ბათუმის მუსიკალური ცენტრის თანამშრომელმა, ქეთევან მღებრიშვილმა, სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომელმაც მას სახელმწიფო პენსია შეუწყვიტა მუსიკალურ ცენტრში მუშაობის გამო, სასამართლო დავა მოუგო.
ქეთევან მღებრიშვილის უფლებებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ იცავდა, რომელმაც სამივე ინსტანციის სასამართლოში იდავა, შედეგად ქეთევან მღებრიშვილს პენსია აღუდგა.
სააგენტოს დაევალა, ქეთევან მღებრიშვილს პენსიის სახით დაახლოებით 10 800 ლარი აუნაზღაუროს.
ამ საქმის ადვოკატები ანა ბერძენიშვილი და თეონა ზაქარაშვილი იყვნენ. ერთ-ერთ მათგანს, ანა ბერძენიშვილს ვკითხეთ, როგორ დაასაბუთეს, რომ მოქალაქე მღებრიშვილს ეკუთვნოდა როგორც ხელფასი, ასევე პენსია?
ანა ბერძენიშვილის თქმით, ქეთევან მღებრიშვილი 2007 წლიდან მუშაობს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიული პირია. 2021 წელს კი მან აღმოაჩინა, რომ პენსია შეუწყდა იმ მოტივით, რომ ის მუშაობდა საჯარო სამსახურში.
„დახმარებისთვის მოგვმართა ჩვენ – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ და სამივე ინსტანციის სასამართლომ დაადგინა სოციალური მომსახურების სააგენტოს უკანონობა.
ამ საქმეში საინტერესო და პრეცედენტული ის არის, რომ სამივე სასამართლომ განმარტა, თუ რატომ არ აღიქმება კულტურული საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებაში მუშაობა საჯარო სამსახურად.
ეს გამონაკლისი არ ეხება მხოლოდ კულტურულ დაწესებულებებს, ეს ეხება მუნიციპალურ ორგანოებსა და დაწესებულებებში საქმიანობას, ასევე საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობას, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო, რელიგიურ და წევრობაზე დაფუძნებულ საქმიანობას“, – ამბობს ანა ბერძენიშვილი.
მისი თქმით, გამონაკლისის დაშვებით სახელმწიფომ სტიმული მისცა ხანდაზმული ადამიანების საქმიანობას.
„ბუნებრივია, დავები მანამდეც არსებობდა, მაგრამ პირველია ასე ერთიანი განმარტება, რომელიც სამივე ინსტანციის სასამართლომ მიიღო.
ამ საქმის გახმაურების შემდეგ რამდენიმე მოქალაქე დაგვიკავშირდა, რომლებმაც ისიც კი არ იცოდნენ, რომ განცხადება უნდა დაეწერათ, რათა ხელფასის პარალელურად სახელმწიფო პენსიაც მიეღოთ.
ბევრს არ აქვს ამის შესახებ ინფორმაცია და თქვენი გამოცემის მეშვეობით შეგვიძლია მოქალაქეებს ვუთხრათ, რომ თუკი მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდებიან და სოციალური მომსახურების სააგენტო დაარღვევს მათ უფლებას, მოგვმართონ“, – ამბობს ანა ბერძენიშვილი.
მისი თქმით, რადგან ბევრმა ადამიანმა არ იცის საკუთარი უფლებების შესახებ, სოციალური მომსახურების სააგენტო მაინც არ უნდა იღებდეს უკანონო გადაწყვეტილებებს და არ უნდა უწყვეტდეს ადამიანებს სახელმწიფო პენსიას დაუსაბუთებლად და კანონთან შეუსაბამოდ.
ანა ბერძენიშვილი ამბობს, რომ სააგენტოს ქმედებები არა მარტო კანონთან შეუსაბამოა, არაეთიკურიცაა.
„მაშინ, როცა ქვეყანაში მილიონზე მეტი სოციალურად დაუცველი ადამიანი გვყავს დარეგისტრირებული, უკანონობას რომ თავი დავანებოთ, ამორალურია სახელმწიფო სოციალური სამსახურის ქმედება ამ პენსიონერების მიმართ.
სახელმწიფომ იმიტომ დაუშვა გამონაკლისი, რომ ხანდაზმულ ადამიანებს შეეძლოთ ღირსეულ პირობებში არსებობა, ასაკის გამო არ იყვნენ გარიყული და შეეძლოთ კონკრეტული საქმიანობის განხორციელება.
მძიმე ეკონომიკურ გარემოებებში მყოფი პირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პენსიის აღება. სააგენტოს გადაწყვეტილებების გამო კი ადამიანები წლების განმავლობაში ვერ იღებენ პენსიას“, – ამბობს ანა.
მისი განმარტებით, თუკი სოციალური მომსახურების სააგენტო მოქალაქეებს ასე უკანონოდ შეუწყვეტს პენსიას, მაშინ კანონით გათვალისწინებული გამონაკლისის არსებობას აზრი დაეკარგება.
„ბათუმელებმა“ მიმდინარე წელს გააშუქა ვეტერინარის ამბავი, რომელიც ასევე ამბობს, რომ მას სახელმწიფო პენსიას იმ მოტივით არ აძლევს, რომ დასაქმებულია და ხელფასს იღებს.
___________________
მთავარ ფოტოზე: ქეთევან მღებრიშვილი