3 ადამიანი დაიღუპა ავტოავარიაში ქობულეთის შემოვლით გზაზე

დღეს, 2 სექტემბერს, ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და ტრაილერი შეეჯახა.

გარდაცვლილები თურქეთის მოქალაქეები არიან [25-38 წლის მამაკაცები]. დაშავებულია ასევე თურქეთის ერთი და საქართველოს ერთი მოქალაქე [ტრაილერის მძღოლი].

დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

შემთხვევის გამო ქობულეთის შემოვლითი გზის ერთი მონაკვეთი [ქობულეთი-ჩაქვი] ამ დროისთვის [14:00 სთ] გადაკეტილია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება.

ხულოში, სოფელ წაბლანაში სახლი დაიწვა

დღეს, 2 სექტემბერს, ხულოში, სოფელ წაბლანაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

შემთხვევა დილით მოხდა. სამსულიანი ოჯახის ხის სახლი დამხმარე ნაგებობებთან ერთად სრულად დაიწვა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძარი წაბლანაში. ბეგლარ შაინიძის ფოტო

ხულოს მერიაში გვითხრეს, რომ ხანძრის შესახებ მერია ინფორმირებულია.

„ბათუმელები“ ჯამბულატ მელაძეს ესაუბრა, ხულოს მერიის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და სტიქიით დაზარალებულთა აღრიცხვა-შესწავლის სამსახურის ხელმძღვანელს.  მან გვითხრა, რომ ოჯახს მერია ქირით გაიყვანს უსაფრთხო ადგილას და დაიწყებს დოკუმენტების შესწავლას, კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კი მერია ოჯახს უშუამდგომლებს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან კომპენსაციის მისაღებად.

2021 წლამდე საცხოვრებელი სახლის მთლიანად დაწვის შემთხვევაში დაზარალებული სახელმწიფოსგან კომპენსაციას 15 ათას ლარს იღებდა. 2022 წლიდან თანხა გაიზარდა და 20 ათასი ლარი გახდა.

____________

ფოტოზე: ხანძარი წაბლანაში. ბეგლარ შაინიძის ფოტო

ამავე თემაზე: 

30 წუთი, სანამ ყველაფერი გაქრება, რასაც მთელი ცხოვრება ქმნიდი

 

 

გაავდრდება, ზოგან მოსალოდნელია ძლიერი წვიმა – სააგენტოს გაფრთხილება ამინდის შესახებ

გარემოს ეროვნული სააგენტო გაფრთხილებას ავრცელებს მოსალოდნელი ამინდის შესახებ.

სააგენტოს ცნობით, 2 და 3 სექტემბერს, დღის მეორე ნახევრიდან, 4 სექტემბრის დილამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი. ასევე, სეტყვა და ქარი.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“ – წერს სააგენტო.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 2 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 2 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 264 060 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +570]
  • ტანკი – 4 471 ერთეული [+12]
  • ჯავშანტექნიკა – 8 637 ერთეული [+24]
  • საარტილერიო სისტემა – 5 560 ერთეული [+30]
  • MLRS – 736 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 501 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 433 ერთეული [+12]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 447 ერთეული [+2]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 8 043 ერთეული [+34]
  • სპეცტექნიკა – 835 ერთეული [+4]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 2 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 466 თვითმფრინავი
  • 247 ვერტმფრენი
  • 6 318 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 435 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 11 607 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 147 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 6 182 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 12 620 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ბუდანოვი: რუსეთი რევანშს შეეცდება დამარცხებიდან 10 წლის შემდეგ

ჩემს სოფელში ქალები დილის 5 საათზე დგებიან და იწყებენ მუშაობას – სოფელი ხულგუმო

„ჩემს სოფელში ქალები დილის ხუთ საათზე დგებიან, ზოგჯერ 4-ზეც. ათობით ძროხას წველიან და შემდეგ, დილის შვიდ საათზე, მინდვრებში უშვებენ საბალახოდ.

შინ დაბრუნების შემდეგ კი სახლის საქმეებს იწყებენ. საუზმეს ამზადებენ ოჯახისთვის, ბავშვებს – სკოლისთვის, შემდეგ კი ბაღჩა-ბოსტანში მუშაობენ მთელი დღე.

ღორი, ძროხა, ქათამი – ყველაფერს ქალმა უნდა მიხედოს.

ძნელია სოფელში ცხოვრება, სადაც ფიზიკური შრომის გარდა არაფერი გაქვს. არც გასართობი და არც სხვა რამ განვითარებისთვის“, – ამბობს „ბათუმელებთან“ 24 წლის ანატოლია მკრტჩიანი, რომელიც ჯავახეთში, სოფელ ახალ ხულგუმოში ცხოვრობს.

სოფელი ახალი ხულგუმო/ჯავახეთი ფოტო: ვიკტორია ლევანიანი

ანატოლია სტუდენტია, დაწყებითი განათლების სპეციალობას ეუფლება. ჰყავს ერთი წლის შვილი, ცხოვრობს მეუღლესთან და მის მშობლებთან ერთად.

მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლის პროფესიას ეუფლება, უჭირს მისი სამომავლო გეგმები მშობლიურ სოფელს დაუკავშიროს.

„აქ არაფერია, არც ბავშვებისა და არც დიდებისთვის, რომ თავისუფალ დროს გაერთო, განვითარდე და რაღაცით მაინც გაიხალისო მძიმე ცხოვრება.

წარმოიდგინეთ სოფელი, სადაც შვიდი თვე ზამთარია, გზები არ არის, არც საბავშვო ბაღია. სკოლა გვაქვს მხოლოდ, მაგრამ ბავშვებს არ აქვთ სტადიონი, რომ ბავშვები და მოზარდები სკოლის შემდეგ გაერთონ.

სკვერი მაინც, რომ იყოს გავისეირნებდით. სოფელში არის მოედნისთვის ადგილი, მაგრამ ისიც კეთილმოუწყობელია.

ქალებისთვის კიდევ უფრო რთულია სოფელში ცხოვრება, რადგან საბავშვო ბაღი არ არის, ბავშვებს სულ სახლში უწევთ ყოფნა. ქალებმა კი ბავშვებსაც უნდა მიხედონ და სხვა საოჯახო საქმეებსაც.

მხოლოდ ბოსტანი, ბოსელი, ოჯახის მოვლა. არაფერია ჩვენთვის საინტერესო.

ნინოწმინდა. სოფელი ახალი ხულგუმო

საბავშვო ბაღის ასაკის 15-18 ბავშვი გვყავს სოფელში, თუმცა გვითხრეს, რომ ბაღს ვერ გაგვიხსნიან. არადა, ძალიან კარგი იქნებოდა ჩვენთვის, ქალებისთვის, რადგან რამდენიმე საათით მაინც  დავისვენებდით. თანაც ბაღში ბავშვები უფრო განვითარდებიან, კომუნიკაციას ისწავლიან და ქართულ ენასაც შეისწავლიან“, – გვეუბნება ანატოლია.

სოფლის სკოლაში 40 მოსწავლეა. წლების განმავლობაში ქართულის მაწავლებელი არ გვყოლია, ახლა გვყავს, თუმცა არ გვყავს ინგლისურის მასწავლებელი და გაკვეთილები ონლაინ ტარდება ხოლმე.

ხულგუმოს სკოლაში 40 ბავშვი სწავლობს

ანატოლია ამბობს, რომ წლების წინ სოფლიდან არავინ მიდიოდა უმაღლესში სასწავლებლად, თუმცა დღეს ეს მდგომარეობა შეცვლილია და ყველა მშობელს სურს, შვილების ცხოვრება შეცვალოს.

„ჩვენი სოფელი ძალიან მოშორებულია ქალაქიდან და რთულია შორს წასვლა, თუმცა ამ სოფელში არანაირი პერსპექტივა არ არსებობს.

ყველა მძიმედ შრომობს, ქალიც და კაციც, თუმცა ქალების შრომა ბევრად მძიმე იმიტომ არის, რომ ბოსტნის, ყანებისა და საქონლის გარდა, სახლსაც უნდა მოუარონ, ბავშვებს მიხედონ და სადილ-ვახშამიც გააკეთონ.

აქ ვერსად დასაქმდები. თუ ფიზიკურად არ იშრომე, თავს ვერ ირჩენ. ფარავნის ტბა ახლოსაა და კაცები თევზს იჭერენ ხოლმე და მეზობელ სოფლებში ან ქალაქში ყიდიან.

სოფელი ახალი ხულგუმო/ ფოტო: ვიკტორია ლევანიანი

ოჯახების უმეტესობას ძალიან ბევრი საქონელი ჰყავს, ამიტომ კარგი იქნებოდა სოფელთან ახლოს  რძის ნაწარმის პატარა ქარხანა რომ გაეხსნათ, ყველს მაინც ჩავაბარებდით ან თევზის საწარმო მაინც ყოფილიყო, რომ ადამიანები დასაქმებულიყვნენ“, – ამბობს ანატოლია.

მისი თქმით, საქონლის მოვლა ძალიან მძიმე შრომაა. რადგან კლიმატი მკაცრია და ზამთარი დიდხანს გრძელდება, ზაფხულობით კი თივის შეგროვებას დიდი ძალისხმევა სჭირდება. თუ წელი გვალვიანია, ბალახი საერთოდ ჭირს და გლეხს თივის ყიდვა უწევს, რაც მათთვის ზარალია.

„გვყავს ისეთი ოჯახები, რომლებსაც ათასობით ცხვარი ჰყავთ და ცხვრის მოვლაც ძალიან რთულია. ზამთრის პერიოდში კახეთში უნდა გადარეკო და იქ დააბანაკო, რადგან აქ კლიმატი ძალიან ცივია. ზაფხულობით კი ისევ აქეთ უნდა გადმორეკო.

გზა არ ვარგა. სოფელში არც გაზი გვაქვს, რაც ძალიან დიდი ნაკლია. ფარავნის ტბა გვაქვს და იქ ხომ მაინც შეიძლება ტურისტული ცენტრი გააკეთონ, ან რაიმე, რაც საინტერესოს გახდის აქაურობას.

ფარავნის ტბა/ჯავახეთი ფოტო: ვიკტორია ლევანიანი

რაღაც მაინც რომ შეიცვლებოდეს სოფელში, კარგი იქნებოდა. ბაღი რომ გვქონდეს, სათამაშო მოედანი, გასართობი ადგილები, პატარა პარკი მაინც, რომ გაისეირნო, ადამიანები აღარ იფიქრებდნენ სოფლიდან წასვლაზე.

მეც მიჭირს მომავალი ამ სოფელს დავუკავშირო. მეც წასვლაზე ვფიქრობ“, – გვეუბნება ანატოლია.

ქართველი ქალი, რომელიც აშშ-ის საჰაერო ძალებში მსახურობს – რამდენიმე თვეში მივიღე მოქალაქეობა

„მეტი რა უნდა მოხდეს ცხოვრებაში, რომ ვერ გავუძლო? რის ატანას ვეღარ შევძლებ ამის მერე? იცი, რა კარგია, როცა სირთულეებს დაძლევ და ასე იწყებ ფიქრს? ვფიქრობ ახლა ასე. ორთვიანი სამხედრო წვრთნების გავლის შემდეგ ამერიკის საჰაერო ძალებში მოსახვედრად.

წარმოიდგინეთ, ტეხასის 45 გრადუსი სიცხე, 18 საათი დგახარ ფეხზე და ღამით საშუალოდ 5 საათი გძინავს. გწვრთნიან ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად. გაართმევ თუ არა წვრთნებს თავს, დამოკიდებულია იმაზე, კრიტიკულ მომენტში რამდენად სწორ დროს შეძლებს შენი გონება სწორი გადაწყვეტილებების მიღებას.

2 თვე შენ, როგორც ადამიანი, შენი სურვილებით და საჭიროებებით – არ არსებობ. კედლის მიღმა, სადაც წვრთნები ტარდება, ვერავის და ვერაფერს ხედავ, ყველაფერს მოწყვეტილი ხარ, არ გაქვს ტელეფონი, ვერავის ეკონტაქტები. ერთადერთი მისია გაქვს: ყველაფერს უნდა გაუძლო და გადარჩე“, – ასე აღწერს 26 წლის ბარბარე ურიდია ამერიკაში, ტეხასის შტატში სამხედრო წვრთნებს, რომელიც წელს გაიარა.

ბარბარე ურიდია
  • „ჩემი გადაწყვეტილება არაორდინალური და ამბიციური იყო“

წვრთნების დასრულების შემდეგ ხალხით სავსე დიდ მოედანზე სამხედრო სერტიფიკატი რომ გადასცეს, სახალხოდ გამოაცხადეს, რომ ამერიკის მოქალაქეობასაც ანიჭებდნენ. „წარმოუდგენელი ამბავი იყო, ამერიკაში ჩასვლიდან რამდენიმე თვეში მომანიჭეს მოქალაქეობა. ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი მომენტი იყო“, – იხსენებს ბარბარე, მხატვარი და ბოდიარტისტი თბილისიდან, ახლა უკვე აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო კოლეჯის სტუდენტიც.

ბარბარე ემიგრაციაში 11 თვის წინ წავიდა.

„ჩემი გადაწყვეტილება არაორდინალური და ამბიციური იყო, ალბათობა იმისა, რომ ამერიკის საჰაერო ძალებში ვერ ჩავრიცხულიყავი და პირველივე თეორიული გამოცდებიც კი ვერ ჩამებარებინა, დიდი იყო“, – ამბობს ბარბარე.

პირველ რიგში, სახელმწიფო გამოცდის თეორიული ნაწილი უნდა ჩაებარებინა, წვრთნებამდე რომ მისულიყო. რამდენიმე საგანი ჩააბარა, მათ შორის მექანიკა და ინჟინერია, რის შესახებაც მანამდე ზოგადი ინფორმაციაც კი არ ჰქონდა.

„ვიჯექი და საათობით, ყოველდღე ვმეცადინეობდი, ადამიანიც კი არ მყავდა ირგვლივ ისეთი, ვისაც მექანიკისა და ინჟინერიის რამე გაეგებოდა, დამეხმარებოდა.

ამ გამოცდების ქულები განსაზღვრავდა საბუთებისა და დოკუმენტების მომზადების ეტაპზე გადასვლას. ჩავაბარე ეს გამოცდები. დაიწყო მეორე ეტაპი. იმდენ დოკუმენტსა და წვრილმან საბუთს გთხოვენ, იმდენ რამეზე გიწევს მოკლე დროში ერთდროულად ფიქრი, მაგრამ ეს ყველაფერი სინამდვილეში კიდევ უფრო რთული პროცესებისთვის მამზადებდა“, – ამბობს ბარბარე.

მეორე ეტაპი ზემოხსენებული ორთვიანი წვრთნები იყო, საბაზისო სამხედრო წვრთნა. ბარბარე ჰყვება, რომ ამერიკული სამხედრო ძალების სხვადასხვა დანაყოფი: საჰაერო ძალები, საზღვაო ფლოტი თუ კოსმოსური ძალები სხვადასხვა ბაზაზე იწვრთნებიან.

ბარბარე ურიდია
  • „ყველა სხვადასხვა აქცენტით, სხვადასხვანაირი ინგლისურით გელაპარაკება, თავიდან შეიძლება გაგიჟდე, სანამ შეეგუები“

ორთვიანი სამხედრო წვრთნის შემდეგ ბარბარემ Air Man-ის სტატუსი მიიღო.

მერე სამხედრო კოლეჯში დაიწყო სწავლა და ახლა სამხედრო  საქმეს სწავლობს. ცხოვრობს სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში.

„ყველაზე რთული სამხედრო წვრთნები იყო, კოლეჯში სწავლა ბევრად მარტივია. აქაც არის სპეციფიკური წესები, რასაც უნდა დაემორჩილო, მაგრამ ამ წესებთან შეგუება შესაძლებელია.

წვრთნებს რაც შეეხება, ის ორი თვე სრულიად შეუსაბამოა ადამიანის ცხოვრების ყოველდღიურობასთან, მხოლოდ კონკრეტული დროით თუ გაუძლებს ამას ადამიანი“, – ამბობს ბარბარე.

კოლეჯის დასრულების შემდეგ ის საჰაერო ოპერატიულ ძალებში დაიწყებს სამსახურს.

„რთული იყო ამ გზის გავლა, მე არ მქონდა გამოცდილება და ბაზა სამხედრო სამსახურისთვის, მაგრამ რახან საჰაერო ძალებში გაერთიანება გადავწყვიტე, ძალიან დაჩქარდა ჩემი ადაპტაციის პროცესი. ეს უსწრაფესი რიტმი ძალიან მტკივნეული იყო და რთული. ენის ბარიერიც მქონდა, რასაც ნელ-ნელა ვძლევ. არ იყო ჩემი ინგლისური იდეალური, როცა აქ ჩამოვედი. თან ყველა სხვადასხვა აქცენტით, სხვადასხვანაირი ინგლისურით გელაპარაკება, თავიდან შეიძლება გაგიჟდე, სანამ შეეგუები.

ამ ტემპმა და სამხედრო წვრთნებმა სხვა ადამიანად მაქცია, გამაძლიერა“, – ამბობს ბარბარე.

მისთვის ახალ გარემოში ცხოვრებამ ბევრი რამ შეცვალა. დაბალი თვითშეფასება მქონდა, ახლა ასე არ არის და თითოეული წუთიც ძვირფასია ჩემთვის. ვფიქრობ, როგორ და რაში გამოვიყენებ სასარგებლოდო, – ამბობს ბარბარე.

ბარბარე ურიდია
  • „ეს ქვეყანა ყველა ადამიანში პოულობს რაღაცას, რისი გააქტიურებითაც იღებს შედეგს“

ბარბარესთვის საქართველოში ცხოვრება ძალიან რთული იყო. მხატვარია და მიაჩნია, რომ საქართველო არ სწყალობს მხატვრებს:

„ამით ვერ იცხოვრებ. საშუალოსტატისტიკური ქართველი ორიენტირებულია გადარჩენაზე: ფიქრობს, ჰქონდეს საკვები და თავშესაფარი, დაიკმაყოფილოს ელემენტარული საჭიროებები.

სულიერი საზრდო, ხელოვნება, კულტურა, განათლება – ფუფუნებაა. ჩემი, როგორც მხატვრის ცხოვრება საქართველოში დალხენილი არ ყოფილა, ვაპროტესტებდი ამ ყოფას, ვიყავი სამოქალაქო აქტივისტი, ყოველთვის ვიდექი ჩაგრული უმცირესობების გვერდით აქციებზე“, – გვიყვება ბარბარე.

ბარბარე ურიდია

ამბობს, რომ საქართველოდან წასვლის გადაწყვეტილება მძიმე სოციალური მდგომარეობის, სტრესული რეალობის გამო გადაწყვიტა.

„პირველი დიდი ტრავმა სკოლაში მივიღე. ბოლო ზარის ღონისძიება მიმყავდა 2015 წელს, მიხაროდა ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა და თმა ვარდისფრად შევიღებე. ამის გამო დირექტორმა მომხსნა ღონისძიებიდან და გამაგდო. ეს ჩემთვის დიდი შეურაცხყოფა იყო, კარგი მოსწავლე ვიყავი სკოლაში. ამიხსნეს, რომ სკოლის იმიჯს ვარცხვენდი“, – იხსენებს ბარბარე.

ფიქრობს, რომ ქვეყანა ისეთია, როგორც თითოეულ ინდივიდს, ერთ კონკრეტულ ადამიანს ეპყრობა საზოგადოება, გარემო.

რა გახდა მისთვის ცხადი ამერიკაში 11-თვიანი ცხოვრების შემდეგ, რა შთაბეჭდილება აქვს ამ ქვეყანაზე და როგორ ახასიათებს გარემოს, სადაც ახლა ცხოვრობს – ამაზე საუბრისას ბარბარე ამბობს, რომ მისთვის ახალმა ქვეყანამ დიდი შესაძლებლობები გააჩინა.

„ამერიკა თითოეულ ადამიანში შესაძლებლობას, უნარს და ნიჭს ხედავს. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების ინტელექტუალური შესაძლებლობები ერთმანეთისგან განსხვავდება, ყველა ადამიანს აქვს თუნდაც ერთი საქმის საუკეთესოდ შესრულების უნარი მაინც და ეს იცის ამერიკამ.

ეს ქვეყანა ყველა ადამიანში პოულობს რაღაცას, რისი გააქტიურებითაც იღებს შედეგს, რა შედეგიც ამერიკას აქვს სხვადასხვა სფეროში, სხვადასხვა თვალსაზრისით.

ყველა ადამიანის რესურსს იყენებს. საქართველოში ასე არ ხდება. საქართველოში პირდაპირი მნიშვნელობით იფლანგება ადამიანების ენერგია და შესაძლებლობები. ეს არის ყველაზე დიდი სხვაობა ამ ორ ქვეყანას, ორ საზოგადოებას შორის, ჩემი აზრით“, – ამბობს ბარბარე და დასძენს, რომ მთავარი მისთვის ახლა საინტერესო გზაზე დგომის შეგრძნებაა.

„ვგრძნობ, რომ ჩემი აქ ყოფნა პროგრესის გზაა და ამას ვერაფერი შეაჩერებს. ზუსტად ვიცი, რომ ჩემი თავის უკეთესი ვერსიისკენ მივდივარ, ზუსტად ვიცი, რომ მომავალში დღევანდელზე უკეთეს საკუთარ თავს მივიღებ“, – ამბობს ქართველი ემიგრანტი.

ამერიკის საჰაერო ძალებში, 2021 წლის მონაცემებით, 328 888 ადამიანი მსახურობდა, ეს რიცხვი ყოველწლიურად იცვლება, მაგრამ არა მნიშვნელოვნად. 1995 წლიდან 2021 წლამდე აშშ-ის საჰაერო ძალებში მყოფთა რაოდენობა 300 000-ზე ნაკლები არასდროს ყოფილა.

ჩაბნელებული ქუჩა ბათუმში, ახალ ბულვართან – რას განმარტავენ მერიაში

„ეს ჩაბნელებული დავით მამულაძის ქუჩაა ტურისტებით გადაჭედილ უბანში, ახალ ბულვართან ახლოს“, – ამბობს პარტია „ლელოს“ რეგიონული ლიდერი გენო თებიძე. მან დღეს, პირველ სექტემბერს, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ბათუმის ცენტრში მდებარე ამ ჩაბნელებული ქუჩის ღამით გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა და ბათუმის მერიის ყურადღება ითხოვა.

დავით მამულაძის ქუჩა ახალ ბულვარის მიმდებარედაა, გენო თებიძის თქმით, ამ ქუჩაზე, მინიმუმ ერთი წელია, გარეგანათება სრულად გამორთულია.

„დაახლოებით 2 წლის წინ ამ ქუჩის რეაბილიტაცია ჩატარდა, ტროტუარებიც მოეწყო, გარეგანათების ბოძები ახალი გააკეთეს, რამდენიმე დღით ჩართეს და რომ ჩაქრა, მას შემდეგ ამ ქუჩაზე ბნელა, თანაც დიდი მოძრაობაა, კაჩინსკების ქუჩამდე ჩადის ეს ქუჩა, დაახლოებით ნახევარი კილომეტრი სიგრძისაა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ გენო თებიძე.

„აღნიშნულ საკითხი ჩვენთვის ცნობილია, საკითხი უახლოეს პერიოდში იქნება გადაწყვეტილი,“ – მხოლოდ ეს მოგვწერს ბათუმის მერიის კეთილმოწყობის და ინფრასტრუქტურის სამმართველოს პრესცენტრიდან.

უწყებაში უპასუხოდ დატოვეს სხვა შეკითხვები: რამ შეუშალა ხელი ამ დრომდე მერიას, ქუჩა გაენათებინათ? რის გამო დაზიანდა ახალრეაბილიტირებული გარეგანათების სისტემა, ან კონკრეტულად როდის განათდება ქუჩა?

დავით მამულაძის ჩაბნელებული ქუჩა ბათუმში

„ოცნება“ საკუთარ თავს უწყობს იმპიჩმენტს – ინტერვიუ ანა ნაცვლიშვილთან

„წარმოიდგინეთ, შარლ მიშელმა რომ დაურეკოს პრეზიდენტს და გაესაუბროს, რა უნდა ქნას სალომე ზურაბიშვილმა? უთხრას, რომ თქვენ ახლა დამიცადეთ, მე პოზიციის გამოხატვის თავისუფლება არ მაქვს, წავალ, მთავრობისგან ნებართვას ავიღებ და მერე დაგიბრუნდებითო?

ვინც ასეთ მარაზმულ სცენარზე საუბრობს, ის არ კითხულობს კონსტიტუციას სწორად,“ – ანა ნაცვლიშვილი, პარლამენტის წევრი „ლელოდან“ დარწმუნებულია, რომ „ქართულ ოცნებას“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დაწყებით იმის იმედი კი არ აქვს, რომ იმპიჩმენტს ბოლომდე მიიყვანს, არამედ ეს გზავნილია კრემლისთვის და ევროპისთვისაც.

რის მიღწევას ცდილობს „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დაწყებით? – „ბათუმელებმა“ ანა ნაცვლიშვილთა ინტერვიუ ჩაწერა.

  • ქალბატონო ანა, „ქართული ოცნება“ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. თქვენი აზრით, რამდენად გამოუვა „ოცნებას“ეს? 

არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, თუმცა ვფიქრობ, რომ „ოცნების“ გათვლა არის არა ის, რომ ბოლომდე მივიდეს იმპიჩმენტი და ყველა ეტაპი გაიაროს, არამედ იმის ჩვენება, რომ „ქართული ოცნება“ არის რუსეთის, კრემლის დავალების შემსრულებელი.

ეს მოძრაობა, რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ, ივანიშვილის მორიგი თამაშია, თუ როგორ ვაჭრობს იგი საქართველოს და ქართველების ბედით.

ცხადია, რუსეთს არ უნდა, საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. კრემლის ამოცანაა, მყარად მონიშნოს ეს ქვეყანა თავის გავლენის სფეროდ. რუსეთი ცდილობს, არათუ შემდეგი ნაბიჯები გადავდგათ ჩვენ ევროინტეგრაციის გზაზე, არამედ სტატუსიც კი არ მივიღოთ. ეს არის რუსული ხელისუფლება ქართული გვარებით და ამ თამაშის გათვლა არაა ის, რომ ბოლომდე მივიდნენ, რადგან მათ 100 ხმა დასჭირდებათ იმპიჩმენტისთვის, რაც არ აქვთ.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დაწყება არის გზავნილი კრემლისთვის და ევროპისთვისაც. „ოცნება“ ამით ეუბნება რუსეთს, რომ შესაძლოა, სამართლებრივ და პოლიტიკურ, სრულ დელეგიტიმიზაციაზეც წავიდეს, ოღონდაც კრემლის დავალება შეასრულოს.

ეს იმ ტიპის იმპიჩმენტია, როცა სხვას კი არ უწყობ იმპიჩმენტს, როცა ასეთი საფუძვლით მოქმედებ, არამედ იმპიჩმენტს უწყობ საკუთარ თავს. მართალია, პარტიის იმპიჩმენტი არ არსებობს, მაგრამ, ცხადია, პოლიტიკურ იმპიჩმენტზე ვსაუბრობ და დელეგიტიმაციაზე. ეს უზარმაზარი თვითდაზიანებაა, რომელზეც ახლა პარტია „ქართული ოცნება“ მიდის.

  • ევროკავშირისთვის როგორ იკითხება „ქართული ოცნების“ მხრიდან პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დაწყება? 

რა თქმა უნდა, ძალიან მძიმედ იკითხება. გამოდის, ევროპის კარზე აკაკუნებს ქვეყანა, რომელსაც ჰყავს ღიად პრორუსული ხელისუფლება. ეს არის გზავნილი ევროპისთვის, რომ ყველაფერზე წამსვლელია ხელისუფლება იმისთვის, რომ არ მივიღოთ სტატუსი.

  • პრეზიდენტის განცხადებები პირიქით, ხელს უშლიდაო ევროინტეგრაციასო, ირაკლი კობახიძე ამბობს. საინტერესოა ასევე სამართლებრივად უნდა დაესაბუთებინა თუ არა მთავრობას და განემარტა საზოგადოებისთვის: კონკრეტულად რის გამო შეუზღუდეს პრეზიდენტს ევროპის ქვეყნებში ვიზიტი? 

ირაკლი კობახიძის ბევრი განცხადება გვახსოვს და არცერთი არ იყო ადეკვატური დროსა და სივრცეში, მათ შორის, შოვის ტრაგედიის დროს გადარჩენილი ადამიანის დადანაშაულება.

რაც შეეხება ახსნა-განმარტებას: რა თქმა უნდა, ეს არის დისკრეცია, მაგრამ მთავრობის დისკრეციული უფლებამოსილება არ ნიშნავს თვითნებობას. ეს არც გაუმჭვირვალობას ნიშნავს.

ასეთი გადაწყვეტილებები დეტალურად უნდა იყოს ახსნილი საზოგადოებისთვის, ამის მოლოდინი კი, დღეს არც არავის აქვს. რასაც ახლა პრუტუნებენ, ეს არ არის ახსნა-განმარტება და არც არსებობს არგუმენტი, რის გამოც შეიძლება პრეზიდენტს ხელი შეუშალო ქვეყნის ევროინტეგრაციის მიზნის მიღწევაში.

  • ელექტორალურად რას იგებს ამ პროცესით, თქვენი აზრით, „ქართული ოცნება“? ვიცით, რომ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ევროინტეგრაცია სურს, ამ მიდგომით კი გამოჩნდა, რომ ხელისუფლება კრემლის გულის მოგება სურს. 

„ქართულ ოცნებას“ ელექტორალური გათვლა არ აქვს. ელექტორალურად და, ზოგადად, დემოკრატიაში ეს იქნებოდა უკიდურესად წამგებიანი ნაბიჯი. მათ დემოკრატიაზე არ აქვთ გათვლა – ისინი მოქალაქეების წინაშე კი არ გრძნობენ ანგარიშვალდებულებას, არამედ რუსეთის წინაშე. კრემლისთვის კი პრინციპულად სჭირდება: საქართველოში მაინც ჰქონდეს რაღაც წარმატების იმიტაცია.

გარდა ამისა, „ოცნება“ გათვლას აკეთებს იმ მოქალაქეებზე, ვისაც კვებავს დეზინფორმაციით და თვლის, რომ ეს გამოუვა, თუმცა ეს პროცესი აშიშვლებს ამოცანას: თუ რომელიმე კეთილსინდისიერ მოქალაქეს აქამდე უჭირდა იმის დაჯერება, რომ ეს ხელისუფლება პრორუსულია, ეს ნაბიჯი აღარ ტოვებს ამ ნაბიჯს.

დღეს დასავლეთი რუსეთის იზოლაციის პოლიტიკაზეა შეთანხმებული, რთულია ამ პოლიტიკის აღსრულება, მაგრამ ისინი ძალ-ღონეს არ იშურებენ. მთელი დასავლეთი რუსეთს არქმევს სახელს, როგორც ტერორისტ სახელმწიფოს და საერთაშორისო დანაშაულის ჩამდენს.

რუსეთს, რომელმაც თავისი სამხედრო ამოცანა უკრაინაში ვერ შეასრულა, სჭირდება სადღაც მაინც იმის ჩვენება, რომ აქვს გავლენა რეგიონში და ეს საჯილდაო ქვაა ახლა საქართველო. ივანიშვილი კი, აგზავნის მესიჯს, რომ ის ყველაფერზე წამსვლელია.

ეს პროცედურა დარჩება ისტორიას. ეს სამართლებრივი აქტია და ნებისმიერი პირი, რომელიც მას მხარს დაუჭერს, იქნება კონსტიტუციის 78-ე მუხლის დამრღვევი. ეს მუხლი ყველას გვავალებს, ვიმუშაოთ ევროინტეგრაციისთვის.

„ქართულ ოცნებას“ რომ რეალურად სურდეს სტატუსის მიღება, მინიმუმ თვითონ უნდა აწყობდნენ ევროპაში მსგავს ტურნეს, ან თუ ეჭვიანობაა პრეზიდენტზე, მაშინ ერთად უნდა გაეკეთებინათ ეს.

  • თქვენი დაკვირვებით, დამოუკიდებელი მოთამაშე ხდება სალომე ზურაბიშვილი?

თავს შევიკავებ ამაზე საუბრისგან, ეს პოლიტოლოგებმა გაარჩიონ. ჩემთვის ეს საკითხი არ დაიყვანება მხოლოდ ზურაბიშვილის და „ოცნების“ ურთიერთობამდე – მწვავეა ეს თუ მოჩვენებითი.

ჩემთვის თემა არის ის, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არის კრემლის დავალების შემსრულებელი. ეს რუსულ კანონზე მძიმე შემთხვევაა, რადგან აქ მეორე კენჭისყრა აღარ იქნება, ვეღარ იტყვიან, რომ უკან დაიხიეს…

ეს არ არის ევროპაში ქვეყნის შემყვანი ხელისუფლება. თქვენ რომ იყოთ ევროპის რომელიმე ქვეყნის ლიდერი და ასეთი ქვეყანა გიკაკუნებდეთ კარზე, სადაც პრეზიდენტს სტატუსის თხოვნის ტურნეს გამო იმპიჩმენტი დაუწყეს, რა დასკვნას გამოიტანთ ასეთ ქვეყანაზე?

  • გამორიცხავთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა კონკრეტული საფუძველი, რის გამოც შეუზღუდეს პრეზიდენტს ვიზიტი ევროპაში? 

ეს არის კონსტიტუციის სულისკვეთების საწინააღმდეგოდ წაკითხვა, როცა ავითარებენ პოზიციას, რომ პრეზიდენტის ყოველ ნაბიჯს სჭირდება საქართველოს მთავრობის თანხმობა.

წარმოიდგინეთ, შარლ მიშელმა  რომ დაურეკოს პრეზიდენტს და გაესაუბროს, რა უნდა ქნას სალომე ზურაბიშვილმა? უთხრას, რომ თქვენ ახლა დამიცადეთ, მე პოზიციის გამოხატვის თავისუფლება არ მაქვს, წავალ, მთავრობისგან ნებართვას ავიღებ და მერე დაგიბრუნდებითო?

ვინც ასეთ მარაზმულ სცენარზე საუბრობს, ის არ კითხულობს კონსტიტუციას სწორად.

კონსტიტუცია დაირღვა თუ არა, ეს საერთოდ ხელოვნურად შემოტანილი თემაა. ნებართვა არ სჭირდება პრეზიდენტს თავისი პოზიციონირებისთვის, რადგან ის არის სახელმწიფოს მეთაური, დამოუკიდებლობის და ერთიანობის სიმბოლო და საგარეო პოლიტიკაში როლის მქონე.

მთავრობასთან შეთანხმება არის საჭირო იმ შემთხვევაში, როცა გარკვეულ პირობას დებ ქვეყნის სახელით, როცა ხელშეკრულებას აწერ ხელს. ასეთ შემთხვევაშია პასუხისმგებლობა თანაზიარი და ვერ იმოქმედებს პრეზიდენტი მთავრობის თანხმობის გარეშე. კონსტიტუცია პირიქით გვავალებს ყველას, ყველაფერი გააკეთე ევროინტეგრაციას რომ შეეწყოს ხელიო.

„ქართული ოცნების“ ამოცანაა ასევე ის, რომ საინფორმაციო ველი შეიცვალოს როგორმე – შოვის ტრაგედია ჰკიდია „ქართული ოცნების“ თავზე. ამ ტრაგედიიდან „ქართული ოცნება“ ასე მარტივად ვერ უნდა გამოძვრეს.

ამ თემაზე:

რა მოხდება, თუ პრეზიდენტის იმპიჩმენტი შედგება? – საიას განმარტება

5-10 სექტემბერს, ბათუმში პლაჟის ფრენბურთის ჩემპიონატი გაიმართება

უკვე მესამე წელია აჭარის ფრენბურთის ფედერაცია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით საპლაჟო ფრენბურთის ჩემპიონატს მასპინძლობს.

წელს პირველად ლისინ ივენთის და ბათუმის ფესტივალის მხარდაჭერით უკვე საერთაშორისო ჩემპიონატის სტატუსით უმასპინძლებს სპორტსმენებს.

5 სექტემბრიდან 10 სექტემბრამდე ზღვისპირა ქალაქი ორ ჩემპიონატს „ოქროს ბურთი“ და „კორტის მეფე“ აანონსებს. ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი ასევე უცხოელი სპორტსმენებიც.

„ლისინ ივენთი და ბათუმის ფესტივალი ყოველთვის მზად არის მხარი დაუჭიროს მსგავს აქტივობებს, რაც ჩვენი რეგიონის ტურისტული ბაზრის გაზრდას ხელს შეუწყობს, ამასთან ერთად ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია ლისინ ივენთის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

ვფიქრობთ, რომ ჩვენი ხელშეწყობით კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება ეს ტურინირი, სპორტული ტურიზმის განვითარება კი ბევრად უფრო მიმზდიველს გახდის აჭარას ტურისტებისთვის. საპლაჟო ფრენბურთი ისე არაფერს უხდება როგორც ბათუმს.

ლისინ ივენთის და ბათუმის ფესტივალის მხარდაჭერით გამარჯვებულებს სოლიდური ფულადი პრიზები გადაეცემათ რაც ვფიქრობთ კიდევ უფრო წამახალისებელი იქნება მათთვის.

იმედი გვაქვს ჩემპიონატი საერთაშორისო სტატუსით ტრადიციულ სახეს მიიღებს და ჩვენ ყოველთვის ვიქნებით მსგავსი აქტივობების მხარდამჭერი.

თამაშებზე დასწრება თავისუფალია და ველოდებით ყველას, აღსანიშნავია, რომ ორივე ტურნირი შოუს ელემენტებს შეიცავს რაც კიდევ უფრო სანახაობრივს და საინტერესოს გახდის მაყურებლებისათვის.“ – ნანუკა გორგილაძე კომპანია ლისინ ივენთის და ბათუმის ფესტივალის ღონისძიებების ორგანიზატორი.

ორივე ტურნირი უკვე ტრადიციულ სახეს ატარებს და წლიდან წლამდე ვცდილობთ ამ ღონისძიებების დონის ამაღლებას და გეოგრაფიის გაზრდას. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სწორედ ბათუმში ჩავატარეთ, განსხვავებული ფორმატის ტურნირი, „კორტის მეფე“ საქართველოში პირველებმა და 2021 წლიდან ამ ტურნირის მიმართ ინტერესი სულ უფრო და უფრო მატულობს.

წელს პირველად გენერალური სპონსორის მხარდაჭერით მოვახერხეთ ტურნირისათვის საერთაშორისო სტატუსის მინიჭება, რაც ძალიან გვახარებს. აჭარის ფრენბურთის ფედერაცია პირველ რიგში მნიშვნელობას ანიჭებს ჩვენს რეგიონში ამ ულამაზესი სპორტის სახეობის განვითარებას და ადგილობრივი მოთამაშეების ჩართულობას.პირველივე წლიდან  ზემოთხსენებულ ტურნირებში საკმაოდ წარმტებულად მონაწილეობენ ბათუმელი წყვილები და იმედი გვაქვს, რომ ეს წელიც ანალოგიური იქნება.

ვიმედოვნებთ, რომ „ოქროს ბურთი“ და „კორტის მეფე“ განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს 2023 წლის ბათუმის სპორტული ღონისძიებების კალენდარში და განსხვავებული და სანახაობრივი მატჩებით ბათუმის ფესტივალის ღირსეული ნაწილი იქნება.

ზვარესა და ძენწმანის მეჩეთების სარეაბილიტაციო თანხა 500 ათასამდე გაიზარდა

ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ზვარესა და ძენწმანში მდებარე მეჩეთების სარეაბილიტაციო თანხა ნახევარ მილიონამდე გაიზარდა. პარალელურად, გადაიწია სამუშაოების დასრულების ვადაც.

ზვარესა და ძენწმანის მეჩეთები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია და ისინი დღეს სავალალო მდგომარეობაშია. მათ რეაბილიტაციაზე ტენდერი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ [კმდს] რამდენჯერმე გამოაცხადა, ჯამში 370 ათას 500 ლარით, თუმცა, ეს ტენდერები არ შედგა.

ამჯერად კმდს-მ თანხა 129 ათას 500 ლარით გაზარდა და ორივე მეჩეთის რეაბილიტაციაზე ტენდერი 500 ათასი ლარით გამოაცხადა.

თანხის გაზრდას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო იმ პირობით დათანხმდა, „თუ პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ფინანსური რესურსი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გათვალისწინებული იქნება მომდევნო [2024] წლის ბიუჯეტის პროექტირებისას.“

წინა ტენდერის პირობის მიხედვით, მეჩეთების რეაბილიტაცია 2023 წლის 1-ელ ოქტომბრამდე უნდა დასრულებულიყო. ახალი ტენდერის პირობით კი, გამარჯვებულმა სამუშაოები 2024 წლის 1-ელ ივნისამდე უნდა დაასრულოს.

ნახევარმილიონიან ტენდერში წინადადებების მიღება კი, 2023 წლის 12 სექტემბერს დაიწყება და 15 სექტემბერს დასრულდება.

განახლება: შესყიდვების პორტალის მიხედვით არც ეს ტენდერი შედგა – მასში მონაწილეობა არავინ მიიღო.

რა მდგომარეობაშია ზვარეს მეჩეთი დღეს, ნახეთ ამ ბმულზე:

ამავე თემაზე:

ზვარესა და ძენწმანის მეჩეთების რეაბილიტაცია – ტენდერი 370,5 ათასი ლარით გამოაცხადეს

ამხანაგობამ მერიის პროგრამებით რომ ისარგებლოს, ახალ პორტალზე უნდა დარეგისტრირდეს

ქალაქ ბათუმის მერიის ინფორმაციით, დაიწყო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვა ელექტრონულ პორტალზე.

მერიის განცხადებით, „23 მუნიციპალური პროგრამით სარგებლობის უფლება ექნება მხოლოდ აღნიშნულ პორტალზე რეგისტრირებულ ამხანაგობებს. აქედან 19 პროგრამა სრულად მუნიციპალური სახსრებით ფინანსდება, ხოლო 4 – თანადაფინანსებით [99% – მერიის პროცენტული წილი, 1%- ამხანაგობის]“.

პორტალზე დასარეგისტრირებლად ამხანაგობამ უნდა მიმართოს შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის სერვისცენტრს და მოითხოვოს რეგისტრაცია.

„ამხანაგობას ექმნება ინდივიდუალური ელექტრონული გვერდი, რაც საშუალებას მოგცემთ:

• შეატყობინოთ მუნიციპალიტეტს ამხანაგობის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების შესახებ

• მიიღოთ ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ფინანსური მხარდაჭერა

• სახლიდან გაუსვლელად, დისტანციურად ჩაერთოთ მუნიციპალურ პროგრამებში და მიიღოთ ამხანაგობის აღრიცხვის ბარათი

• მიიღოთ თქვენთვის საჭირო ინფორმაცია და თვალი ადევნოთ მიმდინარე პროცესებს.“ – აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მერიის ინფორმაციით, 1-ელი სექტემბრის მდგომარეობით, პორტალზე დასარეგისტრირებლად შესულია 120 განაცხადი.

ბუდანოვი: რუსეთი რევანშს შეეცდება დამარცხებიდან 10 წლის შემდეგ

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი კირილო ბუდანოვი მიიჩნევს, რომ უკრაინის გამარჯვების შემდეგ რუსეთი რევანშს მოინდომებს და ეს, შესაძლოა, ომში დამარცხებიდან 10 წელიწადში მოხდეს.

ამის შესახებ ბუდანოვმა უკრაინულ გამოცემა ТСН-სთან ინტერვიუში აღნიშნა.

„რუსეთს სამხედრო ასპექტში გამოსაჯანმრთელებლად დაახლოებით 10 წელი დასჭირდება. 10 წელი სწორედ ნორმალური პერიოდია გადააზრებისა და რევანშის მომზადებისთვის.

ჩვენ აუცილებლად გვექნება 10 წელი. თუკი უკრაინის გამარჯვების შემდეგ, ასე ვთქვათ, მოვახერხეთ იმ ტერიტორიებზე გავლენის მოხდენა, რომლებიც შეიქმნება, შესაძლოა უფრო მეტი, მაგრამ 10 წელი მაინც გვექნება“ – განაცხადა ბუდანოვმა.

მანამდე იგი ამბობდა, რომ დაშლის შემთხვევაშიც კი, რუსეთის ფედერაცია შესაძლოა იყოს სახიფათო. ნატოს სამხედრო კომიტეტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი რჩება საფრთხედ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის, მაშინაც კი, თუ მისი ჯარები უკრაინაში დამარცხდებიან.

რა მოხდება, თუ პრეზიდენტის იმპიჩმენტი შედგება? – საიას განმარტება

„იმპიჩმენტის პროცედურის პირველი ეტაპია იმპიჩმენტის პროცედურის აღძვრა. ამისთვის საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ 1/3 [სულ მცირე 50 დეპუტატი], – აღნიშნულია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ დღეს, პირველ სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში. საია განმარტავს, რა პროცედურა სჭირდება პრეზიდენტის იმპიჩმენტს და რა მოხდება შემდეგ, თუ იმპიჩმენტი შედგება.

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ დღეს, პირველ სექტემბერს, განაცხადა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის გამართვის შემდეგ.

  • „იმპიჩმენტის აღძვრის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საკითხი 7 დღის ვადაში გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს.
  • საკონსტიტუციო სასამართლო ამ საკითხს განიხილავს და 1 თვის ვადაში ადგენს, დაარღვია თუ არა თანამდებობის პირმა კონსტიტუცია, ან არსებობს თუ არა მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები. საქმეს განიხილავს 9-წევრიანი პლენუმი, გადაწყვეტილების მისაღებად კი 6 მოსამართლის თანხმობაა საჭირო.
  • თუ არ დადასტურდა ეს ფაქტები [„ქართული ოცნება“ საუბრობს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევაზე, თუმცა ამ დრომდე არ წარმოუდგენია კონკრეტული საფუძვლები, თუ რის გამო შეუზღუდა მთავრობამ პრეზიდენტს ვიზიტი ევროპის ქვეყნებში. ავტ], საქმე წყდება.
  • თუ საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით დაადასტურა თანამდებობის პირის მიერ კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა, პარლამენტი დასკვნის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის იმპიჩმენტის წესით მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხს.
  • პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3 – სულ მცირე 100 დეპუტატი. ამ შემთხვევაში პრეზიდენტი გადაყენებულად ჩაითვლება და 45 დღის ვადაში გაიმართება რიგგარეშე არჩევნები.
  • ვინაიდან 2017-2018 წლების ან შემდგომი საკონსტიტუციო ცვლილებები არ ითვალისწინებდა 2018 წელს არჩეული პრეზიდენტის შემდგომი საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად საგამონაკლისო წესს, ხოლო პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი 2018 წელს არჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან გაუქმდა, 2024 წლამდე გასამართი რიგგარეშე არჩევნები წარიმართება კონსტიტუციის ძირითად ნორმაში გაწერილი პროცედურით – არაპირდაპირი წესით.
  • კერძოდ, ახალ პრეზიდენტს 5 წლის ვადით აირჩევს 300-წევრიანი კოლეგია, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ: პარლამენტის ყველა წევრი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების წევრები და საკრებულოების შემადგენლობიდან პარტიების მიერ დანიშნული წევრები. პრეზიდენტი აირჩევა კოლეგიის სრული შემადგენლობის 2/3-ის მხარდაჭერით [200 ხმა].
  • თუ პარლამენტმა სასამართლოს დასკვნის მიღებიდან 2 თვის ვადაში არ მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, იმავე საფუძვლით იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება დაუშვებელია.
  • ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის განხორციელება საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს არ შეიძლება.

———————-

საქართველოს პრეზიდენტმა ევროპულ ქვეყნებში ვიზიტი უნებართვოდ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საქართველოს მთავრობამ მას ჯერ უკრაინაში ვიზიტზე უთხრა უარი, შემდეგ კი ყველა საერთაშორისო ვიზიტი დაუბლოკა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ეს უარი გამართლებულია როგორც სამართლებრივად, ისე – პოლიტიკურად. მისი თქმით, პრეზიდენტს კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით მთავრობისგან განსხვავებული პოზიცია აქვს და ეს არის ძირითადი მიზეზი.

თიბისიმ შოვში სტიქიით დაზარალებულთა დახმარება დაიწყო

3 აგვისტოს, რაჭაში სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად თიბისი ბანკში გახსნილ საქველმოქმედო ანგარიშზე დღეისათვის 700 000 ლარია შეგროვებული. აქედან, თიბისის დონაცია 500 000 ლარს შეადგენს, ხოლო დანარჩენი 200 000 ლარი მოქალაქეების, კომპანიებისა და ორგანიზაციების მიერ გაღებული თანხაა.

შოვის ფონდში შეგროვებული თანხების მიზნობრივად მიმართვის პროცესში, თიბისი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან თანამშრომლობს. წითელი ჯვარი თიბისის მიერ შექმნილ შოვის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარების ფონდში შეგროვებული თანხის უშუალო ბენეფიციარებამდე მიტანის პროცესს გაუწევს ადმინისტრირებას.

დაზარალებულთა იდენტიფიცირებისა და საჭიროებების შეფასებისას გამოიკვეთა ორი ძირითადი მიმართულება, რომლებსაც მოხმარდება ფონდში აკუმულირებული ფინანსური რესურსი.

  • ფსიქიკური ჯანმრთელობა და გრძელვადიანი ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია

კრიტიკულად მნიშვნელოვანია, შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულებისათვის, მათ შორის, დაკარგულთა/გარდაცვლილთა ოჯახის წევრების, ევაკუირებული პირების, მაშველების, სამძებრო სამუშაოებში ჩართული ადამიანების, ადგილობრივი მოსახლეობისა და მოხალისეებისათვის პირველი ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა, რათა ხელი შევუწყოთ ტრაგედიით გამოწვეული სტრესის დაძლევის ბუნებრივ პროცესს.

  • დაზარალებულთა ფინანსური დახმარება

სოფელი გლოლასა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობის ძირითადი ნაწილი დასაქმებული იყო დაბა შოვის ტურისტულ ზონაში, რაც მათი შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენდა. სტიქიის შედეგად ეს ადამიანები შემოსავლის გარეშე დარჩნენ. წითელი ჯვრის ეგიდით ჩატარდება შეფასება და შეიქმნება იმ პირთა მონაცემთა ბაზა, რომლებმაც სტიქიის შედეგად სამსახური და შესაბამისად, შემოსავალი დაკარგეს. თიბისის ფონდიდან ამ ადამიანებს ჩაერიცხებათ ერთჯერადი ფინანსური დახმარება, რომელიც მათ პირველადი საჭიროებების დაფარვის საშუალებას მისცემს.

თიბისი მზადყოფნას გამოხატავს, ფინანსური დახმარება გაუწიოს სტიქიის შედეგად დაღუპულთა და დაკარგულთა ოჯახებს. ამ პროცესის მართვაში, ვითვალისწინებთ წითელი ჯვრისა და სხვა პარტნიორი ორგანიზაციების ფსიქოლოგების რეკომენდაციებს.

სტიქიის პირველივე დღეებში, სამაშველო სამუშაოებისა და სტიქიაზე რეაგირებისათვი საჭირო პირველადი მოხმარების საჭიროებებისა და აღჭურვილობისათვის, თიბისის ფონდიდან წითელ ჯვარს გადაერიცხა 30 000 ლარი.

თიბისი რეგულარულად გაავრცელებს განახლებულ ინფორმაციას ფონდში ჩარიცხული თანხების განაწილებასთან დაკავშირებით.

სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად შექმნილ თიბისის საქველმოქმედო ფონდში თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია შემდეგ საბანკო ანგარიშზე:

ლარის, აშშ დოლარის და ევროს ანგარიშის ნომერი:

GE89TB7318736080100017

მიმღები: ააიპ თიბისელები

Beneficiary: NNLE TIBISELEBI

„მოუხსენით დედაჩემს სანქციები, არ გაპატიებთ“ – კადიროვის მიმართვა აშშ-ს

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი მოითხოვს, მოუხსნან სანქციები დედამისს, თორემ ამას „უპასუხოდ არ დატოვებს“.

კადიროვმა ტექსტური და ვიდეომიმართვა ტელეგრამში, თავის არხზე გამოაქვეყნა.

„მე უკვე აღარ მიკვირდა შეერთებული შტატებისა და დასავლეთის გადაწყვეტილებები ალოგიკურ სანქციებზე და უცებ ისევ – ახლა ჩემი ძვირფასი დედაა სიაში.

ის, რომ ის მარტო საქველმოქმედო საქმიანობითაა დაკავებული, მთელმა მსოფლიომ იცის.

პირველი და მეორე ჩეჩნური კამპანია, საქართველო, უკრაინა – ეს ყველაფერი აშშ-ს პროექტებია პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომ არაფერი ვთქვათ სხვა კონფლიქტებზე მთელ მსოფლიოში…“ – წერს კადიროვი.

ვიდეომიმართვაში კადიროვი აშშ-ს ემუქრება, რომ „არ აპატიებს“, თუ სანქციებს დედამისს არ მოუხსნიან.

„ევროპის, რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკელი დიპლომატები ვერ იმოგზაურებენ… ჩვენც დავაწესებთ სანქციებს და მათ დავაკავებთ. ასე, რომ არ ვხუმრობ, ყელში ამოხვედით…

აღარ გავიმეორებ… მიდით, მოუხსენით სანქციები დედაჩემს, სწრაფად, თორემ ამას არ გაპატიებთ, ყველაფერზე წავალ“ – ამბობს კადიროვი.

აშშ-მ რამზან კადიროვის დედის, აიმან კადიროვას წინააღმდეგ სანქციები 24 აგვისტოს დააწესა. სანქციები შეეხო ასევე ჩეჩნეთის სამი თანამდებობის პირს.

_____________

ფოტოზე: კადრი ვიდეომიმართვიდან

უკრაინა ფრონტზე აგრძელებს წინსვლას ორი მიმართულებით – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი [ISW] ყოველდღიურ ცნობებში რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობის შესახებ დღეს, პირველ სექტემბერს წერს, რომ უკრაინული ძალები აგრძელებენ წინსვლას ფრონტის ორ სექტორში.

ISW-ი მიუთითებს უკრაინის გენერალური შტაბისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ უკრაინის ძალებმა განაგრძეს შეტევითი ოპერაციები ბახმუტისა და მელიტოპოლის (დასავლეთ ზაპოროჟიის ოლქი) მიმართულებით და მიაღწიეს დაუზუსტებელ წარმატებას ნოვოდანილივკა-ნოვოპროკოპივკას მიმართულებით, დასავლეთში.

ISW-ი ასევე წერს, რომ უკრაინის გენერალური შტაბის სარაკეტო ძალების, საარტილერიო და უპილოტო სისტემების მთავარი დირექტორატის უფროსმა, გენერალმა სერხი ბარანოვმა განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა მიაღწიეს რუსეთის ძალებთან კონტრბატარეის შესაძლებლობებში თანასწორობას.

„ბარანოვმა განაცხადა, რომ ნატოს მიერ მოწოდებული საარტილერიო სისტემები 30 კმ-დან 40 კმ-მდე დისტანციით, უკრაინულ ძალებს საშუალებას აძლევს, გაანადგურონ რუსული საარტილერიო სისტემები და აიძულონ რუსული ძალები, გადაიტანონ თავიანთი არტილერია ფრონტის ხაზიდან“ – წერს ISW-ი.

ანალიტიკოსები ანგარიშში წერენ, რომ რუსეთის ხელისუფლებამ რუსული არმიის დისკრედიტაციის ბრალდებით დააკავა ცნობილი ულტრანაციონალისტი რუსი ბლოგერი, სავარაუდოდ, იმისათვის, რომ დაადუმოს ზოგიერთი კრიტიკული ბლოგერი.

აქვე ვკითხულობთ, რომ რუსეთის სამხედრო ხელისუფლებამ, სავარაუდოდ, გასცა ბრძანება სამი რუსი ბლოგერის დაკავების შესახებაც, რომლებმაც გააკრიტიკეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

ISW-ი წერს, რომ რუსულმა ძალებმა განაგრძეს შეტევითი ოპერაციები კუპიანსკ-სვატოვე-კრემინას ხაზის გასწვრივ, ბახმუტთან, ავდიივკა-დონეცკის ქალაქის ხაზის გასწვრივ და წარუმატებლად განხორციელდა კონტრშეტევა დონეცკ-ზაპორიჟიას ოლქის სასაზღვრო ზონაში და დასავლეთ ზაპოროჟიის ოლქში 31 აგვისტოს.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლება აგრძელებს უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაციას.

2 პოლიციელი ოჯახში ძალადობაშია ბრალდებული, 2 კი სიცოცხლის მოსპობის მუქარაში

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, თბილისსა და აჭარაში 4 სამართალდამცავი ძალადობაშია მხილებული.

„დანაშაულში მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი გ.გ., რომელიც 2023 წლის 8 აგვისტოს დუშეთის მუნიციპალიტეტში ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას ცეცხლსასროლი იარაღით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოქალაქეს.

საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულ პირს ბრალდება მუქარისთვის წარუდგინა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დანაშაულში მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ს.ა., რომელიც მეუღლეს  სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას და ამცირებდა, მიმდინარე წლის აგვისტოში კი მეუღლეს მათი შვილის სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

ბრალდებული დააკავეს ძალადობისა და მუქარისთვის. დანაშაული 4-დან  6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დანაშაულში მხილებული იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ლ. კ.  რომელმაც 2023 წლის 2 ივლისს გორში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოქალაქეს.

საქართველოს პროკურატურამ სამართალდამცავს ძალადობისა და მუქარისთვის  ბრალდება წარუდგინა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დანაშაულში, ასევე, მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი გ.ჭ, რომელმაც 2022 წლის ნოემბრის თვეში ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო შემდგომში სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

საქართველოს პროკურატურამ სამართალდამცავს ძალადობისა და მუქარისთვის  ბრალდება წარუდგინა“ – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, პირველი სექტემბრის 21 საათიდან 2 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან, ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 27 – 32 გრადუსი
  • ღამით: 17 – 22 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა +28 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 3-4 სექტემბერს საღამოს და ღამის საათებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – პირველი სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის პირველ სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 263 490 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +470]
  • ტანკი – 4 459 ერთეული [+23]
  • ჯავშანტექნიკა – 8 613 ერთეული [+9]
  • საარტილერიო სისტემა – 5 530 ერთეული [+23]
  • MLRS – 735 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 500 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 421 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 445 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 8 009 ერთეული [+33]
  • სპეცტექნიკა – 831 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის პირველ სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 466 თვითმფრინავი
  • 247 ვერტმფრენი
  • 6 293 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 434 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 11 587 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 147 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 6 162 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 12 602 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინა ფრონტზე აგრძელებს წინსვლას ორი მიმართულებით – ISW

„ბანკის მენეჯერთან მივიდა დანით და ფული მოსთხოვა“ – ყაჩაღობის 5 ახალი საქმე

გაინტერესებთ ბოლო პერიოდში ყაჩაღობის მუხლით რა საქმეების განხილვა უწევთ მოსამართლეებს? – „ბათუმელები“ ყაჩაღობის მუხლით განხილულ სისხლის სამართლის 5 საქმეზე გამოტანილ განაჩენს გაეცნო.

ეს ის საქმეებია, რაც უზენაეს სასამართლომდე მივიდა.

  • ჰოსპიტლის დაყაჩაღება თბილისში 

ყაჩაღობასთან ერთად ერთ-ერთ ბრალდებულს პროკურატურა ამ საქმეზე მკვლელობის მცდელობასაც ედავებოდა – როცა ჰოსპიტალში ორი ბრალდებული შევიდა და მესამე ავტომანქანაში დარჩა, ერთ-ერთმა დაცვის თანამშრომელს პისტოლეტიდან ესროლა.

ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2021 წელს მიღებული განაჩენია.

„…ჰოსპიტლის მოშორებით გ. ჯ–მ გააჩერა ავტომობილი და დარჩა ადგილზე, ხოლო შეიარაღებული ი. წ–სი და ვ. ნ–ი წავიდნენ  ჰოსპიტალში, დაახლოებით 05:25 საათზე, მათ სცადეს ჰოსპიტლის მიმღების კარის გაღება, რომელიც იყო დაკეტილი. ხმაურზე დაცვის თანამშრომელი – რ. ლ–ი მივიდა კართან, რა დროსაც ი. წ–მა და ვ. ნ–მა იარაღის გამოყენებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვეს ჰოსპიტლის კარის გაღება, წინააღმდეგობის გაწევის დროს ვ. ნ–მა განიზრახა რ. ლ–ს მოკვლა, რათა გაადვილებოდათ ყაჩაღობა და რ. ლ–ის მიმართულებით 7,62 მმ კალიბრიანი პისტოლეტიდან ერთხელ გაისროლა.

გასროლილი ტყვია შემთხვევით ასცდა რ. ლ–ს. მან შეძლო გაქცევა და დამალვა, რის გამოც ვ. ნ–მა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა… რ. ლ–მა ვეღარ შეძლო წინააღმდეგობის გაწევა და აღნიშნულმა პირებმა შეაღწიეს ჰოსპიტლის მიმღებში, სადაც სალაროს უჯრიდან, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 3 559 ლარს და ავტომანქანით, რომელსაც მართავდა გ. ჯ–ა დატოვეს ჰოსპიტლის ტერიტორია,“ – აღნიშნული იყო პროკურატურის ბრალდების შესახებ დადგენილებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2021 წლის 19 აგვისტოს განაჩენით, ვ.ნ. დამნაშავედ მიიჩნია, როგორც ყაჩაღობის მუხლით წარდგენილ ბრალდებაში, ისე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარების გამო [სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილი]. მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.

7 წლით გაუშვეს ციხეში ი.წ. და გ.ჯ.-ც. ამ უკანასკნელს პროკურატურა ყაჩაღობის თანამონაწილეობასთან ერთად ნარკოდანაშაულის ჩადენას ედავებოდა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომაც დაადასტურა, თუმცა ამ პირის მიმართ განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლომ შეცვალა: ის უდანაშაულოდ მიიჩნიეს ყაჩაღობაში თანამონაწილეობისთვის, მაგრამ დამნაშავედ იქნა ცნობილი ნარკოდანაშაულისთვის.

სასჯელის სახით შეფარდებულ 6 წლით თავისუფლების აღკვეთას ამნისტია შეეხო და გ.ჯ.-ს 3 წელი მოუწევს ციხეში ყოფნა.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენი პროკურორმა გიორგი ცეცხლაძემ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. მან გ.ჯ.-ს დამნაშავედ ცნობა მოითხოვა და ასევე ვ.ვ.-ს დამნაშავედ ცნობა – ეს ის ბრალდებულია, რომელმაც გამოძიების ვერსიით კლინიკის დაცვის თანამშრომელს პისტოლეტით ესროლა.

უზენაესი სასამართლო კი, ყურადღებას ამახვილებს ჰოსპიტლის ვიდეოკამერის ჩანაწერზე, რომლის მიხედვითაც ჰოსპიტლის მიმღების დაკეტილ კარებთან მიდიან ვ. ნ–ი და ი. წ–ი. მათთან მიდის ჰოსპიტლის დაცვის თანამშრომელი – რ. ლ–ი და კარების სარკმელს აღებს.

05:35:07 საათზე კადრში ჩანს ვ. ვ. ნ–ს იარაღმომარჯვებული ხელი. იარაღის დანახვისას რ. ლ–სი ვ. ნ–ს უწევს წინააღმდეგობას და ცდილობს სარკმლის დაკეტვას. წინააღმდეგობა გრძელდება დაახლოებით ათი წამი, რა დროსაც ვ. ნ–სი ცდილობს დაძლიოს რ. ლ–ს წინააღმდეგობა და ი. წ–სის დახმარებით გააღოს მიმღების დაკეტილი კარი, რა დროსაც ვ. ნ–სი სხვადასხვა მიმართულებით ატრიალებს იარაღმომარჯვებულ ხელს.

ამ პერიოდში ვ. ვ. ნ–სგან რამდენიმე სანტიმეტრში ჩანს დაცვის წევრის – რ. ლ–სის თავი.

05:35:17 საათზე, ვ. ნ–სი პისტოლეტიდან ერთხელ ისვრის მიმართულებით – ზემოდან ქვემოთ, რის შედეგად ზიანდება იქვე, კარებთან მდგარი კონდიციონერი. აღნიშნულის შემდეგ რ. ლ–სი აღარ ეწინააღმდეგება მსჯავრდებულებს, მიდის სალაროს უკან მდებარე ოთახში, ხოლო ვ. ნ–სი და ი. წ–სი ცეცხლსასროლი იარაღებიდან გასროლით ამსხვრევენ კარების მინას, აღებენ კარებს, შედიან მიმღებში და ეუფლებიან სალაროში თანხას.

ისინი 05:35:42 სთ-ზე გადიან ღია კარებიდან.

„ვიდეოჩანაწერის ანალიზი ცხადყოფს, რომ დაახლოებით ათი წამის განმავლობაში, ვ. ნ–სს ჰქონდა შესაძლებლობა, მკვლელობის განზრახვის არსებობის შემთხვევაში, ძალიან ახლო მანძილიდან გაესროლა რ. ლ–სის მიმართულებით და ამ გზით დაეძლია დაზარალებულის წინააღმდეგობა.

ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ვ. ნ–სმა, მას შემდეგ რაც დაძლია დაზარალებულის წინააღმდეგობა, დაეუფლა ფულს და დაუყოვნებლივ დატოვა შემთხვევის ადგილი.

ვიდეოჩანაწერის ანალიზი ცხადყოფს, რომ განზრახვის არსებობის შემთხვევაში ვ. ნ–სი დაზარალებულს შემთხვევის ადგილის დატოვების ნებას არ მისცემდა და განზრახვას სისრულეში მოიყვანდა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორი პროკურორის პოზიციას საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით ვ. ვ. ნ–ს დამნაშავედ ცნობის თაობაზე და იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ყაჩაღური თავდასხმის დროს ჰოსპიტლის კარის გაღებისას, წინააღმდეგობის გაწევის დროს, ვ. ნ–სმა განიზრახა რ. ლ–სის მოკვლა, რაც მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო სისრულეში ვერ მოიყვანა,“ – აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.

უზენაესმა სასამართლომ პროკურორ გიორგი ცეცხლაძისა და მსჯავრდებულ ვ. ვ. ნ–ს საკასაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.

  • ბათუმში დღისით ტაქსის მძღოლს აყაჩაღებდნენ – პროკურატურა

პროკურატურის ვერსიით, ბათუმში, დღის საათებში ოთხი პირი დანის დემონსტრირებით „ტოიოტა პრიუსის“ ფირმის ავტომანქანაში ტაქსის მძღოლს დაესხა თავს. „მას შემდეგ, რაც ნ. ვ-ემ ავტომანქანა გააჩერა პოლიციის შენობასთან, აღნიშნული პირები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ,“ – აღნიშნული იყო პროკურატურის დადგენილებაში, რომლითაც პროკურატურამ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წელს მიმართა.

გამოძიება ერთ-ერთ ბრალდებულს ზ.მ.-ს ასევე ედავებოდა სურსათის მაღაზიაში 200 ლარის და მობილური ტელეფონის მისაკუთრებას.

2021 წელს მიღებული განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლომ ნასამართლობის არმქონე ა.ბ. და ჯ.ქ. უდანაშაულოდ მიიჩნია. ზ.მ.-ს კი, ძარცვის მუხლით მიუსაჯეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, შეუმცირდა 5 წელსა და 3 თვემდე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ, მან ს. ი-ას, ჯ. ქ-ის, ა. ბ-ისა და ზ. მ-ის დამნაშავეებად ცნობა წარდგენილი ბრალდების სრული მოცულობით მოითხოვა და მათთვის სამართლიანი, კანონიერი და მკაცრი სასჯელების განსაზღვრა, მაგრამ საკასაციო სასამართლო ქვედა ინსტანციის მოსამართლეებს დაეთანხმა.

„დაზარალებულმა [ტაქსის მძღოლი] სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით ივარაუდა მის წინ მჯდარი პირის მხრიდან სავარაუდო დანის დანახვება და ფულის მოთხოვნა, თუმცა იმავდროულად განმარტა, რომ მის ავტომანქანაში მსხდარი მგზავრები  – ბრალდებულები ხედავდნენ ფულს, რომელიც მანქანის ღია სივრცეში იდო, მაგრამ „არ აიღეს“…

მტკიცებულებებით უტყუარად მხოლოდ ის დასტურდება, რომ შემთხვევის დღეს ბრალდებულები ნამდვილად იმყოფებოდნენ ნ. ვ-ის მანქანაში, მანქანიდან მათ ჩამოსვლასა და გაქცევას კი სასამართლო ვერ მიიჩნევს ყაჩაღობის ჩადენის უტყუარ მტკიცებულებად,“ – ვკითხულობთ განჩინებაში.

პროკურორ პაატა ცეცხლაძის საკასაციო საჩივარი უზენაესმა სასამართლომ განუხილველი დატოვა.

  • „ნიღბით და დანით ლუდის ჩამომსხმელს თავს დაესხა“ – ყაჩაღობის ამბავი რუსთავიდან 

„…ნიღბითა და დანით შეიჭრა ი. გ–ი, თავს დაესხა ლუდის ჩამომსხმელს – ზ. მ–სს და დანის გამოყენების მუქარით [რაც საშიშია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის], მოსთხოვა ორგანიზაციის კუთვნილი თანხა. გარდა ამისა, ი. გ–მა დანის გამოყენებით ზ. მ–ს მიაყენა სხეულის დაზიანება მუცლის წინა ზედაპირზე, მარცხენა მხრის მიდამოში და მარჯვენა მუხლის სახსართან ნაკვეთი ჭრილობების სახით,“ – აღნიშნულია დადგენილებაში, რომლითაც პროკურატურამ სასამართლოს მიმართა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ი.გ.-ს ყაჩაღობის მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დამნაშავედ ცნო და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ამ საქმეზე სააპელაციო სასამართლოსთვის მიუმართავს, როგორც პროკურორს, ისე მსაჯვრდებულს. მსჯავრდებულს შეღავათი უთხოვია, პროკურორს – სასჯელის დამძიმება, სააპელაციო სასამართლოს კი, არაფერი შეუცვლია.

უზენაეს სასამართლოში მიიჩნიეს, რომ სააპელაციო სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მართებულად შეაფასა.

„…დაზარალებულ ზ. მ–ის გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ 2022 წლის 14 მარტს, დაახლოებით 20:30 საათზე, მოულოდნელად სალაროსთან მივიდა ი. გ–ი, რომელსაც ჩამოფარებული ჰქონდა ნაცრისფერი, ნაქსოვი, ქუდისმაგვარი ნიღაბი, თვალებთან ამოჭრილი. მას მარჯვენა ხელში ეჭირა დანა და მისი დემონსტრირებით ითხოვდა ფულს.

დაზარალებულის წინააღმდეგობაზე თავდამსხმელი უფრო აგრესიული გახდა და დანას იქნევდა დაზარალებულის მიმართულებით. პარალელურად ითხოვდა ფულს. მსჯავრდებულის მიერ მოქნეული დანა პირველად მოხვდა მუცელში, მეორედ – მარცხენა ხელის მკლავზე, მესამედ მარჯვენა ფეხის ბარძაყზე. დაზარალებულმა შეძლო გაქცევა და დახმარებისთვის მოუხმო სხვებს“.

უზენაესი სასამართლო მიუთითებს იმაზეც, რომ 2022 წლის 5 ივლისს გამართულ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მსჯავრდებულმა ი. გ–მა წარდგენილ ბრალდებებში თავი სრულად ცნო დამნაშავედ.

  • ბათუმში მოქალაქე ბანკის მენეჯერს ფულს სთხოვდა, შემდეგ კი, ჯიბიდან დანა ამოიღო… 

ეს ამბავი ბათუმში 2021 წელს მოხდა – ერთ-ერთ ბანკის ფილიალში, „ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გ.მ. დანის გამოყენებით თავს დაესხა ამავე ფილიალის მენეჯერს – გ. ბ-ს, რომელსაც სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით, თანნაქონი დანის დემონსტრირებით მოსთხოვა ფულადი თანხის გადაცემა“.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 24 მარტის განაჩენით, გ.მ. უდანაშაულოდ მიიჩნიეს და წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი უცვლელი დატოვა. უზენაესმა სასამართლომაც არ ჩათვალა საჭიროდ განეხილა საკასაციო საჩივარი.

უზენაესმა სასამართლომ არ გაიზიარა პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საჩივარი და განჩინებაზე მიუთითა ბანკის მენეჯერზე, რომელსაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლისთვის უთქვამს, რომ გ.მ. მის მიმართ აგრესიით არ გამოირჩეოდა, საუბრობდა გაურკვევლად და ამბობდა, რომ სჭირდებოდა ფინანსური დახმარება.

„….გ. მ-ე იჯდა მის მოპირდაპირე მხარეს, დანა ამოიღო ჯიბიდან და იქვე დადო მაგიდაზე იმ მაუსის გვერდით, რომელიც ხელში ეჭირა გ. ბ-ს. გ. მ-ე მას არ დამუქრებია. გ. ბ-ს ჩვენებით ასევე დადგენილია, რომ ჰქონდა დანის აღების შესაძლებლობა, თუმცა არ აუღია, არ შეხებია დანას.

მისივე ჩვენებით, შესაძლებელია გ. მ-მ დანა იმიტომ ამოიღო ჯიბიდან, რომ შეაწუხა. იგი ამბობდა მხოლოდ იმას, რომ სჭირდებოდა ფინანსური დახმარება და დაეკავშირებინა ვინმე ხელმძღვანელი პირი, რის შემდეგაც გ. ბ. გავიდა თავისი სამუშაო ოთახიდან, ტელეფონით დაურეკა ბათუმის რეგიონული უსაფრთხოების უფროსს, რის შემდეგაც ბანკში მივიდა დაცვის პოლიცია.

ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ მას შემდეგ, რაც გ. ბ. მიბრუნდა სამუშაო კაბინეტში, გ. მ-ე დახვდა იმავე ადგილას, სადაც თავიდანვე იჯდა. დანაც იმავე ადგილას იდო.

ამ საქმეშია ვიდეოჩანაწერიც, რომლის მიხედვითაც, მენეჯერის ოთახში შესული გ. მ-ე არ ავლენს არავითარ აგრესიას, იგი მშვიდად ჯდება სკამზე და საუბრობს ბანკის ფილიალის მენეჯერთან, შემდეგ მშვიდად იღებს უკანა მარჯვენა მხრიდან დანას და დებს მის მარცხნივ მაგიდაზე.

რამდენიმე წუთში გ. ბ-ე ოთახიდან გამოდის და საუბრობს ტელეფონზე, გ. მ-ე კი, რჩება ოთახში. გარკვეული დროის შემდეგ ბანკის ფილიალის მენეჯერი ბრუნდება თავის ოთახში, სადაც გ. მ-ე ხვდება ისევ დამჯდარი და ისინი აგრძელებენ მშვიდად საუბარს.

რამდენიმე წუთში მენეჯერის ოთახის ახლოს ჩნდება სამი შეიარაღებული პოლიციელი, რომელთაგან ორი შედის ოთახში, სადაც გ. მ-ე იმყოფება, იგი არ ავლენს აგრესიას, ზის სკამზე….“, – ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.

საქმეში წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის მიხედვითაც გ.მ.-ს  „დადგენილი აქვს შეზღუდული შერაცხადობა.“

  • სანადირო თოფის მუქარით ავტომანქანა მიისაკუთრა“ – ყაჩაღობის კიდევ ერთი საქმე აჭარაში

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 სექტემბრის განაჩენით, ე.მ. დამნაშავედ მიიჩნიეს და ყაჩაღობისთვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მკვლელობის მუხლით კი, თავისუფლების აღკვეთა 9 წლით.

პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულმა ე.მ.-მ სხვისი ავტომანქანის მისაკუთრების მიზნით, „ტოზ-ბ“ მოდელის გლუვლულიანი სანადირო თოფის გამოყენებით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით აიძულა თ. პ–ე, გაეჩერებინა და გადასულიყო ავტომანქანიდან გზაზე, სადაც თ.პ. გადაადგილდებოდა.

მძღოლს ავტომანქანა გაუჩერებია და ე.მ.-ს მოთხოვნით საჭესთან ნ.ა. დაჯდა – ერთ-ერთი მგზავრი, რომელიც ამ ავტომანქანაში იჯდა.

გამოძიება ე.მ.-ს ასევე ედავებოდა ვ.ვ.-ს მკვლელობას სანადირო თოფიდან.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ირაკლი დონდოლაძემ მოითხოვა ე. მ–ს მიმართ უფრო მკაცრი – მაქსიმუმთან მიახლოებული – სასჯელის შეფარდება, როგორც საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით, ისე – საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, ასევე საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის გამკაცრება.

ამ საქმეშიც წარმოდგენილ იყო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ბრალდებულს ჰქონდა შერეული პერსონოლოგიური აშლილობა.

ეს საკასაციო საჩივარი 2022 წელს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია.

ბათუმში პარკირების წესების დარღვევისთვის ორ თვეში 11 413 მძღოლი დაჯარიმდა [ფოტო]

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის, პარკირების ზედამხედველობის განყოფილების ინფორმაციით, ბათუმში ბოლო 2 თვის განმავლობაში გამოვლინდა – 11413 სამართალდარღვევა.
მათ შორის:
  •  5439 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომა;
  • 2724 – ტროტუარზე დგომა;
  • 1979 – დგომა-გაჩერებისა და სხვა ნიშნების დარღვევა;
  •  783 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომა;
  •  410 – ველობილიკზე არასწორი პარკირება;
  • 78 – შშმ პირის ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ ადგილზე დგომა;
  •  514 – ევაკუირებულია
ფოტოები გადაღებულია 30-31 აგვისტოს.

კითხვები, რომლებიც საპენსიო სქემაში ჩართულებს აქვთ

საქართველოს მილიონზე მეტი მოქალაქე, რომელიც დაგროვებით საპენსიო სქემაშია ჩართული, 2028 წლის იანვრამდე დაბალრისკიან პორტფელში ავტომატურად დარჩება.

შესაბამისი კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა ჯანდაცვის კომიტეტში 4 სექტემბერსაა ჩანიშნული.

  • რა მოხდა?

2018 წელს ქვეყანაში მიიღეს კანონი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“. ამ კანონის საფუძველზე 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა საპენსიო დანაზოგის სქემა და შეიქმნა საპენსიო სააგენტო.

2018 წელს მიღებულ კანონში იყო ჩანაწერი, რომ პირველი ხუთი წელი, 2019 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის 6 აგვისტომდე, საპენსიო დანაზოგების ინვესტირება უნდა მომხდარიყო ნაკლებად რისკიან საინვესტიციო პორტფელში.

2023 წლის აგვისტოში საპენსიო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია და მოქალაქეებს 6 სექტემბრამდე მისცა ვადა თავიანთი საპენსიო დანაზოგების სხვადასხვა რისკის მქონე საინვესტიციო პორტფელებში განსათავსებლად.

საპენსიო სააგენტო მოქალაქეებს სამ საინვესტიციო პორტფელს სთავაზობდა – ნაკლებრისკიანს, საშუალო რისკიანს და მაღალ რისკიანს.

ინფორმაციამ მოქალაქეებში დაბნეულობა და კითხვები გამოიწვია. განმარტების მიუხედავად, ბოლომდე ნათელი არ იყო, რა სარგებელი ჰქონდა თითოეულ პორტფელს.

საბოლოოდ , 25 აგვისტოს ხელისუფლებამ თქვა, რომ საკანონმდებლო ცვლილებას გეგმავდა, რომლის მიხედვითაც 2028 წლის იანვრამდე საპენსიო სქემის ყველა მონაწილის დანაზოგი დაბალრისკიან პორტფელში დარჩებოდა.

  • საპენსიო რეფორმა – რა სქემებია საქართველოში

საქართველოში არსებობს ორი ტიპის საპენსიო სისტემა – სახელმწიფო პენსია და სავალდებულო დაგროვებითი სქემა.

ასევე, მუშაობენ ნებაყოფლობითი დაგროვებითი სქემის ამოქმედებაზე.

ამჟამად ქვეყანაში 800 ათასზე მეტი პენსიონერია, ვინც სახელმწიფო პენსიას იღებს. ამას გარდა, საპენსიო სააგენტოს მონაცემებით, სავალდებულო დაგროვებითი სქემაში 2023 წლის აგვისტოს მონაცემებით 1 416 142 პირია ჩართული.

დაგროვებითი პენსიით უკვე ისარგებლა 4 800-მა მონაწილემ.

სავალდებულო დაგროვებითი პენსიის სქემაში ჩართვა რეგულირდება საქართველოს კანონით „დაგროვებითი პენსიის შესახებ“.

„ეს კანონი არის ხელშეკრულება, რომელიც ხალხმა გააფორმა საპენსიო სააგენტოსთან და ამ ხელშეკრულების ფარგლებში გადასცა თავის ფული სამართავად,“ – ასე ხსნის საპენსიო სააგენტოს ფუნქციას გოგა მელიქიძე, საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი.

  • რა არჩევანი აქვთ საპენსიო სქემაში ჩართულებს

მართალია, ახალი კანონპროექტით, სქემის ყველა მონაწილე 2028 წლის იანვრამდე დაბალრისკიან პორტფელში რჩება, მაგრამ მოქალაქეებს აქვთ არჩევანი, თავიანთი დანაზოგი სამ საინვესტიციო პორტფელში – დაბალრისკიანში, საშუალორისკიანში და მაღალრისკიანში გადაანაწილონ.

  • რას ნიშნავს დაბალრისკიანი საინვესტიციო პორტფელი?

ნაკლებადრისკიანი საინვესტიციო პორტფელი ნიშნავს, რომ საპენსიო დანაზოგის 20 % დაბანდებულია უცხოურ აქციებში, 20 % სახაზინო ობლიგაციებში და 60 %-ის საბანკო დეპოზიტები განთავსებულია ლარში.

  • რას ნიშნავს საშუალორისკიანი საინვესტიციო პორტფელი?

საშუალორისკიანი საინვესტიციო პორტფელი ნიშნავს, რომ საპენსიო დანაზოგის 35 % დაბანდებულია უცხოურ აქციებში,  20 % სახაზინო ობლიგაციებში და 45 %-ის საბანკო დეპოზიტები განთავსებულია ლარში.

  • რას ნიშნავს მაღალრისკიანი საინვესტიციო პროტფელი?

მაღალრისკიანი საინვესტიციო პორტფელი ნიშნავს, რომ საპენსიო დანაზოგის 55 % დაბანდებულია უცხოურ აქციებში,  20 % სახაზინო ობლიგაციებში და 25 %-ის საბანკო დეპოზიტები განთავსებულია ლარში.

რა განსხვავებაა დაბალრისკიან, საშუალორისკიან და მაღალრისკიან საინვესტიციო პორტფელს შორის

საპენსიო სააგენტომ გასულ კვირას ვებინარი გამართა. ვებინარზე დაგეგმილი ცვლილებები მიმოიხილა საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა, გოგა მელიქიძემ.

გოგა მელიქიძის განმარტებით, მთავარი სხვაობა საინვესტიციო პორტფელებს შორის აქტივების გადანაწილებაა. ეს, თავის მხრივ, გრძელ ვადაში განსხვავებულ მომგებიანობასა და რისკიანობასთანაა დაკავშირებული.

ნაკლებად რისკიან პორტფელში, დაგროვებული დანაზოგები განთავსებულია საბანკო ანაბრებსა და ობლიგაციებში. მცირე დოზით დასაშვებია ინვესტირება უცხოურ ვალუტასა და გლობალურ აქციებში.

„იმის გამო, რომ ინვესტიციების უმეტესობა საპროცენტო ინსტრუმენტებში ხდება, ეს პორტფელი სტაბილური მომგებიანობით და შედარებით ნაკლები რისკით ხასიათდება. ამიტომ მას შეიძლება სტაბილური პორტფელი ვუწოდოთ.

გასული 5 წლის განმავლობაში აღნიშნული პორტფელის მომგებიანობა შეადგენდა ჯამში 49%-ს, რაც წლიურ 9.3%-ს შეესაბამება. ინფლაციასთან მიმართებით ამ სტაბილურმა (ნაკლებად რისკიანმა) პორტფელმა ჯამში 10.13%-ით მეტი, ხოლო წლიურად საშუალოდ 2.17%-ით მეტი მომგებიანობა აჩვენა.

ეს პორტფელი უკეთ შეეფერება იმ ადამიანებს, ვინც ინვესტიციებში სიფრთხილეს არჩევს და არ უყვარს რისკის აღება. ხშირად ასეთები არიან საპენსიო ასაკთან მიახლოებული ადამიანები, რომლებსაც არ სურთ პენსიაზე გასვლის წინ მათი დანაზოგების ღირებულების მნიშვნელოვანი მერყეობა,“ – განმარტავენ საპენსიო სააგენტოში.

გოგა მელიქიძის განმარტებით, მაღალრისკიან პორტფელში დაგროვებული დანაზოგები, განსხვავებით ნაკლებად-რისკიანისგან, უმეტესად ინვესტირდება უცხოურ ვალუტაში და გლობალურ აქციებში.

„დასაშვებია ინვესტირება საპროცენტო ინსტრუმენტებშიც (დეპოზიტები, ობლიგაციები), თუმცა შედარებით მცირე წილით. ეს პორტფელი გრძელ ვადაში ხასიათდება მაღალი, მზარდი მომგებიანობით, ამიტომ მას შეიძლება მზარდი პორტფელი ვუწოდოთ.

აქციების ფასის შესაძლო მერყეობის გამო, ამ პორტფელს თან ახლავს შედარებით მაღალი რისკიც. კანონის შესაბამისად, მზარდ პორტფელში უცხოური აქტივების წილი 60%-მდე შეიძლება გაიზარდოს. ეს იმას ნიშნავს, რომ აქტივების ძირითადი ნაწილის ინვესტირება საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე, კომპანიების აქციებში მოხდება.

გარდა ამისა, პორტფელის 10%-მდე მოცულობის ინვესტირება შესაძლებელია „ალტერნატიული“ აქტივების კლასშიც, რაც მოიცავს მაღალი შემოსავლიანობის მქონე ისეთ აქტივებს როგორებიცაა საინვესტიციო ფონდები, პირდაპირი სესხები და სხვა.

არსებობს თუ არა დანაზოგის დაკარგვის რისკი

„დაკარგვის რისკი არის მინიმალური,“ – ამტიცებს გოგა მელიქიძე, საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი და აგრძელებს:

„რატომ? იმიტომ, რომ საოპერაციო რისკები არის ბოლომდე გადაზღვეული. არ ხდება ამ საპენსიო სააგენტოში საინვესტიციო პორტფელების შენახვა ან რამე მსგავსი. საპენსიო სააგენტოს ჰყავს სპეცდეპოზიტარი. გვიდევს საიტზე, თუ ვინ არის ჩვენი სპეცდეპოზიტარი, რომელიც შევარჩიეთ საკმაოდ დეტალური პროცესით. ახლა გადის იმ ხელშეკრულებას ვადა და მეორე რაუნდი იქნება ხელშეკრულების.

ეს კანონში წერია, რომ უნდა გვყავდეს სპეცდეპოზიტარი, სადაც შევინახვათ ყველა საპენსიო აქტივს.

საქართველოს ბანკია წარმომადგენელი და საქართველოს ბანკია სპეცდეპოზიტარი. ის ინახავს ყველა საპენსიო აქტივს, რასაც ჩვენ ვყიდულობთ.

ასევე არის ანგარიშსწორების აგენტი.

მაგრამ საოპერაციო რისკი მაქსიმალურად დაზღვეულია. გამორიცხულია, არაფერი არ დაიკარგება.

სხვა რისკები რა არის? არის ინფლაცია. ინფლაცია ყველა ქვეყანაშია და ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება.

ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა კოვიდი, მერე იყო ინფლაცია, მერე იყო ომი და მერე იყო გაათმაგებული ინფლაცია. ყველაფერი მოხდა, რაც სხვა დროს დეკადის პერიოდზე ხდებოდა ხოლმე. მიუხედავად ამისა, პროტფელს რეალური ამონაგები დავაწერინეთ, 12 % და ეს ღელვა კარგად გავიარეთ.

ინფლაცია არის და იქნება. ჩვენი მთავარი საინვესტიციო მიზანი არის დავძლიოთ ინფლაცია.

ბევრი მონაწილე კითხულობს საკმაოდ ლეგიტიმურად, რომ მე რომ დღეს ერთი ლარი მიჩანს, 65 წელს რომ მივაღწევ, საპენსიო ასაკს და გავალ პენსიაზე, ეს ერთი ლარი ხომ აღარაფერი აღარ იქნება. ამას საერთოდ ღირებულება არ ექნება ხო?

სწორედ მანდ შემოდის მთავარი საინვესტიციო მიზანი, რომ ჩვენი ამოცანაა დავძლიოთ ინფლაცია. თუ ინფლაციას ვჯობნით, კარგად ვმუშაობთ, თუ ინფლაციას ვერ ვჯობნით, ცუდად ვმუშაობთ.

ამიტომ ვყიდულობთ აქციებს. აქციები არის საშუალება, რომ ინფლაცია დავამარცხოთ“.

გოგა მელიქიძის თქმით, შედარებით გაზრდილ რისკიანობას გლობალური აქციების მაღალი წონა განაპირობებს (დაბალრისკიან პორტფელში გლობალური აქციების წილი მხოლოდ 20%-ია), გლობალური აქციების ბაზარს კი მოკლევადიან პერიოდში მეტი მერყეობა ახასიათებს.

„თუ შევხედავთ გლობალური აქციების ასწლეულიან ისტორიას, ვნახავთ, რომ კრიზისულ პერიოდებში აქციების ფასები შეიძლება მნიშვნელოვნად შემცირდეს, თუმცა მათი დაკარგვის ალბათობა მინიმალურია.

ამასთან, მსგავსი ტიპის მერყეობა ისტორიულად მხოლოდ მოკლევადიან პერიოდში გრძელდება, რის შემდეგაც აქციების ფასები საწყის მაჩვენებლებს უბრუნდება და ზრდას განაგრძობს. გრძელვადიან პერსპექტივაში გლობალურ აქციებში ინვესტირება სხვა აქტივების კლასებთან შედარებით, როგორებიცაა მაგალითად ობლიგაციები და ფულადი სახსრები, ბევრად უფრო მომგებიანია და ერთ-ერთი საუკეთესო გზაა კაპიტალის ზრდის და ინფლაციის დამარცხების“, – განმარტავს საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი.

რა სარგებელი შეიძლება ჰქონდეს დაბალრისკიან საინვესტიციო პორტფელის მქონე სქემის მონაწილეს, თუკი ისე მოხდება, რომ წლიური მოგება ინფლაციის დონესაც არ აღემატება? – ვკითხეთ გოგა მელიქიძეს. 

საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერის განმარტავს, რომ სტაბილურ, ანუ ნაკლებადრისკიან პორტფელში განთავსებული დაგროვებული დანაზოგები ძირითადად ინვესტირდება საპროცენტო ინსტრუმენტებში, როგორებიცაა საბანკო ანაბრები და ობლიგაციები, ხოლო უცხოურ ვალუტაში და გლობალურ აქციებში ინვესტირების წილი შეზღუდულია პორტფელის 20%-მდე. ვინაიდან ინვესტიციების უმეტესობა საპროცენტო ინსტრუმენტებში ხორციელდება, ეს პორტფელი სტაბილური მომგებიანობით და შედარებით ნაკლები რისკით ხასიათდება.

„გასული 5 წლის განმავლობაში აღნიშნული პორტფელის წლიური საშუალო მომგებიანობა 9.4%-ი იყო, რამაც 5 წლის ჯამში 52% შეადგინა. ინფლაციასთან მიმართებით 10.13%-ით მეტი მომგებიანობა აჩვენა (რეალური ამონაგები), ხოლო წლიურად საშუალოდ 2.17%-ით მეტი.

მაღალი ინფლაციის პირობებში, კონკრეტულ პერიოდებში შესაძლებელია სტაბილური პორტფელის ამონაგები ინფლაციის მაჩვენებელზე დაბალი იყოს, თუმცა ინფლაციის შენელების ფონზე რეალური ამონაგებიც გაიზრდება“.

„ბათუმელების“ კიდევ ერთი კითხვა დანაზოგის დაბანდებას შეეხებოდა. დავინტერესდით, როგორ ირჩევა სანდო კომპანიები, სადაც ხდება საპენსიო დანაზოგების დაბანდება? მაგალითად, რატომ მიიჩნევთ, რომელიმე ქართულ კომპანიას უფრო სანდოდ, ვიდრე უცხოური და რა პრინციპით კეთდება ეს არჩევანი?

„საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო მანდატი მოიცავს ინვესტიციების განხორციელებას შემდეგ აქტივების კლასებში: გლობალურ აქციებში, ქართულ საბანკო დეპოზიტებსა და ქართულ სახაზინო და კორპორაციულ ობლიგაციებში.

როდესაც ინვესტირება ადგილობრივ კორპორაციულ ობლიგაციებში ხორციელდება, ინვესტირებამდე საინვესტიციო სამსახური დეტალურად სწავლობს გამომშვებ კომპანიას, მათ შორის კომპანიის ბიზნეს მოდელს, ფინანსურ მდგომარეობას, მმართველობით სტრუქტურას და საკრედიტო რეიტინგის ანალიზს, რის საფუძველზეც მიირება საინვესტიციო გადაწყვეტილება.

რაც შეეხება გლობალურ აქციებს, საპენსიო სააგენტო არ ირჩევს რომელიმე კონკრეტულ კომპანიას საინვესტიციოდ, არამედ ინვესტირებას ახორციელებს ინდექს ფონდებში, რომლებიც აერთიანებს ათასობით კომპანიას. საინვესტიციო საბჭოსთან ერთად შერჩეული ინდექს ფონდები დივერსიფიცირებულია გეოგრაფიულად და რომელიმე ერთი კომპანიის გავლენა ჯამურად საპენსიო დანაზოგებზე მინიმუმამდეა შემცირებული“.

რაში გვჭირდება საპენსიო სააგენტო

საპენსიო სააგენტოს საქმიანობა რეგულირდება საქართველოს  კანონით „დაგროვებითი პენსიის შესახებ“.

საპენსიო სააგენტოს აქვს ორი მთავარი ფუნქცია:

  • გაწიოს საპენსიო მომსახურება ანუ აწარმოოს საპენსიო კონტრიბუციებისა და გაცემების მენეჯმენტი
  • საპენსიო დანაზოგების საინვესტიციო მართვა.

კანონის თანახმად, საპენსიო სქემის მონაწილეების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით უნდა მოხდეს მათი დანაზოგების ადმინისტრირება და მართვა.

მართავს თუ არა მთავრობა საპენსიო დანაზოგს?

საპენსიო სააგენტოს ჰყავს ორი საბჭო – სამეთვალყურეო საბჭო და საინვესტიციო საბჭო. ერთმანეთისგან გამიჯნული და დამოუკიდებელი ორგანო.

სამეთვალყურეო საბჭო არის პასუხისმგებელი იმაზე, რამდენად სწორად გროვდება საპენსიო კონტრიბუციები, ადმინისტრირება და გაცემა. საინვესტიციო საბჭო პასუხისმგებელია, თანხა რომელიც შემოდის მონაწილეების სახელზე, იმართოს მონაწილეების საუკეთესო ინტერესების მიხედვით.

„მთავრობა არ მართავს ამ ფულს. არც არასოდეს მართავდა და სამომავლოდაც არ გააკეთებს ამას. მთავრობა პასუხისმგებელია, გააკონტროლოს 2+2+2 პროცენტი ჯეროვნად ხომ გროვდება. ხომ არ არის საოპერაციო ხარვეზები. საპენსიო დანიშვნები, საპენსიო განაცემები ხომ სწორად ხდება და ამ მიმართულებით ხომ არის სისტემა გამართული. ეს არის სამეთვალყურეო საბჭოს პასუხისმგებლობა.

საინვესტიციო საბჭოს პასუხისმგებლობაა, რომ პოლიტიკური დღის წესრიგისგან დამოუკიდებლად მართოს საპენსიო სქემის დანაზოგები და ერთადერთი ამოცანაა – მონაწილის საუკეთესო ინტერესებით დააბანდოს ეს თანხა.

კანონი ამბობს, რომ სამეთვალყურეო საბჭო, სადაც შედიან მთავრობის წევრები, აგროვებს და გასცემს საპენსიო დანაზოგს. ამაზეა პასუხისმგებელი.

სამეთვალყურეო საბჭო ნიშნავს გენერალურ დირექტორს. საინვესტიციო საბჭო ნიშნავს უფროს საინვესტიციო ოფიცერს, რომელიც საინვესტიციო საბჭოს ქვეშ აყალიბებს საინვესტიციო სამსახურს. საინვესტიციო სამსახური საინვესტიციო საბჭოს ქვეშ დამოუკიდებლად მართავს ამ დანაზოგებს.

საინვესტიციო საბჭოს, შესაბამისად საინვესტიციო საქმიანობას არეგულირებს ეროვნული ბანკი.

საპენსიო სააგენტო არის ანგარიშვლადებული პარლამენტთან. პარლამენტი არის ზედა რგოლი. შემდეგ მოდის ეროვნული ბანკი და ის უყურებს საინვესტიციო საქმიანობას. ასეა ეს ვერტიკალი დალაგებული,“ – განმარტავს გოგა მელიქიძე.

ამავე თემაზე:

რომელი პორტფელი სჯობს, საპენსიო დანაზოგი რომ არ დავკარგოთ – ეკონომისტის რჩევა

„მშიერი ხალხი წაგლეკავთ“ – უსახლკაროებს ბათუმის მერიიდან აქციაზე არავინ შეხვდა

„აზვირთებული, უსახლკარო და მშიერი ხალხი წაგლეკავთ, ჩვენ დასაკარგი აღარაფერი გვაქვს,“ – ეწერა ტრანსპარენტზე, რომელიც უსახლკარო ადამიანებმა დღეს, 31 აგვისტოს, ბათუმის მერიასთან გამოფინეს. საპროტესტო აქციის მონაწილეებს ბათუმის მერიიდან და საკრებულოდან არავინ შეხვედრია.

ათობით ადამიანი ბათუმის მერიასთან პერიოდულად იკრიბება და ითხოვს ისეთი საცხოვრებლის შეთავაზებას, რომლის გამოსყიდვასაც ისინი შეძლებენ.

„წლებია ნაქირავებში ვცხოვრობთ, სოციალურად დაუცველები ვართ, „იაფი სახლი“ არ გვიწევს. მერია მხოლოდ თავშესაფარს გვთავაზობს, სადაც დღისით ვერ გაჩერდები. ყველამ იცით, რომ ქალაქში ბინები გაძვირდა, მერიაში ჩვენი მოსმენაც კი არ სურთ,“ – გვიყვება მზიური ბალაძე, რომელიც 38 წელია ცხოვრობს ნაქირავებში შშმ შვილთან ერთად.

მზიური ბალაძე ერთი წლის წინ შეხვედრია ბათუმის მერს, არჩილ ჩიქოვანს:

„დამპირდა, რომ შეიმუშავებდნენ პროგრამას, მაგრამ არაფერს არ გვთავაზობენ. იმის მერე არც მერი გვხდება და არც სხვა ვინმე, ვინც მოგვისმენს.

ჩემი შემოსავლის წყარო მხოლოდ პენსია და შვილის პენსიაა, რომელიც შშმ პირია. ჯამში 550 ლარს ვიღებთ, ქირაში კი, 350 ლარია. სასადილოში ვერ ვიარე, რადგან ორი ტრანსპორტის გამოცვლა მიწევდა, შორია.

ძალიან რთულია ამ თანხის გადანაწილება ისე, რომ გეყოს. გოგო შვილი დაოჯახებულია და ის მეხმარება, თორემ ვერ ვიარსებებდით. მე დაოჯახების დღიდან ნაქირავებში ვარ, ჩემი მეუღლე მრავალშვილიანი ოჯახიდან იყო, ელოდა ბინას საბჭოთა წყობის დროს, მაგრამ შემდეგ წყობა შეიცვალა…“ – გვითხრა მზიური ბალაძემ.

მზიური ბალაძე უსახლკაროთა აქციაზე ბათუმის მერიასთან

„ჩემს მცირეწლოვან შვილს აუტისტური სპექტრი აქვს, მეუღლეს მუშაობა არ შეუძლია, აგვისტოს ომის ვეტერანია, ქირაში ვართ სამი წელია და 500 ლარს ვიხდით,“ – ამბობს მადლენა გოგიტიძე. ისიც ითხოვს ბათუმის მერიისგან ისეთი პროგრამის შექმნას, რომელიც მას ბინის შეძენის შესაძლებლობას მისცემს.

„ჩვენი სახლი ქობულეთში ბანკმა წაიღო, მერე ემიგრაციაში ვიყავი თურქეთში, დავბრუნდი, შვილი გავაჩინე და მას ბევრი საჭიროება აქვს. ძალიან მეხმარება აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, მაგრამ ქირის ფულს ვერ ვუთავდებით,“ – გვითხრა მადლენა გოგიტიძემ.

აქციის მონაწილეები არ გამორიცხავენ გადაკეტონ გზის სავალი ნაწილი მომავალი კვირის ხუთშაბათს, როცა ისევ ბათუმის მერიასთან, ვარდების სკვერში შეიკრიბებიან.

გულნარა აბაშიძე: „სამი ბავშვი გამოვაწყვე სასკოლოდ, 390 ლარი ვალი დამრჩა. უბინაოდ რაც დავრჩით, შვილიშვილებს მე ვზრდი, ბავშვების დედა წავიდა…ჩემი შვილი „სანდასუფთავებაში“ მუშაობს და ხელფასი 700 ლარი აქვს, ქირაში 500 ლარის ვიხდით. რა უნდა ვქნათ?“

დალი თებიძე: „მოდით და ჩემი ბინა ნახეთ – არ იცხოვრება, 450 ლარს ვიხდი თვეში, დიაბეტიანი შვილიშვილი მყავს და ოთახს ფანჯარა საერთოდ არ აქვს. ჩემი გოგო მუშაობს მხოლოდ „ნაზილბეში“ 650 ლარად. ესაა ჩვენი შემოსავალი, სოციალური გვაქვს და სასადილო, მაგრამ რაში გვყოფნის?

ხილსაც ვერ ვყიდულობთ, ან ხილს ვინღა ყიდულობს?“

რატომ არის აუცილებელი ბავშვის მხედველობის შემოწმება სკოლამდე | ექიმის რჩევები

კარგი მხედველობა აუცილებელია ბავშვის სწავლისა და განვითარების პროცესში.  ბათუმის სამედიცინო ცენტრის ოფთალმოლოგი ცირა წულუკიძე ამბობს, რომ თუ ბავშვს მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემა აქვს, ამან შეიძლება სერიოზული გავლენა მოახდინოს ბავშვის აკადემიურ მოსწრებასა და სოციალურ განვითარებაზე.

  • ქალბატონო ცირა, როდის უნდა შემოწმდეს ბავშვის მხედველობა?

მხედველობითი დარღვევების დროული გამოვლინება აუცილებელია, 3-8 წლის ასაკამდე უნდა მოხდეს კორექცია, თუ არის რაიმე რეფრაქციული დარღვევა, რათა არ განვითარდეს ზარმაცი თვალი.

სწორედ ამიტომ აუცილებელია ბავშვის პირველი ვიზიტი ოფთალმოლოგთან დაბადების პირველ დღეებში, შემდეგ 6 თვის ასაკში, 3-4 წლის ასაკში და უკვე სკოლის ასაკში. გარდა ამისა, ოფთალმოლოგთან კონსულტაცია საჭიროა ყოველ წელს ან მინიმუმ ორ წელიწადში ერთხელ მაინც, რომ თავიდან ავიცილოთ ამბლიოპია, ე.წ. ზარმაცი თვალის  სინდრომი.

  • სხვა რა ძირითადი ოფთალმოლოგიური პრობლემებია გავრცელებული ბავშვთა ასაკში?

ბავშვთა ასაკში ძირითადი პრობლემები არის რეფრაქციული მანკები. ეს არის ჰიპერმეტროპია (შორსმხედველობა, თუმცა ამ დროს დარღვეულია შორსმხედველობა და ახლომხედველობაც, რასაც ეძახიან “პლუსს”), მიოპია (ახლომხედველობა), ასტიგმატიზმი (როცა რქოვანას სიმრუდე არის დარღვეული და სათვალით უნდა მოხდეს მისი კორექცია, ვინაიდან არ არის ეს რქოვანა ლინზის ფორმის).

კიდევ სიელმე, რომელიც თან ახლავს რეფრაქციულ მანკებს, ამ შემთხვევაში უკვე არის განვითარებული ზარმაცი თვალის სინდრომი, რომელიც საჭიროებს სათვალით კორექციას.

  • როგორ ხდება დიაგნოსტირება?

ბავშვებში მხედველობის სიმახვილის განსაზღვრისთვის ძირითადად გამოიყენება სპეციალური ცხრილები; დღეს უკვე გამოიყენება თანამედროვე კომპიუტერული ბავშვთა რეფრაქტომეტრები, რომელთა უპირატესობა ის არის, რომ ბავშვის თვალის ზუსტ ფიქსაციას არ მოითხოვს გაზომვისას და ბავშვს შეუძლია გაიხედ-გამოიხედოს. ავტორეფრაქტომეტრის საშუალებით იზომება ოპტიკური აპარატი, რქოვანა, მიოპიები… და უკვე ამის მიხედვით ინიშნება სათვალე.

შეიძლება ბავშვის მხედველობა იყოს 100 პროცენტი და მშობელი არ აღიქვამდეს ამას როგორც თვლის პრობლემას, მაგრამ არაკორეგირებულ პრობლემას შეუძლია გამოიწვიოს თვალის მალე დაღლა, თავის ტკივილი, თვალების ხამხამი და ამის გამო შეიძლება მშობლებს ბავშვი დაჰყავდეთ ნევროლოგთან, პედიატრთან. ამ დროს ასევე შეიძლება მხედველობაც იყოს ცოტათი შემცირებული, რაც უკვე სწავლის ხარისხის გაუარესებასაც იწვევს.

  •  რა უნდა გაითვალისწინოს სკოლამ, მშობლებმა, როცა ბავშვს მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს?

 რეფრაქციული მანკის აღმოჩენის შემთხვევაში მნიშვნელოვანია საქმის კურსში ჩავაყენოთ მასწავლებელი; მასწავლებელმა კი აუცილებლად უნდა იცოდეს და გაითვალისწინოს, რომ რეფრაქციული მანკის მქონე ბავშვებს წერა-კითხვის პროცესისთვის სჭირდებათ უფრო მეტი დრო; აგრეთვე, ვინაიდან აღინიშნება მხედველობის დაქვეითება, ისინი უნდა ისხდნენ წინა მერხზე, რომ კარგად დაინახონ, დაფაზე რა ხდება.

  • რამდენად პრობლემურია სკოლამდელი ასაკის ბავშვის თვალისთვის გაჯეტების გამოყენება?

თანამედროვე მაღალტექნოლოგიური ელექტრომოწყობილობის არანორმალური მოხმარება აქტუალური პრობლემაა. ეს პირველ რიგში იწვევს თვალში არსებული მაფოკუსირებელი (ცილიარული) კუნთის გადაღლას, რომლის დროსაც ირღვევა ბალანსი თვალის კუნთსა და მასზე დაკისრებულ დატვირთვას შორის და ეს მდგომარეობა არის ცნობილი, როგორც აკომოდაციის სპაზმი (იგივე ფსევდომიოპია) და ესეც იწვევს თავის ტკივილს, თვალბუდის არეში სიმძიმის შეგრძნებას, მხედველობის გაუარესებას.

ამ შემთხვევაშიც აუცილებელია ოფთალმოლოგთან ვიზიტი, რათა მოიხსნას ეს პრობლემები. 

აკომოდაციის სპაზმში მონაწილეობს თვალშიდა მაფოკუსირებელი (ცილიარული) კუნთი. თვალის ახლო მუშაობის დროს მუშაობს თვალში არსებული კუნთი, როცა ეს კუნთი იღლება, იკუმშება და ვითარდება აკომოდაციის სპაზმი. ამ შემთხვევაში ვითარდება მიოპია ანუ ახლომხედველობა, რომელიც თუ რაიმე მედიკამენტური საშუალებით არ მოვხსენით, შეიძლება დარჩეს და პროგრესირდეს. 

  • შემოწმების გარდა რა ნიშნებით შეიძლება ამოვიცნოთ ბავშვებში მხედველობის პრობლემები?

ასეთი ბავშვები ტელევიზორთან მიდიან ახლოს, საგნები მიაქვთ თვალებთან ახლოს, კითხვისა და წერის დროს თითქოს თავი აქვთ დადებული რვეულსა და წიგნზე და ისე მეცადინეობენ, ხშირად აქვთ  თვალების გახშირებული ხამხამი, ქავილის შეგრძნება, ისრესენ თვალებს.

შეიძლება ბავშვი ამბობდეს, რომ რაღაც ჩაუვარდა თვალში, ანუ ჰქონდეს უცხო სხეულის შეგრძნების სიმპტომი. ასევე, თვალების ნაპრალი ვიწროვდება – ბავშვი თვალებს ავიწროებს, რომ ფოკუსირება მოახდინოს ამა თუ იმ საგანზე.

როგორც ყველა ორგანოს პათოლოგიური დაავადება არის გენეტიკურად წინასწარგანწყობილი, ასევეა რეფრაქციული მანკებიც, შესაბამისად მშობლებმა, რომელთაგან ერთს მაინც აქვს რეფრაქციული მანკი, უნდა გაითვალისწინონ, რომ მათი შვილები ამ მხრივ არიან რისკის ჯგუფში და მათი მხედველობა  აუცილებლად უნდა შემოწმდეს წელიწადში ერთხელ მაინც.

აგროსერვისცენტრებს აჭარის მთავრობა 40%-იანი ფასდაკლებით ყიდის – პირობებიანი აუქციონი

აჭარის მუნიციპალიტეტებში მდებარე აგროსერვისცენტრები ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე ისევ გამოიტანა. ამჯერად ქონება 40-პროცენტიანი ფასდაკლებით და ადრინდელი პირობებით იყიდება.

ბათუმის, ქობულეთის, ქედის, შუახევისა და ხულოს აგროსერვისცენტრების უძრავ-მოძრავი ქონება ცალ-ცალკეა გამოტანილი აუქციონებზე.

რაც შეეხება საწყის გასაყიდ ფასს და ვაჭრობის ბიჯს:

  • ბათუმის აგროსერვისცენტრი – 780 000 ლარი [ნაცვლად 1 300 000 ლარისა], ვაჭრობის ბიჯი: 20 000 ლარი
  • ქობულეთის აგროსერვისცენტრი – 525 000 ლარი [ნაცვლად 875 000 ლარისა], აჭრობის ბიჯი: 13 000 ლარი
  • ქედის აგროსერვისცენტრი – 294 000 ლარი [ნაცვლად 490 000 ლარისა], ვაჭრობის ბიჯი: 8 000 ლარი
  • შუახევის აგროსერვისცენტრი – 198 000 ლარი [ნაცვლად 330 000 ლარისა], ვაჭრობის ბიჯი: 5 000 ლარი
  • ხულოს აგროსერვისცენტრი – 276 000 ლარი [ნაცვლად 460 000 ლარისა], ვაჭრობის ბიჯი: 7 000 ლარი

ხუთივე აუქციონი დაწყებულია და ისინი 2023 წლის 13 სექტემბერს დასრულდება.

აუქციონების, სხვა პირობებთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი პირობაა – „ლოჯისტიკური ცენტრების პროფილისა და დანიშნულების შენარჩუნება არანაკლებ 10 წლის ვადით, რაც გულისხმობს სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციის ალტერნატიული სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობას“.

აგროსერვისცენტრები აჭარის მთავრობას 2022 წლის ნოემბრიდან გამოაქვს გასაყიდად აუქციონზე, ხან ერთად, ხან ცალ-ცალკე. ბოლო ელექტრონული აუქციონები 2023 წლის 24 ივლისს დასრულდა, თუმცა არც ერთი მათგანი არ შედგა.

ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ [TI] სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოსაც კი მიმართა – შეისწავლონ აჭარაში ლოჯისტიკური მომსახურების ცენტრების მშენებლობის მიზანშეწონილობისა და მასზე გაწეული ხარჯების კანონიერება.

ამ თემაზე ვრცლად:

აგროსერვისცენტრებს აჭარის მთავრობა ამჯერად ფასდაკლებით ყიდის – აუქციონი

„ეს სიყალბეა“ – რატომ შექმნა სამინისტრომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ანალოგი

საქართველოს განათლების სამინისტრომ 27 ოქტომბერი მასწავლებლის ეროვნულ დღედ გამოაცხადა და „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ანალოგი კონკურსი დააარსა.

სამინისტროს ცნობით, „ღვაწლმოსილი პედაგოგები“ ჯილდოს სახით სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშნის გარდა 10 ათას ლარსაც მიიღებენ.

რატომ დასჭირდა სამინისტროს უკვე არსებული მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ანალოგის დაწესება? – მასწავლებლების ნაწილმა სამინისტროს ინიციატივას სიყალბე უწოდა, ისინი მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ჯილდოს დაწესების მიზანი ხელისუფლების მიმართ ლოიალური განწყობების შექმნაა.

2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი, სოფელ მეკეიძეების ინგლისური ენის მასწავლებელი როლანდ შავაძეც მიიჩნევს, რომ სამინისტრო გულწრფელი არ არის და ასევე, ჯილდოსთვის შერჩეული ჯვრის სიმბოლიკა ეწინააღმდეგება კანონს ზოგადი განათლების შესახებ, რომელიც სკოლებში რელიგიურ ინდოქტრინაციას კრძალავს.

„ზოგადად, მომხრე ვარ, რომ მასწავლებლები უნდა წაახალისო და ეს არ არის პრობლემა, თუმცა აქ გვაქვს ორი პრობლემა.

ერთი არის ის, რომ ეროვნული ჯილდოს მოდელი უკვე არსებობს ქვეყანაში, უფრო მეტი სანდოობით სარგებლობს და შერჩევის წესიც ბევრად ღია და გამჭვირვალეა, ასევე, დაკომპლექტებულია ობიექტური ჟიურით და არ ხდება სისტემის ჩარევა პროცესში.

ყოველ შემთხვევაში, ასეთ განწყობებს გვიქმნის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ და პირადად მეც სწორედ ამის გამო მივიღე კონკურსში მონაწილეობა.

როლანდ შავაძე, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ გამარჯვებული. 2022 წელი

სამინისტრომ რაც დააწესა, ამ კონკურსში ჩემი მონაწილეობა გამორიცხული იქნებოდა.

პედაგოგს, რომელიც ცვლილებებზეა ორიენტირებული, რაღაც საკითხებს კრიტიკულად უყურებს და პრობლემებზე ღიად და ხმამაღლა საუბრობს, ვფიქრობ, სამინისტროს კონკურსში გამარჯვების შანსი არ აქვს.

თან, როცა ზუსტად იმავე კონკურსს აწესებ, რაც უკვე არსებობს და მეტი შემოქმედებითი ნიჭი არ გაქვს, რომ რაიმე ახალი და განსხვავებული დააწესო, სასაცილოა.

პრობლემურია ჩანაწერიც, რომ ჟიურიში იქნებიან „სხვადასხვა სფეროში გამოჩენილი ადამიანები“. მომღერალმა რატომ უნდა შემაფასოს ან ინჟინერმა? ჩემი საქმიანობა ესმით განათლების სფეროში მომუშავე ადამიანებს და ამ სფეროში მყოფმა კომპეტენტურმა პირებმა უნდა შეაფასონ მასწავლებელი.

შეიკრიბებიან რაღაც სფეროებში ავტორიტეტული, ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი პირები და რეალურად მიიღებენ დაკვეთას სამინისტროსგან, თუ ვინ უნდა გავიდეს.

ის გამარჯვებულიც ალბათ იქნება ისეთი პედაგოგი, რომელიც იმუშავებს იმისთვის, რომ მასწავლებლები არ იყვნენ კრიტიკულად განწყობილი ხელისუფლების მიმართ და არ ამოიღონ ხმა სისტემაში არსებულ პრობლემებზე“ – ამბობს როლანდ შავაძე.

მისი აზრით, ასევე პრობლემურია ჯილდოს მთავარ სიმბოლოში რელიგიური ატრიბუტიკის გამოყენება.

„თუ ჩვენ სეკულარიზმზე ვსაუბრობთ, რაც დემოკრატიული ქვეყნის მთავარი პრინციპია, ამ შემთხვევაშიც სეკულარული ქვეყანა უნდა ითვალისწინებდეს სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანებს, მათ შორის ეთნიკურ თუ რელიგიურ უმცირესობებს და თუნდაც ათეისტ მასწავლებლებს.

როცა შენ მთავარ ჯილდოს აწესებ და იქ დომინანტი რელიგიის სიმბოლო გაქვს გამოყენებული, ეს ნიშნავს, რომ სხვა რელიგიის მიმდევრებს ან არ ითვალისწინებ, ან ეუბნები, რომ თქვენ არ მოგიაზრებთ ამ ჯილდოში, რომ კონკრეტულად ერთი ჯგუფისთვისაა ეს ჯილდო განკუთვნილი და საერთოდ არ აინტერესებთ უმცირესობების ხმა. აი, ეს მესიჯია ამ სიმბოლოში ჩადებული, ჩემი აზრით“- ამბობს როლანდ შავაძე.

სამინისტროს მიერ შერჩეული სიმბოლო

მისი აზრით, განათლების სამინისტრომ ამ სიმბოლიკის შექმნისას ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, რაზეც საზოგადოების ნაწილს ადეკვატური რეაქცია ჰქონდა.

„სხვათა შორის, დავაკვირდი მასწავლებლების რეაქციებსაც და ის ჩანაფიქრი, რაც ჰქონდა სამინისტროს, არ მოუწონეს იმ ჯგუფებმაც კი, ვისზეც იყო ეს სიმბოლო გათვლილი.

განათლებაში ძალიან ბევრი სიმბოლოა და აქედან შეიძლებოდა რაიმეს შერჩევა, მაგრამ ესეც არ გაითვალისწინეს, რადგან როცა სიყალბეა, ეს ჩანს ნებისმიერ ნიუანსში.

თუ მაინც და მაინც ჯვრის ეფექტი უნდოდათ, შეეძლოთ სახელმწიფო დროშა გამოეყენებინათ“- ამბობს როლანდ შავაძე.

მისი თქმით, საგანმანათლებლო სივრცეში რელიგიური სიმბოლოების გამოყენებას კანონი კრძალავს, რასაც სამინისტრო არც ამ შემთხვევაში ითვალისწინებს.

„ჩემთვის, როგორც მუსლიმი მასწავლებლისთვის, ძალიან უხერხულია ამაზე ხმამაღლა საუბარი, რადგან არ მინდა საზოგადოებამ ეს ჩემი რელიგიიდან გამომდინარე განსაჯოს.

მე გამოვდივარ კანონმდებლობიდან, როცა ამაზე ვსაუბრობ, რადგან თუ ვთანხმდებით საზოგადოება, რომ სკოლებში ინდოქტრინაცია მიუღებელია, მაშინ სკოლებში არ უნდა ხდებოდეს კანონსაწინააღმდეგო პრეცედენტები.

ახლა ავტორიზაციის პროცესში ვარ ჩართული და ძალიან ბევრ სკოლაში მიწევს შესვლა, სადაც ვხედავ, როგორ არის განთავსებული რელიგიური ატრიბუტები თვალსაჩინო ადგილებში, მათ შორის სასწავლო სივრცეებში. ვისაც ამის მონიტორინგი ევალება, იმ ადამიანებსაც კი არ აქვთ ამაზე რეაქცია.

მასწავლებლის ჯილდოზე გამოსახული სიმბოლიკით კი სამინისტრო ახალისებს ინდოქტრინაციას, რადგან ეს სიმბოლიკა მკერდზე უნდა ატაროს მასწავლებელმა და სასწავლო პროცესის დროს, წესით, ამას არ უნდა აკეთებდეს და უნდა ითვალისწინებდეს სხვადასხვა აღმსარებლობის მოსწავლეებსაც.

ამიტომ ვართ რეალურად სიყალბეში. კანონში ერთი გვიწერია და ვახალისებთ მეორეს“ – ამბობს როლანდ შავაძე.

განათლების სამინისტროს არ დაუკონკრეტებია, ვინ დააფინანსებს ჯილდოს, კერძო სპონსორი, თუ ბიუჯეტიდან გამოიყოფა თანხა.

„თუ ამის რესურსი აქვს სამინისტროს, რომ ყოველ წელს 10 ათასი ლარი გამოყოს, ნებისმიერ სკოლაში რომ შევიდნენ, ძალიან ბევრ პრობლემას გადააწყდებიან და შეეძლოთ ეს თანხები ამ პრობლემის მოგვარებისკენ მიემართათ“- ამბობს როლანდ შავაძე.

რაც შეეხება „მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოს“, ის მეშვიდე წელია, რაც დაარსდა განათლების კოალიციის მიერ და კერძო დამფინანსებლები ჰყავს.

ხელვაჩაურის მერიამ ბოლო 9 თვეში 9 ახალი ავტომობილი იყიდა

ხელვაჩაურის მერიამ ბოლო 9 თვეში 9 ახალი ავტომობილი იყიდა.

4 ავტომობილის შესყიდვაზე ხელშეკრულება 2023 წლის 15 აგვისტოსაა გაფორმებული კომპანია „სტრადა მოტორსთან“.

ხელვაჩაურის მერიამ 4 ახალ მსუბუქ FIAT TIPO 1.6 -ის მარკის ავტომობილში 168 896 ლარი გადაიხადა, თითოეულში 42 224 ლარი.

ხელშეკრულებას ხელს ხელვაჩაურის მერი, ზაზა დიასამიძე და „სტრადა მოტორსის“ წარმომადგენელი აწერენ. სატენდერო წინადადებაში გაწერილი იყო მოთხოვნები, როგორი უნდა ყოფილიყო მოწოდებული ავტომობილები.

კერძოდ, ავტომობილები უნდა ყოფილიყო ახალი, არაუადრეს 2022 წლის გამოშვების, მარცხენასაჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი და განბაჟებული. ავტომობილების ფერი არ შეიძლებოდა ყოფილიყო შავი.

მანამდე ხუთი ახალი ავტომობილი ხელვაჩაურის მერიამ 2022 წლის დეკემბერში იყიდა.

ხუთ Renault Duster-ის მარკის ახალ ავტომობილში ხელვაჩაურის მერიამ 270 000 ლარი გადაიხადა, თითოეულში 54 000 ლარი.

ხელვაჩაურის მერიის მიერ ახალშეძენილ ავტომობილებს სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მიშა ბოლქვაძე.

„მხოლოდ წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი დახარჯა საკუთარი კომფორტისთვის, მაშინ, როდესაც რუსული ოცნების ხელისუფლების პირობებში ათასზე მეტ გაჭირვებულ ოჯახს გაუუქმდა სოციალური დახმარება, მაშინ, როცა ყოველდღიურად ღარიბდებიან ჩვენი მოქალაქეები, რუსულმა ოცნებამ გადაწყვიტა, გააგრძელოს გულაობა სახელმწიფო ბიუჯეტით,“ – თქვა ბრიფინგზე მიშა ბოლქვაძემ და ხელვაჩაურის მერია კორუფციაში დაადანაშაულა.

მიშა ბოლქვაძის თქმით, მერიამ არასწორად დასახა პრიორიტეტები.

„სოფლებში არასაკმარისი ნაგვის ბუნკერების გამო, იმის გამო, რომ არ გაქვთ ავტომობილები, რომლებიც დროულად გაიტანენ ნარჩენებს, არის სრული ანტისანიტარია. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, თქვენი კომფორტისთვის კი არ შეიძინოთ ავტომობილები, შეიძინეთ ნაგვის გასატანი ავტომობილი, რომლებიც მოემსახურება სოფელში მცხოვრებ მოსახლეობას.

ეს ბიუჯეტი შევსებული აქვთ ჩვენს მოქალაქეებს, თქვენ პირადად გიხდიან ხელფასს ჩვენი მოქალაქეები და ბიუჯეტი მორგებული უნდა იყოს ჩვენს მოქალაქეებზე,“ – თქვა მიშა ბოლქვაძემ.

მიშა ბოლქვაძის ბრიფინგი ხელვაჩაურის მერიის წინ

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს. ჩვენ მას ვკითხეთ, რა მიზნით შეიძინა ხელვაჩაურის მერიამ 9 ახალი ავტომობილი და ვისთვის იყო ის განკუთვნილი.

„ავტომობილები შეძენილი იქნა მუნიციპალური საჭიროებისათვის, რათა ზედამხედველობის სამსახურს ქონოდა შესაძლებლობა გამართული და ეფექტიანი მუშაობის,“ – მოგვწერეს პასუხად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიდან.

ზღვის წყლის ხარისხი კვლავ ნორმის ფარგლებშია – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შავი ზღვის წყლის ხარისხის მორიგი მონიტორინგი 15 და 19 აგვისტოს ჩაატარა. სააგენტო წერს, რომ მონიტორინგის შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია.

სააგენტოს ცნობით, კვლევებისას განისაზღვრა ქიმიური პარამეტრები, მათ შორის, 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია.

გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 10 დღეში ერთხელ 9 სადგურზე ახორციელებდა. 10 ივლისიდან სადგურების რაოდენობას დაემატა ანაკლია-განმუხურის ტერიტორიის 3 წერტილი. აღებულ სინჯებში ისაზღვრება 59 პარამეტრის მნიშვნელობა.

სააგენტოს ცნობით, სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტებულ ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს.

უკრაინელმა მებრძოლებმა წარმატებას მიაღწიეს ნოვოპროკოპოვკას მიმართულებით – გენშტაბი

უკრაინის გენშტაბის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებას მიაღწიეს ნოვოდანილოვკა-ნოვოპროკოპოვკას მიმართულებით და ამაგრებენ მიღწეულ პოზიციებს.

„უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციას ბახმუტისა და მელიტოპოლის მიმართულებით.

ნოვოდანილოვკა-ნოვოპროკოპოვკას მიმართულებით ისინი წარმატებულები იყვნენ, მიღწეულ ხაზებზე გაერთიანდნენ და არტილერიით მიაყენეს დარტყმა მტრის სამიზნეებს.

ბახმუტის მიმართულებით თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევას ქალაქ ბახმუტის სამხრეთით და კონსოლიდირებული არიან მიღწეულ ხაზებზე“ – წერს უკრაინის გენშტაბი დღეს, 31 აგვისტოს, ყოველდღიურ ცნობებში.

ამავე დროს, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ რუსული ჯარების შეტევის შეკავებას ლიმანისა და ბახმუტის მიმართულებით.

როგორ მოვუაროთ გარუჯულ კანს – ინტერვიუ ექიმ-კოსმეტოლოგთან

ზაფხულში მზის ულტრაიისფერი სხივების ქვეშ ჯანსაღი რუჯის მიღებას სპეციალური პირობების დაცვა სჭირდება. შემდეგ არანაკლები გამოწვევაა  ხორბლისფერი კანის შენარჩუნება.

ჯანსაღი რუჯის მიღებისა და გარუჯული კანის მოვლის წესებზე „ბათუმელები“ ექიმ-კოსმეტოლოგ ბაია კონდრატიევას ესაუბრა. მისი რჩევები დაგეხმარებათ, უფრო დიდხანს შეინარჩუნოთ მბზინვარე რუჯი და მასთან ერთად ზაფხულისა და უზრუნველი დასვენების შეგრძნება.

 

  • ბაია, უამრავი ადამიანი ჯერ კიდევ ატარებს შუადღეს მზის გულზე. რა დროს არის რეკომენდებული რუჯის მიღება და რა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს რუჯი ჯანსაღი იყოს?

ძალიან მნიშვნელოვანია სწორი დრო შევარჩიოთ რუჯის მისაღებად. ასევე, მზეზე  ჩვენი ყოფნის დრო დღის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 30-40 წუთს და აუცილებელია მზისგან დამცავი კრემ-საცხების გამოყენება ნებისმიერ დროს, თუნდაც ღრუბლიან ამინდში, ეს არის უმნიშვნელოვანესი.  მზეზე დილით 10 საათამდე უნდა გავჩერდეთ, ხოლო საღამოს –  5 საათის შემდეგ.

2 საათში ერთხელ უნდა გამოვიყენოთ კრემ-საცხები, ხოლო თუ წყლიდან ამოვედით და ჩამოგვშორდა, ამოსვლისთანავე უნდა წავისვათ. ეს უფრო იქნება ლამაზი რუჯის გარანტია, ვიდრე  პოსტფაქტუმ ვიჯავროთ იმაზე, როგორ არ აგვექერცლოს კანი.

  • რამდენ ხანში იწყებს ბუნებრივი რუჯი გაუფერულებას?

კანის ბუნებრივი ფერის აღდგენის პროცესი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ინტენსივობით მოხდა ინსოლაცია, ანუ რამდენი ხნის განმავლობაში ვირუჯებოდით. რაც უფრო დიდი ხანი ვიყავით მზეზე, მით უფრო ხანგრძლივი იქნება რუჯი. ეს პროცესი ერთი თვიდან სამ, ოთხ და მეტ თვემდეც გრძელდება ხოლმე, 

  • ცნობილია, რომ კანის ჯანმრთელობის შენარჩუნების ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობა კანის დატენიანებაა, რამდენად მნიშვნელოვანია კანის ტენიანობის შენარჩუნება ამ დროს?

კანის ტენიანობის შენარჩუნება არის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა იმისთვის, რომ ჯანსაღი კანი გვქონდეს. რეალურად, კანის ელასტიკურობა და სიჯანსაღე მის ტენიანობაზე არის დამოკიდებული. ამიტომ, მნიშვნელოვანია კანის დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება ტენის შესანარჩუნებლად.

  • ამ საშუალებების გამოყენების პარალელურად საჭიროა თუ არა გარკვეული რაოდენობის სითხის მიღება? 

კანი ტენიანობას ინარჩუნებს  როგორც დამატენიანებელი კრემ-საცხების გამოყენებით, ასევე საკმარისი წყლის რაოდენობის მიღებით. წყალთან ერთად აუცილებელია ვიტამინებით მდიდარი საკვების გამოყენება და ფიზიკური აქტივობა, რაც კანის ელასტიკურობასა და ტენს გვინარჩუნებს.

  • რა იწვევს რუჯის გადასვლას და როგორია რეკომენდაციები ამ დროს? 

ზოგადად, რუჯი კანისთვის ერთგვარი სტრესია. თუ დიდ ხანს გავატარებთ მზის გულზე, დაიწყება კანის აქერცვლის პროცესი, მკვდარ უჯრედებს იშორებს კანი და ამ დროს უფრო დიდი ინტენსივობით მიმდინარეობს ფერის გადასვლის პროცესი. 

სწორედ ამიტომ, თავიდანვე უნდა გავითვალისწინოთ, თუ რა დროს სჯობს რუჯის მიღება. როგორც უკვე გითხარით, მზეზე დილით 10 საათამდე უნდა გავჩერდეთ, ხოლო საღამოს –  5 საათის შემდეგ. ადრე ვამბობდით ხოლმე, რომ 11 საათამდე შეიძლება, თუმცა ამჟამად მაგ დროს უკვე აქტიური მზე არის.

ასევე, აუცილებელია მკვდარი უჯრედები მოვაშოროთ კანს, რათა განახლდეს  და შემდეგ დამატენიანებლებით შევუწყოთ ხელი.

  • რა იწვევს და როგორ ავირიდოთ თავიდან რუჯის ეტაპობრივად გადასვლის პერიოდში კანის აჭრელება?

როგორც უკვე აღვნიშნე, ჭარბი ინსოლაცია კანისთვის ერთგვარი სტრესია და მელანინის სინთეზი ირღვევა. კანის ფერი დამოკიდებულია პიგმენტ მელანინზე, რომელსაც კანში არსებული უჯრედები – მელანოციტები გამოიმუშავებს.

ეს განსაკუთრებით სხეულის იმ ნაწილებში, სადაც უფრო მეტ დასხივებას იღებს კანი, მაგალითად, შუბლის არე, ცხვირის ზონა, მხრები და იდაყვი. 

ამიტომ, რუჯის მიღებისას ხშირად უნდა წავისვათ მზის დამცავი და ხშირად უნდა ვიცვალოთ მხარი, ხან ზურგი მივუშვიროთ, ხან სახე და ა.შ.

  • რა რეკომენდაციები შეიძლება გავითვალისწინოთ რუჯის შენარჩუნებისთვის ტანის დაბანის დროს, როგორც დასაბანი საშუალებების, ისე თუნდაც წყლის ტემპერატურის გათვალისწინებით?

რეალურად, რუჯის შენარჩუნება ინდივიდუალური პროცესია და გარეგნული ფაქტორები დიდად არ ახდენს გავლენას. ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ რამდენად ვიცავდით რუჯის მიღების რეკომენდაციებს. რაც უფრო ჯანსაღად და ხანგრძლივად მიმდინარეობს რუჯის მიღება, მით უფრო ხანგრძლივად შეინარჩუნებთ მას.

ზოგად რეკომენდაციას რაც შეეხება, შხაპი უნდა მივიღოთ 32-დან 38 გრადუსამდე წყლით და უმჯობესია, 20-25 წუთს არ აღემატებოდეს ეს პროცესი.


ჯანსაღი, სუფთა და გლუვი კანი რომ გქონდეთ, შეგიძლიათ ფრანგული პრემიუმ კლასის ბრენდის, კოდალის პროდუქტები გამოიყენოთ.

კოდალის ბრენდ მენეჯერის, ეკა ბუცხრიკიძის განცხადებით,  კომპანიამ წელს განახლებული სერია შემოგვთავაზა, რომელიც პსპ-ს აფთიაქებში შეგიძლიათ შეიძინოთ. 

მისივე თქმით, სხვადასხვა კანის ფერის მქონე ადამიანს სხვადასხვანაირი მზისგან დამცავი სჭირდება და კოდალს ნებისმიერი კანის ფერის მქონე ადამიანისთვის აქვს მზისგან დამცავი პროდუქტები, როგორც ბავშვებისთვის, ისე ქალებისა და კაცებისთვის.

„კოდალის პროდუქტები ვეგანურია, ის მთლიანად ნატურალური  ინგრედიენტებისგან შედგება. არ იყენებს ცხოველურ პროდუქტებს და არც ცხოველებზე ტესტავს,“ – აღნიშნა მან.

ეკა ბუცხრიკიძის თქმით, ჯანსაღი რუჯის მისაღებად და ელასტიკური კანის შესანარჩუნებლად შემდეგი პროდუქტები შეგვიძლია გამოვიყენოთ:

Caudalieკოდალი მზისგან დამცავი კრემი – მაქსიმალური დაცვა და მბზინავი რუჯი. კრემი უზრუნველყოფს სახის კანის დაცვას მზის UVA/UVB სხივების ზემოქმედებისგან, ასევე იცავს მას ფოტოდაბერებისგან. აფერხებს ნაოჭების გაჩენას.

Caudalie:  ზეთი Soleil-Caudalie – კოდალი ზეთი Soleil სხეულის მკვებავი ზეთი. გამდიდრებულია არგანის, შიის, ყურძნის თესლისა და ნუშის ზეთით, ის აუმჯობესებს კანის ელასტიკურობასა და ავლენს მყისიერ ბზინვარებას. ატენიანებს კანს. განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის. ძირითადი ინგრედიენტები: არგანის ზეთი, ყურძნის თესლის ზეთი, შის ზეთი, 95% ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტები. ტექსტურა: ზეთი. დერმატოლოგიურად შემოწმებული. ვეგანური. უცხიმო. 

Caudalie:  მზის შემდგომი ლოსიონი – კოდალი მზის შემდგომი ლოსიონი მზის შემდგომი და რუჯის გამახანგრძლივებელი ლოსიონი, კვებავს, ამშვიდებს და ატენიანებს კანს. უზრუნველყოფს რუჯის ფერის შენარჩუნებას ხანგრძლივად. მის შემადგენლობაში შემავალი ყურძნის წყალი და ალოე ვერა – ატენიანებს და ამშვიდებს კანს მზის აბაზანის შემდგომ. ქოქოსის ზეთი და სკვალანი – კვებავს და აღადგენს, ნატურალური ბარდის ექსტრაქტი კი უზრუნველყოფს რუჯის გახანგრძლივებას და კანის ბზინვარებას. Caudalie – კოდალი ტანის კრემი 

Caudalie: Vinotherapist – აღმდგენი ვეგანური ტანის კარაქი განკუთვნილია მშრალი კანისთვის. საშუალება ინტენსიურად კვებავს კანს, მატებს მას სირბილესა და სიგლუვეს. უზრუნველყოფს ინტენსიურ კვებას 24 საათის განმავლობაში და აღადგენს ატოპიისკენ მიდრეკილ, მშრალ კანს. მისი მდიდარი, აბრეშუმისებრი ტექსტურა, გამდიდრებული მცენარეული ლიპიდებით, ამშვიდებს ქავილისა და დაჭიმულობის შეგრძნებას, რაც ყველაზე მგრძნობიარე კანსაც კი რბილსა და ელასტიკურს ხდის. შედგება 98% ორგანული ინგრედიენტებისგან. მის შემადგენლობაშია ჰიალურონის მჟავა, ორგანული შიის კარაქი და ყურძნის წიპწის პოლიფენოლი. გამოყენების წესი: დაიტანეთ საშუალება დილით ან/და საღამოს სუფთა, მშრალ სხეულის კანზე. 

Caudalie – ზეთი Glow – ბუნებრივი, მრავალფუნქციური გამოყენების ზეთი სხეულის, თმისა და დეკოლტესთვის. გამდიდრებულია ძვირფასი ზეთებითა და ეკლიანი მსხლით. კვებავს და ალამაზებს ყველა ტიპის კანს, მატებს თმას ბზინვარებასა და არბილებს დეკოლტეს. განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის. 99% ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტი. ძირითადი ინგრედიენტებია: არგანის ზეთი, ყურძნის თესლის ზეთი, ეკლიანი მსხლის ზეთი. ტექსტურა: ზეთი. უცხიმო. ვეგანური. დერმატოლოგიურად შემოწმებული.

ბათუმში +34 გრადუსამდე დაცხება – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 31 აგვისტოს 21 საათიდან პირველი სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 29 – 34 გრადუსი
  • ღამით: 17 – 22 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა +28 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 2-3 სექტემბერს აჭარაში მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 31 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 31 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 263 020 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +610]
  • ტანკი – 4 436 ერთეული [+13]
  • ჯავშანტექნიკა – 8 604 ერთეული [+8 ]
  • საარტილერიო სისტემა – 5 507 ერთეული [+31]
  • MLRS – 734 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 500 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 417 ერთეული [+22]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 445 ერთეული [+26]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 7 976 ერთეული [+23]
  • სპეცტექნიკა – 830 ერთეული [+5]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 31 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 466 თვითმფრინავი
  • 247 ვერტმფრენი
  • 6 266 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 434 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 11 578 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 147 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 6 145 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 12 570 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთი ჯარისკაცების დაბალ მოტივაციას რაოდენობით აბალანსებს – ბრიტანული დაზვერვა

5 დღე 4 სხვადასხვა კლინიკაში – პაციენტი ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებს

პაციენტი და მისი ახლობლები ბათუმის ორ კლინიკას გულგრილობაში, პაციენტისადმი არასათანადო მოპყრობასა და სწორი დიაგნოზის ვერდასმაში ადანაშაულებენ.

26 წლის თეია შავაძე 22 აგვისტოს დილას შეიყვანეს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში – მუცლის მწვავე ტკივილით, დიარეით და 40.5 სხეულის ტემპერატურით. რამდენიმე საათში პაციენტი კლინიკიდან გაწერეს.

მისი „მოგზაურობა“ ბათუმის კლინიკებში სწორედ ამ დროდან იწყება.

„რესპუბლიკურის ემერჯენსში მივიყვანეთ 22 აგვისტოს. ეტლით შეიყვანეს, ისე ცუდად იყო, ფეხზე ვერ იდგა. ჩვენ, ახლობლები, გარეთ დავრჩით. 4 საათის შემდეგ გამოუშვეს. უფრო უარეს მდგომარეობაში იყო, ოდნავი გაუმჯობესებაც კი არ ეტყობოდა.

მოვითხოვე ანალიზის პასუხი და ექიმთან გასაუბრება – რა სჭირს, ისევ ცუდადაა და უკან რატომ გვატანთ-მეთქი.

გამოვიდა ქალი ექიმი – ეს სიცხის ბრალიაო. მე არ ვარ ვალდებული ყველა პაციენტის ახლობელს ავუხსნა, თუ რა სჭირს პაციენტს. 40 პაციენტი მყავს და მაგისთვის არ მცალიაო.

ანალიზის პასუხი და დასკვნა მაინც მოგვეცით, რომ სხვა საავადმყოფოში გადავიყვანოთ-მეთქი. ვიცოდეთ რა გაუკეთეთ, რა არ გაუკეთეთ.

მხოლოდ გადასხმა გავუკეთეთ, პაციენტი იყო სტაბილურ მდგომარეობაშიო, – გვითხრა. გადასხმა როცა დამთავრდა, ვკითხე – როგორ გრძნობ თავს? კარგად თუ ხარ? და პასუხად თავი დამიქნია პაციენტმაო – ასე გვითხრა ექიმმა.

მე ვკითხე – ეს არის სტაბილური მდგომარეობა-მეთქი?

კი, რა თქმა უნდა, თავისი ფეხით გამოვიდა გარეთო. ხელი აგვიქნია, მე თქვენთვის არ მცალია, ბევრი პაციენტი მელოდებაო და წავიდა,“ – გვიყვება ნანკა ბოლქვაძე.

ის თეია შავაძის დეიდაა და ყველა კლინიკაში პაციენტის გვერდით იყო.

ნანკა ბოლქვაძის მონათხრობის მიხედვით, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოდან პაციენტი სახლში წაიყვანეს, თუმცა ღამით ისევ გაუსაძლისი ტკივილი დაეწყო.

„მაღალი სიცხე, დაბალი წნევა, გულისრევა ჰქონდა, ამიტომ წავედით ბიემსიში, ემერჯენსში შევიყვანეთ. ბიემსიში ძალიან ყურადღებით და სათანადოდ დაგხვდნენ. გაუკეთეს რვა გადასხმა, ექოსკოპია. ცოტა მოიყვანეს გონზე და გვითხრეს, რომ აქვს ნაწლავური ინფექცია.

ეს ჩვენი პაციენტი არ არის, ეს არის ინფექციურის პაციენტი. ჩვენ რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავუკეთეთ, ახლა უნდა წაიყვანოთ ინფექციურშიო, – გვითხრეს.

გადავიყვანეთ ინფექციურში. ჩვენი მანქანით დავდიოდით.

იქ ექიმი დაგვხვდა. გადასხმა გაუკეთეს. ვიტამინი შეურიეს რაღაც, ცოტა ჯანზე რომ ყოფილიყო. ორი, სამი საათი გავჩერდით. აუღეს ანალიზები და ისევ გამოგვწერეს ინფექციურიდან რესპუბლიკურში.

ინფექციურში გვითხრეს, რომ პაციენტს სავარაუდოდ ბრმანაწლავი სტკივა და, სავარაუდოდ, სჭირდება ქირურგიული ჩარევაო.

ზუსტი დიაგნოზი არ გვაქვს, მაგრამ საჭიროა ანალიზის აღება, სისხლი ხომ არ აქვს მოწამლული. ამ ანალიზს ინფექციურში ვერ ვაკეთებთ და უნდა წახვიდეთ რესპუბლიკურშიო.

რესპუბლიკურში კი აუღეს სისხლის ანალიზი და გვითხრეს – ეს ჩვენი პაციენტი არ არის, წესრიგში აქვს ყველაფერი და ჩვენთან რატომ გამოგიშვესო?

დავტოვეთ იმ დღეს რესპუბლიკური და წავედით სახლში.

იმ ღამეს ისევ ცუდად გახდა. ისეთი ტკივილი ჰქონდა, არაფერი უყუჩებდა. გონებას კარგავდა ტკივილისგან.

ვფიქრობდით, სად წაგვეყვანა, წავედით ისევ ბიემსიში. იქ გონზე მოიყვანეს. უკვე 24 აგვისტოს საღამო იყო. ბიემსიში გადაუღეს კატე, თავიდან გაუკეთეს ანალიზები. ქირურგმაც ნახა.

დაუდგინდა კუჭ-ნაწლავის ინფექცია, მაგრამ პარალელურად ვარაუდობდნენ, რომ შეიძლებოდა ყოფილიყო ბრმანაწლავის პრობლემა და ვერ იწყებდნენ მკურნალობას.

საბოლოოდ, ბიემსიმ ისევ ინფექციურში გაგვიშვა. პაციენტს სისხლი რომ არ მოეწამლოს, აუცილებლად უნდა დაწვეს და იმკურნალოსო.

მოკლედ, კლინიკიდან წამოვედით. პარალელურად გავარკვიეთ ერთ-ერთი ინფექციონისტის ვინაობა, ბავშვთაში მუშაობდა იმ დღეს. მიგვიღო. გამოჰკითხა ყველაფერი. დაწერა, რომ პაციენტს სასწრაფოდ სჭირდებოდა სტაციონარში მოთავსება და მკურნალობა. თუ ბათუმის ინფექციური ვერ მიიღებს, უნდა გადაგიყვანონ ქუთაისის რესპუბლიკურშიო. გაგვაგზავნა ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ისევ.

ინფექციურში სათვალეებიანი ქალბატონი დაგვხვდა, ექიმი. იქ იცოდნენ უკვე ჩვენი ისტორია. ბატონმა რეზომ, ინფექციონისტმა, დაურეკა, პაციენტი მოდის, სისხლი ეწამლება და აუცილებლად უნდა დააწვინოთო.

ამ ექიმმა დაურეკა სხვა ექიმს. მოვიდა ის სხვა, რომელმაც გადახედა საბუთებს, ზედაპირულად. ესო, ჩემი პაციენტი არ არისო, აქ ქირურგიული ამბავია და აქ რას მოგიყვანიათ კიდევო. ხომ იყო ჩვენთანო. დატოვა კაბინეტი და გავიდა.

შემდეგ დავურეკეთ ისევ ბატონ რეზოს. არ მიგვიღეს ინფექციურში და რა გავაკეთოთ, გოგო ძალიან ცუდადაა უკვე-თქო.

ბატონმა რეზომ გვითხრა, ექიმს დამალაპარაკეთო. ექიმს მივაწოდეთ ტელეფონი და ექიმმა გაუთიშა.

ქალბატონო, ხომ გითხარით ჩვენი პაციენტი არაა, უნდა წაიყვანოთო, – გვითხრეს.

ვკითხე – სად წავიყვანო, როგორ წავიყვანო, კვდება ადამიანი-მეთქი.

წაბრძანდით აქედანო – ხმამაღალი ტონით გვითხრეს და გამოგვაგდეს ინფექციური საავადმყოფოდან.

წავედით სახლში და ვფიქრობდით თბილისში წასვლაზე, მაგრამ ვერ ვბედავდით, იმიტომ, რომ პაციენტი ძალიან ცუდად იყო, გამაყუჩებელიც არ შველოდა.

ბატონმა რეზომ მოგვიკითხა ისევ და გვირჩია – აუცილებლად მიდით ნებისმიერ საავადმყოფოში და დააწვინეთ, იწამლება ეგ ბავშვიო.

ეს იყო უკვე 25 აგვისტოს საღამო. დილას გამოგვაგდეს ინფექციურიდან, ცოტა ხანს სახლში გვყავდა და როცა ისევ ცუდად გახდა, წავედით რესპუბლიკურში.

რესპუბლიკურში შეიყვანეს რეანიმაციაში.

შეაერთეს გადასხმაზე. გაუკეთეს თავიდან ანალიზები, რენტგენი, ყველაფერი… გადიოდა საათები, გოგო ცუდად იყო. დედამისი შეიყვანეს სანახავად და გათიშული დახვდა. მერე ჟანგბადზეც შეაერთეს.

რესპუბლიკურში გამოიძახეს ექიმი ინფექციურიდან. ვეხვეწებოდი ექიმს, გამაყუჩებელი მაინც გაუკეთეთ, ცუდადაა-მეთქი.

ექიმი გვეუბნებოდა – შეიძლება ქირურგიულ ჩარევას მოითხოვდეს და გამაყუჩებელი არ შეიძლებაო.

შემდეგ ჩვენი ძალებით გამოვიძახეთ კერძო რეანომობილი და წავიყვანეთ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში.

რეანომობილში ჩასვეს თუ არა, გაუკეთეს გამაყუჩებელი და თბილისში ჩასვლამდე სტაბილურად იყო. ჩვენ ჩვენი ხარჯებით ჩავიყვანეთ.

ინფექციურში დაუსვეს დიაგნოზი – კუჭ-ნაწლავის მწვავე ინფექცია და ანემია. მკურნალობს. ახლა უკეთესადაა, წამოდგა უკვე ფეხზე.

ძალიან გავმწარდით. ვტიროდით, გვეგონა, რომ კვდებოდა გოგო. ისე ცუდად გვექცეოდნენ ექიმები, აგდებულად.

ხუთი დღის განმავლობაში არავინ ყურადღება არ მიაქცია სათანადოდ. იდგნენ, ვერ ხვდებოდნენ რა სჭირდა.

უყურებდნენ, როდის მოკვდებოდა. ისე გავმწარდი, მომინდა ყველამ გაიგოს, თუ როგორი ექიმები ჰყავს ბათუმის საავადმყოფოებს,“ – გვიყვება ნანკა ბოლქვაძე.

[red_box]რა უპასუხეს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ბრალდებებს[/red_box]

„ბათუმელები“ კომენტარისთვის დაუკავშირდა ბათუმის რესპუბლიკური და ინფექციური საავადმყოფოების ხელმძღვანელებს.

სოლომონ ფუტკარაძე, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ მათ კლინიკაში პაციენტს ყველაფერი სწორად გაუკეთდა.

„პირველ და მეორე მომართვაზეც ჩვენი საავადმყოფოს მიერ სწორად იყო გადაწყვეტილება მიღებული. ინფექციონისტ რეზო ნაკაშიძეს დაუკავშირდნენ. ნაკაშიძემაც გადმოამისამართა კლინიკაში. მერე სად წავიდა პაციენტი, არ ვიცი, მაგრამ მეორეჯერაც მოვიდა. ეს არ იყო ჩვენი კლინიკის პაციენტი და გადავამისამართეთ შესაბამის კლინიკაში,“ – გვითხრა სოლომონ ფუტკარაძემ.

კომენტარი გააკეთა ასევე ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილების ხელმძღვანელმა ჯუმბერ ბოლქვაძემ.

მას ვკითხეთ, თუ უმკურნალა პაციენტს კლინიკამ სათანადოდ.

„რა თქმა უნდა. პირველ მომართვაზეც და მეორეზეც. პირველად რომ მოგვმართეს, ლაბორატორიული მონაცემები იყო ნორმაში. მხოლოდ იყო კლინიკურად გამოხატული მსუბუქი ინტოქსიკაციის სურათი, ერთეული დიარეით. სავარაუდოდ, ზღვის წყალი ჰქონდა ნაყლაპი. შესაბამისად, პირველ დღეს არ ხდება გართულება. გაუმჯობესების შემდეგ გაეწერა. მეორე თუ მესამე დღეს ისევ დაეწყო კუჭის აშლილობა და ტკივილი. მიაკითხა უკვე სხვა კლინიკას, სადაც სრულყოფილად გამოკვლეულია ეს პაციენტი. კომპიუტერული ტომოგრაფიაც კი აქვს ჩატარებული, რომ გამორიცხულიყო ქირურგიული მიზეზი. გამორიცხეს ნამდვილად და სწორად გამორიცხეს.

უთხრეს, რომ ეს იყო გართულებული ნაწლავური ინფექცია და მიემართა ინფექციურისთვის.

მიმართა ინფექციურს ორჯერ ამბულატორიულად. მათ ჩაუტარეს კვლევა, ინფექციონისტის კომპეტენციაში მე ვერ ჩავერევი.

ნაწლავურ ინფექციას ახასიათებს, როცა ცოტა რთულდება, ტკივილი გახანგრძლივებულია.

მომართა ისევ ჩვენს კლინიკას. ჩვენთან ისევ ჩატარდა განმეორებითი გამოკვლევა და აღმოჩნდა, რომ ნამდვილად იყო ცოტა გართულებული. ეს იყო დაავადების გამოვლენიდან მეოთხე დღეს. ისევ ჩაერთნენ ქირურგები, ინფექციონისტები, გამოირიცხა ისევ ეს მწვავე ქირურგიული პათოლოგია და ვინაიდან იყო გართულება, გადაწყდა მისი სტაციონარიზაცია, ოღონდ ინფექციურის კუთხით.

„მედალფაში“ გახსნილა ინფექციური განყოფილება, სადაც პაციენტის ოჯახის წევრებმა კატეგორიული უარი განაცხადეს მკურნალობაზე.

თბილისის ინფექციურს ჩვენ თვითონ დავურეკეთ, ჩვენ შევუწყვეთ ხელი, რომ ასეთი კატეგორიის პაციენტია. არ იღებდა თბილისი, იმიტომ, რომ მას არ სჭირდებოდა იქ მკურნალობა, როცა ეს მონაცემი ვუთხარით.

ვინაიდან პაციენტის სურვილი იყო, გაითვალისწინეს, შევუწყვეთ ხელი და წაიყვანეს თბილისში. ჩვენი მხარდაჭერით და დახმარებით მოხდა ეს ყველაფერი.

ბათუმზე კი არა, ქუთაისზეც კი უარი თქვეს. სახელმწიფო კატასტროფა მოვიდა და უკან გააბრუნეს“, – გვითხრა ჯუმბერ ბოლქვაძემ.

თეია შავაძის დეიდა, ნანკა ბოლქვაძე ადასტურებს, რომ ნამდვილად თქვეს სახელმწიფო რეანომობილზე უარი, იმის გამო, რომ პაციენტის გადაყვანას ისევ ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ აპირებდნენ.

„სახელმწიფო რეანომობილს გადაჰყავდა ისევ ბათუმში, მედალფაში. შეიძლება ჭია ჰყავდეს და მაგის ანალიზს გააკეთებენო. ჩვენ არ გავატანეთ მედალფაში.

მაშინ თბილისში ჩვენ ვერ გაგიშვებთო. ქუთაისში გადაყვანაც კი მოვითხოვეთ, იქ რომ ვერ შველოდნენ ვერაფერს, ოღონდ სადმე ეშველათ, ყველაფერზე ვიყავით თანახმა. მაგრამ მათ გადაჰყავდათ მედალფაში, სადაც არ გავატანეთ“, – ამბობს ნანკა ბოლქვაძე.

[red_box]რა უპასუხეს ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ბრალდებებს[/red_box]

„ბათუმელები“ კომენტარისთვის ასევე დაუკავშირდა ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს, ციური აბულაძეს.

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ამბობს, რომ მისთვის ცნობილია აღნიშნული პაციენტის პრეტენზიების შესახებ. ციური აბულაძეს მომხდარზე თავისი ვერსია აქვს.

„რამდენადაც მე გავარკვიე, ეს პაციენტი ორჯერ იყო ჩვენთან მოსული. პირველად, თუ არ ვცდები, ხუთშაბათ დღეს. როდესაც მოვიდა, ნახა მორიგე ექიმმა, ნახა განყოფილების გამგემ. იქ ძალიან ბევრი სიმპტომი იყო, რომელიც არ შეესაბამებოდა ამ დაავადებას და იყო რაღაც გარკვეული სიმპტომები ისეთი, რომ უნდა გამოგვერიცხა უფრო მწვავე, ქირურგიული, ჰემატოლოგიური დაავადება. გაუშვეს სათანადო კონსულტანტებთან.

მეორე დღეს, როდესაც მობრძანდა ეს ქალბატონი, როდესაც განყოფილების გამგე არკვევდა რა იყო, როგორ იყო, ჰქონდა ექოსკოპია, სადაც კითხვის ნიშნის ქვეშ იყო დასმული ორსულობა. როდესაც დაუსვეს შეკითხვა ტესტზე, ამან გამოიწვია ამ პაციენტის გაღიზიანება და გალანძღეს კლინიკა, ექიმი, ყველაფერი ერთად. როგორც მე მითხრეს, ესაა, რაც გავარკვიე.

გადაგწვავთ, გადმოგწვავთ – ასეთი [დამოკიდებულება] ჰქონდათ. ადგნენ და წავიდნენ თავისით, აღარც დაელოდნენ პასუხს.

მაგ პაციენტზე მე ვიცოდი, რესპუბლიკურშიც რომ იყო, იქაც ვადევნებდი თვალს. თბილისის ინფექციურში მკურნალობს, სალმონელოზი აღმოაჩნდა.

ჩვენთან ახლა მოხდა ის, რომ როგორ გითხრათ… რომ არ გამოგვპაროდა უფრო საშიში დაავადება, აი, ამიტომ მოხდა ეს ყველაფერი“, – განმარტა ციური აბულაძემ.

პროპაგანდაა. ქართველი საბავშვო ავტორები რუსულ ფესტივალში არ ვმონაწილეობთ – ცუცქირიძე

მწერლების თქმით, რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოს ქართველი საბავშვო ავტორები მონაწილეობას მიიღებენ 30 აგვისტოს დაგეგმილ ფორუმზე მოსკოვში, რომელიც პირველი სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.

„ბათუმელები“ ერთ-ერთ საბავშვო მწერალსა და ილუსტრატორს, ლელა ცუცქირიძეს ესაუბრა ამ საკითხზე. მისი თქმით, ქართველი საბავშვო ავტორებისთვის დღეს, ოკუპაციისა და უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში, კატეგორიულად მიუღებელია რუსულ ღონისძიებებში რაიმე ფორმით საქართველოს მონაწილეობა ან საქართველოს სახელის გაჟღერება ოკუპანტ ქვეყანაში.

„რუსულ საინფორმაციო საშუალებებში სიუჟეტები გაკეთდა იმის შესახებ, რომ თითქოს საქართველო, დსთ-ს ქვეყნებთან ერთად, მონაწილეობს მოსკოვში დაგეგმილ საბავშვო წიგნების გამოფენაზე.

დავინტერესდი, თუ ვინ მონაწილეობდა ამ ფესტივალში და ორად ორი ქართული გვარი ამოვიკითხე, რომლებიც არც ერთი არ არის მწერალი და საქართველოში რეგისტრირებული რუსული ცენტრის „აზბუკას“ თანამშრომლები არიან.

ამ დროს, მთელი რუსული მედია აჭრელებულია იმით, რომ თითქოს ქართველი ავტორებიც ვმონაწილეობთ ამ ფორუმში“ – ამბობს ლელა ცუცქირიძე.

მისი აზრით, მსგავსი ინფორმაციის გავრცელება რუსული პროპაგანდის ნაწილია და საქართველოში რეგისტრირებული რუსული ცენტრებიც ამ პოლიტიკას ატარებენ.

„როგორ შეიძლება ჩვენ, ქართველი მწერლები, ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობას დავეთანხმოთ. ჯერ ერთი, საიდან აქვს ლეგიმიტაცია ამ ორგანიზაციას, რომ ქვეყნის სახელით მიიღოს მონაწილეობა.

თუ თვითონ მიდის ეს კონკრეტული ორგანიზაცია, გასაგებია, მაგრამ ის, რომ ეს ინფორმაცია ისე გავრცელდეს, თითქოს საქართველო მონაწილეობს, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია.

ეს არის დიდი პროვოკაცია. დარწმუნებული ვარ, მათ არც კი აინტერესებთ, ვინ მიიღებს მონაწილეობას, მათთვის მთავარია გაჟღერდეს ქართული გვარები და საქართველოს სახელი მოსკოვში.

მაშინ, როცა რუსეთი ბავშვებს ხოცავს უკრაინაში, მოსკოვში საბავშვო ლიტერატურის ფორუმის მოწყობა, უბრალოდ ცინიზმია. პროვოკაციაა არა მარტო ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, არამედ ქართველი ავტორების წინააღმდეგაც, რადგან ისე გააჟღერეს, თითქოს ქართველი ავტორები მივდივართ მოსკოვში. ეს ასე არ არის.

ან რა გულით უნდა მიიღო მონაწილეობა, როცა ბავშვებს კლავენ, როცა ჩვენს ქვეყანაში რუსეთი დღემდე აწარმოებს მცოცავ ოკუპაციას დაპყრობილი ტერიტორიების გარდა. ან რა უნდა გააკეთონ იქ, ფეხზე უნდა წამოუდგნენ და წუთიერი სამძიმარი უნდა უთხრან დაღუპული ბავშვების გამო?“ – ამბობს ლელა ცუცქირიძე.

მისი თქმით, დღეს საქართველოში ძალიან ბევრი რუსული ცენტრი თუ ორგანიზაცია რეგისტრირდება, რაც სწორედ მსგავსი რუსული მიზნებისთვის გამოიყენება.

„ვინმე აკონტროლებს ამ ორგანიზაციებს? უამრავი ღონისძიება აქვთ ჩანიშნული, რა საჭიროა ამდენი რუსული ცენტრი საქართველოში. თუ აქ ცხოვრობენ, ქართული ისწავლონ, ჩვენი სახელმწიფო ენა და არა რუსული ცენტრები გახსნან. ასე არ უნდა იქცეოდნენ, წესით და რიგით.

ყველაფერი აქვთ მოწყობილი, ყველაფერში ხელი ემართებათ ჩვენი კანონებისა თუ ხელისუფლების წყალობით და ფაქტია, ასეთი ცენტრები იმისთვის არის შექმნილი, რომ მსგავსი პროვოკაციები დაგეგმონ. ასეთ პროვოკაციებში საბავშვო ავტორებიც კი გარიეს“, – ამბობს ლელა.

მისი აზრით, ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განმარტება კულტურის სამინისტრომ უნდა გააკეთოს და გაემიჯნოს რუსულ ფორუმში საქართველოს სახელით მონაწილეობას.

„რუსეთთან რაიმე ფორმით ურთიერთობა დღევანდელ მოცემულობაში ჩემთვის მიუღებელია. სხვა საბავშვო ავტორებიც იმავეს ფიქრობენ, ამიტომ ჩვენ, ქართველი ავტორები, სინდისთან რომ ვიყოთ მართლები, გვინდა ყველას გავაგებინოთ, რომ მოსკოვში, რუსულ საბავშვო ფორუმში მონაწილეობას არ ვიღებთ“, – ამბობს ლელა ცუცქირიძე.

„კომპიუტერული მეცნიერებები 39 წლისამ შევისწავლე“ – ქართველი ემიგრანტი აშშ-ში

34 წლის იყო, ემიგრაციაში რომ წავიდა. სამი პროფესია აქვს, ჟურნალისტია, რეალტორი და კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალისტი. ბოლო ორი საქმე ამერიკაში ჩასვლის მერე ისწავლა.

„ძიების პროცესში ვიყავი. ამერიკაში რომ ჩავედი, რეალტორის საქმის სწავლა დავიწყე, პარალელურად კომპიუტერულ მეცნიერებებს ვსწავლობდი, მომავლის ეს პროფესია იქცა ჩემს ძირითად საქმედ, ყოველდღიურად ვითარდება კომპიუტერული მეცნიერებები და არასდროს გაძლევს მოდუნების უფლებას, სულ სიახლეებს უნდა უწყობდე ფეხს“, – ამბობს 48 წლის ქართველი ემიგრანტი რუსუდან წერეთელი, რომელიც 2015 წლიდან მერილენდის შტატის ქალაქ ოუინგსმილში ცხოვრობს.

აშშ-ს ემიგრაციაში წასვლამდეც კარგად იცნობდა.

ხშირად სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამით ჩადიოდა აშშ-ში, მერე ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლობდა ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი ერთწლიანი პროგრამით და იყო ნეიმენის სახელობის სტიპენდიატი. პროგრამის დასრულების შემდეგ ამერიკაში არ დარჩენილა და საქართველოში დაბრუნდა. წითელი ჯვრისა და ნახევარმთვარის ორგანიზაციაში დაიწყო მუშაობა კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელად. 

ემიგრაციაში 2010 წლის 10 იანვარს წამოვედი, არა იმიტომ, რომ მატერიალურად მიჭირდა, პოლიტიკური ვითარება იყო ძალიან მძიმე, არ იყო არანაირი თავისუფლება, მათ შორის არც სიტყვის თავისუფლება. ასეთ საზოგადოებაში ცხოვრება მიჭირდა.

დავტოვე საქართველო. სამართლიან სახელმწიფოში ცხოვრება სხვა რამაა. რთულია, როცა შენს ქვეყანაში ბევრ უსამართლობას ხედავ და არ გაქვს ძალა რამე მნიშვნელოვნად შეცვალო. ეს იყო ჩემი წამოსვლის მიზეზი. ამერიკელი მეგობრებიც დამეხმარნენ გადაწყვეტილების მიღებაში. მათი მხარდაჭერით და თანადგომით წამოვედი“ – იხსენებს რუსუდან წერეთელი. ის უკვე ამერიკის მოქალაქეა.

ამერიკის საემიგრაციო სამსახურმა რუსუდანს მალევე მიანიჭა ქვეყანაში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება.

თავიდან „ამერიკის ხმაში“ დაიწყო მუშაობა, მაგრამ მიხვდა, რომ სიახლე სჭირდებოდა და კომპიუტერული მეცნიერებების შესწავლა დაიწყო. ახლა Amazon Cloud-ის ვებსერვისების ლიცენზირებული სპეციალისტია. მანამდე კომპიუტერული მეცნიერებების სხვა მიმართულებებშიც მიიღო რამდენიმე სხვადასხვა ლიცენზია, ხელმძღვანელობს პროგრამისტების ორ დიდ გუნდს კომპანიაში, რომლებიც Cloud-ის პროგრამებს ქმნიან.

„ჩვენს კომპანიას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აქვს ოფისები და ბევრი სხვადასხვა ეროვნების პროგრამისტთან მაქვს ურთიერთობა. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ პროფესიით, 48 წლის ვარ და ამ გადმოსახედიდან ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მივიღე 39 წლისამ, როცა შევიცვალე პროფესია და სიახლეებს არ შევუშინდი. სამსახურიც ძალიან მიწყობს ხელს პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის“, – ამბობს რუსუდანი.

მიუხედავად იმისა, რომ ენა კარგად იცოდა და იცოდა, რას გააკეთებდა ემიგრაციაში წასვლის შემდეგ, მაინც იყო სირთულეები, რისი გადალახვაც დასჭირდა. ჰყვება, რომ მთავარი სირთულე ზღვა ინფორმაციაა და უნდა იცოდე, როგორ გაფილტრო ეს ინფორმაცია, რომ იპოვო შენთვის სასარგებლო, შენზე რეალურად მორგებული შესაძლებლობები.

რუსუდანი ჰყვება, რომ ელემენტარული, პრაქტიკული საჭიროებების შესახებ თუ არ გაქვს სწორი ინფორმაცია, ამერიკაში შეიძლება ბევრგან მოტყუვდე და დაზარალდე: ბინის ქირაობის, მანქანის ყიდვის თუ სამსახურის ძებნის დროს.

როცა ამერიკაში ენის ცოდნის გარეშე ჩამოდიან და არასწორი მოლოდინი აქვთ ამ ქვეყნისგან, მერე ძალიან უჭირთო, – ამბობს.

სანამ მერილენდის შტატის ქალაქ ოუინგსმილში იყიდდა სახლს და აქვე დამკვიდრდებოდა, რუსუდანი ამერიკაში სხვადასხვა დროს ცხოვრობდა მასაჩუსეტსის შტატში – ბოსტონში, ნიუ იორკში და ვირჯინიის შტატის ქალაქ ალექსანდრიაში.

ამერიკაში ჩასვლისას თავიდან რეალტორის საქმე ისწავლა და ლიცენზიაც მიიღო, აგენტად მუშაობდა და უძრავი ქონების შეძენაში ეხმარებოდა ამერიკელებს:

„უძრავი ქონების აგენტად მუშაობის დროს ბევრი რამ ვისწავლე აქაური სამშენებლო წესებისა და კანონმდებლობის შესახებ. ერთ ხესაც კი ვერ გადარგავს ან დარგავს სახლის წინ ვერავინ ქალაქის მერიასთან შეთანხმების გარეშე, აზრადაც არ მოუვა არავის პატარა რამეც კი მიაშენოს სახლს ინსპექციასთან შეთანხმების გარეშე.

სახელმწიფო უმკაცრესად აკონტროლებს მშენებლობებს და პასუხისმგებლობას აკისრებს ამ სფეროში ჩართულ ხალხს. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა კაპიტალისტური ქვეყანაა, როცა საქმე ეხება ადამიანის უსაფრთხოებას და ბუნებრივი კატაკლიზმებისგან თავდაცვას, სახელმწიფო მკაცრად აკონტროლებს ყველაფერს. მშენებელი იღებს პასუხისმგებლობას, ძალიან მკაფიოდაა განსაზღვრული ამა თუ იმ ხარვეზის, უარყოფითი შედეგის შემთხვევაში ვინ რაზეა პასუხისმგებელი“, – ამბობს რუსუდანი.

კითხვაზე – რა შემთხვევაში დაბრუნდებოდა ემიგრაციიდან საქართველოში, რუსუდანი გვპასუხობს, რომ მისთვის უმთავრესი კანონის უზენაესობა, ნამდვილი დამოუკიდებლობა და ევროკავშირის წევრობაა:

„1989 წლის 9 აპრილიდან დავიწყეთ ჩვენ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, ამ კურსს არ უნდა გადავუხვიოთ, ცრუ ლიბერალიზმი და ნომენკლატურული, სამთავრობო პარტიული სიმახინჯეა ახლა ჩვენთან, რასაც სახელსაც კი ვერ ვარქმევ. 

რატომღაც მოდად იქცა ამერიკელების ლანძღვა საქართველოში, რაც გონებაშეზღუდულობა მგონია, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი სახელმწიფო ბოლო 30 წლის განმავლობაში შედგა და არსებობს ამერიკელი ხალხის მატერიალური დახმარებით, მთელი ეს ფინანსური რესურსი, რაც საქართველოს აქვს აშშ-სგან, ამერიკელი ხალხის, მათ შორის, ჩემ მიერ გადახდილი ყოველთვიური გადასახადების წვლილია.

ეს ქვეყანა ჩვენზე, საშუალო ფენაზე დგას. უზარმაზარ გადასახადებს ვიხდით ყოველწლიურად, რომ ძლიერი იყოს ამერიკა და შეძლოს სხვა ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს დახმარება“, – გვეუბნება ქართველი ემიგრანტი.

რუსუდან წერეთელს წლების წინ ონკოლოგიური დიაგნოზი დაუსვეს და ექიმებმა ამერიკაში მისი სრულად გამოჯანმრთელება და გადარჩენა შეძლეს. ამბობს, რომ ეს მაღალი სამეცნიერო სტანდარტებითა და უახლესი სამედიცინო პრეპარატებით მკურნალობის შედეგია.

რუსუდანის თქმით, დიდი მნიშვნელობა აქვს ონკოლოგების დამოკიდებულებას პაციენტებისადმი, სიახლეებს მკურნალობისას, რაც ყოველდღიურად ინერგება ისე, რომ უკვე მეოთხე სტადიის მკერდის კიბოს განკურნების მაგალითებიც კი არსებობს.

ქართველი ემიგრანტი ფიქრობს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება და ინტეგრაცია ბევრ სხვა ცვლილებასთან ერთად ნიშნავს მკურნალობის ხარისხის გაუმჯობესებას ადგილზე და მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო სერვისებს ქართველებისთვის თურქეთში სიარულისა და საფრანგეთში ლტოლვილად ჩაბარების ნაცვლად:

„ძალიან მნიშვნელოვანია საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ 70 წელი ვიყავით საბჭოთა კავშირში და ვნახეთ, რასაც ნიშნავდა რუსეთის მარწუხებში ყოფნა.

ჩვენ ახლა ვხედავთ შეთითხნილ, ლობირებულ ისტერიას, როცა ხალხს აზიზღებენ დასავლეთს და ეუბნებიან, რომ წაილეკება ქვეყანა, თუ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდება ან ამერიკის მხარდამჭერი იქნება.

აზიზღებენ საქართველოს მოსახლეობას, დასავლეთს, ამას ხელს უწყობს სამთავრობო, პრორუსული პროპაგანდაც. ხალხიც ბრმად ენდობა ხელისუფლების მიერ დასავლეთის, ამერიკის ისტერიულ ლანძღვას“, – ამბობს ემიგრანტი.

რუსუდანს მეუღლე და 21 წლის შვილი ჰყავს, რომელიც ასევე კომპიუტერულ მეცნიერებებს სწავლობს მერილენდის უნივერსიტეტში.

ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში საქართველოდან ემიგრაციაში წამსვლელთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წელს საქართველო დატოვა 80 351-მა მოქალაქემ. იმავე პერიოდში, საქსტატის თანახმად, ქვეყანაში ემიგრაციიდან დაბრუნდა 39 526 მოქალაქე. შესაბამისად, უარყოფითი მიგრაციული სალდო იყო 25 966.

2022 წელს, საქსტატის მონაცემებით, საქართველოდან ემიგრაციაში წავიდა 108 590 ადამიანი.

„სისხლჩაქცევები სახეზე“ – ცოლის ცემაში ბრალდებული მოსამართლეებმა გაამართლეს

„აიძულებდა მეუღლეს შვილის ეზოში ჩაყვანას, ხელში ჭერასა და ყურძნის კრეფის ყურებას…“ – ეს ოჯახში ძალადობის ერთ-ერთ საქმეში პროკურატურის  ჩანაწერია. კაცი, რომელსაც გამოძიება ცოლის მიმართ მუქარას, იძულებას და ფიზიკურ ძალადობას ედავებოდა, ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის იანვარში გაამართლა.

ბოლო წლებში ოჯახში ძალადობის საქმეებზე გამამართლებელი განაჩენების გამოტანის მაჩვენებელმა იმატა, რასაც მოსამართლეები ძირითადად ისევ ძალადობის მსხვერპლ ქალს უკავშირებენ – მათ დუმილი აირჩიეს.

ამ შემთხვევაშიც ქალმა დუმილი არჩია. დაზარალებულად ცნობილი ქალის დედას კი, სასამართლოსთვის უთქვამს, რომ „არასდროს შესწრებია სიძის – ი. თ.-ს მხრიდან მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტს.“

ქალის დედას გამოძიების ეტაპზე მოუყოლია გამომძიებლებისთვის, როგორ ძალადობდა მის შვილზე სიძე, თუმცა მოწმემ მოსამართლეს უთხრა, რომ „არ ახსოვს, რა ჩვენება მისცა გამომძიებელს.“

საქმის მასალებში წერია:

„…ლანძღვა-გინებით, დამამცირებელი და უწმაწური სიტყვების გამოყენებით, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას სიტყვიერად შეურაცხყოფდა და ამცირებდა მეუღლეს – რ. დ-ს, რამაც მისი ფსიქოლოგიური ტანჯვა გამოიწვია, ხოლო 2019 წლის 3 ოქტომბერს, დაახლოებით 16:30 საათზე, ხ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ყ-ში, საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში ყოფნისას, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, მთვრალმა ი. თ-მ, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მეუღლეს – რ. დ-ს ფეხები დაარტყა ფეხის არეში, აგრეთვე ხელები – თავსა და სახის არეში.

ხ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ყ-ში, საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, მთვრალი ი. თ-ე, ფიზიკური ზემოქმედებით, მისივე ნების საწინააღმდეგოდ აიძულებდა მეუღლეს – რ. დ-ს არასრულწლოვანი შვილის – რ. დ-ს ეზოში ჩაყვანას, ხელში ჭერასა და ყურძნის კრეფის ყურებას,“ – ეწერა ბრალდების შესახებ დადგენილებაში.

საქმეშია დაზარალებული ქალის სხეულის დათვალიერების ოქმი, რომლის მიხედვითაც, „რ. დ-ს სხეულზე, კერძოდ კი, ზურგის მიდამოში აღენიშნებოდა მოლურჯო ფერის სისხლჩაქცევები, მარჯვენა ფეხზე მუხლის ქვემოთ და მარჯვენა ხელზე – მოლურჯო ფერის სისხლჩაქცევა. სისხლჩაქცევა აღენიშნებოდა ასევე სახის მარჯვენა მხარეს, ლოყაზე…“

კაცი, რომელსაც ოჯახში ძალადობას, მუქარას, ან იძულებას ედავებოდა გამოძიება, 2018 წელს ოჯახში ძალადობისთვის იყო გასამართლებული.

მას შემდეგ, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლომ ამ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი მიიღო, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი უცვლელი დატოვა, პროკურატურას უზენაესი სასამართლოსთვის მიუმართავს. უზენაეს სასამართლოს 2023 წლის 6 ივლის  მიუღია დადგენილება საქმეზე [მოსამართლეები: ლევან თევზაძე, შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი] და ჩაუწერია:

„საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და სხეულის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ რ. დ-ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით, თუმცა ისინი მიჩნეული ვერ იქნება ი. თ-ს ბრალეულობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად, ვინაიდან, აღნიშნული დასკვნისა და ოქმის საფუძველზე შესაძლებელია დაზარალებულის სხეულზე დაზიანებების არსებობის, მათი რაოდენობის, სიმძიმისა და ლოკალიზაციის, მაგრამ არა ამ დაზიანებების მიმყენებელი პირის ვინაობის დადგენა.

საქმეში კი წარმოდგენილი არ არის სხვა უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასა და სხეულის დათვალიერების ოქმში მითითებული დაზიანებები რ. დ-მ ი. თ-ს მხრიდან ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების შედეგად მიიღო,“ – აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.

უზენაესი სასამართლო განჩინებაშიც საუბარია ქალის დუმილზე:

„საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის კუმულატიურად უნდა დადგინდეს, როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტები. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი – საფუძვლიანი შიშის გაჩენა – მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა.

მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯადობას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე.

შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს არა მხოლოდ სუბიექტური, არამედ – სხვა ობიექტური კრიტერიუმებიც…

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა რ. დ-მ და მოწმე მ. დ-მ ისარგებლეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის მინიჭებული უფლებით – არ მისცეს დანაშაულის ჩადენაში მისი ან მისი ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენება და უარი განაცხადეს ი. თ-ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე,“ – ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.

უზენაესმა სასამართლომ ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის, რამაზ შანიძის საკასაციო საჩივარი განუხილველი დატოვა.

___

ამავე თემაზე ვრცლად:

ზარი პოლიციაში: „მეუღლე მახრჩობს“ – რატომ ამართლებს სასამართლო ოჯახში მოძალადე კაცებს

Exit mobile version