მთავარი,სიახლეები

მოსამართლეების საქმიანობა საერთაშორისო კომისიამ შეისწავლოს – ევროსასამართლოს ექსმოსამართლე EU-ს მოთხოვნებზე

16.11.2023 •
მოსამართლეების საქმიანობა საერთაშორისო კომისიამ შეისწავლოს – ევროსასამართლოს ექსმოსამართლე EU-ს მოთხოვნებზე

„სადაც კლანური სასამართლოა, იქ ელიტები ძალიან მარტივად ახერხებენ თავიანთი საქმეების დალაგებას, დამოუკიდებელი სასამართლო უფრო მეტად არის გლეხის პრობლემა, რომელსაც გასაქცევი არსად აქვს და ადამიანი, ვისაც უნდა ენდობოდეს მოსამართლის სახით, იმას ვერ ენდობა,“ – ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ნონა წოწორია ამ საკითხს გვისახელებს ერთ-ერთ გამოწვევად ევროკომისიისგან ახალი დათქმების შესრულების პროცესში: რამდენად კატეგორიულად მოითხოვს საზოგადოება ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ სასამართლოს?

ნონა წოწორია იმ სპეციალური კომისიის წევრია, რომელიც მოლდოვაში სასამართლოს და პროკურატურის თვითმმართველ ორგანოებში ასარჩევი წევრების წინასწარი შეფასებისთვის შეიქმნა. კომისიის სამი წევრი მოლდოველია, სამი – უცხოელი. ასეთი კომისია, რომელიც მართლმსაჯულების სისტემაში საკვანძო თანამდებობებზე მომუშავე მოსამართლეებს შეფასებს, საქართველოშიც უნდა შეიქმნას.

რამდენად იმუშავეს ვეტინგი, ანუ მოსამართლეების შეფასების მექანიზმი საქართველოში? – ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე ხაზს უსვამს, რომ მოლდოვაში გადამწყვეტი ხელისუფლების ნება აღმოჩნდა, საქართველოში კი, საზოგადოების გააქტიურების გარეშე, ნონა წოწორიას არ აქვს მოლოდინი, ვეტინგი რეალურად ამუშავდეს და სასამართლო კლანი ისე ჩამოიშალოს, როგორც ეს, მაგალითად, მოლდოვაში მოხდა.

ევროკომისია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, „ერთი წლის ვადაში მართლმსაჯულების სისტემაში დანერგოს საკვანძო თანამდებობებზე დანიშნული პირების ხელახალი შეფასების ექსტრაორდინარული მექანიზმი, რომელშიც გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებულ კომისიას ექნება.“

„ბათუმელებმა“ ევროსასამართლოს ყოფილ მოსამართლესთან, ნონა წოწორიასთან ინტერვიუ ჩაწერა:

  • ქალბატონო ნონა, ევროკავშირი საქართველოსგან ელის ვეტინგის [გადამოწმება, ხელახლა შეფასება] ჩატარებას, თუ ახალი მექანიზმი მოიაზრება, როცა ევროკომისია ერთ-ერთ დათქმაში მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, „მართლმსაჯულების სისტემაში დანერგოს საკვანძო თანამდებობებზე დანიშნული პირების ხელახლა შეფასების ექსტრაორდინარული მექანიზმი“? 

ეს არის პრაქტიკულად ის, რასაც ახორციელებს მოლდოვის მთავრობა, ახალ მექანიზმზე არ არის საუბარი.

ზოგადად ვეტინგის სისტემა არ არის ახალი, თუმცა მოლდოვამ შემოიღო ახალი, წინასწარი ვეტინგის სისტემა მაგისტრატურის უმაღლეს საბჭოში [საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ექვივალენტი] ასარჩევი მოსამართლე და არამოსამართლე წევრების შესაფასებლად. მოლდოვაში მოსახლეობის ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ დაბალი იყო და გადაწყდა, რომ გამოყენებულიყო წინასწარი შემოწმების მექანიზმიც. ეს იყო ექსპერიმენტი მოლდოვისთვის. ჩემთვის გასახარია იმის დანახვა, რომ ევროკავშირის პერსპექტივიდან ამ ექსპერიმენტმა გაამართლა.

ევროკომისია მოლდოვაში ამ პროცესს უკვე ორი წელია ადევნებს თვალს. თავის დროზე, როდესაც ალბანეთის რეფორმები გატარდა, გადაწვეტილებები გასაჩივრდა ევროსასამართლოში და ევროსასამართლომ მიიღო გადაწყვეტილებები ვეტინგის პროცესთან დაკავშირებით და დაადგინა, რომ ეს პროცესი იყო კონვენციის შესაბამისი. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი საქმიანობისთვის.

ცხადია, ნაკლოვანებები კომისიის საქმიანობაში  გამორიცხული არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შესაძლოა საუბარი იყოს ახალ პროცესზე. ევროკომისიის ბოლო დოკუმენტითაც ჩანს, რომ დადებითად შეფასდა ვეტინგის პროცესი მოლდოვაში. დოკუმენტში ასეთი ჩანაწერია: „მოლდოვამ შექმნა ამბიციური ვეტინგის პროცესი სასამართლოსთვის და პროკურატურისთვის, რაც არის ფუნდამენტური და ყოვლისმომცველი სასამართლო რეფორმის საფუძველი“.

  • თქვენ იმ სპეციალური კომისიის წევრი ხართ, რომელიც მოლდოვაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატებს არჩევს. რა ეტაპზეა ეს პროცესი მოლდოვაში და რა არის მთავარი ფაქტორი, რის გამოც ვეტინგმა მოლდოვაში გაამართლა? 

მუშაობას შეუდგა იუსტიციის საბჭო, რომელიც დაბლოკილი იყო დაახლოებით 2 წლის განმავლობაში და ეს ხელს უშლიდა სასამართლოს ფუნქციონირებას. ეს იყო მიზანი, რომელიც ჩვენს კომისიას ჰქონდა. ვერ გეტყვით, რომ ეს ადვილი იყო.

  • როცა ამბობთ, რომ ეს არ იყო ადვილი, რა იყო მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორები? 

უმთავრესი ამ პროცესში იყო მოლდოვის ხელისუფლების პოლიტიკური ნება, რომლის გარეშეც არანაირი რეფორმა არ შედგებოდა. ჩვენ ვიღებდით ინფორმაციას უშიშროების სისტემიდან, ბანკებიდან, საზღვრის დაცვის დეპარტამენტიდან და ასე შემდეგ. აღმოჩნდა, რომ საკვანძო ინფორმაცია მოგვაწოდეს ბანკებმა.

თავიდან ვშიშობდით, რომ ბანკები არ ითანამშრომლებდნენ, რადგან ეს კერძო სექტორია, თუმცა პოზიტიურად გავოცდით, როცა ბანკებიდან პირიქით, ყველაზე მეტი და რაც მთავარია – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღეთ.

მოლდოვის შემთხვევაში, მაგალითად, ჩვენ ვსწავლობდით კანდიდატების საბანკო ოპერაციებს, მათ ქონებას. თუ კანდიდატი ამბობს, რომ ქონება ბებიამ, ან ბაბუამ აჩუქა, ვამოწმებდით  ბებიას და ბაბუას ქონებას, მათი შემოსავლები როგორია: რამდენად შეეძლოთ ძვირადღირებული საჩუქარი გაეკეთებიათ შვილიშვილისთვის?

მოხერხდა ის, რომ ჩვენ შევარჩიეთ 5 მოსამართლე კანდიდატი იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრობისთვის. როგორც იცით, ჩვენი გადაწყვეტილება არ ნიშნავს ავტომატურად იუსტიციის საბჭოში კანდიდატის გამწესებას, თუმცა მოსამართლეთა კონფერენციას სჭირდება ჩვენი დადებითი გადაწყვეტილება კონკრეტული კანდიდატის ასარჩევად.

6 კვოტიდან, რაც აქვთ მოსამართლეებს იუსტიციის საბჭოში, 4 შეარჩიეს და დარჩა 2 ვაკანსია, რადგან უზენაესი და სააპელაციო სასამართლოების კვოტა ვერ შეივსო. ხუთივე წევრი, რომელიც ჩვენ შევარჩიეთ, იყო პირველი ინსტანციის სასამართლოდან, მათგან ოთხი გამწესდა და ერთი სარეზერვოა. უზენაესი სასამართლოდან და სააპელაციო სასამართლოდან ვერავინ შევარჩიეთ.

  • რატომ ვერ შეარჩიეთ?

უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო კომისიამ მათ კეთილსინდისიერებასა და სტანდარტებთან შესაბამისობაზე.

