მთავარი,სიახლეები

„შენს გარეშე რომ მიდის ბედნიერი თუ მწუხრის დღეები, ეგ არის შენი დაკარგული დრო”

06.11.2023 •
„შენს გარეშე რომ მიდის ბედნიერი თუ მწუხრის დღეები, ეგ არის შენი დაკარგული დრო”

„თქვენ რომ ნახოთ, როგორ ზრდიან იტალიელები თავიანთ შვილებს, იტყვით, რომ საქართველოში გაზრდილები არიან ესენიო. არცერთი ევროპელი მშობელი შვილს არ აძლევს მოწევის და თმის შეღებვის უფლებას სკოლის პერიოდში. არ აძლევენ ტელეფონს.

საქართველოში უფრო ბევრ ბავშვს უჭირავს ტელეფონი, ვიდრე აქ. აქ 14 წლის ზემოთ ყიდულობენ ბავშვებისთვის ტელეფონს და ისიც დროებით – სკოლაში არ ატანენ. მე სადაც მიმუშავია, იმ ოჯახების მაგალითზე ვამბობ.

სიმართლე, ჰუმანურობა, ადამიანების სიყვარული და პატივისცემა – აი, რა არის ევროპა ჩემთვის,“ – ასე ხსნის იტალიაში მყოფი ემიგრანტი, მაია მაჭარაშვილი მისთვის, როგორც ერთი მოქალაქისთვის, ევროპის მნიშვნელობას.

მაია რუსთავიდან 2015 წელს ჩავიდა იტალიაში. საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლის მთავარი მიზეზი, გაუარესებული ჯანმრთელობა იყო.

„ოპერაცია მჭირდებოდა და იმ ხელფასით, რაც საქართველოში მქონდა, ვერ გავიკეთებდი. ბანკის ვალი რომ ამეღო, ვერც მაგას გადავიხდიდიო,“ – ამბობს.

რუსთავიდან ნეაპოლში აღმოჩნდა – იტალიის სამხრეთში. პირველი სირთულეები მაიას შემთხვევაშიც ის იყო, რაც არაერთი ქართველი ემიგრანტის  – არ იცოდა ენა და სჭირდებოდა სამსახური.

„პირველი შოკი რა იყო იცი? ბებიამ (ქალმა, რომელსაც ვუვლიდი) მითხრა დანა მომიტანეო. დანის ნაცვლად ნაგვის ასაღები მივუტანე. იმას თვალები გაუფართოვდა და მე ტირილი დავიწყე. დამაწყნარა –  ნუ გეშინია, ყველაფერს ვისწავლითო,“ – იხსენებს მაია მაჭარაშვილი.

ის დღემდე ემადლიერება ოჯახს, სადაც პირველად დაიწყო მუშაობა. სწორედ მათ უჩვენეს გზა, თუ როგორ შეეძლო მოეგვარებინა ჯანმრთელობის პრობლემები, თან ემუშავა და ეცხოვრა იტალიაში.

მაია ახლა ბოლონიაში ცხოვრობს. ემიგრაციაში ყოფნის მერვე წელს ითვლის. ორი ოპერაცია უკვე გაიკეთა, მესამეს მოლოდინშია. ფიქრობს, რომ ოპერაციას გაიკეთებს, მერე „ორი-სამი წელი იმუშავებს“, ცოტა თანხას დააგროვებს და სამშობლოში დაბრუნდება.

ემიგრაციაში ყოფნაზე, ევროპაზე, ღირსეულ შრომის პირობებსა და საქართველოში დაბრუნების პერსპექტივაზე „ბათუმელები“ მაია მაჭარაშვილს ბოლონიაში ესაუბრა.

  • როგორი იყო ემიგრაციის პირველი წლები? რა სირთულეებთან მოგიწიათ გამკლავება? რას გაიხსენებთ, რა იყო ყველაზე ძნელი?

პირველი სირთულე ისაა, რომ მოდიხარ უცხო ქვეყანაში და გაოგნებული ხარ, ვერ ხვდები ვერაფერს.

სანამ მუშაობას დაიწყებ დასტრესილი ხარ – ვაიმე, სამუშაო რომ ვერ ვიშოვო, ვაიმე, მე იქ ვალი ავიღე და როგორ უნდა გადავიხადო. როცა მუშაობას იწყებ, მერე გხვდება ენის ბარიერი, რაც ძალიან განგრევს. მერე ამათ [იტალიელებს] სხვა კულტურა აქვთ, ჩვენ სხვა.

ყველაფერში დრო გჭირდება, რომ ეტაპობრივად ამათ დაეწიო და სანამ ამათ დაეწევი, განცდებში ხარ, ისტრესები. ეს განცდები განგრევს და ეს დანგრევა მიგყვება მერე. ვერ გამოდიხარ უცებ მდგომარეობიდან. ბევრჯერ გათენებულა დილა, მაღვიძარას დაურეკავს, გამიაზრებია – უნდა ავდგე, მოხუცი ავაყენო… მაგრამ ახელ თვალებს და ფიქრობ – სად ვარ… ნეტავ ოდესმე მეღირსება სახლში დაბრუნება?

თუმცა მერე თავს იმშვიდებ -„ეს არის ჩემი ცხოვრებისეული გამოცდა, მე ეს უნდა გადავლახო, მე ეს უნდა გავაკეთო და ყველაფერი კარგად იქნება“.

მე ჩემს თავზეც ბევრი ვიმუშავე. ბევრი ქართველი ქალი ვნახე – ჩამოვიდა და წავიდა, ვერ გაუძლო. არ ვამტყუნებ, რთულია. თუ სულიერად ძალიან ძლიერი არ ხარ, ძნელია. ბევრმა ქალმა ვერ გაუძლო ან ფსიქიკურად დაავადდა, ან რაღაცა საშინელება დაემართა. ბევრმა გაიჭირვა და გაუძლო.

ძნელია, ძნელი, მაგრამ მე  კარგი ოჯახი შემხვდა. პირველი სამი თვე კი გამიჭირდა, მაგრამ რომ შემეჩვივნენ, კარგად ვგრძნობდი თავს. მონატრება კი გაქვს, მაგრამ როცა უცხო ხარ და ოჯახში, სადაც მუშაობ, გაფასებენ, ეს გეხმარება. ნელ-ნელა რაღაცებს ლახავ, აჯამებ და ხვდები, რომ იცი – არ ხარ მთლად დაკარგული და ვიღაცა შენზე ზრუნავს.

პირველი ერთი წელი თვითმფრინავი რომ გადაიფრენდა, ვტიროდი.

მერე და მერე გადამიარა. მერე ერთ დღეს ჩემს დას ვეუბნებოდი. თვითმფრინავი რომ გადაიფრენს, ვტირი, მაგრამ ამ ბოლო დროს რაღაცა ცრემლები მომაკლდა და ნეტა რა ხდება-მეთქი. ვიცინეთ. ასეა – ეჩვევი, ყველაფერს ეჩვევი.

როგორ ეჩვევიან დედები, როცა შვილები უკვდებათ? უფრო ძლიერდებიან, უფრო რაღაცას აკეთებენ… ასეა, ყველაფერს ეჩვევი.

ასე შემოვრჩი იტალიას რვა წელი. მაგრამ ბევრი დრო დავკარგე, რომელიც შეიძლებოდა ჩემს დასთან, დისშვილებთან გამეტარებინა.

მაგრამ იცით რა არის? როცა აქ ხარ, მუშაობ და შენს პრობლემას აგვარებ… ჯანმრთელობის ამბავი მოვიგვარე მეტ-ნაკლებად. დავეხმარე ოჯახს, დედას.

დედა მთელი ცხოვრება მუშაობდა, იყო ექთანი ბავშვთა პოლიკლინიკაში, მაგრამ მას აქვს ისეთი მიზერული პენსია, რომ წამლებზე არ ჰყოფნის, არამცთუ კომუნალურებზე.

არ ვწუწუნებ, არცერთ მთავრობას შეურაცხყოფას არ ვაყენებ, ასეთი ცხოვრება მოვიდა დღეს.

აქ იცი როგორი ცხოვრებაა? ცხოვრობ „ორარიოებით“ – დროის მონაკვეთებით. საათებით. იწყებ რვა საათიდან და საღამოს რვა საათამდე მუშაობ. გაქვს კი ორი საათი, შუალედი, დაისვენო. ეგ ხან ოჯახთან სალაპარაკოდაც არ კმარა.

მაგრამ საქართველოში ამაზე მეტს ვმუშაობდი და ძალიან მიზერული თანხა მქონდა. დისშვილებთან რომ წავსულიყავი და ერთნაირი საჩუქარი მიმეტანა, იმის ფულიც არ მქონდა. დღეს მიუხედავად იმისა, რომ მენატრებიან, უფრო კარგად ვგრძნობ თავს.

იმიტომ, რომ ის, რაც ჩვენ ჩვენმა მშობლებმა ბავშვობაში მოგვცეს, შემიძლია ეს დავუბრუნო ჩემს დისშვილებს.

ბევრმა მითხრა – შენ გათხოვილი არ ხარ, რატომ იჩაგრავ თავს?

მერე რა, რომ გათხოვილი არ ვარ? მყავს დისშვილები, ვისთვისაც მიხარია, რომ ვისუნთქო. მყავს დედა, რომელმაც მომცა ყველაფერი. მე მინდა მისთვის ყველაფერი გავაკეთო, იმიტომ, რომ დედას დღეს აქვს მიზერული პენსია.

მაია მაჭარაშვილი

  • ახლა, ამ გადასახედიდან ისევ რომ იღებდეთ გადაწყვეტილებას, როგორ  მოიქცეოდით?

ისევ წამოვიდოდი. იმიტომ, რომ მე აქ რაც გავაკეთე ჩემი თავისთვის, ჩემი დედიკოსთვის, როგორც დავეხმარე, ჩემს თავს პირველ რიგში, ამას საქართველოში ვერ გავაკეთებდი. ისეთი ავადმყოფი გავხდებოდი, რომ შეიძლება ახლა ლოგინში ვიწვე. ახლა აქ ვმუშაობ და ვმკურნალობ კიდეც.

საქართველოში მხოლოდ ვმუშაობდი, ვერ ვმკურნალობდი. საქართველოში ვმუშაობდი ქალაქის გამწვანებაში, საუკეთესო სამსახური მქონდა. შემამცირეს და მითხრეს, არ გაგიშვებთ, რადგან კარგი თანამშრომელი ხარ, მაგ ხელფასზე ორ საქმეს თუ გააკეთებ, დაგტოვებთო. დავთანხმდი. მაგრამ გავიდა პერიოდი და ისიც შემიმცირეს.

წავედი სხვაგან სამუშაოდ. ყველანაირი სამუშაო ვცადე. არასდროს არ მითაკილია მუშაობა. რა მნიშვნელობა აქვს ბადანტე [მოხუცის მომვლელი] იტალიაში ვიქნები თუ საქართველოში?  ვმუშაობდი მაღაზიაში – დილის 7 საათზე გავდიოდი სახლიდან და საღამოს 11-ზე შემოვდიოდი. სანამ მოვწესრიგდებოდი, სანამ დავიძინებდი, უკვე თენდებოდა და უნდა ავმდგარიყავი. ვმუშაობდი ბევრს, მაგრამ მქონდა მიზერული ხელფასი.

რომ გავაანალიზე ოპერაცია რა მიჯდებოდა, მეთქი შეუძლებელია. სახლ-კარის გარეშე დავრჩები, ამას ვერ გადავიხდი.

ამიტომ, ისევე ამას გავაკეთებდი.

მქონდა ცუდი დღეები იტალიაში, დასტრესილიც ვიყავი, მაგრამ კარგი დღეებიც მქონდა.

ერთმანეთს წონის.

მაია მაჭარაშვილი ფოტო: მარიამ ქველიაშვილი

  • როგორ წარმოგიდგენიათ დაბრუნება საქართველოში?

რომ გითხრა სიმართლე ამაზე ყოველდღე ვფიქრობ-მეთქი, არა. მე ჯერ კიდევ მაქვს საქმეები, რაც მინდა, რომ დავამთავრო. დაბრუნება? დაბრუნება მინდა. ალბათ ყველაზე ბევრი სამი წელი გავჩერდე და რაც არ უნდა ცუდი და გაჭირვებული სახელმწიფო იყოს, მაინც მინდა, რომ დავბრუნდე, რადგან ეს ჩემია. მე ასე გამზარდეს – შენი ცუდი გერჩივნოს, სხვის კარგსო.

ორი ოპერაცია გავიკეთე. ახლა მესამე უნდა გავიკეთო. ექიმმა დამარეგისტრირა თავად. რადგან ჩემი ოპერაცია არის უფასო და არაა გადაუდებელი, ცოტა დიდი დრო სჭირდება რიგში დგომას.

უდიდესი პატივისცემა ვნახე იტალიელი ექიმებისა და ექთნებისგან. არ მიგრძნია, რომ „სტრანიერი“ ვიყავი – უცხოელი, ჩამოსული… არ განასხვავებენ, არავისგან.

ოპერაციას რომ გავიკეთებ, ორი-სამი წელი დავრჩები, ორი კაპიკი თანხა რომ მქონდეს ხელში. მე რომ ჩავალ, პატარა გოგო აღარ ჩავალ. ვერსად მუშაობას ვერ დავიწყებ. როცა პატარა ვიყავი ასაკით, სამსახურიდან გამომიშვეს. რვა წელია აქ ვარ. ეს რვა წელი ხომ დავკარგე. ჯანმრთელობა, ის ახალგაზრდობა, არაფერი აღარაა. კიდევ რომ ვამბობ  სამი-ოთხი წელი დავრჩები-მეთქი, დაბრუნებულს ვინ მამუშავებს იქ? ამიტომ მინდა ის ორი კაპიკი, რომ მე და ჩემს დედიკოს გვქონდეს ყველაფერი, რაც დაგვჭირდება.

  • იტალიაში როგორ ცხოვრობთ ახლა, რისი გაკეთება გიწევთ?

იტალიური ცხოვრება არ არის რთული და არც არის ადვილი. რთული არაა იმიტომ, რომ თუ გემრიელი დიასახლისი ხარ და შეგიძლია ადამიანების სიყვარული, ადვილია. მაგრამ იცი რატომ არის თან რთული? პასუხისმგებლობაა. როცა შენ ოჯახი განდობს თავის მშობლებს, გაბარებს სახლის გასაღებს, გაბარებს იმ ბარათს, რომელზეც თანხაა, შენ ვალდებულად თვლი თავს, დიდი პასუხისმგებლობაა. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.

არიან ბებიები, ეფერები, გადაყოლილი ხარ თან, მაგრამ არ გიფასებენ. სამაგიეროდ შვილები ხედავენ შენს ამაგს.

არიან ოჯახები, შვილები ვერ ხედავენ, შენ რას აკეთებ მათი მშობლებისთვის და ბებიები ხედავენ. არიან ოჯახები, სადაც ყველა ხედავს და აფასებს შენ საქმეს.

აი, იქ ხარ ძალიან ბედნიერი. იქ ხარ ძალიან ლაღი. მაგრამ ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, როცა შენ გაბარებენ მშობელს, არ გიმალავენ სახლში არაფერს და გაძლევენ სრულ თავისუფლებას.

კი, მენატრება საქართველო, მაგრამ აქ ვგრძნობ, რომ რაღაც მნიშვნელოვანს ვაკეთებ, მინიმალურს, მაგრამ მაინც ამაყი ვარ და ბედნიერი.

  • პიროვნულად რამდენად რთულია საზღვარგარეთ ცხოვრება და მუშაობა? ბევრი ემიგრანტისგან მომისმენია, რომ აქ მუშაობას „დაკარგულ დროდ“ თვლიან. თქვენ რას ფიქრობთ?

დროს იცი როგორ კარგავ? კარგავ იმიტომ, რომ შენებთან ურთიერთობა არ გაქვს, ოჯახის წევრებთან. მხოლოდ ტელეფონზე ლაპარაკით შემოიფარგლები.

დროის დაკარგვაა, როცა კარგავ მეგობრებს, იმიტომ, რომ შენი მეგობრები იქ არიან და შენ აქ ხარ. დროის დაკარგვაა ის, რომ ნათესავები, ოჯახის წევრები ლხინის სუფრებს აკეთებენ და შენ არ ხარ იქ. არის უბედურებაც და ვერც იმას ვერ იზიარებ. ჩემ აქ ყოფნაში  ორი ახალგაზრდა ბიძაშვილი დავკარგე. ძალიან მტკივნეული იყო.

და შენ იქ არ ხარ, რომ მიხვიდე და იმ ტკივილს შეეხო. აი, ეს არის დაკარგული დრო, თორემ სხვა… როცა საქმეს აკეთებ და ოჯახს ეხმარები, შენ თავს ეხმარები, ვერ ვიტყვი დაკარგულია.

ის, რაც მე აქ გავაკეთე, მე ამას დაკარგულად არ ვთვლი.

  • წლებია იტალიაში ხართ. ამ პერიოდში რა შეიცვალა თქვენთვის საქართველოში? თუ ეცნობით საქართველოს ამბებს და როგორ ჩანს აქედან იქაური ცხოვრება?

საქართველოში შეცვლით არაფერი შეცვლილა. ვერ ვიტყვი, რომ წამოვედი სხვა მთავრობის დროს და ახლანდელი მთავრობა კარგია, არა. 2015 წელს წამოვედი. არაფერი შეცვლილა. ჩემ დროს რა ფასებიც იყო, იმაზე უარესი ფასებია დღეს.

შეცვლით არაფერი არ შეცვლილა. წინ ვერ მივდივართ, თუ უკან არა.  რასაც აქედან ვხედავ ინტერნეტში, ვხედავ, რომ ცუდი სიტუაციაა საქართველოში.

ხანდახან იცი, რას ვფიქრობ? ნეტავ მართლა იმ დავით აღმაშენებლის შთამომავალი ვართ? იქნებ ისტორია შეგვილამაზეს, რომ ჩვენ კარგად გავზრდილიყავით. დღეს იმდენ ღალატს, იმდენ ცინიზმს, იმდენ ტყუილს ვხედავ, რომ ბევრჯერ დავფიქრებულვარ. ნეტავ ჩვენ მართლა დავითის შთამომავლები ვართ?

კომუნისტების დრო იყო, როცა რელიგია იკრძალებოდა, ეკლესიაში უფრო მეტი მრევლი დადიოდა რწმენით. დღეს ეკლესიაში ხალხი დადის და მერე რა?

ინტერნეტიდან ვუყურებ ჩემ ქალაქს. რუსთავიდან ვარ – ძალიან გალამაზებულია.

მაგრამ მე სილამაზე მიხარია თუ მაქვს ამ სილამაზის შეგრძნების ფინანსური მხარე. კი, ფული ყველა პრობლემას არ ჭრის, მაგრამ საჭიროა.

ვთქვათ მყავს შვილი, რუსთავი კი გახდა ლამაზი ატრაქციონებით სავსე ქალაქი. თუკი მე ჩემ შვილს იქ ვერ წავიყვან, ჩემთვის ეგ სილამაზე არაფერი არ არის.

  • რომ გთხოვოთ რაიმეს შეადაროთ, ან აღწეროთ თქვენი აქაური შრომა და ცხოვრება, რას შეადარებდით, როგორ აღწერდით?

რას უნდა შევადარო? იტალიური ცხოვრება არის რთული, არის ადვილი. იტალიური ცხოვრება ნეტა ჩვენ ქართველ ახალგაზრდებსაც ჰქონდეთ. იმიტომ, რომ ესენი მუშაობენ და იმის საშუალებაც აქვთ, რომ გავიდნენ და დაისვენონ. ამათი შრომა ფასობს.

განა ესენი არ მუშაობენ, მაგრამ საღამოს იმის საშუალება აქვთ, რომ კაფე-ბარში წავიდნენ, გარეთ ჭამონ. ამათ აქვთ ფული. ჩვენთან ახალგაზრდებს? არაფერი…

იტალიური ცხოვრება შემიძლია ჩემ ბავშვობას შევადარო. მე ვიყავი ერთი უბრალო ოჯახის შვილი. მამა იყო ავტობუსის მძღოლი, დედა ექთანი. მაგრამ მათი შემოსავალი იყო იმხელა, რომ ჩვენ, შვილებს შეგვეძლო აგვერჩია, სად დაგვესვენა ზაფხულის სამ თვიან არდადეგებზე. არაფერი არ გვაკლდა.

აი, იმ დროს, ჩემი ბავშვობის დროს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი გვიბრახუნებდა თავში, შევადარებ დღევანდელ იტალიურ ცხოვრებას.

ნეტა დავეწევით ოდესმე? არ ვიცი.

იმიტომ, რომ აქ ბავშვები ისეთივე ბედნიერები არიან, როგორც ჩვენ ვიყავით. არაფერი არ გვაკლდა. ცუდია, ძალიან ცუდი, რაც ახლა საქართველოში ხდება.

მაია მაჭარაშვილი ფოტო: მარიამ ქველიაშვილი

  • როცა საქართველოდან მოდიოდით, რა გეგმები, იმედები გქონდათ? რამდენ ხანში წარმოგედგინათ უკან დაბრუნება?

ჩემი გეგმა იყო – იტალიაში ჩამოსვლის მერე მომეგროვებინა ფული, გამეკეთებინა ოპერაცია და დავბრუნებულიყავი საქართველოში. ისე ვიყავი მიჩვეული იმ პატარა ხელფასს, ამაზეც თანახმა ვიყავი. ჩამოვედი ორი-სამი წლის დარჩენის გეგმით და აგერ რვა წელი გავიდა.

თუმცა ამ რვა წელში ორ წელიწად-ნახევარი ჩემ ოპერაციებსა და რეაბილიტაციაში გავიდა. ესეც იმიტომ გამეწელა, რომ კოვიდი დამემთხვა. გეგმებიც დამემატა. აქედან რომ დავბრუნდები, მინდა ვიცხოვრო სოფელში. ამიტომ იმ კომფორტს ვიქმნი სოფელში, რაც მჭირდება იქ მუდმივად საცხოვრებლად.

  • სახელმწიფოს პასუხისმგებლობას სად და როგორ ხედავთ? რა უნდა გააკეთოს საქართველოს მთავრობამ ემიგრანტებისთვის?

საელჩოები ამუშაოს კარგად. რამდენჯერ მინახავს, რომ დებენ პოსტებს – რომში, საქართველოს საელჩოს ნომერი მითხარით. ან წერენ „ვრეკავთ, არ გვპასუხობენ, ვეძებთ არ გვპასუხობენ“. ჩვენ ხომ ვართ წამოსულები და ვმუშაობთ.

არ შეიძლება საელჩოს პრობლემა მაინც მოგვიგვაროთ ქართველებს, ვინც აქ ფიზიკურად ვშრომობთ? კარგი, მე თუ ოჯახისთვის ვშრომობ, ფულს რომ ვაგზავნი საქართველოში, ქვეყანაც ხომ სარგებლობს ამით?

როცა რაღაცა პრობლემა გვაქვს, ვიღაცა ცუდადაა, თუნდაც ვიღაცას ავიწროებენ, რომ ვრეკავთ საელჩოში და არავინ არ გვპასუხობს. ასე მალ-მალე ამ ნომრების შეცვლა რაში სჭირდებათ. აი, ეს პრობლემა მაინც მოუგვარონ ქართველებს. მე აქ ადვოკატი მყავს აყვანილი, რადგან არ მაქვს საელჩოს იმედი.

ძალიან კარგი ხალხი იტალიელები, მაგრამ რამე რომ გამიჭირდეს ადვოკატი მჭირდება. რატომ უნდა მჭირდებოდეს ადვოკატი, როცა საელჩოა? მაგრამ რამე რომ გამიჭირდეს, ვერ მიაგნებ საელჩოს. ვერ დაუკავშირდები. თუ მიხვალ და სულ შესვენებაზე არიან, სულ რაღაცა პრობლემა აქვთ.

ეს მჭირდება მთავრობისგან. მე ხომ არ ვეუბნები, ჩამოდი მომიკითხე-მეთქი. აქ რომ ქართველი ვინმე ცუდად გახდება, იცი როგორი დახმარება იციან ქართველებმა? მაგრამ საელჩოც მჭირდება.

  • ემიგრაცია თავისუფალი არჩევანია თუ გამოუვალი მოცემულობა ოჯახის ეკონომიკურად მხარდასაჭერად?

ჩემ შემთხვევაში ჩემი არჩევანი იყო, მაგრამ ბევრი ნაცნობი მყავს აქ, რომლებიც ეკონომიური პრობლემების გამო წამოვიდნენ. ვისაც შვილები ჰყავთ, იმათ უფრო ბევრი პრობლემა აქვთ.

თავად იტალიელებიც მრავლად არიან ემიგრაციაში – ამერიკაში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში. აქაური ხელფასი ხშირად ამათაც არ ჰყოფნით. მაგრამ ამათ მთავრობა ეხმარება, როცა რჩებიან უმუშევრები. მიზერულ თანხას უხდიან მაინც და არ ჰყოფნით.

საქართველოში ჩემთვის ის თანხა რომ გადაეხადათ, რაც აქ გადამიხადეს, უმუშევარი რომ დავრჩი, არ წამოვიდოდი იტალიაში. ან თუ ოპერაციის გაკეთების საშუალება მექნებოდა, რატომ წამოვიდოდი იტალიაში?

აქ წამოსული ქალები მართლა კარგავენ დროს, რადგან შვილის გაზრდის პერიოდს ტოვებენ. ისე იზრდებიან შვილები, ისე ქორწინდებიან, შვილიშვილების გაცნობის საშუალებაც არ აქვთ ზოგჯერ. ხვდები რამხელა რაღაცაა?

ეს ქალები მედარდებიან. იმიტომ, რომ ისინი შვილებისთვის გადმოიხვეწენ და ისე დააოჯახეს ეს შვილები, თვითონ იქ არ არიან.

აქ, პრატოში [ქალაქია იტალიაში] ერთი ქალი გავიცანი, 65 წლის. „შვილო, ალბათ გაგიკვირდება რატომ წამოვედი ამ ასაკშიო. რძალს ჰქონდა გადაწყვეტილი წამოსვლა, მაგრამ არ გამოვუშვიო.

ვუთხარი – „თქვენ ცოლ-ქმარს ახლა გინდათ ერთად ყოფნა, ამიტომ მე წავალო“. წამოვიდა იმიტომ, რომ სეტყვამ დაუსეტყვა მოსავალი, ვალი ჰქონდა ბანკიდან აღებული, ის რომ არ დაეფარა, სახლს დაკარგავდა.

65 წლის ქალმა ჩაალაგა ჩემოდანი და ჩამოვიდა იტალიაში სამუშაოდ. ვისი ბრალია ახლა ეს? ჩემი თუ შენი?

აი, ეს ხალხი უფრო კარგავს დროს, ვინც შვილებისთვის თავგადადებულია.

  • ევროპაში ცხოვრობთ. მინდა გკითხოთ, რას ნიშნავს ევროპა თქვენთვის?

ჩემთვის, პირადად, ევროპა არის ცივილიზაცია. მე ბევრჯერ მინახავს ინტერნეტში დადებული პოსტები – ევროპა არის სიბინძურე და ა.შ.

ნურას უკაცრავად!

მე სადაც მიმუშავია ოჯახებში, თქვენ რომ ნახოთ ისინი, როგორ ზრდიან თავიანთ შვილებს, იტყვით, რომ საქართველოში გაზრდილები არიან ესენიო. არცერთი ევროპელი მშობელი შვილს არ აძლევს მოწევის და თმის შეღებვის უფლებას სკოლის პერიოდში. არ აძლევენ ტელეფონს. ს

საქართველოში უფრო ბევრ ბავშვს უჭირავს ტელეფონი, ვიდრე აქ. აქ 14 წლის ზემოთ ყიდულობენ ბავშვებისთვის ტელეფონს და ისიც დროებით – სკოლაში არ ატანენ. მე სადაც მიმუშავია, იმ ოჯახების მაგალითზე ვამბობ.

ევროპას ნუ მივაკრავთ ცუდ მარკას. ერთ მაგალითს გეტყვით – ახლა რომ იტალიაში ახალი მთავრობა მოვიდა, ჯორჯია მელონი არის ულტრა-მემარჯვენე. არ უყვარს უცხოელები. რომ გაიმარჯვა არჩევნებში პირველი რომის პაპმა მისწერა წერილი: „მე შენ გილოცავ არჩევნებში გამარჯვებას, მაგრამ არასდროს დაგავიწყდეს, რომ იტალია არის ჰუმანური ქვეყანა და ჩვენ ყველას უნდა დავეხმაროთ. არასდროს არ მისცე შენს თავს უფლება, განასხვაო იტალიელი უცხოელისგანო“.

აი, ამას რომ მოისმენ, ეს ევროპა არ არის?

ცუდიც უნდა დაინახო და კარგიც. და იმ კარგს რომ დაინახავ, ისიც უნდა თქვა. თუკი ცუდს უკეთებ აფიშირებას, რატომ კარგს არ უკეთებ? მე რამდენი კარგი გამიკეთა ევროპამ, როგორ უნდა ვთქვა ცუდია?

რვა წელია აქ ვარ, მაგრამ იტალიური კარგად არ ვიცი. ბანკსა და ფოსტაში როცა შევდივარ, ვუხსნი, რომ უცხოელი ვარ. სანამ წერტილ-მძიმემდე არ გამაგებინებენ რა, სად და როგორ, არავინ გამოგიშვებს. კანონს არ დაარღვევს და შენ არ მოგატყუებს. აი, ეს არის ევროპა.

სიმართლე, ჰუმანურობა, ადამიანების სიყვარული და პატივისცემა – აი, რა არის ევროპა ჩემთვის.

  • რა არის ევროპაში ისეთი, რაც გსურთ ნახოთ საქართველოში?

სამუშაო ადგილები. როცა სამუშაო ადგილები იქნება, როცა ყველა იმუშავებს და ხელფასი ექნება, ყველაფერს შექმნი.

ინტერნეტში ვნახე – „სამუშაო ადგილების მეტი რა არის, კადრებს ვერ ვპოულობთო“. მე რომ შენთან მოვალ, თუნდაც დამლაგებლად, მამუშავებ დილის რვა საათიდან საღამოს 8 საათამდე და გადამიხდი ხუთ ლარს, მე ხომ ცოდო ვარ?

როცა სამუშაო იქნება და ადეკვატური ანაზღაურება, ყველაფერი იქნება. დამლაგებელსაც რომ აიყვან, იმასაც შესაბამისი ხელფასი უნდა გადაუხადო.

  • რამდენად ღირებულია თქვენი შრომა იტალიისთვის, როგორც სახელმწიფოსთვის? რატომ არის მნიშვნელოვანი ის საქმე, რასაც აკეთებთ?

როცა მუშაობ კონტრაქტით, ღირებულია. მუშაობამ ისინი ხელფასს მიხდიან, მე რაღაცა ნაწილს მთავრობას ვუხდი. მეორე იმიტომაც არის ღირებული, რომ აქ იზრდება შვილი, ქორწინდება, მიდის. შვილები როცა დასაქმებულები არიან და მშობლები მარტო რჩებიან, სჭირდებათ სანდო ადამიანი, ვინც მათ ყურადღებას მიაქცევს. ამიტომ შენ, ვინც მათ მშობლებს უვლი, მნიშვნელოვანი პიროვნება ხარ.

მთავარია შენ არ გაიფუჭო საქმე და ბოლომდე მნიშვნელოვან პიროვნებად დარჩე. თუ კარგად მოექცევი, ისინიც კარგად მოგექცევიან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: