტორინგის სამსახური მივიდეს, უამრავ დარღვევას აღმოაჩენს, საშინელება ხდება. მიუხედავად ამისა, ძალიან კარგი მუშაობა აქვთ და წარმოუდგენელია ფულის არქონის გამო არ უხდიდნენ დასაქმებულებს ხელფასს.

რასაც დავაკვირდი, მოქმედების სქემა აქვთ ასეთი: თითო კვირითაც რომ იმუშაოს ახალმოსულმა ამათთვის ეგეც კარგია, არ გადაუხდიან ხელფასს. დასაქმებული როცა მოეგება გონს გაიქცევა და მერე ახალი მოდის. ამასობაში სეზონიც დამთავრდება და წავლენ თავიანთ ქვეყანაში დაუსჯელად, არავინ მოსთხოვთ პასუხს სხვა ადამიანების შრომის ხარჯზე ხელი რომ მოითბეს უსამართლოდ“, – ამბობს თ. ს.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 4 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 4 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 231 030 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +770]
  • ტანკი – 4 059 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 7 908 ერთეული [+9]
  • საარტილერიო სისტემა – 4 252 ერთეული [+32]
  • MLRS – 647 ერთეული [+6]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 394 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 309 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 602 ერთეული [+29]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 264 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 6 843 ერთეული [+9]
  • სპეცტექნიკა – 590 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 4 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 449 თვითმფრინავი
  • 241 ვერტმფრენი
  • 4 887 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 426 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 10 503 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 134 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 5 330 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 11 407 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო

[yellow_box]რუსეთის თავდასხმის შედეგად სუმში 3 ადამიანი დაიღუპა – ქალაქში გლოვა გამოცხადდა[/yellow_box]

ამავე თემაზე:

რა ტაქტიკას იყენებს რუსეთი უკრაინის კონტრშეტევის შესანელებლად – ბრიტანული დაზვერვა

36 და 44-სართულიანი შენობები ქობულეთში – როგორ გაზარდა „ალიანსმა“ პროექტის მასშტაბი

ინვესტიციის განხორციელების ვალდებულების აღებიდან მეექვსე წელს შპს „ალიანსი ქობულეთმა“ სანაპიროზე მიმდინარე სამშენებლო პროექტის შეცვლა ისევ მოითხოვა.

კომპანიამ ქობულეთის მერიას სანაპიროს პირველ ზოლში მიმდინარე სამშენებლო პროექტის ცვლილების მოთხოვნით 2023 წლის 20 ივნისს მიმართა.

ცვლილების მიხედვით, იზრდება სამშენებლო პროექტის მასშტაბი, ემატება ერთი ცალკე მდგომი შენობაც, რომელიც, თავის მხრივ, ორი შენობის გაერთიანებას გულისხმობს.

პროექტის რენდერი

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კომპანია ქობულეთში, აღმაშენებლის 191-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე მიმდინარე სამშენებლო პროექტის შეცვლას ითხოვს. შპს „ალიანსი ქობულეთი“ თავდაპირველად აქ 26 ორსართულიანი კოტეჯის მშენებლობას გეგმავდა.

2019 წელს კომპანიამ პროექტი შეცვალა.

ახალი პროექტი კოტეჯების ნაცვლად ითვალისწინებდა ორი დაბალი შენობით გაერთიანებული 28-სართულიანი შენობისა და ერთი ცალკე მდგომი 28-სართულიანი შენობის მშენებლობას [სულ სამი 28-სართულიანი შენობა].

ამჯერად, მოთხოვნილი ცვლილების მიხედვით, კომპანიას 3 ურთიერთდაკავშირებული – 18-36 და 44-სართულიანი შენობების და ერთი ცალკე მდგომი, 14-სართულიანი შენობის აშენება სურს. ამ 14-სართულიან შენობას დაუკავშირდება კიდევ ერთი 4-სართულიანი შენობა.

ესკიზი სიმაღლეების მითითებით

ქობულეთის მერიაში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, ოთხსართულიან შენობაში კაზინოს მოწყობას გეგმავენ.

კაზინო – რენდერი

კომპანიის მოთხოვნა შეცვლილი განაშენიანების დეტალური გეგმით ქობულეთის მერიამ განსახილველად საკრებულოში გადააგზავნა.  საკრებულომ საკითხი 30 ივნისს სხდომაზე განიხილა და დაამტკიცა. ეს იმას ნიშნავს, რომ „ალიანსი“ სანაპიროზე მიმდინარე სამშენებლო პროექტის მასშტაბებს ისევ გაზრდის.

სამშენებლო მიწის ნაკვეთი ზღვის სანაპიროზე, პლაჟის გასწვრივ, 2 ჰექტარზე მეტი, 26 213 კვ.მეტრია.

მიწის ნაკვეთი, სადაც „ალიანსი ქობულეთი“ მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს, აჭარის მთავრობამ 2018 წელს პირობიანი ელექტრონული აუქციონით 1 მილიონ 4 68 500  ლარად გაყიდა. მყიდველი შპს „ალიანსია“.

კომპანიამ 25 მილიონი ლარის ღირებულების ინვესტიციის განხორციელებისა და არანაკლებ 200 მოქალაქის დასაქმების ვალდებულება აიღო.

გაიწერა გეგმა-გრაფიკიც, რომლის მიხედვითაც კომპანიას ინვესტიცია 4 წლის ვადაში უნდა განეხორციელებინა.

2018 წლის მარტში გაფორმებული ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვეში კომპანიას შესაბამისი უწყებებისთვის მიწის ნაკვეთის განაშენიანების გეგმა, არქიტექტურული პროექტი და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები უნდა წარედგინა; 12 თვის ვადაში მიეღო შესაბამისი ნებართვები, 48 თვის ვადაში [4 წელი] შესყიდულ ნაკვეთზე არანაკლებ 200-ნომრიანი სასტუმრო, სპაცენტრი, ბავშვთა გასართობი სივრცე, ღია სპორტული მოედანი და კვების ობიექტები მოეწყო და შენობა ექსპლუატაციაში შეეყვანა, შენობის ექსპლუატაციაში მიღებიდან 6 თვეში კი აქ სასტუმრო უნდა აემოქმედებინა.

ეტაპობრივად იყო გაწერილი საპრივატიზებო თანხის გადახდის ვალდებულებაც.

ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულება პირგასამტეხლოს დაკისრებას ითვალისწინებდა შემდეგი პირობებით:

  • თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0.1 პროცენტი; საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1 პროცენტი დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა თითოეულ დარღვევაზე საპრივატიზებო საფასურის 0.5 პროცენტი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დარღვევის დღიდან. დარღვევის განმეორების შემთხვევაში ხელშეკრულების პირობებით შესაძლებელი იყო დღის წესრიგში დამდგარიყო შეთანხმების გაუქმების საკითხიც.

2020 წლის თებერვალში კომპანიასა და სამინისტროს შორის შეუსრულებელი ვალდებულებების გადავადებასთან დაკავშირებით პირველი შეთანხმების აქტი გაფორმდა. ამ დროს კომპანიას გარკვეული ვალდებულებები უნდა ჰქონოდა შესრულებული. ახალი შეთანხმებით, ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადები 2024 წლის 31 დეკემბრამდე გააგრძელეს. იქვე ჩაწერეს, რომ კომპანია დარიცხული პირგასამტეხლოებისგან გათავისუფლდება, გარდა 10 000 ლარისა, იმ პირობით, თუ შეასრულებდა ყველა ვალდებულებას, რომელიც ამ შეთანხმების აქტით განისაზღვრა [10 000 ლარის შესახებ მეტი დაზუსტება შეთანხმების აქტში მოცემული არ არის].

2020 წლის აგვისტოში სამინისტრომ კომპანიასთან კიდევ ერთი შეთანხმების აქტი გააფორმა. ამ აქტით მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის დასრულებისა და ექსპლუატაციაში შესვლის ვადა 2025 წლამდე გადაწიეს, კომპანია დარიცხული ჯარიმებისგან ისევ გაათავისუფლეს.

2020 წლის პირველ ოქტომბერს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ გამოსცა ბრძანება შპს „ალიანსი ქობულეთის“ პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების შესახებ. ამის შემდეგ ისევ გაფორმდა შეთანხმების ორი აქტი და ამ აქტებს ისევ მოჰყვა მინისტრის ბრძანება კომპანიის პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების შესახებ. ამჯერად, მინისტრის ბრძანებით, კომპანიას ვალდებულების შესასრულებლად 12 თვე დაუმატეს.

საბოლოოდ კომპანიას შეთანხმების 5 აქტი გაუფორმეს. ხუთივე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ვადების გადაწევასა და პირგასამტეხლოსგან გათავისუფლებას ითვალისწინებდა.

ბოლო შეთანხმებით კომპანიას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადა 2027 წლამდე გაუგრძელეს.

შპს „ალიანსი ქობულეთის“  88 პროცენტს „ალიანსის“ დამფუძნებლის გიორგი ბიწაძის შვილი თემურ ბიწაძე ფლობს, 12 პროცენტი კომპანიის დირექტორს, აკაკი სონგულიას ეკუთვნის.

გიორგი ბიწაძე „ოცნების“ მხარდამჭერი და შემწირველია, „ოცნების“ შემწირველია აკაკი სონგულიაც.

ბრალდებული ჰყვება, როგორ მიითვისეს 520 ათასი ლარი ხელვაჩაურში – ამბის გაგრძელება

„იდეა ჩემი იყო და ბატონ ჯუმბერს [ჯუმბერ ვარდმანიძე, ხელვაჩაურის ყოფილი მერი] შევუთანხმე. მან მითხრა, ყველა დოკუმენტი იდეალურად უნდა იყოსო.

მერე მკითხა, როგორ არის ის საქმეო“, – თქვა ბრალდებულმა ვლადიმერ მიქელაძემ, რომელიც „ხელვაჩაურის წყლის“ ყოფილი დირექტორია და პროკურატურა 520 ათასი ლარის ჯგუფურად მითვისებას ედავება.

„ჯგუფურად“ ჩადენილ დანაშაულზე ბრალდებული ამ დრომდე მხოლოდ ვლადიმერ მიქელაძეა. მან დღეს, 3 ივლისს, მოსამართლე ლევან ყოლბაიას ჩვენება მისცა და თქვა, რომ ფიქციური დასაქმებებით, თუ სხვა მანიპულაციებით მიღებული შემოსავლიდან, ჯამში 288 ათასი ლარი ჯუმბერ ვარდმანიძეს მისცა – ხელვაჩაურის მაშინდელ მერს [ჯუმბერ ვარდმანიძე ხელვაჩაურის მერი იყო 2017 წლიდან 2021 წლის ჩათვლით].

აქ წაიკითხეთ: „თვეში 9 ათას ლარს ვაძლევდი ვარდმანიძეს“ – ბრალდებულის ჩვენება 520 ათასის მითვისებაზე

„თქვენ აღიარებთ ბრალს იმ განსხვავებით, რომ ამ თანხის ნაწილი სხვა პირებმა მიიღეს?“ – ჰკითხა პროკურორმა ბრალდებულს.

„დიახ, დაახლოებით 288 ათასი ჯუმბერ ვარდმანიძეს მივეცი, სადღაც 22 ათასი მოადგილეს – კახაბერ ფუტკარაძეს“, – თქვა ბრალდებულმა და იქვე ისიც მოუყვა მოსამართლეს, როგორ დასაქმდა „ხელვაჩაურის წყალში“ კახაბერ ფუტკარაძის შვილიც.

„ჩემი ინიციატივით ლაბორატორიის უფროსი დავასაქმე მხოლოდ,“ – ირონია დაეტყო ბრალდებულს და პაუზის შემდეგ განაგრძო, – „ერთ დღეს ჯუმბერმა მითხრა: მოვილაპარაკეთ და მისი ბაღანა გავაფორმოთო… ერთხელ დავინახე მისი შვილი, როცა ხელშეკრულებას აწერდა. მეორედ ბატონ კახაბერთან შევხვდი სახლში, დღეობაზე… ვერ ვიცანი, თქვენ ის ხართ, ჩვენთან რომ მუშაობთ-მეთქი?“

ბრალდებულ ვლადიმერ მიქელაძის თქმით, მას ნახევარი მილიონიდან წილის სახით მხოლოდ 140 ათასი ლარი ერგო.

„მაგის ნაწილი სხვადასხვა ნივთის შესაძენად დავხარჯე და არ დასტურდება. ვიცოდი, რომ „ჩეკები“ არსებობდა, შემდეგ აღმოჩნდა, რომ არ არის,“ – დასძინა ბრალდებულმა.

ვლადიმერ მიქელაძემ დეტალურად აღწერა, როგორ ფორმდებოდა ხელშეკრულებები ფიქციურად და ნაწილდებოდა ფული. ყოფილი მაღალჩინოსნის თქმით, ბიუჯეტიდან ფულის მითვისების პროცესში რამდენიმე თანამდებობის პირი იყო ჩართული. ბრალდებულის თქმით, იგი ხელვაჩაურის მაშინდელ მერს – ჯუმბერ ვარდმანიძეს ხელზე აძლევდა ფულს.

„თქვენ ჯუმბერ ვარდმანიძეს შეხვდით თევზის რესტორანშიც. იქაც ამ საქმის ფული გადაეცით მას?“ – იკითხა პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა ისე, რომ ბრალდებულს მანამდე ეს რესტორანი არ უხსენებია.

„დიახ, 9 ათასი ლარი მივეცი მაშინაც,“ – თავი დაუკრა პროკურორს ბრალდებულმა.

დადგება თუ არა ამ საქმეზე სხვა პირების, მათ შორის, ჯუმბერ ვარდმანიძის პასუხისმგებლობის საკითხი? – პროკურორი ამბობს, რომ „გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე“ ჯერ დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა „გამოძიება გრძელდება“.

კიდევ ერთი მტკიცებულება, რაც შესაძლოა ყოფილ მერს პროკურატურამ დაუდოს, ეს აზარტული თამაშებისთვის ვლადიმერ მიქელაძის მიერ ჯუმბერ ვარდმანიძისთვის გადარიცხული თანხაა – სასამართლოს წინა სხდომაზე ჯუმბერ ვარდმანიძემ სასამართლოს დაუდასტურა, რომ ის აზარტული თამაშებით იყო დაკავებული. სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე კი, ვლადიმერ მიქელაძემ ისაუბრა იმაზეც, რომ მას კონკრეტულ ნომერზე სთხოვდნენ გადასარიცხი აპარატიდან თანხის ჩარიცხვას.

„…მაწვდიდნენ პასპორტის რაღაც ნომერს და იქ ვრიცხავდი ხან 300 ლარს, ხან 350 ლარს, 400 ლარს, 500 ლარს… მირეკავდნენ თბილისიდან, ამ ნომერზე უნდა ჩარიცხო თანხა. მერი არ რეკავდა, მისი თანმხლები პირი მირეკავდა“, – უთხრა მოსამართლეს ბრალდებულმა ვლადიმერ მიქელაძემ.

„რამდენ ხანში ერთხელ მიდიოდით ჯუმბერ ვარდმანიძესთან თანხის გადასაცემად?“ – ჩაეკითხა ბრალდებულს პროკურორი.

„აკუმულირდებოდა თანხა და მერე გადავცემდი: 50 და 100 ლარიანებს გადავცემდი ბატონ ჯუმბერს…“ – თქვა ბრალდებულმა და ისიც გაიხსენა, კაბინეტში ჯუმბერ ვარდმანიძემ სმს ჩუმად რომ წააკითხა:

„არ მითხრა, ვისგან ჰქონდა მიღებული ეს სმს, მაგრამ იქ ეწერა, არაფერი ემუქრება დათოსო, მე დათოთი მიცნობენ აჭარაში… ვიცოდი უკვე, რომ პროკურატურაში იყო საქმე. ბატონმა ჯუმბერმა კი მითხრა, მოგვარებულია უკვე პრობლემაო. მაქსიმუმ შეიძლება ჯარიმა იყოსო. თავიდან დავუჯერე და ამასობაში, დამაპატიმრეს,“ – თქვა ბრალდებულმა.

ამ სქემაზე თავდაპირველად „ხელვაჩაურის წყლის“ მთავარმა ბუღალტერმა – ნორა დიასამიძემ ისაუბრა. ბუღალტერმა აღწერა, რომ პერიოდულად ხელშეკრულებებით ფიქციურად საქმდებოდნენ ადამიანები, ვისგანაც შემდეგ ფულს ბუღალტერი აგროვებდა და ხელზე აძლევდა დირექტორს კაბინეტში. „ხელვაჩაურის წყალში“ იყო დასაქმებული ბუღალტრის ოჯახის წევრებიც.

ბრალდებულ ვლადიმერ მიქელაძეს პროკურორმა გაახსენა მანამდე ნათქვამი სიტყვები: ამ ყველაფრის არქიტექტორი ვინ იყო, სად არის პრობლემის წყარო და სათავეო, როცა ჰყვებოდა ბრალდებული.

„ვინ დაგეგმა ეს?“ – მიმართა ისევ ბრალდებულს პროკურორმა.

„სათავე ნაგებობებზე რევიზორსაც უჭირდა ასვლა…“ – გულახდილობა არჩია ბრალდებულმა.

ამ თემაზე:

ვარდმანიძემ თქვა, რომ აზარტული თამაშებით იყო დაკავებული – ხელვაჩაურის ყოფილი მერის ჩვენება

 

ბულვარში სკეიტპარკის მოსაწყობად დაგეგმილზე 1,8 მილიონით მეტი დაიხარჯება ბიუჯეტიდან

ბათუმის ბულვარმა სკეიტპარკის მოწყობაზე ხელახალი ტენდერი 3 165 138 ლარით გამოაცხადა. ეს 1,8 მილიონი ლარით მეტია, ვიდრე წინა ტენდერში. წინა ტენდერი ჩავარდა, რის შემდეგაც, როგორც ბულვარის ადმინისტრაციაში გვითხრეს, მიიღეს დამატებითი რეკომენდაციები, მათ შორის მსოფლიო სკეიტბორდის ფედერაციისგან.

„გარკვეული რეკომენდაციები გავითვალისწინეთ, რის შემდეგაც პროექტში შევიდა ცვლილებები, რათა ის გაუმჯობესებულიყო. შემდეგ ბაზრის კვლევა ჩავატარეთ და, შესაბამისად, ხარჯთაღრიცხვაც გაიზარდა. რაც შეეხება პროექტში ცვლილებებს, დამატებითი ხარჯი არ გაგვიღია,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ ბულვარის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.

ბულვარის ინფორმაციით, „ეს იქნება საქართველოში ყველაზე დიდი სკეიტპარკი, თავისი მოცულობით და მასშტაბებით, სადაც საერთაშორისო დონის ტურნირებიც კი გაიმართება. მსოფლიო სკეიტბორდის ფედერაციასთან შესაბამისი ლიცენზიის მისაღებადაც გვაქვს მოლაპარაკებები დაწყებული“.

უშუალოდ პროექტსა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებაში თავის დროზე ბულვარს 106 ათას 200 ლარი აქვს გადახდილი.

ახალ ბულვარში სკეიტპარკის მოსაწყობად თავდაპირველი ტენდერი, რომელიც არ შედგა, 1 291 749 ლარით იყო გამოცხადებული. მასში მონაწილეობა არავინ მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ბულვარის განცხადებით, „ბაზარი შეისწავლეს და პოტენციური მიმწოდებლების საკმარისი რაოდენობაც არსებობდა“.

ახალ ტენდერში, რომელიც 3 165 138 ლარით არის გამოცხადებული, წინადადებების მიღება 2023 წლის 16 ივლისს დაიწყება და 21 ივლისს დასრულდება.

ბულვარის ინფორმაციით, სკეიტპარკის მოწყობა მთლიანად დაფინანსდება აჭარის ბიუჯეტიდან [2023-24 წწ].

როგორც წინა, ისე ამ შემთხვევაშიც, სკეიტპარკი ახალ ბულვარში 200 დღეში უნდა მოეწყოს – ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადების შემდეგ.

  • თავდაპირველ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს, გარკვეულ პერიოდში შესრულებული უნდა ჰქონოდა „არანაკლებ IV კლასის პროექტების სამშენებლო სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 3 229 372 ლარის ოდენობით.“
  • ახალ ტენდერში კი, პრეტენდენტს, იმავე პერიოდში შესრულებული უნდა ჰქონდეს „არანაკლებ III კლასის სპორტული ან/და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობების სამშენებლო სამუშაოები, საერთო ღირებულებით არანაკლებ 7 912 845 ლარის ოდენობით“ [IV კლასისაა შენობა-ნაგებობები, რომლებიც რისკის მაღალი ფაქტორით გამოირჩევიან, ხოლო III კლასის – რისკის საშუალო ფაქტორით].

ახალი პირობის მიხედვით, „პრეტენდენტს პროექტის განხორციელებისას უნდა ჰყავდეს შესაბამისი სპეციალისტი, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული მსოფლიო სკეიტბორდის ფედერაციის მიერ ლიცენზირებული სკეიტპარკის ან/და ფამფტრეკის მოწყობის/მშენებლობის სამუშაოებში ან/და იმ სკეიტპარკის მოწყობის/მშენებლობის სამუშაოებში, რომელზეც მსოფლიო სკეიტბორდის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარებულია „სკეიდბორდინგის“ საერთაშორისო ჩემპიონატები/ტურნირები, როგორც პროექტის ზედამხედველი ან/და მენეჯერი.“

ამავე თემაზე:

ახალ ბულვარში სკეიტპარკის მოსაწყობად 1,2 მილიონი ლარი დაიხარჯება

აპირებენ აჭარის ტელევიზია ბოლომდე გადააქციონ პროპაგანდის ნაწილად – გია აბულაძე

დღეს, 3 ივლისს, საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მრჩეველთა საბჭოს გაუქმებას.

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ გია აბულაძე მიიჩნევს, რომ მრჩეველთა საბჭოს გაუქმება ტელევიზიას კიდევ უფრო დაასუსტებს და საბოლოოდ გადააქცევს პროპაგანდისტულ მედიად.

„როცა დაიწყო აჭარის ტელევიზიის მოვლენები და ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის პროცესი, მაშინ ვთქვით, რომ მთავარი გეგმა იყო არა მხოლოდ ნათია კაპანაძის გათავისუფლება დირექტორის პოსტიდან, არამედ აჭარის ტელევიზიის გაუქმება, მისი სტატუსის დასუსტება. ეს გულისხმობს იმას, რომ აჭარის ტელევიზია აღარ იქნება დამოუკიდებელი სუბიექტი, არამედ რეგიონული ბიურო გახდება. ამის შესახებ მაშინ ინფორმაცია გვქონდა სახელისუფლებო წყაროებიდან.

როგორც დავინახეთ, ამ ყველაფერს ეტაპობრივად აკეთებენ. ჯერ იყო თავისუფალი დირექტორის გათავისუფლება, შემდეგ ჟურნალისტების და ახლა გააუქმეს მრჩეველთა საბჭო და დარჩათ ბოლო ეტაპი.

დირექტორი ისედაც ჰყავთ დანიშნული, რომელიც ხელისუფლებასთან კოლაბორაციაშია, რადგან მრჩეველთა საბჭო საქმის კურსშიც კი არ იყო კანონპროექტთან დაკავშირებით, როცა დირექტორმა „გააპრავა“ და თქვა, რომ თურმე კარგი კანონპროექტი ყოფილა.

გამოდის, რომ ტელევიზიის დირექტორი და ხელისუფლება ერთად გეგმავდნენ ამ ცვლილებებს, ისე, რომ მრჩეველთა საბჭომ არც კი იცოდა ამის შესახებ.

როცა აჭარის უმაღლეს საბჭოშიც არ მომხდარა ამაზე მსჯელობა, მაშინ, როცა მრჩეველთა საბჭოს ამაზე ანგარიშის წარმოდგენის ვალდებულება ჰქონდა.

ახლა აპირებენ, რომ ტელევიზია ბოლომდე გადააქციონ პროპაგანდისტული სისტემის ნაწილად, დაასუსტეს და კიდევ დაასუსტებენ აჭარის ტელევიზიას.

მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, რომ გამოიყენოს ვეტოს უფლება, ასევე უმაღლესი საბჭოს წევრებმა „ქართული ოცნებიდან“ დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია, უჭერენ თუ არა ამ კანონს მხარს“, – ამბობს გია აბულაძე.

გია აბულაძე მოუწოდებს დიპლომატიურ კორპუსსაც, რომ დააკვირდნენ აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებს და შეაფასონ.

გუშინ საპარლამენტო განხილვისას ოპოზიციონერი დეპუტატები მოუწოდებდნენ უმრავლესობას, არ ეყარათ კენჭი აღნიშნული კანონპროექტის მესამე მოსმენით, რადგან ეს არ იყო კანონში რაიმე ცვლილება, როგორც აპელირებდნენ, არამედ, არსებითად ახალი კანონი იყო. თუმცა უმრავლესობამ მათი პოზიცია არ გაიზიარა და მაინც მიიღო კანონი.

მმართველი პარტიის წევრები აცხადებდნენ, რომ აჭარის წარმომადგენლის მუშაობა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში გაცილებით უფრო აქტიური და ეფექტური იყო, ვიდრე მრჩეველთა საბჭოს წევრების. ამიტომ, მათი თქმით, უმჯობესი იქნება, მრჩეველთა საბჭო გაუქმდეს და  დაზოგილი თანხა აჭარის ტელევიზიასა და რადიოს მოხმარდეს.

უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს „ქართული ოცნებიდან“ დღემდე არ დაუფიქსირებიათ თავიანთი პოზიცია აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს გაუქმებაზე.

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო 5 წევრისგან შედგებოდა.

პოდოლიაკი აკრიტიკებს ობამას სკანდალურ განცხადებას ყირიმთან დაკავშირებით – მედია

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ 2014 წლის მოვლენებზე საუბრისას CNN-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ უკრაინა 2014 წელს „არ იყო ის უკრაინა, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ“. მან თქვა, რომ 2014 წელს ყირიმში შეიარაღებული შეჭრა არ მომხდარა.

„არის მიზეზი იმისა, რომ ყირიმში შეიარაღებული შეჭრა არ მომხდარა. რადგან ყირიმში ბევრი რუსულენოვანი ადამიანი იყო და გარკვეული სიმპათია იყო იმ შეხედულებების მიმართ, რომელსაც რუსეთი წარმოადგენდა”, – თქვა ობამამ 23 ივნისს, კრისტიან ამანპურთან ინტერვიუში.

ობამამ ასევე დაიცვა გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის პოზიცია.

„მეც და მერკელსაც, რომელსაც დიდ პატივს ვცემ, მოგვიწია ბევრი სხვა ევროპელის ჩართვა, რომლებიც მაშინ პანიკაში იყვნენ, რომ დაეწესებინათ სანქციები და არ მიეცათ პუტინისთვის დონბასსა და დანარჩენ უკრაინაში შეჭრის საშუალება. იმის გათვალისწინებით, რა ეტაპზე იყო მაშინ უკრაინა და როგორი განწყობა იყო ევროპაში, ჩვენ ვიკავებდით ხაზებს. შემდეგ კი გაჩნდა უკრაინული იდენტობის განცდა, რუსეთისგან განცალკევებული და უკრაინის გადაწყვეტილება ოკუპანტების განდევნაზე”, – თქვა ობამამ.

ობამას ეს განცხადება გააკრიტიკა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა.

უკრაინული მედიის ცნობით, ოპოზიციონერი ჟურნალისტის, მაიკლ ნუკის კომენტარებში პოდოლიაკმა ამერიკის შეერთებული შტატების 44-ე პრეზიდენტის კომენტარს შემაძრწუნებელი უწოდა.

„ის არც კი უსვამს საკუთარ თავს კითხვას: „ნამდვილად შეამცირე რისკები? ომის შესახებ ნამდვილად გააფრთხილე? ომი ნამდვილად არ არის? შეხედე ახლა რუკას და ნახე რა ხდება უკრაინაში. პირდაპირ ეთერში, ჩართე და ნახე?“ – თქვა პოდოლიაკმა.

პოდოლიაკის თქმით, დასავლეთს არ სურს აღიაროს მცდარი გადაწყვეტილებები, რამაც არსებული ტრაგედია გამოიწვია და ამავდროულად, მათ შეუძლიათ დაიწყონ დისკუსია პუტინის ვერტიკალთან ურთიერთობის შეუძლებლობაზე „მაგნიტსკის სიის“ შემდეგაც კი.

მედვედევი კვლავ ბირთვული ზამთრით იმუქრება და ფინეთს „ლენინის შექმნილს“ უწოდებს

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი კვლავ იმუქრება ბირთვული იარაღით და მესამე მსოფლიო ომით.

„რასიისკაია გაზეტაში“ გამოქვეყნებულ წერილში მედვედევი წერს, რომ დასავლელი პოლიტიკოსები „ვერ აცნობიერებენ, რას აკეთებენ“.

„დაპირისპირება იქნება ძალიან ხანგრძლივი. დაპირისპირება გაგრძელდება ათწლეულების განმავლობაში. მისი გადაჭრის ერთ-ერთი გზა მესამე მსოფლიო ომია. მაგრამ ეს აშკარად ცუდია, რადგან გამარჯვებულებს არ აქვთ გარანტირებული შემდგომი კეთილდღეობა, როგორც ეს იყო წინა მსოფლიო ომების შემდეგ. სავარაუდოდ, უბრალოდ არ იქნება გამარჯვებული“ – ამბობს მედვედევი ინტერვიუში და ახსენებს ბირთვულ ზამთარს, რადიაციასა და რადიოაქტიურ დაბინძურებას, „რომლის შედეგად უამრავი ადამიანი დაიღუპება“.

ინტერვიუში მედვედევი ახსენებს ნატოს და ფინეთს, რომელსაც „ლენინის დაუფიქრებლობის გამო შექმნილს“ უწოდებს.

„ახლა ჩვენთვის ფინეთი არის მტრული ქვეყანა, რომელიც ოდესღაც ლენინის დაუფიქრებლობის გამო შეიქმნა და დღეს ნატოში შევიდა. ფინეთთან და მის მსგავს სხვა ქვეყნებთან (როგორიცაა: პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები და, რა თქმა უნდა, დიდი ბრიტანეთი), უკეთესი იქნებოდა დიპლომატიური ურთიერთობების დროებით შეჩერება ან თუნდაც ამ დროისთვის მათი დონის დაწევა“ – ამბობს მედვედევი.

უკრაინის ძალები აგრძელებენ წინსვლას ბახმუტისკენ – ანა მალიარი

უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ წინსვლას ბახმუტის, მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით,  – ამის შესახებ „ტელეგრამზე“ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი წერს.

„აღმოსავლეთით გრძელდება როგორც შეტევითი, ასევე თავდაცვითი ოპერაციები. ჩვენ მივდივართ ბახმუტის მიმართულებით და მტერი განაგრძობს შეტევას ლიმანის, ავდიევკისა და მარინკის მიმართულებით. მტერი ცდილობს, ჩვენი ჯარების განდევნას პოზიციებიდან, მაგრამ იღებს ღირსეულ პასუხს. იქ მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს“ – წერს ანა მალიარი.

იგი დასძენს, რომ გასული კვირის განმავლობაში, ოპერატიული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ფრონტის ხაზის გასწორების შედეგად, გათავისუფლებული ტერიტორია 9 კვადრატული კილომეტრით გაიზარდა.

მისივე თქმით, უკრაინის სამხრეთით ქვეყნის თავდაცვის ძალები მიიწევენ მელიტოპოლისა და ბერდიანსკის, კერძოდ, ნოვოდაროვკას, პრიუტნოიეს, ნოვოდანილოვკას, რობოტინოს, ნოვოსელკასა და სტარომაიორსკის მიმართულებით.

ანა მალიარის თქმით, დამცველები ყველა მიმართულებით წარმატებულები იყვნენ და გასული კვირის განმავლობაში გათავისუფლებული ტერიტორიები 28.4 კვ.კმ-ით გაიზარდა.

„თვეში 9 ათას ლარს ვაძლევდი ვარდმანიძეს“ – ბრალდებულის ჩვენება 520 ათასის მითვისებაზე

„ამ თანხის დაახლოებით 50 – 55 პროცენტს ვაძლევდი ჯუმბერ ვარდმანიძეს. 2019 წელს თვეში ვაძლევდი 7 ათას ლარს, 2020 წელს – 8 ათას ლარს თვეში, 2021 წელს – 9 ათას ლარს თვეში“, – პირდაპირ აღწერა კორუფციის სქემა სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე ვლადიმერ მიქელაძემ, წინასწარ პატიმრობაში მყოფმა ხელვაჩაურის წყლის ყოფილმა ხელმძღვანელმა.

დღეს, 3 ივლისს, მოსამართლე ლევან ყოლბაიას ჩვენება ბრალდებულმა ვლადიმერ (დავით) მიქელაძემ მისცა – „ხელვაჩაურში ნახევარი მილიონის მითვისების საქმეზე“.

ვლადიმერ მიქელაძის თქმით, მან ჯამში 288 ათასი ლარი გადასცა ხელზე ჯუმბერ ვარდმანიძეს.

„…კაბინეტში ვაძლევდი, იქ, კაბინეტის უკან პატარა ოთახია – მოსაცდელი კაბინეტი და იქ ვაძლევდი.

ფულის გადაცემის დროს მანიშნებდა და საპირფარეშოს კართან ვაძლევდი.

იყო შემთხვევები, როცა მასთან, სახლში მიმიტანია ეს ფული. მეტყოდა, როდის იქნებოდა სახლში და მივიდოდი.

ასევე, მაწვდიდნენ პასპორტის რაღაც ნომერს და იქ ვრიცხავდი ხან 300 ლარს, ხან 350 ლარს, 400 ლარს, 500 ლარს… მირეკავდნენ თბილისიდან, ამ ნომერზე უნდა ჩარიცხო თანხა. მერი არ რეკავდა, მისი თანმხლები პირი მირეკავდა“, – უთხრა მოსამართლეს ბრალდებულმა ვლადიმერ მიქელაძემ.

 

აქ წაიკითხეთ: მილიონიანი უკანონო მშენებლობა, არჩევნები და უშვერი გინება – 3 ამბავი ხელვაჩაურის მერზე

 

გამოძიების ვერსიით, ბრალდებული, რომელიც 3 წელი დირექტორობდა „ხელვაჩაურის წყალს“, ფიქციურად ასაქმებდა ადამიანებს. მას პროკურატურა სხვადასხვა სამოხელეო დანაშაულთან ერთად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის – 520 ათასი ლარის ჯგუფურად მითვისებას ედავება.

ვლადიმერ მიქელაძის თქმით, ხელვაჩაურის მაშინდელი მერი, ჯუმბერ ვარდმანიძე, უშუალოდ იყო ჩართული ადამიანების ფიქციურ დასაქმებაში და ყოველთვიურად იღებდა წილს.

ბრალდებულმა ასევე დაადასტურა, რომ დასაქმებული ჰყავდა თორნიკე ფუტკარაძეც – ხელვაჩაურის მერის უკვე ყოფილი მოადგილის – კახაბერ ფუტკარაძის შვილი.

ვლადიმერ მიქელაძის თქმით, პატიმრობის პერიოდში მან მოლაპარაკება სცადა ჯუმბერ ვარდმანიძესთან.

„თქვა, რომ მხოლოდ 100 ათას ლარს გადაიხდიდა“, – დასძინა ბრალდებულმა.

მოლაპარაკება ვერ შედგა.

ვლადიმერ მიქელაძე წარდგენილ ბრალს ნაწილობრივ ადასტურებს, თუმცა მიიჩნევს, რომ პროკურატურამ არასწორად დაითვალა „მითვისებული თანხა“.

ამას გარდა, ნახევარ მილიონს უნდა გამოაკლდეს ის თანხა, რასაც მიქელაძე ხელვაჩაურის მაშინდელ მერს, ჯუმბერ ვარდმანიძეს უხდიდა – ვლადიმერ მიქელაძეს ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულს ედავებიან, ბრალდებული კი, მხოლოდ ერთი კაცია.

„ჩემი ინიციატივით მე იქ არავინ დამინიშნავს, ლაბორატორიის უფროსი დავნიშნე მხოლოდ“, – აღნიშნა ბრალდებულმა.

ვლადიმერ მიქელაძის მტკიცებით, საქმეს რეალურად სჭირდებოდა დამატებით ადამიანური რესურსი და ამიტომაც აიყვანა ადამიანები ხელშეკრულებებით, თუმცა იყო ფიქციური დასაქმებაც…

„ძალიან მძიმე სიტუაცია დამხვდა“, – 2018 წლიდან დაიწყო ამბის მოყოლა ბრალდებულმა ვლადიმერ მიქელაძემ, როცა ის „ხელვაჩაურის წყლის“ დირექტორად დანიშნეს.

„აქ თქვეს მოწმეებმა, თვეში ერთხელ იწმინდებოდა სათავე ნაგებობაო. სინამდვილეში 2-3 დღეში ერთხელ არის საჭირო წმენდა… ხანდაზმული ადამიანები მუშაობდნენ, წმენდა კი სისტემატურად იყო საჭირო.

სულ 42 წყალსადენია, არსად ქლორირება არ ხდებოდა, მე დავიწყე ეს პროცესი“, – დეტალურად მოუყვა ბრალდებული მოსამართლეს, რა შეცვალა „ხელვაჩაურის წყალში“.

ვლადიმერ მიქელაძის თქმით, „გადაცდომა“ დაუშვა მაშინ, როცა ნაღდი ანგარიშსწორებით ყიდულობდა მილებს და დანადგარებს.

ბრალდებულმა ისაუბრა „ხელვაჩაურის წყლის“ ყოფილ მთავარ ბუღალტერზეც, რომლის ჩვენებაც წინა სხდომაზე სკანდალური აღმოჩნდა.

„ძალიან უჭირდა ნორას, 4 ბანკში ჰქონდა ვალი“, – თქვა ბრალდებულმა და თვითონაც აღწერა, როგორ ახერხებდა ნორა ფულის ხელზე შეგროვებას.

————–

ვლადიმერ მიქელაძეს პროკურატურა ჯგუფურად დიდი ოდენობის თანხის – 520 ათასი ლარის მითვისებას ედავება.

გამოძიება ამ დრომდე გრძელდება “ჯგუფურად” ჩადენილ დანაშაულზე, თუმცა ბრალდებული მხოლოდ ერთი პირია – ვლადიმერ მიქელაძე.

“ბათუმელებში” რეპორტაჟის გამოქვეყნების შემდეგ თანამდებობა დატოვა ხელვაჩაურის ყოფილმა მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ. ის აჭარის განათლების მინისტრის მრჩეველი იყო.

თანამდებობა დატოვა კახაბერ ფუტკარაძემაც – ის ხელვაჩაურის მერის მოადგილე იყო. მოწმეების თქმით, მისი შვილიც ფიქციურად იყო დასაქმებული „ხელვაჩაურის წყალში“, როგორც ათეულობით სხვა ადამიანი.

___

ხელვაჩაურის მერი სამსახურის ავტომანქანით „ოცნების“ სააგიტაციო შეხვედრაზე

ამ თემაზე:

ვარდმანიძემ თქვა, რომ აზარტული თამაშებით იყო დაკავებული – ხელვაჩაურის ყოფილი მერის ჩვენება

მოქალაქეს სარფის საბაჟოზე სხეულით ნარკოტიკი შემოჰქონდა – შემოსავლები

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.

„კერძოდ, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის სხეულის რენტგენო სკანერით დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული ნარკოტიკული საშუალება [საერთო წონა: 192,18 გრამი] გამოვლინდა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა“, – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

მატარებლის მოძრაობა დღეს განახლდება – საქართველოს რკინიგზა

„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, დღეს, 3 ივლისს, მატარებლის მოძრაობა განახლდება.

კომპანიის ინფორმაციით, ამ დროისთვის სადგურ მარელისთან ჩამოწოლილი მეწყრისგან სრულად გაწმენდილია ლიანდაგები და აღდგენილია საკონტაქტო ქსელი.

შესაბამისად, 17:00 საათიდან საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობა განახლდება.

დღის მეორე ნახევარში შესრულდება შემდეგი რეისები:

  • #804 თბილისი-ბათუმი 17:05
  • #807 ბათუმი-თბილისი 17:15
  • #801 ბათუმი-თბილისი 18:20
  • #812 თბილისი-ბათუმი 0:35
  • #811 ბათუმი-თბილისი 0:45
  • #869 ზუგდიდი-თბილისი 17:25
  • #874 თბილისი-ფოთი 17:30

ორგანიზაციის განმარტებით, 2 ივლისის რეისების ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ.

მატარებლის რეისები გუშინ, 3 ივლისს, მეწყრის გამო გაუქმდა. საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, მეწყერი სადგურ მარელისთან ჩამოწვა.

იმამი ლგბტქ თემის ჩაგვრაზე: „უმრავლესობა მრუშობს – ვცემოთ?“ I VIDEO

„როგორიც არის ლგბტ თემის მოცემულობა, ისეთივე ცოდვაა ისლამის მიხედვით მრუშობა,“ – ამბობს ბათუმის ახალი მეჩეთის იმამი, თამაზ მგელაძე. ეს ის მეჩეთია, რომლის მშენებლობაც მუსლიმებმა 2017 წლიდან დაიწყეს, თუმცა ნებართვას არ აძლევენ.

იმამს ამ შემთხვევაში სხვა დაუცველ ჯგუფებზე ვესაუბრებთ საქართველოში, მაგალითად, ლგბტქ თემზე, ასევე ქალთა მიმართ ძალადობაზე: როგორ უყურებს მუსლიმი თემის ერთ-ერთი ლიდერი სხვა ჯგუფების ჩაგვრას?

თამაზ მგელაძე საუბრის დასაწყისშივე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ „მუსლიმის ვალია, ნებისმიერი დაჩაგრული დაიცვას“. იმამი განმარტავს, რომ რელიგიური თვალსაზრისით, ლბგტქ თემის წევრების გენდერული იდენტობა ცოდვაა, თუმცა ეს ისეთივე ცოდვაა, როგორც, მაგალითად, მრუშობა ან ქორწილში ღვინის სმა.

„ვთქვათ, ეს ადამიანი ცოდვას ჩადის, მაგრამ არავის არ აქვს იმის უფლება, ქუჩაში ვცემოთ, რადგან ცოდვას სჩადის… შეგვიძლია ქუჩაში გავიდეთ და ვცემოთ უმრავლესობა, რადგან უმრავლესობა მრუშობს? ეს [ლგბტქ-ს გენდერული იდენტობა] ცოდვაა, მაგრამ იგივენაირად ცოდვაა, გახვიდე და ქუჩაში სცემო ადამიანს,“ – ძალადობის მიუღებლობაზე საუბრობს ბათუმის ახალი მეჩეთის იმამი.

თამაზ მგელაძეს ვეუბნებით იმასაც, რომ ხშირად ძალადობრივი ჯგუფები აგრესიის გამართლებას ცდილობენ არგუმენტით, რომ ლგბტქ თემის პროპაგანდა ხდება. იმამი კი შენიშნავს, რომ პროპაგანდას ვერ აუკრძალავ ვინმეს.

ამ შემთხვევაშიც მუსლიმი თემის სულიერი ლიდერი მაგალითით გვესაუბრება:

„ნებისმიერ ქორწილში ალკოჰოლს სვამენ. ისლამის მიხედვით კი, კატეგორიულად აკრძალულია ალკოჰოლის მიღება… შესაძლოა, ვინმემ თქვას, რომ ამას ჩვენი შვილები დაინახავენ, რომ აი, ცუდ საქმეს აკეთებენ, ან ის ხალხი, რომელიც მრუშობს და დაქებით ამბობს, რომ ამდენ ქალთან ვიყავი…,“ – გვიყვება თამაზ მგელაძე.

რას ჰყვება იმამი ბრძოლაზე ბათუმში ახალი მეჩეთისთვის, ლგბტქ+ თემის  და ქალების ჩაგვრაზე

იმამს ვკითხეთ მუსლიმი თემის დამცველზე, ტარიელ ნაკაიძეზე, რომლის წინააღმდეგ ხელისუფლებამ ამ შეხედულების გააქტიურებაც სცადა: „ტარიელ ნაკაიძე ლგბტ თემის დამცველია“.

„უმრავლესობამ შესაძლოა ნებისმიერი რამ შემოატრიალოს სხვა მიმართულებით. ჩემი სიტყვაც შეიძლება შეატრიალონ და თქვან, რომ მე ვიცავ ლგბტ თემს. სინამდვილეში, მე ვიცავ ადამიანის უფლებებს. არავის აქვს უფლება, ქუჩაში გავიდეს და ვინმეს სცემოს. ტარიელ ნაკაიძეც იმავეს ამბობს, მაგრამ მის ნათქვამს სხვა პოლიტიკური მიმართულება მისცეს, მისი დაკნინება სცადეს,“ – მიიჩნევს ბათუმის ახალი მეჩეთის იმამი.

ლოცვა ბათუმის ახალ მეჩეთში – 2023 წლის 26 ივნისი

რაც შეეხება ქალთა მიმართ ძალადობას – თამაზ მგელაძე დაუშვებლად მიიჩნევს ძალადობას, მათ შორის, ზეწოლას, მაგალითად, თავსაფრის ტარების გამო.

„საქართველოში გავრცელებული ერთ-ერთი წესია, რომ კაცია სახლში მთავარი და კაცი რომ ხელს დაარტყამს, ყველა უნდა მიყვეს მას. ისლამში ასე არ არის, ისლამში არის აზრის გაცვლა ოჯახში. ქალის ჩაგვრა, ცემა, კვლა, ზეწოლა, ძალდატანება – ამას კატეგორიულად კრძალავს ისლამი და მუსლიმებიც.

ხშირად გვესმის, რომ მუსლიმი ქალები თავსაფრის ტარების გამო დაჩაგრულები არიან. მე ეს არ მიმაჩნია ჩაგვრად. არა მგონია, ვინმე ძალდატანებით მოქმედებდეს. თუ ჩემი მეუღლე თავდაფარებულია, ეს შეიძლება, ვიღაცისთვის იყოს ჩაგვრა, ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ ეს ადამიანი დაჩაგრულია იმიტომ, რომ ამ სიცხეში, მზეზე როგორ დადის, მაგრამ ეს არის რელიგიური დოგმატიკა,“ – ამბობს იმამი.

თამაზ მგელაძის აზრით, ქალი და კაცი ერთმანეთის თანასწორი არ არის, მისი შეხედულებები ამ ნაწილში უფრო გენდერულ სტერეოტიპებს ამძაფრებს.

მაგალითი დავუსახელეთ იმამს: მუსლიმ წყვილს რას ურჩევდით, ვინ უნდა მიხედოს ბავშვს, თუ ორივე მშობელი დაკავებულია?

„ისლამიდან გამომდინარე უფრო დედის ვალდებულებაა შვილის გაზრდა,“ – გვიპასუხა იმამმა და დასძინა: ქალი და კაცი ისლამში ერთმანეთის თანასწორია, ამას ვერ ვამბობთ, რადგან ისინი ბუნებითაც განსხვავდებიან, თუმცა ისლამი ორივეს უყურებს ისე, რომ ქალს აქვს ქალის უფლებები, კაცს – თავისი უფლებები,“ – გვითხრა თამაზ მგელაძემ.

თამაზ მგელაძე – ბათუმის ახალი მეჩეთის იმამი

„ჩვენ ვუყურებთ, როგორც მუსლიმების თავისუფლების მეჩეთს… ახალგაზრდულმა ფრთამ ასე შეარქვა, 2017 წლის 26 მაისს გავხსენით მეჩეთი და ეს ორმაგად სასიხარულოა,“ – ახალი მეჩეთის მლოცველებისგან დაცარიელებულ სივრცეს გაჰყურებს იმამი – თამაზ მგელაძე 2017 წლიდან ბათუმის ახალი მეჩეთის იმამია.

თამაზ მგელაძე პროფესიით თეოლოგია, ასევე აქვს მაგისტრის ხარისხი საქართველოს ისტორიაში.

„..მინდოდა ხან იურისტობა, ხან – სამსახიობო. 2005 წელს ეროვნულ გამოცდებს ვაბარებდი, მაგრამ ეკონომიკური პრობლემების გამო ვერ მოვახერხე სწავლა, საზღვარგარეთ მომიწია წასვლა – 2008 წელს თურქეთის უნივერსიტეტში ჩავაბარე თეოლოგიის ფაკულტეტზე.

2012 წელს დავასრულე თეოლოგიის ფაკულტეტი და ხულოში დავბრუნდი, 2 წელი ხულოში ვიმუშავე მოსწავლე-ახალგაზრდობის საგანმანათლებლო ასოციაცია „ხულოს“ დირექტორად, შემდეგ კი ბათუმში გადმოვედი ქართველ მუსლიმთა კავშირში. 2017 წლიდან იმამი ვარ,“ – ამბობს თამაზ მგელაძე.

2017 წლიდან მუსლიმები მოთმინებით ელიან ნებართვას ახალი მეჩეთის აგებაზე. მეჩეთისთვის მიწა თავად შეიძინეს. იმის მიუხედავად, რომ ქალაქის ამ ზონაში 7 მართლმადიდებელი ტაძარია უნებართვოდ აგებული სახელმწიფოსგან საპატრიარქოსთვის უფასოდ გამოყოფილ მიწებზე და ამაზე სახელმწიფო არ რეაგირებს, მუსლიმებს კონსტიტუციით გარანტირებული თანასწორობის უფლებით სარგებლობაზე ამ დრომდე სახელმწიფო უარს ეუბნება.

თამაზ მგელაძეს სასამართლო გადაწყვეტილებებზეც ვესაუბრეთ: რამდენად არის სასამართლო დავა მუსლიმი თემის ჩაგვრისა და დისკრიმინაციისგან დაცვის საშუალება? – სასამართლოში დავის დაწყებიდან 6 წლის შემდეგ უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ბათუმის მერიას მუსლიმების მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულება არ ჰქონია.

მუსლიმები ღია ცის ქვეშ ლოცულობენ, მათ ბათუმის მერია ახალი მეჩეთის აგებაზე უარს ეუბნება
ბათუმის ახალი მეჩეთი

ბათუმის ახალი მეჩეთის იმამი კი, 6-წლიანი უშედეგო ლოდინის შემდეგაც დარწმუნებულია, რომ ბათუმის ახალი მეჩეთი აშენდება და სახელმწიფოს შესაბამისი ნებართვების გაცემაც მოუწევს.

„ჩვენ რომ აქ თავიდანვე დაგვეწყო მეჩეთის მშენებლობა, დღეს აქ ეს მდგომარეობა არ გვექნებოდა. გვექნებოდა მეჩეთი და არა მგონია, ვინმე წინააღმდეგი წასულიყო. ჩვენ, მუსლიმები, მაქსიმალურად ვცდილობთ, ეს საკითხი მოვაგვაროთ სასამართლოს წესით, რომ ხვალ არ გვითხრას ვინმემ, ეს უკანონოდ ააშენეთო.

ეს იქნება საქართველოს მასშტაბით პირველი მეჩეთი ქართველი მუსლიმების მიერ აგებული. მეჩეთი თავისი ფორმითაც იქნება ქართული კულტურის ნაწილი.

მმართველი პარტია ფიქრობს, რომ თუ აქ იქნება მეჩეთის ნებართვა, ამ შემთხვევაში დომინანტური რელიგიური კუთხიდან მოჰყვება რეაგირება თუნდაც არჩევნების პერიოდში. მაგრამ, ჩემი აზრით, ჩვენი ქვეყანა ამ გადაწყვეტილებას მიიღებს – ჩვენ არ მოგვიწევს სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვა. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს საკითხი არ წარმოვაჩინოთ, როგორც პრობლემა,“ – გვიყვება თამაზ მგელაძე.

 

რამდენად შეიცვალა დამოკიდებულება მუსლიმი თემის მიმართ? – საუბრის ბოლოს ამ კითხვაზეც საინტერესო მიგნებებიც გაგვიზიარა ბათუმის ახალი მეჩეთის იმამმა.

„წლების წინ ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობდით – ქრისტიანები და მუსლიმები, ან სხვა რელიგიის წარმომადგენლები, ზურგს უკან რაღაცას ვლაპარაკობდით.

სინამდვილე ნელ-ნელა ჩნდება.

მაგალითად, 15 წლის წინ მე ქრისტიანი მეგობარიც არ მყავდა. დღეს კი უამრავი ასეთი მეგობარი მყავს, მათ რეალურად დაინახეს ნამდვილი მუსლიმის სახე. უთქვამთ კიდეც, რომ ცდებოდნენ.

ადამიანებმა დაინახეს, რომ ჩვენ არ ვართ საშიში – რაღაც პერიოდში ვიღაც ტერორისტებზეც საუბრობდა.

ახლაც გვესმის სიტყვები, რომ აი, ქართველი მართლმადიდებელი უნდა იყოს და ქართველი ვერ იქნება მუსლიმი, მაგრამ უმრავლესობა ასე აღარ ფიქრობს. ჩვენ გვეიმედება იმ ადამიანების არსებობა, რომლებიც აღგვიქვამენ, როგორც ამ ქვეყნის სრულფასოვან წევრს,“ – გვითხრა თამაზ მგელაძემ, ბათუმის ახალი მეჩეთის იმამმა.

ბათუმის ახალი მეჩეთი

ეროვნული გამოცდები დაიწყო – დააგვიანა ხუთმა აბიტურიენტმა

დღეს, 3 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო.

გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის სესიით დაიწყო, სადაც გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, დარეგისტრირებული აბიტურიენტების 95% გამოცხადდა.

დააგვიანა ხუთმა აბიტურიენტმა.

მეორე სესიაზე რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.

2023 წელს ეროვნულ გამოცდებზე 45 ათასამდე აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული.

___________________

მთავარი ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 3 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 3 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 230 260 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +600]
  • ტანკი – 4 057 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 7 899 ერთეული [+11]
  • საარტილერიო სისტემა – 4 220 ერთეული [+32]
  • MLRS – 641 ერთეული [+4]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 391 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 309 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 573 ერთეული [+16]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 264 ერთეული [+3]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 6 834 ერთეული [+18]
  • სპეცტექნიკა – 590 ერთეული [+7]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 3 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 446 თვითმფრინავი
  • 240 ვერტმფრენი
  • 4 873 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 426 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 10 490 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 134 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 5 313 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 11 385 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო

ამავე თემაზე:

თუ პუტინმა შოიგუ-გერასიმოვი არ ჩამოიცილა, რუსეთში სამხედრო ფრთა გაიმარჯვებს, თუ მოხსნის – ФСБ

ესტონეთში 15-ჯერ იზრდება ჯარიმა სკოლებისთვის, სადაც ესტონური ენა არ იციან

ესტონეთში პირველი აგვისტოდან 15-ჯერ იზრდება ჯარიმა იმ სკოლებისთვის, სადაც ესტონური ენა არ იციან. ჯარიმა 10 000-მდე ევრო იქნება.  გარდა ამისა, ესტონეთის ენის დეპარტამენტი დაიწყებს შემოწმებას, რამდენად იციან მასწავლებლებმა ესტონური ენა.

ინფორმაციას ამის შესახებ ესტონური მედია ავრცელებს.

აქამდე ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა, რომელიც ესტონეთის ენის დეპარტამენტს შეეძლო დაეკისრებიან მასწავლებლებისა და სკოლებისთვის, სადაც ენის მოთხოვნები არ იყო დაკმაყოფილებული, 640 ევროს შეადგენდა.

„ფიზიკური პირებზე გაცემულ ბრძანებას ეფექტი არ მოჰყოლია. ახალი ჯარიმის ზომა ეხება იურიდიულ პირებს”, – თქვა ინგარ დუბოლაზოვმა, ესტონეთის განათლების მინისტრმა.

რუსეთ-ესტონეთის საზღვართან მდებარე, ესტონეთის სიდიდით მესამე ქალაქ ნარვას მერის, კატრა რაიკის თქმით, ჯარიმების გაზრდა კარგი სიგნალია ქალაქის ჩინოვნიკებისთვის, რომელთაგან ბევრს არ ესმის ესტონურ ენაზე განათლების მნიშვნელობა.

ასევე, ენის დეპარტამენტი მიიღებს მეტ ბერკეტს შემოწმებისთვის. თუ აქამდე დეპარტამენტის თანამშრომლებს შეეძლოთ მასწავლებლების ესტონური ენის დონის შეფასება გასაუბრების საფუძველზე, ახალი სასწავლო წლიდან მათ უფლება ექნებათ შეამოწმონ რეალურად რა ხდება გაკვეთილებზე.

ესტონეთის ენის დეპარტამენტის მონაცემებით, ესტონეთში 2500-მდე მასწავლებელია, რომლებიც საკმარისად არ ფლობენ ესტონურ ენას.

ესტონეთის განათლების სამინისტროს ეს ძალისხმევა მიმართულია ესტონური ენის გაძლიერებისა და რუსული ენის გავლენის შესასუსტებლად ქვეყანაში.

2022 წელს ესტონეთის პარლამენტმა (რიიგიკოგუ) რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოაცხადა.

_________________

ფოტოზე: ტალინი, ესტონეთი. ფოტო: pexels

„რუსეთის ხალხი ავადაა რუსიზმით, რაც ფაშიზმზე საშიშია“ – ჯოხარ დუდაევი რუსეთის მომავალზე

1995 წელი. ინტერვიუ ჩეჩნეთის პირველ პრეზიდენტ ჯოხარ დუდაევთან. ინტერვიუ გავიდა დამოუკიდებელი რუსული  ტელეკომპანია „ვიდ“-ის გადაცემა „ვზგლიადში“ [Взгляд]. ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტი 1996 წელს მოკლეს რუსეთის სპეცსამსახურებმა.

„რუსეთის ხალხი ავადაა რუსიზმით. ეს არის ადამიანის მოძულე, ყველა იდეოლოგიაზე ძალიან სახიფათო და ქრონიკული დაავადება, უფრო საშიში, ვიდრე ფაშიზმი, ნაციზმი, რასიზმი“, – ამბობს ინტერვიუში ჯოხარ დუდაევი, რომელიც იქვე დასძენს. -„მეც და სხვა ჩეჩნებიც ამ ბოროტებას, რუსებს, ტატუირებულ დამნაშავეებს, მაროდიორებს, ძუნწებს, მკვლელებს, ვუყურებთ ზიზღით, სხვა არაფერი“.

დუდაევს ჰქონდა ერთგვარი წინასწარმეტყველებაც – რა ელის რუსეთს: „…ხელისუფლების გადანაწილება, ხელისუფლების არალეგიტიმურობა, სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია. ასეთ პერიოდში ეს იდეა იმდენად სახიფათოა, რომ ყველა აიღებს ქვებს, ვისაც აქვს – ავტომატს და რაკეტას და სამოქალაქო ომით გადაწყვეტენ ამ კამათს“.

გთავაზობთ ინტერვიუს შემოკლებულ ვერსიას:

რუსეთის ხალხი ავადაა რუსიზმით - ჯოხარ დუდაევი [Джохар Дудаев (Dzhohar Dudayev), интервью "Взгляд"]

  • მალე 9 მაისია. რას უსურვებდით ყოფილ სსრკ-ს ხალხებს?

ყოფილ სსრკ-ს ხალხებს არაფერს ვუსურვებ. რასაც იმსახურებენ, თავადვე მიდიან იქამდე. ყოფილი, აწმყოს ან მომავლის [საბჭოთა] კავშირის, კერძოდ, რუსეთის ხალხი, ავად არის რუსიზმით. ეს არის ადამიანის მოძულე ყველა იდეოლოგიაზე ძალიან სახიფათო და ქრონიკული დაავადება, უფრო საშიში, ვიდრე ფაშიზმი, ნაციზმი, რასიზმი – სურთ მათ ეს თუ არა. ეს საშიში ავადმყოფობა შეიძლება განიკურნოს ურთულესი გამოცდებით.

ალბათ, ერთადერთი ხალხი დედამიწაზე, რომელსაც არაფრის სწამს, უსულოა, უზნეოა და უიმედოდ ჩამორჩენილია კაცობრიობის განვითარების დონეს, უიმედოდ და დიდხანს – რუსები არიან. არ აქვთ არანაირი რწმენა. არ აქვთ სულიერება, ზნეობა და, შესაბამისად, მორალი. ამას, რუსი ხალხის საუბედუროდვე, მასობრივი მასშტაბი აქვს.

ჩეჩნეთი მხოლოდ მიზეზია, ისე კი, ეს რუსი ხალხის არსია – რუსიზმით, ადამიანის მოძულე იდეოლოგიით დაავადებულის. ამისთვის ფასია გადასახდელი: რუს ხალხს ელის ძალიან რთული გამოცდა და პროგნოზი დამაიმედებელი არ არის. ამის მიზეზი ისაა, რომ არ არის იდეები – კომუნიზმის, სოციალიზმის, თანასწორი შესაძლებლობების საზოგადოების იდეა, საპნის ბუშტივით იმიტომ გასკდა, რომ შენდებოდა რუსიზმის იდეაზე. რაკი არ არის იდეა, თანაც არ არის სამართლებრივი რუსული სახელმწიფო, არ არის მისი ან ხელისუფლების რომელიმე შტოს ლეგიტიმურობა, არ არის პოლიტიკაც, შიდაც და საგარეოც.

რაკი არ არის მესამე კომპონენტი, არ არის იდეოლოგიის ადგილი. მაშინ არც მოტივი არის და არც სტიმული. ამაზე სრულდება პერსპექტივა.

ეს ერთი გზაა.

მეორე გზა ცივილიზაციის განვითარებისთვის არის სულიერება. რუსებს არ სწამთ არც ქრისტესი, არც მუჰამედის, არც ბუდასი, არავისი. ხალხი სულიერი რომ გახდეს, მინიმუმ სამი თაობის განმავლობაშია მუშაობა საჭირო.

ეს გზა გადაკეტილია.

სად უნდა აიღო იდეები ამდენი ადამიანისთვის? შეიძლება დასავლეთის მაგალითზე, დოლარი აქციო იდეად, ღმერთად. ამ შემთხვევაშიც ჩიხია – უმოკლეს დროში რუსეთში იქნება სამოქალაქო ომი, ხელისუფლების გადანაწილება, ხელისუფლების არალეგიტიმურობა, სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია. ასეთ პერიოდში ეს იდეა იმდენად სახიფათოა, რომ ყველა აიღებს ქვებს, ვისაც აქვს – ავტომატს და რაკეტას და სამოქალაქო ომით გადაწყვეტენ ამ კამათს.

ეს გზაც ჩაკეტილია.

ორივე გზა, სულიერების და იდეურობის, დაკეტილია.

ახლა [რუსი] პოლიტიკოსები და იდეოლოგები ცდილობენ აირჩიონ მესამე გზა, სლავიზაცია, ანუ სლავობის ნიადაგზე გაერთიანება. არც აქედან გამოვა რამე, ვინაიდან სლავიზაციის მთავარი კომპონენტი, უკრაინელები, არასდროს მიიღებენ რუსიფიკაციას და რუსიზმს. 

უბრალოდ, ხალხს უნდა მოეპყრო ადამიანურად და არა როგორც ცხოველს. არა რუსიზმის, არამედ ჰუმანურობისა და კანონის გადმოსახედიდან და ყველაფერი კარგად იქნება. არ არსებობს ცუდი ხალხი, არც ერთი, დედამიწაზე. ის, რომელიც საფრთხობელად აქციეს, ალბათ, ყველაზე უბედურია.

იქ, სადაც არის ადამიანის მოძულე იდეოლოგია, ყოველთვის უნდა მოიფიქრო რამე ბლეფი. მოიგონო რამე მაფია, ისპეკულირო გერმანული ფაშიზმით, რომელიც მთელმა მსოფლიომ გადატეხა. საკმაო ხანი სსრკ და რუსიზმი სპეკულირებდა ამაზე. როცა იგი მომაბეზრებელი გახდა, მოიფიქრეს სიონიზმი, მთელ მსოფლიოში რომ ეწყევლათ ისინი.

შემდეგ არც ამან იმუშავა. საჭირო გახდა ახალი მითი – ჩეჩნური მაფია. ამანაც არ იმუშავა. მთელმა მსოფლიომ იხილა, რომ მაფია, რომლის ხილვაც სურთ ჩეჩნებში, არ არსებობს. მთელი მაფია მოსკოვში ზის. შემდეგ მოიგონეს რაღაც ფუნდამენტალიზმი, ამანაც არ იმუშავა. როცა ყველა ამ იარლიყმა არ იმუშავა და არ იყო კარტი ადამიანის მოძულე იდეოლოგიის გასათამაშებლად, ვინც გაუწია წინააღმდეგობა, არ მისცა ამ იარლიყებს მიწებების საშუალება, ის არის გასანადგურებელი. ამიტომ წამოვიდნენ ჩეჩნებზე. არ არიან ჩეჩნები – არ არის პრობლემა, ასეთი იყო ჩანაფიქრი.

ჩვენ ხანგრძლივი, 300-წლიანი გამოცდილება გვაქვს [ვიცით], როგორია რუსების დამოკიდებულება ხალხების – ჩეჩნების, კავკასიელების, სხვა ხალხების მიმართ. რუსეთი ვერ მოგვატყუებს, თუმცაღა მიმნდობები ვართ. ამიტომაც ვაგებთ რუსეთთან, მიმნდობლობის, კეთილშობილობის გამო. ამ თვისებების გამო რუსები ჩვენ წინააღმდეგ ჩადიან მორიგ ბოროტებას.

ერთი სული მაქვს, როდის უპასუხებენ ჩეჩნები ამ ნეგატივს იმავეთი. სიმართლე გითხრათ, მინდა, ჩეჩნებმა და სხვებმაც ბოლოს და ბოლოს რუსებს იმით უპასუხონ, რასაც ისინი იმსახურებენ. სხვაგვარად ვერ გაიგებენ. სისასტიკეს მხოლოდ სისასტიკე აჩერებს, ომს – მხოლოდ ომი.

ნახეთ, რას სჩადიან სოფლებში, დასახლებულ პუნქტებში, გროზნოში. მარტო [მათი] მიდრეკილებებია საკმარისი მთელი მსოფლიოსთვის კიდევ 100 წელი. ალბათ, ჩეჩნები უკვე იწყებენ ამ სინდრომის დაძლევას. ახლა ყურადღებით გავაანალიზე რუსეთთან ურთიერთობის სრული ისტორია. წავიკითხე ლევ ტოლსტოი, მისი ჰაჯი-მურატი. ბულგაკოვიც წავიკითხე, მას აქვს მოთხრობა „ხანკალის ხეობა“, იგი თავად იყო მოვლენათა – 1919-1920 წლების რუსეთ-ჩეჩნეთის ომის მონაწილე.

ტოლსტოის ჰაჯი-მურატში არის მესკერ-იურტი, რომელიც ახლაც ისეთივე მდგომარეობაშია, როგორშიც მაშინ იყო, იმ 150-წლიან ომამდე. იქაც რუსებმა გამოავლინეს უსასტიკესი, არაადამიანურამდე მისული მოპყრობა. ტოლსტოი წერს, რომ ჩეჩნები უყურებდნენ რუსებს ზიზღით. ზუსტად ასე უყურებენ ჩეჩნები [რუსებს] ახლაც, ზიზღით. მეც ზიზღის გარდა არანაირი საპასუხო ბოროტება არ მაქვს. საქონელს შეუძლია ასეთის გაკეთება და როგორი დამოკიდებულება უნდა გქონდეს მის მიმართ? გაუბრაზდე, რაც არ უნდა გააკეთოს? მეც და სხვა ჩეჩნებიც ამ ბოროტებას, რუსებს, ტატუირებულ დამნაშავეებს, მაროდიორებს, ძუნწებს, მკვლელებს, ვუყურებთ ზიზღით, სხვა არაფერი.

  • იმის შემდეგ ბევრი დრო გავიდა, არაფერი შეცვლილა?

არაფერი, მხოლოდ რუსების სისასტიკე, რუსიზმი. რუსიზმის მთელი პოტენციალი ჩეჩნებს დაატეხეს თავს და ახლა გაშიშვლდნენ მთელი მსოფლიოს წინაშე. არა მხოლოდ გარედან, არამედ შიგნიდან, ნაწლავებამდე. მთელმა მსოფლიომ იხილა, რა არის რუსიზმი და რაოდენ სახიფათოა კაცობრიობისთვის. რომ თავის დროზე არა იმდენად ფაშიზმთან, არამედ რუსიზმთან იყო ბრძოლა საჭირო.

ახლა ეს ავადმყოფობა მიშვებულია. მას აქვს შავი ჩემოდნები, შავი ღილაკები, ბირთვული ღილაკისკენ მიდის ხელი. კვლავაც აღლუმები ტარდება და ვიხსენებ დიდ მეცნიერს, რომელიც დაინახავდა რა ჯარისკაცებს, რომლებიც თავიანთი ჩექმებით ბრახუნობდნენ, გრძნობდა ზიზღს, თითქოს ეს ცარიელი თავები იყო.

___

სხვა ინტერვიუ ჯოხარ დუდაევთან:

სლავური ერების გაერთიანებას, რუსიზმს უკრაინელები არასოდეს შეეგუებიან – დუდაევი რუსეთის გეგმებზე I ფოტო

ბუჩაში გაიხსნა მემორიალი რუსეთის ოკუპაციის დროს მოკლული 501 მოქალაქის პატივსაცემად

პირველ ივლისს უკრაინაში, ქალაქ ბუჩაში, გაიხსნა ინსტალაცია – მემორიალი ქალაქის იმ მცხოვრებთა პატივსაცემად, რომლებიც რუსმა სამხედროებმა ოკუპაციის დროს მოკლეს.

მემორიალი ბუჩას ქალაქის პარკის შესასვლელთან დადგეს. მემორიალზე გამოფენილია ბუჩაში მოკლული, 501 იდენტიფიცირებული ადამიანის სახელი და გვარი და დაბადების და დაღუპვის წლები.

მემორიალი ბუჩაში. ფოტო: EPA-EFE/OLEG PETRASYUK
მემორიალი ბუჩაში. ფოტო: EPA-EFE/OLEG PETRASYUK

2022 წელს, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, ქალაქი ბუჩა რამდენიმე კვირის მანძილზე რუსი სამხედროების მიერ იყო ოკუპირებული. მას შემდეგ, რაც ბუჩა უკრაინელებმა დაიბრუნეს, ქალაქის ქუჩებში მრავალი სამოქალაქო პირის ცხედარი იპოვეს, ათეულობით მათგანს ხელები ზურგს უკან ჰქონდა შეკრული.

„ბუჩას ხოცვა-ჟლეტა“ – ასე უწოდეს მსოფლიოს ლიდერებმა რუსი სამხედროების სისასტიკეს ბუჩაში.

ბუჩა. მშვიდობიანი მოქალაქეების ხელებშეკრული ცხედრები ქალაქის ქუჩაში. 2022 წლის 3 აპრილი. EPA/MIKHAIL PALINCHAK

ქობულეთის მერიის მოთხოვნა „ზღუდავს კონკურენტულ გარემოს“ – დავა 6-მილიონიანი ტენდერისთვის

ქობულეთის მერიის სატენდერო კომისიამ, რომლის წევრები მერი და მისი მოადგილეებიც არიან, ცენტრალური პარკის რეაბილიტაციაზე გამოცხადებულ ტენდერში ჯერ გამარჯვებული გამოავლინა, შემდეგ კი ტენდერი შეწყვიტა.

ტენდერის შეწყვეტის ოქმში აღნიშნულია, რომ კომისიის ერთ-ერთი მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილებაზე, ზღუდავდა კონკურენტულ გარემოს. შემდეგ ისიც აღმოჩნდა, რომ გამარჯვებული კომპანია კომისიამ ისე გამოავლინა, თავისივე დადგენილი მოთხოვნაც არ გაითვალისწინა.

ტენდერი 6 298 000 ლარით იყო გამოცხადებული, სადაც კომისიის მიერ გამარჯვებულად გამოცხადებული შპს „მონოლითი-2005“ მერიას ცენტრალური პარკის რეაბილიტაციას 5 244 444 ლარად სთავაზობდა.

სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება დავების საბჭოში გაასაჩივრა შპს „ჯორჯიან სტოუნმა“ , რომლის დირექტორი, ბადრი რომანაძე, 2011-2014 წლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის უფროსი იყო და ეს კომპანია ქობულეთში არაერთ ტენდერს იგებდა.

„კომისიამ გამარჯვებულად გამოავლინა შპს „მონოლითი-2005“, რომლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია პირდაპირ ეწინააღმდეგება სატენდერო პირობებს… კერძოდ, სატენდერო ტექნიკური დოკუმენტაციის მთავარი მოთხოვნა იყო (რომელსაც ხაზი თავად ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გაუსვა და თავადვე დააზუსტა) პრეტენდენტს უნდა აეტვირთა ერთი ხელშეკრულების (ერთი პროექტის) ფარგლებში არანაკლებ 2 000 000 ლარის სამუშაოები, ხოლო პრეტენდენტმა ატვირთა ერთი ხელშეკრულების ფარგლებში სხვადასხვა პროექტით შესრულებული სამუშაოები…

ერთი პროექტი გულისხმობს ერთ სამუშაო ტერიტორიას ერთმანეთთან დაკავშირებულს და არა ერთ ხელშეკრულებას, რომელზედაც მიკრულია სხვადასხვა პროექტით შესრულებული სამუშაოები, რომლებიც არ უკავშირდება ერთმანეთს.

კომისიამ მისივე დადგენილი და განსაზღვრული დაზუსტებული მოთხოვნა უგულებელყო და პრეტენდენტი, მიუხედავად აღნიშნული დარღვევისა, მაინც გამოავლინა გამარჯვებულად. ამიტომ მიმაჩნია, რომ სატენდერო კომისიის მოცემული მოქმედება წარმოადგენს სატენდერო პირობების უხეშ დარღვევას“ – აღნიშნული იყო „ჯორჯიან სტოუნის“ საჩივარში.

„ჯორჯიან სტოუნი“ „მონოლითი 2005“-ის დისკვალიფიკაციას ითხოვდა.

საჩივარი დავების საბჭომ განიხილა და ხაზი გაუსვა, რომ ქობულეთის მერიის სატენდერო კომისიის სხდომის ოქმებში „არ არის მოცემული სატენდერო კომისიის მსჯელობა იმ საკითხზე, თუ რამდენად წარმოადგენს აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, სხვადასხვა მისამართზე შესრულებული ვალდებულებები ერთი პროექტის ფარგლებში გაწეულ სამუშაოებს.“

„ამდენად, საბჭო მიიჩნევს, რომ შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიამ დეტალურად უნდა იმსჯელოს იმის შესახებ, თუ რამდენად შეესაბამება პრეტენდენტის მიერ გამოცდილების სახით წარდგენილი სამუშაოები მოთხოვნას –  ერთი ხელშეკრულების (პროექტის) ფარგლებში არანაკლებ 2 000 000 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულების გამოცდილების შესახებ და რის საფუძველზე“ – აღნიშნა დავების საბჭომ.

საბჭომ „ჯორჯიან სტოუნის“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და დაავალა სატენდერო კომისიას, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გადასინჯვა. ასევე, „სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით“.

ქობულეთის სატენდერო კომისიამ დავების საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ იმსჯელა და ტენდერი საერთოდ შეწყვიტა.

შეწყვეტის ოქმში ვკითხულობთ:

  • „კონკრეტული საკვალიფიკაციო მოთხოვნა, რომელსაც განსაზღვრავს სატენდერო კომისია, ემსახურება მიზანს, დაადგინოს, შეძლებს თუ არა პოტენციური მიმწოდებელი შესყიდვის ობიექტის შესრულებაზე თავის გართმევას. სწორედ აქედან გამომდინარე იქნა განსაზღვრული მოთხოვნა ერთი ხელშეკრულების ფარგლებში არანაკლებ 2 მილიონი ლარის სამუშაოების შესრულების თაობაზე.

თუმცა, ფაქტია, სადავო გახდა დამატებითი ჩანაწერი ერთი პროექტის ფარგლებში შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით. კომისიამ იმსჯელა აღნიშნულ ჩანაწერთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ არსებულმა მოცემულობამ ცხადყო, დამატებითი მოთხოვნა – „ერთი ხელშეკრულების“ გარდა ასევე „ერთი პროექტის“ ფარგლებში იყოს შესრულებული სამუშაოები, ზღუდავს კონკურენტულ გარემოს.

მიმწოდებელი, რომელიც ერთი ხელშეკრულების ფარგლებში ასრულებს გარკვეული მოცულობის სამუშაოებს სხვადასხვა ლოკაციაზე, კონკრეტულ საანგარიშო პერიოდში, მისი კვალიფიკაცია და შესაძლებლობა ბუნებრივია იძლევა იმის დარწმუნების საშუალებას, რომ ის ერთი პროექტის ფარგლებში, ანუ ერთ საპროექტო ტერიტორიაზეც შეასრულებს სამუშაოებს.

უფრო მეტიც, გარკვეული მოცულობის სამუშაოების შესრულება სხვადასხვა ლოკაციაზე ერთ საანგარიშო პერიოდში უფრო რთული შესასრულებელი შეიძლება იყოს, ვიდრე კონცენტრირებულად ერთ საპროექტო ტერიტორიაზე.

შესაბამისად, სატენდერო კომისიამ მიიჩნია, რომ ჩანაწერი – „ერთი პროექტი“ ამცირებს როგორც კონკურენციას, ასევე მოცემულობიდან გამომდინარე წარმოშობს რისკს, სახელმწიფო სახსრები დაიხარჯოს არარაციონალურად და ამავდროულად „ერთი ხელშეკრულების ფარგლებში“-სთან ერთად დამატებით ამ ჩანაწერის არსებობა არ მეტყველებს პოტენციური მიმწოდებლის კვალიფიკაციის ხარისხზე.

აქედან გამომდინარე, სატენდერო კომისიამ მიიჩნია, რომ უნდა შეწყდეს ელექტრონული ტენდერი“ – აღნიშნულია ოქმში, რომელსაც ხელს ქობულეთის მერი ლევან ზოიძე [კომისიის თავმჯდომარე], მერის მოადგილე დავით ვერულიძე [კომისიის თავმჯდომარის მოადგილე], მერის მოადგილე მინდია რომანაძე [კომისიის წევრი] და კომისიის სხვა წევრები აწერენ.

ხელახალი ტენდერი, იმავე თანხით, ქობულეთის მერიამ 27 ივნისს გამოაცხადა.  წინადადებების მიღება კი, 2023 წლის 14 ივლისს დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება.

ახალი ტენდერის პირობაში სადავო ჩანაწერი – „ერთი პროექტის“ – აღარ გვხდება:

  • „პრეტენდენტს 2020 წლის 01 იანვრიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდში შესრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის, კერძოდ არანაკლებ 10 000 000 (ათი მილიონი) ლარის ღირებულების პარკის ან/და სკვერის ან/და ბულვარის ან/და მოსასვენებელი სივრცის კეთილმოწყობის სამუშაოები. მათ შორის ერთი ხელშეკრულების ფარგლებში არანაკლებ 2 000 000 (ორი მილიონი) ლარის სამუშაოები.“

შეწყვეტილ ტენდერში ეს მოთხოვნა ასე იყო ჩამოყალიბებული:

  • „… მათ შორის ერთი ხელშეკრულების (ერთი პროექტის) ფარგლებში არანაკლებ 2 000 000 (ორი მილიონი) ლარის სამუშაოები.“

28 ივნისს დავების საბჭოში „ჯორჯიან სტოუნის“ ახალი საჩივარი შევიდა, რომელშიც კომპანია აცხადებს, რომ მერიამ ტენდერი კანონის დარღვევით შეწყვიტა, ამიტომ სატენდერო კომისიის ოქმი – ტენდერის შეწყვეტაზე – უნდა გაუქმდეს.

„სატენდერო კომისიამ, ნაცვლად იმისა, ემსჯელა და ეხელმძღვანელა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესრულების კუთხით და პრეტენდენტისთვის კანონით დადგენილი წესით მიეცა დისკვალიფიკაცია, გვერდი აუარა კანონით დადგენილ წესს და პროცედურებს და შეწყვიტა ტენდერი აბსოლუტურად დაუსაბუთებლად და მოულოდნელადა ისე, რომ არ დაასრულა მსჯელობა და ადმინისტრაციული წარმოება სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად.

აღნიშნული ქმედება გვიქმნის ვარაუდს, რომ სატენდერო კომისია ცდილობს, მიზანმიმართულად უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენოს პრეტენდენტი კომპანია და გამოაცხადოს პირობები, რომლებიც მასაც მოერგება. რაც აშკარა დისკრიმინაციაა და ყოველგვარ სამართლებრივ და ლოგიკურ საფუძველს მოკლებული.

[ტენდერის შეწყვეტა] ეჭვქვეშ აყენებს სატენდერო კომისიისა და მუნიციპალიტეტის მიმართ ნდობის საკითხს ობიექტურობასა და მიუკერძოებლობის კუთხით. ეჭვს აჩენს კორუფციული გარიგების ნიშნებზე. რადგან კომისია მზად არის, არ მისცეს დისკვალიფიკაცია არასათანადო პრეტენდენტს და საერთოდ შეწყვიტოს ტენდერი, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების უგულებელყოფით, რომელიც გამოიხატება მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი პროექტის გაჭიანურებით და გადადებით.“ – აღნიშნულია „ჯორჯიან სტოუნის“ ახალ საჩივარში, რომლის განხილვის თარიღად დავების საბჭოში 4 ივლისია ჩანიშნული.

შეწყვეტილი ტენდერისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ნახეთ ამ ბმულზე:

ქობულეთში ცენტრალური პარკის სრული განახლება იგეგმება

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ღამით 8 „შაჰიდი“ და 3 „კალიბრი“ ჩამოაგდო

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის ცნობით, 2 ივლისის ღამეს რუსეთის საოკუპაციო ძალები თავს დაესხნენ უკრაინას რვა ირანული „შაჰიდითა“ და „კალიბრის“ ტიპის 3 ფრთოსანი რაკეტით.

„შაჰიდების“ გაშვება მოხდა სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით, ხოლო „კალიბრის“ – შავი ზღვიდან.

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ყველა სამიზნე ჩამოაგდო.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან დღემდე, უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 3557 რუსული დრონი და 1261 ფრთოსანი რაკეტა.

მწერალთა სახლი „სულაკაურის გამომცემლობას“ სოლიდარობას უცხადებს

მწერალთა სახლი ეხმიანება და დაუშვებლად მიიჩნევს „სულაკაურის“ გამომცემლობის წინააღმდეგ აგორებულ ძალადობრივ კამპანიას.

„ხელისუფლების მიერ გამომცემლობის ლგბტ პროპაგანდაში დადანაშაულება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია; ეს მხოლოდ აძლიერებს აგრესიას კონკრეტული ადამიანების მიმართ და აჩენს ცენზურის ნიშნებს სახელმწიფოში, სადაც გამოხატვის თავისუფლება კონსტიტუციითაა დაცული.

მწერალთა სახლი სოლიდარობას უცხადებს თავისუფალი საქართველოს ერთ-ერთ პირველ გამომცემლობას და პროფესიონალთა გუნდს, რომელთა დამსახურებითაც უკვე 24 წელია საქართველოს მოქალაქეები ქართული და მსოფლიო ლიტერატურის შედევრებს, საბავშვო და საყმაწვილო პროზასა და პოეზიას, საგანმანათლებლო და შემეცნებით ლიტერატურას ეცნობიან.

მწერალთა სახლის ისტორია ქართული მწერლობის ცენზურის ისტორიაცაა, რომლის სიღრმისეული ცოდნა გვაძლევს უფლებას ყველას შევახსენოთ, რომ „წიგნების დაწვაზე უარესი დანაშაულიც არსებობს. ერთ-ერთი – მათი წაუკითხაობაა“ – წერს მწერალთა სახლი ფეისბუქზე.

30 ივნისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სულაკაურის გამომცემლობას ე.წ. ლგბტ პროპაგანდაში დაადანაშაულა. აღნიშნულს წინ უძღოდა ინციდენტი, რის გამოც გამომცემლობამ პოლიციას მიმართა.

კერძოდ, 27 ივნისს, „სულაკაურის“ გამომცემლობას რამდენიმე მოქალაქე „დედების სახელით“ მიუვარდა.

რადიკალურად განწყობილი ქალები გამომცემლობის თანამშრომლებს ათი წლის წინ ნათარგმნი ზღაპრის და ერთ-ერთი ფემინისტური წიგნის გამო ლანძღავდნენ.

გამომცემლობის დირექტორის, თინა მამულაშვილის აზრით, ეს ყველაფერი იმ ანტიდასავლური რიტორიკის გაგრძელებაა, რასაც „ქართული ოცნება“ ეწევა და ღიად ახალისებს ძალადობას განსხვავებული ადამიანების მისამართით.

„საუბარია „წითელქუდას“ ავტორის, შარლ პეროს ერთ-ერთ ზღაპარზე, რომელიც დაახლოებით ათი წლის წინ ვთარგმნეთ და გამოვეცით. ვერ წარმოვიდგენდი, რომ დღეს მე-17 საუკუნის ზღაპარზე მომიწევდა კომენტარის გაკეთება. გაყიდვაშიც კი აღარ არის ეს წიგნები, ამოყიდულია საერთოდ და თუ მაშინ არ გამოუწვევია ამ წიგნებს მსგავსი კითხვები, ახლა რაშია ხომ საქმე, ალბათ ვიკითხავთ.

რა ლგბტქ პროპაგანდა შეიძლება იყოს მე-17 საუკუნის ზღაპარში? ხომ ვიცით, რომ ესეც რუსული პროპაგანდის მოგონილია, რადგან შეუძლებელია პროპაგანდით ადამიანმა სქესი ან ორიენტაცია შეიცვალოს“, – ამბობს თინა მამულაშვილი.

ამავე თემაზე: 

ზღაპრის წიგნის გამო სულაკაურის გამომცემლობას მიუვარდნენ

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 2 ივლისის 21 საათიდან 3 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი – 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 24 – 29 გრადუსი სითბო
  • ღამით: 16 – 21 გრადუსი სითბო

მთაში:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +24 გრადუსია. მოსალოდნელია ღელვა – 4 ბალი.

სინოპტიკოსების ცნობით, 4-5 ივლისს ბათუმში და მთელ აჭარაში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 2 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 2 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 229 660 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +790]
  • ტანკი – 4 052 ერთეული [+10]
  • ჯავშანტექნიკა – 7 888 ერთეული [+20]
  • საარტილერიო სისტემა – 4 188 ერთეული [+26]
  • MLRS – 637 ერთეული [+5]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 390 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 308 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 557 ერთეული [+12]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 261 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 6 816 ერთეული [+22]
  • სპეცტექნიკა – 583 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 2 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 445 თვითმფრინავი
  • 240 ვერტმფრენი
  • 4 859 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 426 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 10 472 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 134 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 5 300 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 11 365 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო

ამავე თემაზე:

უკრაინის ძალები ცდილობენ დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროზე გამაგრებას – ბრიტანული დაზვევრვა

 

გზაზე მეწყერი ჩამოწვა, ყველა რეისი გაუქმდა – რკინიგზა

საქართველოს რკინიგზის ცნობით, სადგურ მარელისში ჩამოწოლილმა მეწყერმა, რაც უხვ ნალექს მოჰყვა, მნიშვნელოვნად დააზიანა საკონტაქო ქსელი და ლიანდაგები. ამის შესახებ საქართველოს რკინიგზა დღეს, პირველ ივლისს, ფეისბუქზე წერს.

რკინიგზის ცნობით, ბრიგადები მუშაობენ მოძრაობის აღდგენაზე, თუმცა მოძრაობის აღდგენის ზუსტი დრო უცნობია, ამასთან უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებიდან გამომდინარე, მოძრაობის აღდგენის მოუხედავად, მიზანშეწონილი არა არის მგზავრთა გადაადგილება აღნიშნულ მონაკვეთზე.

შესაბამისად, სტიქიის გამო, რეისს ვერ შეასრულებენ და დანიშნულების ადგილზე ვერ ჩავლენ შემდეგი მიმართულებით მოძრავი მატარებლები:

  • თბილისი-ბათუმი(#804)
  • თბილისი-ფოთი (#874)
  • ბათუმი-თბილისი (#801)
  • ბათუმი-თბილისი (#807)
  • ზუგდიდი-თბილისი (#869)
  • ბათუმი-ერევანი (#201)

კომპანიის გადაწყვეტილებით, ზემოთჩამოთვლილი მიმართულებით მოძრავი მატარებლები პირველივე ახლო მდებარე სადგურებში გაჩერდებიან, რათა მგზავრებმა სურვილისამებრ შეძლონ მატარებლებიდან ჩამოსვლა. საქართველოს რკინიგზა ყველა რეისის საწყის სადგურზე დაბრუნებას უზრუნველყოფს. სურვილისამებრ მგზავრებს შეეძლებათ მატარებლებით საწყის სადგურებში დაბრუნება.

რკინიზგა მგზავრებს სრულად აუნაზღაურებს მგზავრობის საფასურს.

„კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში მატარებლების შეყოვნებები გამოწვეულია დასავლეთში არსებული უამინდობისა და უხვი ნალექის გამო“ – წერს საქართველოს რკინიგზა.

2022 წელს სიმსივნეებით გარდაცვლილთა რიცხვმა იკლო წინა წელთან შედარებით – სტატისტიკა

2022 წელს საქართველოში 149 118 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 10 788 ერთეულით (18.0%) ნაკლებია 2021 წლის მაჩვენებელზე – ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

საქსტატის ცნობით, გარდაცვალების მიზეზებს შორის ჭარბობს სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები [35.9%] და სიმსივნეები [9.2 პროცენტი].

სტატისტიკის თანახმად, 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, იკლო სიმსივნეებით გარდაცვლილთა რიცხვმა. 2021 წელს სიმსივნით საქართველოში 7 641 ადამიანი გარდაიცვალა, 2022 წელს კი – 4 530.

2021 წელთან შედარებით 2022 წელს გარდაცვალების მაჩვენებლის კლება დაკავშირებულია კორონავირუსის პანდემიასთან. 2021 წელს კოვიდის დიაგნოზით საქართველოში 11 286 ადამიანი გარდაიცვალა, 2022 წელს კი – 2 632.

„5 წლამდე ასაკის გარდაცვლილ ბავშვებში დომინირებს პერინატალურ პერიოდში აღმოცენებული დარღვევები.

5-39 წლის ასაკში ჭარბობს ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების სხვადასხვა შედეგები, რადგან აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისათვის შედარებით მაღალია უბედური შემთხვევების ალბათობა, ხოლო 40 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობაში გარდაცვალების მიზეზებს შორის 2022 წელს დომინირებს სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები და სიმსივნეები“ – წერს საქსტატი.

რუსეთის არმიაში მყოფმა 50-მდე დაღესტნელმა უარი თქვა ბრძოლაზე – უკრაინის გენშტაბი

ზაპოროჟიეს ოლქში, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მყოფმა 50-მდე ეთნიკურმა დაღესტნელმა უარი თქვა ბრძოლაზე და იარაღი მწყობრიდან გამოიყვანა – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

„უკრაინის თავდაცვის ძალების წარმატებული საბრძოლო ოპერაციების ფონზე და მტრის ცოცხალი ძალის მნიშვნელოვანი დანაკარგების გამო, იზრდება რუსული საოკუპაციო ძალების დანაყოფებში დეზერტირების შემთხვევები.

ცნობილია, რომ 50-მდე ეთნიკურმა დაღესტნელმა სამხედრო მოსამსახურემ, ზაპოროჟიეს რაიონის სოფელ დოროჟნიანკას რაიონში, უარი თქვა მონაწილეობაზე საომარ მოქმედებებში“ – წერს გენერალური შტაბი.

ასევე, გენერალური შტაბის ცნობით, რუსი ოკუპანტები აგრძელებენ მშვიდობიანი მოსახლეობის გამოყენებას „ფარად“. კერძოდ, ხერსონის ოლქის ტოპოლოვკას დასახლებაში რუსეთის სამხედრო სარდლობა სამხედრო მოსამსახურეებს ასახლებს კერძო სახლებში, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა ცხოვრობს.

Exit mobile version