ჩვენ ასევე შესარჩევი გვყავდა არამოსამართლე წევრობის კანდიდატები: არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ყოფილი მოსამართლეები, ადვოკატები… ამჟამად პარლამენტის მიერ არჩეული 4 წევრია მაგისტრატურის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში. მივიღეთ მაგისტრატურის უმაღლესი საბჭო, რომელშიც კომისიის მიერ შემოწმებული  4+4 შემადგენლობაა. ეს საკმარისი რაოდენობაა, რომ საბჭომ მიიღოს გადაწყვეტილებები. მთლიანად ვერ შეივსო იუსტიიცის უმაღლესი საბჭო, მაგრამ იგი ფუნქციონერებადია.

  • გამოწვევა რა გამოჩნდა ამ პროცესში? 

ჩემთვის ყველაზე მთავარი, რაც ამ პროცესში დავინახე, არის ის, რომ უზენაესი სასამართლოს რეფორმა უნდა ჩატარდეს იუსტიციის საბჭოს ფორმირების პარალელურად, ან მანამდე.

იმის გათვალისწინებით, რომ დრო, ზოგადად, ძალიან ცოტაა ასეთ პროცესში, უმჯობესია, ეს პარალელური პროცესი იყოს.

  • ამას იმიტომ ამბობთ, რომ ვეტინგის დაწყების შემდეგ მოლდოვის უზენაესი სასამართლო ბევრმა მოსამართლემ თავისივე სურვილით დატოვა? 

დიახ, ასეა, მათ დატოვეს თანამდებობები, თუმცა საკვანძო საკითხი ამ პროცესში არის ის, რომ უზენაეს სასამართლოში ერთი კოლეგია მაინც უნდა იყოს მოსამართლეების, რომელსაც გავლილი აქვთ ეს პროცესი.

  • რა ცვლილებებია ამჯერად მოლდოვის უზენაეს სასამართლოში? 

მეორე სპეციალური კომისია მუშაობს ამ მიმართულებით. ამავე კომისიამ ასევე უნდა ჩაატაროს ვეტინგი საკვანძო თანამდებობაზე მყოფი მოსამართლეებისთვის.

მნიშვნელოვანია, ბოლომდე იყოს ფორმირებული იუსტიციის უმაღლესი საბჭო, თუმცა ეს არ ნიშნავს ავტომატურად იმის გარანტიას, რომ ყველაფერი იქნება იდეალურად. ეს ხანგრძლივი  პროცესია.

14 ნოემბერს მაგისტრატურის უმაღლესმა საბჭომ ოთხი მოსამართლის სისხლის სამართლის გამოძიებაზე თანხმობა განაცხადა. მოსამართლეები ეჭვმიტანილები არიან პასიურ და აქტიურ კორუფციაში. მსჯელობის შედეგად ოთხი მოთხოვნა დაკმაყოფილდა რვა ხმით მომხრე და ნული წინააღმდეგი ხმით. მაგისტრატურის უმაღლესი საბჭო დათანხმდა გამოძიებას, მათ შორის ოთხი მოსამართლის იძულებით მიყვანას, დაკავებას, დაკავებას და ჩხრეკას. მოცემულ მოსამართლეებს თანამდებობა შეუჩერეს მათ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

ევროკომისიის რეკომენდაციების ნაწილში, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის პირდაპირი მითითება ვენეციის კომისიის დასკვნებზე. მაგალითად, ვენეციის კომისიის ბოლო დასკვნა, რაც ოქტომბერში გამოიცა, ძალიან მკაცრი იყო. ამ დოკუმენტში პირდაპირ იყო აღნიშნული, რომ იუსტიციის საბჭოს რეფორმა არ არის მარტივი და კოსმეტიკური რეფორმა არ არის. ვენეციის კომისიამ პირდაპირ თქვა, რომ საჭიროა ფუნდამენტური და ყოვლისმომცველი რეფორმის გატარება.

  • ამიტომაც გამკაცრდა ევროკომისიის პირობები და მოითხოვა „ექსტრაორდინარული მექანიზმი“? წინა 12 რეკომენდაციის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებას უნდა მიეღო „გამჭვირვალე და ეფექტური სასამართლო რეფორმის სტრატეგია“. 

ბოლო ანგარიშში ვენეციის კომისიამ თქვა, რომ ნდობის ხარისხი იმდენად დაბალია, რომ საჭიროა საფუძვლიანი რეფორმა და სპეციალური მექანიზმის შემოღება საერთაშორისო კომპონენტის მონაწილეობით.

ევროკომისია აღარ იმეორებს ამ კრიტიკას, მაგრამ პირდაპირ წერს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნები გაითვალისწინეთო. ვენეციის კომისიის დასკვნაში კი წერია, რომ საჭიროა ფუნდამენტური ცვლილებები, რაც მოიცავს იუსტიციის საბჭოს, როგორც ფორმირებას, ისე ფუნქციონიერების წესს იმისთვის, რომ მან შეძლოს თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილების სათანადოდ შესრულება.

  • ამის აქცენტირება ნიშნავს იმასაც, რომ ევროკომისია საკმარისად არ მიიჩნევს მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებებს და საჭიროდ მიიჩნევს მოსამართლეების კეთილსინდისიერების საკითხის შესწავლას? 

ვფიქრობ – კი, რადგან ვენეციის კომისიის დასკვნას თუ ნახავთ, სქოლიოში ნახავთ მითითებას სანქცირებულ მოსამართლეებზეც.

ევროკომისიის რეკომედანცია ამბობს, რომ ერთადერთი გამოსავალი სპეციალური მექანიზმის შექმნაშია. ევროკავშირი ყოველთვის გვეუბნებოდა, რომ ეს პროცესი იმდენად დიდია და ფართო, რომ საჭიროა ყველა დაინტერსებული პირის მასში მონაწილეობა. ეს იქნება არასამთავრობო სექტორი თუ ოპოზიცია. თუ მოლდოვის შეფასებას ნახავთ, იქ პირდაპირ წერია, რომ ეს პროცესი წარიმართა დაინტერესებული არასამთავრობო სექტორის ჩართულობით.

რასაც მე ვუყურებ და რასაც მოითხოვს ეს რეფორმა, არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ამ რეფორმის განმახორციელებელია.

  • თუ არ ჩანს ხელისუფლების ნება, რამდენად შეიძლება იმუშაოს მოსამართლეების შეფასების მექანიზმმა, რომც შეიქმნას სპეციალური კომისია? 

ეს პროცესი იმდენად ყოვლისმომცველია და ეხება ხელისუფლების ყველა შტოს, თუ არ იქნება ხელისუფლების ნება, ვინ გაგიხსნის გზას, მაგალითად, უშიშროების სისტემისკენ, დეკლარაციების მოპოვებისკენ, ან საბანკო სისტემისკენ? ამ პროცესს ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე ვერ დაიწყებ და იგი მხოლოდ ფორმალობა იქნება.

უკრაინის გამოცდილება განსხვავდება მოლდოვისგან: უკრაინის შემთხვევაში ეთიკის საბჭოს ჰქონდა ძალიან ცოტა ინფორმაცია. ჩვენ კი, გვაქვს ძალიან ბევრი. ერთი  გაოცება, რაც გამოიწვია ამ პროცესმა, იყო ის, რომ არასამთავრობო სექტორი აქტიურად არ თანამშრომლობდა კომისიასთან, რაც ალბათ უფრო რესურსების ნაკლებობით იყო გამოწვეული. საქართველოში ამ მხრივ სიტუაცია უფრო სხვანაირი იქნება, ჩემი აზრით.

  • როგორია საზოგადოების ჩართულობა მოლდოვის შემთხვევაში და საქართველოში რამდენად შეიძლება გააჩინოს საზოგადოების აქტიურობამ ხელისუფლების ნება, სასამართლოს დამოუკიდებლობას დათანხმდეს? 

ჩვენ გვქონდა მოდელი, როცა მოქალაქეებს შეეძლოთ, მიემართათ კომისიისთვის, თუ მათთვის ცნობილია რომელიმე მოსამართლის მხრიდან ჩადენილ დარღვევაზე. მოქალაქეები ძალიან აქტიურები არ იყვნენ, თუმცა ინფორმაცია, რაც მოგვაწოდეს, ცხადია, გადაამოწმა კომისიამ.

  • კომისია ინტერესდებოდა მოსამართლეების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებითაც? 

კომისიის კომპეტენცია არ არის პროფესიონალიზმის შემოწმება, ეთიკის – კი, მაგალითად, ინტერესთა კონფლიქტი გახმაურებულ საქმეებში. იყო ასეთი შემთხვევა, როცა მოსამართლე განიხილავდა იმ ადვოკატის სარჩელს, ვისგანაც ქონება შეიძინა, ან მოსამართლე ადვოკატთან ერთად უცხოეთში მოგზაურობდა და შემდეგ ეს ადვოკატი მასთან გამოდიოდა პროცესზე. ამ სახის ეთიკურ საკითხებს ვიხილავდით.

განვიხილეთ ასევე შემთხვევა, როცა კანდიდატმა აშკარად თვითნებური გადაწყვეტილება მიიღო ისეთი მძიმე ფაქტობრივი გარემოებების მქონე საქმეში, რომ სამართლის არმცოდნე ობიექტურ დამკვირვებელიც კი გაოცდებოდა.

  • იუსტიციის საბჭოსგან განსხვავებით, მოლდოვაში ვერ მოხერხდა საპროკურორო საბჭოს წევრების არჩევა. რა მოხდა ამ შემთხვევაში? 

მოლდოვის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ჩვენი უარყოფითი გადაწყვეტილებები და უკან დაგვიბრუნა განსახილველად. ახლა ჩვენ ამ გადაწყვეტილებებს ხელახლა განვიხილავთ. პრინციპში ეს უკვე მაგისტრატურის  უმაღლეს საბჭოზე გავლენას ვეღარ მოახდენს. პროკურორებმა გადაწყვიტეს, რომ დაელოდებოდნენ საჩივრების  განხილვას კომისიის მიერ, შემდეგ შეიკრიბებიან და აირჩევენ წევრებს საბჭოსთვის [აქაც არიან პროკურორები და არაპროკურორი წევრები].

მოსამართლეებსაც ჰქონდათ იგივე დილემა, თუმცა მათმა უმრავლესობამ თქვა, რომ არა, ჩვენ ავირჩევთ მაგისტრატურის საბჭოს წევრებს. სხვათა შორის, ძალიან სათუო იყო, მოსამართლეთა კონფერენცია აირჩევდა თუ არა ჩვენს მიერ შერჩეულ კანდიდატებს თუ დაელოდებოდნენ უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებების შედეგებს. ეს იმას ნიშნავს, რომ დღემდე არ იქნებოდა უსტიციის საბჭოც. შესაბამისად, მოსამართლეთა კონფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილება იყო განსაკუთრებით პოზიტიური ამბავი. ასე რომ, ბევრი გამოწვევაა ამ პროცესში. ეს ძალიან რთული პროცესია.

  • საქართველოს მოცემულობის გათვალისწინებით, რა შანსი არსებობს მოსამართლეების შეფასების სისტემამ რეალურად იმუშაოს? 

ხელისუფლება ამ პროცესში აჩვენებს, მისი პროდასავლურობა ფასადურია, თუ არა. ჩემთვის ფასადურია და ნათელი, მაგრამ იმ ადამიანებისთვის აჩვენებს, რომლებსაც ჯერ კიდევ კითხვები აქვთ.

ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადოებისგამ ისეთივე სიძლიერით ამ რეფორმის მოთხოვნა, როგორიც არის ზოგადი მოთხოვნა „ევროპა გვინდა“. ეს სპეციფიკური თემაა და ამის მიტანა ძალიან რთულია საზოგადოებამდე. ისე ჩანს, თითქოს ეს არის საზოგადოების მაღალი კლასების თემა, რაც არის ფუნდამენტურად არასწორი. უფრო ადვილად გასაგები იქნება, თუ მოქალაქეებს ავუხსნით, რომ საკითხი რეალურად ეხება იმას, რომ აი, მეზობელთან ღობეზე დავა რომ აქვს, ამას რომელი მოსამართლე როგორ განიხილავს?

მოქალაქეებმა უნდა დაინახონ, რომ ეს არის მათი არსებობისთვის ფუნდამენტური საკითხი, ეს არ არის ელიტების პრობლემა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ: სასამართლო საერთოდ არ არის ელიტების პრობლემა, რადგან სადაც კლანური სასამართლოა, იქ ელიტები ძალიან მარტივად ახერხებენ თავიანთი საქმეების დალაგებას. დამოუკიდებელი სასამართლოს  არარსებობა უფრო მეტად გლეხის პრობლემაა, რომელსაც გასაქცევი არსად აქვს და სჭირდება ხელისუფლების წარმომადგენელი მოსამართლის სახით, ვისაც უნდა ენდობოდეს.

ჩვენ გვაქვს კარგი ფაბულა ევროკავშირის რეკომენდაციების სახით, რომ შედეგს მივაღწიოთ. ვიცით, რომ საჭიროა კონკრეტული რეფორმები და იმის თქმა ხელისუფლებისგან, რომ აი, ეს პატარა ნაწილი შევასრულე და დიდი არა – ხალხმა ხელისუფლებას არ უნდა შეარჩინოს, მათ შორის, მომავალ წელს არჩევნებში.

თქვენს ადგილზე ვკითხავდი ოპოზიციასაც: რას აკეთებენ ისინი ამ პროცესისთვის? ინკლუზიურობა ნიშნავს პოლიტიკურ პარტიების ჩართულობასაც.

___

„ბათუმელებმა“ სტატია მოამზადა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „ბათუმელები“ და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: