„გარღვევის შემთხვევაში, აქ შეიჭრება დიდი ძალები და რუსების მიერ მოწყობილი თავდაცვითი ხაზის ზურგს უკან მოექცევიან უკრაინელები. ზურგის თავდაცვა ყოველთვის სუსტია, ის მომართულია წინა მხარეს,“ – გადამდგარი გენერალი, გიორგი სურმავა განმარტავს, რატომ შეიძლება აღმოჩნდეს მნიშვნელოვანი, თუ ახლა უკრაინელები რუსების თავდაცვის ზოლის გარღვევას შეძლებენ.
გადამდგარ გენერალს ვესაუბრეთ შავ ზღვაზეც, სადაც რუსეთი ახალი წესების დადგენას ცდილობს, „მაგრამ რუსეთი შავ ზღვაზე ლიდერი არ არის,“ – შენიშნავს გიორგი სურმავა.
სამხედრო ექსპერტი უკრაინაში F 16-ების გამოჩენამდე ნაკლებად ელის უკრაინელების კონკრეტულ წარმატებას. მანამდე კი, გადამდგარი გენერლის დაკვირვებით, გადარჩენა რესურსებზეა: ვის ეყოფა ძალა მოწინააღმდეგე კულმინაციის წერტილამდე მიიყვანოს.
„ბათუმელებმა“ გადამდგარ გენერალთან, გიორგი სურმავასთან ინტერვიუ ჩაწერა.
- ბატონო გიორგი, ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის მონაცემებით, უკრაინულმა ძალებმა მნიშვნელოვანი მექანიზებული კონტრშეტევა წამოიწყეს ზაპორიჟიეს ოლქის დასავლეთით. როგორც ჩანს, გაარღვიეს წინასწარ მოწყობილი რუსული თავდაცვითი პოზიციები ორეხოვოს სამხრეთითო. თქვენი დაკვირვებით, რა ხდება ახლა ფრონტის ხაზზე?
ჯერჯერობით მხოლოდ ეს ამერიკული ინსტიტუტი ამბობს ამას. უკრაინის გენშტაბს არ უთქვამს, რომ რამე მნიშვნელოვანი წინსვლა აქვთ. მედიაში გვარი დასახელებული არ არის, მაგრამ ამერიკის ერთი სამხედრო წარმომადგენელი ამბობს, რომ უკრაინელებმა შესაძლოა უკვე გაჭრეს ე.წ. „სუსტი ადგილი“. ჯერ საკმარისი ინფორმაცია არ არის ამის შესახებ.
როგორც ჩანს, ამის მცდელობა სავარაუდოდ იყო, თუმცა სათანადო საცეცხლე მხარდაჭერის გარეშე უკრაინელებს ძალიან გაუჭირდებათ მიზნის მიღწევა, ან დიდი მსხვერპლი იქნება.
საარტილერიო, საავიაციო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებების შესაბამისი კონცენტრაციის გარეშე მიზნის მიღწევას მარტივად ვერ შეძლებ. ამ ეტაპზე ზაპოროჟიეშია ძირითადად უკრაინელების კონტრშეტევები, რუსების – ხარკოვზე.
- დასავლელი სამხედრო ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ შეტევები რობოტინოს მიმართულებით არის გარდამტეხი წერტილი უკრაინის კონტრშეტევაში. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი სამხედრო თვალსაზრისით?
ნებისმიერი წერტილი შეიძლება მნიშვნელოვანი გახდეს, თუ გარღვევა მოხდა.
გარღვევის შემთხვევაში შეიჭრება დიდი ძალები და უკრაინელები, ფაქტობრივად, რუსების მიერ მოწყობილი თავდაცვითი ხაზის ზურგს უკან მოექცევიან. ამიტომაც ხდება გარღვევა მხოლოდ ერთ ადგილას – ის გაიფანტება და ზურგში მოუვლის დაცვის ძალებს. ზურგის თავდაცვა ყოველთვის სუსტია, ის მომართულია წინა მხარეს. ეს რობოტინოსთან იქნება, თუ სხვა ადგილას, მე ვერ ვხედავ პრინციპულ განსხვავებას.
- რუსულ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოზე დაყრდნობით CNN-ი ამბობს, რომ უკრაინელებს აქვთ უნარი, რუსული ჯარები „დრაკონის კბილების“ ხაზის უკან დაწიონ. ეს რას აჩვენებს თქვენთვის?
„დრაკონის კბილები“ არის თავდაცვის საშუალება, ერთგვარი წინაღობაა. შესაძლოა, ამ ზოლის განადგურების ხარჯზე წაიწიეს წინ უკრაინელებმა და ამას გულისხმობენ. არ მაქვს ზუსტი ინფორმაცია.
- ზელენსკი აცხადებს, რომ ეძებს საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ოდესა და მთელი სამხრეთი რომ დაიცვას. რამდენად არის უკრაინის ცა ამ ეტაპზე დაცული?
უკრაინის საჰაერო თავდაცვის საშუალებების სიმჭიდროვე არის ძალიან დაბალი. ამიტომაც უტევენ უკრაინის საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვის საშუალებებს ოდესაში, ლვოვსა, თუ კიევში. თავდაცვით თუ შეტევით პოზიციებზე ხშირად არის საავიაციო და სარაკეტო იერიშები და დაბალი სიმჭიდროვის გამოა ასე. რაც აქვს უკრაინას, ეს საკმარისი არ არის. აუცილებელია, რომ სიმჭიდროვემ მოიმატოს, შესაბამის თავდაცვით დონეს რომ მიაღწიოს.
შეტევაც ამიტომ ვერ ხორციელდება უკრაინის მხრიდან: აფრინდება იქიდან თვითმფრინავი და შემტევ ძალას ანადგურებს. არც სიღრმესა და წინა ხაზზე აქვს საკმარისი ძალა უკრაინას და ამბობენ კიდეც, რომ ეს სჭირდებათ. მნიშვნელოვანი ფაქტორია ავიაციასთან ერთად საჰაერო თავდაცვის სათანადო დონე, რომ შეტევაზე იფიქრო. შენი ძალები, პირველ რიგში, ჰაერიდან დაცული უნდა იყოს.
- თქვენი აზრით, რამდენად შეძლებს რუსეთი შავი ზღვის ბლოკადას? რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა პოზიცია მას შემდეგ შეცვალა, რაც გამოვიდა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან. ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემებით, თანამედროვე სამხედრო ხომალდი „სერგეი კოტოვი“ განლაგდა შავ ზღვაში და პატრულირებს გემების ხაზს ბოსფორსა და ოდესას შორის. არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ ის შევა ოპერატიულ ჯგუფში, რომელიც დააკავებს იმ კომერციულ გემებს, რომლებსაც მიიჩნევს, რომ უკრაინაში მიემართებიან.
სამხედრო კომპონენტის თვალსაზრისით რუსეთი შავ ზღვაში ლიდერი არ არის. თურქეთი უფრო დიდ საშუალებებს ფლობს შავ ზღვაზე, ვიდრე რუსეთი. ერთადერთი, რაშიც შეიძლება რუსებს უპირატესობა ჰქონდეთ, არის სარაკეტო შეიარაღება – „კალიბრები“ აქვთ. რუსებს არც ხომალდსაწინააღმდეგო შეიარაღება აქვთ, არც ხომალდები…
თურქეთთან შედარებით შავ ზღვაზე სხვა ქვეყნები შედარებით სუსტები არიან. რუმინეთს აქვს განსხვავებული მოცემულობა, რადგან იქ ამერიკელებმა დაიწყეს აქტიურობა ბოლო წლებში, როცა თურქეთთან დაეძაბათ ურთიერთობა. იქ არის რაკეტსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო დიდი საშუალებები, მაგრამ ფლოტი არ არის, ფლოტი არის მხოლოდ თურქეთის.
შესაბამისად, თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა, რომ ხელი არ შეუშალო რუსეთს, მაშინ შეიქმნება ბლოკადა. თუ იქნება გადაწყვეტილება, რომ რუსეთს ამის ნება არ მისცენ, მაშინ ნატოს საკმარისზე მეტი ძალა გააჩნია განსაკუთრებით შავ ზღვაზე, რომ რუსეთს ამის საშუალება არ მიეცეს.
ყირიმის ხიდის ინციდენტის შემდეგ, რუსეთმა მიიღო საპასუხო ზომა, რაც სინამდვილეში უფრო ეკონომიკური საკითხია. თუ ბლოკადა გამოვიდა, მაშინ უკრაინას ექნება მარცვლეულის ექსპორტზე გატანის საშუალება. მსოფლიოში მარცვლეულის მიმწოდებლებს შორის უკრაინა ხუთეულშია. ეს შემდეგში შეიძლება გახდეს რუსეთის მხრიდან ზემოქმედების ბერკეტი, მაგალითად, აფრიკის ქვეყნებზე, რომლებიც პურის ექსპორტზე არიან დამოკიდებული.
- რას აჩვენებს პროცესი – შეიძლება რუსეთი წავიდეს შავ ზღვაში ახალი დაპირისპირებაზე?
ცოტა გაურკვეველი ვითარებაა შავ ზღვაზე. აშშ-ის და ნატოს გეგმებში ნახსენები იყო, რომ შავი ზღვის რეგიონი საყურადღებოა, ასევე უკრაინელებს მისცეს ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები ნორვეგიელებმა და ბრიტანელებმა, თუმცა ამის შემდეგ კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა. უკრაინის ფლოტი არც არის მხედველობაში მისაღები – ძირითადად უპილოტო ნავებით ცდილობენ რაღაცას.
ამ ეტაპზე თურქეთს აქვს ჩაკეტილი ბოსფორი და არავის უშვებს, სხვა აქტიურობა არ არის, გარდა იმისა, რომ მუქარა ისმის რუსეთიდან. თუ რამე აქტივობა ექნება რუსეთს, შესაძლებელია ნატომაც რაღაც საპასუხოდ განახორციელოს.
თუ ნატო იტყვის, რომ აი, ჩვენ ესკალაცია არ გვინდა და ასე შემდეგ, რუსეთი ჩათვლის, რომ ხელს არავინ უშლის.
- რა ეტაპზეა დასავლეთიდან სამხედრო აღჭურვილობის უკრაინისთვის მოწოდება?
ყველაზე მნიშვნელოვანია F 16 -ები, თუმცა რამდენადაც ვიცი, პილოტების მომზადება არ არის დაწყებული. შეიძლება, ეს ჩუმად დაიწყეს, მაგრამ ღია წყაროებში ინფორმაცია არ იძებნება. პილოტების მომზადებას რამდენიმე თვე მაინც დასჭირდება. პარალელურად საჭიროა შესაბამისი ინფრასტრუქტურის, მომსახურე სპეციალისტების, ტექნიკური პერსონალის მომზადება. დროსა და მოცულობაში ეს რთული პროცესია. არ მგონია, ამ წელს ეს მოესწროს.
სხვა შეიარაღების მიწოდება დაწყებულია, თუმცა ტემპია დაბალია. უკრაინას მისცეს, მაგალითად, „პატრიოტის“ ორი ბატარეა. ეს არ არის საკმარისი – კიევშია და ალბათ სამთავრობო ობიექტებს იცავს. უკრაინას აწვდიან რაკეტებსაც, ეს საქმე დაწყებულია, ოღონდ ნელა მიდის პროცესი.
- ამასობაში რუსეთი აგრძელებს შეტევებს. თქვენი კოლეგა ვახტანგ კაპანაძე ვარაუდობს, რომ არაა გამორიცხული აგვისტოში რუსეთმა შეტევა გააქტიუროს ხარკოვის რაიონში. დაბომბეს კიდეც წუხელ ხარკოვში საცხოვრებელი სახლი. თქვენ რამდენად ელით რუსეთისგან მორიგ შეტევას?
რუსეთი ბომბავს მთელს უკრაინას: ოდესა, ხარკოვი, ლვოვი… განსაკუთრებით კუპიანსკის, ხარკოვის მიმართულებაზე აქტიურობენ რუსები. არ ვიცი, რამდენად აქვს რუსეთს იმის რესურსი, რომ შეძლოს მასშტაბური შეტევა. ვფიქრობ, შესაძლებელია რამე უფრო დემონსტრაციული გააკეთოს.
