განათლება,მთავარი,სიახლეები

„ეს აღარაა საჯარო, ეს სამთავრობო სკოლაა“ – სად გააქრო სამინისტრომ დირექტორობის კანდიდატები

11.10.2023 • 2231
„ეს აღარაა საჯარო, ეს სამთავრობო სკოლაა“ – სად გააქრო სამინისტრომ დირექტორობის კანდიდატები

საქართველოს განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვრის განცხადებით, საჯარო სკოლებში ერთკანდიდატიანი „არჩევნები“ იმიტომ ტარდება, რომ თავად კანდიდატებმა გააკეთეს თითო სკოლაზე განაცხადი.

თუმცა ფაქტები აჩვენებს, რომ კანდიდატების საკმაოდ დიდ ნაწილს რამდენიმე სკოლაზე აქვს განაცხადი გაკეთებული, თუმცა სამინისტრომ მათი კანდიდატურები მითითებული სკოლებიდან არც ერთ სკოლაში არ წარადგინა.

ასეთია, მაგალითად, გიორგი ჭაუჭიძე, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი და ასევე, დირექტორობის სერტიფიცირებული კანდიდატი.

„ბათუმელები“ კიდევ ერთ კანდიდატს, ქეთი ცირეკიძეს ესაუბრა, რომელსაც გიორგისგან განსხვავებით ერთ სკოლაში ჰქონდა განაცხადი გაკეთებული, თუმცა გასაუბრების წარმატებით გავლის მიუხედავად, სამინისტრომ მაინც არ წარუდგინა ის სკოლას.

რატომ დატოვა სამინისტრომ სერტიფიცირებული და წარმატებული კანდიდატები სკოლების გარეშე? – ამ კითხვაზე კანდიდატებს კონკრეტული პასუხი არ აქვთ, თუმცა დასძენენ, რომ პროცესი ბევრ კითხვას აჩენს და ეწინააღმდეგება საჯაროობის პრინციპს.

„ეს საჯარო სკოლები, სინამდვილეში, საჯარო კი აღარ არის, ჩვეულებრივი სამთავრობო სკოლებია, რომლებშიც დირექტორებს მთავრობა ნიშნავს“- ამბობს გიორგი ჭაუჭიძე.

„მე, პირადად, სამი სკოლა ხომ მქონდა მითითებული? მინიმუმ ორ სკოლაში ხომ შეიძლებოდა ჩემი წარდგენა.

იმას ვერ ვიტყვით, რომ ყველა სკოლაშია საკონკურსო ვითარება, მაგალითად, თბილისში უფრო მაღალი იყო კონკურენცია, მაგრამ დანარჩენ 29 პროცენტში ხომ იყო ორი ან მეტი კანდიდატი, რატომ არ წარადგინეს ისინი არც ერთ სკოლაში?“- კითხულობს გიორგი ჭაუჭიძე.

მას ვკითხეთ, მისი კანდიდატურის დაბლოკვას აქვს თუ არა პოლიტიკური მოტივი. მაგალითად, ის, რომ სხვა პოლიტიკური პარტიის წევრია და არ არის „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი?

„ყველამ იცის, რომ მე ვარ „გირჩის“ წევრი. ამავდროულად ისიც ვიცით, რომ დირექტორს უფლება აქვს იყოს რომელიმე პარტიის წევრი.

ყველაზე ძალიან ეს მოჩვენებითობა მაწუხებს, ბარემ დავაწესოთ ღია თამაშის წესები და ვთქვათ, რომ სხვა პარტიის წევრებს ან მხარდამჭერებს არ დავნიშნავთ საჯარო სკოლებში.

ან გამოვაცხადოთ, რომ სკოლის დირექტორებს მხოლოდ განათლების სამინისტრო არ არჩევს და ამაში მონაწილეობს, მაგალითად, სახელმწიფო უშიშროების სამსახური, ვიდრე ამ „დემოკრატიული“ წესებით ვიტყუებდეთ თავს“ – ამბობს გიორგი ჭაუჭიძე.

როცა მიიღეთ მონაწილეობა ამ პროცესში, თუ გქონდათ განცდა, რომ ვთქვათ, ფარსის ან „დემოკრატიის თამაშის“ მონაწილე ხდებოდით? – ვკითხეთ მას.

გიორგი ჭაუჭიძე ამბობს, რომ მას გარკვეული იმედი მაინც ჰქონდა, რომ პროცესები შესაძლოა სამართლიანად წარმართულიყო.

„არ გამოვრიცხავდი, რომ შეიძლება წარდგენილი ვყოფილიყავი. უფრო იმის ფიქრი მქონდა, რომ სამეურვეო საბჭოები არ ამირჩევდნენ. მაგრამ ჩემ წარდგენას რა უშლიდა ხელს?!

ასეთი დახურული და დაუწერელი წესები რომ არის, ეს არის შემაწუხებელი და ამაზე მიჩნდება ყველაზე დიდი პროტესტი“- გვითხრა მან.

განვითარების რა შანსი აქვთ ასეთ მოცემულობაში სკოლებს, თუნდაც ახალი დირექტორების პირობებში?

გიორგი ჭაუჭიძე ამბობს, რომ მას ცვლილების მოლოდინი არ აქვს:„რადგან ასეთი სისტემა – საკუთარი კადრების დანიშვნის მცდელობები „ოცნების“ მოგონილი არ არის, წინა ხელისუფლების დროსაც იყო და ეს სურვილი იქნება მომავალშიც.

მე, პირადად, გამოსავალს ვხედავ სხვა რამეში. საზოგადოების, კერძოდ, მშობელთა იმედი მაქვს, რომლებიც თანდათან და უფრო მეტად ზრუნავენ თავიანთი შვილების განათლებაზე, რომ თავიანთ შვილებს მიაბარებენ არა ამ სამთავრობო, არამედ კერძო სკოლებს.

მშობლებმა ასევე უნდა დაინახონ ის, რომ მათი შვილებისთვის 500 ლარი კი არ იხარჯება ბიუჯეტიდან (დაახლოებით ამდენია ვაუჩერის ფასი), მთავრობა გაცილებით დიდ თანხას ხარჯავს საგანმანათლებლო სისტემაში.

მაგალითად, განათლების სამინისტროს ბიუჯეტი ორი მილიარდი ლარია და შესაბამისად, ერთი მოსწავლისთვის ეს თანხა 2000 ლარი უნდა იყოს მინიმუმ და ეს თანხა ბავშვმა უნდა გამოიყენოს კერძო სკოლაში, სადაც გათვალისწინებული იქნება როგორც მშობლების, ასევე მასწავლებლებისა და რა თქმა უნდა, მოსწავლეთა ინტერესები.

ეს სეგმენტი თუ გაჩნდება და უნდა გაჩნდეს, აი, აქ იქნება ჩვენი გამოსავალი“- ამბობს გიორგი ჭაუჭიძე.

ქეთი ცირეკიძემ წელს ჩააბარა დირექტორთა სასერტიფიკატო გამოცდა და წარმატებით გაიარა გასაუბრება კომისიასთან.

„კომისიას წარვუდგინე ჩემი ხედვა, რას და როგორ გავაკეთებდით სკოლაში დირექტორის პოზიციიდან. ჩემი და კომისიის წევრების დიალოგი იყო ძალიან საინტერესო, ძალიან კვალიფიციური, დადებით კონტექსტში იყო და იქვე მივიღე კომისიისგან ძალიან დადებითი სიტყვიერი შეფასება.

თუმცა როცა გამოქვეყნდა სკოლებში წარსადგენი კანდიდატების სია, აღმოჩნდა, რომ მე ამ სიაში არ ვარ“- გვეუბნება ის.

ქეთი ცირეკიძის თქმით, ჩაბარებული გამოცდა, სერტიფიკატი ადასტურებს იმას, რომ კანდიდატი არის საგანმანათლებლო ლიდერი, სამინისტრო აღიარებს კანდიდატის კომპეტენციას, შესაძლებლობებს და უნარებს, რომ მას შეუძლია მართოს სკოლა. ამიტომ, რატომ დატოვა სამინისტრომ კვალიფიციური კანდიდატები პროცესების მიღმა, ბევრ კითხვას აჩენს.

ქეთი ცირეკიძეს განაცხადი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაფიჩხოვოს საჯარო სკოლაში ჰქონდა წარდგენილი დირექტორობაზე, თუმცა ამ სკოლაში მხოლოდ ერთი კანდიდატი წარადგინა სამინისტრომ.

„ეს კანდიდატი არის „ქართული ოცნების“ აქტივისტი და არჩევნებზე იყო კომისიის თავმჯდომარე ჩვენს სოფელში.

მრცხვენია კიდეც ამ პროცესების პოლიტიკურ სარჩულზე რომ გვიწევს საუბარი, მასწავლებელი ვარ, განათლების სფეროს ვემსახურები და ძალიან არ მინდა პოლიტიკურად დაგვყოს ვინმემ აპლიკანტები, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ნიშნები დაინახა საზოგადოებამ და დავინახეთ ჩვენც“ – გვეუბნება ქეთი ცირეკიძე.

მისი თქმით, პროცესია ალოგიკურია, რადგან, ერთი მხრივ, სამინისტრომ აღიარა კანდიდატების კვალიფიკაცია, მეორე მხრივ კი, მათ არ მისცა შესაძლებლობა, გამხდარიყვნენ ლიდერები.

„გამოდის, სამინისტრომ იმ კომისიის კომპეტენცია და სანდოობა გამორიცხა, ვინც ჩვენ დადებითი შეფასება მოგვცა? ჩვენ არ უნდა გვიწევდეს სამართლებრივი დავა ამ ყველაფერზე და თუ მაინც დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში, ეს უკვე პრობლემაა.

ამ პროცესებს არა მხოლოდ ჩვენ – დასჯილი, დაწუნებული დირექტორები ვაფასებთ ობიექტურად, საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებიც იმავე კითხვებს სვამენ და იმედია, განათლების სამინისტრო სკოლის სამეურვეო საბჭოებს საბოლოოდ არ წაართმევს ისედაც წართმეულ და დაკარგულ ფუნქციას და მისცემს შესაძლებლობას, რამდენიმე კანდიდატს შორის გააკეთონ არჩევანი.

მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი იყო ისეთი სკოლა, სადაც 5, 6 და მეტი – 16 კანდიდატიც კი იყო ერთ-ერთ სკოლაში და სად წავიდნენ ეს კანდიდატები? რატომ არც ერთი მათგანი არ წარადგინა სამინისტრომ“ – ამბობს ქეთი ცირეკიძე.

მისი თქმით, შექმნილია სერტიფიცირებული დირექტორების საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ელოდება განათლების მინისტრთან შეხვედრას, რომ გასცენ სერტიფიცირებულ კანდიდატებს პასუხი კითხვაზე – „რატომ დავრჩით ამ პროცესებს მიღმა?“

„იმედია, შეგვხვდება მინისტრი და პასუხს გაგვცემს ამ შეკითხვაზე“ – ამბობს ქეთი ცირეკიძე.

ამავე თემაზე: 

„დირექტორი ვიყავი და არა ოცნების აგიტატორი“ – არჩევნები 1 კანდიდატით და პროტესტი სკოლებში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: