განათლება,მთავარი,სიახლეები

7 შვილის დედა ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს: „გადავწყვიტე, სტერეოტიპების მსხვრევა“

04.07.2023
7 შვილის დედა ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს: „გადავწყვიტე, სტერეოტიპების მსხვრევა“

45 წლის მეგი თათეშვილი სტუდენტობისთვის ემზადება. იგი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს. მის შესახებ ინფორმაციას ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრი აქვეყნებს ფეისბუქზე.

„45 წლის ვარ – 7 შვილის დედა და 2 შვილიშვილის ბებია. წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებს ვაბარებ. ამ ასაკში მიღებული ჩემი ეს გადაწყვეტილება ბევრისთვის ალბათ უცნაურია…

1995 წელს ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ოჯახური პირობების გამო, სამწუხაროდ, მეორე კურსიდან სწავლის გაგრძელება ვეღარ შევძელი. ამაზე გული, რა თქმა უნდა, ყოველთვის მწყდებოდა.

მეუღლე 3 წელია, რაც გარდაცვლილია. მას შემდეგ, რაც მარტო დავრჩი, მეტად გავაანალიზე, რა მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის, ქალისთვის საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას… სწავლას, უმაღლესი განათლების მიღებას, მე კი ამ ყველაფერს მოკლებული ვიყავი.

პირველი გამოცდა უკვე მქონდა.

მრავალი წინაღობის მიუხედავად, მაინც გადავწყვიტე სტერეოტიპების მსხვრევა და ამ გზით ყველასთვის (მათ შორის, საკუთარი თავისთვის) იმის ჩვენება, რომ, თუ მიზანს დაისახავ, ძალიან მოინდომებ, ასაკი საერთოდ არაფერს ნიშნავს.

ახლა საბავშვო ბაღში ვმუშაობ. აღმზრდელის თანაშემწე ვარ. მომავალშიც განათლების სფეროში ვგეგმავ განვითარებას. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდისთვის დამოუკიდებლად მოვემზადე. იმედია, ყველაფერი გამომივა“ – აქვეყნებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრი 45 წლის აბიტურიენტის კომენტარს.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.