სიახლეები

მშენებლობის ნებართვისა და კ2-ის მოსაკრებლის სახით ბათუმის ბიუჯეტში მილიონზე მეტი ლარი შევიდა

06.11.2023
მშენებლობის ნებართვისა და კ2-ის მოსაკრებლის სახით ბათუმის ბიუჯეტში მილიონზე მეტი ლარი შევიდა

„სითი ინსტიტუტი საქართველომ“ ბათუმის სივრცის დაგეგმარებისა და გენერალური გეგმის კონცეფციაზე მუშაობა დაასრულა. კომპანია ბათუმის მერიის დაკვეთით ქალაქის განაშენიანების გენერალურ გეგმას ამზადებს. შესყიდვის ბიუჯეტი 2 მილიონი ლარია.

კომპანიის განმარტებით კონცეფციას 4 ძირითადი კონცეპტუალური მიმართულება აქვს: თანაბრად განვითარებული, მულტიფუნქციური, მწვანე და უსაფრთხო ქალაქი.

ქალაქის განაშენიანების გენერალურ გეგმაზე მუშაობის პარალელურად ბათუმში სამშენებლო ბუმი ისევ აქტიურ ფაზაშია. გარდა ამისა, თითქმის ყოველ სხდომაზე ბათუმის საკრებულო მინიმუმ 4 განაშენიანების გეგმას ან პროექტის კონცეფციას ამტკიცებს.

ბათუმის ბიუჯეტის სამი კვარტლის ანგარიშის მიხედვით 9 თვეში ბიუჯეტში მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის სახით 881 200 ლარი შევიდა, ხოლო კ2 კოეფიციენტის მოსაკრებლის სახით ბიუჯეტში 232 400 ლარი აისახა, რაც ჯამში მილიონზე მეტია.

წლის ბოლოსთვის შესაძლოა ეს თანხა გაიზარდოს.

2022 წელს, 10 თვეში, მშენებლობის ნებართვისა და ზონალური შეთანხმების მოსაკრებლის სახით ბათუმის მერიამ, ჯამში, მილიონზე მეტი ლარი ამოიღო. უშუალოდ მშენებლობის მოსაკრებლის სახით ბიუჯეტში 1 მილიონ 048 500 ლარი შევიდა, ხოლო სპეციალური ზონალური შეთანხმების გაცემისთვის მოსაკრებლის სახით – 101 400 ლარი.

სპეციალური ზონალური მოსაკრებელი შენობაზე კ2 კოეფიციენტის, ანუ სიმაღლის გადასახადს გულისხმობს, რაც კ1-ის, ანუ იმ ადგილის ფართობის მიხედვით განისაზღვრება, სადაც შენობა უნდა აშენდეს.

2023 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით მშენებლობის მოსაკრებლის საპროგნოზო მაჩვენებელი 700 000 ლარი იყო, ხოლო სპეციალური ზონალური მოსაკრებლის საპროგნოზო მაჩვენებელი პროექტში არ ფიქსირდებოდა.

მშენებლობის მოსაკრებელი ბიუჯეტის ანგარიშში სხვა შემოსავლების ნაწილშია ასახული, სხვა შემოსავლების 2023 წლის 9 თვის საპროგნოზო მოცულობა კი 52 მილიონ 511 100 ლარით იყო განსაზღვრული.

ბიუჯეტის სამი კვარტლის ანგარიშის მიხედვით ფაქტობრივმა შესრულებამ შეადგინა 70 მილიონ 858 300 ლარი, რაც გეგმის 134.9 პროცენტია. აქ არის ასახული სანქციების, ჯარიმებისა და საურავების სახით მობილიზებული თანხაც – 9 თვეში 8 მილიონ 798 600 ლარია, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 155.7%-ია.

სხვა შემოსავლების წილი ადგილობრივი ბიუჯეტის მთლიან შემოსულობებში 29.5%-ს შეადგენს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: