მთავარი,სიახლეები

თუ პუტინმა შოიგუ-გერასიმოვი არ ჩამოიცილა, რუსეთში სამხედრო ფრთა გაიმარჯვებს, თუ მოხსნის – ФСБ

30.06.2023 • 3620
თუ პუტინმა შოიგუ-გერასიმოვი არ ჩამოიცილა, რუსეთში სამხედრო ფრთა გაიმარჯვებს, თუ მოხსნის – ФСБ

„უკრაინელებმა შეძლეს პიატიხატკაში კონტროლის მოპოვება და ახლა ჟერებრიანკისკენ იწევენ. თუ მათ ეს შეძლეს, ამით ფაქტობრივად კახოვკის წყალსაცავს უვლიან მარცხენა ნაპირიდან – ისინი დნეპრის მარცხენა ნაპირზე აღმოჩნდებიან. ვფიქრობ, შესაძლოა, ამას უკავშირდებოდეს რუსების გამოსვლა ზაპოროჟიეს სადგურიდან, თუმცა შესაძლოა, ეს იყოს როტაცია,“ – გვიყვება ვახტანგ კაპანაძე.

გადამდგარი გენერლის დაკვირვებით, რუსეთში აპირებენ პუტინის შეცვლას, თუმცა უკრაინისთვის ამით არსებითად არაფერი იცვლებაო, მიიჩნევს იგი. ვახტანგ კაპანაძის აზრით, თუ პუტინმა შოიგუ-გერასიმოვი არ ჩამოიცილა, გამოვა, რომ რუსეთში სამხედრო ფრთა გაიმარჯვებს, ხოლო თუ მოხსნის ორივეს – იმარჯვებს ეფესბე.

„უკრაინისთვის ამით არსებითად არაფერი იცვლება – ორივე ფრთა გააგრძელებს რუსეთის მიერ უკრაინაში ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნებას. აქ უფრო იმაზეა საუბარი, ვინ შეცვლის პუტინს. ამიტომაცაა, ახლა, რომ პუტინი სულ ტელევიზორში ჩანს, ცდილობს, რომ საკუთარი თავის რეაბილიტაცია მოახდინოს – გამოჩნდა, რომ დაბნეული იყო და შეშინებული,“ – ამბობს გადამდგარი გენერალი.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, რას აჩვენებს თქვენთვის უკრაინელების მცირედი წინსვლა სხვადასხვა მიმართულებით – რამდენად გაიზარდა უკრაინის ხელში შესაძლებლობა, რომ ფართომასშტაბიანი კონტრშეტევა მოხერხდეს?

ჯერ კიდევ მიდის სამზადისი – ფართომასშტაბიანი კონტრშეტევის ნიშნები ჯერ არ ჩანს. უკრაინელები პატარ-პატარა ჯგუფებით ცდილობენ წინ წასვლას. მცირე ზომის პლაცდარმებია შექმნილი ანტონოვის ხიდთან, დნეპრის მარცხენა სანაპიროსთან ახლოს, ასევე ვრემენის შვერილთან, ზაპოროჟიე-დონეცკის საზღვართან. აქაც უკრაინელებმა შეძლეს წინ წაწევა და ფრონტის ხაზის გასწორება. სხვა მნიშვნელოვანი წინსვლა, ჯერჯერობით, არ ჩანს.

  • უკრაინელები ისევ დაუბრუნდნენ ბახმუტს – რა გათვლაა ეს, თქვენი დაკვირვებით? უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესმდივნის, ანდრეი კოვალევის განაცხადებით, ბახმუტის ფლანგებზე უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ ზეწოლას მტერზე, ატოვებინებენ მიტაცებულ ხაზებს და მაგრდებიან ადგილზე.

უკრაინისთვის ნებისმიერი ტერიტორია მნიშვნელოვანია გათავისუფლების თვალსაზრისით. სტრატეგიული თვალსაზრისით ბახმუტს არც წინათ და არც ახლა არ აქვს მნიშვნელობა. ბახმუტში ჯერ ვერ შევიდნენ უკრაინელები, ბრძოლა მიმდინარეობს ბახმუტის სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთში, ბახმუტის მისადგომებთან და სევერსკის ჩრდილოეთ ნაწილში. უკრაინელებს აქვთ გარკვეული წინსვლა, დაახლოებით 100 – 200 მეტრი. ისე მიიწევენ წინ ამ ეტაპზე, როგორც მანამდე „ვაგნერი“ მიიწევდა ბახმუტის აღების დროს.

ჩემი აზრით, ბახმუტის დაბრუნებას უფრო აქვს ფსიქოლოგიურ-მორალური დატვირთვა, ვინაიდან ის გაცხადდა, როგორც უკრაინელების მორალური მდგრადობის სიმბოლო. რა თქმა უნდა, ბახმუტის დაბრუნება მორალური თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

  • რამდენად ჩანს ამის რესურსი, რომ ბახმუტი ამ ეტაპზე დაიბრუნონ უკრაინელებმა? 

ამ ტემპით თუ გააგრძელეს ბრძოლა, წლის ბოლოსთვის შესაძლოა დაიბრუნონ. ჯერჯერობით ყველაფერი ძალიან ნელა მიმდინარეობს, ტემპი არ არის მაღალი.

უკრაინელებს ჯერ არ აქვთ ბოლომდე ჩართული მთელი თავისი შესაძლებლობები, ბრძოლები მიმდინარეობს უზრუნველყოფის ზოლში. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

მერამდენეჯერ მიწევს უკვე ამის გამეორება: უკრაინას სჭირდება შესაბამისი მხარდაჭერა. ის აღჭურვილობა, რაც მიიღო უკრაინამ, იყო საჭირო იმისთვის, რომ უკრაინა არ დამარცხებულიყო. უკრაინა არ დამარცხდა ბრძოლაში, მაგრამ მას სჭირდება შეტევითი იარაღი ტერიტორიების გასათავისუფლებლად.

  • უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა თანდათან დაიწყეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დატოვება – რას შეიძლება ეს ნიშნავდეს? თქვენ წინა ინტერვიუში გვითხარით, რომ აფეთქება დაფარავს რუსეთის მოსახლეობასაც.

მე ისევ იმ აზრზე ვარ, რომ აფეთქება იქნება მძიმე დარტყმა რუსეთისთვისაც – მხოლოდ უკრაინაში ვერ გავრცელდება რადიაცია.

უკრაინელებმა შეძლეს პიატიხატკაში კონტროლის მოპოვება და ახლა ჟერებრიანკისკენ იწევენ. თუ მათ ეს შეძლეს, ამით ფაქტობრივად კახოვკის წყალსაცავს უვლიან მარცხენა ნაპირიდან – ისინი დნეპრის მარცხენა ნაპირზე აღმოჩნდებიან. ვფიქრობ, შესაძლოა, ამას უკავშირდებოდეს რუსების გამოსვლა იქიდან, თუმცა შესაძლოა, ეს იყოს როტაცია. აფეთქებას რომ აპირებდნენ, მაშინ ერთიანად გავიდოდნენ.

  • რატომ აღმოჩნდა რუსების სამიზნე ისევ კრამატორსკი? – 27 ივნისის ღამეს კრამატორსკიზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა, მათ შორის სამი ბავშვია.

კრამატორსკი რომ მნიშვნელოვანი თავდაცვითი რაიონია, ეს დიდი ხანია ცნობილია სლავიანსკისთან ერთად. ახლა გადაწყვიტეს, რომ მიაყენონ დარტყმა ისევ. რუსები აცხადებენ, რომ იქ იყვნენ უცხოელი მოხალისეები, უკრაინის სამხედრო მაღალჩინოსნები და ასე შემდეგ. არ ვიცი, ეს რამდენად სარწმუნოა. მე მჯერა იმის, რომ რუსებისთვის მთავარია, რაკეტა სადმე ჩამოაგდონ და ზიანი მიაყენონ უკრაინას.

  • საინტერესოა თქვენი ვერსია – რა იყო პრიგოჟინის ამბოხი და რა სარგებელი მიიღო უკრაინამ ამ ამბოხით? დღეს უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ვაგნერი“ უკრაინაში საბრძოლველად ხალხის დაქირავებას განაგრძობს.

ამ ამბავს დიდი გავლენა ვერ ექნებოდა უკრაინაზე, ვინაიდან სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი. ბევრი ვერსია ისმის მომხდარზე – კლოუნადიდან დაწყებული, ბანდიტური გარჩევით დამთავრებული. რუსების შემდეგი ნაბიჯებით გამოჩნდება, რა იყო ეს.

პრიგოჟინმა იგრძნო საფრთხე, რომელიც რეალურად დაემუქრა მის სიცოცხლეს, მის ფიზიკურ არსებობას. ამიტომაც, გადაწყვიტა, რომ გადაედგა ნაბიჯები. მას სჭირდებოდა რაღაც გარანტიები. პრიგოჟინი სულელი პიროვნება აშკარად არ არის. უბრალოდ გამოჩნდა, რომ ვინც ეს ყველაფერი დაგეგმა, მას სხვა გათვლები ჰქონდა. რეალურად კი, მივიღეთ ძალადაკარგული პუტინი და მეორე მხრივ, გამოჩნდა მოღალატე პრიგოჟინი. ერთმა და მეორემაც თავისი პოლიტიკური წონა დაკარგა.

  • „ძალადაკარგული პუტინი“ ახსენეთ თქვენ – რატომ გაგიჩნდათ ეს შთაბეჭდილება? 

უმაღლეს მთავარსარდალს რომ ჯარი აგიჯანყდება და 200 კილომეტრში მოვა მოსკოვამდე, აბა, რა არის?  პუტინის ხელისუფლება რეალურად ძალადაკარგულია, მიდის ჭიდაობა სხვადასხვა მხარეს შორის.

  • რა ინფორმაცია გაქვთ სერგეი სუროვიკინზე? The Moscow Times-ის ინფორმაციით, უკრაინაში რუსული ჯარების გაერთიანებული ჯგუფის მეთაურის მოადგილე დააკავეს. სუროვიკინი ამბოხის შემდეგ მალევე გაუჩინარდა. არსებობს ვერსია, რომ მან წინასწარ იცოდა პრიგოჟინის ამბოხის შესახებ.

არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ ფაქტია, რომ არ ჩანს. ვერ გეტყვით დაკავებულია, გამოკითხვაზეა, გადაყვანილია თუ რა ხდება. ფაქტია, რომ ის იყო პირველი, ვინც გამოჩნდა ტელევიზიით და პრიგოჟინს მოუწოდა უკან დაბრუნება. თუ დააკვირდებით, ამ მიმართვის დროს მას ხელში იარაღი უჭირავს. ეს ჩანაწერი ეფესბემ განახორციელა და შესაძლოა იარაღის დატოვება ნიშნავდა იმას, რომ სუროვოკინი არ იყო დაპატიმრებული და არ ჩამოურთმევიათ მისთვის იარაღი.

  • უკრაინის მთავარი სადაზვერვო დეპარტამენტის უფროსი, კირილ ბუდანოვი ამბობს, რომ „ეფესბემ“-მ მიიღო პრიგოჟინის მოკვლის ბრძანება, თუმცა ის აქვე კითხულობს, უცნობია მოახერხებენ თუ არა ამას რუსეთის სპეცსამსახურები. ასევე, ბუდანოვი ინტერვიუებში ხშირად აღნიშნავს, რომ „ვაგნერი“ სერიოზული ძალა იყო. თქვენი აზრით, ეს არის საგანგებო გათვლა, რომ გაჩნდეს რაღაც ეჭვი თუ მოწინააღმდეგის ძლიერი მხარის აღიარება?

ეს არ არის სამხედრო საკითხი და ვერ გეტყვით.

ფაქტია, რომ „ვაგნერმა“ დიდი როლი შეასრულა დროის მოგების თვალსაზრისით და მისცა საშუალება რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, რომ მოეწყოთ თავდაცვითი რაიონები, რასაც ახლა ასკდებიან უკრაინელები. რუსეთის შეიარაღებულ ძალებს აწყობს „ვაგნერის“ თავისი კონტროლქვეშ მოქცევა. ფაქტია, რომ „ვაგნერის“ ნაწილი გადავიდა ბელარუსში. იქ სამი საველე ბანაკის მოწყობაა გაცხადებული, პოლონეთის საზღვართან ახლოს.

მიზანია ბელარუსი ძალოვნების გადამზადება. ასეა ოფიციალურად გაცხადებული და რეალურად რა იქნება, გამოჩნდება. პრიგოჟინი უკვე ბელარუსშია, არა მგონია, რომ ის რუსეთში დაბრუნდეს.

ვაგნერელების ნაწილი კი, ისევ რუსეთშია. გაცხადებული იყო, რომ იმ დანაყოფებთან, რომლებმაც არ მიიღეს მონაწილეობა მსვლელობაში, გაფორმდება ხელშეკრულებები რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან. რუსეთში სულ „ვაგნერის“ 26 ცენტრი იყო. იქიდან ნაწილი დადებს ალბათ ხელშეკრულებას. ეს იქნება ისევ „ვაგნერის“ სახელით, თუ შეიქმნება ახალი „ვაგნერი“, არ ვიცი.

  • შოიგუ-გერასიმოვის ტანდემზე რას ფიქრობთ, მოხსნის მათ პუტინი? 

არ ვიცი, მაგრამ თუ არ მოხსნა, გამოვა, რომ გაიმარჯვა რუსეთში სამხედრო ფრთამ. თუ მოხსნა, გამოდის, რომ გაიმარჯვა ეფესბემ. გამოჩნდება ეს მალე.

  • რა იცვლება ამით არსებითად უკრაინისთვის? 

უკრაინისთვის ამით არსებითად არაფერი იცვლება – ორივე ფრთა გააგრძელებს რუსეთის მიერ უკრაინაში ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნებას. აქ არის უფრო საუბარი იმაზე, ვინ შეცვლის პუტინს. ამიტომაცაა, ახლა, რომ პუტინი სულ ტელევიზორში ჩანს – ცდილობს, რომ საკუთარი თავის რეაბილიტაცია მოახდინოს. გამოჩნდა, რომ იყო დაბნეული და შეშინებული. გაუგებარი იყო მისი მიმართვა: გამოაცხადა მოღალატეები, შემდეგ აპატია მოღალატეებს და ასე შემდეგ.

  • თქვენ აქამდე ამბობდით, რომ რუსეთს ჰქონდა შეიარაღების მხრივ დიდი უპირატესობა უკრაინასთან შედარებით. ახლა ბალანსი როგორია? უკრაინაზე არის „ზეწოლა“ კონტრშეტევის დაწყების, მაგრამ მას ჯერ ვერ მისცეს გამანადგურებელი თვითმფრინავები F 16. რა ეტაპზეა კოალიციის ძალისხმევა ამ მხრივ? ითქვა, რომ გამანადგურებლები შესაძლოა უკრაინამ მიიღოს 2024 წლიდან. ეს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ი საარჩევნო წელია. რას შეცვლის ეს უკრაინის ფრონტზე?

ამ ეტაპზე ბალანსი იგივე რჩება. უკრაინელებს არ აქვთ ჯერ იმდენი აღჭურვილობა, რომ გარდატეხა მოახდინონ. მიღებული სამხედრო ტექნიკიდან ზოგი ნადგურდება, ზოგი – წყობიდან გამოდის, შევსებები ხდება ძირითადად.

დამატებით 30 „ჰეპარდი“ მიიღეს უკრაინელებმა გერმანიიდან. ასევე სკანდინავიის ქვეყნებმა მიიღეს თანხმობა, რომ რამდენიმე „ლეოპარდი“ გადასცენ უკრაინას. მხარდაჭერის პროცესი გრძელდება.

რაც სჭირდება უკრაინას აუცილებლად, ეს არის შორი მანძილის რაკეტები და თვითმფრინავები.

ჩემი აზრით, ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება უკრაინის საზაფხულო კონტრშეტევის შედეგებს. ამის შემდეგ უფრო გამოჩნდება, რამდენად მოტივირებული იქნება მსოფლიო, განაგრძოს უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება. ამისთვის უკრაინას დრო აქვს მაქსიმუმ ოქტომბრის შუა რიცხვებამდე – მერე იწყება წვიმები, ისევ „რასპუტიცა“ და ასე შემდეგ.

  • წინა ინტერვიუში აღნიშნავდით, რომ უკრაინელები ფრონტის 1000 კმ-იან ხაზზე ეძებენ „ღრიჭოებს“, სადაც შეიძლება გარღვევა მოახერხონ. რა შეიცვალა ამ კუთხით და რამდენად დარჩათ უკრაინელებს იმის შანსი, რომ მოულოდნელობის ეფექტი შექმნან?

ეჭვი მეპარება, მოულოდნელობის ეფექტი შექმნან. არის მოსაზრება, რომ უკრაინელები ისევ ეცდებიან რუსების ყურადღების გადატანას რუსეთის ტერიტორიის კურსკის ოლქში შეტევით, ბრძოლა მიმდინარეობს უზრუნველყოფის ზოლში – ჯერ უკრაინელები რუსების დაჯგუფებების მთავარ თავდაცვის ზღუდეებზე არ გასულან.

თუმცა თუ პირველი ხაზი გაარღვიეს, შემდეგ პოზიციათა შორის სივრცეებში გაადვილდება გადაადგილება, ვინაიდან მძიმედ ფორტიფიცირებული არ არის ეს პოზიციათა შუა ტერიტორიები – იქ შეიძლება გაიშალონ უკრაინელები. ამისთვის საჭიროა ჯერ პირველი ოპერატიული ეშელონის გარღვევა.

დღევანდელი მოცემულობით გარღვევა შესაძლებელია მოახერხონ უკრაინელებმა, მაგრამ გააჩნია, რა ფასად და რა დროში. მაგალითად, ცნობილ ომში ვიეტნამელებს სულ თითზე ჩამოსათვლელად ჰყავდათ ტანკები და თვითმფრინავები, მაგრამ გაიმარჯვეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: