სანამ მთებში ჩამოთოვს – ხულოში მცხოვრები ოჯახის სამზადისი ზამთრის წინ

მართალია, თბილი ნოემბერია, მაგრამ მაღალმთიან აჭარაში ამბობენ ხოლმე – „აჭარის თოვლი ცაში არ დარჩებაო“. ახლა ათასობით ოჯახი აჭარის მთის სოფლებში ზამთრის თოვლიანი დღეებისთვის ემზადება, როცა გზებზე გადაადგილება და საჭირო პროდუქტების შეძენა ჭირს.

ამ სტატიაში ხულოს სოფელ სხალთაში მცხოვრები 7-სულიანი ოჯახის ზამთრისთვის სამზადისზე მოგიყვებით, რომელიც, ოჯახის თქმით, 4 თვე გრძელდება.

36 წლის მზია და 44 წლის გელა ბარამიძეებს 4 შვილი ჰყავთ. მათგან სამი სკოლის მოსწავლეა, ერთი კი საბავშვო ბაღში დადის. ოჯახთან ერთად ცხოვრობს გელას 80 წლის დედა.

ბარამიძეების ოჯახი სოციალურად დაუცველია.

– როდის იწყებთ პროდუქტების მომარაგებას? – ვეკითხები.

– მაშინ დავიწყებთ, როცა ფული გვექნება. წელს, ალბათ, თვის ბოლოდან – დაუფიქრებლად პასუხობს კითხვას მზია.

მზია მიყვება, რომ გასულ წელთან შედარებით წელს კარტოფილის უკეთესი მოსავალი აიღეს, მაგრამ კარტოფილის ფასი ბაზარზე ძალიან დაბალია და ფიქრობენ, ცოტახანს კიდევ დაიცადონ. ოჯახს იმედი აქვს, რომ ფასი ოდნავ მაინც გაიზრდება. აქამდე ცოტ-ცოტა ნედლი და ხმელი ლობიო გაყიდეს.

მზია აღნიშნავს, რომ მათ მოსავალს იმდენი შემოსავალი არასდროს ჰქონია, რაც მათი შრომის საპირწონე იქნებოდა. ქალის თქმით, ხშირია ისეთი შემთხვევაც, როცა მთელი წლის მოსავალი ადგილზე უფუჭდებათ – „მაგალითად, ლობიო, შეიძლება დაჩიჩოს“.

„ზამთრის პროდუქტების მარაგის შევსება გვეწელება, დიდ დროს ვანდომებთ. როგორ არის იცით? ლობიო, კარტოფილი და ასეთი პროდუქტი ყოველთვის გვაქვს. ფქვილი, შაქარი, მარილი – გინდა არ გინდა, უნდა იყიდო, მაგრამ მანამდე ბავშვებს თბილად უნდა ჩააცვა. მათ რომ ჩავაცმევთ, თუ რამე დაგვრჩა, მერე შევიძენთ.

ზამთრის პროდუქტი ჯერ არ მოგვიმარაგებია. აქამდე ბავშვების საზამთრო ტანსაცმელს ვაგროვებდით. მათ უკვე თითქმის ყველაფერი აქვთ. ახლა პროდუქტების მომარაგებაზე ვართ გადართული. ალბათ ამ თვეში… როგორც ზამთარს სჭირდება, ყველაფერს ვერ მოვიტანთ. შესაძლოა, იქამდე გათოვდეს. ნაწილს ახლა შევიძენთ და ნაწილსაც იქითა თვის ბოლოს.

ჩვენთვის ვერაფრის შეძენას ვერ ვახერხებთ. ვცდილობთ, რომ არაფერი მოვაკლოთ ბავშვებს. როგორც საჭიროა, ისე ისედაც ვერ ვაცვამთ, მაგრამ ვცდილობთ, რომ საშუალოდ მაინც ჰქონდეთ, სწავლაში რომ ხელი არ შეეშალოთ.

ჩვენზე აღარც ვფიქრობთ. მე მყავს ნათესავები და ისინი მიგზავნიან. დედა, მამიდა მჩუქნიან. მე სულ სხვისი ტანსაცმლით ვარ, თორემ დიდი ხანია არაფერი შემიძენია. მინიმუმ 2-3 წელია.

ერთ სოციალურზე ვართ დამოკიდებული. ზამთრის გასატანად რამდენი ფქვილიც გვჭირდება, იმასაც ვერ ვყიდულობთ ერთდროულად. ორი ტომრის შეძენა შეგვიძლია ერთად.

ზამთარში გზები ყოველთვის შეიძლება ჩაიკეტოს. თანხა რომ გქონდეს, ყველაფერს იყიდი და მშვიდად იქნები. ახლაც ვიყიდდით და დავაწყობდით. რა მოუვა ფქვილს?!

სახელმწიფო სოციალურს რომ მაძლევს, ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ეს რომ არ მქონდეს, სულ ჩავიძირები. ამას არ ამართმევდნენ, მომატებას აღარ ვჩივი“, – ამბობს მზია.

ბარამიძეების ოჯახს ზამთრის გასატანად 4-5 ტომარა ფქვილი სჭირდება.

დედამ კარგად იცის, რომ მნიშვნელოვანია შვილებს მრავალფეროვანი კვებითი რაციონი შესთავაზოს, მაგრამ ამ ეტაპზე ოჯახისთვის ეს ფინანსურად დაუძლეველი გამოწვევაა:

„ხორცის ყიდვას ვერასდროს ვახერხებთ. თუ ვინმემ აქ დაკლა პირუტყვი, შეიძლება ერთხელ, ორჯერ მოხვდეს ხორცი მაგიდაზე. მეზობელი საჩუქარს გაგვიკეთებს. კიდევ ყურბან ბაირამზე გვაქვს ხორცი“.

მზიას მთავარი საფიქრალი და ოცნებაა, მის შვილებს „ყველაფერი კარგად ჰქონდეთ“ და ჰქონდეთ ყველაფერი, რაც მათ კლასელებს, მეგობრებს ექნებათ.

„მინდა, სხვა ბავშვებისგან არ განსხვავდებოდნენ, თავს დაჩაგრულად არ გრძნობდნენ. მხოლოდ ამაზე ვოცნებობ. იმდენს ვაკეთებთ მე და ჩემი მეუღლე, რომ არ გამოირჩეოდნენ სხვებისგან“, – მეუბნება მზია.

ქალის თქმით, როგორც ყველა ბავშვს, მის შვილებსაც აქვთ საახალწლო სურვილები, მაგრამ მათი ახალი წელი „ნაკლებად ხალისიანია“.

„ეს ძალიან აკლიათ ჩემს შვილებს და ძალიან გული მწყდება, ამას რომ ვუყურებ. ბავშვები ანგარიშს უწევენ ჩვენს მდგომარეობას“.

მზიასგან ვიგებ, რომ ოჯახს ნაძვის ხე გასულ წლამდე არასდროს ჰქონია. შარშან გვაჩუქა მთავრობამო – მეუბნება მზია.

გელა ამბობს, რომ ოჯახმა, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები, ასაკოვანი ადამიანი ცხოვრობს, თადარიგი აუცილებლად უნდა დაიჭიროს და ზამთრისთვის ყველაფერი დროულად მოიმარაგოს, დაასწროს გზის ჩაკეტვას, მაგრამ ეს ძალიან რთულია, მით უფრო მაშინ, როცა – „გლეხის ნამუშევარს არანაირი ფასი არ აქვს და რაც ქალაქიდან ამოგვაქვს, ყველაფერი ძვირი ღირს“.

ბარამიძეების ოჯახს მანქანა არ აქვს და საზამთრო მარაგი სახლამდე სოფლის „მარშუტკით“ მიაქვთ.

„პური გინდა, შაქარი, ზეთი, მარილი, მაკარონი, ბრინჯი… ყველაფერს ვყიდულობთ, რადგან მცირეწლოვანი ბავშვები გვყავს.

იცით, ხომ?! ყველაფერი გაძვირდა: მგზავრობა, პროდუქტის ყიდვა, ამოტანა. ეს პრობლემები აქვს მოსახლეობას. ყველა მაგის გასაჭირში ვართ, მაგრამ რა უნდა ქნა? ოჯახი რომ ითხოვს, როგორ არ უნდა იყიდო რაიმე? რაღაც უნდა იღონო და ზამთრისთვის მოემზადო.

მაღალმთიან სოფელში რომ ცხოვრობ, გიჭირს – არ გიჭირს არ არის. ბავშვებს როგორ უნდა მიახვედრო, გაქვს თუ არ გაქვს?“ – კითხვას მიბრუნებს გელა.

კაცის თქმით, ხანგრძლივი ზამთრისთვის სამზადისს ბავშვებისთვის თბილი ტანსაცმლის შეგროვებით იმიტომაც იწყებენ, რომ ზაფხულში შედარებით იაფია ზამთრის ტანსაცმელი:

„ზამთარში ძვირია, ორმაგი და სამმაგი ფასი აქვს, ამიტომ, ძირითადად, ზაფხულში ვყიდულობთ. თითო ბავშვს თითო თვეში ვყიდულობთ რაღაცას და ასე, ნელ-ნელა ვუგროვებთ დაზამთრებამდე“.

ბარამიძეები პროდუქტების ყიდვას ხულოში ამჯობინებენ. გელას თქმით, მუნიციპალიტეტის ცენტრი მათთან ახლოსაა და პროდუქტების მარაგის მიტანა სახლამდე შედარებით იაფი უჯდებათ.

„თანაც, პროდუქტების ნაწილი ნისიად მოგვაქვს ხულოდან. ისეთ გამყიდველთან ვყიდულობთ ხულოში, რომელმაც იცის, სოციალური დახმარება რომ გვაქვს და ყოველი თვის ბოლოს შეგვიძლია ვალის გადახდა ნაწილ-ნაწილ. გვენდობა.

წამლებსაც წინასწარ ვიმარაგებთ. ვცდილობთ, რომ ყველაფერი გვქონდეს. მრავალშვილიანი ვართ, ასაკოვანი დედა მყავს, ყველაფერზე წინასწარ უნდა ვიფიქრო. ხშირად არის, რომ წამლები მეზობლებს არ აქვთ, ამიტომ აუცილებელია ჩვენ გვქონდეს მარაგში. ყოველთვის და ყველაფერში წინასწარი თადარიგის დაჭერა გვიწევს, რაც ძალიან ძნელია.

სოფელში გასავალი გაცილებით მეტია, ვიდრე შემოსავალი. ამის გათანაბრება შესაძლებელია, თუ გლეხის მოყვანილ მოსავალს შესაბამისი ფასი ექნება ბაზარზე. გლეხებმა ვიცით ჩვენი შრომის ფასი და ვიცით ისიც, რომ ჩვენი წვალება არაფრად ღირს“, – მითხრა გელამ.

კაცის თქმით, ადრე უფრო ბევრი საქონელი ჰყავდათ, მაგრამ ახლა მხოლოდ 2 ძროხა ჰყავთ და ოჯახისთვის საკმარის რძის პროდუქტებსაც ძლივს ამზადებენ.

გელას თქმით, ძროხის შენახვა ზარალია, თუ მისთვის ზამთარში თივა უნდა იყიდო. ოჯახი თივას ყოველთვის თავიანთ სათიბებზე აგროვებდა. ასეა ახლაც.

„ჩვენი შეგროვებული თივა რამდენ სულ პირუტყვსაც ეყოფა, იმდენს ვინახავთ ჩვენც. მახსოვს, ადრე ჩვენი სათიბებიდან 2 და 3 მანქანა თივა მომქონდა. ახლა ერთი მანქანა თივა გამოდის ან არ გამოდის. ძალიან იკლო მოსავალმა“, – მიყვება გელა.

იგი ამბობს, რომ ბოლო 3-4 წელია რთული ზამთარი აქვთ ხულოში. გზა ხშირად ხანგრძლივად იკეტება. კაცი იხსენებს შემთხვევებს, როცა 20 დღე, 1 თვე იყვნენ ჩაკეტილები დიდთოვლობისგან, რასაც თან ახლავს უშუქობა.

„გვქონია შემთხვევები, როცა თოვლმა სახლის სახურავები ჩატეხა. მეც ჩამიტეხა, მეზობლებსაც. ზამთარში ღამე გადაუღებლად ითოვა, შუქი არა… ზარალია. არ არის გამორიცხული, რომ თოვლმა წელსაც დაგვიზიანოს სახურავი“, – მეუბნება გელა.

მას იმედი აქვს, რომ სანამ ხულოს მთებში ჩამოთოვს, პროდუქტის ნაწილის მომარაგებას მოასწრებს.

ბათუმის ბულვარი 3 კიოსკის მოწყობაში 221 ათას ლარს გადაიხდის

„3 ერთეული საექსპოზიციო კუთხის [კიოსკი] მოწყობის სამუშაოს შესყიდვაზე“ ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ ტენდერი 221 ათას 433 ლარით გამოაცხადა.

ანუ, 1 კიოსკის მოწყობაში ბულვარი მაქსიმუმ 73 ათას 811 ლარს გადაიხდის [თუმცა, საბოლოო ფასი ტენდერის შედეგად დადგინდება].

სამუშაოებში შედის ბულვარის ტერიტორიაზე რკინა-ბეტონის ფილის/საძირკვლის მოწყობა, მასზე მეტალის კარკასის, შემინული ჯიხურის დადგმა; გადახურვა; სტაციონარული გასაჭიმი ტენტის [სამაგრი უჟანგავი დეტალებით] დამაგრება და ასევე ელექტროქსელის მონტაჟი.

ჯიხურის ვიზუალიზაცია პროექტიდან

პროექტის მიხედვით, ჯიხურის სიმაღლე 4,25 მეტრი [სახურავის ჩათვლით], ხოლო სიგანე 1,95 მეტრი იქნება.

ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 24 ნოემბერს დაიწყება და 27 ნოემბერს დასრულდება.

პირობის მიხედვით, „საექსპოზიციო კუთხის (კიოსკი) მოწყობის სამუშაოები უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის ვადაში“.

ამავე თემაზე:

ბულვარში ველობილიკს მწვანედ შეღებავენ და გაანათებენ – ორმილიონიანი ტენდერი

 

 

გაგვარკვიონ რას ემატება, რამდენი ლარი და როდის? – ბათუმელი პედაგოგი ხელფასების მატებაზე

ხელისუფლება მასწავლებლებს ხელფასის მატებას დაჰპირდა, თუმცა ამ განცხადებას ბევრი კითხვა და ბუნდოვანება მოაყოლა. ითქვა, რომ მომავალ წელს საშუალოდ, 500 ლარით გაიზრდება პედაგოგის ხელფასი, მაგრამ არავინ განმარტა, ზრდა დაიწყება 2024 წლის პირველი იანვრიდან თუ სექტემბრიდან.

როგორ გაიგეს სკოლებში ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადება და ვის ემატება რეალურად ხელფასი? ამ თემაზე „ბათუმელები“ ბათუმის მეორე საჯარო სკოლის დაწყებითი განათლების მასწავლებელს, მინდია ფუტკარაძეს და ამავე სკოლის დირექტორს, მარიზა აბაშიძეს ესაუბრა.

„ისე როგორ უნდა თქვას ხელისუფლების წარმომადგენელმა რაღაც მასწავლებელზე, რომ მასწავლებელმა ვერ გაიგოს რა თქვა.

ხომ შეიძლება ისე თქვა, რომ გასაგები იყოს და აღარ მოუწიოს პედაგოგს სხვადასხვა ხერხით პასუხების ძიება?

ჩემი და ჩემი კოლეგების თხოვნაა ხელისუფლების მიმართ, რომ თუ რაიმეს ვიტყვით, აუცილებლად განმარტონ ნათლად და შემდეგ ეს დანაპირები შეასრულონ.

მაგალითად ითქვა, რომ საშუალოდ 500 ლარით გაიზრდება მასწავლებლის ხელფასი სრულ განაკვეთზე, ხომ? ახლა კითხვა, – სრული განაკვეთი რამდენია? იმიტომ, რომ მაგალითად დაწყებით საფეხურზე 13 საათზე გაიცემა დანამატი, მაღალ კლასებში 15 საათზე. სქემამდე, სრულ განაკვეთად ითვლებოდა 18 საათი და ეს ტერმინი ახლაც გამოიყენება.

გაურკვეველია რას ემატება თანხა – საბაზო ხელფასს ზრდიან, საათის ღირებულებას ზრდიან თუ სტატუსის დანამატი იზრდება?“ – ამბობს მინდია ფუტკარაძე.

მისი თქმით, როცა სქემის ფარგლებში მასწავლებლის ხელფასი იზრდებოდა, ყოველთვის ემატებოდა სტატუსის დანამატს და არა საბაზოს.

„ამიტომ მასწავლებლებს ჰქონდათ განცდა, რომ ეს იყო უსამართლობა, რადგან სკოლაში იყვნენ უსტატუსო მასწავლებლებიც და რჩებოდნენ სქემის გარეთ“, – ამბობს მინდია.

მისი აზრით, უნდა გაიზარდოს საბაზო ხელფასი და არა დანამატი.

მას ასევე ვკითხეთ, დაახლოებით რამდენი ლარი გამოდის მასწავლებლის ხელფასი, თუ ის არ მუშაობს სრულ განაკვეთზე. როგორც მინდია ფუტკარაძე გვეუბნება, ანაზღაურება ხდება საათების მიხედვით.

„საათის ღირებულება 30 ლარი გამოდის და თუ მასწავლებელს აქვს ვთქვათ რვა საათი, 240 ლარი იქნება მისი საბაზო ხელფასი. დანარჩენს დაემატება იმის მიხედვით, რა აკადემიური ხარისხი აქვს.

ამიტომ ისიც შეიძლება თუ საათის ღირებულება გაორმაგდება. მთავარია, გაგვარკვიონ რას ემატება, რამდენი ლარი ემატება და როდის ემატება“, – ამბობს მინდია ფუტკარაძე.

მისი თქმით, მასწავლებლის ხელფასების ზრდაზე საუბარი, რატომღაც ყოველთვის წინასაარჩევნო პერიოდს ემთხვევა, ამიტომ არ გამორიცხავს, რომ ამ შემთხვევაშიც ხელისუფლება ხელფასების საკითხს საარჩევნო კამპანიის ნაწილად აქცევს.

„ვფიქრობ, ამით იტესტება საზოგადოება, თუ როგორი რეაქციები ექნებათ პედაგოგებს და ამის მიხედვით იმოქმედებენ.

ჩვენგან რეკომენდაციები მიღებული აქვს სამინისტროს. პედაგოგები ვამბობთ, რომ საჭიროა საბაზო ხელფასის, სადამრიგებლო ხელფასის და სპეცმასწავლებლების ხელფასის გაზრდა. პერსონალურ ასისტენტს აქვს მინიმალური ხელფასი, ეს როგორ შეიძლება?

როცა თქვეს, რომ პარლამენტარების ხელფასი უნდა გაიზარდოს, ხომ გაწერეს დეტალურად, როდის და რამდენით ზრდიან, მაშინ რატომ არ შეიძლება ასევე ნათლად თქვან მასწავლებლის ხელფასებზეც?

ვითხოვთ, რომ გამოვიდეს განათლების მინისტრი და გააკეთოს მარტივი პრეზენტაცია – ამ დროს ამდენს ვამატებთ მასწავლებლის ხელფასს და მაშინ აღარ გაჩნდებათ პედაგოგებს ამდენი კითხვა“, – გვეუბნება მინდია ფუტკარაძე.

საბაზო ხელფასების გარდა, ასევე პედაგოგები პენსიის გაზრდასაც ითხოვენ.

„ძალიან ბევრი პენსიონერი მუშაობს სკოლაში და მათგან მსმენია, ღირსეული პენსია რომ მქონდეს, სკოლიდან წავიდოდი და გზას ახალგაზრდებს დავუთმობდიო. ვერ მიდის, რადგან 320 ლარი ექნება პენსია და ამით ვერ იარსებებს. მართლა უხერხულია, ადამიანმა 50 წელი იმუშაო სკოლაში, საშემოსავლო იხადო და ბოლოს 320 ლარით გაგიშვან პენსიაზე.

ამიტომ ეს საკითხიც უნდა დადგეს დღის წესრიგში.

თუ დაამატებენ საბაზისო ხელფასს, ეს ნიშნავს, რომ ყველას შეეხება ეს ზრდა და არა მხოლოდ სტატუსიანებს.

თუ ასე არ იქნება, უკიდურესი ფორმა იქნება ის, რომ გავიფიცებით მასწავლებლები და ეს იქნება ადეკვატური პასუხი იმ გადაწყვეტილებაზე, რასაც სექტემბრიდან ხელფასის მატებას ეძახის ხელისუფლება.

სექტემბრიდან მატება იქნება ზუსტად იმაზე ხაზგასმა, რომ „არჩევნებისთვის გიმატებ ხელფასს“.

გარდა ამისა, ახლა ორიენტაცია უკვე 500 ლარზე აღებული და უფრო ნაკლები თუ იქნება მატება, ესეც გამოიწვევს პროტესტს, რადგან ჩვენ აღარ ვართ მოსატყუებელი ხალხი, უკვე გავერთიანდით კიდეც, რაღაცნაირად იგრძნობა ეს ერთიანობა, რადგან მასწავლებლები ამაზე საუბრობენ აქტიურად. უკვე გაითავისეს, რომ ჩვენ არ ვართ წინასაარჩევნო რაღაც რესურსი, რომ მოგვიმადლიერებენ და ამით გავჩერდებით. ეს ასე აღარ იქნება.

არჩევნები იქნება თუ არა, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ პროტესტს, სანამ არ შესრულდება ხელისუფლების დაპირება“, – ამბობს მინდია ფუტკარაძე.

ხელფასების სავარაუდო მატების საკითხზე, „ბათუმელებმა“ მეორე საჯარო სკოლის დირექტორს, მარიზა აბაშიძესაც დაუსვა კითხვები.

მარიზა აბაშიძე

მისი თქმით, ამ ეტაპზე ხელთ არ აქვს რაიმე ოფიციალური დოკუმენტი, ბრძანება, რის საფუძველზეც იტყვის, რომ მასწავლებლის ხელფასი იზრდება.

„თეორიულად ვიცი, რომ იანვრიდან იზრდება ვაუჩერი. ვაუჩერის ოდენობის ზრდა, პირდაპირ წერია „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ და ვიცი, რომ ვაუჩერის ზრდა იწვევს მასწავლებლის ხელფასის ზრდას.

500 ლარით გაიზრდება თუ რამდენით, მე ამ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით. გაიზრდება ვაუჩერი, გაიზრდება ხელფასი“, – გვეუბნება ის. თუმცა დასძენს, რომ ხელფასის მატების საკითხში, ამ ეტაპზე, ნამდვილად არსებობს ბუნდოვანება.

„ბუნდოვანია, რადგან მე არ მაქვს დოკუმენტი, ბრძანება და როგორ გიპასუხოთ ამაზე? პრინციპი, თუ ვის რამდენი ლარით გაეზრდება, ამას ვერ გეტყვით“, – ამბობს მარიზა აბაშიძე.

„აზვირთებული, უსახლკარო და მშიერი ხალხი წაგლეკავთ“ – აქცია ბათუმში

„ხელისუფლებას ამას ვეტყოდი, რომ სტატუსი მაინც  მოგვანიჭონ და ჭერი. ევროპა ამიტომ გვინდა, რომ უსახლკაროდ და უპატრონოდ არ დავიხოცოთ, პატარა ქვეყანა ვართ, ამდენი უსახლკარო რატომ უნდა ვიყოთ?“ – კითხულობს თინა ანთაძე, რომელსაც ბათუმში, საპროტესტო მსვლელობის დროს გამოველაპარაკეთ.

მსვლელობა ვარდების სკვერიდან დაიწყო, სადაც დღეს, 16 ნოემბერს, უსახლკარო ადამიანები შეიკრიბნენ. მეორე წელია ყოველი კვირის ხუთშაბათს უსახლკარო ადამიანები ბათუმის მერიასთან იკრიბებიან და ხელისუფლების, მათ შორის, ბათუმის მთავრობის ყურადღებას ითხოვენ, თუმცა ბათუმის მერიიდან არც დღეს გამოუხედავს ვინმეს აქციაზე.

„აზვირთებული, უსახლკარო და მშიერი ხალხი წაგლეკავთ. ჩვენ დასაკარგი აღარაფერი გვაქვს,“ – მხოლოდ ერთი ტრანსპარანტი ამ გზავნილით მოუმზადებიათ აქციის მონაწილეებს და წითლად შეუღებავთ. ტრანსპარანტი ერთ ქალს უჭირავს ხელში და მსვლელობას წინ მიუძღვის. თავის გაქნევით მანიშნებს, არაფრის თქმა არ მინდაო.

უსახლკაროებმა ამჯერად საპროტესტო მსვლელობა ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე მოაწყვეს და, პირველ რიგში, სამართლებრივად უსახლკაროებისთვის სტატუსის მინიჭება მოითხოვეს.

უსახლკაროების საპროტესტო მსვლელობა ბათუმში

„ისე ყურადღებას ვინმე არ გვაქცევს, მერიამ თქვენთვის არანაირი პროგრამა არ გვაქვსო,“ – ამბობს გულნარა კახიძე. აქციის მონაწილეები აჭარის უმაღლეს საბჭოსთან შეიკრიბნენ მოთხოვნით, რომ დეპუტატებმა უსახლკარო ადამიანებს პარლამენტში უშუამდგომლონ.

„ბათუმის მერიიდან ვერანაირი პასუხი ვერ მივიღეთ, შემდეგ მივმართეთ პარლამენტს,“ – გვიყვება მერაბ ბლადაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი და მოძრაობის „ფუხარას ხმა“ დამფუძნებელი. ის უსახლკაროების აქციების ორგანიზატორია.

„პარლამენტმა უარი გვითხრა ჩვენ ლობისტად იურისტ ზაალ სარაჯიშვილის დარეგისტრირებაზე, რომელსაც შეეძლო ემუშავა კანონპროექტზე.

პარლამენტში გვიპასუხეს, რომ ჩვენ თავად უნდა მოვამზადოთ კანონპროექტი, მაგრამ ექნებათ შენიშვნები, წლობით გაიწელება ეს პროცესი. ამიტომაც, გვინდა, აჭარის უმაღლესი საბჭო ჩაერთოს ამ პროცესში…

როცა იქნება უსახლკაროს სამართლებრივი სტატუსი, შემდეგ ხელისუფლება იძულებული იქნება, მათთვის შექმნას პროგრამები, აუშენოს კორპუსი,“ – გვითხრა მერაბ ბლადაძემ.

აქციის მონაწილეებმა საპროტესტო  მსვლელობა აჭარის უმაღლეს საბჭოსთან დაასრულეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე აქციის რამდენიმე მონაწილეს დახურულ კარს მიღმა შეხვდა.

„დავინტერესდები ამ თემითო, ინფორმაციის ნაკლებობა აქვთ,“ – უთხრა შეხვედრიდან გამოსულმა მერაბ ბლადაძემ აქციის მონაწილეებს და აღნიშნა, რომ კონკრეტულად ჯერ ვერაფერზე შეთანხმდნენ. უსახლკარო ადამიანებმა მორიგი შეხვედრა ისევ ხუთშაბათს დააანონსეს, ამჯერად აჭარის უმაღლესი საბჭოს წინ მდებარე სკვერში.

აქციის მონაწილეების სოციალურად დაუცველი ადამიანები არიან, რომლებიც წლებია, სხვადასხვა მიზეზით ნაქირავებ ბინებში ცხოვრობენ. მათი დიდი ნაწილი არც „იაფი სახლის“ პროგრამას აკმაყოფილებს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათთვის ცალკე პროგრამაა საჭირო.

„ნაქირავებშიც ვეღარ ვართ, რუსების შემოსვლის შემდეგ ისე გაორმაგდა ბინების ფასები, მე ახლაც ახლობელთან ვარ შეკედლებული,“ – გვითხრა უმაღლესი საბჭოს წინ თინა გოგიტიძემ და შემდეგ მოგვიყვა, ბოლო რვა წელია ნაქირავებში რომ ცხოვრობდა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კი, დიასახლისს უთქვამს, რუსები უფრო ძვირს მიხდიან, 500 ლარის ნაცვლად 1000 ლარი უნდა გადამიხადოთო.

„ვერ გადავიხადეთ, ჩემი შვილი გამოასახლეს ბინიდან,“ – ასრულებს თინა გოგიტიძე.

„25 წელი ქირით ვცხოვრობთ. ახალშენში გვაქვს ახლა ნაქირავები და თვეში 350 ლარს ვიხდით. ვეღარ ვიხდი ბოლო თვეებია, წამლების ფული აღარ მრჩება,“ – გვეუბნება თამარ ვაშაყმაძე. ის მეუღლესთან ერთად გამოვიდა აქციაზე.

თამარი ამბობს, რომ პირველი ჯგუფის შშმ პირის სტატუსი აქვს, მხედველობის შეზღუდვა და სხვადასხვა დაავადება აწუხებს, მის მეუღლეს კი, სიმსივნე.

„აი, ჩემი ოპერაციის ხარჯი, რომელსაც ვერ ვიკეთებ. თვალზე მაქვს გასაკეთებელი ოპერაცია, რაც 1235 ლარი ჯდება ჯამში, მიფინანსებენ და ჩემი გადასახდელია 251 ლარი, სად ვნახო ეს ფული?

ჯამში ჩვენი შემოსავალი არის ეს: ჩემი 340 ლარი და მეუღლის 295 ლარი.

ჩვენი გოგო თბილისშია დაოჯახებული, ისიც ნაქირავებში, ბიჭი კი, ოჯახიდან წავიდა, მისი ცოლ-შვილია ქუთაისში, ოროთახიან ბინაში, ჩვენ იქ ვეღარ დავეტეოდით… ბათუმში გვქონდა ბინა და გავყიდეთ, როცა ძალიან გაგვიჭირდა.

ჩვენ არ ვითხოვთ ბინის ჩუქებას, გვაყიდინონ ბინა. რასაც ქირაში ვიხდით წლობით, იმ თანხით ვიყიდით,“ – ამბობს თამარ ვაშაყმაძე.

თამარ ვაშაყმაძე და თამაზ კოპინაძე

„ჩემი სახლი მეწყერსაშიში ზონაშია. ხულოში, სოფელ გეგელიძეებში ვცხოვრობთ,“ – გვიყვება თინა ანთაძე. – „რამდენი წელია ვიცით, რომ საშიშია იქ ცხოვრება, გეოლოგებმა გვითხრეს, საფრთხეაო, მაგრამ არ ჩანს ვინმე პატრონი.

ბინას გიქირავებთო, მაგრამ არც მაგის ფულს გვაძლევენ. მერე თქვეს, რომ 40 ათას ლარს მოგცემთო, მაგიც არ მოუციათ, მაგრამ რა უნდა ვიყიდო ამ ფასად? მათ იყიდიან სახლს ამ ფასად?

შვიდსულიანი ოჯახი ვართ. ავდექი და ბავშვები მაინც აღარ გავაჩერე სახლში. ბათუმში ნაქირავებში არ არიან, მაგრამ ახლობელთანაც რამდენ ხანს უნდა იყვნენ?“

თინა ანთაძე

„მკერდზე რომ მაქვს გაკრული ფოტო, ეს ჩემი შვილია, წელიწად-ნახევრის წინ დამეღუპა,“ – გვითხრა ალი ბეჟანიძემ, ის ეტლით მოსარგებლეა.

ალი ბეჟანიძე

ალი გვიყვება, რომ წლებია მეუღლესთან ერთად სურსათის მაღაზიაში მუშაობს, წლების წინ კი, ბათუმში საკუთარი ბინის გაყიდვა მოუხდა:

„ბელარუსში შვილისთვის გული უნდა გადაგვენერგა, დაგვიფინანსეს ყველაფერი, მაგრამ დავრბოდით იქეთ-აქეთ. ნაქირავებში 600 ლარს ვიხდი ახლა. შვილიშვილები პატარები არიან, დედა ბავშვებს უყურებს. მე და ჩემი ცოლის ნაშოვნი ფული კი ქირაში მიდის, გამოსავალს ვეღარ ვხედავთ,“ – ამბობს ალი ბეჟანიძე.

უსახლკაროები აჭარის უმაღლეს საბჭოსთან

რა დაავადებების სიმპტომია შუილი ყურებში ანუ ტინიტუსი – ექიმის რჩევები

ტინიტუსი სამედიცინო ტერმინია იმ მდგომარეობის აღსანიშნავად, როცა ყურებში ხმაური გვესმის ისე, რომ ბგერების გარე წყარო არ არსებობს. ტინიტუსს ხშირად უწოდებენ „შუილს ყურებში“. ის შესაძლოა ჟღერდეს, როგორც ზუზუნი, წკრიალი, გუგუნი ან სტვენა.

“ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტლის” ექიმი-ოტორინოლარინგოლოგი გიორგი ალიშანიძე ამბობს, რომ თავად ტინიტუსი არა დაავადება, არამედ ჯანმრთელობის სხვა მდგომარეობის სიმპტომია, რომელიც შესაძლოა მკურნალობის არქონის შემთხვევაში პროგრესირდეს და სმენის დაქვეითებით გართულდეს. 

ბევრი ადამიანისთვის ტინიტუსი უმჯობესდება გამომწვევი მიზეზის მკურნალობით. „რაც მალე მოხდება დიაგნოსტიკა, მით უფრო მეტად ექვემდებარება პრობლემა მკურნალობას“, – ამბობს ექიმი.

  • ბატონო გიორგი, რა შეიძლება გახდეს ტინიტუსის გამომწვევი მიზეზი?

ტინიტუსი ზოგადი მოსახლეობის დაახლოებით 15 პროცენტს აწუხებს და მისი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ბევრი რამ, თუმცა, პირველ რიგში, თავისთავად მოწმდება ყური. ამიტომ ასეთ დროს, პირველ რიგში, მიმართავენ ოტორინოლარინგოლოგს.

ყურის პრობლემებიდან ტინიტუსის მიზეზი შეიძლება იყოს გოგირდის საცობი გარეთა სასმენ მილში, რომელიც ყველაზე მარტივად მოგვარებადი პრობლემაა. გოგირდის საცობის ამოღების შემდეგ ხმაურიც გადადის ყურიდან და აღარ აწუხებს პაციენტს.

ტინიტუსი შეიძლება ასევე გამოწვეული იყოს გარეთა სასმენი მილის ანთებით; მიზეზი შეიძლება იყოს ისეთი პათოლოგიები, როგორიცაა, მაგალითად, შუა ყურის ანთება, ექსუდატი იგივე შუა ყურში სითხე, ან ჩირქი. 

რაც შეეხება შიგნითა ყურს, რომელიც თავის მხრივ სადიაგნოსტიკოდ უფრო რთულია, აქ ლოკოკინაში, ყურის აპარატში არის ძალიან მგრძნობიარე ნეიროეპითელიუმი, რომლის ტრავმის დროსაც ვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა შუილი, შიშინი და სმენის დაქვეითება/დაკარგვა.

ტინიტუსი ხშირად ვითარდება ბაროტრავმისა (დისკომფორტი ყურში წნევის ცვლილების გამო) და მაღალი ხმით ყურზე ზემოქმედების შედეგად.

ტინიტუსი შეიძლება წარმოიშვას ან უფრო შესამჩნევი გახდეს სისხლძარღვოვანი დარღვევების დროს (ჰიპერტენზია, ჰიპოტენზია, ათეროსკლეროზი). ასეთ შემთხვევებში, როცა ჩვენ გამოვრიცხავთ ყურის ორგანოს, ვამისამართებთ პაციენტს შესაბამის სპეციალისტთან.

pennmedicine: ყურში ხმაური შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა მედიკამენტმა, მათ შორის ანტიბიოტიკებმა; ალკოჰოლმა, კოფეინმა ან მოწევამ შეიძლება გააუარესოს ტინიტუსი თუ ადამიანს უკვე აქვს ის. ზოგჯერ ტინიტუსი არის მაღალი წნევის, ალერგიის ან ანემიის ნიშანი. იშვიათ შემთხვევებში ტინიტუსი არის ისეთი სერიოზული პრობლემის ნიშანი, როგორიცაა სიმსივნე ან ანევრიზმა. 

  • როგორია სიმპტომატიკა?

ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა ინტენსივობის შუილი, ზუზუნი, ღრიალი, წკაპუნი, სისინი, გუგუნი და სხვა ფანტომური ხმაური. ზოგი მუსიკალურ ინსტრუმენტს ადარებს ამ ხმას, ზოგი – რაღაც მანქანის მუშაობის ხმას.

ტინიტუსის ხმაური შეიძლება გაიგოთ ორივე ან ერთ ყურში, მაგრამ შეიძლება საერთოდ არ იყოს გამოკვეთილი და პაციენტს ეგონოს, რომ ორივე ყურში აქვს ხმაური. ამის შეგრძნება ძალიან ინდივიდუალურია, შეიძლება მკვეთრი დიფერენცირება ვერ გავაკეთოთ რომელ ყურში ისმის.

MayoClinic: ტინიტუსის ხმაური შეიძლება განსხვავდებოდეს სიმაღლით – დაბალი ღრიალიდან მაღალ წივილამდე. ზოგიერთ შემთხვევაში ხმა შეიძლება იყოს ისეთი ხმამაღალი, რომ ხელს უშლიდეს კონცენტრირების ან გარე ხმების მოსმენის უნარს. ტინიტუსი შეიძლება იყოს მუდმივად ან პერიოდული.

ტინიტუსი შეიძლება წარმოიშვას ერთბაშად. მაგალითად, გასროლის დროს განვითარდეს უეცარი სმენის დაქვეითება, წუილი, შუილი და სხვა ხმაური ყურებში; მაგრამ უფრო ხშირად ეს არის ნელა მიმდინარე პროცესი, იწყება სუსტად და რამდენიმე თვეში იმატებს. ამიტომ აუცილებელია დროული ვიზიტი სპეციალისტთან. რაც მალე მოხდება დიაგნოსტიკა, მით უფრო ექვემდებარება პრობლემა მკურნალობას.

  • რა გართულება შეიძლება მოჰყვეს უმოქმედობას?

დავიწყოთ იმით, რომ ეს პათოლოგია ძალიან ხშირია, ვგულისხმობ სიმპტომს – ტინიტუსს. საბედნიეროდ, იგი არ ურთულდება ყველას, თუმცა მაინც, არის სკამაო რაოდენობა პაციენტებისა, ვისთანაც ვითარდება გართულება, ანუ ძალიან შორსწასული ფორმა.

ერთ-ერთი სერიოზული გართულებაა ამ მხრივ სმენის დაქვეითება, წონასწორობის ორგანოს მოშლა – ორივე ერთად ან ცალ-ცალკე. კიდევ ერთი გართულებაა ის შფოთვა, რასაც ეს მუდმივი ხმაური იწვევს ყურებში. წარმოიდგინეთ, როგორი ზეგავლენა შეიძლება ჰქონდეს ფსიქიკაზე ფანტომურ ხმებს, რომლებიც ნელ-ნელა მატულობს და ბოლოს გესმით მუდამ, დღისითაც, ღამითაც, მთელი ცხოვრების განმავლობაში.

MayoClinic: სხვა გართულებები მოიცავს: ძილის პრობლემებს, კონცენტრაციის ნაკლებობას, მეხსიერების პრობლემებს, დაღლილობას, დეპრესიას, თავის ტკივილს.

  • როგორია მკურნალობა?

ტინიტუსის მკურნალობა დამოკიდებულია იმაზე, არის თუ არა ის გამოწვეული ჯანმრთელობის ძირითადი მდგომარეობით. ასეთ შემთხვევაში სიმპტომები მცირდება ძირითადი მიზეზის მკურნალობით – მაგალითად, გოგირდის საცობის მოშორება, სისხლძარღვთა მდგომარეობის მკურნალობა და ა.შ..

როდესაც მოდის პაციენტი, პირველ რიგში, მკურნალობა მიმართულია ამ სიმპტომის პროგრესირების შეჩერებაზე. ამის შემდეგ გრძელდება მკურნალობა სიმპტომების ასალაგებლად. ზოგთან არის განკურნების 100%-იანი შედეგი, ზოგთან – უფრო ნაკლები, მაგრამ დროული ჩარევა ძალიან მნიშვნელოვანია.

_______________________

MayoClinic-ის რეკომენდაციები:

  • ზოგჯერ ტინიტუსის მკურნალობა შეუძლებელია, თუმცა ზოგიერთი ადამიანი დროთა განმავლობაში ეჩვევა ამ ხმას და ნაკლებად ამჩნევს მას, ვიდრე თავიდან. ეს რჩევები შეიძლება დაგეხმაროთ სიმპტომების შემსუბუქებაში:
  • გამოიყენეთ სმენის ორგანოების დამცავი საშუალებები. დროთა განმავლობაში ხმამაღალი ბგერების ზემოქმედებამ შეიძლება დააზიანოს ყურის ნერვები, გამოიწვიოს სმენის დაქვეითება და ყურებში ხმაური. იმისთვის, რომ თქვენი ტინიტუსი არ გაუარესდეს, მიიღეთ ზომები თქვენი სმენის დასაცავად. განსაკუთრებით, თუ მუშაობთ ისეთ სამსახურში სადაც გიწევთ მაღალ ხმასთან ექსპოზიცია, იქნება ეს მუსიკა თუ ტექნიკის ხმაური. 
  • დაუწიეთ ხმას. ყურსასმენების საშუალებით მუსიკის ძალიან მაღალ ხმაზე მოსმენამ შეიძლება ხელი შეუწყოს სმენის დაქვეითებას და ტინიტუსს.
  • გამოიყენეთ თეთრი ხმაური [ფონური, დაბალი სიხშირის ხმაური]. თუ ყურებში ხმაური განსაკუთრებით შესამჩნევია მშვიდ გარემოში, სცადეთ გამოიყენოთ თეთრი ხმაურის აპარატი ტინიტუსის ხმაურის დასაფარად. თუ არ გაქვთ თეთრი ხმაურის აპარატი, ვენტილატორი, მშვიდი მუსიკა ან დაბალ ხმაზე ჩართული რადიოს ხმაური დაგეხმარებათ.
  • შეზღუდეთ ალკოჰოლი, კოფეინი და ნიკოტინი. ამ ნივთიერებების ჭარბი რაოდენობით გამოყენებამ შეიძლება გავლენა იქონიოს სისხლის ნაკადზე და ხელი შეუწყოს ტინიტუსს.

აჭარაში სილქნეტის ინტერნეტი შეფერხებით მუშაობს

აჭარაში სილქნეტის ინტერნეტი შეფერხებით მუშაობს.

„გაცნობებთ, რომ აჭარის მიმართულებით ფიქსირდება დროებითი ტექნიკური შეფერხება. მიმდინარეობს სამუშაოები სერვისის აღსადგენად. ბოდიშს გიხდით შექმნილი უსიამოვნებისთვის,“ – ამ ტექსტს მოისმენთ, თუკი ინტერნეტის შეწყვეტის გამო სილქნეტის ცხელ ხაზზე დარეკავთ.

ინტერნეტის მიწოდება 16 ნოემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე შეფერხდა.

ჯერჯერობით უცნობია, როდის აღდგება სერვისი.

ჩემს შვილს აუტიზმი აქვს და სკოლაში პერსონალური ასისტენტი სჭირდება – მშობელი

ოთხი მშობელი, რომლებსაც აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე შვილები ჰყავთ, პერსონალური ასისტენტის დანიშვნას ითხოვს.

ბავშვები ბათუმის მესამე საჯარო სკოლაში სწავლობენ. მშობლების განცხადებით, მულტიდისციპლინურმა ჯგუფმა მიიჩნია, რომ ბავშვებს ასისტენტი სჭირდება, თუმცა სკოლა ვერ უზრუნველყოფს ყველა ბავშვისთვის პერსონალური ასისტენტის დაქირავებას.

რამდენიმეთვიანი ლოდინის შემდეგ სკოლამ ასისტენტი აიყვანა, რომელიც ჯგუფთან მუშაობს და ვერ სწვდება ყველა ბავშვის საჭიროებებს.

„ბათუმელები“ ერთ-ერთ მშობელს, ტატიანა გუსევას ესაუბრა, რომელიც მოგვიყვა, რატომ არის აუცილებელი აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვისთვის პერსონალური ასისტენტის ყოლა.

„ჩვენ ბელარუსიდან ვართ. ლუკაშენკოს რეჟიმის გამო იძულებული ვიყავი ჩემი ქვეყანა დამეტოვებინა. მარტოხელა დედა ვარ და მყავს 8 წლის შვილი, რომელსაც აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვს.

ჯერ კიდევ მარტში დაგვიდგინა მულტიდისციპლინურმა ჯგუფმა, რომ ჩემს შვილს პერსონალური ასისტენტის საჭიროება აქვს, მივმართეთ სკოლასაც, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სწავლის დაწყების დროსაც კი არ ჰყავდათ შერჩეული ასისტენტები.

15 სექტემბერი იყო, როცა სკოლის ადმინისტრაციაში მოვიკითხეთ ასისტენტის აყვანის საკითხი, მაგრამ გვითხრეს, ჩვენ ჯერ სპეცმასწავლებლებზეც კი არ გვაქვს კონკურსი გამოცხადებულიო. სწავლა რომ დაიწყო, იძულებული ვიყავი, შვებულება ამეღო და კლასში ჩემს შვილთან ერთად ვმჯდარიყავი“, – ამბობს ტატიანა გუსევა.

ის გვაჩვენებს ოფიციალურ მიმოწერებსაც აჭარის განათლების სამინისტროსთან, სადაც ოთხი მშობელი პერსონალურ ასისტენტს ითხოვს, სამინისტრო კი ბუნდოვან პასუხს სცემს და ასისტენტის სანაცვლოდ მშობლებს სსმ ბავშვების სტატისტიკას უგზავნის.

ამავე წერილიდან ირკვევა, რომ ბათუმის მესამე საჯარო სკოლაში 57 სსმ მოსწავლე სწავლობს, ხოლო აქედან 32 ბავშვს სჭირდება ასისტენტი.

მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის მიუხედავად, ვერც სკოლა და ვერც სამინისტრო ვერ უზრუნველყოფს ბავშვებისთვის პერსონალური ასისტენტის აყვანას.

ამავე წერილიდანაც ნათლად ჩანს, რომ სკოლებში კადრების დეფიციტია ამ მიმართულებით, რადგან სკოლას ენისა და მეტყველების ერთი სპეციალისტი ჰყავს, მაშინ, როცა ამის საჭიროება 16 ბავშვს აქვს სკოლაში.

განათლების სამინისტროს პასუხის მიხედვით, რომელიც მშობლებს გაუგზავნა, სკოლას საშტატო განრიგის მიხედვით 11 სსმ პირის ასისტენტი ჰყავს, მიმდინარე წელს კი 4 ასისტენტი ხელშეკრულებით აიყვანა. აქედან მხოლოდ ორია რუსული ენის მცოდნე.

„ბელარუსში ყოფნისას მე მიწევდა მემტკიცებინა სახელმწიფოსთვის, რომ ჩემს შვილს ასისტენტი სჭირდებოდა, აქ კი მარტივად დაწერა სახელმწიფომ დასკვნა, მაგრამ სამაგიეროდ, ასისტენტი არ დაგვინიშნა.

ბელარუსში ბრძოლა მოგვიწია, თუმცა ჩემი შვილი პირველი ბავშვი იყო, ვისაც პერსონალური ასისტენტი აუყვანეს“-გვითხრა ტატიანამ.

დედა ამბობს, რომ სკოლამ მშობლები არც ასისტენტების შერჩევის პროცესში ჩარია.

„ჯერ გვითხრეს, რომ ჩვენ მოგვეძებნა რუსულენოვანი ასისტენტები. მე აქტიური დედა ვარ, მოვიძიე, გავარკვიე, რომ თბილისში ასისტენტის ანაზღაურება 400 ლარი იყო.

შევარჩიე ასისტენტიც, მაგრამ ადმინისტრაციამ თქვა, რომ მას ჯგუფში უნდა ემუშავა და მხოლოდ ჩემს შვილს ვერ აუყვანდნენ. ეს ადამიანი კი ჯგუფთან მუშაობას არ დათანხმდა, თან ხელფასი 240 ლარი შესთავაზეს.

შემდეგ შეარჩიეს თავად, მაგრამ მშობლები არც კი ჩაგვაყენეს საქმის კურსში. ხომ უნდა გაეცნოთ ასისტენტი, ის მაინც ხომ უნდა ეკითხა მშობლებისთვის, აუტიზმის რა ფორმა ჰქონდათ ჩვენს შვილებს. მაგრამ ასე არ მოხდა, პირდაპირ კლასში დააყენეს ეს ასისტენტი ბავშვებს თავზე და ამან დააბნია ბავშვები“, – გვეუბნება ტატიანა გუსევა.

მისი თქმით, არსად არ არის გაწერილი, რა ევალება პერსონალურ ასისტენტს და რა პირობებით გაფორმდა ხელშეკრულება.

„ჩვენ გვითხრეს, რომ ასისტენტის მოვალეობაა, გაყვეს ბავშვს ტუალეტში, რომ ხელი არ შეყოს დენის წყაროში და არ გაიქცეს სადმე.

მე გავლილი მაქვს ტრენინგები და ვიცი, რაში უნდა დაეხმაროს რეალურად ასისტენტი ბავშვს, რომ მას ჩამოუყალიბოს სწორი სასწავლო ქცევა. გაკვეთილზე რომ დაჯდეს, მოუსმინოს, მიჰყვეს პედაგოგის ინსტრუქციას. თუ ბავშვი გაფანტულია და არ უსმენს პედაგოგს, დაეხმაროს მობილიზებაში. ნახოს, სწორად ასრულებს თუ არა ბავშვი მასწავლებლის ინსტრუქციას.

როცა ამის შესახებ ვსვამ კითხვებს, სკოლის ადმინისტრაცია არ გამოდის კონტაქტზე, არც კი გვისმენს. მხოლოდ ერთხელ მიპასუხეს და ისიც დისკრიმინაციულად – არა მარტო თქვენს ბავშვს, თქვენც გაქვთ კომუნიკაციებში დარღვევაო“, – გვეუბნება ტატიანა.

მისი თქმით, იმის გამო, რომ სკოლაში საკმარისი ასისტენტები არ არიან, ინციდენტიც მოხდა.

ერთ-ერთმა ბავშვმა ხელი ჰკრა მასწავლებელს, რომელიც დაეცა და ხელი მოიტეხა. ამის გამო გარკვეული პერიოდი სპეცმასწავლებელიც არ ჰყავდათ ბავშვებს.

„ეს ჩემი შვილის კლასში არ მომხდარა, მაგრამ მაინც.

ჩემი შვილი არ არის აგრესიული. კარგად ასრულებს დავალებებს. როგორც კი ჩამოვიდა, ძალიან მალე ისწავლა ქართული ანბანი, ქართულად უფრო კარგად კითხულობს, ვიდრე რუსულად. უბრალოდ, ქცევასა და მობილიზებაში სჭირდება დახმარება.

ასევე, წერის დროს, ზოგჯერ ხელი უვარდება და უნდა დაეხმაროს ასისტენტი. ამიტომ როცა სხვა ბავშვთანაც მუშაობს, მეორე ბავშვი ყურადღების მიღმა რჩება. ისეთი შემთხვევებიც არის, როცა ერთთან მუშაობს, მეორე ბავშვი დგება და დადის კლასში.

როგორ ჩაიარა დღემ, ხომ არ ჰქონდა არასასურველი ქცევა – ცხადია, გაკვეთილების ბოლოს ვეკითხებით ხოლმე მშობლები ასისტენტს. ჩვენ არ გვაქვს მასთან პრეტენზია, მისი ბრალი ხომ არ არის, რომ ორ ბავშვთან უწევს მუშაობა, მაგრამ ბოლო დროს ბევრს აღარ გვიყვებიან, რადგან პრეტენზიები გვაქვს ასისტენტის დამატებაზე.

ჩემი, როგორც დედის მიზანი, არის ის, რომ ჩემი შვილი მომავალში დამოუკიდებელი გახდეს. პირველი კლასი არის აგური, რომელზეც უნდა აიგოს ეს დამოუკიდებლობა. ამიტომ არის დაბალ კლასებში ასისტენტის ყოლა აუცილებელი, რომ ბავშვს დაეხმაროს ქცევის კორექტირებაში, გვერდიდან დააკვირდეს პროცესებს და შემდეგ უკვე, მაღალ საფეხურზე, ნელ-ნელა გავიდეს პროცესებიდან“, – ამბობს გუსევა.

მისი თქმით, სწორედ ამ დეტალებზე სურთ მშობლებს ადმინისტრაციასთან საუბარი, თუმცა წუხან, რომ ადმინისტრაცია კონფრონტაციის გზას ირჩევს და არა – თანამშრომლობის.

„ჩვენთან რატომ მოდიან მშობლები პრეტენზიით, თქვენ მოაგვარეთ ერთმანეთში ურთიერთობებიო – დამრიგებელს ეუბნებიან. გამოდის, კედელს ველაპარაკებით“, – ამბობს ტატიანა გუსევა.

„ბათუმელები“ მესამე საჯარო სკოლის დირექტორს იანა ჩადუნელს ესაუბრა და ჰკითხა, რატომ ვერ ხერხდება პერსონალური ასისტენტის აყვანა თითოეულ ბავშვზე, თუკი მულტიდისციპლინური გუნდი ამის საჭიროებას ხედავს?

იანა ჩადუნელის თქმით, სსმ ბავშვების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება და სკოლას ამისთვის არც ფინანსური რესურსი ჰყოფნის და არც ინფრასტრუქტურა უწყობს ხელს.

„თუ შარშან მყავდა 30 სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვი, წელს მყავს 56. აქედან 30 ბავშვს დასკვნაში უწერია „ინდივიდუალური ასისტენტი“.

რეალურად რომ შევხედოთ, როგორ უნდა მყავდეს მე 30 ასისტენტი? სად უნდა მოვათავსო ამდენი ასისტენტი, სად დავსვა, ეს გამოდის მთელი კლასი. სად უნდა განათავსონ, ვთქვათ, მათი პირადი ნივთები და ასე შემდეგ.

მეორე მხარეა ინფრასტრუქტურა. 34 საკლასო ოთახიდან 11 არის ნორმალური ზომის, დანარჩენი ძალიან პატარა კლასებია. ამიტომ, თუ კლასში სწავლობს, ვთქვათ, სამი აუტისტი ბავშვი და სამი ასისტენტიც შემოვიყვანე, ფიზიკურად ვეღარ დაეტევიან.

პრობლემაა ფინანსებიც. თუ მე 30 ასისტენტს უნდა გადავუხადო ხელფასი, ამის რესურსი არ გვაქვს“, – ამბობს ჩადუნელი.

მისი თქმით, 400 ლარი  ასისტენტს ეკუთვნის მთლიან განაკვეთზე მუშაობისას, ნახევარ განაკვეთზე კი – უფრო ნაკლები.

„11 ასისტენტი მყავს აყვანილი და მათ სკოლის შემოსავლებიდან ვუხდი თანხას, მაგრამ კიდევ მყავს 1900 მოსწავლე, გვაქვს კომუნალური გადასახადები და ამ ყველაფრისთვის აღარ გვრჩება სახსრები.

პრობლემაა ისიც, რომ პრეტენზიებს აცხადებს არაადგილობრივი მოსახლეობა.

ჩვენ ყველას კარს გავუღებთ, მაგრამ მათ ამდენი პრეტენზია არ უნდა ჰქონდეთ, რადგან ვერ ვპოულობთ რუსულენოვან ასისტენტებს. ერთი ძლივს ვნახე, რადგან რუსული ენა დღეს პრაქტიკულად არავინ იცის. პრობლემაა რუსულენოვანი ფსიქოლოგიც. ესეც ძლივს ვნახეთ. ენისა და მეტყველების სპეციალისტი არ არის რუსულენოვანი, მაგრამ, ვფიქრობ, ეს არ უნდა იყოს პრობლემა, მაინც შეუძლია დაეხმაროს ბავშვს“, – ამბობს იანა ჩადუნელი.

როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა? – ვკითხეთ მას. დირექტორი ამბობს, რომ ამაზე კონკრეტულმა სპეციალისტებმა უნდა იმსჯელონ.

„ორი კვირის წინ გვქონდა შეხვედრა სამინისტროში, მულტიდისციპლინური გუნდის წევრებიც იყვნენ თათბირზე და იმედი გვაქვს, სამომავლოდ რეალური გამოსავალი იქნება“, – ამბობს იანა ჩადუნელი.

8 წლის ვლადისლავი კი, როგორც ტატიანა ამბობს, ბათუმში თავს კარგად გრძნობს. მიეჩვია და რადგან აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებს უჭირთ ახალ გარემოსთან ადვილად ადაპტირება, არ სურს, სხვა ქალაქში ან სხვა ქვეყანაში გადავიდეს.

ამბობს, რომ მისი საბოლოო გეგმები მის სამშობლოს უკავშირდება. იმედი აქვს, რომ ლუკაშენკოს რეჟიმი მალე დასრულდება და შეძლებენ ბელარუსში დაბრუნებას. მანამდე კი, სურს ბათუმში იცხოვროს შვილთან ერთად.

დევნილობამდე ტატიანა გუსევა მინსკთან ახლოს, სლუცკიში ცხოვრობდა. პროფესიით ჟურნალისტი და გამომცემელი რედაქტორია. მას შემდეგ, რაც ლუკაშენკოს რეჟიმმა დამოუკიდებელი მედიის დევნა დაიწყო, ტატიანა იძულებული გახდა, დაეტოვებინა ქვეყანა.

„რეპრესიები ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნებამდე ბევრად ადრე დაიწყო.

მთელ ქვეყანაში გაგვითიშეს ინტერნეტი და ჩვენი გამოცემა დაბლოკეს.

ბოლოს ისეთ მასშტაბებს მიაღწია რეპრესიებმა, სახლიდან ვმუშაობდი, მაგრამ არ ვიცოდი, როდის მომაკითხავდნენ.

ეს ის პერიოდია, როცა მედიებში შედიოდნენ, მიჰქონდათ ტექნიკა, ყველაფერს ამსხვრევდნენ და აკავებდნენ ჟურნალისტებს.

რადგან მარტოხელა დედა ვარ, მეშინოდა, რომ თუ დამაკავებდნენ, ჩემი შვილი, რომელსაც სპეციალური საჭიროებები აქვს, შეიძლება ნათესავებისთვისაც კი არ გადაეცათ და სადმე თავშესაფარში გაეშვათ. ლუკაშენკოს რეჟიმი ხომ ჟურნალისტებს ყოველთვის შვილებით გვაშანტაჟებდა.

შემეძლო რომელიმე ევროპულ ქვეყანაში წასვლა, მაგრამ იმ დროს რკინიგზა ჩაკეტილი იყო, ლუკაშენკოს რეჟიმის გამო ევროპულმა ავიაკომპანიებმა ფრენები შეწყვიტეს. რადგან ბათუმში ნამყოფი ვიყავი მანამდე, ვისვენებდი და ძალიან მომწონდა, აქ ჩამოსვლა გადავწყვიტე.

არ ვაპირებდი ემიგრაციას, ვფიქრობდი, რომ ორი თვით დავრჩებოდი  საქართველოში და დავბრუნდებოდი უსაფრთხოდ, მაგრამ რეპრესიები არ მცირდებოდა, უფრო მზარდი ხდებოდა. ამიტომაც დავტოვეთ ქვეყანა“, – გვეუბნება ტატიანა გუსევა.

მუსლიმი თემი მედიაში – დისკუსია ბათუმის ახალ მეჩეთში

17 ნოემბერს, დღის ორის ნახევარზე, ბათუმის ახალ მეჩეთში ადგილობრივ მუსლიმ თემთან შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრაზე ადგილობრივ მედიაში მუსლიმი თემის გაშუქების საკითხებსა და გამოწვევებს განიხილავენ, მათ შორის საუბარი შეეხება, თუ რა ხდება სასამართლოში „ბათუმის ახალი მეჩეთის საქმეზე“ 6 წლის შემდეგ.

შეხვედრის მომხსენებელი „ბათუმელების“ ჟურნალისტი ჯაბა ანანიძე იქნება. შეხვედრას ასევე დაესწრებიან რეგიონში მომუშავე სხვა ჟურნალისტები.

შეხვედრა „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ დისკუსიათა ციკლის: „მედიის თავისუფლება – გზა ევროინტეგრაციისკენ“ ფარგლებში იმართება და დასწრება თავისუფალია.

მისამართი: გენერალ ასლან აბაშიძის 49/2, ბათუმის ახალი მეჩეთი.

რა ღირს ქაფშია ბათუმში – სეზონი დაიწყო

ბათუმში ქაფშიის სეზონი დაიწყო.

16 ნოემბრის მონაცემებით, ადგილობრივი მეთევზეების მიერ შავ ზღვაში დაჭერილი 1 კგ ქაფშია [ხამსა] 5 ლარი ღირს.

ბათუმის თევზის ბაზარში ასევე შეგიძლიათ იყიდოთ გარჩეული ქაფშია, კილოგრამი 10 ლარად.

თევზის ბაზარშივე გთავაზობენ გარჩეული თევზის შეწვას. 1 კილოგრამი ქაფშიას შეწვა აქ 6 ლარი ღირს.

ქაფშიის სეზონი გაზაფხულამდე გაგრძელდება. თევზის ამ სახეობას ბათუმში, ტრადიციულად, ბევრი მომხმარებელი ჰყავს.

ქაფშია ბათუმის ბაზრიდან

შავ ზღვაში 2022-2023 წლებში ქაფშიის მოსაპოვებელი კვოტა 85 000 ტონას შეადგენს.

თიბისის ახალი საგანმანათლებლო პროექტი „კომუნიკაციის სახელოსნო“ დაიწყო

თიბისიმ ახალი თაობისთვის „კომუნიკაციის სახელოსნო“ – ახალი საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო. კომუნიკაციის სახელოსნოს მიზანია უფროსკლასელებს ხელი შეუწყოს  კომუნიკაციის უნარების განვითარებაში და შესძინოს მათ საქმიან გარემოში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.

თიბისის ტრენინგ ცენტრში, ახალგაზრდებისთვის, გარდა თეორიული ლექციებისა, მოეწყო რეალური სამუშაო გარემო. მონაწილეები, სამი თვის განმავლობაში, დაეუფლებიან მოლაპარაკების ხელოვნებას, მიზნების და სურვილების მკაფიოდ და დამაჯერებლად გადმოცემას, აუდიტორიის წინაშე საჯაროდ გამოსვლის ტექნიკებს; ისწავლიან საერთო მიზნის მისაღწევად სხვებთან თანამშრომლობას – მსჯელობა, გადაწყვეტილების მიღება, საერთო საქმის მართვა, გუნდურად მუშაობა და სხვა.

„თიბისისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, ახალი თაობის წარმომადგენლებს, მუდმივად ვთავაზობთ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებსა თუ პროგრამებს. კომუნიკაციების სახელოსნო ახალი წამოწყებაა, რომელიც უფროსკლასელებს დაეხმარება განივითარონ ის უნარები, რომლებიც ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. პროგრამა არის უნიკალური და სრულად აგებულია პროექტებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდით, რაც კიდევ უფრო საინტერესოსა და სასიამოვნოს ხდის მასში მონაწილეობას“ – მარიამ თევზაძე, თიბისის სტრატეგიული პროექტების მენეჯერი.

კომუნიკაციის სახელოსნოში, გამოცდილ მენტორებთან, ერთად უფროსკლასელები მუშაობენ ყველა იმ უნარის დახვეწასა და გაუმჯობესებაზე, რომელიც დღეს, საქმიანობის ნებისმიერ სფეროში, წარმატების მისაღწევად კრიტიკულად მნიშვნელოვანია – იქნება ეს ტექნოლოგიები, ხელოვნება, მეცნიერება, ბიზნესი, თუ სხვა.

„კომუნიკაციის სახელოსნოს პროგრამა ,,დიზაინ ფიქრის’’ ნაბიჯებს მიუყვება. სწავლების პროცესი რეალურ სამუშაო გარემოში დაგროვილი გამოცდილების გადააზრების და უკუკავშირის საფუძველზე მიმდინარეობს. სასწავლო და სამუშაო პროცესის დაკავშირებით მონაწილეები, კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესებასთან ერთად, გაითავისებენ, თუ როგორ გამოიყენონ ნებისმიერი საქმიანი გამოცდილება სწავლის შესაძლებლობად. ეს კი დაეხმარებათ, რომ განვითარება ჩვენი შეხვედრების მიღმაც, თავიანთი ინიციატივით გააგრძელონ და ამ თვისებით ნებისმიერი გუნდისა თუ ორგანიზაციის ღირებული წევრები გახდნენ” – ანამარია სუხიტაშვილი, კომუნიკაციის სახელოსნოს ფასილიტატორი.

კომუნიკაციის სახელოსნოში, პირველ ეტაპზე, თიბისის ტექ-განათლების პროგრამების კურსდამთავრებულები მონაწილეობენ. 2024 წლიდან კი კარი ყველა უფროსკლასელისთვის გაიღება.

ხანძარი ვოლგოგრადის საჯარისო ნაწილში – მედია უკრაინული დრონის თავდასხმაზე წერს

რუსეთში, ვოლგოგრადის ოლქში, საჯარისო ნაწილში ხანძარი იყო – იტყობინება რეგიონის ადმინისტრაცია. ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ბოჩაროვის თქმით, ხანძარი ოპერატიულად ჩააქრეს.

„არავინ დაშავებულა, არც სამოქალაქო ობიექტები დაზიანებულა. ხანძრის გარემოებების გამოძიება მიმდინარეობს“, – აღნიშნა მან.

როგორც გამოცემა „მედუზა“ წერს, ხანძარი წუხელ, 16 ნოემბერს, ღამის პირველ საათზე დაიწყო და მისი ჩაქრობა დილის ხუთი საათისთვის მოხერხდა. ტელეგრამ-არხ „ასტრას“ ცნობით, ხანძრის მიზეზი დრონის თავდასხმა იყო, ტელეგრამ-არხი „ბაზა“ კი წერს, რომ ხანძრამდე ადგილობრივებმა დრონის ფრენის ხმაც გაიგეს.

„ასტრა“ აგრეთვე აღნიშნავს, რომ ამ საჯარისო ნაწილში საკმაოდ დიდი ოდენობით ინახავენ ტყვია-წამალს და ხანძარი სწორედ საწყობში დაიწყო.

ადგილობრივი გამოცემა „ვოლგოგრად ონლაინი“ წერს, რომ ხანძრის ამსახველ ვიდეომასალებში ნათლად ისმის აფეთქების ხმები.

მედიის ცნობით, ხანძრის შედეგად სამხედროები არ დაშავებულან, თუმცა, „ვოლგოგრად ონლაინს“ ამ ნაწილის ერთ-ერთი სამხედრო პირის ნათესავებმა უთხრეს, რომ მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებენ.

სტუდენტების ხმა მედიაში – დისკუსია ბათუმში

პარასკევს, 17 ნოემბერს, ბათუმში, გაიმართება შეხვედრა და დისკუსია სტუდენტებთან თემაზე – „სტუდენტების ხმა მედიაში“.

ისმის თუ არა სტუდენტების ხმა ქართულ მედიაში? რატომ არის მნიშვნელოვანი სტუდენტური ინიციატივების, აქტივობების, პროტესტის, განათლების საკითხების გაშუქება? რა როლი აქვთ სტუდენტებს საქართველოს ევროინტეგრაციაში? – შეხვედრაზე სწორედ ამ თემებზე შედგება დისკუსია.

შეხვედრის მოდერატორია „ბათუმელების“ ჟურნალისტი და მმართველი რედაქტორი ნანა კვაჭაძე.

შეხვედრა გამოცემა „ბათუმელების“ ოფისში გაიმართება. დასაწყისი 16:00 საათზე.

შეხვედრა „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ დისკუსიათა ციკლის: „მედიის თავისუფლება – გზა ევროინტეგრაციისკენ“ ფარგლებში იმართება და დასწრება თავისუფალია.

მისამართი: მემედ აბაშიძის 48. „ბათუმელების“ რედაქცია, მეორე სართული.

ბრაზილიაში +42 გრადუსია, ქვეყანაში განგაშის წითელი დონე გამოცხადდა

ანომალიური სიცხის გამო ბრაზილიის დიდ ნაწილში განგაშის წითელი დონეა გამოცხადებული – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

12 ნოემბერს რიო დე ჟანეიროში ნოემბრის რეკორდული ტემპერატურა დაფიქსირდა – 42,5 გრადუსი ცელსიუსით.

მეტეოროლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ცნობით, სან-პაოლოში 14 ნოემბერს, ნაშუადღევს, საშუალო ტემპერატურა 37.3°C იყო. მეტეოროლოგები ვარაუდობენ, რომ სიცხის ტალღა სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე გასტანს.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ბევრ რეგიონში უჩვეულოდ ცხელი პერიოდი უფრო გრძელი და ინტენსიური ხდება და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ მიმდინარეობს სათბურის გაზების გამოყოფა ატმოსფეროში, რაც ათბობს პლანეტას.

„ბიბისის“ ცნობით, ამჟამინდელი სიცხის ტალღა დაკავშირებულია ციკლურ ელ-ნინიოს ეფექტთან, რაც იწვევს გვალვას ამაზონის ნაწილებში და ჭარბ ნალექს სამხრეთ-აღმოსავლეთ ბრაზილიაში.

____________

ფოტო: EPA-EFE/Antonio Lacerda

მოსამართლეების საქმიანობა საერთაშორისო კომისიამ შეისწავლოს – ევროსასამართლოს ექსმოსამართლე EU-ს მოთხოვნებზე

„სადაც კლანური სასამართლოა, იქ ელიტები ძალიან მარტივად ახერხებენ თავიანთი საქმეების დალაგებას, დამოუკიდებელი სასამართლო უფრო მეტად არის გლეხის პრობლემა, რომელსაც გასაქცევი არსად აქვს და ადამიანი, ვისაც უნდა ენდობოდეს მოსამართლის სახით, იმას ვერ ენდობა,“ – ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ნონა წოწორია ამ საკითხს გვისახელებს ერთ-ერთ გამოწვევად ევროკომისიისგან ახალი დათქმების შესრულების პროცესში: რამდენად კატეგორიულად მოითხოვს საზოგადოება ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ სასამართლოს?

ნონა წოწორია იმ სპეციალური კომისიის წევრია, რომელიც მოლდოვაში სასამართლოს და პროკურატურის თვითმმართველ ორგანოებში ასარჩევი წევრების წინასწარი შეფასებისთვის შეიქმნა. კომისიის სამი წევრი მოლდოველია, სამი – უცხოელი. ასეთი კომისია, რომელიც მართლმსაჯულების სისტემაში საკვანძო თანამდებობებზე მომუშავე მოსამართლეებს შეფასებს, საქართველოშიც უნდა შეიქმნას.

რამდენად იმუშავეს ვეტინგი, ანუ მოსამართლეების შეფასების მექანიზმი საქართველოში? – ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე ხაზს უსვამს, რომ მოლდოვაში გადამწყვეტი ხელისუფლების ნება აღმოჩნდა, საქართველოში კი, საზოგადოების გააქტიურების გარეშე, ნონა წოწორიას არ აქვს მოლოდინი, ვეტინგი რეალურად ამუშავდეს და სასამართლო კლანი ისე ჩამოიშალოს, როგორც ეს, მაგალითად, მოლდოვაში მოხდა.

ევროკომისია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, „ერთი წლის ვადაში მართლმსაჯულების სისტემაში დანერგოს საკვანძო თანამდებობებზე დანიშნული პირების ხელახალი შეფასების ექსტრაორდინარული მექანიზმი, რომელშიც გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებულ კომისიას ექნება.“

„ბათუმელებმა“ ევროსასამართლოს ყოფილ მოსამართლესთან, ნონა წოწორიასთან ინტერვიუ ჩაწერა:

  • ქალბატონო ნონა, ევროკავშირი საქართველოსგან ელის ვეტინგის [გადამოწმება, ხელახლა შეფასება] ჩატარებას, თუ ახალი მექანიზმი მოიაზრება, როცა ევროკომისია ერთ-ერთ დათქმაში მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, „მართლმსაჯულების სისტემაში დანერგოს საკვანძო თანამდებობებზე დანიშნული პირების ხელახლა შეფასების ექსტრაორდინარული მექანიზმი“? 

ეს არის პრაქტიკულად ის, რასაც ახორციელებს მოლდოვის მთავრობა, ახალ მექანიზმზე არ არის საუბარი.

ზოგადად ვეტინგის სისტემა არ არის ახალი, თუმცა მოლდოვამ შემოიღო ახალი, წინასწარი ვეტინგის სისტემა მაგისტრატურის უმაღლეს საბჭოში [საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ექვივალენტი] ასარჩევი მოსამართლე და არამოსამართლე წევრების შესაფასებლად. მოლდოვაში მოსახლეობის ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ დაბალი იყო და გადაწყდა, რომ გამოყენებულიყო წინასწარი შემოწმების მექანიზმიც. ეს იყო ექსპერიმენტი მოლდოვისთვის. ჩემთვის გასახარია იმის დანახვა, რომ ევროკავშირის პერსპექტივიდან ამ ექსპერიმენტმა გაამართლა.

ევროკომისია მოლდოვაში ამ პროცესს უკვე ორი წელია ადევნებს თვალს. თავის დროზე, როდესაც ალბანეთის რეფორმები გატარდა, გადაწვეტილებები გასაჩივრდა ევროსასამართლოში და ევროსასამართლომ მიიღო გადაწყვეტილებები ვეტინგის პროცესთან დაკავშირებით და დაადგინა, რომ ეს პროცესი იყო კონვენციის შესაბამისი. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი საქმიანობისთვის.

ცხადია, ნაკლოვანებები კომისიის საქმიანობაში  გამორიცხული არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შესაძლოა საუბარი იყოს ახალ პროცესზე. ევროკომისიის ბოლო დოკუმენტითაც ჩანს, რომ დადებითად შეფასდა ვეტინგის პროცესი მოლდოვაში. დოკუმენტში ასეთი ჩანაწერია: „მოლდოვამ შექმნა ამბიციური ვეტინგის პროცესი სასამართლოსთვის და პროკურატურისთვის, რაც არის ფუნდამენტური და ყოვლისმომცველი სასამართლო რეფორმის საფუძველი“.

  • თქვენ იმ სპეციალური კომისიის წევრი ხართ, რომელიც მოლდოვაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატებს არჩევს. რა ეტაპზეა ეს პროცესი მოლდოვაში და რა არის მთავარი ფაქტორი, რის გამოც ვეტინგმა მოლდოვაში გაამართლა? 

მუშაობას შეუდგა იუსტიციის საბჭო, რომელიც დაბლოკილი იყო დაახლოებით 2 წლის განმავლობაში და ეს ხელს უშლიდა სასამართლოს ფუნქციონირებას. ეს იყო მიზანი, რომელიც ჩვენს კომისიას ჰქონდა. ვერ გეტყვით, რომ ეს ადვილი იყო.

  • როცა ამბობთ, რომ ეს არ იყო ადვილი, რა იყო მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორები? 

უმთავრესი ამ პროცესში იყო მოლდოვის ხელისუფლების პოლიტიკური ნება, რომლის გარეშეც არანაირი რეფორმა არ შედგებოდა. ჩვენ ვიღებდით ინფორმაციას უშიშროების სისტემიდან, ბანკებიდან, საზღვრის დაცვის დეპარტამენტიდან და ასე შემდეგ. აღმოჩნდა, რომ საკვანძო ინფორმაცია მოგვაწოდეს ბანკებმა.

თავიდან ვშიშობდით, რომ ბანკები არ ითანამშრომლებდნენ, რადგან ეს კერძო სექტორია, თუმცა პოზიტიურად გავოცდით, როცა ბანკებიდან პირიქით, ყველაზე მეტი და რაც მთავარია – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღეთ.

მოლდოვის შემთხვევაში, მაგალითად, ჩვენ ვსწავლობდით კანდიდატების საბანკო ოპერაციებს, მათ ქონებას. თუ კანდიდატი ამბობს, რომ ქონება ბებიამ, ან ბაბუამ აჩუქა, ვამოწმებდით  ბებიას და ბაბუას ქონებას, მათი შემოსავლები როგორია: რამდენად შეეძლოთ ძვირადღირებული საჩუქარი გაეკეთებიათ შვილიშვილისთვის?

მოხერხდა ის, რომ ჩვენ შევარჩიეთ 5 მოსამართლე კანდიდატი იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრობისთვის. როგორც იცით, ჩვენი გადაწყვეტილება არ ნიშნავს ავტომატურად იუსტიციის საბჭოში კანდიდატის გამწესებას, თუმცა მოსამართლეთა კონფერენციას სჭირდება ჩვენი დადებითი გადაწყვეტილება კონკრეტული კანდიდატის ასარჩევად.

6 კვოტიდან, რაც აქვთ მოსამართლეებს იუსტიციის საბჭოში, 4 შეარჩიეს და დარჩა 2 ვაკანსია, რადგან უზენაესი და სააპელაციო სასამართლოების კვოტა ვერ შეივსო. ხუთივე წევრი, რომელიც ჩვენ შევარჩიეთ, იყო პირველი ინსტანციის სასამართლოდან, მათგან ოთხი გამწესდა და ერთი სარეზერვოა. უზენაესი სასამართლოდან და სააპელაციო სასამართლოდან ვერავინ შევარჩიეთ.

  • რატომ ვერ შეარჩიეთ?

უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო კომისიამ მათ კეთილსინდისიერებასა და სტანდარტებთან შესაბამისობაზე.

ჩვენ ასევე შესარჩევი გვყავდა არამოსამართლე წევრობის კანდიდატები: არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ყოფილი მოსამართლეები, ადვოკატები… ამჟამად პარლამენტის მიერ არჩეული 4 წევრია მაგისტრატურის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში. მივიღეთ მაგისტრატურის უმაღლესი საბჭო, რომელშიც კომისიის მიერ შემოწმებული  4+4 შემადგენლობაა. ეს საკმარისი რაოდენობაა, რომ საბჭომ მიიღოს გადაწყვეტილებები. მთლიანად ვერ შეივსო იუსტიიცის უმაღლესი საბჭო, მაგრამ იგი ფუნქციონერებადია.

  • გამოწვევა რა გამოჩნდა ამ პროცესში? 

ჩემთვის ყველაზე მთავარი, რაც ამ პროცესში დავინახე, არის ის, რომ უზენაესი სასამართლოს რეფორმა უნდა ჩატარდეს იუსტიციის საბჭოს ფორმირების პარალელურად, ან მანამდე.

იმის გათვალისწინებით, რომ დრო, ზოგადად, ძალიან ცოტაა ასეთ პროცესში, უმჯობესია, ეს პარალელური პროცესი იყოს.

  • ამას იმიტომ ამბობთ, რომ ვეტინგის დაწყების შემდეგ მოლდოვის უზენაესი სასამართლო ბევრმა მოსამართლემ თავისივე სურვილით დატოვა? 

დიახ, ასეა, მათ დატოვეს თანამდებობები, თუმცა საკვანძო საკითხი ამ პროცესში არის ის, რომ უზენაეს სასამართლოში ერთი კოლეგია მაინც უნდა იყოს მოსამართლეების, რომელსაც გავლილი აქვთ ეს პროცესი.

  • რა ცვლილებებია ამჯერად მოლდოვის უზენაეს სასამართლოში? 

მეორე სპეციალური კომისია მუშაობს ამ მიმართულებით. ამავე კომისიამ ასევე უნდა ჩაატაროს ვეტინგი საკვანძო თანამდებობაზე მყოფი მოსამართლეებისთვის.

მნიშვნელოვანია, ბოლომდე იყოს ფორმირებული იუსტიციის უმაღლესი საბჭო, თუმცა ეს არ ნიშნავს ავტომატურად იმის გარანტიას, რომ ყველაფერი იქნება იდეალურად. ეს ხანგრძლივი  პროცესია.

14 ნოემბერს მაგისტრატურის უმაღლესმა საბჭომ ოთხი მოსამართლის სისხლის სამართლის გამოძიებაზე თანხმობა განაცხადა. მოსამართლეები ეჭვმიტანილები არიან პასიურ და აქტიურ კორუფციაში. მსჯელობის შედეგად ოთხი მოთხოვნა დაკმაყოფილდა რვა ხმით მომხრე და ნული წინააღმდეგი ხმით. მაგისტრატურის უმაღლესი საბჭო დათანხმდა გამოძიებას, მათ შორის ოთხი მოსამართლის იძულებით მიყვანას, დაკავებას, დაკავებას და ჩხრეკას. მოცემულ მოსამართლეებს თანამდებობა შეუჩერეს მათ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

ევროკომისიის რეკომენდაციების ნაწილში, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის პირდაპირი მითითება ვენეციის კომისიის დასკვნებზე. მაგალითად, ვენეციის კომისიის ბოლო დასკვნა, რაც ოქტომბერში გამოიცა, ძალიან მკაცრი იყო. ამ დოკუმენტში პირდაპირ იყო აღნიშნული, რომ იუსტიციის საბჭოს რეფორმა არ არის მარტივი და კოსმეტიკური რეფორმა არ არის. ვენეციის კომისიამ პირდაპირ თქვა, რომ საჭიროა ფუნდამენტური და ყოვლისმომცველი რეფორმის გატარება.

  • ამიტომაც გამკაცრდა ევროკომისიის პირობები და მოითხოვა „ექსტრაორდინარული მექანიზმი“? წინა 12 რეკომენდაციის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებას უნდა მიეღო „გამჭვირვალე და ეფექტური სასამართლო რეფორმის სტრატეგია“. 

ბოლო ანგარიშში ვენეციის კომისიამ თქვა, რომ ნდობის ხარისხი იმდენად დაბალია, რომ საჭიროა საფუძვლიანი რეფორმა და სპეციალური მექანიზმის შემოღება საერთაშორისო კომპონენტის მონაწილეობით.

ევროკომისია აღარ იმეორებს ამ კრიტიკას, მაგრამ პირდაპირ წერს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნები გაითვალისწინეთო. ვენეციის კომისიის დასკვნაში კი წერია, რომ საჭიროა ფუნდამენტური ცვლილებები, რაც მოიცავს იუსტიციის საბჭოს, როგორც ფორმირებას, ისე ფუნქციონიერების წესს იმისთვის, რომ მან შეძლოს თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილების სათანადოდ შესრულება.

  • ამის აქცენტირება ნიშნავს იმასაც, რომ ევროკომისია საკმარისად არ მიიჩნევს მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებებს და საჭიროდ მიიჩნევს მოსამართლეების კეთილსინდისიერების საკითხის შესწავლას? 

ვფიქრობ – კი, რადგან ვენეციის კომისიის დასკვნას თუ ნახავთ, სქოლიოში ნახავთ მითითებას სანქცირებულ მოსამართლეებზეც.

ევროკომისიის რეკომედანცია ამბობს, რომ ერთადერთი გამოსავალი სპეციალური მექანიზმის შექმნაშია. ევროკავშირი ყოველთვის გვეუბნებოდა, რომ ეს პროცესი იმდენად დიდია და ფართო, რომ საჭიროა ყველა დაინტერსებული პირის მასში მონაწილეობა. ეს იქნება არასამთავრობო სექტორი თუ ოპოზიცია. თუ მოლდოვის შეფასებას ნახავთ, იქ პირდაპირ წერია, რომ ეს პროცესი წარიმართა დაინტერესებული არასამთავრობო სექტორის ჩართულობით.

რასაც მე ვუყურებ და რასაც მოითხოვს ეს რეფორმა, არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ამ რეფორმის განმახორციელებელია.

  • თუ არ ჩანს ხელისუფლების ნება, რამდენად შეიძლება იმუშაოს მოსამართლეების შეფასების მექანიზმმა, რომც შეიქმნას სპეციალური კომისია? 

ეს პროცესი იმდენად ყოვლისმომცველია და ეხება ხელისუფლების ყველა შტოს, თუ არ იქნება ხელისუფლების ნება, ვინ გაგიხსნის გზას, მაგალითად, უშიშროების სისტემისკენ, დეკლარაციების მოპოვებისკენ, ან საბანკო სისტემისკენ? ამ პროცესს ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე ვერ დაიწყებ და იგი მხოლოდ ფორმალობა იქნება.

უკრაინის გამოცდილება განსხვავდება მოლდოვისგან: უკრაინის შემთხვევაში ეთიკის საბჭოს ჰქონდა ძალიან ცოტა ინფორმაცია. ჩვენ კი, გვაქვს ძალიან ბევრი. ერთი  გაოცება, რაც გამოიწვია ამ პროცესმა, იყო ის, რომ არასამთავრობო სექტორი აქტიურად არ თანამშრომლობდა კომისიასთან, რაც ალბათ უფრო რესურსების ნაკლებობით იყო გამოწვეული. საქართველოში ამ მხრივ სიტუაცია უფრო სხვანაირი იქნება, ჩემი აზრით.

  • როგორია საზოგადოების ჩართულობა მოლდოვის შემთხვევაში და საქართველოში რამდენად შეიძლება გააჩინოს საზოგადოების აქტიურობამ ხელისუფლების ნება, სასამართლოს დამოუკიდებლობას დათანხმდეს? 

ჩვენ გვქონდა მოდელი, როცა მოქალაქეებს შეეძლოთ, მიემართათ კომისიისთვის, თუ მათთვის ცნობილია რომელიმე მოსამართლის მხრიდან ჩადენილ დარღვევაზე. მოქალაქეები ძალიან აქტიურები არ იყვნენ, თუმცა ინფორმაცია, რაც მოგვაწოდეს, ცხადია, გადაამოწმა კომისიამ.

  • კომისია ინტერესდებოდა მოსამართლეების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებითაც? 

კომისიის კომპეტენცია არ არის პროფესიონალიზმის შემოწმება, ეთიკის – კი, მაგალითად, ინტერესთა კონფლიქტი გახმაურებულ საქმეებში. იყო ასეთი შემთხვევა, როცა მოსამართლე განიხილავდა იმ ადვოკატის სარჩელს, ვისგანაც ქონება შეიძინა, ან მოსამართლე ადვოკატთან ერთად უცხოეთში მოგზაურობდა და შემდეგ ეს ადვოკატი მასთან გამოდიოდა პროცესზე. ამ სახის ეთიკურ საკითხებს ვიხილავდით.

განვიხილეთ ასევე შემთხვევა, როცა კანდიდატმა აშკარად თვითნებური გადაწყვეტილება მიიღო ისეთი მძიმე ფაქტობრივი გარემოებების მქონე საქმეში, რომ სამართლის არმცოდნე ობიექტურ დამკვირვებელიც კი გაოცდებოდა.

  • იუსტიციის საბჭოსგან განსხვავებით, მოლდოვაში ვერ მოხერხდა საპროკურორო საბჭოს წევრების არჩევა. რა მოხდა ამ შემთხვევაში? 

მოლდოვის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ჩვენი უარყოფითი გადაწყვეტილებები და უკან დაგვიბრუნა განსახილველად. ახლა ჩვენ ამ გადაწყვეტილებებს ხელახლა განვიხილავთ. პრინციპში ეს უკვე მაგისტრატურის  უმაღლეს საბჭოზე გავლენას ვეღარ მოახდენს. პროკურორებმა გადაწყვიტეს, რომ დაელოდებოდნენ საჩივრების  განხილვას კომისიის მიერ, შემდეგ შეიკრიბებიან და აირჩევენ წევრებს საბჭოსთვის [აქაც არიან პროკურორები და არაპროკურორი წევრები].

მოსამართლეებსაც ჰქონდათ იგივე დილემა, თუმცა მათმა უმრავლესობამ თქვა, რომ არა, ჩვენ ავირჩევთ მაგისტრატურის საბჭოს წევრებს. სხვათა შორის, ძალიან სათუო იყო, მოსამართლეთა კონფერენცია აირჩევდა თუ არა ჩვენს მიერ შერჩეულ კანდიდატებს თუ დაელოდებოდნენ უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებების შედეგებს. ეს იმას ნიშნავს, რომ დღემდე არ იქნებოდა უსტიციის საბჭოც. შესაბამისად, მოსამართლეთა კონფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილება იყო განსაკუთრებით პოზიტიური ამბავი. ასე რომ, ბევრი გამოწვევაა ამ პროცესში. ეს ძალიან რთული პროცესია.

  • საქართველოს მოცემულობის გათვალისწინებით, რა შანსი არსებობს მოსამართლეების შეფასების სისტემამ რეალურად იმუშაოს? 

ხელისუფლება ამ პროცესში აჩვენებს, მისი პროდასავლურობა ფასადურია, თუ არა. ჩემთვის ფასადურია და ნათელი, მაგრამ იმ ადამიანებისთვის აჩვენებს, რომლებსაც ჯერ კიდევ კითხვები აქვთ.

ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადოებისგამ ისეთივე სიძლიერით ამ რეფორმის მოთხოვნა, როგორიც არის ზოგადი მოთხოვნა „ევროპა გვინდა“. ეს სპეციფიკური თემაა და ამის მიტანა ძალიან რთულია საზოგადოებამდე. ისე ჩანს, თითქოს ეს არის საზოგადოების მაღალი კლასების თემა, რაც არის ფუნდამენტურად არასწორი. უფრო ადვილად გასაგები იქნება, თუ მოქალაქეებს ავუხსნით, რომ საკითხი რეალურად ეხება იმას, რომ აი, მეზობელთან ღობეზე დავა რომ აქვს, ამას რომელი მოსამართლე როგორ განიხილავს?

მოქალაქეებმა უნდა დაინახონ, რომ ეს არის მათი არსებობისთვის ფუნდამენტური საკითხი, ეს არ არის ელიტების პრობლემა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ: სასამართლო საერთოდ არ არის ელიტების პრობლემა, რადგან სადაც კლანური სასამართლოა, იქ ელიტები ძალიან მარტივად ახერხებენ თავიანთი საქმეების დალაგებას. დამოუკიდებელი სასამართლოს  არარსებობა უფრო მეტად გლეხის პრობლემაა, რომელსაც გასაქცევი არსად აქვს და სჭირდება ხელისუფლების წარმომადგენელი მოსამართლის სახით, ვისაც უნდა ენდობოდეს.

ჩვენ გვაქვს კარგი ფაბულა ევროკავშირის რეკომენდაციების სახით, რომ შედეგს მივაღწიოთ. ვიცით, რომ საჭიროა კონკრეტული რეფორმები და იმის თქმა ხელისუფლებისგან, რომ აი, ეს პატარა ნაწილი შევასრულე და დიდი არა – ხალხმა ხელისუფლებას არ უნდა შეარჩინოს, მათ შორის, მომავალ წელს არჩევნებში.

თქვენს ადგილზე ვკითხავდი ოპოზიციასაც: რას აკეთებენ ისინი ამ პროცესისთვის? ინკლუზიურობა ნიშნავს პოლიტიკურ პარტიების ჩართულობასაც.

___

„ბათუმელებმა“ სტატია მოამზადა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „ბათუმელები“ და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებას.

მთავრობის წევრებს შვილები ფუფუნებაში ჰყავთ, ჩვენ კი შვილებისთვის გადავიხვეწეთ – ემიგრანტი ქალი

საქართველოდან ემიგრაციაში ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მეტი მოქალაქე მიდის. ძირითადი მიმართულები ემიგრანტებისთვის ევროპის ქვეყნები და ამერიკაა, თუმცა საქართველოს ბევრი მოქალაქე მიდის ერაყშიც, სადაც სამუშაო ვიზას ევროპის ქვეყნებთან შედარებით მარტივად იღებენ.

ერაყში საქართველოს მოქალაქეები ძირითადად სასტუმროებში, კაფე-ბარებსა და ოჯახებში მუშაობენ დამლაგებლებად. რახან ერაყში წასული ქართველი ემიგრანტები ძირითადად ლეგალურად, სამუშაო ვიზით საქმდებიან, ხშირად მიჰყავთ ოჯახის წევრებიც.

საქართველოს 2021-2030 წლების მიგრაციის სტრატეგიაში წერია, რომ ემიგრაციის აღრიცხვის გამართული სისტემა არ გვაქვს და სტატისტიკური მონაცემები საქართველოდან შრომითი ემიგრანტების შესახებ არ არის სრულყოფილი. ვერ ხერხდება შრომითი ემიგრანტების მონაცემების შეგროვება და ანალიზი სოციალურ-ეკონომიკურ ჭრილში [სქესი, ასაკი, განათლების დონე და სხვ].

თუმცა ემიგრაციის მასშტაბისა და საზღვარგარეთ წასვლის ძირითადი მოტივების გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ ემიგრაცია საქართველოდან უპირატესად საზღვარგარეთ დასაქმებას უკავშირდება.

„აღსანიშნავია, რომ 2014 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგების მიხედვით, შრომისუნარიანი ასაკის ემიგრანტთა შორის უმრავლესობა (55%) ქალია“, – წერია მიგრაციის სტრატეგიაში.

39 წლის სალომე სირაძე 12 წელია ერაყში მუშაობს. ორი შვილი ჰყავს. აქამდე შვილების გაზრდა იყო საჭირო. ახლა ისინი აბიტურიენტები ხდებიან და დედა ფიქრობს, რომ სტუდენტებს კიდევ უფრო მეტი დასჭირდებათ, ვიდრე აქამდე. სალომე თავიდან მეუღლესთან ერთად წავიდა ემიგრაციაში. ახლა მარტო მუშაობს ერაყში.

თავიდან თურქეთში უვლიდა მოხუცს, მაგრამ ეს ხელფასი მის ოჯახს არ ჰყოფნიდა და სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა ცოლ-ქმარმა ერაყში ერთად წასვლა.

სალომეს ქმარი მეგობარს დაუკავშირდა ერაყში, რომელმაც სამუშაო პირობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია წყვილს, ოჯახებში დამხმარე ქალებისთვის იყო ძირითადად ერაყში ვაკანსიები, სალომემ ეს ემიგრაციაში წასვლამდეც იცოდა და წავიდნენ.

  • სალომე სირაძე, 39 წლის ემიგრანტი

მე ოჯახში ვმუშაობდი, ჩემი ქმარი – სხვაგან. ერთ ქალაქში ვმუშაობდით, ერთად წავედით სამუშაოდ, მაგრამ მაინც სხვადასხვაგან გვიწევდა ცხოვრება. ორივენი ვაგროვებდით ხელფასს და რაც შვილებს საქართველოში ყოფნისას ვერ გავუკეთეთ, გავუკეთეთ ერაყიდან:

საქართველოში საკუთარი სახლიც არ გვქონდა. ქირით ვცხოვრობდით. ერაყში შრომით ოზურგეთში ვიყიდეთ სახლი. ზოგს სახლში შვილების დამტოვებელიც არავინ ჰყავს. მე ამ მხრივ გამიმართლა, რადგან დედამთილი მყავდა სახლში და ჩემს შვილებს დედობას და ბებიობას უწევდა ერთდროულად. მისი უზომოდ მადლიერი ვარ, მაგრამ მე შორს ყოფნით  ჩემს შვილებს ეს სითბო დავაკელი. ამ წლებს ვეღარაფერი აანაზღაურებს.

არც ვიცი, როდის დავბრუნდები. ვერაფერს ვხედავ საქართველოში ჯერ ისეთს, რომ ემიგრანტმა სამსახურის კარი გამოიხუროს უცხოეთში და თქვას, დამთავრდა ჩემი ემიგრანტობაო და დაბრუნდეს.

ჩვენი ხელისუფლება არაფერს აკეთებს ემიგრანტების დასაბრუნებლად. მხოლოდ საკუთარი ჯიბეებისთვის, საკუთარი ოჯახებისთვის აკეთებენ ყველაფერს.

ამდენი წელი გავიდა და ვერ ვბრუნდებით, შვილებს მშობლების სიყვარული აღარ აქვთ სიშორისგან, მაგრამ რაში ანაღვლებს ეს ჩვენს ხელისუფლებას? მათ შვილებს აქვთ ყველაფერი.

არ უნდა გვიწევდეს დასალაგებლად სხვა ქვეყანაში წასვლა. ზოგჯერ ამბობენ, დარჩით და აქ იპოვეთ სამსახურიო. შეიძლება საქართველოშიც იპოვო სამსახური, მაგრამ 700, 800-ლარიანი ხელფასი არც ერთ ოჯახს არ ჰყოფნის, ოჯახს ამ ხელფასით ვერაფერს შეჰმატებ.

საარსებო მინიმუმი 256 ლარია საქართველოში თურმე. მთავრობის წევრების შვილებს ჰყოფნით თვიდან თვემდე 256 ლარი? თუ ჩემს შვილებს ეუბნებიან, რომ ეს უნდა იკმარონ, თვითონაც ამით იცხოვრონ მაშინ და ამდენი იკმარონ.

მათი შვილები დედ-მამასთან იზრდებიან, სითბოსა და ფუფუნებაში, ჩვენს შვილებს ჩვენი უცხო ქვეყანაში გადახვეწის სანაცვლოდ არაფერი დაჰკლებიათ, მაგრამ დააკლდათ მთავარი – მშობლების სიახლოვე და ურთიერთობები. ეს მთავარი ძალა წაერთვათ ჩვენს შვილებს და ვის ადარდებს ეს?

ყველა ხელისუფლება გვპირდებოდა ქვეყნის თავისუფლებას და კარგ მომავალს ჩვენი შვილებისთვის და სად არის ეს ყველაფერი? ხომ შეიძლება პენსიონერს პროდუქტის ყიდვის საშუალება მაინც ჰქონდეს, ემიგრანტს კი – თავის ქვეყანაში დაბრუნების პირობები? თვიდან თვემდე რომ ეყოს ადამიანს ნორმალურად კვებისთვის ხელფასი, ამის მოგვარება მაინც არ შეიძლება? 100 ლარით ერთხელ რომ წახვალ ბაზარში ოჯახისთვის, შინ ვერაფერს მოიტან.

ჩემთვის არაფერი შეიცვლება, არ ვიცი, როდის დავბრუნდები. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსმა შესაძლოა მომავალში მდგომარეობა შეცვალოს. მეც ეს მინდა, ორი შვილი მყავს, არ მინდა, მათაც ჩემსავით ემიგრანტობის გარდა სხვა არჩევანი არ ჰქონდეთ თავიანთი შვილების გასაზრდელად, მინდა ჩემმა შვილებმა შეძლონ საქართველოში თვითდამკვიდრება და ღირსეულად ცხოვრება მათი შვილების მომავლისთვის.


ბევრი მაგალითი აჩვენებს, რომ შრომით ემიგრაციაში წასულ ქალებს უწევთ არამხოლოდ შვილების, არამედ შვილიშვილების მატერიალური უზრუნველყოფაც და თაობათა ცვლა კიდევ უფრო ამძიმებს მათ ყოფას ემიგრაციაში.

ხშირად ოჯახები სამუდამოდ რჩებიან ემიგრანტების  ფულად გზავნილებზე დამოკიდებულები მანამ, სანამ ქალი მუშაობას შეძლებს.

საქართველოს ეკონომიკაზე ფულადი გზავნილების გავლენა ყოველწლიურად იზრდება. 2023 წლის კვლევაში: „შრომითი მიგრანტი ქართველი ქალების სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობა“ წერია, რომ ეროვნული ბანკის უახლესი მონაცემებით, უშუალოდ მუშაკთა გზავნილებმა 2022 წელს 2.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დაახლოებით 9 პროცენტია.

„ქვეყნის ეკონომიკისთვის ფულადი გზავნილების კრიტიკული მნიშვნელობა განსაკუთრებით COVID-19-ის კრიზისის დროს გამოჩნდა“ – წერია კვლევაში.

როგორ აწყობს მეურნეობას საბერძნეთიდან ჩამოსული ქალი – ძროხების საყიდლად ფული მომცეს

„წავედი ოთხი წლის წინ, გაჭირვების გამო, აბა დალხინებული ადამიანი იქ არ მიდის, ვიყავი ჯანმრთელი, ვმუშაობდი, მერე სასწრაფოდ საოპერაციო ვიყავი და წამოვედი საქართველოში. ჯანმრთელად რომ ვყოფილიყავი გავაგრძელებდი მუშაობას და ვერ დავბრუნდებოდი“, – ამბობს 67 წლის ნადია ბოლქვაძე, რომელმაც 4 წელი გაატარა საბერძნეთში, რის შემდეგაც ემიგრაციიდან შინ, ქობულეთის სოფელ ოჩხამურში დაბრუნდა.

ამბობს, რომ მძიმედ დაავადებულ მოხუცებს უვლიდა და სიმძიმეების ხშირი აწევით თავადაც დაავადდა. საქართველოში დაბრუნებულმა ორი ოპერაცია გაიკეთა. ოჩხამურში ახლა მეუღლესთან და შვილთან, მცირეწლოვან შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს.

  • „მთელი ემიგრაცია ბანკის სესხშია ჩაძირული, ამ სესხების გამოა ხალხი წასული“

„არ არსებობს ემიგრაციაში იყოს ადამიანი და ბანკში სესხი არ ჰქონდეს. ამის გამო ვტოვებთ ოჯახს, შვილებს, შვილიშვილებს, არიან ისეთი მოხუცებიც, რომლებიც თვითონ მოსავლელები არიან. ისინი კიდევ სხვას უვლიან. ზოგი ავადაა, თავადაა ხანდაზმული და სამკურნალო უკვე. შეხედავ და ძლივს დადიან, თავად მოსავლელები, გული მოგიკვდება, მაგრამ რა ქნან.

საბერძნეთში, ათენში ვცხოვრობდი, ომინიაზე ვიკრიბებოდით ქართველები კვირა დღეს, ჩემი ქვეყნიდან ამდენ ხალხს რომ ვხედავდი თან მიხაროდა, თან გული მიკვდებოდა. კვირა დღეს აქ ყველა ერთმანეთს შესციცინებს, ერთმანეთის ამბებს ჰყვებიან, იცინიან, ტირიან, სეირნობენ ამ ერთ დღეს.

როცა მოხუცი გარდაიცვლება, ემიგრანტები მერე თვეობით უცდიან ახალ სამსახურს, ამ შუალედში იდებენ ვალებს, რადგან ჭამა, ღამის გასათევი გჭირდება და სხვა გზა არ გაქვს. არ არის საქართველოში ისეთი პირობები, რომ დაბრუნდეს ხალხი. თუ ოჯახში უცხოეთიდან გამომგზავნი არ ჰყავთ, ვერ დგას ის ოჯახი ფეხზე. ეხმარებიან ოჯახებს, რძლებს, შვილებს, შვილიშვილებს, თორემ ვის უნდა, რომ სხვას ემსახუროს და სხვა ქვეყანაში?

მთელი ემიგრაცია ბანკის სესხშია ჩაძირული, ამ სესხების გამოა ხალხი წასული, ამისთვის ვტოვებთ ოჯახს, შვილებს, შვილიშვილებს. მეც ვალების გამო წავედი, ახლაც სამი წელი მაქვს ისევ სახდელი 780 ლარი“, – ამბობს ყოფილი ემიგრანტი.

ნადია ბოლქვაძე საქართველოში ავადმყოფობის გამო დაბრუნდა. ორი ოპერაციის გაკეთებას საბერძნეთში ვერ მოახერხებდა, ამიტომ საქართველოში ჩამოვიდა.

ნადია ბოლქვაძე, საბერძნეთიდან დაბრუნებული ემიგრანტი

მას დაბრუნებაში საბერძნეთში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) დაეხმარა: ბილეთი უყიდეს, წამოსვლისას 1000 ევროთი დააფინანსეს და საქართველოში დაბრუნების შემდეგ დამატებით 1500 ევროს ღირებულების ორი ძროხა უყიდეს, ხბორებით.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია – გაეროს მიგრაციის სააგენტო (IOM) 1993 წლიდან მოქმედებს საქართველოში, 2003 წლიდან კი სთავაზობს საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნებასა და რეინტეგრაციაში დახმარებას. დღემდე IOM დაეხმარა 8096 დაბრუნებულ მიგრანტს რეინტეგრაციაში (6361 ოჯახს).

ნებაყოფლობითი დაბრუნების პროგრამით სარგებლობს საქართველოს მოქალაქე, რომელიც საზღვარგარეთ ყოფნის დროს აღმოჩნდა მოწყვლად მდომარეობაში, მაგალითად: არ აქვს ლეგალური სტატუსი ან სამგზავრო დოკუმენტები, გახდა თაღლითობის ან ტრეფიკინგის მსხვერპლი, უარი ეთქვა თავშესაფარზე და/ან არ აქვს თავისი ხარჯებით სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობა.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) სამშობლოში ნებაყოფლობითი დაბრუნების და რეინტეგრაციის პროექტი ფინანსება ევროკავშირის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და შვეიცარიის მთავრობების მიერ.

მიგრანტთა რეინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამას საქართველოში ახორციელებს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროც. ამ პროექტის ფარგლებში ნადია ბოლქვაძე 2100 ლარით დააფინანსეს, რაც რძის საწველი აპარატს, წყლის დიდ ავზს და ამ ტიპის მცირე მეწარმეობისთვის საჭირო სხვა ატრიბუტებს მოხმარდა.

ნადია, რომელიც საბერძნეთიდან 4-წლიანი ემიგრაციის შემდეგ დაბრუნდა ქობულეთში

„დავბრუნდი, იმიტომ რომ ავად გავხდი, რომ არა ეს ფინანსური დახმარება ვერც დავბრუნდებოდი, გზის ფულიც არ მქონდა წამოსვლისას, რასაც ვმუშაობდი ოჯახში ვგზავნიდი: ბანკის ვალი იყო, ოჯახის ყოველდღიური ფული, აუტისტური სპექტრის მქონე შვილიშვილი 2 წლის და 9 თვის, ექიმი, წამალი, გადასახადები…

ახლა ამ საქონლის იმედი მაქვს. რძის პროდუქტებს ვამზადებ და ვყიდი, ჩემი მომხმარებელი მყავს უკვე“, – ამბობს ნადია ბოლქვაძე.

ემიგრაციიდან რომ დაბრუნდა და დაფინანსებით ორი ძროხა იყიდა, გათვალა, რომ ეს ოჯახისთვის საკმარისი არ იქნებოდა და სესხი აიღო ბანკიდან:

„რომ ჩამოვედი ბანკის ვალი დამხვდა ისევ, რით გადავიხდიდი? ეს ორი ოპერაცია გავიკეთე და არაფერი შემოსავალი არ მქონდა. წავედი, ძველი ვალი გადავფარე, ახალი გამოვიტანე, ერთი თვე ხომ არ გახდევინებენ თანხას? ამ დროით ვისარგებლე და სესხით შევიძინე კიდევ ორი ძროხა თავისი ხბორებით.

ერთი მხრივ კარგია, რომ მივდივართ ბანკში და ხელს გვიწყობენ, მაგრამ იმხელა გადასახადი და პროცენტია, რომ ვიძირებით.

აქ სოფელია და საქონლით უნდა გახვიდე ფონს, სხვა შემოსავალი არ გვაქვს, თხილი ფუჭდება, რაც მოგვყავს საკმარისი არ არის, მიწის სიმცირეა და ამ საქონლით ვაპირებთ დავდგეთ ფეხზე“ – ამბობს ყოფილი ემიგრანტი.

  • „დახმარების გარეშე ვერაფერს ვიზამდი, ვერც დავბრუნდებოდი“

სამი მეწველი ძროხის რძით ნადია ბოლქვაძე ყველს, ხაჭოს და არაჟანს ამზადებს. ამბობს, რომ ზაფხულობით დაახლოებით 70 ლარის პროდუქტს ყიდის ყოველდღიურად და უკვე საკუთარი, მუდმივი მომხმარებელი ჰყავს. თუმცა ეს წლის ყველა დროს ასე არ არის. ახლა ნადიას ძროხებმა ხბორები უნდა მოიგონ და თებერვალ – მარტამდე რძე არ ექნებათ.

„თავის გატანას ვახერხებთ თვიდან თვემდე საქონლით. საქონელსაც ჭამა სჭირდება, განსაკუთრებით ზამთარია რთული, როცა ბალახი აღარ არის და გვიწევს თივა ვიყიდოთ. დახმარების და დაფინანსების გარეშე ვერაფერს ვიზამდი, ძროხებს ჩემით ვერ ვიყიდდი.

ზაფხულში ძალიან იაფდება ყველი, ჩასაბარებელი ფასი 10 ლარია, ზამთრობით ძვირდება – 13, 14 ლარი ღირს“, – ამბობს ნადია ბოლქვაძე.

ამბობს, რომ სამომავლოდ საქონლის სადგომის გაფართოებას და ძროხების გამრავლებას გეგმავს, რომ წარმოებაც გაზარდოს. ნადიას გათვლით ასე შეძლებს ოჯახის წევრებიც დაასაქმოს და სხვებიც.

პსპ-ში შავი პარასკევი დაიწყო – გაიგე, რას შეიძენ ნახევარ ფასად

PSP-ში შავი პარასკევის კვირეული დღეს, 16 ნოემბერს დაიწყო. რითაა გამორჩეული წლევანდელი მადლიერების კვირეული და რომელ ბრენდებზე გავრცელდება ფასდაკლება? – ამ საკითხზე პსპ-ეს მარკეტინგის მენეჯერს, სალომე პატარაიას ვესაუბრეთ. 

  • სალომე, როდის იწყება და როდემდე გაგრძელდება მადლიერების კვირეული? 

პსპ-ში შავი პარასკევის კვირეული დღეს დავიწყეთ და 26 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

  • რა სიახლეებია წინა წლებში გამართულ კვირეულთან შედარებით?

წელს 50%-იანი ფასდაკლება გვექნება 70-მდე ბრენდის ყველა პროდუქტზე. 30 და 40-პროცენტიანი ფასდაკლება გვექნება შერჩეულ ბრენდებზე. 

50%-იანი ფასდაკლება ვრცელდება მომხმარებლის საყვარელ ბრენდებზე, როგორც კანის მოვლის, ისე თმის, სხეულის, საკვებ დანამატებზე და დეკორატიულ კოსმეტიკაზე.

ამ აქციის ფარგლებში წელს მომხმარებლებს პირველად ვთავაზობთ 30-ლარიან ქეშბექს 150 და მეტი ლარის შენაძენზე. ამ ქეშბექს ჩვენს ქსელში პირველიდან თხუთმეტ დეკემბრამდე გამოიყენებთ.

 

  • ბათუმში რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

შავი პარასკევის ფასდაკლებების ფარგლებში ბათუმში, ასევე ზუგდიდში, ქუთაისში, გორსა და თბილისში შერჩეულ ფილიალებში 100+ლარიან შენაძენზე მომხმარებელი საჩუქრად მიიღებს მსუბუქ, ყოველდღიურ მაკიაჟს. ამისათვის გორგილაძის ქუჩა #73 – ში უნდა მოხვიდეთ, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე.

ასევე, ფასდაკლებული ბრენდების 100+ ლარიან შენაძენზე, საჩუქრად გვაქვს PSP-ს ჩანთა – სამგზავრო ზომის პროდუქტებით. 

  • პსპ გამორჩეულია პრემიუმ კლასის პროდუქტებით. თუმცა ბიუჯეტური ბრენდების ხარისხიანი პროდუქტებიც გაქვთ. ვრცელდება თუ არა მათზე ფასდაკლება?

ჩვენს ქსელში წარმოდგენილია სხვადასხვა ბიუჯეტის შესაბამისი ბრენდები და პროდუქტები. მომხმარებლები ადვილად აარჩევენ სასურველ პროდუქტს. ამაში მათ ჩვენი პროფესიონალი ფარმაცევტებიც დაეხმარებიან. 


PSP-ში შავი პარასკევის კვირეული დაიწყო

განაახლე თავის მოვლის რუტინა და იშოპინგე ნახევარ ფასად. 16-დან 26 ნოემბრის ჩათვლით ისარგებლე 50%-იანი ფასდაკლებით და დამატებით 150-ლარიან და მეტ შენაძენზე მიიღე 30-ლარიანი ქეშბექი, რომლის გამოყენებასაც შეძლებ პირველიდან 15 დეკემბრამდე. 

შავი პარასკევის ფასდაკლებების ფარგლებში თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში შერჩეულ ფილიალებში 100+ ლარიან შენაძენზე საჩუქრად ყოველდღიური მაკიაჟი. ასევე, ფასდაკლებული ბრენდების 100+ ლარიან შენაძენზე საჩუქრად PSP-ს ჩანთა – სამგზავრო ზომის პროდუქტებით. 

50%-იანი ფასდაკლება ვრცელდება მომხმარებლის საყვარელ ბრენდებზე: როგორც კანის მოვლის, ისე თმის, სხეულის, პირის ღრუს მოვლის საშუალებებსა და დეკორატიულ კოსმეტიკაზე. 

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 16 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 315 620 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 130]
  • ტანკი – 5 388 ერთეული [+11]
  • ჯავშანტექნიკა – 10 121 ერთეული [+17]
  • საარტილერიო სისტემა – 7 683 ერთეული [+36]
  • MLRS – 892 ერთეული [+8]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 585 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 323 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 689 ერთეული [+14]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 563 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 22 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 10 060 ერთეული [+40]
  • სპეცტექნიკა – 1 084 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 16 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 536 თვითმფრინავი
  • 254 ვერტმფრენი
  • 8 960 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 441 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 13 426 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 184 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 121 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 15 312 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთი ცდილობს ბრძოლის ველზე დაიბრუნოს ინიციატივა – ISW

რომელ მასწავლებლებს ეზრდებათ ხელფასები – სამინისტროს განმარტება

დღეს, 15 ნოემბერს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 2024 წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე ისაუბრა.

ის შეეხო საჯარო სკოლებში მასწავლებელთა შრომითი ანაზღაურების საკითხსაც.

მინისტრის თქმით, დაახლოებით ორი კვირის წინ, განათლების მინისტრმა მასწავლებლებს წარუდგინა ხელფასის გაანგარიშების ახალი მოდელი, რომლის მიხედვითაც ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებული იქნება საგაკვეთილო საათების რაოდენობაზე.

„2024-2025 სასწავლო წელს, სრულ განაკვეთზე დასაქმებულ მასწავლებელთა ანაზღაურება, საშუალოდ, გაიზრდება 500 ლარით და 1 900 ლარს გადააჭარბებს.

ეს არის ერთ წელიწადში ხელფასის დაახლოებით 35%-იანი ზრდა, რის შემდეგაც მასწავლებლის ანაზღაურება გარკვეულწილად გაუთანაბრდება ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასს.

გარდა მასწავლებლების ხელფასისა, 2024 წელს გაიზრდება სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის და მანდატურების ხელფასებიც“, – ამბობს ფინანსთა მინისტრი.

არც განათლების მინისტრს, არც პრემიერს და არც ფინანსთა მინისტრს, არ დაუკონკრეტებიათ, რას ემატება ეს 500 ლარი, სტატუსს თუ საბაზისო ხელფასს.

ზემოთ ხსენებულ პირებს არც იმაზე უსაუბრიათ, გაეზრდებათ თუ არა იმ პედაგოგებსაც ხელფასები, ვინც სრულ განაკვეთზე არ არის დასაქმებული?

მმართველი პარტია, თუ წინა გამოცდილებას დავაკვირდებით, ყველა წინასაარჩევნო წელს აანონსებდა მასწავლებლების ხელფასების მატებას და ყოველთვის მსგავს კითხვის ნიშნებს ტოვებდა.

ხელისუფლება, ჯერ კიდევ მიხეილ ბატიაშვილის მინისტრობის დროს ირწმუნებოდა, რომ პედაგოგის საშუალო ხელფასს 2022 წლისთვის 1500 ლარისთვის უნდა მიეღწია.

2023 წელს კი ხელისუფლება პედაგოგებს საშუალო ხელფასის 1900 ლარამდე გაზრდას ჰპირდება და ისიც მხოლოდ ნაწილს – პედაგოგების განცხადებით, საქართველოს საჯარო სკოლებში სრულ განაკვეთზე მასწავლებლების ნაწილია დასაქმებული, ნაწილი კი 7-8 და უფრო ნაკლებ საათზე მუშაობს.

ჯერ კიდევ 2020 წელს, როცა სამინისტრომ სტატუსზე დანამატი გაზარდა, პედაგოგების საკმაოდ დიდი ჯგუფი, გაზრდილ ხელფასს მაინც ვერ იღებდა, რადგან სამინისტროს დათქმა იყო, რომ გაზრდილ ხელფასს მხოლოდ ის პედაგოგები მიიღებდნენ, ვისაც სულ ცოტა 15 საათი მაინც ჰქონდა.

პედაგოგები მაშინაც სწერდნენ სამინისტროს, რომ ეს გადაწყვეტილება დისკრიმინაციული იყო და მათი შრომითი უფლებები ირღვეოდა.

ქობულეთის მერია საარჩევნო წელს ახალ ორგანიზაციას ქმნის

ქობულეთის მერია ახალ ორგანიზაციას, შპს „ქობულეთის სტადიონს“ აფუძნებს. გადაწყვეტილების თაობაზე მერმა საკრებულოს მიმართა და შესაბამისი პროცედურის დასაწყებად თანხმობა მოითხოვა. საკრებულოს იურიდიულმა კომისიამ საკითხი უკვე განიხილა და სხდომაზე გასატანად მოამზადა.

ახალი ორგანიზაციის დაფინანსებას მომავალი წლის ქობულეთის ბიუჯეტში გაითვალისწინებენ.

მერის მოადგილის, დავით ვერულიძის ინფორმაციით, ჯერ არ არის დაზუსტებული, რამდენი ვაკანსია იქნება ახალ ორგანიზაციაში და როგორ შეარჩევენ როგორც ხელმძღვანელ პირებს, ასევე ორგანიზაციის სხვა თანამშრომლებს – კონკურსით, თუ უკონკურსოდ.

„როდესაც ორგანიზაციას აფუძნებს აღმასრულებელი ორგანო, თანხმობა უნდა მიიღოს წარმომადგენლობითი ორგანოდან. როგორც კი მივიღებთ თანხმობას, მაშინვე დავიწყებთ ამ დეტალებზე აქტიურ მუშაობას. თუმცა, ბუნებრივია, რაღაც მონახაზი გვაქვს… თეორიულად ხომ არის იმის შანსი, რომ საკრებულომ მხარი არ დაუჭიროს ამ გადაწყვეტილებას. ბიუჯეტსა და საშტატო ერთეულების რაოდენობაზე ჯერ ჩამოყალიბებული არ ვართ.“

როცა მერის მოადგილე ამბობს, რომ არსებობს თეორიული შანსი, საკრებულომ უარი თქვას, ეს მართლაც თეორიული შანსია, რადგან პრაქტიკას თუ გადავხედავთ, საკრებულოს მერიის წინადადებაზე უარი მაშინაც კი არ უთქვამს, როცა კონკრეტულ გადაწყვეტილებას მოსახლეობა საკრებულოს სხდომაზევე აპროტესტებდა.

არათუ უარი არ უთქვამს, მისი განხილვა არც კი გადაუდია, მიუხედავად იმისა, რომ საკითხის განსახილველად მეტი დროის გამოყოფას მოსახლეობასთან ერთად საკრებულოს ოპოზიციაც ითხოვდა.

მერის მოადგილის ვარაუდით, 10 დეკემბრისთვის, როცა მერიამ საკრებულოს დაზუსტებული ბიუჯეტი უნდა წარუდგინოს, გადაწყვეტილი იქნება როგორც ორგანიზაციის დაფუძნების, ასევე მისი დარეგისტრირების ბიუროკრატიული საკითხები.

დავით ვერულიძემ ვერ დაგვიზუსტა, იმ მონახაზის მიხედვით, რომელიც მერიას უკვე აქვს, როგორც თავად ამბობს, ორგანიზაციის დაფუძნება კონკურსის წესით იგეგმება თუ არა:

„კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ვაზუსტებთ ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, შერჩევისას კვალიფიკაციას დიდი ყურადღება მიექცევა, რადგან სტადიონს, რომელიც ამ ორგანიზაციამ უნდა მართოს, სპეციფიკური მოვლა სჭირდება“.

„მაპოვნინე აბა სხვა ადგილი“ – მძღოლი, რომელმაც მანქანა ზებრაზე გააჩერა

„რატომ იღებ, მერიიდან ხარ?“ – მეკითხება კაცი, რომელმაც გორგასლის ქუჩაზე, მესამე სკოლასთან ახლოს, ავტომანქანა ზებრა-გადასასვლელზე გააჩერა. როცა  გაიგო, რომ მერიიდან არ ვიყავი და ფოტოები რეპორტაჟის მოსამზადებლად მინდოდა, თავად დაიწყო კითხვების დასმა.

„ადგილი რომ არ არის, მაგაზე წერ?… ამდენი სახლი რომ აშენდა და ეზო არ აქვს, ყველა ქუჩაში რომ აჩერებს მანქანას, მაგაზე წერ? – წამოდი, აბა, მაპოვნინე ადგილი და გავაჩერებ, სურათს რომ  იღებ, მასე არ შეიძლება.“

თითქმის ყველა ავტომანქანის მფლობელი, რომელიც ხედავს, რომ წესების დარღვევით გაჩერებულ მის ავტომანქანას ფოტოს უღებენ, მიიჩნევს, რომ „ასე არ შეიძლება“ და თავს პარკინგისთვის გამოყოფილი ადგილების ნაკლებობით იმართლებს.

ბათუმის ქუჩებში, არამხოლოდ ცენტრალურ ნაწილში, ავტომანქანები გზის ორივე მხარეს ორ რიგად არის ჩამწკრივებული – ქუჩის კიდესთან, სადაც პარკინგის ადგილებია და ტროტუარზე.

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, თითქმის მთელ პერიმეტრზე, დღის ნებისმიერ მონაკვეთში ტროტუარები ავტომანქანებს აქვთ ათვისებული.

ავტომანქანებს ხშირად ქუჩის ერთი ან ორივე მხრიდან ჩახერგილი აქვთ ზებრა-გადასასვლელებიც, რაც განსაკუთრებით პრობლემურია მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ან ეტლით გადაადგილების დროს. მძღოლების თქმით, პრობლემური და საფრთხის შემცველია ისიც, როცა ზებრა-გადასასვლელის ნაწილი დიდ ჯიპს აქვს დაკავებული და  ადამიანი ამ ავტომანქანის შემოვლით იწყებს გადასვლას:

„ამ დროს არ ჩანს ის, მით უმეტეს, თუ არ არის მაღალი და საშუალო ტანის ადამიანი ან ბავშვია. მოდიხარ და უცებ ჩნდება, ამიტომ ზებრაზე სულ უნდა შეანელონ, მაგრამ ყველა ასე არ იქცევა.“

ლერმონტოვის და გორგასლის კვეთა

მოქალაქეები აპროტესტებენ იმასაც, რომ მერია ისე ამტკიცებს სამშენებლო პროექტებს, რომ ქმნის მჭიდრო განაშენიანებას. შესაბამისად, ქალაქში პარკინგის ადგილებს თანდათან ამცირებს. მით უფრო, რომ სახელმწიფო უწყებებს ავტომანქანების გასაჩერებლად თავიანთი სამსახურების წინ ადგილი სხვებისთვის შეზღუდული აქვთ.

გარემოს დაცვის სააგენტოს წინ ადგილი დაკავებულია თანამშრომლობისთვის, ასეა სხვა უწყებებთანაც.
ბათუმი, ლერმონტოვის ქუჩა

ნებისმიერ ქუჩაზე შეხვდებით თვითნებურად დაკავებულ პარკინგის ადგილებსაც. როცა კონკრეტული ადგილიდან დილით მფლობელს ავტომანქანა გაჰყავს, იქ რაიმე ნივთს ან ამკრძალავ ნიშანს ტოვებს იმის სადემონსტრაციოდ, რომ აქ ავტომანქანა არავინ უნდა გააჩეროს. ასეთ ადგილებს მთელი დღის განმავლობაში ვერავინ იყენებს.

„ადგილი არ არის და რა ვქნათ“ – ამ არგუმენტით ბათუმში უკვე მერიის თანამშრომლებიც ამართლებენ პარკინგის წესების დარღვევას. ისინიც აჩერებენ ავტომანქანებს ტროტუარებზე, ველობილიკებზე, ავტობუსის გაჩერების ადგილებზე.

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ავტომანქანა ტროტუარზე

რეპორტაჟის მომზადებისას ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებს ორ ქუჩაზე შევხვდით. ისინი ახალი აპარატებით აფიქსირებდნენ დარღვევებს. ოფიციალური კომენტარი მათთან ვერ ჩავწერეთ, რადგან „ამისთვის უფროსთან შეთანხმებაა საჭირო“. პირად საუბარში კი გვითხრეს, რომ დაჯარიმებისას მოქალაქეების ნაწილი აგრესიას გამოხატავს, რაც მათ სამუშაოს ართულებს.

ახალი აპარატებით, რომლებიც ინსპექციამ ბოლო პერიოდში შეიძინა, ადგილზე შესაძლებელია დარღვევის ფოტოფიქსაცია და ჯარიმის გამოწერა.

ერთი მხრივ, მერია აღიარებს ქალაქში პარკირების ადგილების ნაკლებობას, როგორც გამოწვევას, მეორე მხრივ კი, საზოგადოების პროტესტის მიუხედავად საკრებულოსთან ერთად ამტკიცებს სამშენებლო პროექტებს, რომლებიც პარკინგების ადგილების მოწყობას, ბინების რაოდენობის პროპორციულად, არ ითვალისწინებს.

ამას ემატება ის გარემოებაც, რომ ახალი, მრავალფუნქციური კომპლექსების მშენებლობისთვის კომპანიები საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს თითქმის სრულად ითვისებენ, პარკინგისთვის ადგილი ძირითადად ე.წ. ნულ სართულზე [მიწისქვეშა სართული] აქვთ გათვალისწინებული, ეზოს სივრცეში კი ძირითადად მცირე, მაქსიმუმ ოცამდე ავტომანქანის ადგილს ტოვებენ.

ეზოს სივრცეში დატოვებული ადგილები უფასო პარკინგია, მიწისქვეშა სართულზე პარკინგისთვის გათვალისწინებულ სივრცეში კი ერთი ავტომანქანის ადგილის ღირებულება 10-12 ათასი დოლარია.

ამ კომპლექსების მშენებლობის დასრულების შემდეგ ქალაქში პარკინგის ადგილების პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდება. თუმცა ეს არ არის და არც მომავალში იქნება მშენებლის პრობლემა, რომელიც მერიისგან განაშენიანების მაქსიმალურ კოეფიციენტს [კ2] ითხოვს და იღებს კიდეც.

კოეფიციენტი განაშენიანების ფართობის მიხედვით გამოითვლება, თუმცა მარტივად რომ ავხსნათ, ეს კონკრეტულ ზონაში დადგენილი პარამეტრების გადამეტებას, შედეგად კი მაქსიმალურად მაღალი შენობის მშენებლობას გულისხმობს – ასე მშენებელი იღებს მეტ გასაყიდ ფართობს და მეტ მოგებას.

„დავავალდებულოთ, რომ პარკინგის ადგილი არ გაყიდოს, ასეთი პირობით მივცეთ თანხმობა კოეფიციენტის გაზრდაზე“, – ეს იდეა საკრებულოს გასულ სხდომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ გააჟღერა. ეს იდეა იდეად დარჩა, რადგან გადაწყვეტილებას საკრებულოში „ოცნების“ უმრავლესობა იღებს. 

ამავე თემაზე: 

კორპუსების ზომა იზრდება, მაგრამ არა პარკინგის – ბათუმის მწვავე პრობლემა

რიკოთზე მეწყრული ფერდის გასამაგრებლად ბიუჯეტიდან 63,9 მილიონი ლარი დაიხარჯება

რიკოთზე, იმ ადგილის გასამაგრებლად, რის გამოც ჯერ გზა ჩაკეტეს, შემდეგ კი მოძრაობის სპეციალური რეჟიმი იყო დაწესებული, 64 მილიონამდე ლარია გამოყოფილი.

„თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კილომეტრის მიმდებარედ პოტენციური მეწყრული ფერდის სტაბილიზაციის ღონისძიებების“ ჩატარებაზე ტენდერი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 63 908 792 ლარია.

სატენდერო განაცხადს თან ახლავს 2023 წელს მომზადებული საინჟინრო საპროექტო ანგარიში და ტექნიკური დავალება, რომლის მიხედვითაც უნდა შესრულდეს სამუშაოები.

პირობის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა სამუშაოები დეპარტამენტის წერილობითი დავალების გაცემიდან 6 თვეში უნდა დაასრულოს.

ამასთან, ის ვალდებულია „სამუშაოები აწარმოოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, მაქსიმალურად უწყვეტ რეჟიმში, ტექნოლოგიური მოთხოვნებიდან გამომდინარე, ყველა შესაძლო სამშენებლო მოედნის ორგანიზებით.“

ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 13 დეკემბერს დაიწყება და 18 დეკემბერს დასრულდება.

რიკოთზე მოძრაობა 2023 წლის 30 მარტს აიკრძალა. მიზეზად გზების დეპარტამენტმა „თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-ზე, არსებულ საავტომობილო გზასთან სიახლოვეს მეწყრული პროცესების განვითარების საშიშროება“ დაასახელა. მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე გადაერთო.

გზის ჩაკეტვიდან დაახლოებით 2 კვირაში გზების დეპარტამენტში განაცხადეს, რომ რიკოთზე პრობლემური იყო ორი მონაკვეთი – გზის 114-ე და 149-ე კილომეტრი.

„149-ე კილომეტრთან არაფერი ჩამოსულა, მაგრამ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ ბზარები გაჩნდა. ამიტომ დავკეტეთ, შევისწავლეთ, მივიღეთ შესაბამისი რეკომენდაციები, გადმოვწიეთ გზა, ე.წ. დამაგროვებელი, გავაკეთეთ ბუფერული ზონა, რაიმეს ჩამოსვლის შემთხვევაში საფრთხე რომ არ შექმნილიყო, და უკვე შემდგომ გავხსენით მოძრაობა“, – განაცხადა მაშინ გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი წერეთელმა.

მოძრაობა კი რიკოთზე სპეციალური რეჟიმით განახლდა.

„ბათუმელები“ ახალ ტენდერთან დაკავშირებით საავტომობილო გზების დეპარტამენტს დღესაც დაუკავშირდა.

გვაინტერესებდა, რატომ გახდა საჭირო ცალკე 63,9 მილიონი ლარის გამოყოფა ბიუჯეტიდან და ტენდერის გამოცხადება, როცა რიკოთზე ახალი ავტობანის მასშტაბური მშენებლობა მიმდინარეობს? უნდა ყოფილიყო თუ არა შესწავლილი ფერდობი თავის დროზე და სხვა საკითხები, თუმცა დეპარტამენტში გვითხრეს, რომ ინფორმაცია წერილობით, ოფიციალურად უნდა გამოვითხოვოთ.

„149-ე კილომეტრზე მეწყერი არ ჩამოსულა. ეს არის ძველ გზასთან 200 მეტრში [ძველ გვირაბთან ახლოს]. დეპარტამენტის თანამშრომლებმა თავად აღმოაჩინეს აქ პრობლემები და ამიტომ იყო შეზღუდული მოძრაობა გაზაფხულზე.

შემდეგ მონიტორინგმა მოგვცა საშუალება, მოძრაობის გარკვეული რეჟიმი დაგვეწესებინა. რაც შეეხება ტენდერს, ეს ალბათ არის კვლევის შედეგად გამოვლენილი საჭიროება და ინფორმაცია ოფიციალურად უნდა გამოითხოვოთ“, – გვითხრეს დღეს, 2023 წლის 15 ნოემბერს, საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

აღსანიშნავია, რომ რიკოთზე, იგივე 149-ე კილომეტრზე პრობლემა გასულ, 2022 წელსაც შეიქმნა და მოძრაობაც ჩაიკეტა. მაშინ „მიწა-კლდის შვავის“ ჩამოსვლა დეპარტამენტმა „ახალი ავტობანის მშენებლობას“ დაუკავშირა.

„საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კილომეტრზე [ახალი ავტობანის მშენებლობის ფარგლებში] ჩამოვიდა მიწა-კლდის შვავი, რის გამოც, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.“ – ეწერა საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2022 წლის 9 ივნისის განცხადებაში.

„მონაკვეთზე ფერდის ჩამოშლა დაფიქსირდა წვიმის სეზონზე 2023 წლის გაზაფხულის დასაწყისში. წაცურების და ჩამოშლის ტენდენცია ასევე ადვილად შეინიშნება ფერდობზე ბზარების გამრავლებით. ბზარებზე დაკვირვება იწარმოებს ფერდობის მთელ ზედაპირზე, რომელიც გავრცელდა ფერდობზე ზემოთ მაგისტრალის საბაზო ღერძიდან დაახლოებით 200 მ მანძილზე…

GPS-ის ფუნქციით აღჭურვილი ფოტოკამერის საშუალებით ტერიტორიის შეფასების საწყის ეტაპზე დაფიქსირდა და აღიბეჭდა თითოეული ბზარი, რომლებიც ზუსტად იქნა გამოკვლეული ბუნებრივი რელიეფის ტოპოგრაფიული გამოკვლევის დროს. მეწყრის ხელახალი გააქტიურებული ნაწილის ფართობი მოდის დაახლოებით 150 მ სიგანის არეალში მოკლე ხეობებს შორის. დაკვირვებული ახალი ბზარები მეორდება და მიჰყვება ძველი მეწყრის ისტორიული ბზარების/დეფორმაციების განლაგებას.

ფერდობზე დაკვირვებული ბზარების სიგანის, ორიენტაციის, მასშტაბისა და ინტენსივობის გათვალისწინებით ვასკვნით, რომ ძველი მეწყრის მთლიანი ტანი ამ მონაკვეთზე ხელახლა გააქტიურდა…“ – აღნიშნულია საინჟინრო საპროექტო ანგარიშში.

ბზარი პოტენციურ მეწყერზე /რიკოთი, გზის 149-ე კილომეტრთან/ ფოტო ტენდერიდან

2023 წლის 13 მარტს რიკოთზე ავტობანის მშენებლობისას ფერდის ზედაპირი უბისა-შორაპნის მონაკვეთზეც ჩამოიშალა. გზების დეპარტამენტში მომხდარი მეწყრულ პროცესებს დაუკავშირეს, თუმცა აღნიშნეს, რომ როგორც პროექტის დაწყებამდე, ასევე მისი მიმდინარეობისას, ყველა საჭირო კვლევა უწყებამ ჩაატარა.

რაც შეეხება 13 მარტის ინციდენტს, გზების დეპარტამენტში განაცხადეს, რომ უხვი ნალექის შედეგად გააქტიურებულმა მეწყრულმა პროცესებმა ჩამოშალა ფერდის ერთ-ერთი უბნის დროებით მოპირკეთებული ზედაპირი, რამაც დააზიანა გარე ბეტონის სექცია.

მოგვიანებით, დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ „რიკოთის ყველა დასრულებული მონაკვეთი იქნება უსაფრთხო“.

რიკოთზე 28 ოქტომბერს მაგისტრალური გზის 27 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა. ხევი-შორაპნის 4-ზოლიანი მონაკვეთი 65 ხიდსა და 38 გვირაბს მოიცავს.

გზის ამ მონაკვეთის გახსნის შემდეგ კი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, რომ „რიკოთის მონაკვეთის პროექტირებისას ჩატარდა მასშტაბური გეოლოგიური სამუშაოები. პროექტირების დროს კონსტრუქციული და ფერდების მდგრადობის გაანგარიშებები გათვალისწინებულია მნიშვნელოვანი მარაგით…“

________________

მთავარი ფოტო არქივიდან: რიკოთის უღელტეხილი.

გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციის ვადა გაგრძელდა

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია ნებისმიერი მსურველისთვის 16 ნოემბრიდანაც უფასო იქნება.

უფასო ვაქცინაციის ვადა დღეს, 15 ნოემბერს უნდა ამოწურულიყო, თუმცა „ბათუმელების“ ინფორმაციით, უფასო ვაქცინაცია გაგრძელდა.

როდემდე იქნება გრიპზე უფასოდ აცრა შესაძლებელი, უცნობია. „ბათუმელები“ ინფორმაციას აზუსტებს.

NCDC-ის ადრინდელი განცხადებით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ვაქცინაცია  ოთხკომპონენტიანი Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების ვაქცინით არის შესაძლებელი. უწყების ცნობით, ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.

აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში შესაძლებელია 6 თვის ასაკიდან და სრულად უფასოა.

ამავე თემაზე:

ვის და სად შეუძლია აჭარაში უფასოდ აცრა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით

კლინიკა ქობულეთში: ზაალ მიქელაძე დივიდენდის სახით 300 000 ლარს ითხოვს – რას ამბობს დეპუტატი

„ქობულეთის სამედიცინო ცენტრის“ თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ და აქციების დაწყებას აანონსებენ.

განცხადებაში, რომელიც კლინიკის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“, ზაალ მიქელაძე, რომელიც ამ ეტაპზე „ხალხის ძალაშია“, პირად გავლენებს იყენებს კლინიკის დასაზიანებლად.

„პირადი ინტერესების გამო კლინიკას დაადო ყადაღა, რის შედეგადაც შეგვეზღუდა საბანკო ანგარიშებზე წვდომა, კლინიკა ვერ აგრძელებს სრულყოფილად მუშაობას, თანამშრომლებზე ხელფასის გაცემას და მოსალოდნელია შეწყდეს სამედიცინო ცენტრის ფუნქციონირება.

ჩვენ ვაკმაყოფილებთ სახელმწიფო სტანდარტებს, ჩვენ ვემსახურებით ქობულეთის მოსახლეობას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნებით, ჩვენ მიმდინარე პერიოდში ვმუშაობთ ISO სტანდარტის მინიჭებაზე, 2025 წლიდან კი კლინიკა მიიღებს საერთაშორისო აკრედიტაციას.

ვფიქრობთ, რომ პირდაპირ კორუფციას აქვს ადგილი. ის თავის თანამდებობას იყენებს ბოროტად და სასამართლოს ძალით სურს მიიღოს კლინიკიდან დივიდენდი – 300 000 ლარი, რაც ღიად აქვს მითითებული სარჩელში. ის ხომ ერთ-ერთი აქციონერია!

აქვე აღვნიშნავთ, რომ კლინიკა უახლოეს მომავალში არ განიხილავდა დივიდენდის განაწილებას აქციონერებზე, ვინაიდან ჯანდაცვის და რეგულირების მოთხოვნებს ვასრულებთ, რაც ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული! (გაკეთდა კლინიკის სრული რემონტი სტანდარტების შესაბამისად, განახლდა და შეიცვალა სამედიცინო აპარატურა და ინვენტარი.)

სს ქობულეთის სამედიცინო ცენტრის 190 თანამშრომელი და ქობულეთის მოსახლეობა ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ „ძველმა საავადმყოფომ“ ისევ გააგრძელოს ფუნქციონირება,“ – ნათქვამია კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ქობულეთის სამედიცინო ცენტრი“ 2013 წლის 25 იანვარს დაფუძნებული სააქციო საზოგადოებაა. სამედიცინო ცენტრს 21 აქციონერი ჰყავს. აქციონერთა შორისაა საქართველოს პარლამენტის წევრი ზაალ მიქელაძეც. ზაალ მიქელაძე დეპუტატობამდე აჭარის ჯანდაცვის მინისტრი იყო.

„ბათუმელებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ზაალ მიქელაძე ამბობს, რომ როდესაც მინისტრი გახდა, აქციები, რომელსაც კლინიკაში ის ფლობდა, შვილს, მარი მიქელაძეს გადაუფორმა.

„ეს არის ფინანსურ-სამართლებრივი დავა, რომელიც ვიღაცამ პოლიტიკურ სივრცეში გადმოიტანა. მესმის, რატომაც, ასეთ დროს ადმინისტრაცია უფრო ადვილად გაძვრება თემიდან, თუ თემაში ფარად იყენებს ექიმს და მედდას,“ – ასე ეხმაურება ზაალ მიქელაძე „ბათუმელებთან“ „ქობულეთის სამედიცინო ცენტრის“ განცხადებას.

ზაალ მიქელაძის თქმით, აჭარის ჯანდაცვის მინისტრობამდე წლების განმავლობაში ის მუშაობდა კლინიკაში, რომლის აქციონერიც იყო. მიქელაძე ამბობს, რომ აქციების ფლობის მიუხედავად, არასოდეს მიუღია დივიდენდი.

„როგორც იმ კლინიკიდან თქვენ არ მიგიღიათ ლარი, ისე არ მიმიღია მე არც მინისტრობამდე და არც შემდეგ, მიუხედავად იმდენი შრომისა და ჯაფისა. არსებობს ასეთი წესი – მოგება დივიდენდის სახით უნდა განაწილდეს. მაგრამ მე ჩემი დამოკიდებულება მქონდა – მთავარია ექიმები, მედდები მუშაობდნენ, ხელფასს იღებდნენ და არ ვკითხულობდი არც მე ამ თემას.

თუმცა მინისტრობის შემდეგ მე ეს ყველაფერი გადავულოცე ჩემს შვილს. მხოლოდ ერთხელ ვიყავი მაგ კლინიკაში. ყველა კლინიკაში დავდიოდი მაგ კლინიკის გარდა, რომ ვინმეს ეს თემა არ გამოეყენებინა – საკუთარ კლინიკაში დადის და იქ რაღაცას აკეთებსო.

როცა აღმოჩნდა, რომ კლინიკას ჰქონდა 100-ათასიანი მოგება, 200 – 500-ათასიანი, ჩემს შვილს ვუხსნიდი, რომ ეს თანხები კლინიკას სჭირდება ინვესტიციისთვის, განახლებისთვის და ა.შ. არ მოგვითხოვია დივიდენდი.

კოვიდის დროს კლინიკამ მუშაობა დაასრულა, როგორც მაქვს ინფორმაცია, სადღაც 3 400 000 ლარით,“ – ამბობს ზაალ მიქელაძე.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც კლინიკა მნიშვნელოვან მოგებაზე გავიდა, გადაწყვიტეს დივიდენდი მოეთხოვათ.

„ჩემმა შვილმა მკითხა – გასაგებია, ამ 3 მილიონ-ნახევრიდან დივიდენდის 5%-ს არ მაძლევენ, მაგრამ მეორე მხრივ, ამხელა თანხის მოგების გამო ჩვენ რამე პასუხისმგებლობა ხომ არ გვეკისრება, როგორც აქციონერებსო? სად მიდის ეს თანხაო?

მე ვუთხარი, არც შენ ხარ იურისტი, არც მე, ამიტომ ყველაზე ადვილი გზაა ადვოკატი, რომელიც ამ თემაში ჩახედულია, გადაეცი ადვოკატს და ის გაარკვევს ყველაფერს-მეთქი. შენ ხელი არაფერს მოაწერო, როგორც აქციონერმა. ეს ახალი ამბავი არაა, ორი წლის ისტორიაა, რაც ადვოკატები ამ თემას იკვლევენ.

სასამართლო არის დამოუკიდებელი სტრუქტურა და ახლა მიუღია გადაწყვეტილება: შედეგად რაღაც ნაწილი ამ თანხისა დაუყადაღა კლინიკას.

იმდენად პოლიტიკური აქცენტი აინტერესებს ვიღაცას, რომ ჩემს შვილს მიადგნენ, რომელიც 5.75 %-ს ფლობს. იქ სხვა აქციონერიც რომ ედავება, რომელიც 12%-ს ფლობს და კუთვნილ დივიდენდს ითხოვს, ეგ ამბავი დამალეს. რატომღაც მე მომაბეს ეს ყველაფერი.

რადგან მე პოლიტიკაში ვარ, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ „ამიტანონ სათაურში“. ამ დროს მე რა შუაში ვარ? მინისტრობის დროსაც კი არ დავდიოდი მანდ. წინასაარჩევნოდაც კი არ მივსულვარ, როცა ყველა ადამიანის ხმა გჭირდება. აბა, ჰკითხე ერთხელაც თუ ვყოფილვარ. ვერ გეტყვიან ამას,“ – ამბობს ზაალ მიქელაძე.

ზაალ მიქელაძე ირწმუნება, რომ სამედიცინო ცენტრს შეუძლია გასცეს ხელფასები, ყადაღის მიუხედავად.

„ექიმებისა და მედდებისთვის ხელფასის არ მიცემა დარღვევაა. თუ ასე გააგრძელებენ, სხვა სამსახურებსაც მივმართავ, რადგან არსებობს მინისტრის ბრძანება საათობრივი ხელფასის შესახებ, რომელსაც ვერავინ ვერ დაუბლოკავს და მათ შორის ვერც სასამართლო. მე ვისაც სჭირდებოდა ეს ინფორმაცია, მივაწოდე.

ერთი თვით მთლიანად გაუჩერეს თანხების მოძრაობა, მესმის, მაგრამ იმავდროულად სასამართლომ თქვა, რომ გონივრულია პროცენტის დაყადაღება. მინიმუმ 40% სჭირდება სახელფასოს, სადღაც 20% სჭირდება მედიკამენტს, 10% სჭირდება სხვა სახარჯ მასალას და ა.შ. ამ ნაწილს არ შეეხო.

ეს გადაწყვეტილება აქვს კლინიკას და ალბათ უმალავენ თანამშრომლებს. ალბათ 20-30%-ია დაყადაღებული. ესაა მოგების ნაწილის დაყადაღება და ეს ასე არასწორად გაიტანეს თანამშრომლებში,“ – ამბობს ზაალ მიქელაძე.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა „ქობულეთის სამედიცინო ცენტრს“ დამატებით კითხვებზე პასუხების მისაღებად. კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ დღეს დაგეგმილია აქციონერთა კრება, სადაც მიიღება კონკრეტული გადაწყვეტილება და კლინიკის წარმომადგენლები კომენტარს მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთებენ.

16 ნოემბერს საქართველოში გაავდრდება, მთაში მოთოვს – სააგენტოს გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტო გაფრთხილებას ავრცელებს მოსალოდნელი ამინდის შესახებ.

სააგენტოს ცნობით 16 ნოემბერს, დღის ბოლოდან, 17 ნოემბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა – ზოგან ძლიერი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) და თოვა მაღალმთიან რეგიონებში.

სააგენტოს ინფორმაციით, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე კი 4-5 ბალიანი შტორმული ღელვაა მოსალოდნელი.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან და გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“ – იუწყება სააგენტო.

№7 ავტობუსი ახალი მარშრუტით იმოძრავებს ხახულისა და შარაშიძის კვეთიდან, №7ა კი აღარ ივლის

ბათუმის ავტოტრანსპორტის ცნობით, ცვლილება შედის №7 და №7ა სამარშრუტო ხაზების მოძრაობის მიმართულებაში.

კერძოდ, 16 ნოემბრიდან №7 სამარშრუტო ხაზი მოძრაობას დაიწყებს ხახულისა და შარაშიძის ქუჩის კვეთიდან ვარშანიძის, სულაბერიძის, ბარათაშვილის, რუსთაველის, აბუსერიძის ქუჩების გავლით აღმაშენებლის ქუჩამდე და უკუმიმართულებით, 15-წუთიანი ინტერვალით, ხოლო №7ა სამარშრუტო ხაზს სრულიად ჩაანაცვლებს №7 სამარშრუტო ხაზი.

ბათუმის ავტოტრანსპორტის ცნობით, ცვლილების მიზეზი ხახულის ქუჩის საგზაო–სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

ამავე მიზეზით, 29 სექტემბრიდან №ავტობუსი შემდეგი მარშრუტით მოძრაობდა – ვარშანიძის – გენერალ ასლან აბაშიძის – შარტავას – ბაგრატიონის – აღმაშენებლის – ტაბიძის – რურუას – აღმაშენებლის ქუჩები; ხოლო №7ა – აღმაშენებლის – ლეონიძის – გენერალ ასლან აბაშიძის – ვარშანიძის ქუჩებით.

10 ნოემბერს, ხახულის ქუჩაზე მცხოვრებმა პირებმა აქცია გამართეს და ქუჩა გადაკეტეს. ისინი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობას ითხოვდნენ შემოვლით გზაზე. თუმცა, „ავტოტრანსპორტის“ მონაცემებით №7 ავტობუსი ვარშანიძის ქუჩიდან მხოლოდ ხახულისა და შარაშიძის ქუჩების კვეთამდე მივა.

ამავე თემაზე: 

„ტრაილერი თუ დადის, ავტობუსი რატომ ვერ გაივლის“ – ურეხის დასახლებაში ქუჩა გადაკეტეს

რუსეთი ცდილობს ბრძოლის ველზე დაიბრუნოს ინიციატივა – ISW

ომის შესწავლის ინსტიტუტის [ISW] ექსპერტების შეფასებით, რუსეთი ცდილობს, ბრძოლის ველზე დაიბრუნოს ინიციატივა.

14 ნოემბრის ანგარიშის თანახმად, ამ მიზნისთვის, აღმოსავლეთის ფრონტზე რუსეთი რამდენიმე შეტევით ოპერაციას ატარებს, თუმცა არაა ნათელი, რამდენად წარმატებული იქნება ეს მცდელობები, ვინაიდან უკრაინა თავადაც ატარებს ამგვარ ოპერაციებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ კიევში, თავის მხრივ, ფრონტზე არსებულ ვითარებას აფასებენ, როგორც რთულს, თუმცა კონტროლირებადს.

უახლოეს პერიოდში რუსეთის მიერ ინიციატივის დაბრუნებას ექსპერტები არ მოელიან. მათი აზრით, რუსულ მხარეს არ აქვს საკმარისი ძალები და ერთ ადგილას შეტევისთვის, მეორე მონაკვეთიდან თავდაცვითი ძალების გაყვანა მოუწევს.

ანგარიშში აგრეთვე აღნიშნულია, რომ უკრაინა ტაქტიკურ დონეზე აღწევს წარმატებებს, ხოლო რუსეთი არაერთი მიმართულებით გადავიდა შეტევაში, როგორც სამხრეთის, ასევე აღმოსავლეთის ფრონტზე და ზოგ მონაკვეთზე წინაც წაიწია.

ანგარიშში აღნიშნულია უკრაინის დასავლელი პარტნიორების დახმარების ახალი პაკეტების შესახებაც. კერძოდ, გერმანიის მთავრობამ 13 ნოემბერს განაცხადა უკრაინის დახმარების ახალი პაკეტის შესახებ, რომელშიც შედის 10 „ლეოპარდის“ ტანკი, 14 ყველგანმავალი, 206 სატრანსპორტო საშუალება და ჭურვები. ასევე, ISW-ის ანგარიშში, Reuters-ის 12 ნოემბერს გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აღნიშნულია, რომ გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის კოალიცია თანახმაა გაზარდოს გერმანიის სამხედრო დახმარება მომავალ წელს 8 მილიარდ ევრომდე.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 15 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 15 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 314 290 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +820]
  • ტანკი – 5 377 ერთეული [+15]
  • ჯავშანტექნიკა – 10 104 ერთეული [+18]
  • საარტილერიო სისტემა – 7 647 ერთეული [+58]
  • MLRS – 884 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 582 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 323 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 675 ერთეული [+26]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 562 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 22 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 10 020 ერთეული [+47]
  • სპეცტექნიკა – 1 083 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 15 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 535 თვითმფრინავი
  • 254 ვერტმფრენი
  • 8 934 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 441 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 13 396 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 184 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 105 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 15 273 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„შემდეგი წელი იქნება გადამწყვეტი“ – ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელი

ვის უფორმებენ საპროცესო შეთანხმებას 5 წუთში – ჯარიმების რაოდენობა გაიზარდა

სულ რაღაც 5 წუთი და რამდენიმე წამი დასჭირდა მოსამართლე ლევან გელოვანს ბრალდებულ ვიტალი ზოიძესთან საპროცესო შეთანხმების დასამტკიცებლად. ამ სხდომას დღეს, 2023 წლის 14 ნოემბერს დავესწარით, თუმცა სასამართლოებში ასობით ასეთი საქმეა, 5 წუთში რომ სრულდება.

მოსამართლეებამდე მისული საქმეების დაახლოებით 70 % საქართველოში საპროცესო შეთანხმებით სრულდება – როცა ბრალდებული წარდგენილ ბრალს აღიარებს და პროკურორი მასთან, სასამართლო განხილვის გარეშე, სასჯელზე თანხმდება. უფლებადამცველების შეფასებით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც ბოლო დროს საპროცესო შეთანხმებების გაფორმებისას იკვეთება, ეს სასამართლოს ფორმალური ჩართულობაა.

„სასამართლომ უნდა გამოარკვიოს, რამდენად სამართლიანად შედგა საპროცესო შეთანხმება მხარეებს შორის, 5 და 10 წუთში კი, ამის გარკვევა პრაქტიკულად შეუძლებელია,“ – გვიყვება, საია-ს ანალიტიკოსი, თამარ ბოჭორიშვილი და ნათქვამის დასტურად საია-ს მონიტორინგის დროს მიმდინარე წელს დაფიქსირებული ორი შემთხვევა მოჰყავს.

„მოსამართლის მხრიდან საპროცესო შეთანხმების დამტკიცებამდე ორი ბრალდებული წინასწარ გადახდილი ჯარიმის ქვითრით გამოცხადდა სასამართლოში. ეს აჩვენებს სასამართლოს როლს,“ – დასძენს იურისტი.

კიდევ ერთი დეტალი: ბოლო პერიოდში იზრდება იმ ჯარიმების რაოდენობა, რასაც ადამიანები საპროცესო შეთანხმების გაფორმების დროს სასჯელის სახით იხდიან.

  • რა გაარკვია მოსამართლემ 5 წუთში „შსს-ს ყოფილი თანამშრომლის საქმეზე“, ვიდრე მას საპროცესო შეთანხმებას დაუმტკიცებდა? 

ვიტალი ზოიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია. მას გამოძიება ნასვამ მდგომარეობაში ავარიის ჩადენას ედავებოდა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შსს-ს თანამშრომელი 2023 წლის 14 ივნისს ზებრა გადასასვლელზე  ორ ქვეითს დაეჯახა. მეორე დაშავებული გამოჯანმრთელდა. პროკურორი პაატა ცეცხლაძის თქმით, დაზარალებული დაეთანხმა ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას.

ვიტალი ზოიძეს პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5  და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებოდა. ეს გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, ალკოჰოლური სიმთვრალის ქვეშ. დანაშაული სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 6-დან 9 წლამდე.

საპროცესო შეთანხმებით კი, მსჯავრდებული ციხეში მხოლოდ წელიწად-ნახევარს გაატარებს. საპროცესო შეთანხმების მიხედვით, ვიტალი ზოიძეს 4 წლით და 6 თვით შეუფარდეს თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წლით და 6 თვე პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდით, დანარჩენი 3 წელი კი, პირობითი მსჯავრია.

ვიტალი ზოიძე ბათუმის საქალაქო სასამართლოში ხშირად წარმოადგენდა შსს-ს, მაგალითად, საპროტესტო აქციებზე მოქალაქეების ადმინისტრაციული დაკავების დროს. ვიტალი ზოიძე შსს-ს წარმოადგენდა „24 ოპოზიციონერის საქმეზეც“, როცა დეპუტატებსაც კი, პოლიციელებმა კარვები დაუშალეს, ჩამოართვეს, დააკავეს, შემდეგ კი უმტკიცებდნენ, რომ კანონი დაარღვიეს.

ბრალდებულ ვიტალი ზოიძის სასამართლო სხდომა, რომელიც 5 წუთს გაგრძელდა

„ადასტურებთ, რომ ნამდვილად ამაზე იყო შეთანხმება თქვენსა და ბრალდების მხარეს შორის?“ – გისოსებს მიღმა მყოფ შსს-ს ყოფილ თანამშრომელს მიმართა მოსამართლე ლევან ყოლბაიამ.

„დიახ“ – მაშინვე და ხმამაღლა მიმართა მოსამართლეს ბრალდებულმა.

მოსამართლემ ბრალდებულს უფლებები გააცნო და კიდევ ერთხელ იკითხა:

„საბოლოო პასუხი რომ დააფიქსიროთ, ბატონო ვიტალი, დაამტკიცოს სასამართლომ საპროცესო შეთანხმება წარმოდგენილი პირობით, თუ არ დაამტკიცოს?“ – იკითხა მოსამართლემ.

„დაამტკიცოს,“ – ისევ პაუზის გარეშე მიმართა ბრალდებულმა მოსამართლეს, რომლის საბოლოო გადაწყვეტილებასაც ბრალდებულის ახლობლებით სავსე დარბაზში არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია.

„მორჩა, შემდეგ ახალ წელს სახლში იქნება,“ – გაისმა ახლობლების ხმა, ვიდრე მოსამართლე დარბაზს დატოვებდა.

  • ადვოკატი: „საპროცესო შეთანხმებებზე დიდი კორუფციული წრე ტრიალებს“ 

„აჭარის პროკურატურაში საპროცესო შეთანხმებებზე დიდი კორუფციული წრე ტრიალებს,“ – ამბობს ადვოკატი ზაზა პაპიძე. ადვოკატის მტკიცებით, პროკურატურა შერჩევით აფორმებს საპროცესო შეთანხმებებს.

ზაზა პაპიძე

ადვოკატი ასევე მიიჩნევს, რომ საქმე კორუფციასთან გვაქვს. ზაზა პაპიძემ ანალოგიური შინაარსის პოსტი 27 სექტემბერს ფეისბუქშიც გამოაქვეყნა.

„ორ დღეში დამიკავშირდნენ გენპროკურატურიდან და გამომკითხეს, დაიწყო მოკვლევა, მაგრამ შემდეგ რა რეაგირება მოჰყვა, არ ვიცი,“ – ამბობს ზაზა პაპიძე „ბათუმელებთან“.

ადვოკატს არ აქვს კონკრეტული მტკიცებულება კორუფციაზე, თუმცა გვაჩვენა ერთ-ერთი ბოლო საქმე, როცა მისი დაცვის ქვეშ მყოფს პროკურატურამ საპროცესო შეთანხმებაზე უარი უთხრა.

„პროკურატურა რატომ აკეთებს ყოფილ პროკურორებთან საპროცესო შეთანხმებებს და არ აკეთებს ჩვეულებრივ შემთხვევებში? აჭარის პროკურატურა არ არის ვინმეს ფულის საკეთებელი შპს. კორუფციული გარიგებებით მიმდინარეობს მოქალაქეების გატყავება, არაერთი მოქალაქე იყო ჩემთან უკვე მოსული, რომლებმაც მითხრეს, რომ თუ უნდათ საქმის დალაგება, მაშინ კონკრეტულ პიროვნებებთან, ყოფილ პროკურორებთან უნდა მივიდნენ და გადაიხადონ საკმაოდ სოლიდური თანხა, რის შემდეგაც მათ საპროცესო შეთანხმების საქმეს დაულაგებენ პროკურატურასთან, აჭარის პროკურატურაში ადეიშვილის დროინდელი სქემა ტრიალებს,“ – ამბობს ადვოკატი ზაზა პაპიძე.
  • უნდა გაუფორმდეს საპროცესო პედოფილებს? 

კანონის მიხედვით, ბრალის აღიარების მიუხედავად, პროკურორი არაა ვალდებული, ბრალდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმოს. არც მოსამართლეა ვალდებული, საპროცესო შეთანხმება დაამტკიცოს.

თუმცა პრაქტიკაში გვაქვს შემთხვევა, როცა პედოფილიაში, კონკრეტულად კი, 12 წლის ბავშვთან სქესობრივ კავშირში ბრალდებულ კაცს საპროცესო შეთანხმება 2021 წელს დაუმტკიცა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ციცინო მოსიძემ.

ამ საქმის შესახებ „ბათუმელები“ 2023 წლის ივნისში წერდა. ამ საპროცესო შეთანხმების თანახმად, ბავშვზე სექსუალურ მოძალადეს არცერთი დღე არ გაუტარებია ციხეში.

„შეიძლება კანონით შეზღუდვები დავაწესოთ, როგორც, მაგალითად, არის განრიდებაზე პირობა, რომ წამების საქმეებს ეს არ ეხება.

საკანონმდებლო ცვლილებებამდე კი, მნიშვნელოვანია პრაქტიკა მიმდინარეობდეს სწორი მიმართულებით და ამ სამართლებრივ ნორმას არ იყენებდნენ ბავშვებისთვის საზიანოდ,“ – მიიჩნევს ანა თავხელიძე, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი.

ეს ორგანიზაცია სხვა უფლებადამცავ ორგანიზაციებთან სამუშაო ჯგუფის წევრია, რომელიც წლებია ითხოვს ცვლილებებს კანონში, მათ შორის, ბავშვებზე სექსუალური ძალადობის კუთხით.

პარლამენტი კი ამ მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებების მისაღებად ვერ იცლის.

ანა თავხელიძე

„მაგალითად, ჩვენი მოთხოვნაა, რომ მთლიანად შეიცვალოს გაუპატიურების დეფინიცია. ჩვენ რასაც ვეძახით ნებაყოფლობით სექსუალურ კავშირს კანონის ენაზე, ეს წარმოადგენს გაუპატიურებას,“ – გვიყვება ანა თავხელიძე და 12 წლის გოგოს საქმეს იხსენებს, სადაც ასევე მოძალადეს ბრალის წარუდგინეს სსკ-ის 140-ე მუხლის შესაბამისად. ეს მუხლი გულისხმობს „სექსუალური ხასიათის შეღწევას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში“.

იურისტი განმარტავს, რომ დაზარალებული ბავშვის თანხმობა, რასაც ეს მუხლი მოიაზრებს, ვერ იქნება ნამდვილი, ვინაიდან საქმე ეხება 16 წლამდე ბავშვს.

„ამ შემთხვევაში თანხმობის ნამდვილობას გამორიცხავს ასაკი, რომელიც ჩვენი კანონმდებლობით არის 16 წელი. 16 წლამდე ასაკის ბავშვების მიერ გაცემული თანხმობა არ შეიძლება იყოს ნამდვილი… თანხმობის არარსებობა უნდა გახდეს დამამძიმებელი გარემოება და საპროცესო შეთანხმების გამოყენება არ უნდა მოხდეს ბავშვზე სექსუალური ძალადობის საქმეებში.

თავისი არსით საპროცესო შეთანხმება გულისხმობს საშეღავათო ზომის გამოყენებას, პასუხისმგებლობის შემსუბუქებას. ეს ხშირ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს, როგორც წამახალისებელი, განსაკუთრებით მაშინ, როცა სასჯელის სახით არ იყენებენ თავისუფლების აღკვეთას და გამოყენებულია პირობითი მსჯავრი. ფაქტობრივად დაუსჯელი რჩება მოძალადე,“ – წუხს ანა თავხელიძე.

„სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს მკაცრი მიდგომა მსგავსი შემთხვევების მიმართ“ – ეს საია-ს ანალიტიკოსმა, თამარ ბოჭორიშვილმა გვითხრა. მისი აზრით, შესაძლოა, კანონში ამ კონკრეტულ შემთხვევებზე რეგულირება არ გვქონდეს, მაგრამ პროკურატურამ და მოსამართლეებმაც მკაცრი მიდგომა გვაჩვენონ.

„როგორც ვიცით, პროკურატურას აქვს შიდა გაიდლაინები, რეგულაციები, მაგალითად, საპროცესოს არასდროს აფორმებენ განზრახ მკვლელობის საქმეებზე, ასევე გაუპატიურებაზე, ეს არ არის კანონში გაწერილი, მაგრამ თითქმის სავალდებულო ხასიათი აქვს პროკურორებისთვის,“ – შენიშნავს თამარ ბოჭორიშვილი.

კანონის თანახმად, ვიდრე მოსამართლე საპროცესო შეთანხმებას დაამტკიცებს, იგი უნდა დარწმუნდეს, რომ

„ბრალდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის, ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება;  ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს…“

  • ჯარიმა წელს საშუალოდ 4746 ლარამდე გაიზარდა – კიდევ რა გამოჩნდა საიას მონიტორინგით? 

ჯარიმა, რომელსაც საპროცესო შეთანხმების დროს სასჯელის სახით ხშირად აკისრებენ მსჯავრდებულს, 2023 წელს საშუალოდ 4746 ლარამდე გაიზარდა, გასულ წელს კი, ეს მაჩვენებელი 3451 ლარი იყო.

ეს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დაანგარიშებული ციფრებია. საიას 2023 წლის სასამართლო მონიტორინგის ანგარიში ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა ანალიტიკოსი წინასწარ რამდენიმე მიგნებას ექსკლუზიურად გვიზიარებს.

ანალიტიკოს თამარ ბოჭორიშვილს ეს მაჩვენებელი წინა ხელისუფლების მმართველობაში ყოფნის დროს ბოლო წლებს ახსენებს, როცა გაჩნდა განცდა, რომ საპროცესო შეთანხმებით და ჯარიმის გადახდით თავისუფლების ყიდვაა შესაძლებელი, ან „საპროცესოებით ბიუჯეტს ავსებენ“.

თამარ ბოჭორიშვილი

გაიზარდა საპროცესო შეთანხმებების გაფორმების მაჩვენებელიც. საია-ს ანგარიშების მიხედვით, თუ 2020 წელს სასამართლოში შესული საქმეების 63 % დასრულდა საპროცესო შეთანხმებით, 2021 წელს ეს ციფრი 64 %-მდე გაიზარდა, 2022 წელს – 68 %-მდე.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით კი, 2023 წლის სექტემბერში, მაგალითად, სასამართლომდე მისულ საქმეებში 74 % [1013 პირი] საპროცესო შეთანხმებით დასრულდა [არსებითი განხილვით კი, დასრულდა საქმეების 26%].

2023 წლის აგვისტოში საპროცესო შეთანხმებით დასრულდა 890 პირის საქმე [78 %], ივლისში – 1082 პირის საქმე [72 %].

„გამოდის, რომ საქმეების 70 პროცენტი სრულდება საპროცესო შეთანხმებით და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, აქ იყოს ადეკვატური სამართალწარმოება.

ხშირად პირიქით ხდება: ნოტარიულად აღიქვამენ სასამართლოს, რომ შეთანხმებას ყველა ვარიანტში დაამტკიცებს. ჩვენ რომ 2 შემთხვევას ვაფიქსირებთ, როცა წინასწარ გადახდილ ქვითრით მიდიან მოსამართლეებთან, ეს აჩვენებს იმას, პრაქტიკაში რამდენად გავრცელებულია ასეთი მიდგომა,“ – ამბობს თამარ ბოჭორიშვილი და გვიყვება იმასაც, რომ ამ ორ შემთხვევაში მხარეებმა საია-ს მონიტორი ვერ ამოიცნეს და სასამართლოს შემოსვლამდე მიმართა ადვოკატმა პროკურორს, ჯარიმა ნამდვილად გადაიხადა უკვე ბრალდებულმა, თუ გინდათ, ქვითარს თქვენც დაგიტოვებთო.

საია მონიტორინგს მხოლოდ თბილისის, ბათუმის და ქუთაისის სასამართლოებში აწარმოებს. თამარ ბოჭორიშვილის თქმით, ამ დრომდე, 2023 წელს მხოლოდ 2 შემთხვევა დაფიქსირდა, როცა მოსამართლემ საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე უარი თქვა.

„მაინც ინდივიდუალურ მოსამართლეზეა დამოკიდებული. ზოგიერთი მოსამართლე ინტერესდება კონკრეტული გარემოებებით და 5 წუთში ვერ ასრულებს საპროცესო შეთანხმების განხილვას. ამ შემთხვევებში ბრალდებულებმა თქვეს, რომ ისინი არ აღიარებდნენ წარდგენილ ბრალს…“  – აღნიშნა თამარ ბოჭორიშვილმა „ბათუმელებთან“.

საია-ს დაკვირვებით, ყველაზე ხშირად საპროცესო შეთანხმება ფორმდება საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე, ასევე ნარკოდანაშაულსა და მმართველობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე.

„ეს არ არის მხოლოდ ის, რომ სწრაფად დასრულდეს მართლმსაჯულება. ის, რაზეც შეთანხმდნენ მხარეები, სასამართლომ უნდა გასწიოს კონტროლი,“ – დასძინა საიას ანალიტიკოსმა, თამარ ბოჭორიშვილმა.

___

მთავარი ფოტო: ბრალდებულ ვიტალი ზოიძის სასამართლო სხდომა

___

„ბათუმელებმა“ სტატია მოამზადა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „ბათუმელები“ და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებას.

6 წლის შემდეგ „ბათუმის ახალი მეჩეთის საქმის“ განხილვა სააპელაციომ ხელახლა დაიწყო

დღეს, 14 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ხელახლა დაიწყო „ბათუმის ახალი მეჩეთის საქმის“ განხილვა. საქმე სააპელაციოს უზენაესმა სასამართლომ დაუბრუნა.

„მხარეებმა წარმოვადგინეთ ახსნა-განმარტებები, დეკემბერში იქნება შემდეგი სხდომა, სადაც გადავალთ კითხვებზე და პაექრობაზე. დიდი შანსია, რომ მალე დასრულდეს განხილვა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ცენტრის“ TDI იურისტი, შოთა თუთბერიძე. ეს ორგანიზაცია და „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ სასამართლოში მუსლიმი თემის ინტერესებს იცავენ.

შოთა თუთბერიძე განმარტავს, რომ უზენაეს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია და დისკრიმინაციის ნაწილშიც სააპელაციო სასამართლოს შეუძლია აქამდე მიღებული გადაწყვეტილება დაიცვას, რომლის მიხედვითაც ბათუმის მერია მუსლიმ თემს დისკრიმინაციულად ექცევა.

„უზენაეს სასამართლოს დისკრიმინაცია არ გამოურიცხავს… მან გარკვეული პროცედურული მითითებები მისცა სააპელაციო სასამართლოს ესენი განიხილე დისკრიმინაციის ნაწილში. უზენაეს სასამართლოს რომ საბოლოოდ გადაეწყვიტა საკითხი და ყველა კითხვაზე პასუხი გაეცა, სააპელაციოს საქმეს აღარ დააბრუნებდა და თავად მიიღებდა გადაწყვეტილებას.

უზენაესმა სასამართლომ გარკვეულ გარემოებებზე ყურადღება გაამახვილა და დისკრიმინაციის ნაწილში უთხრა სააპელაციოს, რომ დისკრიმინაცია, როგორც შენ შეფუთე და გამომიგზავნე, ასე შეიძლება არ იყოსო.

ჩვენი პოზიციაა ისევ ის, რომ ბათუმის მერია დისკრიმინაციულად უდგება მუსლიმ თემს და ამ მოტივით ამბობს უარს მშენებლობის ნებართვის გაცემაზე. ჩემი აზრით, ბათუმის მერიის მიზანია დროის გაწელვა. ჩემივე აზრია, რომ ეს საკითხი მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში არ წყდება და გადაწყვეტილება მიიღება სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში,  მათ შორის, ძალოვან უწყებებში.

იმედი გვაქვს, რომ სააპელაციო სასამართლო არ გახდება მანიპულაციის ობიექტი, თუმცა ეს გამოჩნდება საკმაოდ მალე,“ – აღნიშნა შოთა თუთბერიძემ „ბათუმელებთან“.


„ახალი მეჩეთის საქმეზე“ მუსლიმი თემი სამართალს მე-6 წელია ელის – მუსლიმებმა სასამართლოს პირველად 2017 წელს მიმართეს.

ორწლიანი პაუზის შემდეგ, უზენაესმა სასამართლომ 2023 წელს „ბათუმის ახალი მეჩეთის საქმე“ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნა და თან მიუთითა, რომ მუსლიმების მიმართ დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია იმ სამართლებრივი ლოგიკით, როგორც ეს სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა.

საქმე ბათუმში ახალი მეჩეთს აშენებას ეხება – მართლმადიდებლებისგან განსხვავებით, მუსლიმებს საკუთარ მიწაზე მეჩეთის აშენების უფლებას წლებია არ აძლევენ. მუსლიმი თემის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2019 წელს დაადასტურა, მან უკანონოდ მიიჩნია ბათუმის მერიის მიერ 2017 წელს მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც მუსლიმ თემს ზონალური შეთანხმების მიღებაზე უარი უთხრეს, თუმცა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ არ დაავალდებულა ბათუმის მერია მშენებლობის შესაბამისი ნებართვის გაეცა.

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის გადაწყვეტილება სრულად გაიზიარა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, უზენაესმა სასამართლომ კი, ნაცვლად იმისა, რომ ბათუმის მერიისთვის, დისკრიმინაციული მიდგომის დადგენის შემდეგ, მშენებლობის ნებართვის გაცემა დაევალებინა, პირიქით, იმაზე იმსჯელა, რატომ შეიძლება არ გვქონდეს საქმე დისკრიმინაციასთან, როცა ბათუმში ახალი ეკლესიები შენდება, მუსლიმ თემს კი, ახალი მეჩეთის აშენების უფლებას არ აძლევენ.

უზენაესმა სასამართლომ ბათუმის მერიის არგუმენტი გაიზიარა: ბათუმში, უშუალოდ მე-6 ზონაში, სადაც მუსლიმ თემს ახალი მეჩეთის აგება სურს, ეკლესიის აშენებაზე ბათუმის მერიას ნებართვა არ გაუცია.

„…საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას და მის საწინააღმდეგოდ განმარტავს, რომ გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს მსჯელობას და არც საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას საცხოვრებელ ზონა 6-ში და განსაკუთრებით, სამშენებლო ტერიტორიის მიმდებარედ, გაცემული აქვს საკულტო ნაგებობების – მართლმადიდებლური ტაძრების მშენებლობის ნებართვა. მეტიც, საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება მართლმადიდებლური ტაძრების მშენებლობისათვის სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემა და სამშენებლო პირობების დამტკიცება.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორის – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია განსხვავებულ მოპყრობას.

ამ კუთხით, საკასაციო სასამართლო განმეორებით ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან არ გაცემულა სპეციალური (ზონალური) შეთანხმება ქალაქ ბათუმში, საცხოვრებელ ზონა 6-ში მართლმადიდებლური ტაძრის მშენებლობის დაშვებისათვის. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შეუძლებელია განსხვავებულ მოპყრობაზე ხაზგასმა იმ პირობებში, როდესაც ანალოგიური მოთხოვნა არსებითად თანასწორი სუბიექტის მხრიდან ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით არ წარდგენილა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა ძირითადად დაეფუძნა იმ არგუმენტს, რომ სამშენებლო მიწის ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე უნებართვოდ არის აშენებული მართლმადიდებლური ტაძრები, რის საპირწონედაც ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია ა(ა)იპ „ბ…ს“ არ აძლევს თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მეჩეთის მშენებლობის უფლებას. სააპელაციო სასამართლომ ა(ა)იპ „ბ…ს“ „კომპარატორად“ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია მიიჩნია,“ – ვკითხულობთ განჩინებაში.

ბათუმის მერიის არგუმენტი  უზენაეს სასამართლოში ასევე ის იყო, რომ მსგავს შემთხვევებზე ბათუმის მერიის ზონალური კომისია მსჯელობს, რასაც შემდეგ მერი ეყრდნობა.

„…კასატორი საკასაციო საჩივარში განიხილავს თითოეულ დასახელებულ გარემოებას და აღნიშნავს, რომ საცხოვრებელი სახლების ზონის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ იგი განეკუთვნება ე.წ. საძილე ადგილებს, სადაც კერძო ინტერესს წარმოადგენს მშვიდ გარემოში ყოფნის უფლება. შესაბამისად, ასეთ ზონაში არ უნდა იქნეს ისეთი ფუნქციის ობიექტი დაშვებული, რომელიც დისონანს შეიტანს ფუნქციებს შორის და დაარღვევს  სამეზობლო თმენის პრინციპს.

ხოლო საკულტო ნაგებობა, თავისი შინაარსით – ფუნქციური დანიშნულებით, წარმოადგენს ისეთ ობიექტს, რომელიც უნდა იყოს მკაცრად იზოლირებული გარემოსაგან, რადგან მას გააჩნია „თავისი ცხოვრების წესი“ – საკულტო ნაგებობა არის ხალხმრავალი ადგილი [განსაკუთრებით დღესასწაულებზე], რელიგიური რიტუალები კი, არღვევს სიმყუდროვეს,. შესაბამისად, მისი განთავსება უნდა მოხდეს ისეთ ადგილას, რომ დაცული იქნეს ზონაში მცხოვრები მოსახლეობის უფლებები – „იცხოვრონ მშვიდ და საცხოვრებელ გარემოსთან შესაბამის გარემოში, არ მოუწიოთ ყოველდღიური ზემოქმედების ქვეშ ყოფნა“.

მუსლიმი თემის ინტერესების დამცველები [„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“] აღნიშნავდნენ, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ კანონი არასწორად განმარტა, როცა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ მიიჩნია, რომ „სასამართლო ვერ შეზღუდავს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას“.

„…დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება გამოყენებული იყოს ადამიანის ძირითადი უფლებების დასარღვევად, პირების მიმართ თვითნებური, სუბიექტური, დისკრიმინაციული მოპყრობისთვის. ამის დაშვება დისკრეციული უფლებამოსილების დანიშნულებას გამოაცლიდა არსს.

სწორედ ამიტომ არ არსებობს აბსოლუტური დისკრეცია და როცა ცხადია ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციულ უფლებამოსილებას განზრახ არ ახორციელებს კანონიერების პრინციპის საფუძველზე და მისი ამ განზრახვის ცვლილების ყველა რესურსი ამოწურულია, ამ დროს სასამართლოსგან დისკრეციის არშეზღუდვა სამართლიან სასამართლო განხილვაზე უარის ტოლფასიც შეიძლება იყოს,“ – მიწერეს მუსლიმი თემის წარმომადგენლებმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს.

`უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება მთელ რიგ სადავო და ურთიერთწინააღმდეგობრივ დასაბუთებასა და ინტერპრეტაციას შეიცავს მნიშვნელოვან უფლებრივ და კონსტიტუციურ საკითხებზე. მიგვაჩნია, რომ სასამართლოს განმარტებები დისკრიმინაციასთან დაკავშირებით მანკიერ პრაქტიკას ამკვიდრებს არამხოლოდ ბათუმში მუსლიმი თემის უფლებების, არამედ ზოგადად თანასწორობის პრინციპის უზრუნველყოფის კუთხით,“ – აღნიშნულია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ დღეს, 14 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

„უზენაესმა სასამართლომ არასათანადო სამართლებრივი შეფასება მისცა ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ტერიტორიის გარშემო 7 უნებართვოდ აშენებული მართლმადიდებლური ტაძრის არსებობას. მისი თქმით, ბათუმის მერია შეზღუდული იყო ზემოქმედება მოეხდინა მართლმადიდებლური ტაძრების უნებართვო მშენებლობებზე, რადგან სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმების მე-7 მუხლი სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ მართლმადიდებლურ ტაძრებს, მონასტრებს (მოქმედ და არამოქმედს) მათ ნანგრევებს, აგრეთვე მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც ისინია განლაგებული.

მიგვაჩნია, რომ უზენაესმა სასამართლომ კონსტიტუციური შეთანხმების მეშვიდე მუხლი არსებითად არასწორად განმარტა. აღნიშნული ჩანაწერი თავისი არსით ეხება ამ შეთანხმების დადების დროისთვის არსებულ მართლმადიდებლურ ისტორიულ ქონებას და არა რელიგიური გაერთიანების მიერ მომავალში შეძენილი ან აშენებულ რელიგიურ ნაგებობებს,“ – წერია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ გავრცელებულ შეფასებაში.

ქუთაისში ყოფილი პარლამენტის შენობასთან ტერიტორიის მოწყობაზე 2 მილიონს ხარჯავენ

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ქუთაისში „ტექნოპარკის [ყოფილი პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის] გარე ტერიტორიის კეთილმოწყობისთვის პროექტირება-მშენებლობის შესყიდვაზე [Design-Build მეთოდით]“ ტენდერი 2 მილიონი ლარით გამოაცხადა.

თავდაპირველად ქუთაისში პარლამენტის შენობის აგებაზე 73 757 930 ლარი დაიხარჯა.

„ქალაქ ქუთაისში ყოფილი პარლამენტის ადმინისტრაციული შენობა აშენდა 2010-2012 წლებში. აღნიშნულ შენობას არ გააჩნია შენობასთან მისასვლელი კაპიტალური საავტომობილო გზა, ავტომობილების საპარკინგე ადგილები; არსებული გზა გრუნტის საფარიანია და ცუდ მდგომარეობაშია. მოსაწყობია ტერიტორიის გარე განათება და სანიაღვრე სისტემა. მოუწესრიგებელია ადმინისტრაციული შენობის გარე პერიმეტრზე ტერიტორია“, – აღნიშნულია ტექნიკურ დავალებაში.

ტენდერის მიხედვით, გამარჯვებულმა ჯერ უნდა დააპროექტოს და შემდეგ შეასრულოს სხვადასხვა სამუშაო, კერძოდ:

  • „ადმინისტრაციულ შენობასთან მისასვლელი რკ/ბეტონის საფარიანი გზის მოწყობა [სიგრძე დაახლოებით 370 მეტრი, დაზუსტდეს ადგილზე], 40 საპარკინგე ადგილით.
  • ადმინისტრაციული შენობის გარე პერიმეტრის [ტერიტორიის] გარე განათების მოწყობა.
  • სარეკრეაციო [სასეირნო სივრცის] მოწყობა.
  • ადმინისტრაციულ შენობაში 3 არსებული შესასვლელის რეაბილიტაცია [მათ შორის 1 შშმ პირთათვის ადაპტირებული პანდუსი] და 1 ახალი შესასვლელის მოწყობა შშმ პირთათვის განკუთვნილი პანდუსის გათვალისწინებით.
  • ტერიტორიის მომიჯნავედ გამავალ მიწის არხზე ფუნდამენტის მოწყობა თავისი ლითონის მოაჯირით [სტანდარტების დაცვით].“

„სარეკრეაციო სივრცეში უნდა მოეწყოს ბუნებრივი ბალახის რულონური საფარი, უნდა შემუშავდეს მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და სარწყავი სისტემის პროექტი; საჭიროების შესაბამისად მოეწყოს სასმელი წყლის სოკოები; უნდა შეიქმნას ბილიკების ქსელი, ენერგოდამზოგველი განათება [განათების პროექტი ასევე უნდა შეთანხმდეს შესაბამის უწყებასთან], განლაგდეს სკამები და ურნები ვიზიტორებისთვის“, – აღნიშნულია სატენდერო განცხადებაში.

ქუთაისში პარლამენტის შენობის მშენებლობა / ფოტო არქივიდან

პროექტირებისა და მშენებლობის განხორციელების ვადები ტენდერის მიხედვით:

  • „პროექტირებისა და მშენებლობის საერთო ხანგრძლივობა, მოსამზადებელი და სამობილიზაციო სამუშაოების ჩათვლით შეადგენს – არაუმეტეს 190 დღეს;
  • პროექტირების საერთო ხანგრძლივობა შეადგენს ხელშეკრულების გაფორმებიდან – არაუმეტეს 110 დღეს,
  • სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ვადაა, პროექტირების ექსპერტიზის დადებითი დასკვნის შემდეგ, სამუშაოების დაწყების შესახებ შემსყიდველის მიერ ინფორმაციის მიწოდებიდან არაუმეტეს 80 კალენდარულ დღე;
  • დამკვეთი იტოვებს უფლებას საპროექტო დოკუმენტაციის განხილვისათვის სამუშაოების განხორციელების საერთო ვადაში, გასცეს შენიშვნები და დასკვნები წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე.“

ქუთაისში 160 509 კვადრატული მეტრი ტერიტორია და მასზე განთავსებული ყოფილი პარლამენტის შენობა დღეს სახელმწიფო შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ საკუთრებაშია.

პარლამენტის შენობის მშენებლობის მოტივით, 2009 წლის დეკემბერში ქუთაისში მერაბ ბერძენიშვილის ძეგლის – „დიდების მემორიალის“ დემონტაჟი დაიწყო და ის იმავე წლის 19 დეკემბერს ააფეთქეს, რასაც დედა-შვილის სიცოცხლე შეეწირა.

ქუთაისში მემორიალის აფეთქებიდან ერთი წლის თავზე მოსკოვში დიდების მემორიალის ანალოგი გაიხსნა, სახელწოდებით – „ჩვენ ერთად ვიყავით ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში“.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტის ადგილსამყოფელი ქალაქი ქუთაისი იყო. თუმცა „ოცნების“ ხელისუფლება თავიდანვე აცხადებდა, რომ პარლამენტს თბილისში წაიღებდნენ [„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა].

ქუთაისი / აღლუმი / ფოტო არქივიდან

უკვე 2014 წელს „ქართულმა ოცნებამ“ საკომიტეტო მუშაობა თბილისში, პარლამენტის ბალანსზე არსებულ შენობაში გადაიტანა. შედეგად, ქუთაისში პარლამენტის სასახლე თვის განმავლობაში, ჯამში, 6 დღე ფუნქციონირებდა.

2017 წლიდან პარლამენტის ადგილსამყოფელი კვლავ თბილისია, ქუთაისის შენობა კი, უფუნქციოდ დარჩა.

ამ თემაზე:

თბილისი იქცა თავკომბალად და გაუსაძლისია ცხოვრება – ქუთაისში პარლამენტის გადატანა გააპროტესტეს

 

 

 

 

მარტო ცარცით და დაფით 21-ე საუკუნის ბავშვებს ვერ გავზრდით – პედაგოგი

„მარტო თეთრი ცარცით და შავი დაფით კონკურენტუნარიან ბავშვებს ვერ გავზრდით. საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურა სავალალო მდგომარეობაშია“ – ამბობს ინგლისურის მასწავლებელი ნანა გელაშვილი, რომელიც ხაშურის მესამე საჯარო სკოლაში ასწავლის.

ნანა გელაშვილი ფულბრაიტის მასწავლებელთა დახელოვნების პროგრამის ფარგლებში აშშ-ში იმყოფებოდა და ჩრდილოეთ კარონილის გრინსბოროს უნივერსიტეტში სასწავლო პროგრამა გაიარა. მას ასევე შესაძლებლობა ჰქონდა გასცნობოდა უცხოელი კოლეგების პროფესიულ გამოცდილებას და კარიერული განვითარების გზებს. „ბათუმელებთან“ საუბარში ის გვიყვება რა განასხვავებს ქართულ სკოლებს ამერიკულისგან და რა გამოწვევებზე წინაშე დგანან ქართველი პედაგოგები.

  • ქალბატონო ნანა, როგორია გაკვეთილები ამერიკულ სკოლაში, რით განსხვავდება ჩვენ საჯარო სკოლებში ჩატარებული გაკვეთილებისგან?

აშშ-გან განსხვავებით, ქართველ მოსწავლეებს არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ სწავლის ყველა საფეხურზე სავალდებულო საგნებთან ერთად მათთვის სასურველი საგნებიც აირჩიონ.

წიგნების ნაცვლად მოსწავლეებს ქრომბუქები აქვთ, რომელშიც ელექტრონული წიგნებია ჩატვირთული. კლასები ციფრული ტექნიკითაა აღჭურვილი და საგაკვეთილო პროცესს საინტერესოს და ეფექტურს ხდის.

ციფრულ ეპოქაში ვცხოვრობთ, მაგრამ ჩვენს საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურა სავალალო მდგომარეობაშია. განსაკუთრებით რეგიონის სკოლებში გვაქვს მოძველებული რესურსები, რაც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ 21-ე საუკუნის უნარები განუვითარო მოსწავლეებს.

სწრაფი გლობალიზაციის პირობებში, მარტო თეთრი ცარცით და შავი დაფით ვერ შევძლებთ კონკურენტუნარიანი თაობების აღზრდას. ეს წარმოუდგენელია.

სრულიად განსხვავებული გარემო გხვდება აშშ-ის სკოლებში.

მეც მინდა მქონდეს კარგად აღჭურვილი საკლასო ოთახი, სადაც თავისუფლად შეძლებენ მოსწავლეები ციფრულ დაფასთან მუშაობას, მეც მინდა მოვასმენინო აუდიო მასალები გაკვეთილზე, გავუშვა ვიდეო… მაქვს სკოლაში პროექტორი, მაგრამ ამ პროექტორს ვიზიარებთ მთელი სკოლა, ეს არის წარმოუდგენელი.

  • მეთოდოლოგიური სიახლე რა იყო თქვენთვის?

თანამედროვე მიდგომები და მეთოდოლოგია ჩემთვის არ არის სიახლე, მაგრამ რესურსები, რომლებსაც მასწავლებლები ფლობდნენ აშშ-ს სკოლებში, ჩემთვის ხელმიუწვდომელია. სამწუხაროდ, ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა და არა მარტო ჩემთვის.

პრობლემაა ისიც, რომ მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაში ინგლისურ ენას კვირაში ორი საათი ეთმობა მე-8 კლასის ზემოთ, რაც სრულიად არასაკმარისია.

არასწორად მიმაჩნია ეს გათვლა. ინგლისურს, როგორც საერთაშორისო ენას, მეტი საათი უნდა ეთმობოდეს. მაგალითად, აშშ-ში გაძლიერებულად სწავლობენ ესპანურ ენას. 5 საათი ეთმობა კვირაში, ჩვენთან კი ორი საათია. აბსურდია, ნამდვილად.

  • ეს ხომ არ არის იმის მიზეზი, რომ ბავშვებს კერძო ცენტრებში ან რეპეტიტორებთან უწევთ სიარული?

დიახ, რა თქმა უნდა.

ჩვენთან პრობლემაა ასევე მრავალრიცხოვანი კლასები, სადაც 30 მოსწავლე ირიცხება და 45 წუთში ფიზიკურად შეუძლებელია ამდენ მოსწავლესთან მუშაობა.

ამერიკის სკოლებში 20-25 ბავშვია კლასში და გარდა ამისა, ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ გაძლიერებულად ისწავლონ ის საგნები, რომელსაც აირჩევენ.

მაგალითად, თუ ბავშვს სამომავლოდ ტექნიკურ სფეროში სურს ცოდნის ამაღლება, მას დამატებით შეუძლია ფიზიკა-მათემატიკის და ქიმიის არჩევა.

  • როგორ ფიქრობთ, „ჰაისქულის“ მოდელი გაამართლებდა ჩვენს სისტემაში?

ჩემი აზრით კი. იმიტომ, რომ ბავშვს, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს თუ რა პროფესია აირჩიოს მომავალში და რომელ ფაკულტეტზე ისწავლოს, თუ მივცემთ საშუალებას, რომ იმ კონკრეტულ საგნებში მოემზადოს, რაც მას სჭირდება უმაღლესში სწავლის დროს, ეს იქნება გამართლებული. ცალკე ფულის გადახდაც აღარ მოუწევთ რეპეტიტორში.

შეფასების სისტემაც განსხვავებულია ჩვენგან, რადგან ქართულ სკოლებში ქულები ყოველდღიურად იწერება, ამერიკულში კი კრედიტებს წერენ მასწავლებლები და შესაბამისად, მოსწავლე დაგროვილი კრედიტების საფუძველზე იღებს ქულას. უმაღლესი ქულების დაგროვების შემთხვევაში კი მოსწავლეს ხსნიან გამოცდიდან.

შესაბამისად, ბავშვები კარგად სწავლობენ, რომ წლის ბოლოს გამოცდა აღარ დაენიშნოთ.

  • რამდენი საათია ბავშვი სკოლაში და რა სერვისებს იღებს?

სწავლა იწყებოდა ცხრაზე და მთავრდებოდა 16:25 საათზე. შუალედში, 12:00 საათზე იწყებოდა ლანჩი. კარგი კვება აქვთ მოსწავლეებს შეთავაზებული, რომელიც საკმარისია, რომ დანაყრდნენ. სადღაც ნახევარი საათის შემდეგ ისევ გრძელდება საგაკვეთილო პროცესები.

  • მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე მინდა გკითხოთ. ვიცით, რომ ჩვენთან სქემა განსაზღვრავს პედაგოგის კარიერულ წინსვლას და ხელფასსაც. ამერიკაში რა გზას გადის მასწავლებელი, როგორია მისი შრომის ანაზღაურება და რა მოეთხოვება იქ კარგ მასწავლებელს?

აშშ-შიც ოთხი საფეხურით განისაზღვრება მასწავლებლის კარიერული წინსვლა. მასწავლებელი აბარებს ყველა საფეხურის გამოცდას, გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი, მაგრამ მასწავლებელს სტატუსი მუდმივად უნარჩუნდება.

მასწავლებლები იქაც გადიან ტრენინგებს, თვითშეფასების საფუძველზე ახდენს თავიანთი საჭიროებების კვლევას და ამის მიხედვით გეგმავენ, რომელ ტრენინგს გაივლიან, რა აკლიათ და რა უნარების განვითარება სჭირდებათ.

  • ჩვენთან გააუქმეს თვითშეფასება, როგორ ვიცი და როგორ ფიქრობთ, სწორი იყო ეს?

ჩვენთან ძალიან ვრცელი იყო თვითშეფასების კითხვარი, შესაძლებელი იყო უფრო ლაკონურად დაწერილიყო და რეალურ საჭიროებებზე ყოფილიყო გათვლილი.

ჩვენთან ყველაფერი ძალიან ცვალებადია და ეს ხშირი ცვალებადობა, ეს გაუთავებელი რეფორმები, ძალიან გვღლის.

გამოცდა ჩავაბარე, შემდეგ დავაგროვე კრედიტები და ამის საფუძველზე მომენიჭა სტატუსი. ახლა ამბობენ, რომ შესაძლოა, ეს ყველაფერი გაუქმდეს. აი, ეს იწვევს გადაღლას.

ეს კომპლექსური დავალებებიც კიდევ არაფრის მომცემია…

  • თქვენს ბევრ კოლეგას მოსწონს, შემოქმედებითობას ავითარებსო. თქვენ არ ეთანხმებით?

ბავშვები ვერ მუშაობენ, ფიზიკურად არ არის რესურსი. „მოამზადე პოსტერი“ რომ მიწერია დავალებაში, ბავშვს ხომ უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ იყიდოს ეს ფურცელი და შესაბამისი ნივთები, რომ წარმოადგინოს პოსტერი, არა?!

კლასში, სადაც 25 მოსწავლიდან 12 სოციალურად დაუცველია, ძალიან მიჭირს ასეთი დავალებების მიცემა მოსწავლისთვის, რომელიც მართლა კომპლექსურ და მრავალფეროვან შრომას მოითხოვს.

ვიდეო რგოლის, პოსტერის და პრეზენტაციების საშუალება რეალურად არ არის კლასში.

  • ხელისუფლება, რომ იძახის „ამდენი სკოლა გავარემონტე“, „ამდენი აღვჭურვე“ – ეს პოპულიზმია თუ რატომ ვერ ისახება სკოლებზე?

რა თქმა უნდა, პოპულიზმია, რადგან პირობები არ აქვთ მოსწავლეებს სკოლაში. არც სოციალურად დაუცველებისთვის, არც სსსმ ბავშვებისთვის არ არის შესაბამისი პირობები შექმნილი, ძნელია მასწავლებლისთვის ასეთ სიტუაციაში მუშაობა.

სამომავლოდ, აქტიურად ვაპირებ ჩემს უცხოელ კოლეგებთან ერთად საერთაშორისო პროექტების განხორციელებას, უკვე დავგეგმე რაღაც აქტივობები და იმედი მაქვს, ეს ყველაფერი წაადგება ჩემს მოსწავლეებს, ჩემს თემს და კარგ შედეგსაც დავდებთ.

  • ჩვენთან ბაზისური ხელფასი, როგორც ვიცით, ძალიან დაბალია და სტატუსის მიხედვით ეზრდება ანაზღაურება პედაგოგს. ამ პრინციპზე დგას აშშ-შიც სისტემაც?

ანაზღაურება იქაც მასწავლებლის მიღწევებზეა დამოკიდებული, ასევე – სტაჟზე. მაგრამ როცა მასწავლებელი გამოცდას ჩააბარებს და მიიღებს ლიცენზიას, შემდეგ უნარჩუნდება მას ეს სტატუსი. ჩვენთან კი მუდმივად გიწევს რაღაცის მტკიცება.

რაც შეეხება ანაზღაურებას, ზოგადად ხელფასის საკითხი კონფიდენციალურია, მაგრამ იმდენად გულახდილები იყვნენ მასწავლებლები საუბარში, ერთ-ერთმა, დაახლოებით 56 ათასი დოლარი მაქვს საშუალო წლიური შემოსავალიო – მითხრა.

მეც ვფიქრობ, რომ პედაგოგის ხელფასი უნდა გაიზარდოს. მინიმუმ 2 000 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს მასწავლებლის შემოსავალი.

იყოს გამოცდები, მივესალმები, მაგრამ ეს გაუთავებელი რეფორმები ძალიან დამღლელია. სულ რაღაც ცვლილების მოლოდინში ვართ – „ამან არ გაამართლა, ახლა ასე ვცადოთ“. შემოაქვთ სიახლეები, რომელიც ჯერ კიდევ არ არის კარგად გამოკვლეული, რაც იწვევს მუდმივ სტრესში ყოფნას. ერთ რაღაცაზე უნდა შეჯერდეს ყველა.

ასევე, აუცილებელია სკოლების აღჭურვა, რომ თანამედროვე გაკვეთილები ვატაროთ. დღეს, სასკოლო ოთახებში არსებული რესურსები მისახედია.

ჩემი აზრით, თუკი მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, არ იქნება მასწავლებლის სტატუსის ხშირი ცვლილება და მასწავლებლის მუშაობის ხარისხი შეფასდება მოსწავლეთა შედეგებით, ოლიმპიადებში, კონკურსებში, გაცვლით პროგრამებში წარმატებებით, ვფიქრობ, კარგი იქნება.

ჩემი რამდენიმე მოსწავლე ახლაც „ფლექსის“ პროგრამით იმყოფება აშშ-ში, ბევრი წარმატებული მოსწავლე მყავს და ვფიქრობ, ესეც კარგია მოტივაციაა პედაგოგისთვის.

ნანა გელაშვილი აშშ-ში.

რას მოუტანს საქართველოს შრომისუნარიანი მოქალაქეების ქვეყნიდან გადინება

„სტატისტიკის თანახმად, 55 წლის ზემოთ ასაკის მქონე ქალები უფრო მეტი მიდის ემიგრაციაში, ვიდრე ამავე ასაკის კაცები.

ვფიქრობ ამას ორი მიზეზი აქვს:  საქართველოში 55 წლის შემდგომ ქალების აუნაზღაურებელი ზრუნვითი საქმიანობა და პასუხისმგებლობები იზრდება, რის გამოც ისინი წყდებიან შრომით ბაზარს; ამ ასაკში ქალებისთვის რთულია ისეთი სამუშაოს პოვნა, სადაც ღირსეული ანაზღაურება ექნებათ. ამიტომ ისინი გამოსავალს ემიგრაციაში ხედავენ, ოჯახების ეკონომიკური მხარდაჭერა რომ გააგრძელონ,“ – ამბობს განვითარების საკითხების მკვლევარი მეკო ჩაჩავა.

ოფიციალური სტატისტიკით, 2021 წელს ქვეყანა 80 351 მოქალაქემ დატოვა, 2022 წელს ემიგრანტთა რიცხოვნობა კი 125 269 კაცი იყო.

სპეციალისტები ელოდებიან, რომ 2023 წლის მონაცემი გასულ წლებთან შედარებით გაცილებით მაღალი იქნება.

  • რატომ მიდიან ემიგრაციაში საქართველოდან და რა შედეგი ექნება ამას ქვეყნის ეკონომიკაზე

ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური მდგომარეობა მიგრაციის გამომწვევი ერთ-ერთი ფაქტორია.

სამუშაო ადგილების არ არსებობა, ან არსებულ სამუშაოებზე დაბალი ანაზღაურება და არასათანადო შრომის პირობები არის ის ფაქტორი, რაც ასევე ბიძგს აძლევს მოქალაქეებს „უკეთესი ცხოვრება“ სხვაგან ეძებონ.

რას მოუტანს საქართველოს შრომისუნარიანი მოქალაქეების ქვეყნიდან გადინება? – ეს კითხვა განვითარების საკითხების მკვლევარს, მეკო ჩაჩავას დავუსვით. ის ემიგრანტი ქალების შრომის საკითხებს იკვლევს.

ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ კვალიფიციური კადრის გადინება, აფერხებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, ინოვაციების დანერგვას. ასევე, არაკვალიფიციური მშრომელების ემიგრაციაც, შეიძლება ნაკლებად უარყოფითად, თუმცა მაინც უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ტემპზე.

ბოლო პერიოდში სარესტორნო სექტორი საუბრობს, რომ მასობრივად გადის მათი კადრები საზღვარგარეთ და უჭირთ კვალიფიციური კადრების ნახვა,“ – ამბობს მეკო ჩაჩავა.

მკვლევრის თქმით, დაბალანაზღაურებად სექტორში ხარჯები იზრდება შემოსავლების არაპროპორციულად, მოსახლეობას კი ძალიან უჭირს იმ შემოსავლებით ღირსეული საცხოვრებელი გარემოს შექმნა საკუთარი თავისა და ოჯახებისთვის.

„ასეთი ოჯახებისთვის მიგრაციაში წასვლა ჩანს, როგორც გამოსავალი. თან ბოლო პერიოდში ადვილი გახდა წასვლა უვიზო მიმოსვლის თუ იაფი ფრენების გამო. ასევე დიდ როლს თამაშობს სოციალური კავშირები.

ამასთან, რაც უფრო იზრდება მოთხოვნა ე.წ. განვითარებადი ქვეყნებიდან დაბალანაზღაურებად კადრებზე, მით უფრო იზრდება მიგრაციის ტემპი. საქართველოში, განსაკუთრებით დაბალანაზღაურებად სექტორში მომუშავე ადამიანებს, რომ მიიღონ ემიგრაციაში წასვლის გადაწყვეტილება,“ – ხსნის მეკო ჩაჩავა.

მეკო ჩაჩავა, განვითარების საკითხების მკვლევარი

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის პროგრამების ადგილობრივი კოორდინატორი, ნათია კვიციანი კი მიგრაციაზე საუბრისას აქცენტს დემოგრაფიული სურათის შეცვლის საშიშროებაზე აკეთებს.

ის ამბობს, რომ საქართველოში შემოსულ იმიგრანტთა ოდენობა მზარდია და ბევრად აღემატება დაბრუნებულ მიგრანტთა რიცხვს.

„შეიძლება დღეს მაინცა და მაინც არა, მაგრამ მცირე ხანში ალბათ გვექნება ცვლილებები ქვეყნის დემოგრაფიულ შემადგენლობაში. თუ ასეთი ინტენსივობით გაგრძელდა ემიგრაცია და სხვადასხვა კატაკლიზმებით გამოწვეული იმიგრაცია.

მზარდი იმიგრაცია უკავშირდება როგორც უკრაინის ომს, ისე წინა აზიაში მიმდინარე პროცესებმა შეიძლება გაზარდოს. ამიტომ თავისთავად დგება საკითხი, დემოგრაფიული სურათი როგორ შეიცვლება საქართველოში,“ – ამბობს ნათია კვიციანი.

მეკო ჩაჩავა ასევე საუბრობს შრომითი მიგრაციის დადებით და უარყოფით გავლენაზე, როგორც ქვეყნის ეკონომიკაზე, ისე დემოგრაფიაზე.

„ბოლო მონაცემებით, 2022 წელს გზავნილებმა მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 9 % შეადგინა. წინა წლებს თუ შევადარებთ, 2019 წელს ეს მაჩვენებელი 5 % იყო. გზავნილების მნიშვნელობა განსაკუთრებით გაიზარდა კოვიდის დროს, მაშინ, როდესაც საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები დრამატულად შემცირდა.

ფულადი გზავნილები ექსპორტის შემდეგ უცხოური ვალუტის შემოდინების მთავარი წყარო გახდა ქვეყანაში. ეს მიანიშნებს ემიგრანტების როლზე ქვეყნის ეკონომიკისთვის, უცხოური ვალუტის შემოდინებისთვის და ცალკეული შინამეურნეობების ეკონომიკური გადარჩენისთვის თუ პირობების გაუმჯობესებისათვის,“ – ამბობს მეკო ჩაჩავა.

მკვლევრის თქმით, ფულადი გზავნილების დიდი ნაწილი იხარჯება პირველად საჭიროებებზე, როგორიც არის საკვები, კომუნალური გადასახადები, ტანსაცმელი და, შესაბამისად, ვერ უზრუნველყოფს შინამეურნეობების მდგრადობას.

2016 წლის მონაცემებით, ემიგრანტთა მხოლოდ 7% ახერხებს დანაზოგის გაკეთებას, უძრავი ქონების შეძენას ან ბიზნესის აწყობას. დანაზოგის ვერ გაკეთება კი ახანგრძლივებს ემიგრაციაში ყოფნის პერიოდს.

„მიჩნეულია, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილის ემიგრაცია, რომელსაც განათლების მაღალი დონე აქვს და ადამიანური კაპიტალის უფრო მაღალი მახასიათებლები, შეიძლება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შემაფერხებელ ფაქტორად იქცეს.

დაბალი კვალიფიკაციის მქონე მშრომელების ემიგრაცია, ნაკლებ გავლენას მოახდენს ამ თვალსაზრისით.

რთულია იმაზე საუბარი, რა სახის ემიგრაციით ხასიათდება ამ შემთხვევაში საქართველო – მაღალკვალიფიციური კადრების გადინება ხდება უფრო თუ დაბალკვალიფიციურის. მეტ-ნაკლებად თანაბრად არის გადანაწილებული,“ – ამბობს მეკო ჩაჩავა.

უკანასკნელი 28 წლის განმავლობაში საქართველოში მიგრაციული სალდო დადებითი ერთადერთხელ იყო – 2020 წელს, როცა ქვეყანაში 15 732 ადამიანით მეტი შემოვიდა, ვიდრე წავიდა.

საქართველოს მიგრაციის 2021 წლის პროფილის დოკუმენტის თანახმად, 2020 წლის მაჩვენებელზე დიდი გავლენა იქონია „COVID19-ის პანდემიამ და მისგან გამოწვეულმა გადაადგილების შეზღუდვებმა“.

  • რა ევალება სახელმწიფოს და როგორ შეიძლება შეჩერდეს მიგრაციის ტემპი

ყველა, ვინც მიგრაციის მიზეზებს სწავლობს, ამბობს, რომ აუცილებელია ქვეყანაში შეიქმნას ისეთი სამუშაო ადგილები, სადაც მოქალაქეები ღირსეულ შრომით ანაზღაურებას მიიღებენ.

„ღირსეული ანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება მისცემს შესაძლებლობას ადგილობრივებს, რომ აქ დასაქმდნენ. პირველ რიგში, ეს იქნება ყველაზე რეალური რამ, რამაც შეიძლება მიგრაციის პროცესი შეანელოს, რადგანაც წასვლის ძირითადი მიზეზი კვლავ არის სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორი,“ – ამბობს მეკო ჩაჩავა.

მეკო ჩაჩავა ფიქრობს, რომ მიგრაცია მხოლოდ უარყოფით კონტექსტში არ უნდა განვიხილოთ. რადგან გარდა ფულადი გზავნილებისა, ემიგრაციაში წასულებმა შეიძლება აიმაღლონ კვალიფიკაცია. შემდგომ უკვე ამ კადრების სწორად გამოყენება კი იქნება ქვეყნის ამოცანა.

„აუცილებელია ქვეყნის მიგრაციის პოლიტიკის სწორი დაგეგმვა და მისი მართვა. მიგრაციის პოტენციალის სრული გამოყენება დადებითად აისახებოდა ქვეყნის როგორც ეკონომიკურ, ასევე სოციალურ განვითარებაზეც.

ამიტომაა მნიშვნელოვანი ქვეყანას სწორი პოლიტიკა ჰქონდეს და ხელი შეუწყოს მიგრანტების პოტენციალის გამოყენებას ქვეყნის მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკის განვითარებისათვის.

ამ ეტაპზე, შეიძლება ითქვას, რიგი ნაბიჯები გადადგმულია. არსებობს საკოორდინაციო საბჭოები, პოლიტიკის დოკუმენტები. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სამოქმედო გეგმისათვის გადაიდგას რეალურ შედეგებზე გათვლილი ნაბიჯები,“ – ამბობს მეკო ჩაჩავა.

70 მეტრი სიმაღლის კორპუსი ძეგლთან – მესაკუთრემ 4 დღის წინ „ოცნებას“ 60 ათასი შესწირა

ბათუმში, გორგასლის #59/61- ში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის ზონაში, ბელეტაჟებს ანგრევენ. აქ ბელეტაჟების ნაცვლად 19 სართულიანი მრავალბინიანი კორპუსი უნდა ააშენონ, მათ შორის ერთი – მიწისქვედა სართულით.

მშენებლობას შპს „თაუერ ჯგუფი გორგასალი“ ავარიული სახლების პროგრამის ფარგლებში გეგმავს.

კომპანიის 67 პროცენტი ეკუთვნის „ოცნების“ ერთგულ მხარდამჭერს, სულიკო ჭყონიას.

2016 წლიდან დღემდე სულიკო ჭყონიამ „ოცნებას“ სოლიდური თანხა ექვსჯერ შესწირა, ერთხელაც – „ოცნების“ მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს. ჯამში მისი შენატანი „ოცნების“ ანგარიშზე 250 000 ლარია.

ბოლოს სულიკო ჭყონიამ „ოცნებას“ ოთხი დღის წინ, 2023 წლის 10 ნოემბერს, 60 000 ლარი შესწირა.

ბათუმი. გორგასლის 59
ბათუმში ბელეტაჟებს ანგრევენ

კომპანიამ გორგასლის #59/61-ში მშენებლობის ნებართვა უკვე მიიღო, შესაბამის ბრძანებას ხელი მერმა, არჩილ ჩიქოვანმა 8 სექტემბერს მოაწერა. ბრძანებაში მითითებულია, რომ მერი დაეყრდნო სათათბირო საბჭოს გადაწყვეტილებას, რომელიც „ავარიული სახლების პროგრამაში“ ერთგვარი მაკონტროლებლის ფუნქციის მიზნით დაამატეს.

კანონის ახალი ვერსიის თანახმად, მერი ვალდებული იყო შეექმნა სათათბირო საბჭო, რომელთანაც ავარიული სახლების პროგრამაში მონაწილე კომპანიების მიერ შეთავაზებულ სამშენებლო პროექტებს, მათთვის K2 კოეფიციენტის გაზრდის ან სხვა ცვლილებების დაშვების შესაძლებლობას განიხილავდა.

წესის თანახმად, მერი დადებით გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებს, თუ სათათბირო საბჭო დადებით რეკომენდაციას გასცემს. ამ საბჭოს შექმნის წესი საკრებულომ პროტესტის ფონზე დაამტკიცა, რადგან საბჭოში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არ შეიყვანეს.

მერის გადაწყვეტილებით, სათათბირო საბჭოს მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, მამუკა რამიშვილი ხელმძღვანელობს.

ამ საბჭოს წევრები არიან: ზაურ ახვლედიანი – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი; ნუგზარ ძნელაძე – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი მოწყობისა და ტექნიკური დეპარტამენტის უფროსი; ნათია ბურძგლა – მერიის ქალაქგეგმარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის სპეციალისტი; ზვიად ბურჭულაძე – არქიტექტორთა კავშირის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი.

სამშენებლო დოკუმენტების მიხედვით, შპს „თაურ ჯგუფი გორგასალმა“ ავარიული სახლების პროგრამით დაშვებული შეღავათების შესაბამისად K2 კოეფიციენტის 12,5-მდე გაზრდა, განაშენიანების კოეფიციენტის K1=0,7-მდე და გამწვანების კოეფიციენტის 0,1-მდე შემცირება მოითხოვა.

დოკუმენტების მიხედვით, 19-სართულიანი კორპუსის მთლიანი სამშენებლო მოცულობა 28 000 კვ.მეტრია. მათ შორის საცხოვრებელი ფართობი 17 600 კვ. მეტრი იქნება.

აქ ნაჩვენებია ფართობების გადანაწილება ფუნქციური დატვირთვის მიხედვით.

სამშენებლო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, გორგასლის #61-ში ერთსართულიანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. კომპანია მერიას წერს, რომ ძეგლი შეისყიდა და მის აღდგენას გეგმავს.

სპეციალისტები წერენ, რომ ეს ერთსართულიან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ეკლექტური რენესანსისთვის სახასიათო ფასადებით გამოირჩევა:

„ორი ქუჩის კვეთაზე განთავსებული ერთსართულიანი სახლი 1905 წელს არის აშენებული. შენობა ბათუმური საცხოვრებელი სახლის საინტერესო ნიმუშია. ის თავისი მასშტაბითა და ეკლექტური რენესანსისთვის სახასიათო ფასადებით მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორი ქუჩის როგორც სივრცითი ორგანიზების, ისე არქიტექტურული სახის შექმნაში. დატვირთვის თვალსაზრისით შენობის მდებარეობა მოხერხებულია, თუმცა პრობლემურია ავტოსადგომის მოწყობა“.

აქ 19-სართულიანი კორპუსი უნდა ააშენონ

ნებართვის მისაღებად კომპანიამ მერიას წარუდგინა ოფიციალური ინფორმაცია, რომ სააგენტო უახლოეს მომავალში არ გეგმავს ამ შენობის რესტავრაციას და შეუძლია ეს საქმე თავად შეასრულოს:

„ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, სააგენტოსთან შეთანხმებით და სანებართვო საბუთით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე ჩასატარებელი ადაპტაცია-რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულებაზე“, – წერს სამშენებლო კომპანია მერიას.

სააგენტოს წერილი, რომელიც კომპანიამ მერიას წარუდგინა

ამ დროისთვის არ ვიცით, რაზე შეუთანხმდა კომპანია სააგენტოს: სრული რეაბილიტაცია იგეგმება, თუ რესტავრაციის პროექტი ამჯერადაც მხოლოდ ფასადის შენარჩუნებას გულისხმობს – ეს ტენდენცია ბათუმში ბოლო წლებში დაამკვიდრეს.

კომპანიამ მერიას ოფიციალურად აცნობა ასევე, რომ სამშენებლო ტერიტორიაზე არსებული სახლების მდგრადობა შეისწავლა და ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად მათი აღდგენა რთული და არარენტაბელური იქნებოდა.

სამშენებლო მიწის ნაკვეთი
რენდერი

დოკუმენტების მიხედვით, ახალი კორპუსი მრავალფუნქციურია და აქ როგორც საცხოვრებელ ბინებს, ასევე აპარტამენტებს მოაწყობენ. შენობას ექნება 2 მაღალი კომერციული სართული, მე-16 სართულის ჩათვლით საცხოვრებელი, ხოლო უფრო მაღალ სართულებზე აპარტამენტები. ბოლო სართულზე პენტჰაუსის მოწყობას გეგმავენ.

შენობის სიმაღლე 70 მეტრი იქნება.

  • კომპანიის ეკონომიკური გათვლა

კომპანიამ მერიას სამშენებლო პროექტის ეკონომიკური დასაბუთებაც წარუდგინა – გათვლები 2022 წელს დოლარშია მომზადებული. ამ გათვლების მიხედვით, კომპანია კორპუსის რეალიზაციის შემდეგ 3-მილიონიან მოგებას ვარაუდობს. იმის გათვალისწინებით, რომ სარეალიზაციო ფასების გრაფაში, უძრავი ქონების გასული წლის ფასებთან შედარებით, გაცილებით დაბალი ფასები მიუთითა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სინამდვილეში მოგება გასამმაგდება.

ცხადია, გასათვალისწინებელია ბაზარზე სამშენებლო მასალების ფასების გაძვირებაც.

კომპანიის ინფორმაციით, 1 კვ.მეტრი ფართობის მშენებლობა დღგ-ს გარეშე 210 დოლარი უჯდება. ჯამში კი, მშენებლობის ხარჯი 5 მილიონ 797 260 დოლარია. კომპანიამ ასევე მიუთითა, რომ 2 მილიონი დოლარი უჯდება მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებისთვის გადასაცემი ფართობი და მათი იჯარის ხარჯები.

კომპანიას მითითებული აქვს, რომ აქ 1 კვ.მეტრის სარეალიზაციო ფასი 700 დოლარია. ეს არარეალური ფასია იმ ადგილისთვის, სადაც მშენებლობას გეგმავენ.

ამონარიდი მერიაში წარდგენილი დოკუმენტიდან

„თაუერ ჯგუფი გორგასალი“ 2021 წელს დაფუძნებული კომპანიაა, დირექტორი და 33 პროცენტის მფლობელი ირაკლი ემირიძეა. კომპანიის 67 პროცენტს კი სულიკო ჭყონია ფლობს.

20 225 ოჯახს 100 ათასზე მეტი წლიური შემოსავალი აქვს – ქონების დეკლარაციები საქართველოში

2023 წლის 1-ელ ნოემბრამდე შემოსავლების სამსახურში წარდგენილი ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, საქართველოში იმ ოჯახების რაოდენობა, რომელთა წლიურმა შემოსავალმა ჯამურად 100 ათას ლარს გადააჭარბა, 4 037-ით არის გაზრდილი წინა წელთან შედარებით.

შემოსავლების სამსახურის მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით, 2022 წელს 16 188 პირმა წარადგინა დეკლარაცია, რომელთა შემოსავალი 100 ათას ლარზე მეტი იყო; 2023 წელს კი, ამ შემოსავლის მქონე 20 225-მა პირმა წარადგინა დეკლარაცია.

ამავე მონაცემებით, გაზრდილია იმ პირთა რაოდენობაც, რომელთა შემოსავალმა წლის განმავლობაში 40 ათასიდან 100 ათასამდე ლარი შეადგინა [2022 წელს ასეთი შემოსავლის მქონე 51 581-მა პირმა წარადგინა დეკლარაცია, 2023 წელს კი – 62 811-მა პირმა.]

რაც შეეხება იმ პირებს, რომელთა შემოსავალი 40 ათას ლარზე ნაკლებია, მათი რაოდენობა 10 695-ით არის შემცირებული.

შემოსავლების სამსახურის განმარტებით, „ინფორმაცია მომზადებულია 2022-2023 წწ. საგადასახადო პერიოდზე წარმოდგენილი ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციების მიხედვით“.

2023 წლის 7 ნოემბრის მდგომარეობით, შემოსავლების სამსახურში ქონების გადასახადის დეკლარაცია 366 706-მა პირმა წარადგინა. დარიცხულმა ქონების გადასახადმა კი 84 489 056 ლარი შეადგინა.

„ფიზიკურ პირს უფლება აქვს, არ წარადგინოს ქონების გადასახადის დეკლარაცია, თუ: საანგარიშო წლის წინა პერიოდის მიხედვით ქონების გადასახადის დეკლარაცია წარდგენილია ან დარიცხულია ქონების გადასახადი საგადასახადო ორგანოს მიერ.

წინა საანგარიშო წლის მონაცემების მიხედვით, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს პროგრამულად არიცხავს ქონების გადასახადს.

ამ შემთხვევაში ითვლება, რომ გადასახადის გადამხდელმა განახორციელა საგადასახადო ანგარიშგება, ხოლო საგადასახადო ორგანომ მას წარუდგინა საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო ვალდებულება შესაბამისი პერიოდის მიხედვით ბოლო დეკლარირებულის (დარიცხულის) ტოლია.

საგადასახადო ორგანო ზემოთ აღნიშნულ შემთხვევაში პროგრამულ დარიცხვას ახორციელებს პირველი ნოემბრიდან 15 ნოემბრამდე პერიოდში.“ – მოგვწერეს შემოსავლების სამსახურიდან.

ამავე თემაზე „ბათუმელების“ არქივიდან:

საქართველოში 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი 13 ათას ოჯახს ჰქონდა – დეკლარაცია

ჯერ სიგარეტი და ფული სთხოვეს, შემდეგ სცემეს – ბათუმში 3 უკრაინელ ბავშვს ათამდე მოზარდმა სცემა

ბათუმში, მე-13 საჯარო სკოლის წინ, ავტობუსის გაჩერებაზე, ათამდე ქართველი მოსწავლე, 3 უკრაინელ მოსწავლეს ფიზიკურად გაუსწორდა. ბავშვებს, როგორც ერთ-ერთი დაზარალებულის მშობელი ამბობს, სახეზე აღენიშნებათ დალურჯებები.

შემთხვევა ბათუმში, 9 ნოემბერს, პარასკევ დღეს მოხდა, დაახლოებით 15:30 წუთზე, სკოლის წინ, ავტობუსის გაჩერებაზე.

„ჩემი შვილი სამ თანაკლასელთან ერთად სკოლიდან მოდიოდა, როცა ავტობუსის გაჩერებაზე ერთი მოზარდი მიუახლოვდა და სიგარეტი სთხოვა. როცა უთხრეს, რომ სიგარეტი არ ჰქონდათ, შემდეგ ფული მოსთხოვეს. ბავშვებს არც ფული ჰქონდათ და ვერ მისცეს.

ამის შემდეგ ის ბიჭი წავიდა და მოიყვანა სხვა ბიჭები, დაახლოებით ათამდე იყვნენ და ჩვენ ბავშვებს ცემა დაუწყეს.

ერთს ძალიან შეეშინდა და ავტომანქანების უკან დაიმალა, 12-13 წლის ბავშვებია ნაცემი, ჩემს შვილსაც სახეში ურტყეს და დანარჩენებსაც – ყურის არეში აქვთ დაზიანებები. მეოთხე დღეა სტკივა სახის მარჯვენა მხარე და აქვს დალურჯებებიც“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ერთი-ერთი დაშავებული უკრაინელი ბავშვის მშობელი ლილია ლისენკო.

როგორც მშობელი ამბობს, ინციდენტის შემდეგ მათ სკოლის დირექტორი დაუკავშირდა და იმავე დღეს განცხადებით მიმართეს პოლიციის განყოფილებას.

„პოლიციას ჩვენება მივეცით, როგორც დაზარალებულმა ბავშვებმა, ასევე ყველა მშობელმა. დაგვპირდნენ, რომ ორშაბათს დაგვიკავშირდებოდნენ და საქმის მსვლელობის შესახებ მოგვაწვდიდნენ ინფორმაციას, თუმცა არავინ დაგვკავშირებია.

დირექტორი ამბობს, რომ ეს არ არის მარტივი პრობლემა, მანდატური კი საქმეში არ ჩარეულა.

ჩხუბის მეორე დღეს, ჩემს შვილს კიდევ დახვდა ერთი მოზარდი, მოსთხოვა სიგარეტი და ისევ წაეძიძგილავა. ჩემი შვილი თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს, ამიტომ აღარ აპირებს სკოლაში სიარულს. ის მოზარდები სულ იქ არიან“, – გვეუბნება დაზარალებული ბავშვის დედა.

„ბათუმელები“ ცდილობს დაუკავშირდეს როგორც მე-20, ასევე მე-13 საჯარო სკოლების დირექტორებს.

რაც შეეხება შს სამინისტროს, როგორც „ბათუმელებს“ ეუბნებიან, გამოძიება სსკ-ის 126 მუხლით მიმდინარეობს, რომელიც გულისხმობს, არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილ ძალადობას.

ბათუმში 900-ზე მეტი უკრაინელი ბავშვი სწავლობს. ისინი საქართველოში 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის მიერ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ჩამოვიდნენ. ლტოლვილი ბავშვებისთვის უკრაინული სექტორები ბათუმის მე-20 და მე-13 საჯარო სკოლებში გაიხსნა. დაზარალებული ბავშვებიც ამ სკოლებში სწავლობენ.

Exit mobile version