მთავარი,სიახლეები

„სისხლჩაქცევები სახეზე“ – ცოლის ცემაში ბრალდებული მოსამართლეებმა გაამართლეს

30.08.2023 • 1689
„სისხლჩაქცევები სახეზე“ – ცოლის ცემაში ბრალდებული მოსამართლეებმა გაამართლეს

„აიძულებდა მეუღლეს შვილის ეზოში ჩაყვანას, ხელში ჭერასა და ყურძნის კრეფის ყურებას…“ – ეს ოჯახში ძალადობის ერთ-ერთ საქმეში პროკურატურის  ჩანაწერია. კაცი, რომელსაც გამოძიება ცოლის მიმართ მუქარას, იძულებას და ფიზიკურ ძალადობას ედავებოდა, ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის იანვარში გაამართლა.

ბოლო წლებში ოჯახში ძალადობის საქმეებზე გამამართლებელი განაჩენების გამოტანის მაჩვენებელმა იმატა, რასაც მოსამართლეები ძირითადად ისევ ძალადობის მსხვერპლ ქალს უკავშირებენ – მათ დუმილი აირჩიეს.

ამ შემთხვევაშიც ქალმა დუმილი არჩია. დაზარალებულად ცნობილი ქალის დედას კი, სასამართლოსთვის უთქვამს, რომ „არასდროს შესწრებია სიძის – ი. თ.-ს მხრიდან მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტს.“

ქალის დედას გამოძიების ეტაპზე მოუყოლია გამომძიებლებისთვის, როგორ ძალადობდა მის შვილზე სიძე, თუმცა მოწმემ მოსამართლეს უთხრა, რომ „არ ახსოვს, რა ჩვენება მისცა გამომძიებელს.“

საქმის მასალებში წერია:

„…ლანძღვა-გინებით, დამამცირებელი და უწმაწური სიტყვების გამოყენებით, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას სიტყვიერად შეურაცხყოფდა და ამცირებდა მეუღლეს – რ. დ-ს, რამაც მისი ფსიქოლოგიური ტანჯვა გამოიწვია, ხოლო 2019 წლის 3 ოქტომბერს, დაახლოებით 16:30 საათზე, ხ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ყ-ში, საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში ყოფნისას, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, მთვრალმა ი. თ-მ, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მეუღლეს – რ. დ-ს ფეხები დაარტყა ფეხის არეში, აგრეთვე ხელები – თავსა და სახის არეში.

ხ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ყ-ში, საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, მთვრალი ი. თ-ე, ფიზიკური ზემოქმედებით, მისივე ნების საწინააღმდეგოდ აიძულებდა მეუღლეს – რ. დ-ს არასრულწლოვანი შვილის – რ. დ-ს ეზოში ჩაყვანას, ხელში ჭერასა და ყურძნის კრეფის ყურებას,“ – ეწერა ბრალდების შესახებ დადგენილებაში.

საქმეშია დაზარალებული ქალის სხეულის დათვალიერების ოქმი, რომლის მიხედვითაც, „რ. დ-ს სხეულზე, კერძოდ კი, ზურგის მიდამოში აღენიშნებოდა მოლურჯო ფერის სისხლჩაქცევები, მარჯვენა ფეხზე მუხლის ქვემოთ და მარჯვენა ხელზე – მოლურჯო ფერის სისხლჩაქცევა. სისხლჩაქცევა აღენიშნებოდა ასევე სახის მარჯვენა მხარეს, ლოყაზე…“

კაცი, რომელსაც ოჯახში ძალადობას, მუქარას, ან იძულებას ედავებოდა გამოძიება, 2018 წელს ოჯახში ძალადობისთვის იყო გასამართლებული.

მას შემდეგ, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლომ ამ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი მიიღო, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი უცვლელი დატოვა, პროკურატურას უზენაესი სასამართლოსთვის მიუმართავს. უზენაეს სასამართლოს 2023 წლის 6 ივლის  მიუღია დადგენილება საქმეზე [მოსამართლეები: ლევან თევზაძე, შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი] და ჩაუწერია:

„საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და სხეულის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ რ. დ-ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით, თუმცა ისინი მიჩნეული ვერ იქნება ი. თ-ს ბრალეულობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად, ვინაიდან, აღნიშნული დასკვნისა და ოქმის საფუძველზე შესაძლებელია დაზარალებულის სხეულზე დაზიანებების არსებობის, მათი რაოდენობის, სიმძიმისა და ლოკალიზაციის, მაგრამ არა ამ დაზიანებების მიმყენებელი პირის ვინაობის დადგენა.

საქმეში კი წარმოდგენილი არ არის სხვა უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასა და სხეულის დათვალიერების ოქმში მითითებული დაზიანებები რ. დ-მ ი. თ-ს მხრიდან ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების შედეგად მიიღო,“ – აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.

უზენაესი სასამართლო განჩინებაშიც საუბარია ქალის დუმილზე:

„საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის კუმულატიურად უნდა დადგინდეს, როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტები. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი – საფუძვლიანი შიშის გაჩენა – მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა.

მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯადობას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე.

შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს არა მხოლოდ სუბიექტური, არამედ – სხვა ობიექტური კრიტერიუმებიც…

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა რ. დ-მ და მოწმე მ. დ-მ ისარგებლეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის მინიჭებული უფლებით – არ მისცეს დანაშაულის ჩადენაში მისი ან მისი ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენება და უარი განაცხადეს ი. თ-ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე,“ – ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.

უზენაესმა სასამართლომ ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის, რამაზ შანიძის საკასაციო საჩივარი განუხილველი დატოვა.

___

ამავე თემაზე ვრცლად:

ზარი პოლიციაში: „მეუღლე მახრჩობს“ – რატომ ამართლებს სასამართლო ოჯახში მოძალადე კაცებს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: