ღამით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა – ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3 აგვისტოს 21 საათიდან 4 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებდი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 27 – 32 გრადუსი
  • ღამით: 17 – 22 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა +27 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 5-6 აგვისტოს უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

უკრაინის გმირი, რომელმაც იზიუმის ალყიდან ბატალიონი გამოიყვანა და გადაარჩინა

2022 წლის 21 ნოემბერს ცალკეული საავიაციო ბრიგადის სამხედრო მოსამსახურემ, მაიორმა დენის მაკაროვსკიმ უკრაინის გმირის ჯილდო და ოქროს ვარსკვლავის ორდენი მიიღო.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მოხვედრაზე, რუსეთის ფართომასშტაბიანი თავდასხმისას პირველ საბრძოლო დავალებებზე, იზიუმის დაცვაზე, „შერვუდის ტყეში“ ბრძოლებზე დენის მაკაროვსკი უკრაინის თავდაცვის ძალების გამოცემა „Armyinform“-ს ესაუბრა.

2015 წელს ჩააბარა ოდესის სამხედრო აკადემიაში. ოთხი წელი ისწავლა და ამის შემდეგ შევიდა ცალკეულ საავიაციო ბრიგადაში. დაზვერვის ოცეულის მეთაურად დაიწყო მუშაობა. ფართომასშტაბიანი შემოსევის დროს სადაზვერვო ასეულის მეთაურად დანიშნეს.

რუსეთის შემოჭრის პირველ დღეებში ყველა უკრაინელი შოკში იყო. დენისის ქვედანაყოფი თავიდანვე იცავდა ურთულეს ადგილებს აღმოსავლეთ უკრაინაში.

მისი მონაყოლის მიხედვით, პირველი თავდასხმებისას მთავარი ამოცანა მტრის პოვნა იყო. არავინ იცოდა, სად იყო უკრაინელების ნაწილები და სად იყო მტერი. საჭირო იყო სწრაფად მოქმედება და ყველაფრის დადგენა:

„თანამებრძოლებთან ერთად ხარკოვისკენ წავედი და იქ იყო ჩვენი პირველი ბრძოლა. ჩვენი სადაზვერვო ასეული ძალიან კარგად იყო შეიარაღებული, გვქონდა NLAW კომპლექსები და ახალი ყუმბარმტყორცნები. გაგვინადგურეს მსუბუქი ჯავშანტექნიკა და საბრძოლო მანქანები. იზუმში იძულებული გავხდით უკან დაგვეხია. ამის შემდეგ იყო ქალაქ იზიუმის დაცვა… აქ მივიღე პირველი საბრძოლო ჭრილობებიც, მაგრამ დავრჩი ადგილზე და დავალებების შესრულება განვაგრძე.

როცა ქალაქი მტერმა მთლიანად მოაქცია ალყაში, მე ჩემი ასეულიც გავიყვანე ალყიდან. გავიყვანე სხვა საჯარისო ნაწილებიც, რომლებიც მტრის მზაკვრულ ხაფანგში იყვნენ მოქცეული. სრული ალყიდან ჩვენი ქვედანაყოფების წარმატებით გაყვანისთვის სიმამაცის მე-3 ხარისხის ორდენით ვარ დაჯილდოებული“, – უყვება „Armyinform“-ს დენის მაკაროვსკი.

დენისმა მონაწილეობა მიიღო სვიატოგორსკის კამპანიაში და შერვუდის ტყისთვის ცნობილ ბრძოლებში.

შერვუდის ტყე ძალიან ხშირი ტყეა. 20 მეტრის მიღმა ხილვადობა არ არის. მუდმივად არტილერია ბომბავდა. დენისის დანაყოფმა მოახერხა და ოკუპანტების აღჭურვილობა და ქვეითი, ცოცხალი ძალა გაანადგურა. გარდა ამისა, დენისის დანაყოფი მუდმივად აწყობდა დივერსიებს მტრის ზურგში.

„როცა რუსეთის არმიამ მოგვიანებით თავისი ჯარები ჩვენს პოზიციებთან მოიყვანა, ძალიან ახლოს აღმოვჩნდით ერთმანეთთან. ტყეში გავანადგურეთ მტრის სპეცდანიშნულების მე-10 ბრიგადის ნახევარი. ისინი ჩვენკენ დაიძრნენ და მაშინვე ჩავერთეთ ბრძოლაში.

მტრის ბანაკიდან რვა ჯარისკაცის განადგურების შემდეგ, ცოცხლად გადარჩენილები გაიქცნენ. მოგვიანებით „შერვუდის ტყეში“ მტრის სხვა რეგულარული ჯარებიც გამოჩნდნენ. მოტორიზებულ ქვეითების და ბატალიონების წინ ვიდექით. არათანაბარი იყო ჩვენი ძალები. ოკუპანტები ბევრად მეტნი იყვნენ, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ჩვენთვის წავსულიყავით მტრის ზურგში და პოზიციებიდან გაგვეყარა ოკუპანტები.

შერვუდის ტყეში მივიღე მეორე ჭრილობაც, მტრის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი აფეთქდა. ვმკურნალობდი, მაგრამ ჩემს დანაყოფს დისტანციურად ვხელმძღვანელობდი. როგორც კი შესაძლებლობა მომეცა ჩემ ძმებთან დავბრუნდი“, – ჰყვება გამოცემასთან უკრაინის გმირი.

დენისი და მისი დანაყოფი ბევრ წერტილში იბრძოდნენ სხვადასხვა ქვედანაყოფის წინააღმდეგ. საკმარისად ჰქონდათ შეიარაღება, ამიტომ რა იარაღსაც განადგურებული მტრისგან იღებდნენ, იმ ბატალიონებსა და ბრიგადებს გადასცემდნენ, რომლებსაც ეს უფრო სჭირდებოდათ.

სწორედ დენისის ბატალიონი ინარჩუნებს ერთი წელია ბელოგოროვკას ლუგანსკში.

დენის მაკაროვსკის ბატალიონის ანგარიშზე აღმოსავლეთში ნაწარმოები ურთულესი ბრძოლებია. ის მტრის საბრძოლო ტაქტიკის თავისებურებებზე საუბრობს.

„ძლიერ მეტოქეებს შორის „ვაგნერელებს“ გამოვარჩევდი. საინტერესოა მათთან ბრძოლა იმ თვალსაზრისით, რომ თუ იბრძვიან, იბრძვიან ბოლომდე. შევებრძოლეთ ასევე ე.წ. ლნრ და დნრ-ის ჯარისკაცებს, ასევე სპეცდანიშნულების თავდამსხმელ ბრიგადებს. დადასტურებული მონაცემებით, ჩვენმა დანაყოფმა გაანადგურა „ვაგნერელების“ სამი ეშელონი, რაც დაახლოებით 500 ჯარისკაცია.

რუსეთის ფართომასშტაბიანი შემოჭრის დასაწყისში ჩვენ შევხვდით დანაყოფებს, რომლებიც სირიაში ნაბრძოლი ჯარისკაცებისგან შედგებოდა. ამის დასტურად ვიპოვეთ ბუკლეტები და ლექსიკონები, სირიულ და უკრაინულ ენაზე შედგენილი. გაგვაოგნა ამ ამბავმა.

ბელოგოროვკაში ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ მათ შემოჰყავთ ყველაფერი თუკი რამე ჰყავთ. ჩემი ბიჭები დღე-ღამეში მტრის ქვეითი ბატალიონები 5,6 შეტევას იგერიებენ ხანდახან. თითო ასეთ შეტევაზე ჩვენ წინააღმდეგ 40-ზე მეტი ადამიანი მოდის, მაგრამ ვინარჩუნებთ პოზიციებს, ეს ჩვენი მიწაა და ვერ დავტოვებთ“, – ამბობს დენის მაკაროვსი.

თანამებრძოლების შესახებ საუბრისას აღნიშნავს, რომ ქვედანაყოფში ძალიან ბევრია დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებიდან:

„ამ ბიჭებს იქ ჰქონდათ სახლები, ოცნებები, ბავშვობის მოგონებები, მაგრამ მერე მოვიდნენ რუსი დამპყრობლები და ანადგურებენ ყველაფერს, რასაც ამდენი ხანი ვაშენებდით.

მოტივაცია ყველას აქვს და ერთი რამ სურს ყველას – მტრის განდევნა და განადგურება. როგორც ჩვენმა უმაღლესმა მთავარსარდალმა თქვა: „უკრაინის სახელმწიფო საზღვრები უნდა აღდგეს სრულად, როგორც 1991 წელს იყო.

პირადად მე კი მსურს დავამხოთ საძაგელი ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს მართავს რუსეთში. იმდენი ბოროტება, რაც რუსეთმა უკრაინას მოუტანა, თანამედროვე მსოფლიოს არ ახსოვს“, – ამბობს ოფიცერი.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 3 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 3 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 247 850 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +620]
  • ტანკი – 4 224 ერთეული [+7]
  • ჯავშანტექნიკა – 8 234 ერთეული [+21]
  • საარტილერიო სისტემა – 4 892 ერთეული [+26]
  • MLRS – 704 ერთეული [+4]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 465 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 311 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 077 ერთეული [+35]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 347 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 7 372 ერთეული [+23]
  • სპეცტექნიკა – 721 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 3 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 458 თვითმფრინავი
  • 245 ვერტმფრენი
  • 5 468 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 428 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 11 100 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 142 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 5 731 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 12 038 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

  • ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

ვიტირე, რადგან პოლიციამ აქციის მონაწილეს სცემა რუსების გამო – გოგო აქციიდან

ატირებული გოგოს ემოციამ გულგრილი არავინ დატოვა რუსეთიდან შემოსული გემის საწინააღმდეგო აქციაზე ბათუმის პორტში. მალევე მის ირგვლივ შეგროვდნენ აქციის მონაწილეები, მასთან გაჩნდნენ ისინიც, ვინც ვიდეოკამერით მუშაობდა. თავიდან ყველას ეგონა, რომ ის პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაწყებული გაწევ-გამოწევის დროს დაშავდა. თუმცა ასე არ ყოფილა.

როგორც თავად გვიყვება, ლიზა კადრებს იღებდა, რა დროსაც პოლიციელებმა აქციის მონაწილეს სცემეს:

„გემს ვიდეოს ვუღებდი და უცებ დავიჭირე კადრი, სადაც ჩანდა, როგორ სცემდა 10 ან მეტი პოლიციელი აქციის მონაწილეს. ამას აკეთებდნენ რუსების თვალწინ, რომლებიც დაგვცინოდნენ. ამან გამოიწვია ჩემი ემოცია, ძალიან იმოქმედა. გავიაზრე, რომ რუსების გამო სცემდნენ და ძალიან ავღელდი. როცა რუსი გამოგვივარდა, ის ძალიან თავაზიანად წაიყვანა პოლიციამ.“

ლიზა მიქელაძე 18 წლისაა, შუახევში ცხოვრობს, ახლახან დაამთავრა სკოლა და ეროვნული გამოცდები ჩააბარა. მომავალ პროფესიად ფილოლოგია არჩია და სასწავლებლად დედაქალაქში გეგმავს გადასვლას.

ლიზამ რუსული გემის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით შეიტყო და მეგობრებს დაუკავშირდა:

„დავგეგმეთ, რომ აქციაზე ერთად უნდა წავსულიყავით და წავედით კიდეც, ჩვენია ეს ქვეყანა.“

კონკრეტული აქტივობა არ დაუგეგმიათ, არც ტრანსპარანტები მოუმზადებიათ, გადაწყვიტეს, რომ აქციას შეუერთდებოდნენ.

„ემოციური დამოკიდებულება მაქვს, როცა ვხედავ რუსულ ბანერებს. რამდენიმე დღის წინ ბათუმში ერთ-ერთ კაფეში აბრა ვნახე, სადაც მენიუ მხოლოდ რუსულ ენაზე იყო. პოლიციაში მივედი და ეს ამბავი გავასაჩივრე. არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. გუშინ გავიარე და ისევ იქ დამხვდა იგივე აბრა. არაფერი არ შეუცლიათ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა გავჩერდეთ. ველოდი კიდეც, რომ არაფერი შეიცვლებოდა, მაგრამ საკუთარი სინდისი და ქართველობა არ მაძლევს გაჩუმების უფლებას“.

ლიზამ გვიამბო, რომ ბათუმის პოლიციის განყოფილებაში, რუსული ბანერების გასაპროტესტებლად მისულს, პოლიციელმა ჰკითხა – ძველ ბათუმში თუ გაგივლია და თურქული ბანერები თუ გნახავს, ამას რატომ არ აპროტესტებო. „მათ ვუთხარი – პოლიციელები თქვენ ხართ და კანონის აღსრულებაც თქვენ გევალებათ. მე რატომ მთხოვთ პასუხს-მეთქი“.

ლიზა გვიყვება საკუთარ გამოცდილებაზე და იმ ისტორიებზე, რაც საქართველოში მობილიზაციას გამოქცეული რუსების დიდი რაოდენობით შემოსვლამ განაპირობა:

„მსმენია ახლობლებისგან, მეგობრებისგან, თუ როგორი რთულია მათთვის იმ სამსახურებში მუშაობა, სადაც სთხოვენ, რომ რუსებს რუსულ ენაზე მოემსახურონ. ასევე სთხოვენ, რუსებს განსაკუთრებულად მოემსახურეთო. რა თქმა უნდა, ეს აუტანელია. ძალიან ბევრი ადამიანი სამსახურიდან მიდის, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეს სამსახური მისთვის ერთადერთი შემოსავალიც იყოს. ხალხმა სახლები დაკარგა, ჩემთვის ძალიან ამაღელვებელია, რომ მათ გამო ბინების დატოვება მოუწიათ ადამიანებს“.

ლიზა მათზეც გვესაუბრა, ვინც რუსების შემოსვლას საქართველოსთვის სასიკეთოდ მიიჩნევს:

„ერთი ქალი იყო მოსული აქციაზე. გვითხრა, რატომ აპროტესტებთო. კომუნისტების დროს ჩვენ უფრო მეტი განათლება გვქონდა, ვიდრე თქვენ გაქვთ ახლაო. ფაქტობრივად, გვითხრა, გაუნათლებლები ხართ და არ იცით, რისთვის იბრძვითო“.

ატირებული ლიზას კადრების გავრცელების შემდეგ მას საზოგადოება სოციალურ ქსელებში აქტიურად გამოეხმაურა: ბევრმა შეაქო, ბევრმა კრიტიკული კომენტარი დაუწერა. ლიზამ ჩვენთან საუბარში უპასუხა მათ, ვინც დაუწერა, სად იყო მაშინ, როცა საქართველოში პრაიდი გამართეს.

„რა თქმა უნდა, ძალადობის მომხრე არ ვიქნები არასდროს. ასევე დამიწერეს, თურქეთის მოქალაქეების შემოსვლას რატომ არ აპროტესტებო. მინდა ამ ხალხმა გაიგოს, რომ ჩვენი ყველაზე დიდი და პირველი მტერი რუსეთია. საქართველოს ისტორიაში რუსეთი ერთადერთი დამპყრობელია, რომელიც ენის წაშლას ცდილობდა, ქართული ენა მეორე პლანზე გადაწია და მთავარ ენად რუსული გამოაცხადა. ახლა ილია ჭავჭავაძეზე და იმ დროზე აღარ ვისაუბრებ… არც იმ დროზე, როცა სიტყვის თქმას რეპრესიები მოჰყვებოდა, მაგრამ მაინც ამბობდნენ სათქმელს. ახლა რომ გაჩერდე, უბრალოდ, ლაჩარი ხარ“.

ლიზა ამბობს, რომ ბევრი მეგობარი ჰყავს და რუსეთთან მიმართებაში ყველა ისე ფიქრობს, როგორც თავად:

„ჩემი ყველა მეგობარი იყო აქციაზე, ვინც ამ დროს იყო ქალაქში“.

ლიზას თქმით, სამშობლოს მნიშვნელობა 14 წლის ასაკში გაიაზრა: „ამ დროს მივხვდი, რომ ეს ჩემი სამშობლოა და მიყვარს. წერა დავიწყე, ასე ჩემს დამოკიდებულებას გამოვხატავდი.“

ლიზას ვკითხეთ, რატომ ფიქრობს, რომ „გასაძლიერებლად“, როგორც თავად თქვა აქციაზე, ის და მისი მეგობრები ქვეყნიდან უნდა წავიდნენ, შემდეგ კი დაბრუნდნენ, რადგან „ამ ქვეყანას რუსებს არ დაუტოვებენ“:

„ამ ქვეყანაში განვითარების ვერანაირ პერსპექტივას ვერ ვხედავ, თუ ასე გაგრძელდა, რა თქმა უნდა. ძალიან არ მინდა, რომ ჩვენ ან ვინმემ დატოვოს ქვეყანა გასაჭირში და წავიდეს. არ მითქვამს, რომ გადარჩენისთვის მინდა წასვლა, ისევ ჩემი ქვეყნისთვის წავალ. იქ მოვიკრებ ძალებს, რადგან აქ ეს შეუძლებელია. ჩვენ იქ ევროპელებს დავანახებთ ჩვენს დამოკიდებულებას, ვაჩვენებთ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ქართველი ხალხი განსხვავებულად ფიქრობს და პროტესტი აქვს რუსეთის მიმართ. არ დავრჩებით და აუცილებლად დავბრუნდებით. იქ მიღებულ განათლებასა და გამოცდილებას მოვახმართ საკუთარ ქვეყანას“.

„არ გამკვირვებია“ – ამბობს ლიზა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებაზე, როცა მან რუსული გემის შემოსვლის საწინააღმდეგო აქცია შეაფასა, როგორც „ქაჯობა“. 

„მთავრობის გადაწყვეტილებები ჩემთვის გასაკვირი და მოულოდნელი აღარ არის და არც ერთი ქართველისთვის. ამაში დარწმუნებული ვარ. ყველამ წინასწარ ვიცით, როგორი იქნება მათი კომენტარი. ამიტომ, მაგაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს. უკეთესს არც კი ველოდით. და მომავალშიც მხოლოდ უარესს ველით. ემოციაც კი არ გამოუწვევია ამ დამოკიდებულებას.“

ლიზას ფეისბუქზე გამოხმაურებებში წერდნენ, რომ კარგი გოგოა, მაგრამ პოლიტიკაში არ უნდა ჩაერიოს. ასეთ შეფასებას სხვა დროსაც იღებენ ახალგაზრდები, მაშინაც კი, როცა ყოფით პრობლემებზე საუბრობენ.

ფრაზას „შენ კარგი იყავი და პოლიტიკაში არ უნდა ჩარეულიყავი“ ძირითადად მათ წინააღმდეგ იყენებენ, ვინც კრიტიკულია და მთავრობის მიმართ მაამებლური „სტატუსებით“ არ გამოირჩევა.

„ასეთ ნათქვამს მხოლოდ ის გამართლება შეიძლება მოვუძებნოთ, რომ მართლაც ჭუჭყიანია პოლიტიკა ჩვენთან. ალბათ ამიტომ ფიქრობენ ასე. მათ უნდა ავუხსნათ, რომ ეს ჩვენი გამოსასწორებელია. პოლიტიკა კი არ არის ცუდი, პოლიტიკოსები არიან ცუდი. ადამიანი, რომელიც გეუბნება, რომ პოლიტიკა არ აინტერესებს, მას ქვეყანაც არ აინტერესებს. მაშინ ქვეყანა როგორ გაინტერესებს? – ეს ორი თემა ერთმანეთით იკვრება.“

„გამომყევი აჭარაში” და მოიგე 100 000 ლარი – ტურისტული კამპანია დაიწყო

სარეკლამო კამპანია „გამომყევი აჭარაში“ შენთვისაა, თუ იყენებ ფეისბუქს, ინსტაგრამს, ტიკტოკსა და Youtube პლატფორმებს, გყავს ბევრი გამომწერი და გიყვარს მოგზაურობა, ფოტოებისა და ვიდეოების გადაღება.

თუ 15 აგვისტოდან ორი თვის განმავლობაში იმოგზაურებ აჭარაში და ამის შესახებ შენი ფოტო/ვიდეოკონტენტი, პოსტები თუ რილსები ჯამში 10 მილიონზე მეტ გამოხმაურებას [reach] დააგროვებს, მთავარ პრიზს, 100 000 ლარს მოიგებ.

სოლიდური ფულადი პრიზებია დაწესებული გამარჯვებულის შემდეგ მაქსიმალური გამოხმაურების მქონე პოსტების 5 ავტორისთვისაც. ხუთეულიდან თითოეული 20 – 20 000 ლარს მიიღებს.

სარეკლამო კამპანია „გამომყევი აჭარაში“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის პროექტია.

29 ივლისს ბათუმში, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე, ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე ბლოგერებს, ინფლუენსერებს შეხვდნენ, გააცნეს მათ სარეკლამო კამპანიის პირობები და სამომავლო შედეგებზეც იმსჯელეს.

აჭარა ოთხივე სეზონზე მიმზიდველი და მრავალფეროვანი რეგიონია, ზაფხულში მწველი მზით, ზღვით, მთაში ლაშქრობებით, შემოდგომაზე – ფორთოხლისა და მანდარინის რთველით, სუსხიან ზამთარში – თოვლზე სრიალით, გაგიჟებული ზღვის შტორმით, სოფლების საოჯახო სასტუმროებში ღუმელთან მიფიცხებით და აჭარული, ცხელი კერძების დაგემოვნებით.

მწვანე კონცხი

კონკურსისა და სარეკლამო კამპანიის მიზანიც ოთხივე სეზონზე მიმზიდველი აჭარის წარმოჩენაა. 

  • პროექტში რეგისტრაცია 1-ელი აგვისტოდან იწყება. მსურველი პროექტში ჩართვას კამპანიის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეძლებს.
  • მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ონლაინრეგისტრაცია სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე: followajara.ge
  • რეგისტრაციის გავლის შემდეგ მონაწილეს შემთხვევითობის პრინციპით მიუვა „სამოგზაურო პაკეტი“, რომელშიც წინასწარაა განსაზღვრული რომელი სამთო და საზღვაო ტურისტული ადგილები უნდა მოინახულოს.
ტბა ტბიყელი
  • ადგილები შერჩეულია „აჭარის ტურისტული ანბანის“ პროექტის მიხედვით. მასში შესულია რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის ძირითადი, ცნობილი თუ ნაკლებ ცნობილი ტურისტული ადგილები, პროდუქტები და ობიექტები.
  • „აჭარის ტურისტული ანბანი“ აჭარის მთის, ზღვისპირეთის, სამზარეულოს, არქიტექტურის, კულტურული ძეგლების შესახებ გადაღებული ვიდეოსერიაა, რომელიც ამ რეგიონის მიმართ მაშინვე აღძრავს ინტერესს და გაცნობთ ყველაფერს, რაც აჭარაში აუცილებლად უნდა ნახოთ.
  • აუცილებელია, უკვე რეგისტრირებულმა მონაწილეებმა კამპანიის პერიოდში იმოგზაურონ აჭარაში, მოინახულონ „სამოგზაურო პაკეტში“ მითითებული ადგილები, თითოეულ ადგილზე შექმნან აჭარაში მოგზაურობასთან დაკავშირებული, შიდა ტურისტების მასტიმულირებელი კონტენტი და განათავსონ სოციალურ ქსელებში ჰეშთეგით – #გამომყევიაჭარაში.
  • აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი არ ანაზღაურებს პროექტის მონაწილეების განთავსების, კვების, ტრანსპორტირებისა თუ სხვა ხარჯებს.

კამპანია გაგრძელდება 15 აგვისტოდან 15 ოქტომბრამდე. კონკურსის შედეგების მიწოდების პერიოდია 16 ოქტომბერი, 23:00 საათამდე.

სარფი

2023 წლის ოქტომბერში გაიმართება პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება, რომელზეც გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან გამარჯვებულები.

კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდება კამპანიის პერიოდში აჭარის შესახებ გამოქვეყნებულ პოსტებზე, რილსებსა თუ ვიდეოებზე მიღწეული წვდომების (reach) საერთო ჯამით. დაჯამდება კონკურსში მონაწილე თითოეული წევრის მიერ აჭარის პოპულარიზაციის მიზნით გამოქვეყნებული კონტენტის საერთო წვდომა, მაქსიმალური წვდომის მქონე ინფლუენსერი კი, რომელიც აჭარის შესახებ გამოქვეყნებულ პოსტებზე ჯამში დააგროვებს მინიმუმ 10 მილიონ წვდომას, გაიმარჯვებს და მოიგებს მთავარ პრიზს.

გამოიყენეთ შესაძლებლობა, იმოგზაურეთ აჭარაში, აღმოაჩინეთ ახალი სივრცეები და მიიღეთ ფულადი ჯილდო! პროექტში რეგისტრაცია უკვე დაწყებულია.

კონკურსის წესებისა და პირობების შესახებ სრული ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ბათუმი

რას ჰყვება ბათუმელი სექსმუშაკი თავის ცხოვრებაზე

მაია 10 წელია სექსსამუშაოშია ჩართული, ის კაცებთან  მუშაობს. პროსტიტუციაში ჩართვის მთავარ მიზეზად სიღარიბეს, ძალადობას და მხარდაჭერის არარსებობას ასახელებს: „წარმოიდგინე, რომ ორგანიზმი არ გაქვს, გამოფიტული ხარ, რობოტად მუშაობ – გეუბნებიან და უნდა გააკეთო ის, რაც არ გინდა, ფულის გამო… არც არავინ გეზიზღება, არც არავინ გიყვარს, საკუთარი შვილიც კი  მაგ დროს დავიწყებული გყავს“. 

მაია 19 წლის იყო, როცა მასზე 20 წლით უფროს კაცზე, დასავლეთიდან აღმოსავლეთ საქართველოში გაათხოვეს. ქმრის სახლიდან მცირეწლოვან შვილთან ერთად დაბრუნებულს, მშობლების, განსაკუთრებით მამის მხრიდან, მძიმე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის დათმენა უწევდა. ახლა 37 წლის არის, ბათუმში ქირით ცხოვრობს, შემოსავლის უმეტეს ნაწილს შვილს უგზავნის. „ის პირველი ფული მე ჩემი ხელით დავწვი. იმიტომ, რომ ის „ნამუშევარი“ ფული იყო. ის ფული უნდა გამეგზავნა ჩემი შვილისთვის? რომ შევხედე, ტვინში დამკრა – „ზაჟიგალკით“ მოვუკიდე და დავწვი“. 

  • ცხოვრება სექსსამუშაომდე 

ვიცი, ეს არ არის მოსაწონი საქმე, მაგრამ ყველაფრიდან რომ ხელს გკრავენ… ასე გამოვიდა.

19 წლის გავთხოვდი [გამათხოვეს], ჩემი ქმარი მაშინ 39-ის, ანუ ჩემზე 20 წლით უფროსი იყო. მისგან ძალადობა არ ყოფილა, ცოდვას ვერ ვიტყვი, მაგრამ არ გვქონდა კარგი ცოლქმრობა. არ მიყვარდა, ვერ შევიყვარე. მაკლდა სითბო და ყურადღებაც, მისთვის არ იყო ეს ურთიერთობა საინტერესო, მხოლოდ ყანა, თოხი და კომბოსტო როგორ მოეტანა სახლში.

 წლინახევრისაც არ იყო ჩემი შვილი, რომ გავცილდი ქმარს. მაშინ [2008] იქ არანაირი რესურსი ბავშვის აღზრდისთვის არ იყო, ელემენტარული ექიმიც კი არ იყო ხელმისაწვდომი… ბავშვი მშობლებთან ჩამოვიყვანე. სწორად გამიგე, ამ ადამიანთან ისედაც დიდი აცდენა მქონდა, აღარ შემეძლო მასთან ურთიერთობის ვალდებულება.

კარგად იცით, საქართველოში ქმართან გაცილების შემდეგ როგორ იცვლება დამოკიდებულება ქალის მიმართ – მიუხედავად ყველაფრისა (ოჯახისთვის, ნათესავებისთვის, გარე ხალხისთვის), უკვე ბოზი ხარ, აზრი არ აქვს მიზეზს. არავის აინტერესებს, სინამდვილეში ვინ ხარ და რას განიცდი.

სახლში დაბრუნების შემდეგ იყო ფიზიკური ძალადობა მამაჩემის მხრიდან… დედაჩემის მხრიდანაც. მამაჩემი იყო ძალიან კონსერვატორი კაცი, რომელიც მიიჩნევდა, რომ თუ ქალი ქმარს გაცილდა, ის არის ბოზი. მეკრძალებოდა გარეთ გასვლა, ქორწილში წასვლა… დედა შეიძლება ბოლომდე არ იზიარებდა ამ ყველაფერს, შეიძლება იზიარებდა კიდეც.

თურქეთში გადავედი, მაგრამ პატიოსანი შრომით რომ მეშოვნა ფული, ფაბრიკაში ვმუშაობდი, ოჯახშიც… იქ არ გადამიდგამს ეს ნაბიჯი, არც მიფიქრია. წელიწადზე მეტი გავქაჩე, ხან 200 დოლარს ვაგზავნიდი, ხან – 300, მაგრამ მაინც არასდროს იყო საკმარისი.

ახლა მახსენდება, ბოლოს რომ ჩამოვედი სახლში, იმისთვის გავილახე – შენი წამლის ფული რატომ არ გაქვსო. ეს იყო ბოლო წვეთი. სწორად გამიგე, არ ვამბობ, რომ ეს არის გასამართლებელი მიზეზი ამ საქმის დაწყებისთვის, საკუთარი თავი გეზიზღება, ბალიშზე რომ დადებ… მაგრამ გადიხარ იმ ყველა უბედურებას იმისთვის, რომ შენი შვილი უკეთესად იყოს, იქ უკვე საკუთარი მე დაკარგული გაქვს.

ამდენ ცემას ვერ გავუძელი, აღარ შემეძლო, ხან შვილთან ერთად ცემა… ავდექი და გავიქეცი. მშობლების სახლიდან შვილს ვერ წამოვიყვანდი, ვერ ვაწანწალებდი.

ცხოვრობ კაცთან, რომელიც არ გიყვარს, ჩადიხარ მშობლებთან, სადაც მხოლოდ ცემა და საყვედურები, რა მოიტანე, შენს შვილს შენ მიხედე. არასდროს არაფერი ჩემი არ მოსწონდათ, მე რომ ახლა ოქროს მთები გადავდგა და დავდგა ჩემს სოფელში, საკმარისი არ იქნება, იმიტომ, რომ მე ყოველთვის ვარ „დებილი“, ავადმყოფი, არავის არ ვჭირდები და ასე.

შვილს წელიწადში რამდენჯერმე ვნახულობ. ჩემი სამსახურის შესახებ, რა თქმა უნდა, არ იციან, სხვა რამეს ვეუბნები.

ის პირველი ღამე არასოდეს დამავიწყდება, პირველი კლიენტი. ძალიან განვიცადე.

სექსსამუშაოში საქართველოში ჩავერთე. ნაცნობობით, ისე ვინ მოგახვედრებს. თურქეთში ხელფასი მქონდა, არც მიფიქრია მაგაზე, რომ დავბრუნდი, საქმის ძიებაში ვიყავი.

ჩემი ახლობელი მუშაობდა, იმან შემომთავაზა, მითხრა, რომ არის სამუშაო, რომ ნორმალური შემოსავალიც იქნება. ის პირველი ფული მე ჩემი ხელით დავწვი. იმიტომ, რომ ის „ნამუშევარი“ ფული იყო. ის ფული უნდა გამეგზავნა ჩემი შვილისთვის? რომ შევხედე ტვინში დამკრა –ზაჟიგალკით“ მოვუკიდე და დავწვი.

გაბრაზებული ვიყავი საკუთარ თავზე, მაგრამ საბოლოოდ მაინც გავაგრძელე. რახან ეს გადაწყვეტილება მივიღე, მივყევი ბოლომდე.

დღესაც ვიღაცას ვიღაცა მოჰყავს, ისე ვერ მოხვდები, ისე რომ მოხვიდე და დადგე, გამორიცხულია. ასაკი სხვადასხვაგვარია – 19-20-იდან იწყება, არიან 60 და მეტი წლისაც. ყველას ანალოგიური პრობლემები აქვს – ძალადობა და გარიყვა ოჯახისგან, ქმრისგან. დალხინებული ადამიანი არ გამოვა და გარეთ არ დადგება. ნორმალური ადამიანი, ვისაც სიამოვნება უნდა, მოკიდებს მის საყვარელ ადამიანს ხელს და მორჩა. 

  • პროსტიტუციიდან თავის დაღწევის მცდელობები და სიღარიბე

სამსახური ვეძებე, ვეძებე და ვერაფერი ისეთი ვერ ვნახე ჩემი უნარებით, საიდანაც დღეში 15-20 ლარზე მეტს მივიღებდი. 600 ლარი რაში უნდა გეყოს, მითხარი და – კი. შვილს გავუგზავნო, ქირა გადავიხადო, საჭმელი ვჭამო, ჰიგიენა…  700 ლარამდე მარტო ბინის ქირა გვიჯდება, რომელსაც ზიარად ვქირაობთ.

ძალიან ბევრჯერ გამოვუგდივართ მეპატრონეს, თვე-ნახევარი სათემო ორგანიზაციაში ვცხოვრობდი, ქირის საშუალება არ არის ყოველთვის. ეგ კი არა, ზოგჯერ საჭმლის ფული არ არის, მაგრამ სახლში რომ წავიდე და დავჯდე, ვისი ვჭამო, ხვალ და ზეგ მაინც დამაყვედრიან.

ჩემი შემოსავალი სხვადასხვანაირადაა, 500 ლარამდეც აგვიღია დღეში, ზაფხულში, როცა 5-10 კლიენტი ყოფილა დღეში, რამდენიც გამოჩნდება. ზაფხულში დაძინება გვენატრება, 5-6 საათზე მივდივართ სახლში, შეიძლება ვერც მივიდეთ და სასტუმროში დაგვეძინოს. 

ყოველ დღე ვფიქრობ აქედან გასვლას… მაგრამ ჯერჯერობით შედეგი ნული. 

აქ ყველა ფინანსური სიდუხჭირის გამო დგას, პატიოსანი შრომით ვერაფერს მიაღწია და მიადგა ამ საქმეს, ყველას ქმარი არ ჰყავს, რომ ვიღაცამ შეუტანოს.

მე რომ ახლა ნორმალური ხელფასი მქონდეს, დედას გეფიცები, თუ აქ გამოვიდე, არ ვამბობ 5000 ლარს, აი, 800-1000 ლარი რომ მქონდეს, დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი სადმე, გინდა ფიზიკურ სამუშაოზე, გინდა ისე, არანაირი ფიზიკური შრომა მე არ მეთაკილება, მშენებლობაზეც მიმუშავია.

მე საშუალო განათლება მაქვს. ვისწავლიდი დიდი სიამოვნებით, სწავლა სიბერემდეა, რომ მოვინდომო, ვისწავლი, მაგრამ სახელმწიფო არ გვაძლევს იმის საშუალებას და უფლებას, რომ რაიმე დავამთავროთ, ყველგან ყველაფერში გჭირდება ფული. ესაა რეალობა. სხვათა შორის, ნასწავლი ხალხიცაა შიგნით [სექსსამუშაოში], ყველანაირი ხალხია ამ საქმეში ჩართული, იურისტი, პედაგოგი…

  • დანაშაულის გრძნობა, კრიზისი 

წარმოიდგინე, რომ ორგანიზმი არ გაქვს, გამოფიტული ხარ, რობოტად მუშაობ – გეუბნებიან და უნდა გააკეთო ის, რაც არ გინდა, ფულის გამო… არც არავინ გეზიზღება, არც არავინ გიყვარს, საკუთარი შვილიც კი,  მაგ დროს დავიწყებული გაქვს. მოდიხარ მერე სამარცხვინოდ და ეკლესიაში სანთელს ანთებ, ღმერთს დახმარებას სთხოვ… საზიზღრობაა, რას ეხვეწები ღმერთს, ჯანმრთელად მამყოფე თუ ფული მომეციო?

დანაშაულის გრძნობა მაქვს სულ, ბოლოს ისეთ კრიზისში ხარ… სახლში ეძებ რაღაცას, რომ საკუთარ თავს რამე დამართო და მერე მოდიხარ გონზე, რომ შვილი გყავს საფიქრალი… ეს არის საკუთარი თავის მოტყუება ყოველ დღე, რომ არაფერი არ ხდება, ყველაფერი ნორმალურადაა…

სიღარიბე არის მთავარი მიზეზი. ვინ დავადანაშაულო, როცა დედას, შვილს შია, გინდა არ გინდა, ყველაფერზე წახვალ. შენ მშიერი დაიძინებ და იმათ მიუტან, შენ კიდე წყალი რომ ითხოვო, იმას არავინ მოგაწოდებს, ალბათ იფიქრებს ხალხი, რომ არ ვიყავი ღირსი და მაგიტომ.

  • ურთიერთობები სექსსამუშაოს მიღმა

მეგობრებთან ურთიერთობა მაძლებინებს, პირველ რიგში, მაგათთან ვიმუხტები სასიცოცხლო ენერგიით. ახლა რომ გითხრა პარტნიორთან ძალიან დალაგებული მაქვს ყველაფერი, მოგატყუებ და თავსაც მოვიტყუებ. მე მყავს ჩემი სამეგობრო (არა მარტო ამ საქმიანობასთან დაკავშირებული), რომლითაც ბედნიერი ვარ, მაქვს მათი იმედი, მათ – ჩემი.

მე ამ ცხოვრებამდე რა სამეგობროც მყავდა, პატივს ვცემ, მიყვარს ჩემი ძველი მეგობრები, მაგრამ აქ, აი, ამ გამწარებულ დღეში გაცნობილი ხალხი უფრო გვერდში დაგიდგება, ვიდრე მთელი ცხოვრება ერთად ნაძინი მეგობარი. სწორად გამიგეთ, ყველას შემოევლოს ჩემი თავი, მაგრამ ჩვენ, ვინც ამ სფეროში ვართ, ყველამ ვიცით გაჭირვების გემო.

პარტნიორი რამდენიმე მყოლია, ყველა ქალია, მაგრამ რაღაც ეტაპზე სულ ფუჭდება ურთიერთობა. მათთან ჩემი სიყვარული შერეულია – მიყვარს როგორც ადამიანი, როგორც მეგობარი, როგორც ქალი. სასიყვარულო პარტნიორების ხშირი ცვლა ჩემში არ ზის, ურთიერთობებს სჭირდება მოფრთხილება, მხოლოდ ერთად ჭამა და სმა არ არის სიყვარული.

  • ლესბოსელისთვის კაცებთან მუშაობა რამდენად რთულია

ისეც იძულებით ვაკეთებ ყველაფერს, თავს ვაიძულებ, რადგან სამსახურია, მოვალეობაა. ჩემთვის ბუნებრივია ქალის სიყვარული, მასთან ურთიერთობა, ალბათ შემიძლია კაცთან ურთიერთობაც, ოღონდ ამისთვის კაცი უნდა იყოს ჩემი მეგობარიც, პარტნიორიც, ახლობელიც და არა მხოლოდ სექსპარტნიორი – ასეთ კაცს სად ნახავ. 

მოვწონვარ კაცების გარკვეულ კატეგორიას, მაგრამ მათთვის ურთიერთობის მაქსიმუმი არის ცოლი, ცოლი კი მათთვის ნიშნავს მოვალეობებს, უნდა უხვეტო, საცვლები ურეცხო, თეთრ პერანგს ლურჯი საყელო არ მიაკერო… ქალი კი აღარ ხარ, ცოლი ხარ, საკუთრებად უნდიხარ, ეს არ არის სიყვარული.

  • რა საფრთხეები გვემუქრება პროსტიტუციაში ჩართულ ქალებს

პირველ რიგში, კუბოთი გატანა სასტუმროდან, მეორე – გადამდები ავადმყოფობისგან დაცული არ ხარ, მესამე – თუ ვერ მოემსახურე ისე, როგორც „საჭიროა“, შეიძლება ჩხუბში გადაიზარდოს ყველაფერი – ბათუმში მოხდა, კაცმა ქალი მოკლა სასტუმროში იმის გამო, რომ ისე არ მოემსახურა, როგორც უნდოდა; მეოთხე – შეიძლება უბრალოდ აგერ ვისხდეთ ორივე, ლაპარაკის დროს გაგიქანოს, გხეთქოს ხელუკუღმა, იმიტომ, რომ უბრალოდ ისეთი არ ხარ, მას რომ უნდიხარ.

ფულის გადახდაზეც ხდება პრობლემები, შელაპარაკებაც მომხდარა იმის გამო, რომ სათანადოდ ნაზი, სათანადოდ ქალური არ ვარ.

მე ფიზიკურად არ ვარ სუსტი, მიწყობს ხელს აღნაგობა, თუ წამოსულა იერიში, უარესი გამიკეთებია, მოწინააღმდეგე რომ ხედავს ამას, ნასვამია თუ ფხიზელი – უკვე უკან იხევს.

სხვებისთვის გამკლავების გზები შეიძლება იყოს პოლიციით დაშინება, ცოლთან დარეკვით დამუქრება და ფიზიკური შეწინააღმდეგებაც.

ყველა არანორმალური არ არის, მაგრამ შიში ყოველთვის არის, რადგან შენ ქალი ხარ და თან სექსმუშაკი, ყველაფერი შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს. ძალა გჭირდება, თუ ფიზიკურად სუსტი ხარ, უეჭველი რაღაც უბედურება დაგემართება, ან გაგლახავენ, რამდენი გოგო შემოაკვდათ ცემაში.

ყველანაირი პროფესიისა და სტატუსის ადამიანი მოდის ჩვენთან. არიან ადამიანები, რომლებთანაც დავმეგობრებულვართ. მაგალითად, გადაუხდია კაცს ჩემთვის ფული [300 ლარი], რამდენიმე დღე ჩემთან ერთად უჭამია, უსვამს და თითი არ დაუკარებია.

  • პოლიციასთან ურთიერთობა 

მე, პირადად, კლიენტთან რაიმე საფრთხე თუ არის, პოლიცია გამოვიძახო – არარსებულია, დაო! იმას გაამართლებენ, შენ გაგამტყუნებენ, იმიტომ, რომ შენ ხარ „ბოზი“ [სექსმუშაკი]. ამიტომ სისულელეა. პირიქით არ გტკუცონ 2000-ლარიანი ადმინისტრაციული, ჭკვიანად უნდა იყო. მაგას ჯობია, გენერალურში გადარეკო, ან სამმართველოში, ამათთან არანაირი აზრი არ აქვს.

პოლიციას მტერი ენდო, ყველა ერიდება მათთან ურთიერთობას. 

სხვათა შორის, პროკურორები, მოსამართლეები, მაღალი ჩინის ხალხი ადამიანურად გელაპარაკებიან, კაბინეტშიც მიგიღებენ და ყავასაც მიგაცეცხლებენ, იმიტომ, რომ იქ ადამიანი ხარ. განყოფილებაში გაწვებიან, მაგრამ ხელის დარტყმა გამორიცხულია, ქალი ხარ და ამას ვერ წაუვლიან წინ. ნახე, რა ხდება, ყველგან ბოზი ხარ, მაგათ თუ „მისცემ“, ბოზი არ ხარ. 

თუ მოითხოვე ცოტა მაღალი რანგის ხალხი, ზედა ინსტანციაში თუ მიდიხარ, „ქვევით“ მაგრად ეშინიათ, რომ იმას იტყვი, რაც სათქმელია. თუ არ გაქვს მათთან ურთიერთობის გამოცდილება, უეჭველი შეგტენიან რაღაცას იმის გამო, რომ „პაგონები“ დაიკიდონ საახალწლოდ. მაგრამ იქაც არიან ადამიანები, განსაკუთრებით ქალი პროკურორები.

  •  დამოკიდებულება ნივთიერებებზე და სექსსამუშაო

ამ საქმიდან გამომდინარე ყველა ვეძებთ რამე განტვირთვას და მოსვენებას – აგერ სიგარეტს მოვწევ, რომ დავმშვიდდე; სხვა პლანს მოწევს, რომ ცოტა განიმუხტოს; დღეს წამალს გავიკეთებ; ხვალ ტაბლეტს ვიყიდი – 20 ლარი ღირს აფთიაქში და დავლევ, რომ დღეს ცოტათი დავასვენო ტვინი და ხვალ უკეთესი დღე იქნება… მაგრამ ხვალ ყოველთვის უარესია. გუშინ რომ ერთი ტაბლეტი გინდოდა, ხვალ 10 ტაბლეტი გინდა… ეს სიტუაციაა ზოგადად [თემში].

მე უფრო დასალევთან მაქვს პრობლემა, ზოგი – პლანზეა, ზოგი – წამალზე, ზოგი – რაზე, ზოგი – რაზე. იღლები ძალიან, იმაზე ფიქრობ, როდის ვინ მოვა, რომ საჭმელი ჭამო. და კიდევ, როგორი ადამიანი შეგვხდება არ იცი. მუდმივად სტრესია.

  • ჯანმრთელობაზე როგორ ზრუნავ, ბოლოს როდის იყავი ექიმთან? რა გაწუხებს?

მეტ-ნაკლებად ვახერხებ ჯანმრთელობაზე ზრუნვას, სამ თვეში, ორ თვეში ერთხელ მაინც ვემოწმებით ინფექციებზე. ღმერთს მადლობა, ამის შესაძლებლობა არის სათემო ორგანიზაციაში. გინეკოლოგთანაც ვიყავი ერთი-ორჯერ ამათი დახმარებით და დამეხმარა ექიმი.

მაგრამ არ არის იმხელა საშუალება, რომ შენით მიხვიდე, ძალიან ბევრი დაავადება და პრობლემა არსებობს, კბილების მკურნალობა თუნდაც… პირველ რიგში, ნევროზი გაქვს ჩამოყალიბებული, ჯანმრთელობა ნელ-ნელა უფრო გერყევა. ადამიანი რასაც ჰქვია, ამ საქმეში იმის ნახევარი ხარ დარჩენილი. 

  • როგორ წარმომიდგენია ხანდაზმულობა

მთელი ჩემი ცხოვრება ვოცნებობ, ჩემი შვილი კარგად მოეწყოს [დაოჯახდეს] და მქონდეს ადამიანური ცხოვრება შვილთან ერთად. მინდა, მის გვერდში ვიყო, მისი მეგობარი ვიყო, რაც მე გამოვიარე, ის არ გამოიაროს და არაფერი ჰქონდეს დასამალი ჩემთან, დედასთან.

ახლა ფულს კი ვაგზავნი, მაგრამ ხვალ და ზეგ შვილთან ხომ უნდა გქონდეს გამოჩენის პირი, ვის რად უნდა შენი ფული, გაიზრდება მალე და იცი, რას გეტყვის? ფული არა, დედა, მე რომ გულში მტკიოდა, ამ ტკივილის გაზიარების დროს შენ რატომ არ იყავი გვერდითო; პასუხი რა არის, ფული გამოგიგზავნე? ფული ყველაფერს არ ჭრის, სიყვარულს, მეგობრობას, ოჯახს, ადამიანობას ვერ იყიდი.

მე რომ არ მქონდა დედაჩემთან ისეთი ურთიერთობა, რომ ჩემი გულის ტკივილი მეთქვა, ვუმალავდი, ვერ ველაპარაკებოდი, გულში ვიკლავდი ტკივილს, საბანს დავიფარებდი და ისე ვტიროდი. არ მინდა ჩემი შვილისთვისაც არავინ იყოს და უმშობლოდ გამოიაროს გულისტკივილები; არ მინდა იგრძნოს ის უგულებელყოფა და ის მწუხარება, რაც მე გამოვიარე ბავშვობაში.

რაც მინოდა, ის არასდროს მქონია. ოქროს არ ვითხოვდი და ფულს, მე ვითხოვდი სითბოს. ოჯახში, სადაც სითბო არ არის, იქ ვერ იცხოვრებ. დედაჩემი ჩემ გვერდში რომ მდგარიყო, მე ამ გზაზე არ დავდგებოდი, დღემდე მიყვარს, ვაფასებ, მაგრამ დღესაც ძალიან ცივი ურთიერთობა გვაქვს. ნათესავები კი მყავს, მაგრამ ჩემთვის არავინ არ არის. ვინმე რომ დამდგომოდა გვრდში, ასჯერ უკეთესი ცხოვრება მექნებოდა, ისინი გამიტანდნენ გასაჭირში და ამ ნაგავ ცხოვრებას არ გამოვივლიდი.

___

 

ხულოში მცხოვრები არც ერთი ქალი არ იმსახურებს მშობიარობდეს ბათუმი-ახალციხის გზაზე – აქცია

აქტივისტები და ახალგაზრდები, რომლებიც ხულოში ცხოვრობენ, უკვე მეორე დღეა ითხოვენ ხულოში „გამართული და ხარისხიანი სამედიცინო სერვისების აღდგენას“. აქცია გაგრძელდება ხვალაც. პროტესტს იწვევს ხულოს დაბაში მოქმედ კლინიკაში არსებული მდგომარეობა და ასევე გინეკოლოგიური განყოფილების გაუქმება.

აქციის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „სოლიდარობის თემი“.

გასული თვის ბოლოს, სწორედ გინეკოლოგიური განყოფილების გაუქმების შემდეგ, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა ქალი ხულოდან გადაიყვანეს ბათუმში, კლინიკა „მედინაში“. როგორც კლინიკის ექიმმა, ინდირა ბოლქვაძემ „ბათუმელებთან“ აღნიშნა, კლინიკაში შეყვანისას ქალისა და ბავშვის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იყო. ექიმების თქმით, მსგავსი მძიმე ვითარება არც თუ იშვიათად იქმნება.

დღევანდელი აქცია დაიწყო ხულოს მერიის წინ, შემდეგ კი აქციის მონაწილეებმა კლინიკა „ევექსთან“ გადაინაცვლეს.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, აქტივისტი ლია დეკანაძე აცხადებს, რომ ისინი არ აპირებენ „ევექსის“ ანუ კერძო კომპანიის საქმიანობაში ჩარევას და დღევანდელი აქციის პროტესტი მთლიანად მიემართება სახელმწიფოს. „დაასუბსიდიროს ეს საქმიანობა ან თავის ბალანსზე აიყვანოს“, – აცხადებს ახალგაზრდა ქალი.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, „ევექსის“ კლინიკამ სამშობიარო განყოფილება იმ მოტივით დახურა, რომ ის არ იყო მომგებიანი. სწორედ ამ მოტივით გინეკოლოგიური განყოფილების თანამშრომლების ხელფასი საათში 1.2 ლარი იყო, ხელფასის მომატების მოთხოვნის შემდეგ კი დამსაქმებელმა მათ უთხრა – „შეგიძლიათ წახვიდეთ“.

„ხულოში მცხოვრები არც ერთი ქალი არ იმსახურებს, რომ მშობიარობდეს ბათუმი-ახალციხის გზაზე. ეს არის ღირსების შემლახავი. ეს არის სიცოცხლის უფლების რისკის ქვეშ დაყენება. ეს არის ახალი თაობის გაწირვა და მათი უფლების ხელყოფა“, – აცხადებდნენ აქციაზე.

საპროტესტო აქცია ხულოში ხვალაც გაიმართება.

„ბათუმელებმა“ ამ საკითხზე მიმართა საქართველოს მთავრობას. უწყების გამოხმაურების შემთხვევაში ინფორმაცია აქვე განახლდება.

შესაბამისად, ამ ეტაპზე უცნობია, დაასუბსიდირებს თუ არა საქართველოს მთავრობა ხულოში გინეკოლოგიურ განყოფილებას. თუმცა დასუბსიდირების პრაქტიკას სახელმწიფო აქტიურად იყენებს – მაგალითად, კახეთში ყურძნის სუბსიდირებაზე 2008 – 2021 წლებში 286.6 მილიონი ლარი დახარჯა. სახელმწიფო სუბსიდიას გასცემს ასევე მანდარინზეც.

პოლიციელები მიჭერდნენ, ირაკლი დგებუაძე კი მცემდა, წიხლი ჩამარტყა თვალის არეში – გენრი დოლიძე

რუსული გემის წინააღმდეგ ბათუმში გამართულ აქციაზე დაკავებული გენრი დოლიძე „ბათუმელებთან“ საუბრობს, როგორ იძალადა მასზე ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ და როგორ აგინა უკიდურესად შეურაცხმყოფელი სიტყვებით. კიდევ ერთი დაკავებული, ხათუნა ბერიძეც აცხადებს, რომ [ირაკლი] დგებუაძემ მასაც აგინა დედის მისამართით.

აქ ნახეთ: ბათუმის პოლიციის უფროსად ირაკლი დგებუაძე დაინიშნა

გენრი დოლიძე ასევე საუბრობს ერთ-ერთ პოლიციელზე, რომელიც დაკავებულებს ეუბნებოდა, რომ „თუ რუსი ტურისტი არ გინდათ, თქვენს ევროპაში წადით“.

გენრი დოლიძე „დროას“ ხელმძღვანელია აჭარაში.

„31 ივლისის დილით, როცა რუსეთიდან ისევ შემოვიდა გემი, რამდენიმე ადგილზე დაიძაბა სიტუაცია. მოვარდა პოლიციის ჯგრო და უნდოდათ თამაზ კონჯარიას დაკავება, რომელიც აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ომის ვეტერანია.

ხალხი არ აძლევდა მისი დაკავების შესაძლებლობას, მივვარდი მეც და პოლიციას ვეუბნებოდი, რას შვებით რუსების გამო აფხაზეთის ომის ვეტერანს აკავებთ-მეთქი?

მერე, ფიზიკურად რომ ვეღარ იმძლავრეს და ვერ წაიყვანეს კონჯარია, მომიბრუნდნენ მე. შენ ხომ არ ხარ ვეტერანი, შენი დედაცო და უშვერი სიტყვებით მომვარდნენ, კისერში ჩამავლეს ხელი, გადამიგრიხეს ხელები და შემათრიეს პოლიციის კორდონის შიგნით.

გზაში მირტყამდნენ მუხლებს და მცემდნენ ისე, რომ არ დამმჩნეოდა სილურჯეები“, – ამბობს გენრი დოლიძე.

მისი თქმით, ის გვერდით გადაიყვანეს, მიწაზე დააგდეს და სახეზე ფეხი დააჭირეს.

„ალყაში მომაქციეს, ფაქტობრივად, რომ არავის დაენახა რა არაადამიანურად მექცეოდნენ. ამ დროს მოვიდა ვიღაც, ვხედავდი, რომ გაიწ-გამოიწიეს და ეს რომელიაო, იკითხა ჩემზე.

თავი ამაწევინეს ძალით და დავინახე ირაკლი დგებუაძე. მაშინ არ მახსოვდა მისი სახელი, მაგრამ აქციებზე მყავდა ნანახი და მერე როცა მისი ფოტოები გამოქვეყნდა, იქიდან გავიგე მისი სახელი.“ – ამბობს გენრი დოლიძე.

მისი თქმით, საპროტესტო აქციებზე ირაკლი დგებუაძეს ხშირად ხედავდა, თუმცა აქამდე ის არ ტოვებდა აგრესიული პოლიციელის შთაბეჭდილებას.

„პირიქით, ცივილიზებული და ნორმალური ადამიანი მეგონა. თან ვიფიქრე, რომ ბათუმელია, იცის, რომ არ ვარ ხულიგანი, მოძალადე და ისეთი ადამიანი, რომ კანონი დავარღვიო და ჩემი მოქალაქეობრივი უფლებების ფარგლებს გავცდე.

მეგონა იტყოდა, რომ ადამიანურად მოეპყარით და გადაიყვანეთ. როგორც კი დამინახა, უშვერი სიტყვებით მაგინა, ვერც კი აღვწერ ისეთი სიტყვებით. დედის მისამართით იგინებოდა და მომაყენა არაერთი პირადი შეურაცხყოფა.

მომიქნია წიხლი და მომხვდა თვალ-ბუდის არეში. მაშინ უთხრეს ჩუმად – რას შვები, სახეზე დააჩნდებაო.

შემდეგ გადავიდა გვერდზე, ისევ დამაჭირეს თავზე ფეხი და ისევ მირტყამდა დგებუაძე. ნეკნში მომხვდა ერთი ძალიან მწარედ და მუხლის არეშიც მაქვს ორი დაზიანება.

ირაკლი დგებუაძე იყო ისიც, ერთ-ერთ აქტივისტს რომ უთხრა, მაგ ამერიკის დროშას ტრ-ში გაგიკეთებო.

კიდევ ერთი აქტივისტი ეუბნებოდა, რომ დედა მკვდარი მყავს და ნუ მაგინებო. უარესი სიტყვებით მიმართა. საერთოდ, თუ ვინმე იმ აქციაზე იგინებოდა, ეს იყო ირაკლი დგებუაძე. ტორპედოს სტადიონზე ვარ გაზრდილი და იქაც კი არ მომისმენია მსგავსი გინებები, რასაც ის ამბობდა. უსაზიზღრესი სიტყვებით აგინებდა ხელებგადაგრეხილ, მიწაზე დაწვენილ ადამიანებს, რომლებსაც 6-7 ადამიანის ფეხი ედოთ თავზე“, – გვეუბნება გენრი დოლიძე.

ამის შემდეგ, როგორ გენრი ამბობს, ის გადაიყვანეს მანქანაში, სადაც ის პოლიციელები დახვდა, რომლებსაც მისი დაკავების ოქმზე მოაწერინეს ხელი, თუმცა მის დაკავებაში არ მონაწილეობდნენ.

ერთ-ერთი ასეთი პოლიციელი იყო ომარ გოგოლაძე. იმავე მანქანაში იჯდა შედარებით ასაკოვანი პოლიციელი გიორგი კვესიეშვილი, რომელიც დაკავებულს რუსი ტურისტების გამო ლანძღავდა.

საბჭოთა ნოსტალგია ჰქონდა ამ კაცს, გაღიზიანებული იყო, რუსების წინააღმდეგ როგორ გამოვედით.

შემოვიდა პოლიტიკურ დისკუსიაში და გვეუბნებოდა, რომ თუ არ მოგწონთ რუსი ტურისტები, წადით თქვენს ევროპაში. ანუ რუს ტურისტებსა და ევროპას შორის ჰქონდა ტოლობა დასმული.

მის ცნობიერებაში საქართველო ისევ რუსეთთან ასოცირდებოდა, რადგან ის კი არ თქვა, რომ თუ ხელისუფლება არ მოგწონთ, წადით ევროპაშიო, რუსი ტურისტი თუ არ მოგწონთო.

ეს პოლიციელი „ქართული ოცნების“ ჩვეულებრივი კოორდინატორივით იქცეოდა და შემოდიოდა პოლიტიკურ დისკუსიაში ჩვენთან, მაშინ, როცა პოლიციელი პოლიტიკურად მიუკერძოებელი უნდა იყოს.

გვეუბნებოდა – „უარესი გეკუთვნოდათ“, მე რომ ვყოფილიყავი დაგიმატებდით“. მე ვუთხარი, რომ აუცილებლად შეიცვლება ამ ქვეყანაში ხელისუფლება და მოგიწევს ამ სიტყვებზე პასუხისმგებლობა-მეთქი“, – ამბობს გენრი.

სენაკში გადაყვანის შემდეგ გენრი დოლიძეს არ მისცეს ადვოკატთან დაკავშირების უფლება და მოგვიანებით, დიდი ძალისხმევის შემდეგ, შეძლო დაჰკავშირებოდა ადვოკატს და ეცნო მისი ადგილსამყოფლის შესახებ.

მისი თქმით, დაკავების ოქმები იდენტურია და ყველგან წერია, რომ აქციის მონაწილეები პოლიციელზე დაუმორჩილებლობისა და გინების გამო დააკავეს.

„პირდაპირ გვეუბნებოდნენ მე და ბექა გრიგორიადისს (ბექა დაადასტურებს ამას), ასე ვიტყვით, რომ ჯებირს გადმოახტით, დედას გვაგინებდით და საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდითო. ჩვენ მოგიწოდეთ, რომ გაჩუმებულიყავით, არ გაჩუმდით და ამიტომ დაგაკავეთო. აი, ამ სიტყვებს გვიმეორებდნენ ის პოლიციელები, ვისაც ოქმზე მოაწერინეს ხელი და რეალურად იქ არ იყვნენ დაკავების დროს“, – ამბობს გენრი.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დაკავებიდან 58 საათი გავიდა, ექსპერტიზა ჯერ კიდევ არ ჩატარებია.

„გადამდის უკვე ეს სილურჯეები და რაც მეტი დრო გავა, კიდევ უფრო გაუფერულდება.

აღარ გამოჩნდება ნაკაწრები, მიწაზე რომ მახოხეს, არც ეს გამოჩნდება. ის, როგორც მე მომექცნენ, სისხლის სამართლის დანაშაულია და რადგან პოლიციის უფროსს ეხება ეს საქმე, სპეციალურად მაგვიანებინებენ, რომ გადამივიდეს ცემის კვალი“, – ამბობს გენრი დოლიძე.

მისი თქმით, მასთან ერთად იმყოფებოდა წინასწარი დაკავების იზოლატორში ბექა გრიგორიადისიც (ლაზარე გრიგორიადისის მამა), რომელსაც ასევე უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ.

„ექცეოდნენ არაადამიანურად. დასცინოდნენ წონის გამო – შენ რა გეტყობა, რომ შიმშილობ და ასე შემდეგ. ღირსებისშემლახავი სიტყვებით მიმართავდნენ“.

31 ივლისს აქციაზე დაკავებული 23 პირიდან 15 დაკავებული სასამართლომ გაათავისუფლა სხდომათა დარბაზიდან, მათი სასამართლო პროცესები მოგვიანებით გაიმართება. თუმცა აქამდე არსებული პრაქტიკით, ბათუმის სასამართლო აქციაზე დაკავებულებს ძირითადად ამტყუნებს და სოლიდური თანხითაც აჯარიმებს.

___

ამავე თემაზე: აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი

მტერი იძულებული გახდა, უკან დაეხია ანდრეევკასთან – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინელმა დამცველებმა რუსეთის საოკუპაციო ძალებს ანდრეევკას სამხრეთით, ბახმუტის რაიონში მდებარე პოზიციებიდან აიძულეს უკან დაეხიათ.

„ბახმუტის მიმართულებით ჩვენი ჯარები აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს ქალაქ ბახმუტის სამხრეთით.

თავდაცვის ძალების შეტევისას მტერი იძულებული გახდა, პოზიციებიდან უკან დაეხია ანდრეევკას სამხრეთით და უშედეგოდ შეეცადა აღადგინა დაკარგული პოზიციები კლეშჩეევკას ჩრდილოეთით და დასავლეთით, ასევე, კურდიუმოვკას ჩრდილო-დასავლეთით.

მძიმე ბრძოლები გრძელდება“ – იუწყება უკრაინის გენშტაბი.

ასევე, გენშტაბის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციას მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებებზე და მაგრდებიან მიღწეულ პოზიციებზე.

დღეს, 2 აგვისტოს, აშშ-ში, პენტაგონის სპიკერმა, გენერალმა პატრიკ რაიდერმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ უკრაინის კონტრშეტევა იქნება მძიმე და ხანგრძლივი და თქვა, რომ ვაშინგტონი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას მანამ, სანამ უკრაინას ეს დასჭირდება.

___________

ფოტო: უკრაინის გენერალური შტაბი

გამოცდების ცენტრი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარს ამბობს – ეს დანაშაულია

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უარს ამბობს აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებს ერთ-ერთი აბიტურიენტის, სანდრო ბაჩიაშვილის განმეორებით გამოცდაზე გასვლას.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 27 ივლისს დააკმაყოფილა აბიტურიენტის მოთხოვნა განმეორებითი გამოცდის უფლებაზე.

თუმცა დღეს ცნობილი გახდა, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარს აცხადებს. ეს დასტურდება წერილით, რომელიც დღეს, 2 აგვისტოს, გაუგზავნა ცენტრმა აბიტურიენტს.

„… რაც შეეხება განჩინების აღსრულების საკითხს, გაცნობებთ, რომ სასამართლოს გაეგზავნა ცენტრის პოზიცია აღნიშნული განჩინების აღუსრულებლობის შეუძლებლობაზე და განემარტა, რომ 2023 წლის 25 ივლისს ცენტრმა ჩაატარა ისტორიის საგანში დამატებითი სესია იმ პირებისთვის, ვისაც წარმოდგენილი ჰქონდა შესაბამისი დოკუმენტი.

ამიტომ, ვინაიდან ისტორიის საგანში უკვე ჩატარდა დამატებითი სესია, ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას, აღასრულოს სასამართლოს განჩინება და დაუშვას აბიტურიენტი გამოცდაზე“, – წერია გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ წერილში, რომელიც აბიტურიენტს გაეგზავნა.

აბიტურიენტის უფლებებს სასამართლოში იცავდა არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ანა არგანაშვილის თქმით, ცენტრის პასუხში ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ სახელმწიფო უწყება უარს ამბობს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.

„სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობა სისხლის სამართლის დანაშაულია – ყველაფერი დგას იმაზე, რომ სასამართლოს ყველა გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს.

მაშინ რა თქვას იმ ადამიანმა, ვისაც საპატიმრო სასჯელი მიუსაჯეს? შეიძლება, რომ არ აღასრულო ასეთი გადაწყვეტილება? ეს პრეცედენტი ძალიან საშიშია და შეუძლებელია, რომ ამას გულგრილად მოვეკიდოთ, რადგან ეს საფრთხეს უქმნის სასამართლოს ყველა სხვა გადაწყვეტილებასაც“, – ამბობს ანა არგანაშვილი.

მისი თქმით, გამოცდების ცენტრის არგუმენტი ვერ მიიჩნევა  ლეგიტიმურად, რადგან ის ეუბნება სასამართლოს, რომ მან უკვე ჩაატარა განმეორებითი გამოცდა და კიდევ ერთხელ ვერ ჩაატარებს.

„მატერიალური რესურსების მიზეზად მოყვანა სრულიად არარელევანტურია, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ დისკრიმინაციაზე. გაეროს კომიტეტის განმარტებაა, რომ დაუშვებელია ამ არგუმენტით უარი უთხრა აბიტურიენტს განმეორებით გამოცდაზე.

ცენტრი როცა ამბობს, რომ უკვე ჩაატარა განმეორებითი გამოცდა, ის იყო სხვა მიზეზით განპირობებული. ხოლო როცა დაგავალებს სასამართლო, ის აუცილებლად უნდა აღასრულო.

არც კი მიმაჩნია, რომ გამოცდების ცენტრის არგუმენტაციაში უნდა შევიდეთ ღრმად, რადგან სამართლებრივად ეს არგუმენტი არარელევანტურია, ცალსახად ურღვევს ნაეკი არა მარტო განათლების უფლებას აბიტურიენტს, არამედ მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის უფლებასაც. რა თქმა უნდა, ეს მომავალში  შეფასდება როგორც ძალიან სერიოზული დარღვევა სახელმწიფო უწყების მხრიდან, მაგრამ ეს არის დროის საკითხი და აბიტურიენტს ახლა სჭირდება ამ გადაწყვეტილების აღსრულება“, – ამბობს ანა არგანაშვილი.

მისი თქმით, თუ სახელმწიფო უწყებები უარს იტყვიან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე, ეს უკვე არის სერიოზული კრიზისი მართლმსაჯულებაში.

აბიტურიენტი სანდრო ბაჩიაშვილი მესამე გამოცდის წინ ავად გახდა, რის გამოც  მან ვერ მოახერხა ეროვნულ გამოცდაზე გასვლა.

„ბათუმელებთან“  აბიტურიენტის დედა საუბრობს იმ გარემოებებზე, რის გამოც მისმა შვილმა ფიზიკურად ვერ შეძლო გამოცდაზე გასვლა.

_______________

ამ თემაზე:

ჩემი შვილი ავად იყო, მაგრამ განმეორებით გამოცდაზე გასვლის უფლებას არ აძლევენ – მშობელი

 

რუსეთი დრონებით დაესხა თავს ოდესისა და იზმაილის პორტებს

2 აგვისტოს, ღამე, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოდესის პორტზე მიიტანეს იერიში. რუსეთის მიერ გაშვებული ირანული „შაჰედების“ თავდასხმის შედეგად დაზიანდა ოდესის პორტის ინფრასტრუქტურა, ლიფტი და მარცვლეულის საცავები.

ასევე, რუსეთმა დრონებით მიიტანა იერიში მდინარე დუნაის დელტაში მდებარე ისმაილის პორტის ადმინისტრაციულ შენობაზე.

უკრაინული მედია წერს, რომ რუსეთი ცდილობს სწორედ პოსტის ინფრასტრუქტურა გაანადგუროს დუნაის პირას, რათა უკრაინიდან ვერ მოხერხდეს მარცვლეულის გატანა მას შემდეგ, რაც რუსეთი გავიდა ე.წ. „მარცვლეულის შეთანხმებიდან“.

გუშინ, პირველ აგვისტოს, „ფორბსი“ წერდა, რომ შავ ზღვაში რუსეთის მიერ უკრაინის მიმართ გამოცხადებული საზღვაო ბლოკადა გაარღვია სამმა სამოქალაქო სატვირთო გემმა მარცვლეულის გადასატანად და ისმაილის პორტში შევიდა.

_________________

ფოტოზე: იზმაილის ნავსადგურის ადმინისტრაციული შენობა

„სიყვარული მძიმეა“ – ბულვარი ქანდაკებას თავდადებულის ქუჩის დასაწყისში დადგამს

ქანდაკების – „სიყვარული მძიმეა“ დადგმა ბულვარის ადმინისტრაციამ თავდადებულის ქუჩის დასაწყისში გადაწყვიტა.

ესკიზის მიხედვით ქანდაკების დამზადება-მონტაჟის სახელმწიფო შესყიდვაზე ბულვარმა ტენდერი 24 ათას 540 ლარით გამოაცხადა.

ადგილი ბულვარში, სადაც ქანდაკება – „სიყვარული მძიმეა“ უნდა დაიდგას / ფოტო ტენდერიდან

ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 20 აგვისტოს დაიწყება და 22 აგვისტოს დასრულდება.

ქანდაკების დამზადება-მონტაჟი, როგორც ტენდერის პირობაშია აღნიშნული, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან, ეტაპობრივად, 60 დღის განმავლობაში უნდა დასრულდეს.

ქანდაკება „სიყვარული მძიმეა“ / რენდერები პროექტიდან

ბულვარის ადმინისტრაციას 2022 წელს ქანდაკების დამზადება-მონტაჟისთვის 25 ათასი ლარის ტენდერის გარეშე დახარჯვა ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ თანხმობა არ მისცა.

ქანდაკების დადგმა ბულვარის ადმინისტრაციას ესკიზის ავტორმა, გელა წულაძემ 2022 წლის 24 ოქტომბერს შესთავაზა.

ქანდაკების დამზადება-მონტაჟის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია კი, ბულვარმა შპს „საბასგან“ 6 895 ლარად შეისყიდა [სახელშეკრულებო თანხა დღგ-ს ჩათვლით]. ბულვარს დოკუმენტაციის შესყიდვაზეც ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული 6 144 ლარით [დღგ-ს გარეშე].

ამ თემაზე:

რატომ აიღეს „ყირამალა“ ბათუმის ბულვარიდან

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 2 აგვისტოს 21 საათიდან 3 აგვისტოს 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარის რეგიონში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან ელვა-ჭექა და  ხანმოკლე წვიმა, დღისით უმეტესად უნალექოდ;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 27 – 32 გრადუსი სითბო
  • ღამით: 17 – 22 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა: 2-3 ბალი; ზღვის წყლის ტემპერატურა +27 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 4 და 5 აგვისტოს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

ყალბი ერთლარიანი მონეტების გასაღების ფაქტზე 2 პირი დააკავეს – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შიდა ქართლის რეგიონში, 2022 წლის დეკემბრიდან მიმდინარე წლის ივლისის პერიოდში, სისტემატურად ასაღებდნენ ყალბ ერთლარიან მონეტებს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში ამოღებულ იქნა 524 ცალი ყალბი ერთლარიანი მონეტა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

უწყების ინფორმაციით, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები ყალბი მონეტების დამამზადებლისა და აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.

საგამოძიებო სამსახურის ფოტოები
მთავარი ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 2 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 2 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 247 230 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +540]
  • ტანკი – 4 217 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 8 213 ერთეული [+8]
  • საარტილერიო სისტემა – 4 866 ერთეული [+27]
  • MLRS – 700 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 463 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 311 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 042 ერთეული [+15]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 347 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 7 349ერთეული [+25]
  • სპეცტექნიკა – 718 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 2 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 458 თვითმფრინავი
  • 245 ვერტმფრენი
  • 5 430 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 427 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 11 084 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 142 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 5 719 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 12 020 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

  • ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]რუსეთი დრონებით დაესხა თავს ოდესისა და იზმაილის პორტებს[/yellow_box]

ამავე თემაზე:

შავ ზღვაში რუსეთის ბლოკადა გაარღვია სამმა გემმა და უკრაინაში შევიდა – „ფორბსი“

„ბათუმელების“ მკითხველმა 15 485 ლარი შეუგროვა იმედას – ის საფრანგეთში მიდის სამკურნალოდ

იმედა ენდელაძის დიაგნოზი თავის ტვინის კავერნოზული ჰემანგიომაა. ეს იმას ნიშნავს, რომ შუბლის მარცხენა მხარეს, თავის ტვინში მრავალი ჰემანგიომა აქვს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან უბნებში. საფრანგეთში, ბორდოს სახელმწიფო კლინიკაში იმედას უთხრეს, რომ ქირურგიული ჩარევა შეუძლებელია, რადგან ვერ გადარჩება.

თუმცა ამავე კლინიკაში უთხრეს, რომ 90% აქვს გამოჯანმრთელების შანსი 2-წლიანი ინტენსიური მკურნალობით, რაც საფრანგეთში შესაძლებელია, თუ ქვეყანას ლტოლვილად ჩაბარდება.

ლტოლვილის სტატუსის მიღებამდე იმედამ საფრანგეთში სულ მცირე 3, 4 თვე უნდა შეძლოს დამოუკიდებლად ბინის დაქირავება და თავის რჩენა, რისი საშუალებაც მას არ ჰქონდა. ბინის დაქირავება საფრანგეთის ქალაქებში საშუალოდ 1000 ევრო ღირს ყოველთვიურად, ამას ემატება კვებისა და გადაადგილების ხარჯი, რაც ჯამში, სულ მცირე, 1500 ევროა ყოველთვიურად.

3, 5 თვე რომ შეძლოს იმედამ საფრანგეთში ცხოვრება დამოუკიდებლად, ლტოლვილის სტატუსის მიღებამდე სულ მცირე 5000 ევრო სჭირდება.

იმედა ენდელაძის შესახებ „ბათუმელებმა” სტატია 7 ივლისს მოამზადა. გამოცემის მკითხველებმა სტატიის გამოქვეყნების შემდეგ იმედას ანგარიშზე ჯამში 15 ათას ლარზე მეტი გადარიცხეს.

„არ ველოდი ეს თანხა თუ შეგროვდებოდა. მადლობა ყველას, ვინც გულისხმიერება გამოიჩინა და თუნდაც 1 ლარი ჩარიცხა ჩემ ანგარიშზე. უზარმაზარი იმედი მომეცა, ყველაფერს დავძლევ და გადავლახავ“, – ამბობს იმედა ენდელაძე.

იმედამ უკვე შეიძინა საფრანგეთში გასამგზავრებლად თვითმფრინავის ბილეთი. ის აგვისტოში აპირებს წასვლას

აჭარის მთავრობა უპატრონო პობედას აუქციონზე ყიდის

სასამართლოს მიერ უპატრონოდ ცნობილ „პობედას“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აუქციონზე 5 000 ლარად ყიდის. ვაჭრობის ბიჯი 200 ლარია. ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და 2023 წლის 15 აგვისტოს დასრულდება.

აუქციონის მიხედვით, „ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით, „უპატრონოდ იქნა ცნობილი და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში გადაეცა მექანიკური სატრანსპორტო საშუალება – ავტომანქანა „გაზ 20 პობედა“ (ძარა: 79246, ძრავა: LJ 38864, შასი: 108144, გამოშვების წელი 1953, ფერი: ყავისფერი 1/8).“

გასაყიდად გამოტანილი „პობედა“ / ფოტო აუქციონიდან

„სატრანსპორტო საშუალებაში არსებული ძრავა (LJ38864) წარმოადგენს არა ,,გაზ 20“-ის, არამედ სხვა მარკა მოდელის სატრანსპორტო საშუალების ძრავას.

სატრანსპორტო საშუალებას სამინისტროს მფლობელობაში გადმოსვლამდე (2009 წელი) შეუცვალეს ძრავა, ხოლო აღნიშნული ცვლილება არ არის კანონით დადგენილი წესის შესაბამისად რეგისტრირებული, ავტომანქანის ე.წ. ტექპასპორტში მითითებულია შეცვლამდე არსებული ძრავას ნომერი.

ამასთან, არ არსებობს ინსპექტირების ცენტრის მიერ გაცემული, გადაკეთებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების ანგარიში, სატრანსპორტო საშუალება არის არამუშა მდგომარეობაში, არ იქოქება და ძრავა არ მუშაობს. შესაბამისად, შეუძლებელია სატრანსპორტო საშუალების წარდგენა ინსპექტირების ცენტრში მუშა და გამართულ მდგომარეობაში ინსპექტირების პროცედურების ჩასატარებლად.

აღნიშნულის გამო სატრანსპორტო საშუალების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებად აღრიცხვის პროცედურები შეუძლებელი ხდება.

სამინისტრო არ იღებს პასუხისმგებლობას ავტოსატრანსპორტო საშუალების დადგენილი წესით რეგისტრაციის პროცედურების განხორციელების თაობაზე“, – აღნიშნულია აუქციონზე გამოტანილი „პობედის“ აღწერილობაში.

გასაყიდად გამოტანილი „პობედა“ / ფოტო აუქციონიდან

ეს არ არის პირველი „პობედა“, რომელსაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ყიდის. სამინისტრომ 2019 წელს აუქციონზე გატანილი კიდევ ერთი „პობედა“ 4800 ლარად გაყიდა.:

დაჟანგული „პობედა“ სამინისტრომ მესამედ გაყიდა – ამჯერად 4 800 ლარად

 

მიწის უფასოდ აზომვა რიყეთშიც დასრულდა – შედეგები 28 აგვისტომდე უნდა გადაამოწმოთ

საჯარო რეესტრის ინფორმაციით, ამჯერად საჯაროდ გამოქვეყნდა ხულოს მუნიციპალიტეტის რიყეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში ჩატარებული საკადასტრო სამუშაოების მონაცემები.

მესაკუთრეებმა/დაინტერესებულმა პირებმა მონაცემები 28 აგვისტომდე უნდა გადაამოწმონ და შენიშვნების შემთხვევაში განცხადებით მიმართონ რეესტრს. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ კი, რეესტრი აზომვის მონაცემებს მათ მიერ მოწონებულად ჩათვლის.

  • რეესტრის ინფორმაციით, მონაცემების გაცნობა შესაძლებელია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე

რიყეთში ჩატარებული აზომვითი სამუშაოების მონაცემებთან ერთად, ასევე გამოქვეყნდა მესტიისა და ხობის მუნიციპალიტეტების სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარებული აზომვითი სამუშაოების მონაცემები:

მიწის სისტემური [უფასო] რეგისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით 2025 წლამდე უნდა დასრულდეს. ამასთან, „2023 წლის 1-ელი იანვრიდან 2025 წლის 1-ელ იანვრამდე პერიოდში სპორადული რეგისტრაციის ან სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია, ამავე პერიოდის განმავლობაში, არ გაითვალისწინება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას“.

საჯარო რეესტრის ვებგვერდზე, გრაფაში  „აზომვის მოთხოვნა“ – მოქალაქეებს შეუძლიათ დააფიქსირონ საკუთარი თავი [ე.წ. „მომლოდინეთა სიაში“], სადაც საკონტაქტო ინფორმაციასაც მიუთითებენ და მოითხოვონ მიწის ნაკვეთის უფასოდ აზომვა/რეგისტრაცია. რეესტრი ამ მონაცემებითაც ისარგებლებს.

ივლისის დასაწყისში საჯაროდ გამოქვეყნდა ხულოს მუნიციპალიტეტის დიდაჭარის ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარებული აზომვითი სამუშაოების მონაცემები. დიდაჭარის მცხოვრებებს მონაცემების გადამოწმება 2023 წლის 10 აგვისტომდე შეუძლიათ.

ამ თემაზე:

დიდაჭარაში მიწის აზომვა დასრულდა – შედეგების გადამოწმება რეესტრში შეიძლება

ბათუმის აქციის მონაწილეებს სასამართლო ხელწერილით ათავისუფლებს – პროცესები გადაიდო

დღეს, პირველ აგვისტოს, ბათუმში რუსეთიდან შემოსული გემის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესები იმართება. ყველა მათგანის საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე უძღვებოდა.

დღეს, 17:00 საათზე 8 დაკავებულის სასამართლო პროცესი გაიმართა. სულ 23 პირია დაკავებული.

პროცესების უმრავლესობა 7 აგვისტოსთვის გადაიდო.

31 ივლისს აქციაზე დაკავებული 20 წლის ილია ანთაძის სასამართლო პროცესი, ადვოკატის მოთხოვნით, 8 აგვისტოს გადაიდო. ადვოკატის თქმით, მათთვის ჯერჯერობით არ გადაუციათ დაკავების ოქმები და საქმის მასალები, ასევე საჭიროა დრო  მტკიცებულებების შესაგროვებლად.

მედიასთან საუბარში ილია ანთაძემ აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია დაკავების მოტივი. დაკავებისას კი პოლიციელებმა ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს.

იმავე მიზეზით გადაიდო ლადო ჩიბურდანიძის სასამართლო პროცესიც 7 აგვისტოსთვის.

მოსამართლემ 7 აგვისტოს გადადო გიორგი სანაძის სასამართლო პროცესიც. ამ შემთხვევაშიც ადვოკატი აცხადებდა, რომ მოპასუხე მხარე არ იცნობს საქმის მასალებს და არც დაკავების ოქმი წარუდგენიათ.

გუშინ, 31 ივლისს, საპროტესტო აქციაზე პოლიციამ უკრაინის მოქალაქე დმიტრო ზაკრევსკიც დააკავა. მისი სასამართლო პროცესიც დღეს გაიმართა, თუმცა საქმის განხილვა ასევე 7 აგვისტოსთვის გადაიდო ადვოკატის მოთხოვნით.

როგორც წინა საქმეებშიც, აქაც ადვოკატი ამბობდა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება და საქმის მასალების გაცნობა.

ადვოკატმა ასევე მოითხოვა, რომ სასამართლო პროცესები  დასრულდეს 25 აგვისტომდე, რადგან ამ დროისთვის დმიტრო ზაკრევსკიმ ქვეყანა უნდა დატოვოს.

დღეს გაიმართა კიდევ ორი დაკავებულის – მირიან ჯიბლაძისა და რამაზ გორგაძის სასამართლოც, თუმცა ეს პროცესით იმავე მიზეზით გადაიდო 7 აგვისტოსთვის.

ერთადერთი, ვინც დღეს სასამართლოზე ადვოკატის გარეშე გამოცხადდა, გიგა შალიკაძე იყო. მას პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობას და ხულიგნობას ედავება მოსარჩელე მხარე.

პოლიციელი, რომელმაც შალიკაძის დაკავების ოქმი გამოსცა, ამბობდა, რომ შალიკაძე არ დაემორჩილა მის მოთხოვნას, გადასულიყო გზიდან და იგინებოდა პოლიციელების მისამართით.

გიგა შალიკაძემ სასამართლოზე განაცხადა, რომ ის იზიარებს წაყენებულ ბრალდებას.

მოსამართლის განცხადებით, გიგა შალიკაძის გადაწყვეტილება ხვალ, 2 აგვისტოს, 12:00 საათზე გამოცხადდება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მეორედ გაიმართა საპროტესტო აქცია ბათუმის პორტში, რუსეთიდან შემოსული საკრუიზო გემის წინააღმდეგ.

საპროტესტო აქციაზე დააკავეს „დროას“ რეგიონული ხელმძღვანელი გენრი დოლიძეც, მისი სასამართლო პროცესიც დღეს არის ჩანიშნული. წინასწარი ინფორმაციით, გენრი დოლიძეს დაკავებისას სცემეს.

აქციაზე დაკავებული ზოგიერთი პირი დღეს ხელწერილით გაათავისუფლეს. სასამართლო პროცესები კი გადაიდო.

_______________

ამ თემაზე:

შესაძლოა იკვეთებოდეს უფლებამოსილების გადამეტება – საია ბათუმში მოქალაქეების დაკავებაზე

შავ ზღვაში რუსეთის ბლოკადა გაარღვია სამმა გემმა და უკრაინაში შევიდა – „ფორბსი“

შავ ზღვაში რუსეთის მიერ უკრაინის მიმართ გამოცხადებული საზღვაო ბლოკადა გაარღვია სამმა სამოქალაქო სატვირთო გემმა, მათგან ერთს თურქულ-ქართული რეგისტრაცია აქვს, ერთ – ისრაელის, ერთს კი – საბერძნეთის – ამის შესახებ „ფორბსი“ წერს.

გამოცემის ცნობით, გემებმა ღუზა ჩაუშვეს უკრაინის პორტში, იზმაილში, მარცვლეულის გადასატანად. მდინარე დუნაის დელტაში მდებარე ეს პორტი რუმინეთთანაა ახლოს.

გემი, სახელწოდებით YILMAZ KAPTAN-ი, რომელიც „ფორბსის“ სტატიაში მითითებულია, როგორც თურქულ-ქართული რეგისტრაციის მქონე, რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა ფოთში. marinetraffic.com-ის ცნობით, გემი ვანუატუს დროშით ცურავს.

გემებს შავ ზღვაში ნატოს ოთხი სამხედრო თვითმფრინავი პატრულირებდა: აშშ-ს საზღვაო ძალების P-8 საპატრულო თვითმფრინავი, აშშ-ს არმიის „ჩელენჯერი“ ზედაპირის სკანირების რადარით, აშშ-ის საჰაერო ძალების RQ-4 და ნატოს სადაზვერვო თვითმფრინავი E-3.

„ფორბსის“ ცნობით, ჩვეულებრივ, არც ერთი ეს თვითმფრინავი არ არის შეიარაღებული, მაგრამ ნატოს საბრძოლო თვითმფრინავები, მათ შორის იტალიური Eurofighter-ები და F-16-ები ახლოს იყვნენ რუმინეთში.

„ფორბსი“ წერს, რომ სატვირთო ხომალდები არ ცდილობდნენ განზრახვის დაფარვას, მათი მდებარეობა და კურსი ხილული იყო ღია წყაროებში.

რუსეთმა 17 ივლისს განაცხადა, რომ წყვეტდა მონაწილეობას ე.წ. მარცვლეულის შეთანხმებაში და ფაქტობრივად დაემუქრა ყველა ქვეყანას, რომელთა გემებიც შავი ზღვის აკვატორიაში უკრაინის პორტებისკენ გაემართებოდნენ. რუსეთმა განაცხადა, რომ კონფლიქტში ჩართულად ჩათვლიდა ყველა იმ ქვეყანას, რომლის დროშის ქვეშ მცურავი გემებიც უკრაინის ტერიტორიულ წყლებში გამოჩნდებოდა.

ამის მიუხედავად, ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი ივლისის ბოლოს წერდა, რომ გაზრდილი სამხედრო მზაობის მიუხედავად, ნაკლებ სავარაუდოა, რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა შეძლოს უკრაინის სრული ბლოკადა შავ ზღვაში.

___________

ფოტო: ukrinform.net

ბათუმში აქციაზე პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო

სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს 31 ივლისს ბათუმში, ნავსადგურთან გამართული საპროტესტო აქციის დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლის მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტებს – ინფორმაციას ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახური თავად ავრცელებს.

საგამოძიებოს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

„გამოძიების დაწყებას საფუძვლად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში სახალხო დამცველის აპარატიდან და შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან შემოსული შეტყობინებები დაედო“ – აღნიშნულია განცხადებაში.

31 ივლისს ბათუმში გამართულ აქციაზე რუსეთიდან შემოსული საკრუიზო ლაინერის წინააღმდეგ პოლიციამ 23 პირი დააკავა. დაკავებულებს შორის არის ბექა გრიგორიადისი, ლაზარე გრიგორიადისის მამა. ასევე „ალტერნატივას“ ხელმძღვანელი, ხათუნა ბერიძე, „დროას“ ხელმძღვანელი აჭარაში – გენრი დოლიძე, დეპუტატ ლევან ანთაძის შვილი – ილია ანთაძე, გიორგი გველესიანი, ირაკლი ხარჩილავა, ირაკლი მეტრეველი, ლუკა წულაძე, მიშა აბზიანიძე, რევაზ მიქელაძე, გიგა შალიკაძე და სხვები. ასევე, დაკავებულია უკრაინის ერთი მოქალაქე.

დაკავებულთა ინტერესებს იცავენ: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „გამჭვირვალობა საქართველო“ და „საფარი“.

ამავე თემაზე: 

რამდენიმე დაკავებულს აქვს დაზიანებები – საია აქციის მონაწილეებზე

ბათუმის კაფეებში უცხო ენაზე მომსახურების საკითხს შევისწავლით – კონკურენციის სააგენტო 

ბათუმში, კაფე-ბარებში, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტზე, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საკითხის შესწავლა დაიწყო.

„საკითხი ეხება – 11 მოვაჭრის მიერ, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, კაფე-ბარებში, მხოლოდ უცხო ენაზე მომსახურებას.

კერძოდ, „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ წერილის საფუძველზე, საცნობარო (კვების) მენიუ შედგენილია და მომხმარებელს  არასახელმწიფო ენაზე მიეწოდება.

შესაბამისი სამსახურის მიერ განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში ასევე დასტურდება, რომ კვების ობიექტებში  სახელმწიფო ენის არცოდნის გამო, ხშირად, მომხმარებლებს ქართულ ენაზე მომსახურების გაწევაზე უარს ეუბნებიან. მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ სავაჭრო ობიექტების რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს“, – აღნიშნულია კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„საუბარია, ძირითადად, რუსულ ენაზე“ – უთხრეს „ბათუმელებს“ კონკურენციის სააგენტოში.

„სააგენტოს, ერთიდან სამ თვემდე ვადა აქვს, რათა დაადასტუროს კანონდარღვევა, უარყოს, ან თავად დამრღვევმა შეიძლება აღიაროს. კონკრეტული დარღვევისა თუ სავაჭრო ობიექტის დასახელებას რაც შეეხება, ეს საკითხის შესწავლის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი“, – გვითხრეს სააგენტოში.

სააგენტოს ინფორმაციითვე, პირველ ეტაპზე კანონდარღვევის დადასტურების შემთხვევაში ობიექტის მესაკუთრეს აფრთხილებენ, რომ მდგომარეობა გამოასწოროს. დარღვევის განმეორების შემთხვევაში კი, კანონი ითვალისწინებს ჯარიმას – წინა წლის ფინანსური ბრუნვის 2 პროცენტის ოდენობით. თუ წინა წელს არ აქვს ბრუნვა, ობიექტი დაახლოებით 600 ლარით დაჯარიმდება.

„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია საქართველოს ტერიტორიაზე მომსახურება განახორციელოს ქართულ ენაზე.

კონკურენციის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ „კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საკითხის შესწავლას იწყებს კონკრეტული მომართვის შემთხვევაში, თუ მას აქვს ინფორმაცია, რომ კონკრეტული მოვაჭრის ქმედებ(ებ)ის შედეგად ირღვევა ან შესაძლოა დაირღვეს მომხმარებელთა ჯგუფის უფლება და მათ ინტერესს ადგება ან შესაძლოა მიადგეს ზიანი.“

„ბათუმელებს“ ასევე განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე ანალოგიურ კანონდარღვევის შესაძლო ფაქტებზე საკითხს ქვეყნის სხვა ქალაქებში, მაგალითად თბილისში, სააგენტო არ სწავლობს.

„სააგენტოს სპეციალურ განაცხადით უნდა მოგვმართონ შესაძლო კანონდარღვევაზე, მათ შორის ნებისმიერმა, ვინც თვლის, რომ მისი უფლება დაირღვა. ამისთვის განაცხადის ფორმა უნდა შეავსონ აუცილებლად. მხოლოდ ცხელ ხაზზე დარეკვით ან ფეისბუქზე მოწერით საკითხის შესწავლას ვერ დავიწყებთ. ამ ეტაპზე ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ ჩაატარა მონიტორინგი და მოგვმართა, რის საფუძველზეც დავიწყეთ საკითხის შესწავლა. ასეთი მომართვა თბილისიდან ან სხვა ქალაქებიდან არ გვაქვს“, – გვითხრეს კონკურენციის სააგენტოში.

სააგენტოს სპეციალური განაცხადის ფორმა, ცხელ ხაზის ნომერი – 598 05 4422 , ელ/ფოსტა: consumer@gnca.gov.ge

ამავე თემაზე:

რა ხდება ბარებში, რომლებიც მობილიზაციას გამოქცეულმა რუსებმა გახსნეს ბათუმში – VIDEO

რამდენიმე დაკავებულს აქვს დაზიანებები – საია აქციის მონაწილეებზე

პარტია „დროას“ ინფორმაციით, მათი პარტიის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელს გენრი დოლიძეს დაკავების დროს და დაკავების შემდეგაც პოლიციელებმა სცემეს. ის სენაკის დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

გენრი დოლიძის ინტერესებს საია იცავს.

საიას ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, თამარ წულუკიძის ინფორმაციით, ის უკვე მოინახულა ადვოკატმა და ადასტურებს, რომ გენრის დაზიანებები აქვს:

„გენრი ამბობს, რომ დაზიანებები არამხოლოდ დაკავების დროს, არამედ გადაყვანის დროსაც მიაყენეს.“

რუსული გემის შემოსვლის წინააღმდეგ ბათუმში გამართულ აქციაზე 23 მოქალაქე დააკავეს, მათ შორის ორი უკრაინის მოქალაქეა. ოთხი დაკავებულის ვინაობა და ადგილსამყოფელი კი ჯერ ისევ არ ვიცით.

დაკავებულებს სახელმწიფო [მუხლი 166-ე] წვრილმან ხულიგნობას და [მუხლი 173-ე] პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.

საიას ინფორმაციით, რომელიც დაკავებულების ინტერესებს იცავს, ამ დრომდე სასამართლოსთვის არ გადაუციათ საქმის მასალები. შესაბამისად, ჩანიშნული არ არის სასამართლო პროცესები.

დაკავებული 23 პირიდან უმეტესობას უკვე შეხვდა ადვოკატი და ისინი ადასტურებენ, რომ რამდენიმე მათგანს დაზიანებები აღენიშნება.

ბათუმის პორტში საპროტესტო აქციაზე დაკავებულებს შორის არის ბექა გრიგორიადისი, ლაზარე გრიგორიადისის მამა. ასევე დეპუტატ ლევან ანთაძის შვილი – ილია ანთაძე, გიორგი გველესიანი, ირაკლი ხარჩილავა, ირაკლი მეტრეველი, ლუკა წულაძე, მიშა აბზიანიძე, რევაზ მიქელაძე, გიგა შალიკაძე, მირიან ჯალაბაძე, ლადო ჩიბურდანიძე, რამაზ გიორგაძე, დიმიტრი ზერვესკი, გიორგი სანაძე, ბადრი ფუტკარაძე, ავთანდილ დოლიძე.

დაკავებულებს შორის ორი ქალია, ერთი უკრაინის მოქალაქეა – მარინა ჩობონიანი. ასევე დაკავებულია არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ ხელმძღვანელი ხათუნა ბერიძე.

გარდა ამისა, საიას თავმჯდომარის თქმით, არსებობს კადრები, სადაც ჩანს, როგორ აკავებენ მოქალაქეს, რომელიც მარტო იდგა და არაფერს აშავებდა: „საინტერესოა, რა საფუძვლით შეადგინეს ოქმი.“

აქციაზე დაკავებულ უკრაინელ ქალს ექიმის დახმარება დასჭირდა – ადვოკატი

ბათუმში რუსეთიდან შემოსული გემის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებულ ქალს, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, ექიმის დახმარება დასჭირდა. ადვოკატ ნინო ირემაძის თქმით, დაკავებულ ქალს დახურული სივრცის შიში აქვს და რამდენჯერმე შეუძლოდ გახდა:

„რამდენჯერმე გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ჯგუფი.“

ნინო ირემაძემ დაკავებული ქალი უკვე მოინახულა, ის ოზურგეთის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

ადვოკატის თქმით, ქალი ამბობს, რომ პოლიციამ მისი დაკავების დროს არაპროპორციული ძალა გამოიყენა: „დაზიანებებზეც საუბრობდა“.

უკრაინის მოქალაქის, დაკავებული ქალის ინტერესებს „საფარის“ იურისტი ნინო ირემაძე იცავს.

აქციაზე დაკავებულების ინტერესებს იცავს ასევე საქართველოს იურისტთა ასოციაცია [საია] და „გამჭვირვალობა საქართველო“.

საიას ინფორმაციით, აქციაზე უკრაინის კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს, მის ინტერესებს საია იცავს.

საერთო ჯამში რუსეთიდან გემის შემოსვლის საწინააღმდეგო აქციაზე ბათუმში 23 პირი დააკავეს.  ისინი ბათუმის, ოზურგეთისა და სენაკის წინასწარი დაკავების იზოლატორებში გადაიყვანეს.

საიას ინფორმაციით, ამ დრომდე დაკავებულების საქმე სასამართლოს არ გადასცემია. შესაბამისად, პროცესი ჩანიშნული არ არის, როგორც საია ვარაუდობს, პოლიცია ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ მაქსიმალურ ვადას – 72 საათს იყენებს.

დაკავებების კანონიერებას საია გაასაჩივრებს.

საიას აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თამარ წულუკიძის ინფორმაციით, ფიქსირდება სიტყვიერი შეურაცხყოფაც პოლიციელების მხრიდან.

ამ დრომდე საია ვერ არკვევს 23 დაკავებულიდან 4 პირის ვინაობას და მათ ადგილსამყოფელს.

დაკავებულებს სახელმწიფო [მუხლი 166-ე] წვრილმან ხულიგნობას და [მუხლი 173-ე] პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.

___
პალაუს დროშის ქვეშ მცურავი გემი Astoria Grande, რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ი ემსახურება, ბათუმის ნავსადგურში ორჯერ – 27 და 29 ივლისს შემოვიდა. ბათუმში ლაინერის შემოსვლას საპროტესტო აქციით დახვდნენ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ გემი ეკუთვნის რუსულ კომპანია Sovtracht-ს, რომლის მფლობელი დიმიტრი პურიმი უკრაინის მიერ არის სანქცირებული. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში კი აცხადებენ, რომ ეს ლაინერი სანქცირებული არ არის.

34 წლის კაცმა მოზარდი გააუპატიურა, მას ფოტოების გავრცელებით აშანტაჟებდა – საგამოძიებო

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე 8 პირი ამხილეს.

„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 2 ივნისს 1989 წელს დაბადებულმა ი.ხ.-მ, თემქის დასახლებაში არასრულწლოვან დაზარალებულს საქმროსთან სქესობრივი აქტისას, ა/მანქანიდან მობილური ტელეფონით ფარულად გადაუღო ფოტოები. მოგვიანებით ქუჩაში გააჩერა არასრულწლოვანი გოგონა, წარუდგინა მას ფარულად გადაღებული ინტიმური შინაარსის ფოტოები, მისი გავრცელებისა და გახმაურების მუქარით ჩასვა ა/მანქანაში და მასთან არანებაყოფლობით სქესობრივი აქტი დაამყარა“, – წერს საგამოძიებო.

მათივე ინფორმაციით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებულის მომართვის შემდეგ, გადაუდებელი საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებების შედეგად ბრალდებული დააკავა. მას ბრალდება გაუპატიურებისა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის წარედგინა. დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ანალოგიური ტიპის დანაშაულზე სხვა პირებიც დააკავა. „დანაშაულში მხილებულია ბოლნისის რაიონში მცხოვრები 1985 წ-ს დაბადებული ი. ა., რომელმაც 2022 წლის 28 მაისს შიშველ მდგომარეობაში მყოფ დაზარალებულს იძულებით გადაუღო ფოტოები და შემდეგ გააუპატიურა, რა დროსაც, კუთვნილი მობილური ტელეფონით მოახდინა აღნიშნული პროცესის უკანონოდ გადაღება. ბრალდებულმა უკანონოდ გადაღებული ფოტოსურათი „ფეისბუქმესენჯერის“ საშუალებით გადაუგზავნა დაზარალებულის არასრულწლოვან შვილს.

გაუპატიურების ფაქტთან დაკავშირებით ი.ა-ს მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის მას ბრალდება წარედგინა. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“.

რაც შეეხება დანაშაულში მხილებულ კიდევ 6 პირს, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს სოციალური ქსელით გაცნობილ ქალბატონებთან ურთიერთობა სხვადასხვა დროს ჰქონდათ და მათი პირადი მობილური ტელეფონებისა და სოციალური ქსელების საშუალებით პირადი ცხოვრების ამსახველ ინტიმურ ფოტოებს, მიმოწერებსა და ვიდეოებს მოიპოვებდნენ. ბრალდებულები დაზარალებულების პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებს სოციალურ ქსელ „facebook”-ისა და „whatsapp”-ის საშუალებით  სხვა პირებს უგზავნიდნენ. აღნიშნული ქმედებით დაირღვა მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოება“.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებულების მომართვის შემდეგ, მათი კონფიდენციალურობის სრული დაცვით, საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების ჩატარება მოკლე დროში უზრუნველყო, რის შემდეგაც მოხდა ბრალდებულების მხილება და მათი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტების აღსაკვეთად და დანაშაულში მხილებული პირების გამოსავლენად ბრძოლას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს.

„მასკვა სიტიში“ ცათამბჯენს დრონი დაესხა თავს – მოსკოვის მერი

დღეს, პირველ აგვისტოს, რუსეთის დედაქალაქში, მოსკოვში, ე.წ. „მასკვა სიტიში“ მდებარე ცათამბჯენს დრონი დაესხა.

ამის შესახებ მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი წერს ტელეგრამზე.

„საჰაერო თავდაცვის სისტემამ მოსკოვში რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი გაფრენის მცდელობისას ჩამოაგდო. ერთი დრონი მიფრინდა სიტიში. დაზიანდა ფასადი 21-ე სართულზე და ჩაიმსხვრა მინა 150 კვადრატულ მეტრზე.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ არის“ – წერს მოსკოვის მერი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკვე განაცხადა, რომ ღამით  „აღკვეთეს ტერორისტული თავდასხმის მცდელობა“ დრონებით მოსკოვისა და მოსკოვის რეგიონში მდებარე ობიექტებზე. დროებით დაიკეტა ვნუკოვოს აეროპორტი.

ეს უახლოეს დღეებში მოსკოვში დრონის თავდასხმის მეორე შემთხვევაა.

30 ივლისს, გვიან ღამით, მოსკოვის ცენტრში, 50-სართულიან ბიზნესცენტრის მეხუთე-მეექვსე სართულებზე აფეთქება მოხდა. რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, აფეთქება უკრაინული დრონების შეჯახებამ გამოიწვია. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა TASS-ის ინფორმაციით, დაშავდა ერთი ადამიანი.

უკრაინულ მხარეს ამ საკითხზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, 30 ივლისს განაცხადა, რომ „ომი ბრუნდება რუსეთის ტერიტორიაზე – მის სიმბოლურ ცენტრსა და საბრძოლო ბაზებზე და ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და სრულიად სამართლიანი პროცესია“.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – პირველი აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 1-ელ აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 246 690 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +500]
  • ტანკი – 4 216 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 8 205 ერთეული [+17]
  • საარტილერიო სისტემა – 4 839 ერთეული [+23]
  • MLRS – 699 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 462 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 311 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 027 ერთეული [+10]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 347 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 7 324ერთეული [+32]
  • სპეცტექნიკა – 718 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 1-ელ აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 458 თვითმფრინავი
  • 245 ვერტმფრენი
  • 5 402 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 427 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 11 067 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 141 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 5 699 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 12 003 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რამდენად შეძლებს რუსეთი შავ ზღვაში უკრაინის ბლოკადას? – ინტერვიუ გენერალთან

ბათუმში შავი ზღვის ჯაზფესტივალი Brooklyn Funk Essentials-მა დაასრულა

შავი ზღვის მე-16 ჯაზფესტივალი ამერიკულმა ბენდმა, Brooklyn Funk Essentials-მა დახურა 30 ივლისს. ბენდი 7 მუსიკოსისგან შედგება და სხვადასხვა კულტურისა და ეროვნების მუსიკოსებს აერთიანებს.

2016 წლიდან ჯგუფის მთავარი სოლისტი ბრიტანული ჰაუსის თანამედროვე ლეგენდად წოდებული ელისონ ლიმერკია. ის ჯგუფის ადრინდელ სოლისტთან, იამაიკელ დესმონდ ფოსტერთან ერთად მღერის, რომელიც ამავე დროს ბენდის გიტარისტიცაა.

ელისონ ლიმარკი და დესმონდ ფოსტერი

დასარტყამ ინსტრუმენტზე ჰაკს ნეტერმალმი უკრავს, კლავიშზე – კრისტოფერ უოლმანი, ვალტორნაზე – ახალგაზრდა შვედი ტრომბონისტი ება ასმანი, საქსოფონისტი კი ლოიკ გეიოტია.

ჯგუფის ლიდერი ბასგიტარისტი ლატი კრონლანდია, რომელმაც 1993 წელს შექმნა Brooklyn Funk Essentials-ი პროდიუსერ არტურ ბეიკერთან ერთად.

1990-იანი წლების შუა პერიოდში ჯგუფის მუსიკა ძალიან პოპულარული იყო ნიუ-იორკის მთავარ საკლუბო სცენებზე.

ბათუმში დარბაზის განწყობის და დაუღალავი ცეკვის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ამერიკულ ბენდს საქართველოშიც ბევრი მსმენელი ჰყავს.

Brooklyn Funk Essentials-ის მუსიკა მრავალფეროვანია, მაგრამ ამ ბენდის თითქმის ყველაფერი შეგიძლია ჩართო ფონადაც კი ნებისმიერი საქმის კეთებისას და ამავე დროს, თუ ცოტას აუწევ, აუცილებლად მოგინდება ცეკვაც.

ბენდმა შავი ზღვის ჯაზფესტივალზე ბოლო, 2003 წლის ალბომიდანაც შეასრულა კომპოზიციები და ძველი სიმღერებიც გაიხსენა.

13-წლიანი კარიერის განმავლობაში Brooklyn Funk Essentials-მა 7 სტუდიური ალბომი ჩაწერა, რომელიც ერთდროულად სოულს, ჰიპ-ჰოპს, ჯაზს, ჰაუსს და ფანკს აერთიანებს. ბენდს ტურნეები მსოფლიოს ყველა კონტინენტზე აქვს გამართული და მუსიკალური პროექტებით მსოფლიოს გარშემო უმოგზაურიათ ჯეიმს ბრაუნთან, ერიკა ბადუსთან, The Roots-თან და სხვებთან ერთად.

Brooklyn Funk Essentials-ს შექმნილი აქვს მუსიკა ფილმებისთვის, სატელევიზიო გადაცემებისა და რეკლამისთვის.

ჯგუფის ალბომებიდან გამოარჩევენ სადებიუტო ალბომს – Cool and Steady and Easy-ს, რომელიც 1995 წელსაა ჩაწერილი. ალბომში შესული ჩანაწერი The Creator Has a Master Plan ფაროა სანდერსის შესრულებით მაშინდელი ანდერგრაუნდის ჰიტად იქცა.

როცა ბენდის მულტიკულტურულობაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ 1998 წელს ჩაწერილი მათი მეორე ალბომიც – BuzzBag. ამ ჩანაწერებში თურქული ხალხური მუსიკის ჟღერადობა და რიტმი ჭარბობს, რაც გასაკვირი არაა – ალბომი ბენდმა თურქ კლარნეტისტთან, ჰიუსნუ შენლენდირიშთან ერთად ჩაწერა.

ბასგიტარისტი ლატი კრონლანდი ბათუმის მე-16 ჯაზფესტივალზე

ბოლო, მე-7 ალბომი სახელწოდებით – Intuition, Brooklyn Funk Essentials-მა ცოტა ხნის წინ, 2023 წლის მაისში გამოუშვა. ალბომი პანდემიის დროს ჩაიწერა სტოკჰოლმში და შიგ შევიდა სინგლები: Scream, AA Side Single, How Happy და Rollin (Love Will Be Here)“. ახალი ალბომის მხარდასაჭერად ბენდმა 2023 წლის აპრილში დაიწყო ევროპის ტურნე და შავი ზღვის ჯაზფესტივალიც სწორედ ამ ტურნეს ნაწილი იყო.

30 ივლისს სწორედ Brooklyn Funk Essentials-ის რიტმებით დასრულდა ბათუმის ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკალური ფესტივალი.

„მოვითხოვთ დაკავებულების გათავისუფლებას“ – აქცია აჭარის მთავრობის სახლთან

დღეს, 31 ივლისს, მას შემდეგ რაც რუსეთიდან შემოსულმა საკრუიზო ლაინერმა ბათუმის პორტი დატოვა, აქციის მონაწილე ახალგაზრდების ჯგუფმა აჭარის მთავრობის სახლთან გადაინაცვლა.

აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს, ხვალ დილითვე ჩაინიშნოს აქციაზე ადმინისტრაციული მუხლით დაკავებულთა სასამართლო პროცესი და საზოგადოებას მოუწოდეს სასამართლოსთან მხარი დაუჭირონ დაკავებულებს სოლიდარობის ნიშნად.

„ჩვენი მოთხოვნა არის ჩვენი მეგობრების, თანამებრძოლების გათავისუფლება, რომლებიც დააკავეს დღეს ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, რადგან აპროტესტებდნენ გემის და პროპაგანდისტების შემოსვლას ბათუმში. მოვითხოვთ, ხვალვე ჩაინიშნოს სასამართლო პროცესი და ისინი 48 საათის განმავლობაში არ დარჩნენ იზოლატორში.

ამავე დროს, მოვუწოდებთ ჩვენ თანამებრძოლებს, რაც შეიძლება მეტი გამოვცხადდეთ პროცესზე, რომ მხარი დავუჭიროთ დაკავებულებს“ – უთხრა „ბათუმელებს“ დავით ჩხობაძემ, სტუდენტური მოძრაობა „ნაბიჯის“ წარმომადგენელმა.

დღეს, 31 ივლისს, ბათუმში გამართულ აქციაზე რუსეთიდან შემოსული საკრუიზო ლაინერის წინააღმდეგ, პოლიციამ 23 პირი დააკავა. დაკავებულებს შორის არის ბექა გრიგორიადისი, ლაზარე გრიგორიადისის მამა. ასევე „ალტერნატივას“ ხელმძღვანელი, ხათუნა ბერიძე, „დროას“ ხელმძღვანელი აჭარაში – გენრი დოლიძე, დეპუტატ ლევან ანთაძის შვილი – ილია ანთაძე, გიორგი გველესიანი, ირაკლი ხარჩილავა, ირაკლი მეტრეველი, ლუკა წულაძე, მიშა აბზიანიძე, რევაზ მიქელაძე, გიგა შალიკაძე და სხვები. ასევე, დაკავებულია უკრაინის ერთი მოქალაქე.

დაკავებულთა ინტერესებს იცავენ: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „გამჭვირვალობა საქართველო“ და „საფარი“.

საიას აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, თამარ წულუკიძის ინფორმაციით, მათ დაზუსტებით მხოლოდ ის იციან, რომ 6 დაკავებული ბათუმის იზოლატორშია მოთავსებული, სხვები კი სავარაუდოდ ზუგდიდში, ფოთსა და სენაკში გადაიყვანეს.

დღეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საგანგებო განცხადება გაავრცელა და მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ გამოეყენებინა მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალა და არ დაუშვას უკანონო ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკა; გაათავისუფლოს აქამდე ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები; შესაბამისმა დანაყოფებმა დაკავებულების ადვოკატებსა და ოჯახის წევრებს დაუყოვნებლივ მიაწოდონ ინფორმაცია დაკავებულების ადგილმდებარეობისა და მდგომარეობის შესახებ.

ასევე, საიამ მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაიწყოს გამოძიება სამართალდამცავების მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტებზე.

საიას თქმით, პოლიცია მათ არ ეუბნება, სად წაიყვანეს დაკავებულები

ბათუმის აქციაზე დაკავებული 23 მოქალაქიდან  საიას აჭარის ორგანიზაციისთვის ამ დროისთვის მხოლოდ 9 პირის სახელი და გვარია ცნობილი. ორგანიზაციაში დაზუსტებით არ იციან, ვინ სად არის გადაყვანილი.

საიას აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, თამარ წულუკიძის ინფორმაციით, მათ დაზუსტებით მხოლოდ ის იციან, რომ 6 დაკავებული ბათუმის იზოლატორშია მოთავსებული, სხვები კი სავარაუდოდ ზუგდიდში, ფოთსა და სენაკში გადაიყვანეს: „გვეუბნებიან, რომ შესაძლებელია ისინი გადაყვანილები იყვნენ ფოთში, სენაკში ან ზუგდიდში.“

საიას იურისტები  ამ წუთებშიც ცდილობენ დაადგინონ, ვინ სად არის მოთავსებული:

„გვინდა, რომ მოვინახულოთ, უკეთ გავიგოთ, რა მდგომარეობა აქვთ. რაიმე ძალისმიერი მეთოდები ხომ არ ყოფილა გამოყენებული, ზოგადად რა სიტუაციაა მათთან მიმართებით, ამ ფაქტების დადგენა გვსურს. თუმცა  ვერ ვიღებთ ამ ინფორმაციას ვერც ერთი უწყებისგან, გვიწევს წრეზე სიარული, ერთმანეთთან გვგზავნიან.“

თამარ წულუკიძე ვარაუდობს, რომ დაკავებულების სასამართლო პროცესებს 48 საათის განმავლობაში არ ჩანიშნავენ.

ბათუმის პორტში საპროტესტო აქციაზე დაკავებულებს შორის არის ბექა გრიგორიადისი, ლაზარე გრიგორიადისის მამა. ასევე „ალტერნატივას“ ხელმძღვანელი, ხათუნა ბერიძე, „დროას“ ხელმძღვანელი აჭარაში – გენრი დოლიძე, დეპუტატ ლევან ანთაძის შვილი – ილია ანთაძე, გიორგი გველესიანი, ირაკლი ხარჩილავა, ირაკლი მეტრეველი, ლუკა წულაძე, მიშა აბზიანიძე, რევაზ მიქელაძე, გიგა შალიკაძე.

გარდა ამისა, საიას თავმჯდომარის თქმით, არსებობს კადრები, სადაც ჩანს, როგორ აკავებენ მოქალაქეს, რომელიც  მარტო იდგა და არაფერს აშავებდა: „საინტერესოა, რა საფუძვლით შეადგინეს ოქმი.“

საიას თქმით, დაკავებულების „ახლობლებიც მათ უკავშირდებიან, რომ გაარკვიონ სად არიან გადაყვანილი.“

დაკავებულების ინტერესებს იცავენ: საია, „გამჭვირვალობა საქართველო“ და „საფარი“ .

 

___

ბათუმში აქციაზე ლაზარე გრიგორიადისის მამა დააკავეს – საია

 

როგორ „იმუშავა“ ბათუმის აქციაზე აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსმა, დავით მაღრაძემ – ვიდეო

როგორ „იმუშავა“ ბათუმის აქციაზე აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსმა, დავით მაღრაძემ.

დავით მაღრაძის უშუალო ჩართულობით, მინიმუმ 4 პირი დააკავეს. რუსეთიდან შემოსული გემის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე 23 პირი დააკავეს, მათ შორის ერთი უკრაინის მოქალაქეა.

ბათუმში აქციაზე ლაზარე გრიგორიადისის მამა დააკავეს – საია

საქართველოს იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის, თამარ წულუკიძის ინფორმაციით, ბათუმის პორტში საპროტესტო აქციაზე დაკავებულებს შორის არის ბექა გრიგორიადისი, ლაზარე გრიგორიადისის მამა.

21 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 29 მარტს ღამით დააკავა, სადაც მოქალაქეები რუსულ კანონს აპროტესტებდნენ.

მას პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილ ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას ედავებიან. დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 31 მარტს მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ბათუმში მიმდინარე აქციაზე, სადაც რუსეთიდან საკრუიზო გემის შემოსვლას აპროტესტებენ, სულ 23 ადამიანი დააკავეს.

საიას ინფორმაციით, დაკავებულებს შორის ასევე არიან გენრი დოლიძე – „დროას“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გიორგი გველესიანი, ირაკლი ხარჩილავა, ხათუნა ბერიძე, ირაკლი მეტრეველი, ლუკა წულაძე.

საიას ინფორმაციით, 6 დაკავებული ბათუმში ჰყავთ,ზოგიერთი მათგანი  გადაიყვანეს ოზურგეთში, შესაძლოა ასევე ზუგდიდსა და ფოთის განყოფილებებში.

19:00 საათზე ბათუმის პორტში აქცია ისევ გაიმართება – „არა საქართველოს რუსიფიკაციას“

„არა რუსულ გემს!“, „არა საქართველოს რუსიფიკაციას!“ – ამ სლოგანით იგეგმება ბათუმში საპროტესტო აქცია დღეს, 19:00 საათზე. საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონია“.

საპროტესტო აქცია ბათუმის პორტში გაიმართება, იქ, სადაც ამჟამად რუსეთიდან შემოსული საკრუიზო ლაინერი, „ასტორია გრანდე“ დგას.

საქართველოს მოქალაქეებმა ბათუმში დღეს, 31 ივლისს, მეორედ გააპროტესტეს რუსეთიდან გემის შემოსვლა, რადგან მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ რუსეთი ოკუპანტი, აგრესორი ქვეყანაა და მასზე ეკონომიკური დამოკიდებულების გაძლიერება, კიდევ უფრო მეტ საფრთხეს უქმნის ამ ქვეყანას.

დღეს დილით პოლიციამ  23 ადამიანი დააკავა აქციაზე, ერთ-ერთი დაკავებული უკრაინის მოქალაქეა.

ბათუმის ნავსადგურში აქცია წუხელ, ღამის 12 საათზე დაიწყო, თუმცა ადგილზე მობილიზებული პოლიცია აქციის მონაწილეებს – სამოქალაქო აქტივისტებსა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წევრებს არ აძლევდა ნავსადგურთან შეკრების საშუალებას.

დაანონსებულ აქციამდე რამდენიმე საათით ადრე პოლიციამ გადაკეტა გოგებაშვილისა და რუსთაველის ქუჩები, ნავსადგურთან კი რკინის ჯებირებით შემოღობეს ის ტერიტორია, სადაც საკრუიზო გემი უნდა შემოსულიყო.

ბათუმი. 2023 წლის 31 ივლისი, ბათუმი.
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

საკრუიზო ლაინერი ASTORIA GRANDE ბათუმის ნავსადგურში 27 ივლისს დილითაც შემოვიდა და ბათუმი იმავე დღეს, საღამოს, საპროტესტო აქციის ფონზე დატოვა.

27 ივლისს ბათუმში რუსეთიდან საკრუიზო ლაინერით ჩამოსული ერთ-ერთი მგზავრი ამბობდა, რომ ნამყოფია აფხაზეთში, ანუ შესაძლოა მას დარღვეული ჰქონდეს კანონი ოკუპაციის შესახებ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ქაჯობად“  შეაფასა მოქალაქეთა საპროტესტო აქცია, რომელიც 27 ივლისს ბათუმში, რუსეთიდან საკრუიზო გემის შემოსვლასთან დაკავშირებით გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კი ბათუმის აქციას ტვიტერზე ასე გამოეხმაურა: „ვამაყობ ჩვენი ხალხით“.

შესაძლოა იკვეთებოდეს უფლებამოსილების გადამეტება – საია ბათუმში მოქალაქეების დაკავებაზე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, დღეს, 31 ივლისს, ბათუმში საპროტესტო აქციაზე მოქალაქეების დაკავების პროცესში შესაძლოა იკვეთებოდეს უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები.

„პოლიციამ 23 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა, მათ შორის, ერთი უკრაინის მოქალაქე.

დაკავების პროცესში, შესაძლოა, ასევე, იკვეთებოდეს უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები. აღსანიშნავია, რომ თავად ხომალდის მეპატრონესა და დაკავშირებულ კომპანიებთან მიმართებით არსებობს ინფორმაცია მათი სანქცირების შესახებ“ – აცხადებს საია.

საია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ გამოიყენოს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალა და არ დაუშვას უკანონო ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკა; გაათავისუფლოს აქამდე ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები; შესაბამისმა დანაყოფებმა დაკავებულების ადვოკატებსა და ოჯახის წევრებს დაუყოვნებლივ მიაწოდონ ინფორმაცია დაკავებულების ადგილმდებარეობისა და მდგომარეობის შესახებ.

საია ასევე მიმართავს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაიწყოს გამოძიება სამართალდამცავების მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტებზე.

  • რა ხდება?

დღეს, 31 ივლისს, ბათუმში მეორედ შემოვიდა რუსეთიდან საკრუიზო გემი „ასტორია გრანდე“, რომელსაც ბათუმში პროტესტით დახვდნენ.

მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ საქართველოში რუსული  გემების შემოსვლა ოკუპანტი ქვეყნის რბილ ძალას წარმოადგენს და ისინი არ მიესალმებიან არც რუსულ ტურისტებს და არც რუსულ გემებსა და თვითმფრინავებს.

სარფის პლაჟზე საშხაპეების მოწყობა და ადაპტირებაა დაგეგმილი

სარფის სანაპირო ზოლში კიბეების, ბილიკის, საშხაპეების, გასახდელებისა და ასევე, პლაჟზე ჩასასვლელი პანდუსის მოწყობაა დაგეგმილი.

სამუშაოების შესყიდვაზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 140 264 ლარია.

პირობის მიხედვით, „სამუშაოები უნდა შესრულდეს გეგმა-გრაფიკის ეტაპებით განსაზღვრულ ვადაში, რომელიც უნდა დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 10 დღის ვადაში და დასრულდეს 2023 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში“.

ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 12 აგვისტოს დაიწყება და 17 აგვისტოს დასრულდება.

სარფის პლაჟზე არსებული სიტუაცია [ზემოთ] და რენდერი პროექტიდან [ქვემოთ] / ფოტოები ტენდერიდან
ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს:

  • „2020 წლის პირველი იანვრიდან ტენდერის გამოცხადების თარიღამდე შესრულებული უნდა ჰქონდეს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 150 000 ლარის ოდენობით.
  • გამოცდილებაში ჩაითვლება მხოლოდ მთლიანად დასრულებული სამუშაოები, რომლებიც გათვალისწინებულია შესაბამისი ხელშეკრულებით და რაზედაც გაფორმებულია შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი;
  • იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში განხორციელებულია სამუშაოები, როგორც ქვეკონტრაქტორის მიერ განხორციელებული სამუშაოები, მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება გამოცდილებად, თუ დასრულებულ სამუშაოებზე გაფორმებულია შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ძირითად კონტრაქტორებს შორისაც.
  • ამასთან, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს აღნიშნული აქტი, თუ იგი არ არის განთავსებული შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში“.

სარფის პლაჟი შავი ზღვის სანაპიროს პლაჟებიდან ყველაზე მოკლეა და სულ რაღაც 500 მეტრია. ის ასევე ყველაზე უფრო მიმზიდველია სუფთა ზღვისა და იქვე ახლოს მდებარე კლდეების გამო.

ქვაომხაზე – ასე ჰქვია ლაზურად ლოდს, რომელიც პლაჟის ბოლოს ზღვაშია შეჭრილი, თუმცა ამ ლოდთან ბანაობა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, აკრძალულია. მიუხედავად ამისა, აქ მაინც ბანაობენ.

მთავარი ფოტო: სარფი. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ამავე თემაზე:

ქვაომხაზე – კლდე ზღვაში

23 ადამიანი დააკავეს რუსეთიდან შემოსული გემის საწინააღმდეგო აქციაზე ბათუმში

შს სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 31 ივლისს, ბათუმში 23 ადამიანი დააკავეს რუსეთიდან შემოსული საკრუიზო გემის საწინააღმდეგო აქციაზე.

„ასტორია გრანდე“ უკვე მეორედ შემოვიდა ბათუმის პორტში, გემზე ძირითადად რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან.

საპროტესტო აქცია გუშინ, საღამოს 12 საათზე იყო დაანონსებული, ამიტომ პოლიციამ გუშინვე გადაკეტა ნავმისადგომის მიმდებარე ტერიტორია და პოლიციის გაძლიერებული კორდონი დაახვედრა მოქალაქეებს.

პოლიციამ აქციის მონაწილეთა დაკავება ღამით დაიწყო. დღეს დილით კი, საკრუიზო გემიდან რუსი ტურისტები ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით, გაძლიერებული დაცვით გამოიყვანეს ქალაქში. აქციის მონაწილეებმა ავტომანქანებს კვერცხები და წყლის ბოთლები დაუშინეს.

პოლიციამ აქციის მონაწილეები დააკავა ტურისტების გამოყვანის დროსაც, როცა ტრანსპორტის გასატარებლად კორიდორი გააკეთეს.

პოლიციამ რუსულ გემთან მიახლოების საშუალება არ მისცა აქციის მონაწილეებს 
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

ბათუმის ნავსადგურში რუსეთიდან საკრუიზო გემი „ასტორია გრანდე“ პირველად 27 ივლისს შემოვიდა. მოქალაქეები საპროტესტო აქციებით მაშინაც დახვდნენ და გემმა იმავე ღამით დატოვა ბათუმი პროტესტის ფონზე.

ბათუმში აქცია დღეს, 31 ივლისს, ამ წუთებშიც გრძელდება.

Exit mobile version