ცხადია, რუსეთი დიდი სიამოვნებით დათანხმება ახლა ომის გაჩერებას არსებული მდგომარეობით, მაგრამ ამას არც უკრაინა დათანხმდება და არც სხვა მნიშვნელოვანი მოთამაშეები. ეს, ფაქტობრივად, უკრაინის წაგება გამოვა. ბოლო დროს მუდმივად ერთი და იგივე ტემპია, თუ აკვირდებით. კულმინაციაზე მიიყვანს ერთი მეორეს და რომელი რომელს მიიყვანს, ამაშია საქმე.
ერთმანეთის პირობები ორივე მხარისთვის კატეგორიულად მიუღებელია. პუტინმა რომ დათმოს ის, რასაც უკრაინა ითხოვს, ანუ გავიდეს 1991 წელს არსებულ საზღვართან, ეს ნიშნავს პუტინის არათუ პოლიტიკურ სიკვდილს, არამედ ფიზიკურსაც. უკრაინაც ამ მოცემულობაში ვერ იტყვის, გავჩერდითო. ამიტომაც, ვიდრე ექნებათ შესაძლებლობა, არცერთი მხარე არ გაჩერდება – გააჩნია, ვისი რესურსები აჯობებს. დასავლეთს შორეულ პერსპექტივაში, რა თქმა უნდა, მეტი რესურსი აქვს, მაგრამ ეს ერთ და ორ თვეში არ მოხდება.
- ამ ლოგიკას თუ მივყვებით, გამოდის, რომ წელს ვერ ექნება სასურველი შედეგი უკრაინას, რადგან დიდი ალბათობით არ ექნება F 16-ები?
ჯერჯერობით საცეცხლე საშუალებებში რაოდენობრივი უპირატესობა აქვს რუსეთს. უკრაინას აქვს თვისობრივი უპირატესობა, მაგრამ რუსებს მეტი აქვს თვითმფრინავები, არტილერია, რაკეტები. ესაა მთავარი მიზეზი, რის გამოც შეტევა განწირულია, ან ეს ძალიან დიდ მსხვერპლთან იქნება დაკავშირებული.
არსებობს რესურსი, რომ ერთმა საშუალებამ მეორე დააკომპენსიროს: შესაძლოა F16-ები ვერ მისცენ უკრაინას წლის ბოლომდე, მაგრამ სხვა აღჭურვილობა მისცენ, რომელიც, მაგალითად, აეროდრომების განადგურების საშუალებას მოგცემს. თუ რამე მნიშვნელოვანი გარღვევა არ მოხდა, მაგალითად, პოლიტიკური, ან რომელიმე მნიშვნელოვანი ფიგურის გარდაცვალება, წლის ბოლომდე ცვლილება ნაკლებად არის მოსალოდნელი.
- სამხედრო ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთი იფიტება და შეიძლება იგივე მოხდეს, რაც ხერსონში.
ხერსონში იყო არა გამოფიტვა, არამედ ლოჯისტიკის პრობლემა – მდინარის გადაღმა ვეღარ უზრუნველყოფ ნაწილებს.
აქ ხალხის რესურსია ასევე ძალიან მნიშვნელოვანი – რამდენჯერ დიდია უკრაინაზე რუსეთი მოსახლეობით? მეორეა საცეცხლე და დაზიანების საშუალებები. შესაბამისად, ამ მოცემულობაში რუსეთი გამოფიტვისგან შორს არის. საბოლოოდ გამოიფიტება კიდეც, მაგრამ დღეს ეს ასე არ არის.
- რუსული მედიის თანახმად, რუსეთმა 70 ქართველი მებრძოლი, მათ შორის, მამუკა მამულაშვილი დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ. რას ნიშნავს ეს ამ მებრძოლებისთვის?
ჩემი აზრით, ეს არაფერსაც არ ნიშნავს. რომ ჩავარდნენ ტყვედ, დამნაშავედაა ცნობილი თუ არ არის, მაინც ერთნაირი სასამართლო მოუწევთ. დიდი-დიდი, ომის დასრულების შემდეგ რუსეთში ვერ ჩავლენ. ასე შეიძლება მეც ვერ ჩავიდე რუსეთში. არც ვაპირებ ამას. ეს არის უფრო რუსეთის შიდა აუდიტორიაზე გათვლილი.






