მთავარი,სიახლეები

5 დღე 4 სხვადასხვა კლინიკაში – პაციენტი ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებს

30.08.2023 • 11301
5 დღე 4 სხვადასხვა კლინიკაში – პაციენტი ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებს

პაციენტი და მისი ახლობლები ბათუმის ორ კლინიკას გულგრილობაში, პაციენტისადმი არასათანადო მოპყრობასა და სწორი დიაგნოზის ვერდასმაში ადანაშაულებენ.

26 წლის თეია შავაძე 22 აგვისტოს დილას შეიყვანეს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში – მუცლის მწვავე ტკივილით, დიარეით და 40.5 სხეულის ტემპერატურით. რამდენიმე საათში პაციენტი კლინიკიდან გაწერეს.

მისი „მოგზაურობა“ ბათუმის კლინიკებში სწორედ ამ დროდან იწყება.

„რესპუბლიკურის ემერჯენსში მივიყვანეთ 22 აგვისტოს. ეტლით შეიყვანეს, ისე ცუდად იყო, ფეხზე ვერ იდგა. ჩვენ, ახლობლები, გარეთ დავრჩით. 4 საათის შემდეგ გამოუშვეს. უფრო უარეს მდგომარეობაში იყო, ოდნავი გაუმჯობესებაც კი არ ეტყობოდა.

მოვითხოვე ანალიზის პასუხი და ექიმთან გასაუბრება – რა სჭირს, ისევ ცუდადაა და უკან რატომ გვატანთ-მეთქი.

გამოვიდა ქალი ექიმი – ეს სიცხის ბრალიაო. მე არ ვარ ვალდებული ყველა პაციენტის ახლობელს ავუხსნა, თუ რა სჭირს პაციენტს. 40 პაციენტი მყავს და მაგისთვის არ მცალიაო.

ანალიზის პასუხი და დასკვნა მაინც მოგვეცით, რომ სხვა საავადმყოფოში გადავიყვანოთ-მეთქი. ვიცოდეთ რა გაუკეთეთ, რა არ გაუკეთეთ.

მხოლოდ გადასხმა გავუკეთეთ, პაციენტი იყო სტაბილურ მდგომარეობაშიო, – გვითხრა. გადასხმა როცა დამთავრდა, ვკითხე – როგორ გრძნობ თავს? კარგად თუ ხარ? და პასუხად თავი დამიქნია პაციენტმაო – ასე გვითხრა ექიმმა.

მე ვკითხე – ეს არის სტაბილური მდგომარეობა-მეთქი?

კი, რა თქმა უნდა, თავისი ფეხით გამოვიდა გარეთო. ხელი აგვიქნია, მე თქვენთვის არ მცალია, ბევრი პაციენტი მელოდებაო და წავიდა,“ – გვიყვება ნანკა ბოლქვაძე.

ის თეია შავაძის დეიდაა და ყველა კლინიკაში პაციენტის გვერდით იყო.

ნანკა ბოლქვაძის მონათხრობის მიხედვით, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოდან პაციენტი სახლში წაიყვანეს, თუმცა ღამით ისევ გაუსაძლისი ტკივილი დაეწყო.

„მაღალი სიცხე, დაბალი წნევა, გულისრევა ჰქონდა, ამიტომ წავედით ბიემსიში, ემერჯენსში შევიყვანეთ. ბიემსიში ძალიან ყურადღებით და სათანადოდ დაგხვდნენ. გაუკეთეს რვა გადასხმა, ექოსკოპია. ცოტა მოიყვანეს გონზე და გვითხრეს, რომ აქვს ნაწლავური ინფექცია.

ეს ჩვენი პაციენტი არ არის, ეს არის ინფექციურის პაციენტი. ჩვენ რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავუკეთეთ, ახლა უნდა წაიყვანოთ ინფექციურშიო, – გვითხრეს.

გადავიყვანეთ ინფექციურში. ჩვენი მანქანით დავდიოდით.

იქ ექიმი დაგვხვდა. გადასხმა გაუკეთეს. ვიტამინი შეურიეს რაღაც, ცოტა ჯანზე რომ ყოფილიყო. ორი, სამი საათი გავჩერდით. აუღეს ანალიზები და ისევ გამოგვწერეს ინფექციურიდან რესპუბლიკურში.

ინფექციურში გვითხრეს, რომ პაციენტს სავარაუდოდ ბრმანაწლავი სტკივა და, სავარაუდოდ, სჭირდება ქირურგიული ჩარევაო.

ზუსტი დიაგნოზი არ გვაქვს, მაგრამ საჭიროა ანალიზის აღება, სისხლი ხომ არ აქვს მოწამლული. ამ ანალიზს ინფექციურში ვერ ვაკეთებთ და უნდა წახვიდეთ რესპუბლიკურშიო.

რესპუბლიკურში კი აუღეს სისხლის ანალიზი და გვითხრეს – ეს ჩვენი პაციენტი არ არის, წესრიგში აქვს ყველაფერი და ჩვენთან რატომ გამოგიშვესო?

დავტოვეთ იმ დღეს რესპუბლიკური და წავედით სახლში.

იმ ღამეს ისევ ცუდად გახდა. ისეთი ტკივილი ჰქონდა, არაფერი უყუჩებდა. გონებას კარგავდა ტკივილისგან.

ვფიქრობდით, სად წაგვეყვანა, წავედით ისევ ბიემსიში. იქ გონზე მოიყვანეს. უკვე 24 აგვისტოს საღამო იყო. ბიემსიში გადაუღეს კატე, თავიდან გაუკეთეს ანალიზები. ქირურგმაც ნახა.

დაუდგინდა კუჭ-ნაწლავის ინფექცია, მაგრამ პარალელურად ვარაუდობდნენ, რომ შეიძლებოდა ყოფილიყო ბრმანაწლავის პრობლემა და ვერ იწყებდნენ მკურნალობას.

საბოლოოდ, ბიემსიმ ისევ ინფექციურში გაგვიშვა. პაციენტს სისხლი რომ არ მოეწამლოს, აუცილებლად უნდა დაწვეს და იმკურნალოსო.

მოკლედ, კლინიკიდან წამოვედით. პარალელურად გავარკვიეთ ერთ-ერთი ინფექციონისტის ვინაობა, ბავშვთაში მუშაობდა იმ დღეს. მიგვიღო. გამოჰკითხა ყველაფერი. დაწერა, რომ პაციენტს სასწრაფოდ სჭირდებოდა სტაციონარში მოთავსება და მკურნალობა. თუ ბათუმის ინფექციური ვერ მიიღებს, უნდა გადაგიყვანონ ქუთაისის რესპუბლიკურშიო. გაგვაგზავნა ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ისევ.

ინფექციურში სათვალეებიანი ქალბატონი დაგვხვდა, ექიმი. იქ იცოდნენ უკვე ჩვენი ისტორია. ბატონმა რეზომ, ინფექციონისტმა, დაურეკა, პაციენტი მოდის, სისხლი ეწამლება და აუცილებლად უნდა დააწვინოთო.

ამ ექიმმა დაურეკა სხვა ექიმს. მოვიდა ის სხვა, რომელმაც გადახედა საბუთებს, ზედაპირულად. ესო, ჩემი პაციენტი არ არისო, აქ ქირურგიული ამბავია და აქ რას მოგიყვანიათ კიდევო. ხომ იყო ჩვენთანო. დატოვა კაბინეტი და გავიდა.

შემდეგ დავურეკეთ ისევ ბატონ რეზოს. არ მიგვიღეს ინფექციურში და რა გავაკეთოთ, გოგო ძალიან ცუდადაა უკვე-თქო.

ბატონმა რეზომ გვითხრა, ექიმს დამალაპარაკეთო. ექიმს მივაწოდეთ ტელეფონი და ექიმმა გაუთიშა.

ქალბატონო, ხომ გითხარით ჩვენი პაციენტი არაა, უნდა წაიყვანოთო, – გვითხრეს.

ვკითხე – სად წავიყვანო, როგორ წავიყვანო, კვდება ადამიანი-მეთქი.

წაბრძანდით აქედანო – ხმამაღალი ტონით გვითხრეს და გამოგვაგდეს ინფექციური საავადმყოფოდან.

წავედით სახლში და ვფიქრობდით თბილისში წასვლაზე, მაგრამ ვერ ვბედავდით, იმიტომ, რომ პაციენტი ძალიან ცუდად იყო, გამაყუჩებელიც არ შველოდა.

ბატონმა რეზომ მოგვიკითხა ისევ და გვირჩია – აუცილებლად მიდით ნებისმიერ საავადმყოფოში და დააწვინეთ, იწამლება ეგ ბავშვიო.

ეს იყო უკვე 25 აგვისტოს საღამო. დილას გამოგვაგდეს ინფექციურიდან, ცოტა ხანს სახლში გვყავდა და როცა ისევ ცუდად გახდა, წავედით რესპუბლიკურში.

რესპუბლიკურში შეიყვანეს რეანიმაციაში.

შეაერთეს გადასხმაზე. გაუკეთეს თავიდან ანალიზები, რენტგენი, ყველაფერი… გადიოდა საათები, გოგო ცუდად იყო. დედამისი შეიყვანეს სანახავად და გათიშული დახვდა. მერე ჟანგბადზეც შეაერთეს.

რესპუბლიკურში გამოიძახეს ექიმი ინფექციურიდან. ვეხვეწებოდი ექიმს, გამაყუჩებელი მაინც გაუკეთეთ, ცუდადაა-მეთქი.

ექიმი გვეუბნებოდა – შეიძლება ქირურგიულ ჩარევას მოითხოვდეს და გამაყუჩებელი არ შეიძლებაო.

შემდეგ ჩვენი ძალებით გამოვიძახეთ კერძო რეანომობილი და წავიყვანეთ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში.

რეანომობილში ჩასვეს თუ არა, გაუკეთეს გამაყუჩებელი და თბილისში ჩასვლამდე სტაბილურად იყო. ჩვენ ჩვენი ხარჯებით ჩავიყვანეთ.

ინფექციურში დაუსვეს დიაგნოზი – კუჭ-ნაწლავის მწვავე ინფექცია და ანემია. მკურნალობს. ახლა უკეთესადაა, წამოდგა უკვე ფეხზე.

ძალიან გავმწარდით. ვტიროდით, გვეგონა, რომ კვდებოდა გოგო. ისე ცუდად გვექცეოდნენ ექიმები, აგდებულად.

ხუთი დღის განმავლობაში არავინ ყურადღება არ მიაქცია სათანადოდ. იდგნენ, ვერ ხვდებოდნენ რა სჭირდა.

უყურებდნენ, როდის მოკვდებოდა. ისე გავმწარდი, მომინდა ყველამ გაიგოს, თუ როგორი ექიმები ჰყავს ბათუმის საავადმყოფოებს,“ – გვიყვება ნანკა ბოლქვაძე.

[red_box]რა უპასუხეს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ბრალდებებს[/red_box]

„ბათუმელები“ კომენტარისთვის დაუკავშირდა ბათუმის რესპუბლიკური და ინფექციური საავადმყოფოების ხელმძღვანელებს.

სოლომონ ფუტკარაძე, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ მათ კლინიკაში პაციენტს ყველაფერი სწორად გაუკეთდა.

„პირველ და მეორე მომართვაზეც ჩვენი საავადმყოფოს მიერ სწორად იყო გადაწყვეტილება მიღებული. ინფექციონისტ რეზო ნაკაშიძეს დაუკავშირდნენ. ნაკაშიძემაც გადმოამისამართა კლინიკაში. მერე სად წავიდა პაციენტი, არ ვიცი, მაგრამ მეორეჯერაც მოვიდა. ეს არ იყო ჩვენი კლინიკის პაციენტი და გადავამისამართეთ შესაბამის კლინიკაში,“ – გვითხრა სოლომონ ფუტკარაძემ.

კომენტარი გააკეთა ასევე ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილების ხელმძღვანელმა ჯუმბერ ბოლქვაძემ.

მას ვკითხეთ, თუ უმკურნალა პაციენტს კლინიკამ სათანადოდ.

„რა თქმა უნდა. პირველ მომართვაზეც და მეორეზეც. პირველად რომ მოგვმართეს, ლაბორატორიული მონაცემები იყო ნორმაში. მხოლოდ იყო კლინიკურად გამოხატული მსუბუქი ინტოქსიკაციის სურათი, ერთეული დიარეით. სავარაუდოდ, ზღვის წყალი ჰქონდა ნაყლაპი. შესაბამისად, პირველ დღეს არ ხდება გართულება. გაუმჯობესების შემდეგ გაეწერა. მეორე თუ მესამე დღეს ისევ დაეწყო კუჭის აშლილობა და ტკივილი. მიაკითხა უკვე სხვა კლინიკას, სადაც სრულყოფილად გამოკვლეულია ეს პაციენტი. კომპიუტერული ტომოგრაფიაც კი აქვს ჩატარებული, რომ გამორიცხულიყო ქირურგიული მიზეზი. გამორიცხეს ნამდვილად და სწორად გამორიცხეს.

უთხრეს, რომ ეს იყო გართულებული ნაწლავური ინფექცია და მიემართა ინფექციურისთვის.

მიმართა ინფექციურს ორჯერ ამბულატორიულად. მათ ჩაუტარეს კვლევა, ინფექციონისტის კომპეტენციაში მე ვერ ჩავერევი.

ნაწლავურ ინფექციას ახასიათებს, როცა ცოტა რთულდება, ტკივილი გახანგრძლივებულია.

მომართა ისევ ჩვენს კლინიკას. ჩვენთან ისევ ჩატარდა განმეორებითი გამოკვლევა და აღმოჩნდა, რომ ნამდვილად იყო ცოტა გართულებული. ეს იყო დაავადების გამოვლენიდან მეოთხე დღეს. ისევ ჩაერთნენ ქირურგები, ინფექციონისტები, გამოირიცხა ისევ ეს მწვავე ქირურგიული პათოლოგია და ვინაიდან იყო გართულება, გადაწყდა მისი სტაციონარიზაცია, ოღონდ ინფექციურის კუთხით.

„მედალფაში“ გახსნილა ინფექციური განყოფილება, სადაც პაციენტის ოჯახის წევრებმა კატეგორიული უარი განაცხადეს მკურნალობაზე.

თბილისის ინფექციურს ჩვენ თვითონ დავურეკეთ, ჩვენ შევუწყვეთ ხელი, რომ ასეთი კატეგორიის პაციენტია. არ იღებდა თბილისი, იმიტომ, რომ მას არ სჭირდებოდა იქ მკურნალობა, როცა ეს მონაცემი ვუთხარით.

ვინაიდან პაციენტის სურვილი იყო, გაითვალისწინეს, შევუწყვეთ ხელი და წაიყვანეს თბილისში. ჩვენი მხარდაჭერით და დახმარებით მოხდა ეს ყველაფერი.

ბათუმზე კი არა, ქუთაისზეც კი უარი თქვეს. სახელმწიფო კატასტროფა მოვიდა და უკან გააბრუნეს“, – გვითხრა ჯუმბერ ბოლქვაძემ.

თეია შავაძის დეიდა, ნანკა ბოლქვაძე ადასტურებს, რომ ნამდვილად თქვეს სახელმწიფო რეანომობილზე უარი, იმის გამო, რომ პაციენტის გადაყვანას ისევ ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ აპირებდნენ.

„სახელმწიფო რეანომობილს გადაჰყავდა ისევ ბათუმში, მედალფაში. შეიძლება ჭია ჰყავდეს და მაგის ანალიზს გააკეთებენო. ჩვენ არ გავატანეთ მედალფაში.

მაშინ თბილისში ჩვენ ვერ გაგიშვებთო. ქუთაისში გადაყვანაც კი მოვითხოვეთ, იქ რომ ვერ შველოდნენ ვერაფერს, ოღონდ სადმე ეშველათ, ყველაფერზე ვიყავით თანახმა. მაგრამ მათ გადაჰყავდათ მედალფაში, სადაც არ გავატანეთ“, – ამბობს ნანკა ბოლქვაძე.

[red_box]რა უპასუხეს ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ბრალდებებს[/red_box]

„ბათუმელები“ კომენტარისთვის ასევე დაუკავშირდა ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს, ციური აბულაძეს.

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ამბობს, რომ მისთვის ცნობილია აღნიშნული პაციენტის პრეტენზიების შესახებ. ციური აბულაძეს მომხდარზე თავისი ვერსია აქვს.

„რამდენადაც მე გავარკვიე, ეს პაციენტი ორჯერ იყო ჩვენთან მოსული. პირველად, თუ არ ვცდები, ხუთშაბათ დღეს. როდესაც მოვიდა, ნახა მორიგე ექიმმა, ნახა განყოფილების გამგემ. იქ ძალიან ბევრი სიმპტომი იყო, რომელიც არ შეესაბამებოდა ამ დაავადებას და იყო რაღაც გარკვეული სიმპტომები ისეთი, რომ უნდა გამოგვერიცხა უფრო მწვავე, ქირურგიული, ჰემატოლოგიური დაავადება. გაუშვეს სათანადო კონსულტანტებთან.

მეორე დღეს, როდესაც მობრძანდა ეს ქალბატონი, როდესაც განყოფილების გამგე არკვევდა რა იყო, როგორ იყო, ჰქონდა ექოსკოპია, სადაც კითხვის ნიშნის ქვეშ იყო დასმული ორსულობა. როდესაც დაუსვეს შეკითხვა ტესტზე, ამან გამოიწვია ამ პაციენტის გაღიზიანება და გალანძღეს კლინიკა, ექიმი, ყველაფერი ერთად. როგორც მე მითხრეს, ესაა, რაც გავარკვიე.

გადაგწვავთ, გადმოგწვავთ – ასეთი [დამოკიდებულება] ჰქონდათ. ადგნენ და წავიდნენ თავისით, აღარც დაელოდნენ პასუხს.

მაგ პაციენტზე მე ვიცოდი, რესპუბლიკურშიც რომ იყო, იქაც ვადევნებდი თვალს. თბილისის ინფექციურში მკურნალობს, სალმონელოზი აღმოაჩნდა.

ჩვენთან ახლა მოხდა ის, რომ როგორ გითხრათ… რომ არ გამოგვპაროდა უფრო საშიში დაავადება, აი, ამიტომ მოხდა ეს ყველაფერი“, – განმარტა ციური აბულაძემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: