მთავარი,სიახლეები

„მთავრობის სიჩუმის საპირწონედ გამოვედით ქუჩაში“ – საპროტესტო აქცია ბათუმში

07.11.2023 • 818
„მთავრობის სიჩუმის საპირწონედ გამოვედით ქუჩაში“ – საპროტესტო აქცია ბათუმში

„არა რუსეთს“ – ამ სლოგანით დღეს, 7 ნოემბერს, ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობა გააპროტესტეს – 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, მეორე მოქალაქე, ლევან დოთიაშვილი კი, ცხინვალის მიმართულებით გაიტაცეს.

„არა რუსეთს, არა ოკუპაციას, პასუხისმგებლობა აიღოს ხელისუფლებამ, რომ ადამიანებზე იფიქროს,“ – ამბობს მოქალაქე თამთა ჯინჭარაძე, დღევანდელი აქციის მონაწილე.

სად ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ იღებს პასუხისმგებლობას? – ვკითხეთ მას.

„დავინახეთ, რომ წინა ხელისუფლებას გადააბრალეს ყველაფერი. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ ხმა გააგონოს საერთაშორისო თანამეგობრობას, მოგვეშველეთო, ეს მკვლელობაც ისევ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს გადააბრალა წინა ხელისუფლების სახით.

ხელისუფლება 11 წელია ყველაფერს „ნაციონალურ მოძრაობას“ აბრალებს, მას არ ეყო პასუხისმგებლობა, ეს შემთხვევაც წინა ხელისუფლებისთვის არ დაებრალებინა“ – გვითხრა თამთა ჯინჭარაძემ.

მოქალაქე უპასუხისმგებლობად აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებასაც – უშინდელი მკვლელობა გვაჩვენებს, თუ რამდენად მყიფეა და გაფრთხილება უნდა მშვიდობას,“ – აღნიშნა დღეს, 7 ნოემბერს შალვა პაპუაშვილმა.

„ეს განცხადებაც რუსული პროპაგანდის გავლენაა, რომ აი, ჩვენი დამსახურებით გვაქვს მშვიდობა და ეს შეირგეთ,“ – დასძინა თამთა ჯინჭარაძემ.

„მე მთავრობას ვეტყოდი, რომ ნუ იმალებიან, გამოვიდნენ და დაიცვან საქართველოს მოქალაქეები,“ – გვითხრა აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ, მზია ქედელიძემ, – „განსაკუთრებით სასაზღვრო ზოლში ვინც ცხოვრობს, მათ სჭირდებათ მთავრობის მხარდაჭერა, ისინი უპატრონოდ არ უნდა იყვნენ დატოვებული“.

მზია ქედელიძე

„აქციის მთავარი მიზანია, ვუთხრათ „არა“ მტერთან კოლაბორაციონიზმს, არა რუსულ აგრესიას. ძალიან ტრაგიკული შემთხვევა მოხდა საოკუპაციო ხაზთან, მძიმედ დაიჭრა და დაიღუპა ერთი ქართველი, მეორე კი გატაცებულია, ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება ტყვეობაში. ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც საოკუპაციო ხაზთან გატაცება ან მკვლელობა ხდება,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ აქციის მონაწილემ, ლუკა ნაცვლიშვილმა.

ლუკა ნაცვლიშვილიც აკრიტიკებს ხელისუფლების დამოკიდებულებას:

„ამდენი წლის განმავლობაში მე არ მახსენდება, რომ მტკიცე რეაგირება ჰქონოდა ჩვენს ხელისუფლებას. ფაქტობრივად, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ნებისმიერი ადამიანი პოტენციურად მკვდარია, იმიტომ, რომ რუსეთს არასდროს არ დასჭირვებია განსაკუთრებული მიზეზი იმისათვის, რომ აგრესია გამოეხატა საოკუპაციო ხაზთან.

ზოგადად, როდესაც ქვეყანას ტერიტორიული მთლიანობა არ აქვს და მით უმეტეს რუსეთის გამო, იმ ქვეყანაში „ომი გინდა პოლიტიკა“ და იმ ქვეყნის დემილიტარიზაცია, ერის და ქვეყნის დაღუპვის საბუთზე ხელმოწერის ტოლფასია. ამ პრობლემების გამომწვევი მიზეზი, ანუ რუსული ხელისუფლება, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს,“ – გვითხრა ლუკა ნაცვლიშვილმა.

მმართველი პარტიის პოლიტიკა გააკრიტიკა პარტია „ლელოს“ წევრმა გენო თებიძემაც.

„ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ არჩევნებში ამას დაასრულებს ქართველი ხალხი. ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, ყველაფერი არის იმ პოლიტიკის, იმ ასე ვთქვათ „შერიგების“ გაგრძელება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება აკეთებს ჩვენს ქვეყანაში,“- თქვა გენო თებიძემ.

„ეს მშვიდობაა? ეს მშვიდობა არ არის,“ – გვითხრა აქციის მონაწილე ბესიკ შაინიძემ.

„ჩვენ მთავრობის სიჩუმის საპირწონედ გამოვედით ქუჩაში, რომ ავხმაურდეთ. რუსეთის რეჟიმი ყოველდღიურად გვავიწროებს და გვკლავს.

ხელისუფლებას, როგორც ყოველთვის, ახლაც აქვს მშვიდობის და დაყვავების უცნაური პოლიტიკა, ვხედავთ, რომ ამას შედეგი არ მოაქვს… მე შალვა პაპუაშვილს ვეტყოდი, რომ ეს არ არის მშვიდობა და სირაქლემას პოზიცია აქვს საქართველოს მთავრობას. მათ არ სურთ გააღიზიანონ დიდი დათვი, რომელიც ყოველდღიურად სულს გვიხუთავს,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ბესიკ შაინიძემ.

საპროტესტო აქციას ბათუმში უკრაინელი და ბელარუსი აქტივისტებიც შეუერთდნენ:

„ძალიან ვწუხვართ ამ ტრაგედიის გამო… ბელარუსებმა და ქართველებმა კარგად ვიცით, რას ნიშნავს რუსული ოკუპაცია. ჩვენ ეს ყველაფერი ვიცით რუსეთის იმპერიიდან დაწყებული, შემდეგ საბჭოთა წარსულიდან და ახლა ბელარუსში გვაქვს ლუკაშენკოს რეპრესიული რეჟიმი, რომელიც ისევ რუსეთიდან კონტროლდება.

ჩვენი ხმა უნდა ისმოდეს ხმამაღლა, რომ გავხდეთ ევროკავშირის ნაწილი. ეს არის საუკეთესო დაცვა“, – გვითხრა ბელარუსმა აქტივისტმა, ალექსეი პალაშოვმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: