ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბულვარში სკეიტპარკის მოსაწყობად დაგეგმილზე 1,8 მილიონით მეტი დაიხარჯება ბიუჯეტიდან

03.07.2023 •
ბულვარში სკეიტპარკის მოსაწყობად დაგეგმილზე 1,8 მილიონით მეტი დაიხარჯება ბიუჯეტიდან

ბათუმის ბულვარმა სკეიტპარკის მოწყობაზე ხელახალი ტენდერი 3 165 138 ლარით გამოაცხადა. ეს 1,8 მილიონი ლარით მეტია, ვიდრე წინა ტენდერში. წინა ტენდერი ჩავარდა, რის შემდეგაც, როგორც ბულვარის ადმინისტრაციაში გვითხრეს, მიიღეს დამატებითი რეკომენდაციები, მათ შორის მსოფლიო სკეიტბორდის ფედერაციისგან.

„გარკვეული რეკომენდაციები გავითვალისწინეთ, რის შემდეგაც პროექტში შევიდა ცვლილებები, რათა ის გაუმჯობესებულიყო. შემდეგ ბაზრის კვლევა ჩავატარეთ და, შესაბამისად, ხარჯთაღრიცხვაც გაიზარდა. რაც შეეხება პროექტში ცვლილებებს, დამატებითი ხარჯი არ გაგვიღია,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ ბულვარის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.

ბულვარის ინფორმაციით, „ეს იქნება საქართველოში ყველაზე დიდი სკეიტპარკი, თავისი მოცულობით და მასშტაბებით, სადაც საერთაშორისო დონის ტურნირებიც კი გაიმართება. მსოფლიო სკეიტბორდის ფედერაციასთან შესაბამისი ლიცენზიის მისაღებადაც გვაქვს მოლაპარაკებები დაწყებული“.

უშუალოდ პროექტსა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებაში თავის დროზე ბულვარს 106 ათას 200 ლარი აქვს გადახდილი.

ახალ ბულვარში სკეიტპარკის მოსაწყობად თავდაპირველი ტენდერი, რომელიც არ შედგა, 1 291 749 ლარით იყო გამოცხადებული. მასში მონაწილეობა არავინ მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ბულვარის განცხადებით, „ბაზარი შეისწავლეს და პოტენციური მიმწოდებლების საკმარისი რაოდენობაც არსებობდა“.

ახალ ტენდერში, რომელიც 3 165 138 ლარით არის გამოცხადებული, წინადადებების მიღება 2023 წლის 16 ივლისს დაიწყება და 21 ივლისს დასრულდება.

ბულვარის ინფორმაციით, სკეიტპარკის მოწყობა მთლიანად დაფინანსდება აჭარის ბიუჯეტიდან [2023-24 წწ].

როგორც წინა, ისე ამ შემთხვევაშიც, სკეიტპარკი ახალ ბულვარში 200 დღეში უნდა მოეწყოს – ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადების შემდეგ.

  • თავდაპირველ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს, გარკვეულ პერიოდში შესრულებული უნდა ჰქონოდა „არანაკლებ IV კლასის პროექტების სამშენებლო სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 3 229 372 ლარის ოდენობით.“
  • ახალ ტენდერში კი, პრეტენდენტს, იმავე პერიოდში შესრულებული უნდა ჰქონდეს „არანაკლებ III კლასის სპორტული ან/და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობების სამშენებლო სამუშაოები, საერთო ღირებულებით არანაკლებ 7 912 845 ლარის ოდენობით“ [IV კლასისაა შენობა-ნაგებობები, რომლებიც რისკის მაღალი ფაქტორით გამოირჩევიან, ხოლო III კლასის – რისკის საშუალო ფაქტორით].

ახალი პირობის მიხედვით, „პრეტენდენტს პროექტის განხორციელებისას უნდა ჰყავდეს შესაბამისი სპეციალისტი, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული მსოფლიო სკეიტბორდის ფედერაციის მიერ ლიცენზირებული სკეიტპარკის ან/და ფამფტრეკის მოწყობის/მშენებლობის სამუშაოებში ან/და იმ სკეიტპარკის მოწყობის/მშენებლობის სამუშაოებში, რომელზეც მსოფლიო სკეიტბორდის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარებულია „სკეიდბორდინგის“ საერთაშორისო ჩემპიონატები/ტურნირები, როგორც პროექტის ზედამხედველი ან/და მენეჯერი.“

ამავე თემაზე:

მფრინავი ბავშვები ბორბლებზე ბათუმის სკეიტპარკიდან [Video]

გადაბეჭდვის წესი


ასევე: