უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 8 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 307 640 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +780]
ტანკი – 5 301 ერთეული [+8]
ჯავშანტექნიკა – 9 996 ერთეული [+22]
საარტილერიო სისტემა – 7 439 ერთეული [+29]
MLRS – 872 ერთეული [3]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 572ერთეული [2]
თვითმფრინავი – 322 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 567 ერთეული [+10]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 556 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 20 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 9 814 ერთეული [+47]
სპეცტექნიკა – 1 054 ერთეული [5]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს [განახლებულ მონაცემებს აქვე მოგაწვდით].
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 8 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
532 თვითმფრინავი
254 ვერტმფრენი
8 733 უპილოტო საფრენი აპარატი
441 საზენიტო სარაკეტო სისტემა
13 266 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 182 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
7 016 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
15 086 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ბათუმში ხახულის ქუჩა [ამავე ქუჩის მეორე შესახვევის მიმდებარედ] გადაკეტილია. მიზეზი – ხიდზე სამუშაოებს ატარებენ, რის გამოც ავტომანქანებს შემოვლითი გზის გავლა უწევთ, ისევ ხახულის ქუჩით რომ გააგრძელონ მოძრაობა. ამ ხიდის ქვეშ ღია სანიაღვრე არხი გადის.
გზის [ხიდის] ჩაკეტვა პრობლემაა ქვეითებისთვისაც. მოქალაქეები, რომლებიც „ბათუმელებს“ დაუკავშირდნენ, ამბობენ, რომ არც დროებითი გადასასვლელია ქვეითებისთვის მოწყობილი, ბავშვები არხის მეორე მხარეს, მიკროავტობუსებთან რომ მიიყვანონ და სკოლაში გაუშვან.
სამუშაოები ხახულის ქუჩაზე, რის გამოც გზა გადაკეტილია / 7.11.2023
„აქ ვინც მუშაობს, მათ ვესაუბრე. მითხრეს, ჩვენ რა ვქნათ, ასეთი დავალება გვაქვსო. ვის მივმართო-მეთქი და მერიაში დარეკეთ, ჩვენ 20 დღე მაინც დაგვჭირდება სამუშაოებისთვისო. საფეხმავლო მაინც დამიტოვეთ, რომ სამარშრუტო ტაქსამდე გავიდე-მეთქი და ვერ გავაკეთებთ, ვინმე რომ ჩავარდეს, პასუხს არ ვაგებთო“. – მოგვწერა ერთ-ერთმა მოქალაქემ.
სამუშაოები ხახულის ქუჩაზე, რის გამოც გზა გადაკეტილია
იმავე მოქალაქის თქმით, მან მერიაშიც დარეკა, სადაც უთხრეს, რომ „ყველაფერი კანონიერადაა“, თუმცა შეუძლია პატრული გამოიძახოს:
„გამოვიძახე პატრული, დარეკა და ყველაფერი კანონიერადაა, ვერაფერს ვიზამო და წავიდა. ბავშვებს სამას მეტრზე მეტი მანძილის გავლა უწევთ, მიკროავტობუსთან რომ მივიდნენ. ცუდ ამინდში ბავშვებით ამ გზის გავლა შეუძლებელია. ყველა მანქანა იქით დადის და გზაც არაა მოწესრიგებული. მარკეტებიც იქით მხარეს დარჩა… არც ის ვიცით, რამდენი ხანი ვიქნებით ასეთ მდგომარეობაში.“
ხახულის ქუჩაზე ჩაკეტილი ხიდის შემოსავლელი გზა / 7.11.2023
„ბათუმელები“ მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს დაუკავშირდა, ვისი დაკვეთითაც ტარდება სამუშაოები ხახულის ქუჩაზე.
მთავარ კითხვაზე – როდის დასრულდება სამუშაოები ხიდზე და როდის გაიხსნება გზა ამ მონაკვეთში? – პასუხი სამმართველოდან ვერ მივიღეთ.
ხახულის ქუჩა / 7.11.2023
„აღნიშნული სამუშაოების დასრულების ვადა განსაზღვრულია 2026 წლის მარტამდე. სამუშაოები მაღალი ტემპით მიმდინარეობს, მოსახლეობასთან ეტაპობრივად შეხვედრებიც იმართება. კომპანია, როდესაც კეტავს რომელიმე გადასასვლელს, მოქალაქეებს ყოველთვის უწესრიგებს ალტერნატიულ გზას“, – მხოლოდ ეს მოგვწერეს მერიის სამმართველოდან.
ხიდზე მიმდინარე სამუშაოების გამო ჩაკეტილი ხახულის ქუჩა ბათუმში და შემოვლითი გზა [აღნიშნულია წითელი წერტილებით]ხახულის ქუჩა მამია ვარშანიძის ქუჩის გაგრძელებაა და ამ ორი ქუჩის კეთილმოწყობაზე ხელშეკრულება მერიის სამმართველოს შპს „ბონდი 2009“-სთან აქვს გაფორმებული 2023 წლის 3 აპრილს.
ხელშეკრულება 30 999 929 ლარზეა გაფორმებული. პირობის მიხედვით კი, სამუშაოების დასრულების ვადა – 2026 წლის მარტი, ორივე ქუჩას ეხება. მამია ვარშანიძის ქუჩაზე სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა.
„არა რუსეთს“ – ამ სლოგანით დღეს, 7 ნოემბერს, ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობა გააპროტესტეს – 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, მეორე მოქალაქე, ლევან დოთიაშვილი კი, ცხინვალის მიმართულებით გაიტაცეს.
„არა რუსეთს, არა ოკუპაციას, პასუხისმგებლობა აიღოს ხელისუფლებამ, რომ ადამიანებზე იფიქროს,“ – ამბობს მოქალაქე თამთა ჯინჭარაძე, დღევანდელი აქციის მონაწილე.
სად ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ იღებს პასუხისმგებლობას? – ვკითხეთ მას.
„დავინახეთ, რომ წინა ხელისუფლებას გადააბრალეს ყველაფერი. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ ხმა გააგონოს საერთაშორისო თანამეგობრობას, მოგვეშველეთო, ეს მკვლელობაც ისევ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს გადააბრალა წინა ხელისუფლების სახით.
ხელისუფლება 11 წელია ყველაფერს „ნაციონალურ მოძრაობას“ აბრალებს, მას არ ეყო პასუხისმგებლობა, ეს შემთხვევაც წინა ხელისუფლებისთვის არ დაებრალებინა“ – გვითხრა თამთა ჯინჭარაძემ.
„ეს განცხადებაც რუსული პროპაგანდის გავლენაა, რომ აი, ჩვენი დამსახურებით გვაქვს მშვიდობა და ეს შეირგეთ,“ – დასძინა თამთა ჯინჭარაძემ.
„მე მთავრობას ვეტყოდი, რომ ნუ იმალებიან, გამოვიდნენ და დაიცვან საქართველოს მოქალაქეები,“ – გვითხრა აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ, მზია ქედელიძემ, – „განსაკუთრებით სასაზღვრო ზოლში ვინც ცხოვრობს, მათ სჭირდებათ მთავრობის მხარდაჭერა, ისინი უპატრონოდ არ უნდა იყვნენ დატოვებული“.
მზია ქედელიძე
„აქციის მთავარი მიზანია, ვუთხრათ „არა“ მტერთან კოლაბორაციონიზმს, არა რუსულ აგრესიას. ძალიან ტრაგიკული შემთხვევა მოხდა საოკუპაციო ხაზთან, მძიმედ დაიჭრა და დაიღუპა ერთი ქართველი, მეორე კი გატაცებულია, ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება ტყვეობაში. ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც საოკუპაციო ხაზთან გატაცება ან მკვლელობა ხდება,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ აქციის მონაწილემ, ლუკა ნაცვლიშვილმა.
ლუკა ნაცვლიშვილიც აკრიტიკებს ხელისუფლების დამოკიდებულებას:
„ამდენი წლის განმავლობაში მე არ მახსენდება, რომ მტკიცე რეაგირება ჰქონოდა ჩვენს ხელისუფლებას. ფაქტობრივად, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ნებისმიერი ადამიანი პოტენციურად მკვდარია, იმიტომ, რომ რუსეთს არასდროს არ დასჭირვებია განსაკუთრებული მიზეზი იმისათვის, რომ აგრესია გამოეხატა საოკუპაციო ხაზთან.
ზოგადად, როდესაც ქვეყანას ტერიტორიული მთლიანობა არ აქვს და მით უმეტეს რუსეთის გამო, იმ ქვეყანაში „ომი გინდა პოლიტიკა“ და იმ ქვეყნის დემილიტარიზაცია, ერის და ქვეყნის დაღუპვის საბუთზე ხელმოწერის ტოლფასია. ამ პრობლემების გამომწვევი მიზეზი, ანუ რუსული ხელისუფლება, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს,“ – გვითხრა ლუკა ნაცვლიშვილმა.
მმართველი პარტიის პოლიტიკა გააკრიტიკა პარტია „ლელოს“ წევრმა გენო თებიძემაც.
„ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ არჩევნებში ამას დაასრულებს ქართველი ხალხი. ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, ყველაფერი არის იმ პოლიტიკის, იმ ასე ვთქვათ „შერიგების“ გაგრძელება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება აკეთებს ჩვენს ქვეყანაში,“- თქვა გენო თებიძემ.
„ეს მშვიდობაა? ეს მშვიდობა არ არის,“ – გვითხრა აქციის მონაწილე ბესიკ შაინიძემ.
„ჩვენ მთავრობის სიჩუმის საპირწონედ გამოვედით ქუჩაში, რომ ავხმაურდეთ. რუსეთის რეჟიმი ყოველდღიურად გვავიწროებს და გვკლავს.
ხელისუფლებას, როგორც ყოველთვის, ახლაც აქვს მშვიდობის და დაყვავების უცნაური პოლიტიკა, ვხედავთ, რომ ამას შედეგი არ მოაქვს… მე შალვა პაპუაშვილს ვეტყოდი, რომ ეს არ არის მშვიდობა და სირაქლემას პოზიცია აქვს საქართველოს მთავრობას. მათ არ სურთ გააღიზიანონ დიდი დათვი, რომელიც ყოველდღიურად სულს გვიხუთავს,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ბესიკ შაინიძემ.
საპროტესტო აქციას ბათუმში უკრაინელი და ბელარუსი აქტივისტებიც შეუერთდნენ:
„ძალიან ვწუხვართ ამ ტრაგედიის გამო… ბელარუსებმა და ქართველებმა კარგად ვიცით, რას ნიშნავს რუსული ოკუპაცია. ჩვენ ეს ყველაფერი ვიცით რუსეთის იმპერიიდან დაწყებული, შემდეგ საბჭოთა წარსულიდან და ახლა ბელარუსში გვაქვს ლუკაშენკოს რეპრესიული რეჟიმი, რომელიც ისევ რუსეთიდან კონტროლდება.
ჩვენი ხმა უნდა ისმოდეს ხმამაღლა, რომ გავხდეთ ევროკავშირის ნაწილი. ეს არის საუკეთესო დაცვა“, – გვითხრა ბელარუსმა აქტივისტმა, ალექსეი პალაშოვმა.
ბათუმში დღეს, 7 ნოემბერს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა, რომელიც ქვეითად გადაადგილდებოდა.
შემთხვევა ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მოხდა.
სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მისულ ექიმებს ქალი გარდაცვლილი დახვდათ.
დღეს, საღამოს, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე კიდევ ერთი ავარია მოხდა. თვითმხილველის თქმით ერთმანეთს 5 მანქანა შეეჯახა, თუმცა ამ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ავარია ფრიდონ ხალვაშის გამზირზე / თვითმხილველის თქმით ერთმანეთს 5 მანქანა შეეჯახა, თუმცა არავინ დაშავებულა / 7.11.2023
„ცურვაზე უფასოდ ვერავინ ივლის, ცურვა და ჩოგბურთი ძვირადღირებულ სპორტად ითვლება. ისეთი ფასებია, მართლა ფუფუნებად ითვლება და ეს ძალიან სამწუხაროა,“ – გვიყვება სოციალური მუშაკი მაია ჯაში, რომელსაც სერვისებზე ვესაუბრებით: რას ვთავაზობთ კანონთან კონფლიქტში მყოფ მოზარდებს.
სოცმუშაკი კონკრეტულ პირობების შესახებ გვიყვება, რის გამოც მოზარდი ზოგჯერ ქუჩაში წასვლას ამჯობინებს, მაგალითად, მშობლის სამუშაოდ საზღვარგარეთ ყოფნა, ან ის, რომ მშობელი მავნე ნივთიერებასა თუ ალკოჰოლზეა დამოკიდებულია და შვილისთვის ვერ იცლის.
მაია ჯაშის აზრით, მუნიციპალიტეტმა, პირველ რიგში, დღის ცენტრები უნდა შექმნას, სადაც ქუჩაში გასული მოზარდებისთვის მიმზიდველი გარემო შეიქმნება – „ბათუმელებმა“ კლუბ „სინერგიას“ სოციალური მუშაკთან, მაია ჯაშთან ინტერვიუ ჩაწერა:
ქალბატონო მაია, თქვენი დაკვირვებით, რა საჭიროება აქვთ დღეს ყველაზე მეტად კანონთან კონფლიქტში მყოფ მოზარდებს? როგორ მუშაობს ის სერვისები, რასაც სახელმწიფო ამ ეტაპზე მათ სთავაზობს?
დიდი ხანია მოქმედებს განრიდების პროგრამა. ეს გულისხმობს იმას, რომ 14-დან 21 წლამდე პირი, როცა პირველად ჩაიდენს დანაშაულს, მისი სისტემიდან განრიდება ხდება. არსებობს კვლევები, სადაც ჩანს, რამდენად პოზიტიურად აისახა ეს მიდგომა შედეგებზე.
ბავშვები დღესაც ჩადიან ყველა ტიპის დანაშაულს. თავდაპირველად მინდა აღვნიშნო ის, რომ ამ ასაკში მოზარდებს ახასიათებთ კანონსაწინააღმდეგო ქმედება, არიან იმპულსურები, აი, უცებ რაღაც მოუნდა და გააკეთა, მაგალითად, რაღაც მოიპარა. შეიძლება მას ამ დროს არ აწუხებს მატერიალური პრობლემა და არც პროტესტი აქვს: უბრალოდ, გაიფიქრა და გააკეთა.
არის შემთხვევები, როცა მოზარდი თავისი ქცევით ამტკიცებს რაღაცას, თუნდაც მშობელს უმტკიცებს, შენ ხომ არ მოგწონვარ ისეთი, როგორიც ვარ? – ამიტომაც, მე ჩავიდინე დანაშაული, ჩემი მაინც არაფერი მოგწონს.
მშობლებსაც აქვთ ძალიან მაღალი თამასა შვილის მიმართ, რომ შვილი უნდა იყოს საუკეთესო, არ უნდა ჩაიდინოს ცუდი არაფერი, იკითხოს ბევრი, ისწავლოს საუკეთესოდ. არის ტენდენცია, რომ არ უნდა ამოასუნთქო ბავშვი. როგორ შეიძლება, არაფრის დრო არ დარჩეს ბავშვს? ბავშვებიც გადარბენაზე არიან.
ბავშვებს აქვთ პროტესტი იმის გამო, რომ მშობლებს სურთ, იყო საუკეთესო. მშობლისთვის ზოგჯერ ის კი არაა ამოსავალი, რომ შვილი ბედნიერი იყოს და ბავშვი ბავშვობის პერიოდით ტკბებოდეს, არამედ ის უნდა იყოს საუკეთესო.
ეს ისეთი ასაკია, რომ ძალიან ბევრი გამოწვევა აქვთ მოზარდებს ისედაც. მათში დუღს ყველაფერი. ეს ბუნტის, რევოლუციის და წინააღმდეგობის პერიოდია შინაგანად. ბუნებაც ამ დროს მათთვის წინააღმდეგობებით არის სავსე. აქ არის სწორედ ძალიან მნიშვნელოვანი, სწორი რეაგირება გვქონდეს მოზარდების ქცევაზე.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ არასრულწლოვნებში ყველაზე გავრცელებული დანაშაული ქურდობაა. ეს აჩვენებს სიღარიბის პრობლემასაც?
სოციალურ მდგომარეობაზეც არის ეს დამოკიდებული, როცა მატერიალურად შეჭირვებულია ოჯახი, მაღაზიაში შედის მოზარდი და მისთვის მიმზიდველია ბევრი რამ. ხშირად არის შემთხვევა, როცა, მაგალითად, ენერგეტიკულ სასმელს იპარავს მოზარდი მაღაზიაში, ან შოკოლადს, თუმცა სხვადასხვა მიზეზი გვხდება – შესაძლოა, ქურდობის მიზეზი საერთოდ არ იყოს ის, რომ მოზარდს ფული არ აქვს. აი, ასე მოუნდა და აიღო.
ეს მრავალმხრივი პრობლემაა და ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.
გვხდება ასევე დისფუნქციური ოჯახების პრობლემა, როცა ოჯახში არ არის კეთილდღეობა – ცხადია, ეს არ გულისხმობს მატერიალურ კეთილდღეობას: ზოგჯერ ოჯახში მატერიალურად არ არის ყველაფერი უზრუნველყოფილი, მაგრამ არის სითბო და სიყვარული, იგრძნობა ზრუნვა ბავშვის მიმართ.
მატერიალური ბაზა არ არის ყოველთვის გადამწყვეტი: შეიძლება, ბავშვს მატერიალურად არაფერი აკლია, მაგრამ ტერორის ქვეშ იზრდებოდეს, უგულებელყოფილი იყოს მისი ინტერესები.
დღეს ძალიან ბევრი ბავშვის მშობელი საზღვარგარეთაა, განსაკუთრებით დედები და ეს მძიმე შემთხვევაა ბავშვებისთვის. არსებობენ მამები, რომლებიც არ მუშაობენ და დამოკიდებული არიან მავნე ნივთიერებებზე, ალკოჰოლზე…
ბავშვი, რომლის ოჯახშიც მუდმივად ჩხუბია, ხედავს, რომ მამა, მაგალითად, მუდმივად იღებს ალკოჰოლს, დედა შუაღამისას ბრუნდება სახლში გადაღლილი და მოზარდი მიდის გარეთ. ქუჩა ისეთი ადგილი ხდება, სადა შენ აღიარებული და კარგი ხარ, ოჯახში კი, შენ არავინ არ ხარ.
ბავშვებს შორის ხშირია შელაპარაკებაც, ბულინგს არ ვგულისხმობ, მაგრამ ნახეთ, როგორ არის: რას ხედავენ მოზარდები პარლამენტში, სადაც პარლამენტის წევრები ხოცავენ ერთმანეთს, იგინებიან, ილანძღებიან, ხელითაც ეხებიან ერთმანეთს.
ზუსტად იგივე ქმედებისთვის მოზარდი შეიძლება მოხვდეს სისტემაში – მანდატური გამოუძახებს პოლიციას და დაიწყება პროცესი. ბავშვებს ამ დროს ძალიან რელევანტური კითხვა უჩნდებათ: რატომ? გაუგებრობა გვქონდა და წავიჩხუბეთ, თქვენ, დიდებიც ხომ ჩხუბობთ?
მაია ჯაში
რეაგირების რა სტანდარტს ახვედრებს სახელმწიფო მოზარდს, რომელსაც კანონთან კონფლიქტი აქვს?
დღეს რაც არსებობს – განრიდება, ეს იდეალური საშუალებაა იმიტომ, რომ მოზარდი პრაქტიკულად ხელახლა იწყებს ყველაფერს ისე, რომ ნასამართლობა არ აქვს და შეუძლია ჩაერთოს სხვადასხვა პროგრამაში. ყველას გვახსოვს რა იყო 2010 წლამდე, როცა ბავშვები ციხეში ხვდებოდნენ, მაგალითად, პურის, ან ჯართის ქურდობის გამო…
განრიდების დროს მოზარდს ეკისრება გარკვეული ვალდებულება, სოცმუშაკი ამზადებს შეფასებას და მისი კონკრეტული საჭიროებიდან და ინტერესიდან გამომდინარე, მას მიეწოდება სხვადასხვა სერვისი.
ეს შეიძლება იყო ფსიქოლოგთან მუშაობა, სარეაბილიტაციო პროგრამები, ან ტრენინგები. ფსიქო-სოციალური სერვისის ერთ-ერთი მიმწოდებელია, მაგალითად, „სინერგია“, სადაც მე ვმუშაობ, როგორც სოციალური მუშაკი.
„სინერგია“ ევროკავშირის მხარდაჭერით შეიქმნა. საჭიროების შემთხვევაში ჩვენთან მოზარდს უტარდება, როგორც ინდივიდუალური კონსულტაციები, ასევე ჯგუფური სესიები, მათ შორის, ონლაინ.
მშობლებისთვის რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რასაც ხშირად აწყდებით?
ხშირია შემთხვევა, როცა მშობელს აქვს ძალიან ზერელე დამოკიდებულება ამ შემთხვევების მიმართ. მშობლებთან ხშირად გვიწევს ახსნა, რომ უნდა მოვიდეს ბავშვი, მაგრამ ის ამას არ უზრუნველყოფს. ვუხსნი მშობელს, რომ ეს სერიოზული საკითხია, ბავშვს აქვს კონფლიქტი კანონთან.
მშობელი ამ დროს გპასუხობს, არ აქვს დრო, ან რა დროს ეს არის, ვმუშაობ, დაკავებული ვარ და ასე შემდეგ.
ეკონომიკურმა პრობლემებმა ძალიან შეარყია ხალხის აზროვნება, მშობელი გადასულია იმაზე, რომ ოღონდ რაღაც აჭამოს შვილს.
კანონთან კონფლიქტში მყოფი ერთ-ერთი მოზარდის დედამ გვითხრა, რომ ფსიქოლოგმა მოზარდი ვერ დააინტერესა და მან ისევ ქუჩაში არჩია დარჩენაო. მშობლის თქმით, პრობლემაა ასევე უფასო სერვისების არარსებობა, რაშიც არასრულწლოვანი ჩაერთვებოდა.
ხშირია შემთხვევა, როცა მშობელი ხედავს ფსიქოლოგის მოზარდთან მუშაობის საჭიროებას, მაგრამ ბავშვს ეს არ უნდა. ეს არ არის ფსიქოლოგის ბრალი, ფსიქოლოგთან იძულებთ ვერავის მიიყვან…
არსებობს გარკვეული სერვისები, რაც ყველასთვის ხელმისაწვდომია, მაგალითად, კანონთან კონფლიქტში მყოფს ერთ-ერთ ბავშვს უნდოდა ფეხბურთის თამაში და ბათუმის მერიამ მისცა მას ამის საშუალება. სამწუხაროდ, მერიას ხშირად თავისი პროგრამების შესახებ ინფორმაცია არ მიაქვს საზოგადოებამდე, თორემ ბევრი რამ არის ხელმისაწვდომი იგივე მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში.
მაგალითად, ცურვა სურს მოზარდს, არის ხელმისაწვდომი?
ვერა. ცურვაზე უფასოდ ვერავინ ივლის, ცურვა და ჩოგბურთი ძვირადღირებულ სპორტად ითვლება. ისეთი ფასებია, მართლა ფუფუნებად ითვლება და ეს ძალიან სამწუხაროა.
მაგრამ აი, სპორტის ბევრი სხვა სახეობა არის ხელმისაწვდომი, მათ შორის, მაგალითად, ბალახის ჰოკეი, კალათბურთი, ფეხბურთი. შესაძლებელია ამ ინფორმაციის მოძიება. სოციალური მუშაკის როლიც ეს არის ამ პროცესში, რომ თევზი კი არ მივცე მოზარდს მე, არამედ ვასწავლო, როგორ დაიჭიროს ის.
რა სჭირდებათ ყველაზე მეტად მოზარდებს, თქვენი გამოცდილებიდან რა შეგიძლიათ გვითხრათ?
ჩემი აზრით, ბავშვებს, პირველ რიგში, სჭირდებათ დღის ცენტრები, სადაც შეიკრიბებიან და მათთვის სასურველი საქმით დაკავდებიან. ეს შეიძლება იყოს ხატვა, ხელოვნების წრეები, ფილმების ნახვა და განხილვა…ასეთი ცენტრი ჰქონდა კიდეც ბათუმში 2009-2010 წლებში „World Vision“-ს და ამან პრაქტიკაში კარგად იმუშავა.
ამ ცენტრში უნდა იყვნენ პედაგოგები, ფსიქოლოგები.
ბათუმს ამ ეტაპზე კლუბ „სინერგიის“ გარდა, ალტერნატივა არ აქვს. გაურკვეველია, როცა დასრულდება ჩვენი ეს პროექტი ერთ წელში, რა იქნება შემდეგ?
სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტებს უნდა აინტერესებდეთ, რომ ეს სერვისი დარჩეს. ამ შემთხვევაში სახელმწიფომ უნდა შემოგვთავაზოს თავისი მონაწილეობა, რაც არ ჩანს. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ ბათუმის მერიას თანამონაწილეობის შესახებ, მაგრამ რეაგირება არ იყო.
შესაბამისი სერვისების შესაქმნელად, რაც სჭირდებათ მოზარდებს, საჭიროა ნება და ფინანსები, ასევე, არსებული რესურსის ეფექტურად გამოყენება.
მაგალითად, ქალაქში მინი სპორტული მოედნები და სტადიონები მეტ-ნაკლებად ყველა უბანს აქვს, საჭიროა მოზარდების აქტიური ჩართულობა. ჩემი აზრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, განვითარდეს ქუჩის სპორტი: ქუჩის კალათბურთი, ქუჩის ფეხბურთი. აი, უბანი უბანთან რომ თამაშობს, თანაც, ამას უნდა ჰქონდეს სისტემატური ხასიათი.
მნიშვნელოვანია, ასევე მოზარდებისთვის ავტორიტეტულმა ფეხბურთელმა, ან კალათბურთელმა წამოიწყოს ეს აქტივობა თავისი უბნიდან. მნიშვნელოვანია, ავტორიტეტების ჩართვა ამ პროცესში. აი, ეს კარგი ფეხბურთელია, კარგად თამაშობს. ანალოგიურად, მწერალმა შესაძლოა მოზარდებისთვის ლიტერატურული კლუბი შექმნას და ასე შემდეგ.
ბათუმის ცენტრალურ პარკში, იქ, სადაც საბავშვო ატრაქციონებია განთავსებული, შუშის შენობა ჩადგეს. შენობის ფართობი დაახლოებით 200 კვ მეტრია. ადგილზე არ არის გამოკრული საინფორმაციო დაფა, შესაბამისად, არც პარკის დაცვის სამსახურის თანამშრომლებს აქვთ ინფორმაცია, რის გახსნას გეგმავენ შენობაში.
შენობა რკინისა და შუშის გამოყენებით, მსუბუქი კონსტრუქციით მოუწყვიათ, ამიტომ მშენებელს ნებართვის მისაღებად სტანდარტული პროცედურის გავლა არ მოუწევდა – კანონი მსუბუქი კონსტრუქციის განთავსების შემთხვევაში გამარტივებულ წესს ითვალისწინებს. მიუხედავად ამისა, მშენებელი ვალდებულია მერიას შეატყობინოს კონსტრუქციის გამართვის შესახებ და ესკიზიც შეათანხმოს.
ბათუმის ცენტრალური პარკი
„ბათუმელები“ დღეს დილიდან ცდილობს გაარკვიოს რა შეთანხმება აქვს შენობის მეპატრონეს მერიასთან და რის გახსნას გეგმავს ის პარკში, შუშის შენობაში.
მერიაში პასუხი არ გაგვცეს.
შენობაში უკვე განთავსებული მოწყობილობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შესაძლოა შენობის ნაწილში ატრაქციონი განათავსონ.
ბათუმის ცენტრალური პარკი
„ბათუმელების“ ინფორმაციით, მიწის ნაკვეთის მოიჯარე, სადაც შუშის შენობა მოაწყვეს, შპს „სიმბიოზი-ჯგუფია“.
კომპანიამ საიჯარო ხელშეკრულება მერიასთან 2023 წლის 12 ივნისს, აუქციონში გამარჯვების შემდეგ გააფორმა.
ხელშეკრულების თანახმად, კომპანიის სარგებლობაში გადავიდა 221 კვ, მეტრი მიწის ფართობი ცენტრალურ პარკში განთავსებულ ატრაქციონებთან ახლოს. საიჯარო ფასი 45 530 ლარია. ხელშეკრულებას ერთწლიანი ვადა აქვს.
შპს „სიმბიოზი-ჯგუფი“ 2021 წელს არის დაფუძნებული და მისი მფლობელი თეიმურაზ მეტივიშვილია.
ჭვანა 328 კაცით დასახლებული სოფელია შუახევის მუნიციპალიტეტში, წლების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის აღწერის სტატისტიკას თუ დავაკვირდებით, სოფელში მცხოვრებთა რაოდენობა თანდათან მცირდება.
ნური ბეჟანიძე ჭვანაში ცხოვრობს. შვილები და შვილიშვილები თბილისსა და გურიაში დასახლდნენ. 94 წლისაა და 1937-38 წლების საბჭოთა რეპრესიებს მოესწრო. ამ დროს 8, 9 წლის ბიჭი იყო, მაგრამ ახსოვს, როგორი შიში იყო გამეფებული სოფელში, მამა როგორ არ უშვებდა სახლიდან, რამე არ წამოგცდესო, ახსოვს, როგორ იჭერდნენ სასულიერო პირებს – ხოჯებს ჭვანის ხეობაში.
1929 წელს დაბადებული ნური ბეჟანიძე წარსულზე მშვიდად ვერ საუბრობს. ოხრავს და ამბებს ასე ჰყვება, ხან აცრემლებულ თვალებს მალავს ხელებით: მე მაგარი ვიყავი და ბევრ რამეს გავუძელი, იმიტომ რომ მუშაობა შემეძლოო, ამბობს.
დარდობს, რომ 6 წელია ვეღარაფერს აკეთებს. 40 წელი მუშაობდა მხერხავად სოფელ ნაღვარევის ქარხანაში.
„ჩემი ახალგაზრდობა კომუნისტების მოსვლა იყო. ვირებივით გვამუშავებდნენ. 40 წელი ვიმუშავე სახერხზე, გეგმა ჰქონდა მთავრობას, შენ ვინ გკითხავდა, რომ მთავრობა არ მოგწონდა? კრებას ჩაატარებდნენ, გადაწყვეტდნენ საკითხს და უნდა გაკეთებულიყო საქმე“, – ამბობს ნური ბეჟანიძე.
ნური ბეჟანიძე, 94 წლის, სოფელ ჭვანის მკვიდრი
ამბობს, რომ ახსოვს ჭვანიდან წაყვანილი და დახვრეტილი „უბრალო ხალხის“ ამბები. როგორც თავად ამბობს. „უსწავლელი“ ხალხიც მიჰყავდათ და ხვრეტდნენ. უნახავდნენ რამე საეჭვოს ან „უშნოდ“ ილაპარაკებდნენ რამეს და მიჰყავდათო, ჰყვება:
„ჩემი მეზობლებიც დახვრიტეს, უსწავლელი ხალხი იყო, განათლებული ადამიანი იშვიათობა იყო მაშინ. უნახავდნენ ასეთ ადამიანს რამეს და წაიყვანდნენ, ჩემი მეზობლებიც ასე წაიყვანეს – ყველა ამაზე ჰყვებოდა ჩუმად, ხუსია იყო ტაკიძე, ახმედ ტაკიძე იყო კიდევ. ბიძაშვილები იყვნენ ესენი. წაიყვანეს და დახვრიტეს“, – იხსენებს ჭვანის 94 წლის მცხოვრები.
ვაგანკოვსკის სასაფლაოს 1926-1936 წლების დახვრეტილთა სიაში მართლაც იძებნება ჭვანაში მცხოვრები ხუსია ტაკიძე, რომელიც ამ დოკუმენტის მიხედვით 1880 წელს დაბადებულა.
ხუსია ტაკიძე 1929 წლის 12 დეკემბერს დაუკავებიათ ანტისაბჭოთა აგიტაციისა და კონტრრევოლუციურ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით. 1931 წლის 8 იანვარს გაუსამართლებიათ და გასამართლებიდან ერთ კვირაში, 14 იანვარს დაუხვრეტიათ.
სქრინი ვაგანკოვსკის სასაფლაოს 1926-1936 წლების დახვრეტილთა სიიდან
ამ რუსულ სიაში დახვრეტილთა უმრავლესობის სახელისა და გვარის გასწვრივ ფოტოცაა, მაგრამ ხუსია ტაკიძის ფოტო სიაში არ იძებნება.
„ღამე ჩამოდგებოდა მანქანა, დაიჭერდნენ ხალხს, შეყრიდნენ, სად მიჰყავდათ კაცმა არ იცის. მე საბჭოს შენობასთან ვცხოვრობდი მაშინ, პატარა ბიჭი ვიყავი. სიბნელეში, გამთენიისას მოდიოდა მანქანა, დილას შეავსებდნენ, წაიყვანდნენ…
ხოჯებიც ასე დააკავეს, ვერ ადიოდნენ მანქანაში და ჯარისკაცები წიხლს აყოლებდნენ, ამ სოფელში, ჭვანაში ხდებოდა ეს.
დაგასმენდა ვინმე და გიჭერდნენ, დასმენაში ფულს უხდიდნენ“, – ამბობს ნური ბეჟანიძე.
სოფელი ჭვანა/2023 წლის 2 ნოემბერი
მოგვიანებით, როცა წამოიზარდა, იხსენებს, რომ თავადაც აღმოჩნდა საფრთხეში რელიგიურობის გამო. ჭვანის საბჭოში მისი ნათესავი მუშაობდა, როცა ნური გამოიძახეს და დაკითხეს. არკვევდნენ, ვინ იცავდა რამაზანს სოფელში და ვინ – არა.
ნური ნათესავმა გადაარჩინა: ესენი კულტურული ხალხია, ძმა ექიმი ჰყავს, თბილისში ცხოვრობს, როგორ დაიცავენ მარხვასო, უთქვამს საბჭოს თანამშრომელ ნათესავს.
„სდევნიდნენ, რელიგიას სდევნიდნენ. კი არაფერში უშლიდათ ხელს რელიგია, მაგრამ ისე, უბრალოდ. გეგმა ჰქონდათ და ხალხის შეშინება, გატეხა უნდოდათ. ხმა რომ გავარდებოდა სოფელში, ვინმე დაიჭირესო მამაჩემი სახლიდან არ მიშვებდა, რამე არ წამოგცდეს და არ დამიჭირონო“, – ამბობს ჭვანის მკვიდრი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივზე დაყრდნობით ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) შეაგროვა 1937-38 წლებში აჭარაში დახვრეტილ პირთა მონაცემები. ამ სიის მიხედვით, აჭარაში დიდი ტერორის დროს 1050 ადამიანი დახვრიტეს.
„სოკარის“ ცნობით, 9 ნოემბერს, დილის 06:00 საათიდან „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ“ მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების გამო ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ოზურგეთის, ხელვაჩაურისა და ბათუმის მუნიციპალიტეტების მოსახლეობის დიდ ნაწილს, ასევე, ქალაქ ქობულეთის მოსახლეობას.
კომპანიის ცნობით, აბონენტებისთვის გაზმომარაგების მიწოდება დაიწყება 10 ნოემბრის შუადღის 13:00 საათიდან ეტაპობრივად და სრულად 11 ნოემბრის დღის ბოლომდე აღდგება.
კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი“ აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ „სოკარ ჯორჯია გაზის“ ცხელ ხაზზე: 16114.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, 2 თვეში, 4 სექტემბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის საქართველოში 1 839 სამართალდამრღვევი დაჯარიმდა.
ყველაზე მეტი – 803 დარღვევა თბილისში დაფიქსირდა, 407 დარღვევა დაფიქსირდა ქუთაისში, 358 – ბათუმში, 271 კი – რუსთავში.
დეპარტამენტის თანამშრომლები საქართველოს 4 დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მიმდინარე წლის 4 სექტემბრიდან ახორციელებენ მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლს.
1 839 საჯარიმო ქვითრიდან 1 544 ქვითარი ფიზიკური პირის სახელზე ფიქსირდება; 295 შემთხვევაში კი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს.
1009 საჯარიმო ქვითარი მსუბუქი ავტომობილების მძღოლების, ხოლო 830 – სატვირთო და მიკროავტობუსის ტიპის ავტომობილების მძღოლების მიმართ არის შედგენილი.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე – 300 ლარი, მესამე ჯერზე – 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარია.
ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.
ბათუმში, ჩაქვის დასახლებაში, მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრისა და იპოდრომის მოსაწყობად მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს მიერ ბოლოს გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. შესაბამისად, სამმართველომ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა.
სატენდერო თანხა, როგორც არშემდგარ, ასევე ხელახლა გამოცხადებულ ტენდერში ერთი და იგივეა – 32 948 540 ლარი. პირობის მიხედვით, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 წელში უნდა დასრულდეს.
ახალ ტენდერში წინადადებების მიღება კი, 2023 წლის 29 ნოემბერს დაიწყება და 4 დეკემბერს დასრულდება.
რაც შეეხება სატენდერო მოთხოვნებს, მერიის სამმართველოს სატენდერო კომისიის ოქმში აღნიშნულია, რომ გაითვალისწინეს „სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში არსებული ინფორმაცია, რომლის „ანალიზი ადასტურებს, რომ ბაზარზე ოპერირებს მიმწოდებელთა საკმარისი რაოდენობა, რომელთაც აქვთ შესაძლებლობა ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, დააკმაყოფილონ სატენდერო დოკუმენტაციით დაწესებული მოთხოვნები. კომისიამ განიხილა წარმოდგენილი პროექტი და მიიღო გადაწყვეტილება ტენდერის გამოცხადების შესახებ“.
განახლება: აღნიშნული ტენდერი სამმართველოს სატენდერო კომისიამ შეწყვიტა. ოქმში აღნიშნულია, რომ საპროექტო დოკუმენტაცია საჭიროებს დაზუსტებას.
მონაწილის მიმართ მაშინაც და ახლაც ძირითადი მოთხოვნა არ შეცვლილა:
სატენდერო პირობის მიხედვით, „ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2017 წლის 1-ელი იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე უნდა გააჩნდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის [შენობა-ნაგებობების მშენებლობა] სამუშაოების შესრულების გამოცდილება, ჯამურად არანაკლებ 40 მილიონი ლარის ღირებულებით;
მათ შორის ერთი ობიექტი/პროექტის ფარგლებში შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 15 მილიონი ლარის ოდენობით“.
ჩაქვში მიუსაფარი ძაღლების თავშესაფრისა და სარეკრეაციო სივრცის მოწყობა ქალაქის მერიამ 3 წლის წინ დააანონსა.
„გამოვდივარ ინიციატივით, რომ ცხოველთა ახალი თავშესაფარი ატარებდეს ყველაზე პოპულარული ჩვენი ოთხფეხა მეგობრის „კუპატას“ სახელს…“ – განაცხადა მაშინ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
2021 წელს კი, მერიამ კერძო კომპანიასთან 12 788 480 ლარზე ხელშეკრულებაც გააფორმა – დაპროექტებასა და მშენებლობაზე, თუმცა ეს ხელშეკრულება შეწყვიტა და ხელახალი ტენდერი უკვე მხოლოდ პროექტირებაზე გამოაცხადა.
მერიის სამმართველომ შერჩევა-შეფასების ეტაპზე პროექტირების ტენდერიც შეწყვიტა, რომელიც 700 ათასი ლარით იყო გამოცხადებული [ერთ-ერთი პრეტენდენტი მერიას პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებას 490 ათას ლარად სთავაზობდა].
ხელახალი ტენდერი კი, სამმართველომ ისევ 700 ათასი ლარით გამოაცხადა. საბოლოოდ ხელშეკრულება დეტალურ პროექტირებაზე შპს „აჭარკაპმშენთან“ მერიის სამმართველომ 587 ათას ლარზე გააფორმა.
მედიის ცნობით, პატიმრობაში მყოფმა ირანელმა უფლებადამცველმა, ნობელის პრემიის წლევანდელმა ლაურეატმა მშვიდობის დარში, ნარგეს მოჰამადიმშიმშილობა დაიწყო.
BBC-ისინფორმაციით, 51 წლის მოჰამადი მისთვის და სხვა ირანელი მოქალაქეებისთვის სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმასა და ჰიჯაბის ტარების სავალდებულო კანონს აპროტესტებს. მედიის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ნარგეს მოჰამადის გულისა და ფილტვების დაავადების გამო გადაუდებელი მკურნალობა სჭირდება, პროკურატურა მის საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს აცხადებს.
ირანული მხარის გადაწყვეტილებასა და ნარგესის შიმშილობას ეხმაურება ნორვეგიის ნობელის კომიტეტი. არაჰუმანური და მორალურად მიუღებელია მოთხოვნა, რომ ქალმა პატიმრებმა საავადმყოფოში გადასაყვანად აუცილებლად უნდა ატარონ ჰიჯაბი – ნათქვამია ნობელის კომიტეტის განცხადებაში.
ნობელის პრემია პატიმრობაში მყოფ ირანელ უფლებადამცველს ქალთა ჩაგვრის წინააღმდეგ გაწეული ღვაწლისა და ადამიანის უფლებების დაცვის მხარდაჭერისთვის 2023 წლის ოქტომბერში გადაეცა.
ნობელის კომიტეტის თანახმად, 2022 წლის სექტემბრის დემონსტრაციებზე გამოყენებული სლოგანი – ,,ქალი-სიცოცხლე-თავისუფლება“ ეხმიანება ნარგეს მოჰამადის ბრძოლას სისტემური დისკრიმინაციისა და ჩაგვრის წინააღმდეგ.
ნარგეს მოჰამადი ჰიჯაბთან და სხვა სამოსთან დაკავშირებული კანონის დარღვევის ბრალდებით ე.წ. მორალის პოლიციამ 2022 წლის სექტემბერში დააკავა.
ჯამში უფლებადამცველი ირანში 13-ჯერ დააკავეს და 5 საქმეზე მიუსაჯეს პატიმრობა, რაც 31-წლიანი თავისუფლების აღკვეთით კვალიფიცირდა. მას ასევე მიესაჯა 154 როზგი, თუმცა მედიისთვის დღემდე უცნობია, აღასრულეს თუ არა ეს სასჯელი.
ფოტოზე: ნარგეს მოჰამადი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/ABEDIN TAHERKENAREH. ფოტო გადაღებულია 2005 წელს, თეირანში.
არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) განცხადებით, დღეს, 7 ნოემბერს, მათ მოიგეს დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მთავრობისა და სოლიდარობის ფონდის წინააღმდეგ.
საქმე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისათვის უფასო სტომატოლოგიური მომსახურებას ეხებოდა.
ორგანიზაციის განცხადებით, ჯერ კიდევ 2021 წლის 9 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ „ყველა ქცევის დარღვევის ან კომუნიკაციის სირთულის მქონე შშმ პირი, ვისაც ესაჭიროება ზოგადი ანესთეზიით, ე.წ. ნარკოზით სტომატოლოგიური მომსახურების მიღება – უფასოდ ანუ სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღებდა ამ მომსახურებას“.
PHR-ის განცხადებით, ეს იყო პირველი საქმე საქართველოში, რომლის წარმოებაც სპეციალური მოსარჩელის სტატუსით წარიმართა.
„აღნიშნული საქმე იყო პრეცედენტული, რადგან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურებოდა.
დროებითი განჩინების აღსასრულებლად საქართველოს მთავრობასა და ჯანდაცვის სამინისტროს ერთ წელზე მეტი დრო დასჭირდა. აღნიშნული ვადა სასამართლომ არაგონივრულად მიიჩნია. ამ დროის განმავლობაში ბავშვს კბილი, რომელიც ჯანსაღი იყო და დაბჟენას საჭიროებდა, ამოსაღები გაუხდა. ამასთან დედას მოუწია ფინანსური ხარჯის სრულად დაფარვა.
დაახლოებით ერთწლიანი დავის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლომ (მოსამართლე: დავით წერეთელი), ჯანდაცვის სამინისტროს დაავალა მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება, ჯამში 7130 ლარის ოდენობით“, – წერს PHR-ი.
საქმეზე მუშაობდნენ ადვოკატები: თამარ კაპანაძე, სოფიკო მენაბდიშვილი, ანა არგანაშვილი.
თაუერ ჯგუფმა პროექტ „პანორამა“-ში კიდევ ერთი ინოვაცია დანერგა
„ხშირად ვამბობთ, რომ თაუერ ჯფუფის პანორამა ულტრა თანამედროვე, ინოვაციური პროექტია. სწორედ ამიტომ, ვცდილობთ, ყველა ასპექტში გავაუმჯობესოთ მომავალი მაცხოვრებლებისა და ვიზიტორების გამოცდილება, დავნერგოთ აპარტამენტში ცხოვრების ახალი სტანდარტები“ – აცხადებენ თაუერ ჯგუფის წარმომადგენლები.
პარკინგი თანამედროვე ქალაქების ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა, ტურისტულ ქალაქებში კი ეს პრობლემა კიდევ უფრო მწვავეა. ჩვენი სურვილია, რომ „პანორამა“-ს მაცხოვრებლებსა თუ ვიზიტორებისთვის ეს საკითხი არანაირ დაბრკოლებას არ წარმოადგენდეს.
ამ მიზნის შესასრულებლად საჭირო იყო ინოვაციური მიდგომის პოვნა, რაც, ვფიქრობთ, წარმატებით გამოგვივიდა – პროექტი „პანორამა“ Optilift-ის პარკირების სისტემით აღიჭურვება.
Optilift სისტემების საშუალებით, პანორამაში საპარკინგე სივრცის მოცულობა გაორმაგდა. იმავე სივრცეში, რომელიც ჩვეულებრივ იტევს ერთ მანქანას, ახლა შეგვიძლია შევქმნათ საპარკინგე ადგილი ორი ავტომობილისთვის. ეს რევოლუციური ტექნოლოგია აოპტიმიზირებს სივრცის გამოყენებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს შენობის მაცხოვრებლებისა და ვიზიტორების გამოცდილებას.
გარდა ამისა, საპარკინგე სივრცეში განთავსდება ელექტრო მანქანების დამტენი სადგურები, რაც, რა თქმა უნდა, შეესაბამება ჩვენს გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას და ხელს უწყობს მწვანე მომავლის შექმნას.
პროექტის მშენებლობა აქტიურად, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს – მთელი ამ დროის განმავლობაში, ყოველდღიურად ვფიქრობთ, თუ როგორ შეგვიძლია გავხადოთ „პანორამა“ კიდევ უფრო ინოვაციური, როგორ დავნერგოთ ახალი სტანდარტები.
პროექტზე დამატებითი ინფორმაციის მისღებად, გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://tg.ge/ge/
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 7 ნოემბრის 21 საათიდან 8 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 20 – 25 გრადუსი
ღამით: 10 – 15 გრადუსი
შიდამთიან რაიონებში:
დღისით: 15 – 20 გრადუსი
ღამით: 5 – 10 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა +20 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 10-11 ნოემბერს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩი მარკ კლეიტონი, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობას ეხმაურება.
„შოკირებული ვარ რუსეთის ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის გამო. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ახლობლებს. რუსეთმა უნდა დაასრულოს ქართულ მიწაზე არალეგალური ყოფნა და გაათავისუფლოს ყველა დაკავებული“ – წერს ელჩი X-ზე [ყოფილ ტვიტერზე].
შოკირებული ვარ რუსეთის ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის გამო. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ახლობლებს. რუსეთმა უნდა დაასრულოს ქართულ მიწაზე არალეგალური ყოფნა და გაათავისუფლოს ყველა დაკავებული. https://t.co/pjzgBkBVfU
დღეს, 7 ნოემბერს, საღამოს 7 საათზე, ბათუმში, ევროპის მოედანზე საპროტესტო აქცია გაიმართება.
„არა რუსეთს, დაისაჯონ მკვლელები“ – ამ მოთხოვნით მოქალაქეები რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას გააპროტესტებენ.
აქციაზე მისვლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, აქციაზე არ იქნება მიკროფონი და სიტყვით გამოსვლები. ორგანიზატორები მოქალაქეებს სთხოვენ აქციაზე მიიტანონ სანთლები და საქართველოს დროშები.
გუშინ, 6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ კირბალში, რუსმა სამხედროებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ხოლო კიდევ ერთი პირი, ლევან დოთიაშვილი გაიტაცეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობა მოხდა სოფელ კირბალთან ახლოს მდებარე ლომისის ეკლესიასთან. ეს ტაძარი ოკუპირებულ ტერიტორიებში ექცევა და რუსი ოკუპანტები ადგილობრივებს მასთან მიახლოებას უკრძალავენ.
მიმდინარე წლის ზაფხულში ოკუპანტებმა ტაძრის კარი აჭედეს, თუმცა შემდეგ ერთ-ერთმა ადგილობრივმა აჭედილი კარი ჩამოხსნა. მოკლული და გატაცებული, სავარაუდოდ, ეკლესიაში მოსალოცად მიდიოდნენ.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, „ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების, სახელმწიფო ბიუჯეტის ქონებრივი დაზიანებისა და ცრუ მეწარმეობის ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა სამი პირის მიმართ დაიწყო.“
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, წინასწარი შეთანხმებით, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათ მმართველობაში არსებული კომპანიების სახელით, გაწერეს 2 345 524 ლარის ღირებულების დღგ-ს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, თითქოსდა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულების თაობაზე, რა გზითაც შეიქმნეს 357 791 ლარის ოდენობის დღგ-ს ყალბი აქტივი, საიდანაც 164 375 ლარი გამოიყენეს მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებების შესამცირებლად, ხოლო დარჩენილი თანხა – 193 416 ლარი დაიბრუნეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.
უწყების ინფორმაციით, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები სახელმწიფო ბიუჯეტზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 180-ე, 185-ე და 193-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 7 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 306 860 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +890]
ტანკი – 5 293 ერთეული [+5]
ჯავშანტექნიკა – 9 974 ერთეული [+16]
საარტილერიო სისტემა – 7 410 ერთეული [+21]
MLRS – 869 ერთეული [2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 570ერთეული [0]
თვითმფრინავი – 322 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 557 ერთეული [+3]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 556 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 20 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 9 767 ერთეული [+23]
სპეცტექნიკა – 1 049 ერთეული [2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 7 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
527 თვითმფრინავი
254 ვერტმფრენი
8 702 უპილოტო საფრენი აპარატი
441 საზენიტო სარაკეტო სისტემა
13 244 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 182 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
7 001 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
15 064 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
„თქვენ რომ ნახოთ, როგორ ზრდიან იტალიელები თავიანთ შვილებს, იტყვით, რომ საქართველოში გაზრდილები არიან ესენიო. არცერთი ევროპელი მშობელი შვილს არ აძლევს მოწევის და თმის შეღებვის უფლებას სკოლის პერიოდში. არ აძლევენ ტელეფონს.
საქართველოში უფრო ბევრ ბავშვს უჭირავს ტელეფონი, ვიდრე აქ. აქ 14 წლის ზემოთ ყიდულობენ ბავშვებისთვის ტელეფონს და ისიც დროებით – სკოლაში არ ატანენ. მე სადაც მიმუშავია, იმ ოჯახების მაგალითზე ვამბობ.
სიმართლე, ჰუმანურობა, ადამიანების სიყვარული და პატივისცემა – აი, რა არის ევროპა ჩემთვის,“ – ასე ხსნის იტალიაში მყოფი ემიგრანტი, მაია მაჭარაშვილი მისთვის, როგორც ერთი მოქალაქისთვის, ევროპის მნიშვნელობას.
მაია რუსთავიდან 2015 წელს ჩავიდა იტალიაში. საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლის მთავარი მიზეზი, გაუარესებული ჯანმრთელობა იყო.
„ოპერაცია მჭირდებოდა და იმ ხელფასით, რაც საქართველოში მქონდა, ვერ გავიკეთებდი. ბანკის ვალი რომ ამეღო, ვერც მაგას გადავიხდიდიო,“ – ამბობს.
რუსთავიდან ნეაპოლში აღმოჩნდა – იტალიის სამხრეთში. პირველი სირთულეები მაიას შემთხვევაშიც ის იყო, რაც არაერთი ქართველი ემიგრანტის – არ იცოდა ენა და სჭირდებოდა სამსახური.
„პირველი შოკი რა იყო იცი? ბებიამ (ქალმა, რომელსაც ვუვლიდი) მითხრა დანა მომიტანეო. დანის ნაცვლად ნაგვის ასაღები მივუტანე. იმას თვალები გაუფართოვდა და მე ტირილი დავიწყე. დამაწყნარა – ნუ გეშინია, ყველაფერს ვისწავლითო,“ – იხსენებს მაია მაჭარაშვილი.
ის დღემდე ემადლიერება ოჯახს, სადაც პირველად დაიწყო მუშაობა. სწორედ მათ უჩვენეს გზა, თუ როგორ შეეძლო მოეგვარებინა ჯანმრთელობის პრობლემები, თან ემუშავა და ეცხოვრა იტალიაში.
მაია ახლა ბოლონიაში ცხოვრობს. ემიგრაციაში ყოფნის მერვე წელს ითვლის. ორი ოპერაცია უკვე გაიკეთა, მესამეს მოლოდინშია. ფიქრობს, რომ ოპერაციას გაიკეთებს, მერე „ორი-სამი წელი იმუშავებს“, ცოტა თანხას დააგროვებს და სამშობლოში დაბრუნდება.
ემიგრაციაში ყოფნაზე, ევროპაზე, ღირსეულ შრომის პირობებსა და საქართველოში დაბრუნების პერსპექტივაზე „ბათუმელები“ მაია მაჭარაშვილს ბოლონიაში ესაუბრა.
როგორი იყო ემიგრაციის პირველი წლები? რა სირთულეებთან მოგიწიათ გამკლავება? რას გაიხსენებთ, რა იყო ყველაზე ძნელი?
პირველი სირთულე ისაა, რომ მოდიხარ უცხო ქვეყანაში და გაოგნებული ხარ, ვერ ხვდები ვერაფერს.
სანამ მუშაობას დაიწყებ დასტრესილი ხარ – ვაიმე, სამუშაო რომ ვერ ვიშოვო, ვაიმე, მე იქ ვალი ავიღე და როგორ უნდა გადავიხადო. როცა მუშაობას იწყებ, მერე გხვდება ენის ბარიერი, რაც ძალიან განგრევს. მერე ამათ [იტალიელებს] სხვა კულტურა აქვთ, ჩვენ სხვა.
ყველაფერში დრო გჭირდება, რომ ეტაპობრივად ამათ დაეწიო და სანამ ამათ დაეწევი, განცდებში ხარ, ისტრესები. ეს განცდები განგრევს და ეს დანგრევა მიგყვება მერე. ვერ გამოდიხარ უცებ მდგომარეობიდან. ბევრჯერ გათენებულა დილა, მაღვიძარას დაურეკავს, გამიაზრებია – უნდა ავდგე, მოხუცი ავაყენო… მაგრამ ახელ თვალებს და ფიქრობ – სად ვარ… ნეტავ ოდესმე მეღირსება სახლში დაბრუნება?
თუმცა მერე თავს იმშვიდებ -„ეს არის ჩემი ცხოვრებისეული გამოცდა, მე ეს უნდა გადავლახო, მე ეს უნდა გავაკეთო და ყველაფერი კარგად იქნება“.
მე ჩემს თავზეც ბევრი ვიმუშავე. ბევრი ქართველი ქალი ვნახე – ჩამოვიდა და წავიდა, ვერ გაუძლო. არ ვამტყუნებ, რთულია. თუ სულიერად ძალიან ძლიერი არ ხარ, ძნელია. ბევრმა ქალმა ვერ გაუძლო ან ფსიქიკურად დაავადდა, ან რაღაცა საშინელება დაემართა. ბევრმა გაიჭირვა და გაუძლო.
ძნელია, ძნელი, მაგრამ მე კარგი ოჯახი შემხვდა. პირველი სამი თვე კი გამიჭირდა, მაგრამ რომ შემეჩვივნენ, კარგად ვგრძნობდი თავს. მონატრება კი გაქვს, მაგრამ როცა უცხო ხარ და ოჯახში, სადაც მუშაობ, გაფასებენ, ეს გეხმარება. ნელ-ნელა რაღაცებს ლახავ, აჯამებ და ხვდები, რომ იცი – არ ხარ მთლად დაკარგული და ვიღაცა შენზე ზრუნავს.
პირველი ერთი წელი თვითმფრინავი რომ გადაიფრენდა, ვტიროდი.
მერე და მერე გადამიარა. მერე ერთ დღეს ჩემს დას ვეუბნებოდი. თვითმფრინავი რომ გადაიფრენს, ვტირი, მაგრამ ამ ბოლო დროს რაღაცა ცრემლები მომაკლდა და ნეტა რა ხდება-მეთქი. ვიცინეთ. ასეა – ეჩვევი, ყველაფერს ეჩვევი.
როგორ ეჩვევიან დედები, როცა შვილები უკვდებათ? უფრო ძლიერდებიან, უფრო რაღაცას აკეთებენ… ასეა, ყველაფერს ეჩვევი.
ასე შემოვრჩი იტალიას რვა წელი. მაგრამ ბევრი დრო დავკარგე, რომელიც შეიძლებოდა ჩემს დასთან, დისშვილებთან გამეტარებინა.
მაგრამ იცით რა არის? როცა აქ ხარ, მუშაობ და შენს პრობლემას აგვარებ… ჯანმრთელობის ამბავი მოვიგვარე მეტ-ნაკლებად. დავეხმარე ოჯახს, დედას.
დედა მთელი ცხოვრება მუშაობდა, იყო ექთანი ბავშვთა პოლიკლინიკაში, მაგრამ მას აქვს ისეთი მიზერული პენსია, რომ წამლებზე არ ჰყოფნის, არამცთუ კომუნალურებზე.
არ ვწუწუნებ, არცერთ მთავრობას შეურაცხყოფას არ ვაყენებ, ასეთი ცხოვრება მოვიდა დღეს.
აქ იცი როგორი ცხოვრებაა? ცხოვრობ „ორარიოებით“ – დროის მონაკვეთებით. საათებით. იწყებ რვა საათიდან და საღამოს რვა საათამდე მუშაობ. გაქვს კი ორი საათი, შუალედი, დაისვენო. ეგ ხან ოჯახთან სალაპარაკოდაც არ კმარა.
მაგრამ საქართველოში ამაზე მეტს ვმუშაობდი და ძალიან მიზერული თანხა მქონდა. დისშვილებთან რომ წავსულიყავი და ერთნაირი საჩუქარი მიმეტანა, იმის ფულიც არ მქონდა. დღეს მიუხედავად იმისა, რომ მენატრებიან, უფრო კარგად ვგრძნობ თავს.
იმიტომ, რომ ის, რაც ჩვენ ჩვენმა მშობლებმა ბავშვობაში მოგვცეს, შემიძლია ეს დავუბრუნო ჩემს დისშვილებს.
ბევრმა მითხრა – შენ გათხოვილი არ ხარ, რატომ იჩაგრავ თავს?
მერე რა, რომ გათხოვილი არ ვარ? მყავს დისშვილები, ვისთვისაც მიხარია, რომ ვისუნთქო. მყავს დედა, რომელმაც მომცა ყველაფერი. მე მინდა მისთვის ყველაფერი გავაკეთო, იმიტომ, რომ დედას დღეს აქვს მიზერული პენსია.
მაია მაჭარაშვილი
ახლა, ამ გადასახედიდან ისევ რომ იღებდეთ გადაწყვეტილებას, როგორ მოიქცეოდით?
ისევ წამოვიდოდი. იმიტომ, რომ მე აქ რაც გავაკეთე ჩემი თავისთვის, ჩემი დედიკოსთვის, როგორც დავეხმარე, ჩემს თავს პირველ რიგში, ამას საქართველოში ვერ გავაკეთებდი. ისეთი ავადმყოფი გავხდებოდი, რომ შეიძლება ახლა ლოგინში ვიწვე. ახლა აქ ვმუშაობ და ვმკურნალობ კიდეც.
საქართველოში მხოლოდ ვმუშაობდი, ვერ ვმკურნალობდი. საქართველოში ვმუშაობდი ქალაქის გამწვანებაში, საუკეთესო სამსახური მქონდა. შემამცირეს და მითხრეს, არ გაგიშვებთ, რადგან კარგი თანამშრომელი ხარ, მაგ ხელფასზე ორ საქმეს თუ გააკეთებ, დაგტოვებთო. დავთანხმდი. მაგრამ გავიდა პერიოდი და ისიც შემიმცირეს.
წავედი სხვაგან სამუშაოდ. ყველანაირი სამუშაო ვცადე. არასდროს არ მითაკილია მუშაობა. რა მნიშვნელობა აქვს ბადანტე [მოხუცის მომვლელი] იტალიაში ვიქნები თუ საქართველოში? ვმუშაობდი მაღაზიაში – დილის 7 საათზე გავდიოდი სახლიდან და საღამოს 11-ზე შემოვდიოდი. სანამ მოვწესრიგდებოდი, სანამ დავიძინებდი, უკვე თენდებოდა და უნდა ავმდგარიყავი. ვმუშაობდი ბევრს, მაგრამ მქონდა მიზერული ხელფასი.
რომ გავაანალიზე ოპერაცია რა მიჯდებოდა, მეთქი შეუძლებელია. სახლ-კარის გარეშე დავრჩები, ამას ვერ გადავიხდი.
ამიტომ, ისევე ამას გავაკეთებდი.
მქონდა ცუდი დღეები იტალიაში, დასტრესილიც ვიყავი, მაგრამ კარგი დღეებიც მქონდა.
ერთმანეთს წონის.
მაია მაჭარაშვილი ფოტო: მარიამ ქველიაშვილი
როგორ წარმოგიდგენიათ დაბრუნება საქართველოში?
რომ გითხრა სიმართლე ამაზე ყოველდღე ვფიქრობ-მეთქი, არა. მე ჯერ კიდევ მაქვს საქმეები, რაც მინდა, რომ დავამთავრო. დაბრუნება? დაბრუნება მინდა. ალბათ ყველაზე ბევრი სამი წელი გავჩერდე და რაც არ უნდა ცუდი და გაჭირვებული სახელმწიფო იყოს, მაინც მინდა, რომ დავბრუნდე, რადგან ეს ჩემია. მე ასე გამზარდეს – შენი ცუდი გერჩივნოს, სხვის კარგსო.
ორი ოპერაცია გავიკეთე. ახლა მესამე უნდა გავიკეთო. ექიმმა დამარეგისტრირა თავად. რადგან ჩემი ოპერაცია არის უფასო და არაა გადაუდებელი, ცოტა დიდი დრო სჭირდება რიგში დგომას.
უდიდესი პატივისცემა ვნახე იტალიელი ექიმებისა და ექთნებისგან. არ მიგრძნია, რომ „სტრანიერი“ ვიყავი – უცხოელი, ჩამოსული… არ განასხვავებენ, არავისგან.
ოპერაციას რომ გავიკეთებ, ორი-სამი წელი დავრჩები, ორი კაპიკი თანხა რომ მქონდეს ხელში. მე რომ ჩავალ, პატარა გოგო აღარ ჩავალ. ვერსად მუშაობას ვერ დავიწყებ. როცა პატარა ვიყავი ასაკით, სამსახურიდან გამომიშვეს. რვა წელია აქ ვარ. ეს რვა წელი ხომ დავკარგე. ჯანმრთელობა, ის ახალგაზრდობა, არაფერი აღარაა. კიდევ რომ ვამბობ სამი-ოთხი წელი დავრჩები-მეთქი, დაბრუნებულს ვინ მამუშავებს იქ? ამიტომ მინდა ის ორი კაპიკი, რომ მე და ჩემს დედიკოს გვქონდეს ყველაფერი, რაც დაგვჭირდება.
იტალიაში როგორ ცხოვრობთ ახლა, რისი გაკეთება გიწევთ?
იტალიური ცხოვრება არ არის რთული და არც არის ადვილი. რთული არაა იმიტომ, რომ თუ გემრიელი დიასახლისი ხარ და შეგიძლია ადამიანების სიყვარული, ადვილია. მაგრამ იცი რატომ არის თან რთული? პასუხისმგებლობაა. როცა შენ ოჯახი განდობს თავის მშობლებს, გაბარებს სახლის გასაღებს, გაბარებს იმ ბარათს, რომელზეც თანხაა, შენ ვალდებულად თვლი თავს, დიდი პასუხისმგებლობაა. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.
არიან ბებიები, ეფერები, გადაყოლილი ხარ თან, მაგრამ არ გიფასებენ. სამაგიეროდ შვილები ხედავენ შენს ამაგს.
არიან ოჯახები, შვილები ვერ ხედავენ, შენ რას აკეთებ მათი მშობლებისთვის და ბებიები ხედავენ. არიან ოჯახები, სადაც ყველა ხედავს და აფასებს შენ საქმეს.
აი, იქ ხარ ძალიან ბედნიერი. იქ ხარ ძალიან ლაღი. მაგრამ ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, როცა შენ გაბარებენ მშობელს, არ გიმალავენ სახლში არაფერს და გაძლევენ სრულ თავისუფლებას.
კი, მენატრება საქართველო, მაგრამ აქ ვგრძნობ, რომ რაღაც მნიშვნელოვანს ვაკეთებ, მინიმალურს, მაგრამ მაინც ამაყი ვარ და ბედნიერი.
პიროვნულად რამდენად რთულია საზღვარგარეთ ცხოვრება და მუშაობა? ბევრი ემიგრანტისგან მომისმენია, რომ აქ მუშაობას „დაკარგულ დროდ“ თვლიან. თქვენ რას ფიქრობთ?
დროს იცი როგორ კარგავ? კარგავ იმიტომ, რომ შენებთან ურთიერთობა არ გაქვს, ოჯახის წევრებთან. მხოლოდ ტელეფონზე ლაპარაკით შემოიფარგლები.
დროის დაკარგვაა, როცა კარგავ მეგობრებს, იმიტომ, რომ შენი მეგობრები იქ არიან და შენ აქ ხარ. დროის დაკარგვაა ის, რომ ნათესავები, ოჯახის წევრები ლხინის სუფრებს აკეთებენ და შენ არ ხარ იქ. არის უბედურებაც და ვერც იმას ვერ იზიარებ. ჩემ აქ ყოფნაში ორი ახალგაზრდა ბიძაშვილი დავკარგე. ძალიან მტკივნეული იყო.
და შენ იქ არ ხარ, რომ მიხვიდე და იმ ტკივილს შეეხო. აი, ეს არის დაკარგული დრო, თორემ სხვა… როცა საქმეს აკეთებ და ოჯახს ეხმარები, შენ თავს ეხმარები, ვერ ვიტყვი დაკარგულია.
ის, რაც მე აქ გავაკეთე, მე ამას დაკარგულად არ ვთვლი.
წლებია იტალიაში ხართ. ამ პერიოდში რა შეიცვალა თქვენთვის საქართველოში? თუ ეცნობით საქართველოს ამბებს და როგორ ჩანს აქედან იქაური ცხოვრება?
საქართველოში შეცვლით არაფერი შეცვლილა. ვერ ვიტყვი, რომ წამოვედი სხვა მთავრობის დროს და ახლანდელი მთავრობა კარგია, არა. 2015 წელს წამოვედი. არაფერი შეცვლილა. ჩემ დროს რა ფასებიც იყო, იმაზე უარესი ფასებია დღეს.
შეცვლით არაფერი არ შეცვლილა. წინ ვერ მივდივართ, თუ უკან არა. რასაც აქედან ვხედავ ინტერნეტში, ვხედავ, რომ ცუდი სიტუაციაა საქართველოში.
ხანდახან იცი, რას ვფიქრობ? ნეტავ მართლა იმ დავით აღმაშენებლის შთამომავალი ვართ? იქნებ ისტორია შეგვილამაზეს, რომ ჩვენ კარგად გავზრდილიყავით. დღეს იმდენ ღალატს, იმდენ ცინიზმს, იმდენ ტყუილს ვხედავ, რომ ბევრჯერ დავფიქრებულვარ. ნეტავ ჩვენ მართლა დავითის შთამომავლები ვართ?
კომუნისტების დრო იყო, როცა რელიგია იკრძალებოდა, ეკლესიაში უფრო მეტი მრევლი დადიოდა რწმენით. დღეს ეკლესიაში ხალხი დადის და მერე რა?
ინტერნეტიდან ვუყურებ ჩემ ქალაქს. რუსთავიდან ვარ – ძალიან გალამაზებულია.
მაგრამ მე სილამაზე მიხარია თუ მაქვს ამ სილამაზის შეგრძნების ფინანსური მხარე. კი, ფული ყველა პრობლემას არ ჭრის, მაგრამ საჭიროა.
ვთქვათ მყავს შვილი, რუსთავი კი გახდა ლამაზი ატრაქციონებით სავსე ქალაქი. თუკი მე ჩემ შვილს იქ ვერ წავიყვან, ჩემთვის ეგ სილამაზე არაფერი არ არის.
რომ გთხოვოთ რაიმეს შეადაროთ, ან აღწეროთ თქვენი აქაური შრომა და ცხოვრება, რას შეადარებდით, როგორ აღწერდით?
რას უნდა შევადარო? იტალიური ცხოვრება არის რთული, არის ადვილი. იტალიური ცხოვრება ნეტა ჩვენ ქართველ ახალგაზრდებსაც ჰქონდეთ. იმიტომ, რომ ესენი მუშაობენ და იმის საშუალებაც აქვთ, რომ გავიდნენ და დაისვენონ. ამათი შრომა ფასობს.
განა ესენი არ მუშაობენ, მაგრამ საღამოს იმის საშუალება აქვთ, რომ კაფე-ბარში წავიდნენ, გარეთ ჭამონ. ამათ აქვთ ფული. ჩვენთან ახალგაზრდებს? არაფერი…
იტალიური ცხოვრება შემიძლია ჩემ ბავშვობას შევადარო. მე ვიყავი ერთი უბრალო ოჯახის შვილი. მამა იყო ავტობუსის მძღოლი, დედა ექთანი. მაგრამ მათი შემოსავალი იყო იმხელა, რომ ჩვენ, შვილებს შეგვეძლო აგვერჩია, სად დაგვესვენა ზაფხულის სამ თვიან არდადეგებზე. არაფერი არ გვაკლდა.
აი, იმ დროს, ჩემი ბავშვობის დროს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი გვიბრახუნებდა თავში, შევადარებ დღევანდელ იტალიურ ცხოვრებას.
ნეტა დავეწევით ოდესმე? არ ვიცი.
იმიტომ, რომ აქ ბავშვები ისეთივე ბედნიერები არიან, როგორც ჩვენ ვიყავით. არაფერი არ გვაკლდა. ცუდია, ძალიან ცუდი, რაც ახლა საქართველოში ხდება.
მაია მაჭარაშვილი ფოტო: მარიამ ქველიაშვილი
როცა საქართველოდან მოდიოდით, რა გეგმები, იმედები გქონდათ? რამდენ ხანში წარმოგედგინათ უკან დაბრუნება?
ჩემი გეგმა იყო – იტალიაში ჩამოსვლის მერე მომეგროვებინა ფული, გამეკეთებინა ოპერაცია და დავბრუნებულიყავი საქართველოში. ისე ვიყავი მიჩვეული იმ პატარა ხელფასს, ამაზეც თანახმა ვიყავი. ჩამოვედი ორი-სამი წლის დარჩენის გეგმით და აგერ რვა წელი გავიდა.
თუმცა ამ რვა წელში ორ წელიწად-ნახევარი ჩემ ოპერაციებსა და რეაბილიტაციაში გავიდა. ესეც იმიტომ გამეწელა, რომ კოვიდი დამემთხვა. გეგმებიც დამემატა. აქედან რომ დავბრუნდები, მინდა ვიცხოვრო სოფელში. ამიტომ იმ კომფორტს ვიქმნი სოფელში, რაც მჭირდება იქ მუდმივად საცხოვრებლად.
სახელმწიფოს პასუხისმგებლობას სად და როგორ ხედავთ? რა უნდა გააკეთოს საქართველოს მთავრობამ ემიგრანტებისთვის?
საელჩოები ამუშაოს კარგად. რამდენჯერ მინახავს, რომ დებენ პოსტებს – რომში, საქართველოს საელჩოს ნომერი მითხარით. ან წერენ „ვრეკავთ, არ გვპასუხობენ, ვეძებთ არ გვპასუხობენ“. ჩვენ ხომ ვართ წამოსულები და ვმუშაობთ.
არ შეიძლება საელჩოს პრობლემა მაინც მოგვიგვაროთ ქართველებს, ვინც აქ ფიზიკურად ვშრომობთ? კარგი, მე თუ ოჯახისთვის ვშრომობ, ფულს რომ ვაგზავნი საქართველოში, ქვეყანაც ხომ სარგებლობს ამით?
როცა რაღაცა პრობლემა გვაქვს, ვიღაცა ცუდადაა, თუნდაც ვიღაცას ავიწროებენ, რომ ვრეკავთ საელჩოში და არავინ არ გვპასუხობს. ასე მალ-მალე ამ ნომრების შეცვლა რაში სჭირდებათ. აი, ეს პრობლემა მაინც მოუგვარონ ქართველებს. მე აქ ადვოკატი მყავს აყვანილი, რადგან არ მაქვს საელჩოს იმედი.
ძალიან კარგი ხალხი იტალიელები, მაგრამ რამე რომ გამიჭირდეს ადვოკატი მჭირდება. რატომ უნდა მჭირდებოდეს ადვოკატი, როცა საელჩოა? მაგრამ რამე რომ გამიჭირდეს, ვერ მიაგნებ საელჩოს. ვერ დაუკავშირდები. თუ მიხვალ და სულ შესვენებაზე არიან, სულ რაღაცა პრობლემა აქვთ.
ეს მჭირდება მთავრობისგან. მე ხომ არ ვეუბნები, ჩამოდი მომიკითხე-მეთქი. აქ რომ ქართველი ვინმე ცუდად გახდება, იცი როგორი დახმარება იციან ქართველებმა? მაგრამ საელჩოც მჭირდება.
ემიგრაცია თავისუფალი არჩევანია თუ გამოუვალი მოცემულობა ოჯახის ეკონომიკურად მხარდასაჭერად?
ჩემ შემთხვევაში ჩემი არჩევანი იყო, მაგრამ ბევრი ნაცნობი მყავს აქ, რომლებიც ეკონომიური პრობლემების გამო წამოვიდნენ. ვისაც შვილები ჰყავთ, იმათ უფრო ბევრი პრობლემა აქვთ.
თავად იტალიელებიც მრავლად არიან ემიგრაციაში – ამერიკაში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში. აქაური ხელფასი ხშირად ამათაც არ ჰყოფნით. მაგრამ ამათ მთავრობა ეხმარება, როცა რჩებიან უმუშევრები. მიზერულ თანხას უხდიან მაინც და არ ჰყოფნით.
საქართველოში ჩემთვის ის თანხა რომ გადაეხადათ, რაც აქ გადამიხადეს, უმუშევარი რომ დავრჩი, არ წამოვიდოდი იტალიაში. ან თუ ოპერაციის გაკეთების საშუალება მექნებოდა, რატომ წამოვიდოდი იტალიაში?
აქ წამოსული ქალები მართლა კარგავენ დროს, რადგან შვილის გაზრდის პერიოდს ტოვებენ. ისე იზრდებიან შვილები, ისე ქორწინდებიან, შვილიშვილების გაცნობის საშუალებაც არ აქვთ ზოგჯერ. ხვდები რამხელა რაღაცაა?
ეს ქალები მედარდებიან. იმიტომ, რომ ისინი შვილებისთვის გადმოიხვეწენ და ისე დააოჯახეს ეს შვილები, თვითონ იქ არ არიან.
აქ, პრატოში [ქალაქია იტალიაში] ერთი ქალი გავიცანი, 65 წლის. „შვილო, ალბათ გაგიკვირდება რატომ წამოვედი ამ ასაკშიო. რძალს ჰქონდა გადაწყვეტილი წამოსვლა, მაგრამ არ გამოვუშვიო.
ვუთხარი – „თქვენ ცოლ-ქმარს ახლა გინდათ ერთად ყოფნა, ამიტომ მე წავალო“. წამოვიდა იმიტომ, რომ სეტყვამ დაუსეტყვა მოსავალი, ვალი ჰქონდა ბანკიდან აღებული, ის რომ არ დაეფარა, სახლს დაკარგავდა.
65 წლის ქალმა ჩაალაგა ჩემოდანი და ჩამოვიდა იტალიაში სამუშაოდ. ვისი ბრალია ახლა ეს? ჩემი თუ შენი?
აი, ეს ხალხი უფრო კარგავს დროს, ვინც შვილებისთვის თავგადადებულია.
ევროპაში ცხოვრობთ. მინდა გკითხოთ, რას ნიშნავს ევროპა თქვენთვის?
ჩემთვის, პირადად, ევროპა არის ცივილიზაცია. მე ბევრჯერ მინახავს ინტერნეტში დადებული პოსტები – ევროპა არის სიბინძურე და ა.შ.
ნურას უკაცრავად!
მე სადაც მიმუშავია ოჯახებში, თქვენ რომ ნახოთ ისინი, როგორ ზრდიან თავიანთ შვილებს, იტყვით, რომ საქართველოში გაზრდილები არიან ესენიო. არცერთი ევროპელი მშობელი შვილს არ აძლევს მოწევის და თმის შეღებვის უფლებას სკოლის პერიოდში. არ აძლევენ ტელეფონს. ს
საქართველოში უფრო ბევრ ბავშვს უჭირავს ტელეფონი, ვიდრე აქ. აქ 14 წლის ზემოთ ყიდულობენ ბავშვებისთვის ტელეფონს და ისიც დროებით – სკოლაში არ ატანენ. მე სადაც მიმუშავია, იმ ოჯახების მაგალითზე ვამბობ.
ევროპას ნუ მივაკრავთ ცუდ მარკას. ერთ მაგალითს გეტყვით – ახლა რომ იტალიაში ახალი მთავრობა მოვიდა, ჯორჯია მელონი არის ულტრა-მემარჯვენე. არ უყვარს უცხოელები. რომ გაიმარჯვა არჩევნებში პირველი რომის პაპმა მისწერა წერილი: „მე შენ გილოცავ არჩევნებში გამარჯვებას, მაგრამ არასდროს დაგავიწყდეს, რომ იტალია არის ჰუმანური ქვეყანა და ჩვენ ყველას უნდა დავეხმაროთ. არასდროს არ მისცე შენს თავს უფლება, განასხვაო იტალიელი უცხოელისგანო“.
აი, ამას რომ მოისმენ, ეს ევროპა არ არის?
ცუდიც უნდა დაინახო და კარგიც. და იმ კარგს რომ დაინახავ, ისიც უნდა თქვა. თუკი ცუდს უკეთებ აფიშირებას, რატომ კარგს არ უკეთებ? მე რამდენი კარგი გამიკეთა ევროპამ, როგორ უნდა ვთქვა ცუდია?
რვა წელია აქ ვარ, მაგრამ იტალიური კარგად არ ვიცი. ბანკსა და ფოსტაში როცა შევდივარ, ვუხსნი, რომ უცხოელი ვარ. სანამ წერტილ-მძიმემდე არ გამაგებინებენ რა, სად და როგორ, არავინ გამოგიშვებს. კანონს არ დაარღვევს და შენ არ მოგატყუებს. აი, ეს არის ევროპა.
სიმართლე, ჰუმანურობა, ადამიანების სიყვარული და პატივისცემა – აი, რა არის ევროპა ჩემთვის.
რა არის ევროპაში ისეთი, რაც გსურთ ნახოთ საქართველოში?
სამუშაო ადგილები. როცა სამუშაო ადგილები იქნება, როცა ყველა იმუშავებს და ხელფასი ექნება, ყველაფერს შექმნი.
ინტერნეტში ვნახე – „სამუშაო ადგილების მეტი რა არის, კადრებს ვერ ვპოულობთო“. მე რომ შენთან მოვალ, თუნდაც დამლაგებლად, მამუშავებ დილის რვა საათიდან საღამოს 8 საათამდე და გადამიხდი ხუთ ლარს, მე ხომ ცოდო ვარ?
როცა სამუშაო იქნება და ადეკვატური ანაზღაურება, ყველაფერი იქნება. დამლაგებელსაც რომ აიყვან, იმასაც შესაბამისი ხელფასი უნდა გადაუხადო.
რამდენად ღირებულია თქვენი შრომა იტალიისთვის, როგორც სახელმწიფოსთვის? რატომ არის მნიშვნელოვანი ის საქმე, რასაც აკეთებთ?
როცა მუშაობ კონტრაქტით, ღირებულია. მუშაობამ ისინი ხელფასს მიხდიან, მე რაღაცა ნაწილს მთავრობას ვუხდი. მეორე იმიტომაც არის ღირებული, რომ აქ იზრდება შვილი, ქორწინდება, მიდის. შვილები როცა დასაქმებულები არიან და მშობლები მარტო რჩებიან, სჭირდებათ სანდო ადამიანი, ვინც მათ ყურადღებას მიაქცევს. ამიტომ შენ, ვინც მათ მშობლებს უვლი, მნიშვნელოვანი პიროვნება ხარ.
მთავარია შენ არ გაიფუჭო საქმე და ბოლომდე მნიშვნელოვან პიროვნებად დარჩე. თუ კარგად მოექცევი, ისინიც კარგად მოგექცევიან.
„მასწავლებლობა არ არის რთული, არ შეგეშინდეთ – რკინის ბოძივით მყარად იყავით“ – გვეუბნება 98 წლის ესმა ბერიძე ქედიდან, სოფელ ზესოფლიდან, რომელიც 37 წელი ასწავლიდა სკოლასა და ბაღში.
ესმა ბერიძეს 5 შვილი, 9 შვილიშვილი, 8 შვილთაშვილი და 4 შვილთაშვილის შვილი ჰყავს.
მასწავლებელს დღემდე კარგად ახსოვს სკოლაში ჩატარებული პირველი გაკვეთილი და შთაბეჭდილებები.
„მოსწავლეებს არასდროს ვარჩევდი ერთმანეთისგან. ყველა ერთნაირად მიყვარდა და ყველასთან ერთნაირი დამოკიდებულება მქონდა.
დაუშვებელია მასწავლებელმა მოსწავლეები ერთმანეთისგან გაარჩიოს. მასწავლებელმა ყველას ერთნაირად უნდა მიუდგეს“, – გვითხრა ესმამ, რომელმაც ბოლო გაკვეთილი პენსიაში გასვლამდე ჩაატარა.
სკოლის მასწავლებლობამდე ესმა 12 წელი ასწავლიდა ბაღში. ფიქრობს, რომ ბავშვის სკოლამდელი აღზრდა აუცილებელია და ამიტომ, მნიშვნელოვანია ყველა ბავშვს ჰქონდეს ბაღში სიარულის შესაძლებლობა.
ესმა ბერიძემ დაწყებითი კლასის მასწავლებლად მუშაობა 69 წლის წინ, სოფელ ძენწმანის სკოლაში დაიწყო. შემდეგ 20 წელი ასწავლიდა ზესოფლის საჯარო სკოლაში, ბოლო წლებში კი – მეძიბნის, აგარის, გობრონისა და ძენწმანის სკოლებში.
„წიგნების კითხვა ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის. წიგნის კითხვას მალევე თუ მიეჩვევა მოსწავლე, სწავლაც არ გაუჭირდება. მასწავლებლის მიდგომაზეა დამოკიდებული მოსწავლის სწავლით დაინტერესება და მისი აკადემიური მოსწრება. მოსწავლის აღზრდაში დიდი როლი აქვს მასწავლებელს.
ჩემს მოსწავლეებს ძალიან ვუყვარდი. მეც მიყვარდა და ვამაყობდი ჩემი მოსწავლეებით.
მახსოვს, პირველი გაკვეთილი რომ ჩავატარე. ჩემი აზრით, კარგად და განსხვავებულად ვასწავლიდი მოსწავლეებს, სხვა სკოლებთან შედარებით“.
ესმა ბერიძე
მასწავლებელი ჩვენთან საუბრისას სწუხს, რომ ახლა ადრე ადგომას ვეღარ ახერხებს და იხსენებს მასწავლებლობის წლებს, როცა მისი დღე გამთენიისას იწყებოდა. ესმა ძირითადად ფეხით დადიოდა მეზობელი სოფლის სკოლებში, იქამდე კი სახლის საქმეები უნდა მოესწრო. გვიყვება, რომ იშვიათი შემთხვევა იყო გზად მანქანა შეხვედროდა. ზამთარში ესმას იმ სოფელში უწევდა დარჩენა, სადაც ასწავლიდა, რადგან დიდთოვლობის გამო ხშირად იკეტებოდა საავტომობილო თუ საფეხმავლო გზა.
„ჩემს მოსწავლეებს ყოველთვის ლმობიერად ვექცეოდი, მაშინაც, როცა მაბრაზებდნენ. მასწავლებელმა უნდა იცოდეს მიდგომა ბავშვებთან, რა გაახარებს მოსწავლეებს და ა.შ.
მოსწავლეებთან ურთიერთობა არასდროს გამჭირვებია. ყოველთვის კარგი და ბეჯითი მოსწავლეები მხვდებოდნენ. მგონი, ძალიან იღბლიანი ვარ.
ახალგაზრდა მასწავლებლებს ვურჩევ, რომ მეთოდური მიდგომა გამოიყენონ სკოლაში, ხშირად ათამაშონ მოსწავლეები“, – გვეუბნება მასწავლებელი, რომელმაც მისი მოსწავლეების ყველა წარმატების შესახებ იცის და ძალიან ამაყობს.
მასწავლებელს ხშირად სტუმრობენ მოსწავლეები და ერთად იხსენებენ სკოლის პერიოდს.
„სიბერე ძალიან რთულია. ყველაფერი აკლდება ადამიანს: სმენა, ჭამის მადა და ა.შ. სიბერის ყოველთვის მეშინოდა, მაგრამ რას ვიზამ“, – გვითხრა ესმამ.
ესმა მასწავლებელი გვეუბნება, რომ როცა თავს კარგად გრძნობს, ძირითად დროს კითხვას უთმობს.
______________
მთავარ ფოტოზე: ესმა ბერიძე. ფოტო: ქედის მუნიციპალიტეტის მერია
„საიდანაც მეტ შემოსავალს მიიღებენ, იმის მხარეს იჭერენ. ახლა ისე არიან, რომ რუსეთისკენ არიან მიწოლილი… ინტერნეტში ვნახე ქალი, „ზაბორს“ რომ შლიდა, ჩემს ეზოში რატომ უნდა შემოღობოსო… ბოლო ვარიანტი მაგია, რუსი შემოღობავს ჭოროხს აქეთ,“ – ხელს იქნევს უიმედობის ნიშნად თამაზ ბერიძე. მას შუახევში, სოფელ ხაბელაშვილებში შევხვდით.
მაღალმთიან სოფელში მცხოვრები ადამიანების აზრით, საქართველო ევროპას სცილდება და ხელისუფლება ხალხის მოტყუებას ცდილობს. ხაბელაშვილებიც იცლება ხალხისგან. მოსახლეობას ამ თემაზეც ვესაუბრეთ: რატომ იცლება სოფელი?
იმის საჩვენებლად, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროპული წესები არ აწყობს, თამაზ ბერიძე საკუთარი ბაღისკენ მიგვითითებს, ამ მიწას 2019 წლიდან არ მირეგისტრირებენო:
„მომივიდა პასუხი, არ ფორმდება და 2024 წელს იქნებაო, ანუ არჩევნები მოდის… ხელის აპარატით ვწამლავ თხილის ბაღს, აპარატს ვერ მივიღებ, რადგან მამა-პაპისეული მიწა გაფორმებული არ მაქვს,“ – ამბობს თამაზ ბერიძე და ღობესთან ახლოს ჩერდება, სხვა ამბებიც რომ მოგვიყვეს.
თამაზ ბერიძე
„ახალგაზრდებისგან დაიცალა სოფელი, მარტო მოხუცები ვრჩებით,“ – წუწუნებს თამაზი და ანგარიშობს, რამდენ სახლიდან ამოვა ამ ზამთარს კვამლი.
„33 ოჯახიღა ვართ დარჩენილები, ზაფხულობით 40-მდე ავდივართ,“ – ასკვნის მალევე და მერე მიზეზებს გვაცნობს, რის გამოც სოფელი იცლება:
„ერთი ხეხილის საწარმო მაინც გაეხსნათ შუახევი, ხულოს და ქედის მოსახლეობისთვის. ხეხილი გვაქვს ტონობით და გვილპება. 20 კაპიკად რომ ჩაიბარებდეს ვინმე, აქედან ვინმე არ წავა.
თხილის მოსავალს წელს არა უშავდა, 4 ლარში ჩავაბარე, გასულ წელს ორ ლარ-ნახევარი გადამიხადეს მარტო. მამაჩემს ბაზარში ჩაჰქონდა ხილი და იქ ჰყიდდა 2 – 3 ტონას, ახლა შესყიდულია ბაზარი, თუ ჩაიტან რამეს, გამოგართმევენ იაფად და თვითონ ძვირად ყიდიან.
სახელმწიფომ უნდა შექმნას პერსპექტივა, რომ გლეხია თუ ახალგაზრდა, ჯიბის ფული ჰქონდეს: უფულო არც ევროპაში უნდათ და არც სადმე სხვაგან,“ – გვითხრა თამაზ ბერიძემ.
„ხელისუფლების რომელიმე კაცი მოიყვანეთ აქ, თუ გაჩერდეს. ყველაფერი მოდის მოსავალი, მარა მაგაზე გაჩერდება? – არ გაჩერდება,“ – სახლის წინ ყოვნდება ასმათ ბერიძე და შვილებზე გვიყვება: ერთი ბიჭი სამუშაოდ რუსეთში წასულა და იქ დაღუპულა. ასმათი დარდობს, მეორე შვილიც მიდის სოფლიდანო.
ასმათ ბერიძე
„სოციალურად დაუცველი ადამიანები რომ დაასაქმეს, სხვებმა რა ქნას?“ – სოცდაუცველების წინასაარჩევნოდ დასაქმებას ირიბად აკრიტიკებს ასმათ ბერიძე და კონკრეტულ ციფრს ასახელებს: პატარა სოფელში, სადაც ასმათ ბერიძე ცხოვრობს, გზას და სოფლის სხვა საჯარო სივრცეებს 6 კაცი ალაგებს.
„ჩემი შვილი უფულობის გამო ემიგრაციაში წავიდა და მომიკვდა,“ – განაგრძობს თხრობას ასმათ ბერიძე, – „რუსეთში ნახა სამსახური, მაგრამ ავარიაში მოყვა და ძლივს მომიყვანეს სახლამდე. მეორეც მიდის ქალაქში, აქ გამჩერებელი არ არის.
ერთ მანქანა შეშას რომ მოიტან და თავზე დაგადგებიან, ამ სოფელში რით უნდა გავთბეთ, აბა? ბილეთი ჰქონდა, მაგრამ არ იყო ჩაჭრილი ისე, როგორც საჭიროა. სასამართლოები ჩაატარეს ამაზე.
ერთადერთი გზას წმენდენ, როცა დიდი თოვლი მოდის. თოვლი აქ რამხელა მოდის, იცი?!“ – გვეუბნება ასმათ ბერიძე და სახლის მეორე სართულის აივნისკენ გვითითებს, იქამდე ამოვიდა შარშან თოვლიო.
ხაბელაშვილებში მცხოვრებ ქალს მიმდინარე პოლიტიკურ თემებზეც ვეკითხებით, მაგალითად, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე:
„ერთი ქალი პრეზიდენტი გვყავს და თავი დაანებონ, იყოს იქ ლამაზად,“ – კითხვას არ გვასრულებინებს ასმათი. მას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებას ვახსენებთ, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევს.
„მაგათ რომ ჰკითხო, ყველა ყველაფერს არღვევს, ქალია და მე მხარს ვუჭერ,“ – კატეგორიულია ასმათ ბერიძე, პაუზის შემდეგ კი განაგრძობს:
„სკამებისთვის ჩხუბობენ, სკამებისთვის, აბა, რისთვის? პარლამენტის წევრი რომ სიტყვა „ბანძს“ იტყვის, იმ წუთში უნდა გამოაგდო იქიდან, ტელევიზორში რატომ უნდა ჩანდე ჩხუბით, თუ საქართველო გედარდება?“ – ასმათ ბერიძეს სურს, ეს შეკითხვა მივიდეს პარლამენტარებამდე.
„ერთმანეთს რომ ურტყამენ და აგინებენ, რაღა კანონი უნდა გამოიტანონ?“ – პოლიტიკოსების აღარც ასმათ ბერიძის ქმარს, ნოდარს სჯერა, საქონელს აბალახებს და ჩვენს დიალოგს უერთდება.
ნოდარ ბერიძე აჭარის მაღალმთიანეთის დეპუტატის, ანზორ ბოლქვაძის პასიურობაზე აკეთებს აქცენტს:
„დაინახეთ სადმე? ზის ბოლოში, მე არ დამინახავს, რომ ლაპარაკობდეს. გარეთ, რესტორნებში თუ ლაპარაკობს, არ ვიცი… ყველა პარლამენტარს თავისი ბიზნესი აქვს და უფრთხილდება. არჩევნები როცა მთავრდება, მერე ვეღარ ნახავ, წელიწადში ერთხელ მაინც ხომ უნდა გამოიაროს?“ – კითხულობს ნოდარ ბერიძე.
ნოდარ ბერიძე
„კაი საქმეს ეს მთავრობა აკეთებს, სოფელსაც უყურებენ, ბევრსაც აშავებს, მაგრამ ბევრს აკეთებს,“ – ეს ნარიმან ბერიძემ გვითხრა, რომელიც სოციალურად დაუცველია და სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაასაქმეს – ის სოფლის გზას ალაგებს.
ნარიმანი ცდილობს, „ოცნების“ მიმართ მადლიერება გვაჩვენოს, თუმცა კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემის დროს კრიტიკისგანაც არ იკავებს თავს. მასთან გასაუბრება აჩვენებს, რა შეიძლება იყოს სოფლებში სოცდაუცველების მასობრივად დასაქმების რეალური მიზანი, როცა დასაქმება ზოგიერთ შემთხვევაში მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს და პროგრამა 2024 წლის არჩევნებიდან რამდენიმე თვეში შეწყდება.
„ჩემი ვალდებულებაა, რომ გზაზე სისუფთავე იყოს, არხების ამოწმენდა, მოსაცდელების დალაგება, 5-6 ვართ დასაქმებული გზაზე, დანაწილებული გვაქვს საქმე: ერთი მარტო ცენტრს ალაგებს, ერთი ხაბელაშვილების ხიდს…“ – გვითხრა ნარიმან ბერიძემ. მას ვკითხეთ, ვინ აკეთებდა იგივე საქმეს, ვიდრე სოფლის გზაზე 6 კაცს დაასაქმებდნენ.
„დაულაგებელი არც მანამდე არ რჩებოდა სოფელი, მეეზოვე ალაგებდა, ხან ხალხი ვიკრიბებოდით, მაგალითად, ამოწმენდაზე,“ – ეღიმება ნარიმან ბერიძეს.
თქვენი აზრით, რამდენად სწორია, როცა დასაქმების ეს სახელმწიფო პროგრამა 2024 წლის არჩევნებიდან რამდენიმე თვეში შეწყდება? – ვეკითხებით დასაქმებულს.
„არჩევნების მერე არ უნდა წყდებოდეს, ეს სამართლიანი არაა… მაშინ სხვა სამსახური უნდა შემოგვთავაზონ. მერე ალბათ გამდიდრდებიანო, ფიქრობენ, რა ვიცი, სხვა ადგილზე დაგვასაქმონ მაშინ, იქამდე თუ მივაღწიე, იქითაც გავქაჩავ,“ – უკმაყოფილებას გამოხატავს ნარიმან ბერიძე.
ნარიმან ბერიძე
„ბათუმელები“ სოცდაუცველებს ქედის, შუახევის და ხულოს სხვა სოფლებშიც ესაუბრა, რამდენიმე სოფელში დასაქმებულმა დასაქმებულმა სოცდაუცველებმა გვითხრეს, რომ ისინი „ოცნების“ მხარდამჭერები არიან, ან წინა არჩევნებზე „ოცნების“ კოორდინატორებად მუშაობდნენ.
ნარიმან ბერიძემ კი გვითხრა, რომ გახარიას პარტიის მხარდამჭერია და წინა არჩევნებზე ამ პარტიის წევრი იყო უბნის საარჩევნო კომისიაში.
„მევალებოდა, რომ დარღვევები რაც იქნებოდა, იმას დავკვირვებულიყავი. დარღვევები იყო ცოტ-ცოტა,“ – ამ თემაზე საუბრის გაგრძელება მან აღარ ისურვა.
ამავე სოფელში კიდევ სამი სოცდაუცველი სკოლაში დაუსაქმებიათ: ორი სკოლის დალაგებაზე, ერთი – ბიბლიოთეკაში.
„მე კლასებს ვალაგებ, ჩემი ქმარი – სკოლის ეზოს,“ – გვითხრა ვენერა ბოლქვაძემ, რომელსაც მის ბოსტანში გავესაუბრეთ მას შემდეგ, რაც სკოლაში დასაქმებული სოცდაუცველები სამუშაო სათებში ადგილზე არ დაგვხდნენ.
ვენერა ბოლქვაძე
„არაფერი არ გვქონდა შემოსავალი და დაგვასაქმეს. სკოლის რწმუნებულმა შესთავაზა ჩემს მეუღლეს დაგასაქმებთო და მერე სკოლის დირექტორი დაგველაპარაკა.
მე ორი საათი მყოფნის სულ: მივდივარ, ჩემს სამ ოთახს დავალაგებ და ერთი დარბაზი მიწევს. სკოლაში სულ 32 მოსწავლეა. სკოლაში ჩემამდე მუშაობდა და ახლაც მუშაობს დამლაგებელი. დანარჩენ კლასებს ის ალაგებს,“ – ამბობს ვენერა ბოლქვაძე.
სხვა სოფლებში დასაქმებული სოცდაუცველების მსგავსად, ამ სოფელშიც დასაქმებულებმა „ბათუმელებთან“ აღნიშნეს, რომ ხელშეკრულება არ შეუნახავთ და რაც მთავარია: დასაქმების შესახებ შეთავაზება და შეთანხმებაც მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელთან შედგა და არა სოციალური დაცვის სააგენტოში. სოცდაუცველებთან გასაუბრება სოფელ ხაბელაშვილებშიც აჩვენებს, რომ საქმდება ყველა სოცდაუცველი, ვისაც აქვს ეს სტატუსი და მათ სამუშაოს კოორდინაციას სოფლის რწმუნებული უწევს.
სოფლის ცენტრში, პატარა მაღაზიასთან ვჩერდებით
„ბავშვები, ხომ იცით, ჯგუფ-ჯგუფად მოდიან, შეიძლება, ორს ჰქონდეს ფული, სამს – არა. შეხედავ, მიხვდები, დაჩაგრულია. ყოველდღიურად არის ეს სიტუაცია,“ – გვიყვება მიხეილ ბერიძე, რომელიც თან მაღაზიაში შესულ ბავშვს ტკბილეულს უწონის. მიხეილ ბერიძე ღიმილით გვიდასტურებს, რომ დახლზე ნისიების რვეული უდევს და როცა ფურცვლას იწყებს, წუხილით დასძენს, ზოგიერთი ისეთია, წელიწადი გადის და ვალს ვერ იხდის, რას იზამ, სოფელი სოფელიაო.
მიხეილ ბერიძე
მაღაზიის შესასვლელთან, წითელ მაგიდაზე დომინოს თამაშობენ. „ოცნებას“ ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავს“ – ხმამაღლა მოგვმართავს ერთ-ერთი და თამაშს განაგრძობს. „პოლიტიკა არ გვინდა“, – ისმის შეძახილი მაღაზიის სხვა კუთხიდან. აშკარაა, პოლიტიკაზე აქ ხშირად საუბრობენ.
რამ შეგიქმნათ ეს შთაბეჭდილება, რომ რუსეთისკენ მიდის „ოცნება“? – ვეკითხები რეპლიკის ავტორს.
„ვუყურებთ, რომ რუსეთისკენ მიდის, ბრმა ხომ არ ვართ, ვუყურებთ ხომ?!“ – ღიმილით აპროტესტებს შეკითხვას მიხეილ ბერიძე, მაღაზიის მესაკუთრე.
მაღაზია
„ჩემი გადასახედით ისე ვიცი, რომ ვალდებულება გააჩნიათ რუსებთან. ერთეულს შეიძლება უნდოდეს ევროპა, მაგრამ ზემოდან ისეთი კანონები მოდის, რასაც კრემლში ლაპარაკობენ, ისე იმეორებენ საქართველოში. როგორც მოქმედებენ რუსეთში, ისე მოქმედებენ აქაც“, – მაღაზიის გარეთ განვაგრძობთ უკვე საუბარს მიხეილ ბერიძესთან. მაღაზიის შიგნით უკვე ხმაურია: „ოცნების“ მხარდამჭერი პოზიცია არ ისმის, თუმცა ადამიანები კამათობენ: რამდენად შესაძლებელია ცვლილებები?
„რუსული პროპაგანდა როგორც მუშაობს ძალით, ისეა, ჩაგრავენ დანარჩენებს და ძალით აკეთებენ, რასაც უნდათ. ძალადობა ხომ რუსულია?“ – კითხვას სვამს მიხეილ ბერიძე და შეშის დაპობას განაგრძობს მაღაზიის შესასვლელთან.
მერე მიხეილს ლაზარე გრიგორიადისი ახსენდება, „რომელი გადამტრიალებელი და რევოლუციის მომწყობი ის იყოო“, ბრაზობს:
„ეს შიშის პროპაგანდაა, შიშის დათესვა უნდათ… ასეა, ზოგი შეშინდა, ზოგს მოსწყინდა ერთი და იგივე, ხედავენ, რომ სამართალი არ არის, ახალგაზრდები საზღვარგარეთ გარბიან, რუსები – შემოდიან“ – ასრულებს მიხეილ ბერიძე.
„თურქეთში გადავდივარ და ჩაის ვკრეფ სეზონურად, დღეში 100-150 ლარი გამოდის ჩვენს ფულზე, მაგრამ ძალიან რთული სამუშაო, დიდი მაკრატელი უნდა იქნიო მთელი დღე და მძიმე ტომარა ათრიო,“ – ომარ ბერიძეც სოფელ ხაბელაშვილებში ცხოვრობს და გვიყვება, რომ თავის გატანა ხან სეზონური შრომით უწევს, როცა თურქეთში გადადის, ხან ბათუმში, მშენებლობაზე დასაქმებით.
ომარ ბერიძე და სხვებიც გვიყვებიან, რომ ვინც სოფელს ტოვებს, სამუშაოდ ძირითადად ბათუმში მიდის. ბოლო დროს სოფლიდან სამუშაოდ მიდიან პოლონეთსა და გერმანიაშიც.
„ხელისუფლება ხალხს ატყუებს, ევროპისკენ მივალთო, სინამდვილეში კი, რუსეთისკენ მიჰყავს,“ – დომინოს თამაშს განაგრძობს ომარ ბერიძე, – „მესამე პრეზიდენტი რუსეთის ტყვეა და ციხეში ჰყავთ, უკრაიანასაც არ უჭერენ მხარს. ხედავს „ოცნება“, რომ სიმართლეს ეუბნებიან, თავს ესხმის ქალებს და ჟურნალისტებს“.
„ომარ, რა ქენი, წააგე, ბიჯო?“ – პოლიტიკური დისკუსიის დასრულებას ცდილობს დომინოს ერთი მოთამაშე.
„წავაგე, წავაგე,“ – თამაშის დასრულებას ამჩნევს ომარ ბერიძეც.
ომარ ბერიძე
სოფელ ხაბელაშვილებში შეგვხვდნენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც. მაგალითად, ტარიელ ბოლქვაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში სასამართლო დამოუკიდებელია და ევროპარლამენტარები „ჩვენი ხელმძღვანელები არ არიან,“ მათი კრიტიკა საქართველოს ხელისუფლებამ რომ გაითვალისწინოს.
„ევროპარლამენტარები ჩვენი ხელმძღვანელები არ არიან, საქართველოს მოსახლეობას რაც უნდა, ისე უნდა ვიმოქმედოთ, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი და ჩვენ თვითონ უნდა გადავწყვიტოთ, ევროპაც ჩვენი ძმა იქნება…“, – გვითხრა ტარიელ ბოლქვაძემ.
მას შევახსენეთ, რომ ევროკავშირი საქართველოსგან კონკრეტული პირობების შესრულებას მოითხოვს იმისთვის, რომ ჩვენ ევროპას დავუახლოვდეთ, მაგალითად, სასამართლო უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური გავლენისგან.
„ვინ ამბობს, რომ არაა სასამართლო დამოუკიდებელი?“ – კითხულობს მოქალაქე და ამატებს: „არ ვიცი, ვის რა არ მოსწონს, ზოგს სახლში რომ პურის ფქვილი შეუტანო, ისიც არ მოსწონს“.
ტარიელ ბოლქვაძე
„უბედურ დღეში ვართ, ფაროსანამ ისეთ დღეში ჩაგვაგდო“, – ეს გურამ ამაღლობელმა გვითხრა, როცა სოფელი ხაბელაშვილები დავტოვეთ და ჭვანაში ჩამოვიარეთ. იგი სოფლის კიდევ ერთ პრობლემაზე გვესაუბრა. გურამ ამაღლობლის მტკიცებით, ხელისუფლება ფაროსანას ეფექტურად არ ებრძვის.
„გასულ წელს მოვიდა მანქანა, ვუთხარი, აქ შეწამლეთ, აქაა ბევრი ფაროსანა-მეთქი და ასე ვერ დაგიწამლი, ჩვენ ჩვენი წერტილები გვაქვსო. მერე მოვიდა მანქანა და აკაციებს ასხამდა. აქ ნუ ასხამთ-მეთქი, ვეუბნები და არაო. წელს მოსავალი ფაქტობრივად გაანადგურა ფაროსანამ, ლობიოს, პომიდორს, ყველაფერს დაარტყა, უფრო მეტია ფაროსანა ახლა, ვიდრე წინა წლებში იყო,“ – ამბობს გურამ ამაღლობელი.
გურამ ამაღლობელი
გურამ ამაღლობელს აქვს გზავნილი პარლამენტარებისთვისაც:
„აქ რომ მოდიან, ანგელოზები არიან, ჩადიან და იქ რას აკეთებენ? არ ვიცი, აქ როგორ უნდა მოვიდნენ, მე მაგათ არ გავუტარებ,“ – განსაკუთრებით ქალ დეპუტატებზე თავდასხმას გაუბრაზებია მოქალაქე. გურამ ამაღლობლის აზრით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ინტერესებს ატარებს.
„მტერი მტერია ყოველთვის, ამერიკასთან და ევროპასთან ჯობია კავშირი, გვეპატრონებიან, ახლა სად ვართ, აზრზე არ ვარ, ივანიშვილი რუსია და მაგისაა მთავრობა და პარლამენტიც,“ – ამბობს გურამ ამაღლობელი.
„ევროპა არის წესრიგი, წესრიგი არ სურს „ოცნებას,“ ასე გამოდის,“ – ხელისუფლების განცხადებები ამ შთაბეჭდილებას უქმნის იოსებ ამაღლობელს.
უწესრიგობის ხელშეწყობის მაგალითად მოქალაქემ მედიკამენტების ფასი მოგვიყვანა: დაპირების მიუხედავად, რატომ უწევს პენსიონერს თურქეთში გადასვლა, წამლები იაფად რომ შეიძინოს?!
იოსებ ამაღლობელი
„მე მგონი, არ უნდათ ევროპა, სხვა რა ჩანს, აბა?
რუსეთმა დაიმორჩილა საქართველო უკვე, 80 % პურიც რუსეთიდან შემოდის… თუ რუსეთი კარგია, რატომ მათი შვილები არ სწავლობენ რუსეთში? თუ ევროპა კარგი არ არის, რატომ უშვებენ თავიანთ შვილებს ევროპაში?“ – ამ შეკითხვებს გვაბარებს ხელისუფლებასთან იოსებ ამაღლობელი.
„სითი ინსტიტუტი საქართველომ“ ბათუმის სივრცის დაგეგმარებისა და გენერალური გეგმის კონცეფციაზე მუშაობა დაასრულა. კომპანია ბათუმის მერიის დაკვეთით ქალაქის განაშენიანების გენერალურ გეგმას ამზადებს. შესყიდვის ბიუჯეტი 2 მილიონი ლარია.
კომპანიის განმარტებით კონცეფციას 4 ძირითადი კონცეპტუალური მიმართულება აქვს: თანაბრად განვითარებული, მულტიფუნქციური, მწვანე და უსაფრთხო ქალაქი.
ქალაქის განაშენიანების გენერალურ გეგმაზე მუშაობის პარალელურად ბათუმში სამშენებლო ბუმი ისევ აქტიურ ფაზაშია. გარდა ამისა, თითქმის ყოველ სხდომაზე ბათუმის საკრებულო მინიმუმ 4 განაშენიანების გეგმას ან პროექტის კონცეფციას ამტკიცებს.
ბათუმის ბიუჯეტის სამი კვარტლის ანგარიშის მიხედვით 9 თვეში ბიუჯეტში მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის სახით 881 200 ლარი შევიდა, ხოლო კ2 კოეფიციენტის მოსაკრებლის სახით ბიუჯეტში 232 400 ლარი აისახა, რაც ჯამში მილიონზე მეტია.
წლის ბოლოსთვის შესაძლოა ეს თანხა გაიზარდოს.
2022 წელს, 10 თვეში, მშენებლობის ნებართვისა და ზონალური შეთანხმების მოსაკრებლის სახით ბათუმის მერიამ, ჯამში, მილიონზე მეტი ლარი ამოიღო. უშუალოდ მშენებლობის მოსაკრებლის სახით ბიუჯეტში 1 მილიონ 048 500 ლარი შევიდა, ხოლო სპეციალური ზონალური შეთანხმების გაცემისთვის მოსაკრებლის სახით – 101 400 ლარი.
სპეციალური ზონალური მოსაკრებელი შენობაზე კ2 კოეფიციენტის, ანუ სიმაღლის გადასახადს გულისხმობს, რაც კ1-ის, ანუ იმ ადგილის ფართობის მიხედვით განისაზღვრება, სადაც შენობა უნდა აშენდეს.
2023 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით მშენებლობის მოსაკრებლის საპროგნოზო მაჩვენებელი 700 000 ლარი იყო, ხოლო სპეციალური ზონალური მოსაკრებლის საპროგნოზო მაჩვენებელი პროექტში არ ფიქსირდებოდა.
მშენებლობის მოსაკრებელი ბიუჯეტის ანგარიშში სხვა შემოსავლების ნაწილშია ასახული, სხვა შემოსავლების 2023 წლის 9 თვის საპროგნოზო მოცულობა კი 52 მილიონ 511 100 ლარით იყო განსაზღვრული.
ბიუჯეტის სამი კვარტლის ანგარიშის მიხედვით ფაქტობრივმა შესრულებამ შეადგინა 70 მილიონ 858 300 ლარი, რაც გეგმის 134.9 პროცენტია. აქ არის ასახული სანქციების, ჯარიმებისა და საურავების სახით მობილიზებული თანხაც – 9 თვეში 8 მილიონ 798 600 ლარია, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 155.7%-ია.
სხვა შემოსავლების წილი ადგილობრივი ბიუჯეტის მთლიან შემოსულობებში 29.5%-ს შეადგენს.
ორსულობის დროს არითმიებმა შეიძლება სერიოზულად შეგვაშინოს/შეგვაშფოთოს როგორც დედის, ისე ნაყოფის ჯანმრთელობის გამო. ორსულობის დროს განვითარებული არარეგულარული გულისცემა საკმაოდ ხშირი მოვლენაა.
როგორც „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ არითმოლოგი, გიორგი ცხომელიძე განმარტავს, ეს მოვლენა ჩვეულებრივ საზიანო არ არის, მაგრამ ორსული მცირედი ჩივილებითაც კი, აუცილებლად უნდა გადამისამართდეს სპეციალისტთან, რადგან ამ მხრივ გარკვეული რისკები ნამდვილად არსებობს. მისი პრევენცია კი აბსოლუტურად შესაძლებელია, ნორმალური მენეჯმენტის შემთხვევაში“, – ამბობს ის.
ბატონო გიორგი, რა ხდება ორსულობის დროს არითმიების განვითარების მიზეზი?
ზოგადად, ორსულობა ქალის ორგანიზმისთვის გარკვეული სტრესია. შესაბამისად, ზოგად პოპულაციასთან შედარებით, უფრო ხშირია ექსტრასისტოლური არითმიის გამოვლინება ორსულებში.
ეს არითმიები ძირითადად უსაფრთხოა და არ გვაძლევს შიშის საფუძველს. ასეთ დროს ხშირად გვეკითხებიან – ფიზიოლოგიურად ვამშობიაროთ, თუ ჯობია საკეისრო კვეთა გავუკეთოთ პაციენტს? მაგრამ, როგორც წესი, უმეტეს შემთხვევაში ექსტრასისტოლები ამ მიმართულებას [მშობიარობის მეთოდი] საერთოდ არ გვიცვლიან და ორსულობის მართვაც უნდა გაგრძელდეს ჩვეულებრივად.
ცხადია, უმჯობესია ეს ყველაფერი არითმოლოგთან შეთანხმებით მოხდეს.
არის შემთხვევები, როცა არითმიების აღმოჩენა/პირველადად დიაგნოსტირება ხდება გარკვეულ სტრესულ სიტუაციებში. ორსულობა ასეთი სტრესული სიტუაციაა [ორგანიზმისთვის].
მაგალითად, ორსულობის საწყის ეტაპზე, როცა ორსულს ტოქსიკოზი აქვს, ან ორსულობის ბოლო ტრიმესტრში, როცა მუცელი/ნაყოფი უკვე დიდი ზომისაა და აწვება გულმკერდის ღრუში არსებულ ორგანოებს, ასეთ შემთხვევებში ვლინდება ხოლმე არითმიები, როგორც ექსტრასისტოლები, ისე სხვადასხვა ტიპის ტაქიკარდიები.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს არითმიები ძირითადად არის უსაფრთხო, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ გარკვეულ საფრთხეებთან ასოცირდებოდეს.
Cleveland Clinic წერს, რომ გულის პალპიტაცია ამ დროს გამოწვეულია ორგანიზმში სისხლის მომატებით და ორსულობის დროს ჰორმონალური ცვლილებებით. კერძოდ, ორსულობის დროს ორგანიზმში სისხლის რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება. თქვენი გული უფრო ძლიერად მუშაობს იმისთვის, რომ ეს ზედმეტი სისხლი ეფექტურად გადაიტანოს მთელ სხეულსა და ნაყოფში და ამ გაძლიერებულმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გულის პალპიტაცია.
„პალპიტაციის თავიდან ასაცილებლად, იყავით ჰიდრატირებული და მოერიდეთ კოფეინს“ – წერს Cleveland Clinic-ი.
როგორია ექსტრასისტოლური არითმია?
ექსტრასისტოლური არითმია საკმაოდ გავრცელებულია ორსულებში. ექსტრასისტოლები არის გულის ქაოსური შეკუმშვა, რაც ხშირ შემთხვევაში პაციენტებს, განსაკუთრებით კი ორსულებს, გარკვეულ დისკომფორტს უქმნის.
ექსტრასისტოლური არითმიის ძირითადი გამოვლინება ნებისმიერ ადამიანში შეიძლება იყოს შეგრძნება, რომ თითქოს გული წამიერად გაჩერდა, ან ცოტა ძლიერი დარტყმა ვიგრძენით გულმკერდის არეში, ან პულსის გასინჯვისას იგრძნობა, რომ რიტმი არეულია – გვხვდება გამოტოვება ან უფრო ნაადრევი პულსაცია.
რა რისკებს შეიძლება უკავშირდებოდეს ორსულობის დროს არითმია?
ორსული პაციენტები მცირე არითმიითაც, მცირე ჩივილებითაც კი, უნდა გადამისამართდნენ კარდიოლოგთან ან არითმოლოგთან – გარკვეული საფრთხეები, რისკები არსებობს ამ დროს და მისი პრევენციაც სრულიად შესაძლებელია ნორმალური მენეჯმენტით.
ორსულები ძირითადად ახალგაზრდები არიან, ასაკობრივი ცვლილებები არ აქვთ გულზე და შედარებით ჯანმრთელი სტრუქტურის გული აქვთ, ამ ასაკში სიცოცხლისთვის საშიში არითმიების გავრცელება არის გაცილებით ნაკლები.
არსებობს პათოლოგიები, რომლებიც უშუალოდ ორსულობით არის განპირობებული, კერძოდ, ორსულთა კარდიომიოპათიებით [გულის კუნთის დაავადება], რომლებიც საკმაოდ მძიმე დაავადებებია.
საქმე ის არის, რომ ორსულობის პერიოდში ხდება სხვადასხვა, საკმაოდ რთული არითმიების გააქტიურება, ამიტომ ჩემი რეკომენდაცია იქნება, ორსულობის საწყის პერიოდზე, როდესაც შეიტყობთ, რომ ორსულად ხართ, მინიმუმ ელექტროკარდიოგრამა გადაიღოთ, გადაიღოთ ექოკარდიოგრაფია და შესაბამის სპეციალისტთან გაიაროთ კონსულტაცია, რომ ვიცოდეთ, როგორი გულით, როგორი კონდიციით ვხვდებით ორსულობას.
შემდგომ, უკვე პრობლემის აღმოჩენის დროს, ეს ძალიან ინფორმატიულია და ხშირად სიცოცხლის გადამრჩენ როლსაც ასრულებს პაციენტის მართვაში.
გულის წინასწარი შემოწმება საჭიროა იმისთვის, რომ პრობლემა იქამდე აღმოვაჩინოთ, სანამ თავს გამოავლენს ორსულობის პერიოდში, რათა დროულად განვსაზღვროთ მოსალოდნელი საფრთხეები.
რა სახის მკურნალობა შეიძლება დაინიშნოს ამ დროს?
თუ აღმოჩნდა, რომ საქმე გვაქვს ისეთ არითმიასთან, რომელიც გარკვეულ ხიფათს უქმნის როგორც დედის, ისე ნაყოფის ჯანმრთელობას, ასეთ შემთხვევაში ჩვენ განვიხილავთ მედიკამენტურ მკურნალობას.
მედიკამენტური მკურნალობის დანიშვნამდე უნდა შეფასდეს რისკები, მათ შორის როგორი გვერდითი ეფექტები შეიძლება ჰქონდეს იმ მედიკამენტს, რომლის დანიშვნასაც ვაპირებთ, დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობაზე (რადგან თითქმის ყველა არითმიულ მედიკამენტს გარკვეული ეფექტები აქვს ნაყოფზე და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ თავიდან ავარიდოთ ნაყოფს მოსალოდნელი საფრთხეები, რაც შესაძლოა მედიკამენტმა გამოიწვიოს).
რაც შეეხება პროცედურულ მკურნალობას – იშვიათია იმიტომ, რომ ჩვენი პროცედურები ყოველთვის რენტგენის დასხივების ქვეშ კეთდება და როგორც ვიცით, ეს არ არის რეკომენდებული ნაყოფისთვის.
_________________
Cleveland Clinic: ორსულობის დროს გულის პალპიტაცია თუ იშვიათია და არ არის გამოწვეული გულის დაავადებით ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემებით, არ საჭიროებს მკურნალობას. ამ დროს შესაძლოა ორსულს მიეცეს დიეტასთან და ცხოვრების ჯანსაღ წესთან დაკავშირებული რეკომენდაციები, მათ შორის:
საკმარისი წყლის დალევა: ორსულობის დროს, დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობისთვის, აუცილებელია ჰიდრატაციის შენარჩუნება;
კოფეინის, შაქრისა და ცხიმების შეზღუდვა: ყავამ და შოკოლადმა შეიძლება გააუარესოს გულის პალპიტაცია. შეზღუდეთ რაციონში დიდი რაოდენობით ცხიმის ან/და ნატრიუმის (მარილის) შემცველობის საკვები;
სტრესითა და შფოთვით გამოწვეული გულის პალპაციების მოსახსნელად სცადეთ რელაქსაციის ტექნიკები, მათ შორის, სუნთქვითი ვარჯიშები. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ მედიტაცია.
მომავალი, საარჩევნო წლის ბიუჯეტის წარდგენამდე ხუთი დღით ადრე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დააანონსა, რომ 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 700 მილიონ ლარს გადააჭარბებდა: „მალე მილიარდსაც მივუახლოვდებით“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
კანონით განსაზღვრულ ვადაში, პირველ ნოემბერს, აჭარის მთავრობამ აჭარის უმაღლეს საბჭოს რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი ვარიანტი წარუდგინა განსახილველად.
უმაღლესი საბჭო ბიუჯეტს განიხილავს და შენიშვნებით დაუბრუნებს მთავრობას. უმაღლესი საბჭო მეორე ვარიანტს დაამტკიცებს.
წარდგენილი პროექტის მიხედვით, მომავალი წლის ბიუჯეტი 700 მილიონი ლარი იქნება. იზრდება თითქმის ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციის დაფინანსება, მათ შორის თანხები გაზრდილია შრომის ანაზღაურების გრაფაშიც.
პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, 2024 წლის ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 634 100 ლარია, მათ შორის 541 100 ლარი შემოსავლებია.
უსკოს დაფინანსება სამმაგდება
აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] დაფინანსება მომავალ წელს გასამმაგდება და 4 მილიონ 097 100 ლარი იქნება. გასულ, არასაარჩევნო წელს, დაფინანსება 1 მილიონ 606 000 ლარი იყო. გაზრდილი თანხის ძირითადი ნაწილი შრომის ანაზღაურებაზე მოდის. მიმდინარე წელს ხელფასების გრაფაში 928 500 ლარი იყო მითითებული, მომავალი წლის ბიუჯეტში ეს თანხა 3 მილიონამდე გაიზარდა.
მილიონ-ნახევარზე მეტი საარჩევნო სისტემების გაუმჯობესებას, 2 მილიონ-ნახევარზე მეტი კი არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფას უნდა მოხმარდეს.
საარჩევნო წელს უსკოში და მასზე დაქვემდებარებულ საოლქო კომისიებში გაორმაგებულ ხელფასებს იღებენ, ეს კანონის მოთხოვნაა.
მთავრობისა და დაქვემდებარებული უწყებების დაფინანსება – იზრდება ხელფასები?
მომავალი წლის ბიუჯეტში განათლების სფეროს დაფინანსება 15 მილიონით იზრდება. მიმდინარე წელს სამინისტროს ბიუჯეტი 117 მილიონი იყო, მომავალ წელს კი 132 მილიონი იქნება.
შრომის ანაზღაურების ნაწილში დაფიქსირებულ თანხას 3 მილიონი ემატება. მიმდინარე წელს აჭარის განათლების სამინისტროს შრომის ანაზღაურების ნაწილში 27 მილიონ-ნახევარი იყო გათვალისწინებული, მომავალ წელს 30 მილიონ 400 ათასი იქნება.
4 მილიონი ლარით იზრდება აჭარაში მოქმედი სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების დაფინანსება.
მცირე თანხები დაუმატეს რესურსცენტრებს. მაგალითად, ბათუმის რესურსცენტრის დაფინანსება მიმდინარე წელს 240 000 იყო , მომავალ წელს კი 257 000 ლარი იქნება.
საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის ბიუჯეტი 4 მილიონით გაზარდეს.
მკვეთრად იზრდება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსებაც. მიმდინარე წელს უნივერსიტეტის ბიუჯეტი 2 მილიონ 119 000 იყო, მომავალ წელს 6 მილიონ 365 000 ლარი იქნება. აქედან მილიონი არაფინანსური აქტივების ნაწილშია მითითებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს თანხა მშენებლობისთვის არის გათვალისწინებული.
ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი [ბსუ] ლეონიძის ქუჩაზე, სადაც საუნივერსიტეტო კლინიკის აშენებას გეგმავდა, სამედიცინო მიმართულებისსასწავლო კორპუსს ააშენებს.
40 000 ლარი დააკლეს საზღვაო აკადემიის დაფინანსებას.
400 ათასი ლარით იზრდება და მომავალ წელს 814 000 ლარი იქნება საპანსიონო მომსახურების მქონე და გაძლიერებული ფიზიკა-მათემატიკის სწავლების ხელშეწყობა. 400 000 ლარით იზრდება სახელოვნებო განათლების ხელშეწყობის დაფინანსებაც.
პროექტის მიხედვით, უშუალოდ სახელოვნებო სკოლებს მცირე მეტ-ნაკლებობით დაახლოებით 200/200 ათასი ლარი ემატებათ მომავალი წლის დაფინანსების სახით.
ხუთი მილიონით გაიზრდება კულტურის განვითარებისა და პოპულარიზაციის დაფინანსება.
2 მილიონი დაემატება კულტურული მემკვიდრეობის დაცვას.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და მისი უწყებების დაფინანსება გასულ წელს 136 მილიონ 448 200 ლარი იყო, 2024 წელს კი 3 მილიონით მეტი, 139 მილიონ 763 900 ლარი იქნება. შრომის ანაზღაურების ნაწილში დაფიქსირებული თანხა 8 მილიონ 629 400-დან 9 მილიონ 474 100 ლარამდე იზრდება.
500 000-ზე მეტი ლარი ემატება აჭარის ტერიტორიაზე მთის კურორტებისა და სარეკრეაციო ადგილების განვითარების პროგრამას. მილიონ-ნახევარზე მეტით გაიზრდება ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის დაფინანსება.
იგივე რჩება და ისევ 17 მილიონი ლარი იქნება სოციალურად დაუცველი და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის პროგრამა.
ტურიზმის დეპარტამენტის ბიუჯეტი 2 მილიონ 300 000 ლარით გაიზრდება და 19 მილიონ 918 000 ლარი იქნება. 3 მილიონი ლარით იზრდება ქალაქმშენებლობითი და სივრცითი მოწყობის პროგრამა, გასულ წელს 10 მილიონ 978 000 ლარი იყო, მომავალ წელს 13 მილიონ 245 000 იქნება.
2 მილიონით იზრდება და 66 მილიონ 210 000 ლარი იქნება აჭარის გზების დეპარტამენტის ბიუჯეტი. ამ შემთხვევაში შრომის ანაზღაურების ნაწილი მიმდინარე წლის დაფინანსებასთან შედარებით 200 000 ლარით გაზრდილია.
აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ მიმდინარე წლის სამი კვარტალის ანგარიშის მიხედვით დეპარტამენტმა პროგრამები ეფექტურად ვერ განახორციელა. სამინისტრო ანგარიშში წერს:
„ქვეპროგრამის – გზების რეაბილიტაცია საანგარიშო პერიოდის დაზუსტებული გეგმა შეადგენს 24 184,0 ათას ლარს, შესრულება – 9 966,5 ათას ლარს“.
სამინისტროს განმარტებით:
„საანგარიშო პერიოდში სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიების მიერ სამუშაოები მიმდინარეობდა ვადების დარღვევით, შესაბამისად კომპანიას ეკისრება პირგასამტეხლო. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მოწოდებულ იქნა კონტრაქტორი კომპანიის მიერ დაგვიანებით, რამაც შეაფერხა სატენდერო პროცედურების განხორციელება და შესაბამისად შეფერხდა სამუშაოების მიმდინარეობაც. ასევე ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელი დაწესებულების მიერ დაგვიანებით იქნა წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების ტექნიკური ანგარიშები“.
ჯანდაცვა
11 მილიონით იზრდება ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი და შესაბამისი პროგრამების დაფინანსება. მიმდინარე წლის ბიუჯეტი 40 მილიონ-ნახევარი იყო, მომავალ წელს 51 მილიონ 225 000 ლარი იქნება. 600 000 ლარით იზრდება საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა. 2 მილიონზე მეტი ლარი ემატება ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დაფინანსების პროგრამას, გულის ქირურგიას კი მილიონი ლარი დაამატეს. უშვილობის დიაგნოსტიკის დაფინანსება 800 000 ლარი იქნება.
მკვეთრი ზრდაა პირველადი ჯანდაცვის ხელშეწყობის პროგრამაში, მიმდინარე წლის დაფინანსება 429 600 ლარი იყო, მომავალ წელს მილიონ 235 600 ლარი იქნება.
სოფლის სამედიცინო პერსონალის დაფინანსება 429 ათასი ლარიდან 843 000 ლარამდე იზრდება. მკვეთრი ზრდაა აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამაშიც. პროგრამის ბიუჯეტი 810 000-დან 1 მილიონ 440 000-მდე იზრდება.
შეიძლება ითქვას, რომ უპრეცედენტო ზრდაა 2008 წლის რუსული აგრესიისა და ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს დაღუპული და დაზიანების შედეგად შშმ სტატუსის მქონე მეომართა დახმარების პროგრამაში. დაფინანსება 139 000 ლარიდან 515 000 ლარამდე იზრდება.
შემცირდა შშმ სტატუსის მქონე პირთა და ხანდაზმულთა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის პროგრამა, ასევე სმენადაქვეითებულ მოქალაქეთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფა. არ იზრდება შშმ პირთა პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა.
გარდა ამისა, 200 ათასამდე ლარით თითქმის ყველა პროგრამის ბიუჯეტი იზრდება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი მხოლოდ მილიონ-ნახევარი ლარით გაიზარდა. აქედან 600 ათასზე მეტი ლარი შრომის ანაზღაურების გრაფაშია ასახული. სამინისტროში შემავალი უწყების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების ბიუჯეტი თითქმის 2 მილიონი ლარით შეამცირეს. განულებულია სანაპირო ზოლის ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლის მონიტორინგის დაფინანსება. გასულ წელს ამ მიმართულებისთვის 53 000 ლარი დახარჯეს.
სამი კვარტალის ანგარიშის მიხედვით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს საანგარიშო პერიოდში 85 ათასი ლარი უნდა აეთვისებინა, თუმცა საკასო ხარჯი 43 ათასს შეადგენს.
რა როლი აქვს მიგრაციის საკითხების გაშუქებაში მედიას? – ამ თემაზე ბათუმში დისკუსია გაიმართება. დისკუსიას „ბათუმელების“ ჟურნალისტი, მანანა ქველიაშვილი გაუძღვება.
შეხვედრა „ბათუმელების“ ოფისში 7 ნოემბერს, 17:00 საათზე დაიწყება.
დისკუსიაზე მოწვეულნი არიან ის მოქალაქეები, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს მრავალწლიანი ემიგრაცია და საბოლოოდ სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტეს.
დისკუსიაზე განხილული იქნება, თუ რა გავლენას ახდენს მედიის მიერ გაშუქება საზღვარგარეთ წასვლის მსურველებზე და როგორ აისახება უკვე ემიგრაციაში მყოფებზე.
თუ როგორ შეუწყო მედიამ ხელი, ხილული გაეხადა ათასობით ემიგრანტის უხილავი შრომა, რომელთა ფულად გზავნილებზეც ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი წილი მოდის.
შეხვედრა „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ დისკუსიათა ციკლის: „მედიის თავისუფლება – გზა ევროინტეგრაციისკენ“ ფარგლებში იმართება და დასწრება თავისუფალია.
მისამართი: მემედ აბაშიძის 48, ბათუმი, გაზეთ „ბათუმელების“ რედაქცია, მეორე სართული.
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი ISW-ი რუსეთ-უკრაინის ომის ყოველდღიურ მიმოხილვაში წერს, რომ უკრაინელმა ძალებმა განაგრძეს შეტევითი ოპერაციები ბახმუტის მახლობლად და მიაღწიეს დადასტურებულ მიღწევებს დასავლეთ ზაპოროჟიეს ოლქში და ხერსონის ოლქის აღმოსავლეთ სანაპიროზე 5 ნოემბერს.
ISW-ი ანგარიშში მიუთითებს უკრაინის გენერალური შტაბის ცნობებზე იმის შესახებ, რომ უკრაინის ძალებმა განაგრძეს შეტევითი ოპერაციები ბახმუტის სამხრეთით და მელიტოპოლში – დასავლეთით.
გეოლაკაციის კადრები მიუთითებს, რომ უკრაინულ ძალებს აქვთ შეზღუდული წინსვლა ვერბოვეს დასავლეთით – 10 კმ აღმოსავლეთით რობოტინიდან დასავლეთ ზაპოროჟიეს ოლქში, ასევე, ხერსონის ოლქის აღმოსავლეთ სანაპიროზე პიდშტეპნესთან [ქალაქ ხერსონიდან 12 კმ აღმოსავლეთით და მდინარე დნიპროდან 3 კმ] და კრინკიში – ხერსონის ქალაქიდან აღმოსავლეთით 30 კმ-სა და მდინარე დნიპროდან 2 კმ-ში – წერს ISW-ი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 6 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 305 970 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +880]
ტანკი – 5 288 ერთეული [+4]
ჯავშანტექნიკა – 9 958 ერთეული [+5]
საარტილერიო სისტემა – 7 389 ერთეული [+14]
MLRS – 867 ერთეული [0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 570ერთეული [0]
თვითმფრინავი – 322 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 554 ერთეული [+20]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 556 ერთეული [+2]
გემი/ნავი – 20 ერთეული [+1]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 9 744 ერთეული [+14]
სპეცტექნიკა – 1 047 ერთეული [0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 6 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
525 თვითმფრინავი
254 ვერტმფრენი
8 669 უპილოტო საფრენი აპარატი
441 საზენიტო სარაკეტო სისტემა
13 216 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 182 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
6 995 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
15 028 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
„ქეა კავკასიამ“ ბათუმში 3-5 ნოემბერს ტრენინგების სერია გამართა, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინელი ბიზნესის მფლობელების გაძლიერებას საქართველოში.
ტრენინგები მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: ბუღალტერია, გადასახადები, ბიზნესის დაგეგმვა, იურიდიული ასპექტები, მარკეტინგი და სოციალური მედია მცირე ბიზნესისთვის.
სესიები მორგებულია უკრაინელ მეწარმეებზე, რაღა მათ მიიღონ საჭირო ცოდნა და გამოცდილება მცირე ბიზნესის წარმატებისა და მდგრადობის გასაძლიერებლად.
„ქეა კავკასია“ აღნიშნავს, რომ მცირე ბიზნესები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ეკონომიკური ზრდისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში, თუმცა, ისინი ხშირად აწყდებიან ისეთ გამოწვევებს, როგორიცაა ფინანსების მართვა, სამართლებრივი საკითხების ცოდნა, ბაზრის ცოდნა და პროდუქტის/სერვისის გაყიდვა.
სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ დაიწყო „ქეა კავკასიამ“ ტრენინგების სერია თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში მცხოვრები უკრაინელი ლტოლვილებისთვის, რაც დაეხმარებათ მათ, ეფექტურად მართონ თავიანთი ბიზნესები უცხო ქვეყანაში.
„ქეა კავკასიას“ ტრენინგი ბათუმში
ტრენინგების სერია წარმოადგენს გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული ფართო მასშტაბიანი პროექტის ნაწილს, რომელსაც ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ქეა კავკასიასთან თანამშრომლობით.
ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა, თავისი 15 წლის შვილი, ადამ კადიროვი, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსად დანიშნა.
ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რამზან კადიროვმა ტელეგრამზე 25 სექტემბერს ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ მისი შვილი, ადამ კადიროვი, ყურანის დაწვაში ბრალდებულ ნიკიტა ჟურაველს სასტიკად სცემს და დაწერა, რომ ამაყობს საკუთარი შვილით. ამ ვიდეოს რუსეთის პრეზიდენტთან არსებულმა ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრმა, ევა მერკაჩევამ „დანაშაულის ვიდეომტკიცებულება“ უწოდა და განაცხადა, რომ ადამ კადიროვი, რუსული კანონმდებლობის თანახმად, უნდა დააკავონ.
ამის შემდეგ, 6 ოქტომბერს, ცნობილი გახდა, რომ რამზან კადიროვმა შვილს მიანიჭა ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება. „რია ნოვისტის“ ცნობით, რამზან კადიროვმა შვილს უწოდა „კომპეტენტური, განათლებული და მიზანდასახული ახალგაზრდა, რომელიც პატარა ასაკიდან ავლენდა ლიდერის თვისებებს და ისწრაფოდა თვითგანვითარებისაკენ“.
დასავლეთ უკრაინაში, ზაკარპატიის ოლქში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა 128-ე ბრიგადის ჯარისკაცების მასობრივი დაღუპვის გამო. რუსეთმა, სავარაუდოდ, საზეიმო დაჯილდოების ცერემონია დაბომბა.
მედიის ცნობით, ტრაგედია 3 ნოემბერს, დილის 10-11 საათზე მოხდა. რუსეთმა „ისკანდერის“ რაკეტა დაარტყა იმ ადგილს, სადაც სამხედროები იყვნენ შეკრებული დასაჯილდოებლად. უკრაინული მედიის ცნობით, დაიღუპა 20-ზე მეტი სამხედრო, არიან დაჭრილები.
ინფორმაცია 128-ე ბრიგადის ჯარისკაცების დაღუპვის შესახებ ოფიციალურად დაადასტურა უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრმა. „სტრატკომი“ არ ავრცელებს ინფორმაციას, თუ რა ვითარებაში მოხდა ეს და აცხადებს, რომ გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
უკრიანის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა პირობა დადო, რომ მომხდარის ყველა გარემოება დაზუსტდება.
განახლებული ინფორმაცია:128-ე ცალკეული სამთო თავდასხმის ბრიგადამ განაცხადა, რომ 19 ჯარისკაცი დაიღუპა რუსული ჯარების სარაკეტო თავდასხმის შედეგად.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 5 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 305 090 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +990]
ტანკი – 5 284 ერთეული [+8]
ჯავშანტექნიკა – 9 953 ერთეული [+14]
საარტილერიო სისტემა – 7 375 ერთეული [+12]
MLRS – 867 ერთეული [+6]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 570ერთეული [+2]
თვითმფრინავი – 322 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 534 ერთეული [+39]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 554 ერთეული [+3]
გემი/ნავი – 20 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 9 730 ერთეული [+14]
სპეცტექნიკა – 1 047 ერთეული [+9]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 5ნოემბერს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 5 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
525 თვითმფრინავი
254 ვერტმფრენი
8 646 უპილოტო საფრენი აპარატი
441 საზენიტო სარაკეტო სისტემა
13 205 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 182 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
6 986 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
15 005 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 4 ნოემბრის 21 საათიდან 5 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 22 – 27 გრადუსი
ღამით: 7 – 12 გრადუსი
შიდამთიან რაიონებში:
დღისით: 20 – 25 გრადუსი
ღამით: 6– 11 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა +21 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 7 ნოემბერს მოსალოდნელია წვიმა, 8-9 ნოემბერს კი – უმეტესად უნალექო ამინდი.
ბათუმის მერიამ ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი შეარჩია. ეს თანამდებობა ერთ წელზე მეტია ვაკანტურია.
„ბათუმელების“ ინფორმაციით სამსახურს გიორგი წანაწყენიშვილი უხელმძღვანელებს. ის პროფესიით არქიტექტორია და მერიამ სამსახურის უფროსის თანამდებობაზე კონკურსის წესით შეარჩია.
მერია ინფორმაციას უარყოფს:
„ამ დრომდე ისევ მამუკა რამიშვილი ასრულებს სამსახურის უფროსის მოვალეობას“ – გვითხრეს პრესსამსახურში.
თავად გიორგი წანაყენიშვილმა დაგვიდასტურა, რომ კონკურსში მონაწილეობს:
„ჯერ პროცედურა არ დასრულებულა და თუ ასე იქნება შემდეგ ვილაპარაკოთ“ – გვითხრა თავად გიიორგი წანაყენიშვილმა.
„ბათუმელების“ ინფორმაციით გიორგი წანაყენიშვილი ერთადერთი კანდიდატია, რომელმაც ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ორი ეტაპი გადალახა და მისი დანიშვნა გადაწყვეტილია.
გასაუბრება 10 ნოემბერსაა დანიშნული.
გიორგი წანაწყენიშვილი საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა, გარდა ამისა ის შპს იქს ვაი ზეტ.ჯი- ს 50 პროცენტის მფლობელია. გასულ წლებში ის ფლობდა ასევე შპს „რიდა დეველოპმენტ საპორტ კომპანის“ 49 პროცენტს.
ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსის თანამდებობა ვაკანტურია გასული წლის აგვისტოდან, მას შემდეგ რაც ის მირიან მეტრეველმა დატოვა.
თანამდებობიდან წასვლის შემდეგ სამსახურის ყოფილმა უფროსმა „ბათუმელებთან“ საუბრისას თქვა, რომ თანამდებობიდან ვინმესთან დაპირისპირების გამო არ წასულა და ბათუმის მთავარი არქიტექტორის პოზიცია ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა.
მან „ბათუმელებს“ ასევე დაუდასტურა, რომ სუს-მა ბათუმის მერიიდან სამშენებლო ნებართვები ამოიღო, თუმცა არ დააკონკრეტა, რა პროექტებს უკავშირდებოდა ეს ნებართვები.
გადადგომიდან მალევე მირიან მეტრეველი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში სივრცითი დაგეგმარების ჯგუფში არქიტექტორად დასაქმდა. ყოფილი უფროსის მოვალეობას ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურში დღემდე მისი მოადგილე, მამუკა რამიშვილი ასრულებს.
დარჩება თუ არა მამუკა რამიშვილი სამსახურში ახალი უფროსის დანიშვნის შემდეგ ამის შესახებ არ ვიცით, ის ჩვენს ზარებს დიდი ხანია არ პასუხობს.
მთავარი ფოტო: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი