მთავარი,სიახლეები

„არ შეგეშინდეთ, მასწავლებლობა არ არის რთული“ – 98 წლის ესმა მასწავლებელი ქედიდან

06.11.2023 • 6493
„არ შეგეშინდეთ, მასწავლებლობა არ არის რთული“ – 98 წლის ესმა მასწავლებელი ქედიდან

„მასწავლებლობა არ არის რთული, არ შეგეშინდეთ – რკინის ბოძივით მყარად იყავით“ – გვეუბნება 98 წლის ესმა ბერიძე ქედიდან, სოფელ ზესოფლიდან, რომელიც 37 წელი ასწავლიდა სკოლასა და ბაღში.

ესმა ბერიძეს 5 შვილი, 9 შვილიშვილი, 8 შვილთაშვილი და 4 შვილთაშვილის შვილი ჰყავს.

მასწავლებელს დღემდე კარგად ახსოვს სკოლაში ჩატარებული პირველი გაკვეთილი და შთაბეჭდილებები.

„მოსწავლეებს არასდროს ვარჩევდი ერთმანეთისგან. ყველა ერთნაირად მიყვარდა და ყველასთან ერთნაირი დამოკიდებულება მქონდა.

დაუშვებელია მასწავლებელმა მოსწავლეები ერთმანეთისგან გაარჩიოს. მასწავლებელმა ყველას ერთნაირად უნდა მიუდგეს“, – გვითხრა ესმამ, რომელმაც ბოლო გაკვეთილი პენსიაში გასვლამდე ჩაატარა.

სკოლის მასწავლებლობამდე ესმა 12 წელი ასწავლიდა ბაღში. ფიქრობს, რომ ბავშვის სკოლამდელი აღზრდა აუცილებელია და ამიტომ, მნიშვნელოვანია ყველა ბავშვს ჰქონდეს ბაღში სიარულის შესაძლებლობა.

ესმა ბერიძემ დაწყებითი კლასის მასწავლებლად მუშაობა 69 წლის წინ, სოფელ ძენწმანის სკოლაში დაიწყო. შემდეგ 20 წელი ასწავლიდა ზესოფლის საჯარო სკოლაში, ბოლო წლებში კი – მეძიბნის, აგარის, გობრონისა და ძენწმანის სკოლებში.

„წიგნების კითხვა ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის. წიგნის კითხვას მალევე თუ მიეჩვევა მოსწავლე, სწავლაც არ გაუჭირდება. მასწავლებლის მიდგომაზეა დამოკიდებული მოსწავლის სწავლით დაინტერესება და მისი აკადემიური მოსწრება. მოსწავლის აღზრდაში დიდი როლი აქვს მასწავლებელს.

ჩემს მოსწავლეებს ძალიან ვუყვარდი. მეც მიყვარდა და ვამაყობდი ჩემი მოსწავლეებით.

მახსოვს, პირველი გაკვეთილი რომ ჩავატარე. ჩემი აზრით, კარგად და განსხვავებულად ვასწავლიდი მოსწავლეებს, სხვა სკოლებთან შედარებით“.

ესმა ბერიძე

მასწავლებელი ჩვენთან საუბრისას სწუხს, რომ ახლა ადრე ადგომას ვეღარ ახერხებს და იხსენებს მასწავლებლობის წლებს, როცა მისი დღე გამთენიისას იწყებოდა. ესმა ძირითადად ფეხით დადიოდა მეზობელი სოფლის სკოლებში, იქამდე კი სახლის საქმეები უნდა მოესწრო. გვიყვება, რომ იშვიათი შემთხვევა იყო გზად მანქანა შეხვედროდა. ზამთარში ესმას იმ სოფელში უწევდა დარჩენა, სადაც ასწავლიდა, რადგან დიდთოვლობის გამო ხშირად იკეტებოდა საავტომობილო თუ საფეხმავლო გზა.

„ჩემს მოსწავლეებს ყოველთვის ლმობიერად ვექცეოდი, მაშინაც, როცა მაბრაზებდნენ. მასწავლებელმა უნდა იცოდეს მიდგომა ბავშვებთან, რა გაახარებს მოსწავლეებს და ა.შ.

მოსწავლეებთან ურთიერთობა არასდროს გამჭირვებია. ყოველთვის კარგი და ბეჯითი მოსწავლეები მხვდებოდნენ. მგონი, ძალიან იღბლიანი ვარ.

ახალგაზრდა მასწავლებლებს ვურჩევ, რომ მეთოდური მიდგომა გამოიყენონ სკოლაში, ხშირად ათამაშონ მოსწავლეები“, – გვეუბნება მასწავლებელი, რომელმაც მისი მოსწავლეების ყველა წარმატების შესახებ იცის და ძალიან ამაყობს.

მასწავლებელს ხშირად სტუმრობენ მოსწავლეები და ერთად იხსენებენ სკოლის პერიოდს.

„სიბერე ძალიან რთულია. ყველაფერი აკლდება ადამიანს: სმენა, ჭამის მადა და ა.შ. სიბერის ყოველთვის მეშინოდა, მაგრამ რას ვიზამ“, – გვითხრა ესმამ.

ესმა მასწავლებელი გვეუბნება, რომ როცა თავს კარგად გრძნობს, ძირითად დროს კითხვას უთმობს.

______________

მთავარ ფოტოზე: ესმა ბერიძე. ფოტო: ქედის მუნიციპალიტეტის მერია

გადაბეჭდვის წესი


ასევე: