მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რა უნდა ვიცოდეთ ორსულობის დროს განვითარებულ არითმიაზე – ექიმის რჩევები

06.11.2023 •
რა უნდა ვიცოდეთ ორსულობის დროს განვითარებულ არითმიაზე – ექიმის რჩევები

ორსულობის დროს არითმიებმა შეიძლება სერიოზულად შეგვაშინოს/შეგვაშფოთოს როგორც დედის, ისე ნაყოფის ჯანმრთელობის გამო. ორსულობის დროს განვითარებული არარეგულარული გულისცემა საკმაოდ ხშირი მოვლენაა.

როგორც „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ არითმოლოგი, გიორგი ცხომელიძე განმარტავს, ეს მოვლენა ჩვეულებრივ საზიანო არ არის, მაგრამ ორსული მცირედი ჩივილებითაც კი, აუცილებლად უნდა გადამისამართდეს სპეციალისტთან, რადგან ამ მხრივ გარკვეული რისკები ნამდვილად არსებობს. მისი პრევენცია კი აბსოლუტურად შესაძლებელია, ნორმალური მენეჯმენტის შემთხვევაში“, – ამბობს ის.

  • ბატონო გიორგი, რა ხდება ორსულობის დროს არითმიების განვითარების მიზეზი?

ზოგადად, ორსულობა ქალის ორგანიზმისთვის გარკვეული სტრესია. შესაბამისად, ზოგად პოპულაციასთან შედარებით, უფრო ხშირია ექსტრასისტოლური არითმიის გამოვლინება ორსულებში.

ეს არითმიები ძირითადად უსაფრთხოა და არ გვაძლევს შიშის საფუძველს. ასეთ დროს ხშირად გვეკითხებიან – ფიზიოლოგიურად ვამშობიაროთ, თუ ჯობია საკეისრო კვეთა გავუკეთოთ პაციენტს? მაგრამ, როგორც წესი, უმეტეს შემთხვევაში ექსტრასისტოლები ამ მიმართულებას [მშობიარობის მეთოდი] საერთოდ არ გვიცვლიან და ორსულობის მართვაც უნდა გაგრძელდეს ჩვეულებრივად.

ცხადია, უმჯობესია ეს ყველაფერი არითმოლოგთან შეთანხმებით მოხდეს.

არის შემთხვევები, როცა არითმიების აღმოჩენა/პირველადად დიაგნოსტირება ხდება გარკვეულ სტრესულ სიტუაციებში. ორსულობა ასეთი სტრესული სიტუაციაა [ორგანიზმისთვის].

მაგალითად, ორსულობის საწყის ეტაპზე, როცა ორსულს ტოქსიკოზი აქვს, ან ორსულობის ბოლო ტრიმესტრში, როცა მუცელი/ნაყოფი უკვე დიდი ზომისაა და აწვება გულმკერდის ღრუში არსებულ ორგანოებს, ასეთ შემთხვევებში ვლინდება ხოლმე არითმიები, როგორც ექსტრასისტოლები, ისე სხვადასხვა ტიპის ტაქიკარდიები.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს არითმიები ძირითადად არის უსაფრთხო, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ გარკვეულ საფრთხეებთან ასოცირდებოდეს.

Cleveland Clinic წერს, რომ გულის პალპიტაცია ამ დროს გამოწვეულია ორგანიზმში სისხლის მომატებით და ორსულობის დროს ჰორმონალური ცვლილებებით. კერძოდ, ორსულობის დროს ორგანიზმში სისხლის რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება. თქვენი გული უფრო ძლიერად მუშაობს იმისთვის, რომ ეს ზედმეტი სისხლი ეფექტურად გადაიტანოს მთელ სხეულსა და ნაყოფში და ამ გაძლიერებულმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გულის პალპიტაცია.

პალპიტაციის თავიდან ასაცილებლად, იყავით ჰიდრატირებული და მოერიდეთ კოფეინს“ – წერს Cleveland Clinic-ი.

  • როგორია ექსტრასისტოლური არითმია?

ექსტრასისტოლური არითმია საკმაოდ გავრცელებულია ორსულებში. ექსტრასისტოლები არის გულის ქაოსური შეკუმშვა, რაც ხშირ შემთხვევაში პაციენტებს, განსაკუთრებით კი ორსულებს, გარკვეულ დისკომფორტს უქმნის.

ექსტრასისტოლური არითმიის ძირითადი გამოვლინება ნებისმიერ ადამიანში შეიძლება იყოს შეგრძნება, რომ თითქოს გული წამიერად გაჩერდა, ან ცოტა ძლიერი დარტყმა ვიგრძენით გულმკერდის არეში, ან პულსის გასინჯვისას იგრძნობა, რომ რიტმი არეულია – გვხვდება გამოტოვება ან უფრო ნაადრევი პულსაცია.

  • რა რისკებს შეიძლება უკავშირდებოდეს ორსულობის დროს არითმია?

ორსული პაციენტები მცირე არითმიითაც, მცირე ჩივილებითაც კი, უნდა გადამისამართდნენ კარდიოლოგთან ან არითმოლოგთან – გარკვეული საფრთხეები, რისკები არსებობს ამ დროს და მისი პრევენციაც სრულიად შესაძლებელია ნორმალური მენეჯმენტით.

ორსულები ძირითადად ახალგაზრდები არიან, ასაკობრივი ცვლილებები არ აქვთ გულზე და შედარებით ჯანმრთელი სტრუქტურის გული აქვთ, ამ ასაკში სიცოცხლისთვის საშიში არითმიების გავრცელება არის გაცილებით ნაკლები.

არსებობს პათოლოგიები, რომლებიც უშუალოდ ორსულობით არის განპირობებული, კერძოდ, ორსულთა კარდიომიოპათიებით [გულის კუნთის დაავადება], რომლებიც საკმაოდ მძიმე დაავადებებია.

საქმე ის არის, რომ ორსულობის პერიოდში ხდება სხვადასხვა, საკმაოდ რთული არითმიების გააქტიურება, ამიტომ ჩემი რეკომენდაცია იქნება, ორსულობის საწყის პერიოდზე, როდესაც შეიტყობთ, რომ ორსულად ხართ, მინიმუმ ელექტროკარდიოგრამა გადაიღოთ, გადაიღოთ ექოკარდიოგრაფია და შესაბამის სპეციალისტთან გაიაროთ კონსულტაცია, რომ ვიცოდეთ, როგორი გულით, როგორი კონდიციით ვხვდებით ორსულობას.

შემდგომ, უკვე პრობლემის აღმოჩენის დროს, ეს ძალიან ინფორმატიულია და ხშირად სიცოცხლის გადამრჩენ როლსაც ასრულებს პაციენტის მართვაში.

გულის წინასწარი შემოწმება საჭიროა იმისთვის, რომ პრობლემა იქამდე აღმოვაჩინოთ, სანამ თავს გამოავლენს ორსულობის პერიოდში, რათა დროულად განვსაზღვროთ მოსალოდნელი საფრთხეები.

  • რა სახის მკურნალობა შეიძლება დაინიშნოს ამ დროს?

თუ აღმოჩნდა, რომ საქმე გვაქვს ისეთ არითმიასთან, რომელიც გარკვეულ ხიფათს უქმნის როგორც დედის, ისე ნაყოფის ჯანმრთელობას, ასეთ შემთხვევაში ჩვენ განვიხილავთ მედიკამენტურ მკურნალობას.

მედიკამენტური მკურნალობის დანიშვნამდე უნდა შეფასდეს რისკები, მათ შორის როგორი გვერდითი ეფექტები შეიძლება ჰქონდეს იმ მედიკამენტს, რომლის დანიშვნასაც ვაპირებთ, დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობაზე (რადგან თითქმის ყველა არითმიულ მედიკამენტს გარკვეული ეფექტები აქვს ნაყოფზე და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ თავიდან ავარიდოთ ნაყოფს მოსალოდნელი საფრთხეები, რაც შესაძლოა მედიკამენტმა გამოიწვიოს).

რაც შეეხება პროცედურულ მკურნალობას – იშვიათია იმიტომ, რომ ჩვენი პროცედურები ყოველთვის რენტგენის დასხივების ქვეშ კეთდება და როგორც ვიცით, ეს არ არის რეკომენდებული ნაყოფისთვის.

_________________

Cleveland Clinic: ორსულობის დროს გულის პალპიტაცია თუ იშვიათია და არ არის გამოწვეული გულის დაავადებით ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემებით, არ საჭიროებს მკურნალობას. ამ დროს შესაძლოა ორსულს მიეცეს დიეტასთან და ცხოვრების ჯანსაღ წესთან დაკავშირებული რეკომენდაციები, მათ შორის:

  • საკმარისი წყლის დალევა: ორსულობის დროს, დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობისთვის, აუცილებელია ჰიდრატაციის შენარჩუნება;
  • კოფეინის, შაქრისა და ცხიმების შეზღუდვა: ყავამ და შოკოლადმა შეიძლება გააუარესოს გულის პალპიტაცია. შეზღუდეთ რაციონში დიდი რაოდენობით ცხიმის ან/და ნატრიუმის (მარილის) შემცველობის საკვები;
  • სტრესითა და შფოთვით გამოწვეული გულის პალპაციების მოსახსნელად სცადეთ რელაქსაციის ტექნიკები, მათ შორის, სუნთქვითი ვარჯიშები. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ მედიტაცია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: