მთავარი,სიახლეები

აპირებენ აჭარის ტელევიზია ბოლომდე გადააქციონ პროპაგანდის ნაწილად – გია აბულაძე

03.07.2023
აპირებენ აჭარის ტელევიზია ბოლომდე გადააქციონ პროპაგანდის ნაწილად – გია აბულაძე

დღეს, 3 ივლისს, საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მრჩეველთა საბჭოს გაუქმებას.

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ გია აბულაძე მიიჩნევს, რომ მრჩეველთა საბჭოს გაუქმება ტელევიზიას კიდევ უფრო დაასუსტებს და საბოლოოდ გადააქცევს პროპაგანდისტულ მედიად.

„როცა დაიწყო აჭარის ტელევიზიის მოვლენები და ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის პროცესი, მაშინ ვთქვით, რომ მთავარი გეგმა იყო არა მხოლოდ ნათია კაპანაძის გათავისუფლება დირექტორის პოსტიდან, არამედ აჭარის ტელევიზიის გაუქმება, მისი სტატუსის დასუსტება. ეს გულისხმობს იმას, რომ აჭარის ტელევიზია აღარ იქნება დამოუკიდებელი სუბიექტი, არამედ რეგიონული ბიურო გახდება. ამის შესახებ მაშინ ინფორმაცია გვქონდა სახელისუფლებო წყაროებიდან.

როგორც დავინახეთ, ამ ყველაფერს ეტაპობრივად აკეთებენ. ჯერ იყო თავისუფალი დირექტორის გათავისუფლება, შემდეგ ჟურნალისტების და ახლა გააუქმეს მრჩეველთა საბჭო და დარჩათ ბოლო ეტაპი.

დირექტორი ისედაც ჰყავთ დანიშნული, რომელიც ხელისუფლებასთან კოლაბორაციაშია, რადგან მრჩეველთა საბჭო საქმის კურსშიც კი არ იყო კანონპროექტთან დაკავშირებით, როცა დირექტორმა „გააპრავა“ და თქვა, რომ თურმე კარგი კანონპროექტი ყოფილა.

გამოდის, რომ ტელევიზიის დირექტორი და ხელისუფლება ერთად გეგმავდნენ ამ ცვლილებებს, ისე, რომ მრჩეველთა საბჭომ არც კი იცოდა ამის შესახებ.

როცა აჭარის უმაღლეს საბჭოშიც არ მომხდარა ამაზე მსჯელობა, მაშინ, როცა მრჩეველთა საბჭოს ამაზე ანგარიშის წარმოდგენის ვალდებულება ჰქონდა.

ახლა აპირებენ, რომ ტელევიზია ბოლომდე გადააქციონ პროპაგანდისტული სისტემის ნაწილად, დაასუსტეს და კიდევ დაასუსტებენ აჭარის ტელევიზიას.

მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, რომ გამოიყენოს ვეტოს უფლება, ასევე უმაღლესი საბჭოს წევრებმა „ქართული ოცნებიდან“ დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია, უჭერენ თუ არა ამ კანონს მხარს“, – ამბობს გია აბულაძე.

გია აბულაძე მოუწოდებს დიპლომატიურ კორპუსსაც, რომ დააკვირდნენ აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებს და შეაფასონ.

გუშინ საპარლამენტო განხილვისას ოპოზიციონერი დეპუტატები მოუწოდებდნენ უმრავლესობას, არ ეყარათ კენჭი აღნიშნული კანონპროექტის მესამე მოსმენით, რადგან ეს არ იყო კანონში რაიმე ცვლილება, როგორც აპელირებდნენ, არამედ, არსებითად ახალი კანონი იყო. თუმცა უმრავლესობამ მათი პოზიცია არ გაიზიარა და მაინც მიიღო კანონი.

მმართველი პარტიის წევრები აცხადებდნენ, რომ აჭარის წარმომადგენლის მუშაობა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში გაცილებით უფრო აქტიური და ეფექტური იყო, ვიდრე მრჩეველთა საბჭოს წევრების. ამიტომ, მათი თქმით, უმჯობესი იქნება, მრჩეველთა საბჭო გაუქმდეს და  დაზოგილი თანხა აჭარის ტელევიზიასა და რადიოს მოხმარდეს.

უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს „ქართული ოცნებიდან“ დღემდე არ დაუფიქსირებიათ თავიანთი პოზიცია აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს გაუქმებაზე.

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო 5 წევრისგან შედგებოდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: