მთავარი,სიახლეები

5 000$ ღირს ჩემი გადარჩენა. მე ამის საშუალება არ მაქვს – საქართველოში 44 წლის კაცს ვერ მკურნალობენ

07.07.2023 • 16025
5 000$ ღირს ჩემი გადარჩენა. მე ამის საშუალება არ მაქვს – საქართველოში 44 წლის კაცს ვერ მკურნალობენ

ვერ აგროვებს თანხას საფრანგეთში 3, 4 თვით რომ ბინა იქირავოს და მკურნალობის დაწყებას დაელოდოს, ამ მიზეზით 44 წლის იმედა ენდელაძის სიცოცხლე, შეიძლება ნებისმიერ წუთს დასრულდეს საქართველოში.

იმედას დიაგნოზი თავის ტვინის კავერნოზული ჰემანგიომაა. ეს იმას ნიშნავს, რომ შუბლის მარცხენა მხარეს, თავის ტვინში მრავალი ჰემანგიომა აქვს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან უბნებში. საფრანგეთში, ბორდოს სახელმწიფო კლინიკაში იმედას უთხრეს, რომ ქირურგიული ჩარევა შეუძლებელია, რადგან ვერ გადარჩება. თუმცა ამავე კლინიკაში უთხრეს, რომ 90% აქვს გამოჯანმრთელების შანსი 2 წლიანი ინტენსიური მკურნალობით, რაც საფრანგეთში შესაძლებელია თუ ქვეყანას ლტოლვილად ჩაბარდება.

ლტოლვილის სტატუსის მიღებამდე იმედამ საფრანგეთში სულ მცირე 3, 4 თვე უნდა შეძლოს დამოუკიდებლად ბინის დაქირავება და თავის რჩენა, რისი საშუალებაც მას არ აქვს. ბინის დაქირავება საფრანგეთის ქალაქებში საშუალოდ 1000 ევრო ღირს ყოველთვიურად, ამას ემატება კვებისა და გადაადგილების ხარჯი, რაც ჯამში სულ მცირე 1500 ევროა.

იმედა ზამთარში წავიდა საფრანგეთში, დაუდასტურეს დიაგნოზი, რომ ნამდვილად კავერნოზული ჰემანგიომა ჰქონდა და უკან დაბრუნდა:

„აზრი არ ჰქონდა ლტოლვილის სტატუსის მისაღებად განცხადება რომ დამეწერა, მერე 3, ან 4 თვე უნდა მეცადა ამ სტატუსის მიღებამდე და ბინის ქირა მეხადა. სტატუსს რომ მივიღებ, მერე თავშესაფარსაც მომცემენ და მიმკურნალებენ, მაგრამ თვეში ეს 1500 ევრო არ მაქვს, ამიტომ უკან დავბრუნდი.

რამდენიმე დღე სანამ კლინიკაში რეკომენდაციებს მაძლევდნენ და მიკვლევდნენ, ვცხოვრობდი სასტუმროში. რომ დავრჩენილიყავი 3, 4 თვეში მივიღებდი ლტოლვილის სტატუსს და დავიწყებდი მკურნალობას, მექნებოდა საცხოვრებელი…

პირველად რომ წავედი საფრანგეთში მეზობლებმა ამიკრიბეს 1000 ლარი, მეგობრებმაც 1000, დედაჩემმა სწრაფი საპენსიო სესხი გამოიტანა, მეც სესხი ავიღე, მეგობარმა მიყიდა თვითმფრინავის ბილეთები და რამდენიმე დღით დამიჯავშნა სასტუმრო. გავყიდეთ მიწა სოფელში, გასაყიდი მეტი აღარაფერი მაქვს.

სამი წელია ვმკურნალობ საქართველოში, მაგრამ ეს უფრო პროცესის შეჩერება იყო, პირდაპირ მითხრეს საქართველოში, რომ აქ არ იყო ამ დაავადების მკურნალობის შესაძლებლობა და მირჩიეს წავსულიყავი უცხოეთში. საქართველოში, უბრალოდ, პროცესს ანელებდნენ. გამოკვლევებსა და მკურნალობაში აქ 20 ათას ლარამდე დავხარჯე თუ მეტი არა.

წამლები, რითაც აქ ვმკურნალობდი, საფრანგეთში მითხრეს, რომ 40 წელია აღარ გამოიყენება. ეს ბორდოს კლინიკის ექიმებმა მითხრეს“, – გვიყვება იმედა.

ამბობს, რომ ეს ტვინის მკვებავებსა და ანტიეპილეფსიურ წამლებზე უთხრეს, რასაც იმისთვის უნიშნავდნენ საქართველოში, რომ ემართებოდა გულყრები, ითიშებოდა, კარგავდა ცნობიერებას და ხშირად ყველაფერი ავიწყდებოდა, ხანდახან ვერ ცნობდა ოჯახის წევრებსაც კი.

თავის ტვინის კავერნოზული ჰემანგიომა იშვიათი დაავადებაა და ბევრნაირი სიმპტომი აქვს: შეიძლება განვითარდეს ეპილეფსიური შეტევა, შეიძლება ჭარბი ემოციების გამოც გარდაიცვალოს პაციენტი უეცრად, შეიძლება უბრალოდ ვეღარ გაიღვიძოს ან გაუჩერდეს ხელ-ფეხი, განვითარდეს ინსულტი და ა.შ. გააჩნია ტვინის რა უბნებს აზიანებს ჰემანგიომა.

იმედამ სამი წლის წინ ძლიერი ინსულტი მიიღო, ცალ მხარეს ზედა და ქვედა კიდურები გაუშეშდა. გამოსაკვლევად რომ მივიდა კლინიკაში, ამ ყველაფრის გამომწვევი დიაგნოზის შესახებ მერე გაიგო.

„ჩემი მკურნალობა ახლა დიაზეპამის და კლონაზეპამის სმით შემოიფარგლება. ეს წამლები ემოციების ჩასახშობად მჭირდება, ნებისმიერი ძლიერი ემოცია შეიძლება ჩემთვის საბედისწერო აღმოჩნდეს. ღამით ვკანკალებ და გონება მეკარგება. ამას ერთვის პერიოდულად ეპილეფსიური შეტევები და გულყრები. ვიღებ ასევე B ვიტამინის ჯგუფს, პარალელურად წნევის მარეგულირებელს ვსვამ და ვარ ექიმის განსაკუთრებული მეთვალყურეობის და დაკვირვების ქვეშ“, – გვიყვება იმედა.

მისი თქმით, საქართველოში, იმ კლინიკაში, სადაც მკურნალობდა, დიაგნოზი სწორად დაუსვეს და პირდაპირ უთხრეს, რომ კავერნოზული ჰემანგიომის განკურნება საქართველოში შეუძლებელიაო. იმედა ამბობს, რომ პროცესის შესანელებლად საქართველოში მას ერთდროულად, გუნდური მეთოდით მკურნალობდნენ ფსიქოლოგი, ეპილეპტოლოგი, ნევროლოგი და ნეიროქირურგი.

„მრცხვენია თქვენთან რომ ვსაუბრობ ჩემს პრობლემებზე. ვიცი, რომ ბევრი პაციენტია საქართველოში, ვისაც დახმარება სჭირდება. გავბედე მესაუბრა, რახან ჩემი სიცოცხლის გადარჩენის 90% მხოლოდ 5000-მდე ევროზეა დამოკიდებული. იქნებ ღირდეს ვიბრძოლო სიცოცხლისთვის და ვილაპარაკო, 5000 ევრო ღირს ახლა ჩემი სიცოცხლის გადარჩენა, მაგრამ მე ამის საშუალება აღარ მაქვს“, – ამბობს იმედა.

ბაღდათიდან ქუთაისამდე ყოველ დღე დადის რომ იმუშაოს – მობილური ტელეფონების შემკეთებლად. მისი ოჯახის წევრები მთლიანად მასზე არიან ფინანსურად დამოკიდებული, ამიტომ იმედა თავს უფლებას ვერ აძლევს მუშაობა შეწყვიტოს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად.

___

მკითხველის თხოვნით ვაქვეყნებთ იმედა ენდელაძის ანგარიშის ნომერს:

GE09LB0211197736401000

ლიბერთი ბანკი

მიმღები: IMEDA ENDELADZE

გადაბეჭდვის წესი


ასევე: