აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ 2014 წლის მოვლენებზე საუბრისას CNN-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ უკრაინა 2014 წელს „არ იყო ის უკრაინა, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ“. მან თქვა, რომ 2014 წელს ყირიმში შეიარაღებული შეჭრა არ მომხდარა.
„არის მიზეზი იმისა, რომ ყირიმში შეიარაღებული შეჭრა არ მომხდარა. რადგან ყირიმში ბევრი რუსულენოვანი ადამიანი იყო და გარკვეული სიმპათია იყო იმ შეხედულებების მიმართ, რომელსაც რუსეთი წარმოადგენდა”, – თქვა ობამამ 23 ივნისს, კრისტიან ამანპურთან ინტერვიუში.
ობამამ ასევე დაიცვა გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის პოზიცია.
„მეც და მერკელსაც, რომელსაც დიდ პატივს ვცემ, მოგვიწია ბევრი სხვა ევროპელის ჩართვა, რომლებიც მაშინ პანიკაში იყვნენ, რომ დაეწესებინათ სანქციები და არ მიეცათ პუტინისთვის დონბასსა და დანარჩენ უკრაინაში შეჭრის საშუალება. იმის გათვალისწინებით, რა ეტაპზე იყო მაშინ უკრაინა და როგორი განწყობა იყო ევროპაში, ჩვენ ვიკავებდით ხაზებს. შემდეგ კი გაჩნდა უკრაინული იდენტობის განცდა, რუსეთისგან განცალკევებული და უკრაინის გადაწყვეტილება ოკუპანტების განდევნაზე”, – თქვა ობამამ.
ობამას ეს განცხადება გააკრიტიკა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა.
უკრაინული მედიის ცნობით, ოპოზიციონერი ჟურნალისტის, მაიკლ ნუკის კომენტარებში პოდოლიაკმა ამერიკის შეერთებული შტატების 44-ე პრეზიდენტის კომენტარს შემაძრწუნებელი უწოდა.
„ის არც კი უსვამს საკუთარ თავს კითხვას: „ნამდვილად შეამცირე რისკები? ომის შესახებ ნამდვილად გააფრთხილე? ომი ნამდვილად არ არის? შეხედე ახლა რუკას და ნახე რა ხდება უკრაინაში. პირდაპირ ეთერში, ჩართე და ნახე?“ – თქვა პოდოლიაკმა.
პოდოლიაკის თქმით, დასავლეთს არ სურს აღიაროს მცდარი გადაწყვეტილებები, რამაც არსებული ტრაგედია გამოიწვია და ამავდროულად, მათ შეუძლიათ დაიწყონ დისკუსია პუტინის ვერტიკალთან ურთიერთობის შეუძლებლობაზე „მაგნიტსკის სიის“ შემდეგაც კი.