მთავარი,სიახლეები

მზარეულების თქმით, დამსაქმებელი მათ ამცირებს და ხელფასს არ უხდის – რესტორანი „ზღვის ხედი“

04.07.2023 •
მზარეულების თქმით, დამსაქმებელი მათ ამცირებს და ხელფასს არ უხდის – რესტორანი „ზღვის ხედი“

მზარეული ვლადიმირ პოტოცკი და შეფ მზარეული მაქსიმ ხროლი „ბათუმელებს“ უყვებიან, რომ რესტორნის მფლობელებმა, ოლესია ზუსკომ და ვლადიმერ ბორისოვიჩმა მათ ხელფასი არ გადაუხადეს და როცა კუთვნილი ანაზღაურება მოითხოვეს დამსაქმებლებისგან ლანძღვა-გინება მიიღეს პასუხად.

იმავეს ყვება ამ რესტორანში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეც, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს. მისი თქმით, „ხელფასებს არ იხდიან დროულად. თუ თხოვ, ან გატყუებენ, ან გაგდებენ სამსახურიდან“.

ვლადიმირ პოტოცკი უკრაინის მოქალაქეა, მაქსიმ ხროლი კი ბელორუსიდანაა. რესტორნის ერთ-ერთი მფლობელი ოლესია ზუსკოც ბელორუსის მოქალაქეა, მეორე დამსაქმებელი – ვლადიმირ ბორისოვიჩი კი რუსეთიდანაა.

მაქსიმ ხროლი გვეუბნება, რომ კონფლიქტამდე, მანამ, სანამ ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა რესტორნის მფლობელებთან, ვლადიმირ ბორისოვიჩი მასთან იკვეხნიდა, რომ ჰყავდა ნაცნობები და მფარველები ბათუმის მთავრობასა და პოლიციაში.

„როცა ხელფასი არ გადაგვიხადეს და პოლიციაში წასვლა გადავწყვიტეთ, ალბათ სწორედ ამ მფარველების იმედად გვეუბნებოდნენ, რომ ჩივილით არათუ ვერაფერს დაგვაკლებთ, არამედ იქით შეგიქმნით პრობლემასო“, – ამბობს რესტორნიდან გათავისუფლებული შეფ მზარეული მაქსიმ ხროლი.

25 წლის მზარეული ვლადიმირ პოტოცკი ამბობს, რომ „Sea View“-ს მფლობელები, ოლესია ზუსკო და ვლადიმირ ბორისოვიჩი მას სიტყვიერად შეუთანხმდნენ, რომ რესტორანში მზარეულად დაასაქმებდნენ და ყოველი კვირის ბოლოს გადაუხდიდნენ ხელფასს. ვლადიმირის ხელფასი დღეში 140 ლარი უნდა ყოფილიყო.

ვლადიმირ პოტოცკი

„მყავს დიაბეტიანი დედა, განსაკუთრებული კვება, ყურადღება და მედიკამენტები სჭირდება, გადასახდელი მაქვს ბინის ქირა და ყოველკვირეული ანაზღაურება ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ვენდე ადამიანებს კონტრაქტის გაფორმების გარეშეც, მაგრამ ხელფასი არ ჩამირიცხეს, რის შემდეგაც ოლესია ზუსკოს დავურეკე მორიდებით და ბოდიშის მოხდით ვკითხე, თუ როდის ჩამირიცხავდნენ ხელფასს. „пошол на хуй, пидараст, ты ничтожество”, ასე მიპასუხა და გამითიშა. გავოგნდი, მაგრამ 5 წუთში ისევ დავრეკე, ამჯერად მისმა მეუღლემ ვლადიმირმა მიპასუხა, მაგრამ ეს არ იყო დიალოგი, რაც ჩვენს შორის დაიწყო, ეს იყო ისტერიკა ამ კაცის მხრიდან.

თავიდან მითხრა, რომ სტაჟიორად ამიყვანა და არანაირ ხელფასს არ უნდა დავლოდებოდი. არადა ცხადი შეთანხმება დავდეთ, რომ მზარეულად ვსაქმდებოდი პირველივე დღიდან და ჩემი პირველივე სამუშაო დღე იყო ანაზღაურებადი. არანაირ სტაჟიორობას მე არ დავთანხმებივარ, 15 წელია სარესტორნო სფეროში ვმუშაობ, რად მინდოდა სტაჟიორობა.

მერე დაიწყო დამცირება და შეურაცხყოფა მთელი ჩემი ერის მიმართ, ეს კაცი მეუბნებოდა, რომ უკრაინიდან ხარ, წაეთრიე უკრაინაში, აიღე იარაღი და იქ მოკვდი, აქ რატომ ჩამოხვედიო. თავად რუსეთის მოქალაქეა და ამბობდა, რომ რუსეთს გულშემატკივრობს. „ვინ ხარ საერთოდ, რომ მე მირეკავო“ მეუბნებოდა. ამაზე მხოლოდ ის ვუპასუხე, რომ მკაცრად მოგიწევს ყველაფრის გამო პასუხის გაცემა-მეთქი და გავუთიშე“, – გვიყვება 25 წლის მზარეული.

მისი თქმით, რესტორნის მფლობელებმა მას არ გადაუხადეს ანაზღაურება – 700 ლარი, ზემოთმოყვანილი საუბრის შემდეგ ვლადიმირი დარწმუნდა, რომ დამსაქმებლები მისთვის ხელფასის გადახდას არ აპირებდნენ:

„ამიტომ, მათთვის სამაგიეროს გადახდის მიზნით, ავიღე რესტორნიდან ორი ჩილიმი და წავიღე. დავაბრუნებ მაშინ, როცა ჩემ ხელფასს გადამიხდიან. არაფერი მომიპარავს, შენახული მაქვს ეს და დაუბრუნდებათ, როცა მეც დამიბრუნებენ 700 ლარს“, – ამბობს მზარეული.

მას შემდეგ, რაც ვლადიმირმა ჩილიმები წაიღო რესტორნიდან, დამსაქმებლებმა მის წინააღმდეგ განცხადება შეიტანეს პოლიციაში, რომ ვლადიმირმა ისინი გაქურდა. ვლადიმირი ახლა ბათუმის პოლიციის მეექვსე განყოფილებაში დაბარებული. ამბობს, რომ აპირებს დასახმარებლად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალს მიმართოს.

ოლესია ზუსკო პირად მიმოწერაშიც ციხეში ჩასმით და „გისოსებით“ ემუქრებიან ვლადიმირს:

„მუშაობ დღე და ღამე: 12-საათიან ცვლაში მთელი კვირა, მუშაობ უხარისხო, მრავალჯერ გაყინული და გამდნარი პროდუქტით, უხარისხო აღჭურვილობით, გაქვს უამრავი ვალდებულება, სადილში ფულს იხდი, რესტორანი კვებას არ გინაზღაურებს, მთელი დღე დგახარ ფეხზე, თუ რამე შეგეშალა, ელემენტარული რამ, იხდი ჯარიმებს და ბოლოს ხელფასსაც არ გიხდიან.

ცხოველებსაც კი არ ექცევიან ასე, მსგავსი დამოკიდებულება 15-წლიანი მუშაობის განმავლობაში არსად მინახავს. ახლა ომია, ნაცვლად იმისა, რომ ადამიანებს ემპათია გვქონეს ერთმანეთის მიმართ, ამ დამსაქმებლებმა ზედ გადაგვიარეს“, – ამბობს ვლადიმირ პოტოცკი.

მას შემდეგ, რაც პოტოცკისა და რესტორან „Sea View”-ს თანამშრომლებს შორის კონფლიქტი გამწვავდა, საქმეში შეფ მზარეული, მაქსიმ ხროლი ჩაერია, რომელმაც დაიცვა ვლადიმირი. მან ოლესია ზუსკოს სთხოვა, არ დაეზიანებინა რესტორნის რეპუტაცია, არ დაეშვა, რომ დაეკარგათ მზარეული და სთხოვა გადაეხადათ ვლადიმირისთვის კუთვნილი ხელფასი, რაზეც დამსაქმებელი მას უშვერი სიტყვებით პასუხობს და ადანაშაულებს, რომ ისიც ვლადიმირის „დანაშაულის“ თანამონაწილეა და დეპორტით ემუქრება.

მაქსიმ ხროლი

ზუსკო შეფ მზარეულს მიმოწერაშივე აცნობებს შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი სიტყვებით, რომ დათხოვნილია სამსახურიდან:

„შეფ მზარეული ვარ ამ რესტორანში, მეც ახლა დამითხოვეს სამსახურიდან ვლადიმირის დაცვისთვის, რახან ის დავიცავი ჩემი კუთვნილი ხელფასის ნახევარი – 750 დოლარი არ ჩამირიცხეს. ვოვა ხელფასის მოსათხოვად იყო მისული რესტორანში და მეც ვახლდი მას, როცა ჩილიმები წამოიღო, ამიტომ თანამონაწილედ მაცხადებენ. დეპორტით მემუქრებიან. მე ვაცნობე დამსაქმებლებს, რომ ჩვენც ვიჩივლებდით ხელფასის გადაუხდელობის გამო. „ვნახოთ ვინ ვის უჩივლებსო“ დამემუქრნენ“, – ამბობს მაქსიმ ხროლი.

„ბათუმელები“ ორი დღეა ცდილობს რესტორნის მფლობელებთან დაკავშირებას, თუმცა ისინი სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ, პასუხი მხოლოდ მოკლე ტექსტურ შეტყობინებაზე მივიღეთ ოლესია ზუსკოსგან.

ჩვენ მას ვკითხეთ, ლეგალურად ეწევიან თუ არა ისინი საქართველოში ეკონომიკურ საქმიანობას და აცნობეს თუ არა რესტორნის გახსნამდე საქართველოს შრომისა და ჯანდაცვის სამინისტროს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებას აპირებდნენ.

ამაზე დამსაქმებელმა გვიპასუხა, რომ რესტორნის ყველა თანამშრომლის შესახებ მიწოდებული აქვთ ინფორმაცია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთვის. თუმცა ოლესია ზუსკო ამბობს, რომ მათ არ აქვთ უფლება პირველი სამ თვე არ გააფორმონ შრომითი ხელშეკრულება დასაქმებულებთან „მაქსიმ ხროლი კი ჩვენთან მხოლოდ თვე-ნახევარი მუშაობდა“, – მოგვწერა რესტორნის მფლობელმა.

კითხვაზე, რატომ არ გადაუხადეს დასაქმებულებს ხელფასი, ოლესია ზუსკომ გვიპასუხა, რომ მაქსიმ ხროლმა 1, 5 თვის განმავლობაში მიიღო „უზარმაზარი ხელფასი“ (2 250$), რასაც „არ იმსახურებდა“.

„არ ემორჩილება ხელმძღვანელებს, არ იცავს რესტორნის წესებს და უკონტროლო ადამიანია, რაც მთავარია თანამონაწილეა ქურდობის“.

მაქსიმ ხროლი ადასტურებს, რომ თვეში მისი ხელფასი 1500 დოლარი იყო. ის ადასტურებს ასევე, რომ პირველი თვის ხელფასი მიიღო, მიიღო მეორე თვის ნახევრის ანაზღაურებაც, მაგრამ მას შემდეგ, რაც თანამშრომელს დაუჭირა მხარი, დარჩენილი 750$ აღარ გადაუხადეს.

დამსაქმებელს ვკითხეთ, რა კომენტარს გააკეთებდა დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი ლექსიკის შესახებ, რითაც დასაქმებულს ესაუბრებოდა კერძო მიმოწერაში. ოლესია ზუსკომ ასე გვიპასუხა:

„ეს პირადი მიმოწერა იყო და არა საჯარო, ჩვენ მეგობრული ურთიერთობა გვქონდა, მან არ შეასრულა საკუთარი მოვალეობები და სხვები ვაკეთებდით მაქსიმის საქმეების 80%-ს. მიმოწერის ეს ნაწილი ყველაზე ცხარე კამათია! და ეს მეგობრული მიმოწერაა, არა საჯარო“.

თუმცა ცხადად ჩანს, რომ მაქსიმ ხროლი მიმოწერაში სთხოვს დამსაქმებელს მის კუთვნილ ხელფასს და ვლადიმირის ხელფასის ჩარიცხვასაც სთხოვს, რაზეც პასუხად ლანძღვას და მუქარას იღებს.

 „ბათუმელების“ ინფორმაციით, რესტორან „Sea View“-ს მფლობელებს არცერთ თანამშრომელთან არ აქვთ გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება. უცნობია, იხდიან თუ არა სავალდებულო გადასახადებს საქართველოს ბიუჯეტში ამ რესტორნის მფლობელები.

ახლახან დატოვა რესტორანი „Sea View“ კიდევ ერთმა მზარეულმაც. თ. ს ეთნიკურად ქართველია და საქართველოს მოქალაქე, თუმცა მას არ სურს საკუთარი ვინაობის გამხელა. გვეუბნება, რომ თუ ღიად ისაუბრებს, მერე ვეღარასდროს იმუშავებს სარესტორნო ქსელში მზარეულად, რადგან, მისი თქმით, თუ საკუთარი უფლებების დარღვევას გააპროტესტებს დასაქმებული ამ სფეროში, დამსაქმებლები ერთმანეთს გადასცემენ ინფორმაციას და მზარეულებს ბლოკავენ:

„ყოველ დღე ახალი თანამშრომელი მხვდებოდა რესტორანში, 3 ბარმენი და მიმტანები გააგდეს, ვინც ხელფასს ითხოვს, აგდებენ ყველას და ყველას იქით ემუქრებიან, რომ უჩივლებენ.

ვლადიმირ პოტოცკის ყოველდღიურ ანაზღაურებაზე შეუთანხმდნენ, მაგრამ არ გადაუხადეს ხელფასი.

ჭურჭლის მრეცხავი ქალია, რომელიც არის დამლაგებელიც, ტუალეტის მრეცხავიც. ეს აკრძალულია ყველა კვების ობიექტზე. სამზარეულოს დამლაგებელი არ შეიძლება ამავე დროს ტუალეტსაც ალაგებდეს.

იმის გამო, რომ ვლადიმირმა იმ დღეს ჩილიმები წაიღო რესტორნიდან, ნახევარი დღის ხელფასი ჩამოაჭრეს დამლაგებელს, რატომ არ დაიცავი ჩილიმებიო. ყველაფერში ასეა – „ჯარიმები“ – ფულს გვახდევინებენ, რაშიც მოუნდებათ იმაში. 12 წელია ამ სფეროში ვარ და არსად არასდროს გადამიხდია კვების ფული. აქ ჩვენ ვიხდიდით კვებისას“, – გვიყვება თ.ს.

მან სამსახური ანტისანიტარიის გამო დატოვა. ამბობს, რომ ბათუმში ბევრი მზარეული იცნობს და ეუხერხულებოდა ემუშავა ანტისანიტარიაში, რაც სამზარეულოში დახვდა. სამსახურიდან ამ დისკომფორტის გამო წამოვიდა:

„აქ რომ მონიტორინგის სამსახური მივიდეს, უამრავ დარღვევას აღმოაჩენს, საშინელება ხდება. მიუხედავად ამისა, ძალიან კარგი მუშაობა აქვთ და წარმოუდგენელია ფულის არქონის გამო არ უხდიდნენ დასაქმებულებს ხელფასს.

რასაც დავაკვირდი, მოქმედების სქემა აქვთ ასეთი: თითო კვირითაც რომ იმუშაოს ახალმოსულმა ამათთვის ეგეც კარგია, არ გადაუხდიან ხელფასს. დასაქმებული როცა მოეგება გონს გაიქცევა და მერე ახალი მოდის. ამასობაში სეზონიც დამთავრდება და წავლენ თავიანთ ქვეყანაში დაუსჯელად, არავინ მოსთხოვთ პასუხს სხვა ადამიანების შრომის ხარჯზე ხელი რომ მოითბეს უსამართლოდ“, – ამბობს თ. ს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: