ხელისუფლებავ: რიჟვაძევ, ივანიშვილო, გვითხარით, სად ვიცხოვროთ – ქალების აქცია ბათუმში

დღეს, 3 მარტს, ბათუმში უსახლკარო და მარტოხელა ქალებმა აქცია გამართეს.

მოქალაქეების თქმით, ისინი საცხოვრების გარეშე არიან დარჩენილნი და ხელისუფლება მათ ყურადღებას არ აქცევს.

აქციაზე იმყოფებოდა მარტოხელა დედა მაგული ფუტკარაძეც, რომელმაც გვითხრა, რომ მის შვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ერთადერთი საცხოვრებელი ბინა წლების წინ, სწორედ შვილის მკურნალობის გამო გაყიდა.

დღეს კი დედაც და შვილიც ღია ცის ქვეშ არიან დარჩენილები.

„დღეს დედის დღეა და წესით, ჩვენს ოჯახებში, შვილებთან ერთად უნდა ვიყოთ თბილად, მაგრამ ეს ფუფუნება ჩვენ არ გვაქვს, ქუჩაში ვართ. ავადმყოფ შვილთან ერთად სხვის სახლში ვარ შეკედლებული. ვინ შეგიკედლებს ამდენი ხნით?

ორი წელია ვიბრძვი, კარდაკარ დავდივარ, დღე და ღამეს ვათენებდით მთავრობის სახლის წინ – ზამთარი, ზაფხული, წვიმაში, ქარში ბავშვებთან ერთად და ხელისუფლება არ გამოსულა და არ დაინტერესებულა, როგორ ხართ და რა გიჭირთო“, – ამბობს მაგული ფუტკარაძე.

მაგული ფუტკარაძე

ქალის თქმით, როცა აჭარის მთავრობის შენობის წინ აქციებს მართავდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები ფანჯრებიდან უყურებდნენ და იცინოდნენ.

„დაგვიდგნენ გვერდით, რაღაც ტვირთი მაინც შეგვიმსუბუქონ. ჩემი შვილი ავად არის და რა ვქნა, ჩემი პენსიით ვიყიდი მე სახლს დღეს? რა თქმა უნდა, ვერ ვიყიდი.

მარტოხელა დედა ვარ, მარტოდ გავზარდე შვილი. რა გავაკეთო, დავრჩი ქუჩაში უსახლკაროდ. არავინ მიკედლებს, ქირას ვერ ვიხდი“, – ამბობს მაგული.

მას ვკითხეთ, რატომ შეიძლება ვერ ეხმარებოდეს ხელისუფლება ამ ქალებს, უსახლკარო მოქალაქეებს? მაგული ასკვნის, რომ ხელისუფლებას გაჭირვებული მოქალაქეები არ აინტერესებს.

„ამას წინათ აქცია იყო და დამიბარეს მთავრობის სახლში. 2 ათას ლარს მოგცემთ და გაჩერდიო. ორი ათასი ლარი მეყოფა? რაში გადავიხადო ორი ათასი?

წყლის, პურის და მარილის ფული მაქვს, სახლი არ მაქვს. სად წავიდეს ჩემი შვილი, როცა მე აღარ ვიქნები, ვინ შეხედავს? არავინ. რაღაც კუთხე ხომ უნდა დავუტოვო შვილს“, – ამბობს მაგული ფუტკარაძე.

„ივანიშვილო, რიჟვაძევ, დამაკვალიანეთ, სად ვიცხოვრო“ - უსახლკარო მარტოხელა ქალი

ის კითხვებს სვამს და პასუხს ელოდება ხელისუფლებისგან.

„რა ვქნა, დამაკვალიანეთ, ხალხო, სად წავიდე. ხელისუფლებავ, – რიჟვაძევ, ივანიშვილო, – დამაკვალიანეთ. სადმე კუთხე მომეცით, რომ ვიცხოვრო“, – ამბობს მაგული.

ქალის თქმით, მას შესთავაზეს, სადმე შენობაში შეჭრილიყო უკანონოდ, ოღონდ აქციაზე არ გასულიყო.

„მითხრეს, მაგული, მიდი, გატეხე რამე და შედი, აქციაზე აღარ მოხვიდეო. რატომ არ მოვიდე აქციაზე, მე, საქართველოს მოქალაქეს, მიშლიან ბათუმში გავლას?“ – ამბობს მაგული ფუტკარაძე.

აქციაზე იმყოფებოდა მზიური ბალაძეც, რომელიც რამდენიმე წელია ხელისუფლებას მისი პრობლემის გადაჭრას სთხოვს.

მზიური ბალაძე

მზიური ამბობს, რომ ჰყავს შშმ შვილი და თვითონაც ონკოპაციენტია.

„რატომ არ შეუძლია ბათუმის მერიას, რომ უსახლკარო ხალხს ყურადღება მოგვაქციოს, სადმე შეგვასახლოს და მოგვცეს რაიმე ფართობი?

ქირის საშუალება არ მაქვს, ამიტომ მეც სხვის სახლში ვარ შეკედლებული“, – ამბობს მზიური ბალაძე.

შშმ შვილის დედაა ელვარდი ნოვოსარდიანიც, რომელიც ასევე უსახლკაროა.

ელვარდი ნოვოსარდიანი

„შვილი მყავს შშმ პირი დაბადებიდან. ვწვალობ, მარტოხელა ქალი ვარ, არავინ არის ჩემი დამხმარე, რომ ბინა ვიყიდო.

მთავრობას ვთხოვ, ყურადღება მოგვაქციოს. რატომ არ გვაქცევენ ყურადღებას, რისთვის სხედან მერიაში, ფულის გულისთვის? ვცადე მერთან შეხვედრა, მაგრამ არ შემხვდა. აქ, ბათუმში, არ არის სოციალური სახლები, რა სახლ-კარი გინდაო – ასე მითხრეს.

ბაზარში დამლაგებლად ვმუშაობ 400 ლარზე, 300 ლარს ბინის ქირაში ვიხდი, ასი ლარით როგორ ვიცხოვროთ? არ გვყოფნის არაფერში. რამდენი ხანი უნდა ვჭამოთ ერთი პური ორმა ადამიანმა? ამ სასადილოს საჭმელი და ერთი ცალი პური არჩილ ჩიქოვანმა წაიღოს და თავის ოჯახს აჭამოს.

არც მინდა ამათი საჭმელი, მომცეს ერთი კუთხე, რომ ვიყო ჩემს შშმ შვილთან ერთად“, – ამბობს ელვარდი ნოვოსარდიანი.

ნაზი იაკობაძე

ნაზი იაკობაძეს 4 შვილიშვილი ჰყავს. მის შვილს საცხოვრებელი ბინა არ აქვს და დახმარებას სახელმწიფოს სთხოვს.

„ჩემს ქალიშვილს ბინა არ აქვს, მისი სახლი კი ეროზირებულია და ოთხ შვილთან ერთად ჩემთან არის შემოკედლებული. მინდა, რომ ხელისუფლება დაეხმაროს“, – გვეუბნება ის.

თინა ანთაძე

ეროზირებულია თინა ანთაძის სახლიც. ის ხულოდან, სოფელ გელაძეებიდანაა. სოფელი მეწყრულმა პროცესებმა სერიოზულად დააზიანა. აღარ არსებობს სოფელში მისასვლელი გზები, საცხოვრებელი სახლები საფრთხის ქვეშაა.

„ჩვენი სოფელი გარესამყაროს მოწყვეტილია. ასე, ღია ცის ქვეშ რამდენი ხანი უნდა ვიყოთ. დღე-ხვალ, დღე-ხვალ, გვპირდებიან და მერე ჩუმდებიან“.

მისი თქმით, ხელისუფლება დაზარალებულ ოჯახს არც ქირის თანხით ეხმარება.

„სოფელში ვერ შევდივართ, ვერ გამოვდივართ. აქ ჩამოვედი ოჯახით და ხელვაჩაურში, ავტოფარეხში ვართ გაჩერებული“, – ამბობს თინა ანთაძე.

უსახლკარო მოქალაქეები ხელისუფლებას საცხოვრებელს სთხოვენ.

უსახლკარო ადამიანები აჭარის მთავრობის შენობასთან აქციებს რეგულარულად მართავენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ჯერჯერობით ხელისუფლება მოქალაქეების მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს. ამის მიუხედავად ისინი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

„სად წავიდეთ? მოგცენ ერთი კუთხე“ - უსახლკარო ქალების აქცია

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმსა და აჭარის მთაში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3 მარტის 21 საათიდან 4 მარტის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით  – ზოგან მცირე წვიმა;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
  • ღამით: 1 გრადუსი ყინვა – 4 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა: 2-3 ბალი, ზღვის წყლის ტემპერატურა +10 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 5 მარტს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, მომდევნო ორ დღეს – 6 და 7 მარტს კი, ზოგან მოსალოდნელია მცირე წვიმა.

 

„ყვავილები არ არის აუცილებელი, იყოს სიყვარული“ – დედის დღე ბათუმში

დღეს 3 მარტს, საქართველოში ალბათ ყველაზე ბევრი ყვავილი გაიყიდა.

ბათუმის ქუჩებშიც შეხვდებით ადამიანებს – ბავშვებს, ქალებს, კაცებს, რომლებიც ყვავილებით ხელში სადღაც მიიჩქარიან.

ხალხმრავლობაა, ყვავილების გამყიდველებთანაც.

თედო და ნინიც ყვავილებს დედისთვის ყიდულობენ.

დედასთან მიაქვთ ყვავილები სალომეს და მელანოსაც. მათი თქმით, დედა მათთვის ყველაზე ძვირფასია ამქვეყნად, რადგან მასზე უკეთ არავინ ზრუნავს მათზე.

„ჩვენ უზომოდ გვიყვარს დედა, რადგან ბავშვობიდან სულ გვერდში გვიდგას ყველა საქმეში და ყოველთვის გვიგებს, გვეხმარება და ყოველთვის მეგობრად მიგვაჩნდა დედა“-ამბობენ გოგონები.

მეგი და ევაც დედასთან მიიჩქარიან ამ ყვავილებით.

გოგონების აზრით, ყველა დღე დედის უნდა იყოს და მხოლოდ 3 მარტს არ უნდა გაგახსენდეს მისი არსებობა.

„ჩემი აზრით დედა ყოველდღე იმსახურებს ყვავილებს. ესეც ძალიან მცირედია მის შრომასთან შედარებით. მარტო სუფრასთან არ უნდა გაგვახსენდეს დედა, ეს არ არის საკმარისი. ისიც გვინახავს, სუფრაზე დედის სადღეგრძელოს რომ სვამენ და მეორე წუთში ძალიან ცუდად ექცევიან და გულს ტკენენ. ეს დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს.“-ამბობენ გოგონები.

3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება.
3 მარტი – დედის დღე ბათუმში.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანაში დედის, ქალის მიმართ პატივისცემა სიტყვიერ დონეზე  გამოიხატება, საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა იმ ქვეყნებს შორის, რომელიც ქალზე ძალადობის მაღალი სტატისტიკით და ქალთა მკვლელობებით გამორჩევა.

მარტო გასულ წელს, საქართველოში 6 თვეში, 13 ქალი მოკლეს.

2018 წლიდან 2022 წლის ჩათვლით ქალთა მკვლელობებისა და მკვლელობის მცდელობების 183 შემთხვევა დაფიქსირდა ქვეყანაში.

„არ არის აუცილებელი ყვავილები, იყოს სიყვარული და სითბო. მეტი არაფერი გვჭირდება ამქვეყნად. “- ამბობს ნარგიზ ჯინჭარაძე.

_____________________

მთავარი ფოტო: სკაუტი ბავშვები ბათუმის ქუჩებში ქალებს ყვავილებს ჩუქნიან.

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 3 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 3 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 416 800 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 160]
  • ტანკი – 6 640 ერთეული [+16]
  • ჯავშანტექნიკა – 12 639 ერთეული [+28]
  • საარტილერიო სისტემა – 10 188 ერთეული [+35]
  • MLRS – 1 003 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 696 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 347 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 7 843 ერთეული [+14]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 915 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 25 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 13 332 ერთეული [+65]
  • სპეცტექნიკა – 1 620 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 3 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 575 თვითმფრინავი
  • 267 ვერტმფრენი
  • 14 112 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 476 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 15 335 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 228 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 8 275 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 19 298 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთმა ოდესაში საცხოვრებელი კორპუსები დაბომბა, არის მსხვერპლი

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

100 ათასი ლარი გამოვუყოთ ხულოში მეწყრით დაზარალებულ ოჯახებს – ენმ

დღეს, 2 მარტს, ხულოში, სოფელ გელაძეებში იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.

გელაძეები ერთ-ერთი სოფელია, რომელიც მეწყრის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა. განსაკუთრებით დაზიანებულია გელაძეებისა და პაქსაძეებს შორის დამაკავშირებელი გზა.

„ურთულესი და საგანგაშო მდგომარეობაა მაღალმთიან აჭარაში, სტიქიამ უსახლკაროდ დატოვა ასობით ოჯახი, დაზიანებულია გზები, ინფრასტრუქტურა.

დღემდე მოსახლეობის ნაწილი ცხოვრობს სტიქიის ზონებში, არ გააჩნიათ მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ ინფორმაცია, ბინის ქირისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 300 ლარიანი დახმარება არასაკმარისია.

ბინის შესაძენად კი ბიუჯეტიდან ჯერ კიდევ არ არის გამოყოფილი თანხები“, – ამბობს უმაღლესი საბჭოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“, გია აბულაძე.

დამეწყრილი სოფელი ხულოში

მისი თქმით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შემუშავებული აქვს 5-პუნქტიანი გეგმა სტიქიით დაზარალებულთა მხარდასაჭერად, რომელიც ითვალისწინებს მეწყრით დაზარალებული მოსახლეობის დახმარებას თითო ოჯახზე 100 – 100 ათასი ლარის ოდენობით.

ბინის ქირავნობისთვის კი სახელმწიფომ დაზარალებულ ოჯახებს უნდა გამოუყოს სულ ცოტა 500-1000 ლარი და დაუყოვნებლივ გაასახლოს სტიქიის ზონიდან.

ასევე, ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ეკომიგრანტი ბავშვები არ დარჩნენ საბავშვო ბაღისა და სკოლის მიღმა.

ამუშავდეს ეკომიგრანტების გადამზადებისა და დასაქმების პროგრამა“, – ამბობს გია აბულაძე.

ხულო. სოფელი გელაძეები

ხულოს ცენტრალური გზიდან სოფელ გელაძეებამდე მისვლა მხოლოდ ფეხითაა შესაძლებელი, უგზოდ დარჩენილი მოსახლეობა დამეწყრილ, ტალახიან და დაბზარულ გზებზე ფეხით გადაადგილდება.

ქვის ცვენა გამვლელებს საფრთხეს უქმნის, თუმცა უგზოდ დარჩენილი სოფლიდან მოსახლეობა საკუთარი ძალებით ცდილობს გამოსვლას, რომ საკვები შეიძინოს.

_________________________

მთავარი ფოტო: დამეწყრილი სოფელი გელაძეები.

სოფელ ზენითში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

დღეს, 2 მარტს, ქობულეთში, სოფელ ზენიტში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. სახლი ციალა ღლონტის საკუთრება იყო.

როგორც ზენითის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი სულხან გიორგაძე გვეუბნება, სახლის მეპატრონე არ დაშავებულა.

„ხის სახლი იყო და მთლიანად დაიწვა. მეპატრონე ამჟამად სხვა სოფელში იმყოფება შვილთან. ამ სახლში მარტო ცხოვრობდა“-ამბობს გიორგაძე.

მიიღებს თუ არა კომპენსაციას დაზარალებული, როგორც გიორგაძე ამბობს, ამაზე ქობულეთის მერია იმსჯელებს.

________________

მთავარი ფოტო: ზენითში დამწვარი სახლი.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 10 ადამიანი დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, თბილისის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარის და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 10 პირი დააკავეს.

დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, ბელარუსის და ისრაელის მოქალაქეები.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველების მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულების მიერ მითითებული ლოკაციებიდან, ასევე, დაკავებულების პირადი, ავტომანქანების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, ასევე, დიდი ოდენობით თანხა, ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ელექტროსასწორი.

თბილისში, ერთ-ერთი ბრალდებულისგან ამოღებულია 440 აბი „ექსტაზი“, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი „კანაფი“, „მარიხუანა“ და „ჰაშიში“.

ნარკოდანაშაულის საქმეზე ფონიჭალაში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2 პირი დააკავეს. „ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს 18 შეკვრად დაფასოებული – 3 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ე.წ. სირეცი, 97 350 აშშ დოლარი, 6080 ლარი და 2 790 000 რუსული რუბლი“.

თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში დააკავეს ასევე ორი პირი, რომლებიც პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდნენ.

„ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას ამოიღეს 31 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ე.წ. ბიო“.

ასევე თბილისში კიდევ ერთი პირი, „ნივთმტკიცებად ამოღებულია 4 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა“.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაკავებულია სამი პირი. „ნივთმტკიცებად ამოღებულია, ნარკოტიკული საშუალება კოკაიანი, მარიხუანა, ასევე, ამოღებულია თანხა, ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტროსასწორი, სასიგნალო პისტოლეტი და 9 ვაზნა.“

ერთი პირი დააკავეს გურიაში.  „პირადი ჩხრეკის შედეგად ნარკოტიკული საშუალება “სუბოქსინი” და “ამფეტამინი” ნივთმტკიცებად ამოიღეს“.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260, 273-ე პრიმა და 19-273-ე პრიმა მუხლებით.

ცეცხლი მიუახლოვდა რკინიგზასაც – ხანძარი ოჩხამურში

ქობულეთში, სოფელ ოჩხამურში ბალახს და ხე-მცენარეებს ცეცხლი უკიდია. ცეცხლი მიუახლოვდა რკინიგზასაც.

ოჩხამურში ხე-,ცენარეები იწვის

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ჯგუფები, თუმცა თვითმხილველის თქმით, სახანძრო მანქანები ჯერ-ჯერობით, ვერ უახლოვდებიან ცეცხლმოკიდებულ ადგილებს.

ცეცხლი მიუახლოვდა რკინიგზას

ცეცხლი ახლოსაა დასახლებულ პუნქტანაც. თუმცა სახანძრო სამსახურში გვეუბნებიან, რომ გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.

ღარიბაშვილმა არ უპასუხა კითხვას, რატომ გაუშვა შვილი აშშ-ში, ლგბტ თემაზე კი ისევ სიძულვილით ისაუბრა

დღეს, 2 მარტს, ბათუმში მყოფმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა, კიდევ ერთხელ გააჟღერა რუსული ნარატივი ლგბტქ თემაზე და პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონის მიღების საჭიროებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, მორიგი რუსული კანონით „ქართული ოცნება“ მომავალი თაობის დაცვას აპირებს.

„ჩვენი ხალხის 90 პროცენტზე მეტი ასეა განწყობილი, რომ აუცილებელია ჩვენი შვილების, შვილიშვილების, ახალგაზრდა თაობის დაცვა აი, ამ მავნებელი ანტიეროვნული, ანტიადამიანური პროპაგანდისგან“, – ამბობს ღარიბაშვილი.

მისი თქმით, ლგბტქ პროპაგანდა საზოგადოებისთვის „მგრძნობიარე“ საკითხია. თუმცა „ბათუმელების“ კითხვას, თუ რა კვლევაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ხალხს ეს პრობლემა უფრო მეტად აწუხებს, ვიდრე სიღარიბე, უმუშევრობა და მასობრივი მიგრაცია ქვეყნიდან, ღარიბაშვილი არ პასუხობს.

ჩვენს კითხვაზე, თუ ვინ ეწევა პროპაგანდას, დაეკონკრეტებინა ქვეყნები ან კონკრეტული ჯგუფები, ღარიბაშვილმა ამერიკა და ევროპა დაასახელა.

„ამერიკაში, ევროპაში, ყველგან. ბაღებში, სკოლებში მიჰყავთ ტრანსგენდერები, აჩვენებენ ბავშვებს და ეუბნებიან, რომ ეს ნორმალურია“.

მაშინ მას ვკითხეთ, თუკი დასავლეთი, როგორც თვითონ ამბობს, „ანტიადამიანურ პროპაგანდას“ ეწევა, რატომ სწავლობს და ცხოვრობს მისი შვილი აშშ-ში და რატომ არ აქვს იმის შიში, რომ პროპაგანდის გავლენის ქვეშ მოექცევა?

ღარიბაშვილმა არც ამ კითხვას გასცა პასუხი და ლგბტქ თემაზე კვლავ გააგრძელა სიძულვილის ენით საუბარი.

რეალურად კი, საქართველოს მოქალაქეებს სულ სხვა პრობლემები აწუხებთ. მოსახლეობა ფიქრობს, რომ სექსუალური უმცირესობების თემით, „ქართული ოცნება“ სწორედ ამ პრობლემების გადაფარვას ცდილობს.

ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ბათუმში მამუკა მდინარაძეც იმყოფებოდა. დრამატულ თეატრში მათ „ქართული ოცნების“ აქტივთან გამართეს დახურული შეხვედრა.

შეხვედრაზე ძირითადად საჯარო მოხელეები, ბათუმის საკრებულოს და მერიის, ასევე აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხელმძღვანელები და საკრებულოს წევრები, მერიის თანამშრომლები, მინისტრები და სხვადასხვა უწყებაში დასაქმებული პირები ესწრებოდნენ.

ღარიბაშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ პარტიული შეხვედრები აჭარიდან დაიწყო.

„ოცნება“ აანონსებს „ლგბტ პროპაგანდის“ აკრძალვას, რამდენად აინტერესებს ეს ხალხს - გამოკითხვა ბათუმში

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა დროებით აიკრძალა

პირველი მარტიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა აკრძალულია.

ამიტომ, გარემოს დაცვისა და ზედამხედველობის დეპარტამენტი მონადირეებს მოუწოდებს მკაცრად დაიცვან დაწესებეული ვადები. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონის თანახმად, „რიგ შემთხვევაში, მოხდება მოპოვებული ობიექტებისა და სანადირო იარაღის კონფისკაცია და ასევე, შესაძლოა, პირს ჩამოერთვას სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლებაც.

ფრინველის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, საჯარიმო თანხას ემატება გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხაც.

თუ მოპოვებული ნანადირევით გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი განიხილება“-ამბობს გარემოს დაცვის და ზედამხედველობის დეპარტამენტი.

მათივე ინფორმაციით, სეზონის განმავლობაში, 685 სამართალდარღვევა გამოვლინდა.

აქედან, ყველაზე მეტი – 228 ფაქტი დაფიქსირდა იმერეთში, 117- სამეგრელო-ზემო სვანეთში.

მცხეთა-მთანეთში – 95, კახეთში – 74, შიდა ქართლში – 46, გურიაში – 45, ქვემო ქართლში – 23, აჭარაშიც – 23, სამცხე-ჯავახეთში – 17, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში კი – 7.

უკანონო ნადირობის 10 ფაქტი გამოვლინდა თბილისშიც.

სამართალდარღვევებიდან 4 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

ქობულეთში შტორმით დანგრეული სანაპიროს აღდგენაში 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

ქობულეთში შტორმის დროს დაზიანებული სანაპირო ზოლის აღდგენა-რეაბილიტაციაზე მერიამ ტენდერი 1 928 800 ლარით გამოაცხადა.

ტენდერს ახლავს პროექტი, რომლის მიხედვითაც უნდა შესრულდეს სამუშაოები. პროექტი ითვალისწინებს როგორც ახალი კონსტრუქციების, ასევე შტორმის შემდეგ დაზიანებული და დასაწყობებული მასალებისა [მაგალითად ფილების] და ინვენტარის მოწყობას.

პირობის მიხედვით სამუშაოები, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადების მომდევნო დღიდან, 120 დღეში უნდა დასრულდეს.

ტენდერში წინადადებების მიღება კი, 2024 წლის 17 მარტს დაიწყება და 22 მარტს დასრულდება.

პლაჟზე ჩასასვლელად ქობულეთის სანაპიროზე მოსაწყობი ლითონის კიბე / ფოტო პროექტიდან

„შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა შეადგენს 3  წელს. საგარანტიო ვადის ათვლა იწყება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში შეწყვეტის მომენტიდან.

მიმწოდებელი პასუხს აგებს საგარანტიო ვადის ფარგლებში ობიექტის შეუფერხებელ ფუნქციონირებაზე. თუ საგარანტიო ვადის განმავლობაში აღმოჩნდება ობიექტის ნორმალური ექსპლუატაციისათვის ხელის შემშლელი ნაკლი, მიმწოდებელი ვალდებულებას ღებულობს საკუთარი ხარჯით აღმოფხვრას ნაკლი შემსყიდველის მიერ მითითებულ ვადაში.“ – აღნიშნულია ტენდერში.

სატენდერო მოთხოვნაა, რომ შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში შესრულებული ჰქონდეს წელიწადში საშუალოდ 2 893 200 ლარის ოდენობის ანალოგიური ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები.

2023 წლის 27 ნოემბერს, ძლიერი შტორმის შედეგად ქობულეთში ზღვა სანაპიროზე გადმოვიდა, დააზიანა ინფრასტრუქტურა და დატბორა სახლები:

 

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე – 2 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 2 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 415 540 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +960]
  • ტანკი – 6 624 ერთეული [+14]
  • ჯავშანტექნიკა – 12 611 ერთეული [+29]
  • საარტილერიო სისტემა – 10 153 ერთეული [+47]
  • MLRS – 1 003 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 696 ერთეული [+5]
  • თვითმფრინავი – 346 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 7 829 ერთეული [+35]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 915 ერთეული [+3]
  • გემი/ნავი – 25 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 13 267 ერთეული [+61]
  • სპეცტექნიკა – 1 617 ერთეული [+6]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 2 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 575 თვითმფრინავი
  • 267 ვერტმფრენი
  • 13 969 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 476 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 15 323 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 227 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 8 259 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 19 257 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რატომ გადმოფინეს პეტიცია მშვიდობის ხიდზე რუსეთის გაეროდან გარიცხვის მოთხოვნით

პანეტა: “თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, მისი შემდეგი სამიზნე საქართველო იქნება”

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ტაქიკარდია და არითმია, რომლის ეპიზოდიც ძლიერი ჩასუნთქვით ჩერდება – ექიმის რჩევები

სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია (სვტ) ხშირად ვლინდება გულის უეცარი (პაროქსიზმული) აჩქარებით. ეს აჩქარება, როგორც წესი, გრძელდება რამდენიმე წამი, წუთი ან საათი და ის ჩერდება სპონტანურად, გარკვეული სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარებით ან მედიკამენტურად.

არსებობს სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიის მუდმივად (განუწყვეტლად) მიმდინარე ფორმებიც, თუმცა შედარებით იშვიათად. პაროქსიზმული ფორმის სუპრავენტრიკულურ ტაქიკარდიის სიმპტომებსა და მკურნალობის გზებზე „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ არითმოლოგი გიორგი ცხომელიძე საუბრობს:

MayoClinic: ჩვეულებრივ გული წუთში დაახლოებით 60-დან 100-ჯერ სცემს. წუთში 100-ზე მეტი დარტყმის სიხშირეს ტაქიკარდია ეწოდება. სუპრავენტრიკულური პაროქსიზმული ტაქიკარდიის ეპიზოდის დროს გული წუთში დაახლოებით 150-დან 220-ჯერ სცემს.

  • ბატონო გიორგი, როგორ განიმარტება სუპრავენტრიკულური პაროქსიზმული ტაქიკარდია?

   ამ სახის ტაქიკარდია (გულის აჩქარება), როგორც წესი, არ ასოცირდება სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობებთან. ხშირად მნიშვნელოვნად ამცირებს ადამიანების ცხოვრების ხარისხს. გულის აჩქარებას განაპირობებს გულში არსებული პათოლოგიური კერები, რომლებსაც შეუძლიათ გულის ელექტრულ სისტემაში იმპულსების სწრაფი გატარება გამოიწვიონ. 

MayoCLinic გართულებების შესახებ წერს, რომ დროთა განმავლობაში, სვტ-ს არანამკურნალევმა და ხშირმა ეპიზოდებმა შეიძლება დაასუსტოს გული და გამოიწვიოს გულის უკმარისობა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სხვა სამედიცინო მდგომარეობები. 

  სვტ შეიძლება შეგვხვდეს, როგორც ახალგაზრდა ასაკში, ისე შუა და ხანდაზმულ ასაკში. ასაკიდან ასაკამდე შეიძლება სვტ სხვადასხვა სახით და სიხშირით იყოს გავრცელებული. ყველაზე ხშირად იგი გვხვდება ემოციურ ადამიანებში, ძირითადად ემოციების ან ძლიერი სტრესის ფონზე ხდება მისი განვითარება.

 MayoClinic: სვტ ხდება მაშინ, როდესაც გაუმართავი ელექტრული კავშირები გულში იწვევს ადრეული დარტყმების სერიას გულის ზედა კამერებში (წინაგულებში). ამ დროს გულისცემა ძალიან სწრაფად ჩქარდება. გულს არ აქვს საკმარისი დრო, რომ სისხლით გაივსოს კამერები შეკუმშვამდე. შედეგად, შეიძლება იგრძნოთ თავბრუსხვევა, რადგან თქვენი ტვინი არ იღებს საკმარის სისხლს და ჟანგბადს.

  • რა სიმპტომები და რა ნიშნები ახასიათებს სუპრავენტრიკულურ პაროქსიზმულ ტაქიკარდიას?

არსებობს არითმიები და, მათ შორის, სვტ, რომელიც სიცოცხლისთვის უმეტესად სახიფათო არ არის. თუმცა იძლევა მნიშვნელოვან დისკომფორტს, რაც ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად ცვლის, ასეთ პაციენტებს, რიგ შემთხვევებში, ეშინიათ ტრანსპორტირების, გადაადგილების, ნებისმიერ მომენტში ელოდებიან, რომ ტაქიკარდია დაემართებათ, ფსიქოლოგიურად დამოკიდებული არიან არითმიაზე. 

 ეს არითმია, როგორც წესი, უეცრად იწყება, ზოგჯერ მოწმენდილ ცაზე ისე, რომ პაციენტი საერთოდ არ ელოდება; ხშირად მისი დაწყება ასოცირდება სტრესულ ვითარებებთან.

ამ დროს პაციენტი ხშირად გრძნობს გულის აჩქარებას, გულის ფრიალს, გულის ძლიერ შეკუმშვებს; შედარებით იშვიათად შეიძლება განვითარდეს არტერიული წნევის დაქვეითება, გულმკერდში ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, გულისწასვლის შეგრძნება ან გონების კარგვა. ეს უკანასკნელი კი შეიძლება მიზეზი გახდეს სხეულის მნიშვნელოვანი ტრავმული დაზიანების დაცემის შედეგად. 

  •  რა შემთხვევაში ხდება საჭირო მკურნალობა და მკურნალობის რა მეთოდები არსებობს?

მკურნალობა თავიდან მედიკამენტურია, თუ მედიკამენტები ეფექტურია, ვცდილობთ პაციენტები მუდმივ რეჟიმში გვყავდეს მედიკამენტურ მკურნალობაზე. ეს, ხშირად, სირთულეებთან ასოცირდება, რადგან გარკვეულ ასაკში, გარკვეულ პერიოდში შესაძლოა მედიკამენტების მიმართ იყოს აუტანლობა, იყოს გარკვეული უკუჩვენება, როცა კი ვფერხდებით (ეფექტური) მედიკამენტების მიცემაში.

თუ მედიკამენტები არაეფექტურია და პაციენტს მაინც ემართება აღნიშნული სახის ტაქიკარდიები, რეკომენდებულია პროცედურის – კათეტერული აბლაციის წარმოება, რომელიც სვტ-ების შემთხვევაში მაღალი წარმადობით ხასიათდება. მისი ეფექტიანობა დაახლოებით 98 პროცენტია. ამ პროცედურის შემდეგ ტაქიკარდიის დაბრუნების (რეციდივის) შანსი 2%-ია. 

  • რა პროცედურაა კათეტერული აბლაცია, რა ხდება ამ დროს?

კათეტერული აბლაცია საქართველოში რამდენიმე წელია დანერგილია. თუმცა, ძირითადად თბილისის მასშტაბით კეთდებოდა. ჩვენ ახლახან დავიმატეთ აბლაციის მიმართულება ჩვენს არითმოლოგიის სამსახურში. ეს პროცედურა კეთდება ზოგადი გაუტკივარების, ანუ ნარკოზის გარეშე. პაციენტი კლინიკაში ყოვნდება მხოლოდ ერთი დღე. პირველ დღეს კეთდება პროცედურა, შემდეგ დაკვირვება მიმდინარეობს.

პროცედურის დროს ადგილობრივად ვაყუჩებთ საზარდულის მიდამოს, საიდანაც სპეციალური ელექტროდები (კათეტერები) დიდი ვენების გავლით შეგვყავს გულში; ვეცდებით ხელოვნურად გამოვიწვიოთ აღნიშნული არითმია, რომ მივხვდეთ საიდან მოდის, რა არის წყარო ამ არითმიის და შემდეგ მცირე თერმული დაზიანებით მოვახდინოთ ამ არითმიის კერების მოშორება გულიდან, ისევ ამ კათეტერების დახმარებით. 

პროცედურის შემდეგ კათეტერები გამოგვაქვს, ორგანიზმში არაფერი რჩება. მხოლოდ 3-მდე მცირე ზომის ნაჩხვლეტი საზარდულის არეში. 

რეკომენდაციები: არსებობს გარკვეული მანევრები, რომლის საშუალებითაც შეიძლება არითმიის ეპიზოდი პაციენტმა ბინის პირობებში მოიხნას: ეს არის ღრმად ჩასუნთქვები და ძლიერი გაჭინთვები.  

როცა პაციენტი გვეუბნება, რომ ღრმად ჩასუნთქვისას არითმია გაჩერდა, ეს ასევე გვეხმარება ექიმებს დიაგნოსტირების პროცესში მივხვდეთ, თუ რა სახის არითმია ჰქონოდა პაციენტს ბინაზე, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეს შეტევა ელექტროკარდიოგრამაზე არ იყოს დაფიქსირებული.

დიაგნოსტირებისას ასევე მნიშვნელოვანია უშუალოდ შეტევის დროს გადაღებული ელექტრო კარდიოგრამა. ეს ხშირად იმიტომ არის დეფიციტურია, რომ დღეს საქართველოში გვაქვს ასეთი პრობლემა – სასწრაფო დახმარების ჯგუფები არ აძლევენ პაციენტებს გადაღებულ ელექტროკარდიოგრამებს. ამიტომ პაციენტებს შეუძლია ამ კარდიოგრამის დოკუმენტირება: გააკეთონ ფოტოთი, ან ქსეროასლი.

ეს კარდიოგრამა შემდგომში ძალიან გვეხმარება ექიმებს იმის გაგებაში, თუ რა სახის ტაქიკარდიასთან გვაქვს უშუალოდ შეხება.

რეკომენდაციები: პაციენტებს ვურჩევდი, რომ ფსიქოლოგიურად ნუ აჰყვებიან მსგავსი ტიპის არითმიებს, ემოციებში ნუ ჩავარდებიან, რადგან ემოცია ამ ტაქიკარდიას ასტიმულირებს, ტაქიკარდია კი ემოციებზე მოქმედებს, ჯაჭვური რეაქციასავითაა.

 ვისაც მსგავსი ტიპის არითმიები აწუხებთ და აპირებენ ორსულობას, ვურჩევდი წინასწარ გაიარონ არითმოლოგთან კონსულტაცია, რადგან ორსულობის პერიოდში ხშირად ხდება ამ ტაქიკარდიის სიხშირის მატება. 

კომპანიამ ქობულეთის კულტურის ცენტის რეაბილიტაცია ვერ დაასრულა – მერია კონცერტს ღია ცის ქვეშ მართავს

ხვალ, 2 მარტს, ქობულეთში ჯგუფ „რეროს“ სოლო კონცერტი უნდა გაიმართოს. კონცერტის ორგანიზატორი ქობულეთის მერიაა. არსებული ინფორმაციით, კონცერტი ქობულეთის კულტურის ცენტრში უნდა გამართულიყო, თუმცა მერია იძულებული გახდა კონცერტის ადგილი შეეცვალა.

მერიის ინფორმაციით, კონცერტისთვის სცენა ღია ცის ქვეშ მოაწყვეს, რადგან ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ კულტურის ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები ვერ დაასრულა.

ქობულეთის კულტურის ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი ქობულეთის მერიამ 2023 წლის 30 იანვარს გამოაცხადა. შესყიდვის საწყის ღირებულებად 904 000 ლარი მიუთითეს. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, შპს „ნიკამ“, სამუშაოს შესრულება მერიას 840 720 ლარად შესთავაზა და უკონკურენტოდ მოიგო. სხვა კომპანიას ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობა არ მიუღია.

ხელშეკრულება 2023 წლის 29 მარტს გაფორმდა და მიმწოდებელს სამუშაოები მომდევნო 180 დღის განმავლობაში უნდა დაესრულებინა.

2023 წლის 31 ივლისს, ქობულეთის მერს, ლევან ზოიძეს, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა აცნობა კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულების, ხოლო ხელშეკრულების შესრულების ინსპექტირების ჯგუფმა ვადის გადაცილების შესახებ. მერს ასევე შეატყობინეს, რომ კომპანიას ხელშეკრულებაში გაწერილი პირობების შესაბამისად პირგასამტეხლოს გადასახდელი თანხიდან დაუქვეთდდნენ.

ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელი, ვახტანგ კაკალაძე მერს წერდა, რომ პირველი ეტაპის სამუშაოები 27 მაისის ჩათვლით უნდა დასრულებულიყო. შემდეგ ლევან ზოიძეს მეორე ეტაპის სამუშაოების დაგვიანებაზეც მისწერეს.

დოკუმენტების მიხედვით, ამ პერიოდის განმავლობაში ხელშეკრულებაში რამდენიმე ტექნიკური ხასიათის ცვლილება შევიდა პროექტის ავტორთან შეთანხმებით. სწორედ ამ ცვლილების გათვალისწინებით კომპანიას აღებული ვალდებულების შესრულების ვადა გაუზარდეს და  სამუშაოების დასრულების საბოლოო ვადად 2023 წლის 24 ნოემბერი განუსაზღვრეს.

#4- ცვლილებაში ვკითხულობთ, რომ ხელშეკრულება მოქმედია 2024 წლის პირველი მარტის ჩათვლით. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციით, კომპანიას უკვე ჩაურიცხეს 587 259 ლარი.

ქობულეთის მერის მოადგილე დავით ვერულიძე 29 თებერვალს მედიასთან ინტერვიუში ამბობს, რომ სამუშაოები უახლოეს მომავალში უნდა დასრულდეს, თუმცა კონკრეტულ ვადას ვერ ასახელებს.

კულტურის ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოების შეფერხების შესახებ „ბათუმელებს“ გასული წლის ოქტომბერში მოგვწერეს. 12 ოქტომბერს ინფორმაცია ოფიციალურად გამოვითხოვეთ. საჯარო ინფორმაცია ვერ მივიღეთ. კანონის დარღვევის შესახებ ქობულეთის მერს, 2024 წლის 9 თებერვალს ოფიციალურად ვაცნობეთ. ქობულეთის მერმა 14 სამუშაო დღის შემდეგ წერილობით გვაცნობა, რომ „კულტურის სახლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ყველა დოკუმენტაცია არის საჯარო და განთავსებულია spa.ge-ზე.“

ამ პასუხის მოსამზადებლად ქობულეთის მერიამ 14 სამუშაო დღე გამოიყენა

 

შპს „ნიკა“ 2014 წელს დაფუძნებული კომპანიაა და მის ასივე პროცენტს კომპანიის დირექტორი, მამუკა ჯიმშერაძე ფლობს.

ამ კომპანიამ აჭარის განათლების სამინისტროს ორი მნიშვნელოვანი პროექტი ჩააგდო. შეუსრულებელი ვალდებულებისა და ორი შეწყვეტილი ტენდერის შემდეგ შპს „ნიკამ“ 2023 წელს სახელმწიფო სტრუქტურებთან კიდევ  რამდენიმე მაღალბიუჯეტიანი კონტრაქტი გააფორმა.

მილიონები იხარჯება, შშმ პირები კი უსაფრთხოდ მაინც ვერ გადაადგილებიან – მოსწავლეების პეტიცია

მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში ადაპტირებული გარემოს შექმნის მიზნით ბიუჯეტიდან მილიონები იხარჯება, ეს რეალურ უსაფრთხო გარემოს შშმ პირებისთვის არ ქმნის. ერთი მხრივ, ეს გარემო ვერ აკმაყოფილებს ხარისხს იმ დონეზე, რომ რაც არის იმის გამოყენება მაინც იყოს შესაძლებელი უსაფრთხოდ, მეორე მხრივ კი, სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს შესაბამის კონტროლს იმისთვის, რომ შესაბამისი საჭიროების მქონე პირს მისთვის განკუთვნილი გზა, ავტომანქანის გასაჩერებელი ადგილი, მოსაცდელი და ასე შემდეგ ჩახერგილი არ დახვდეს.

ბათუმი, გორგილაძის ქუჩა. ფოტო გადაღებულია 29 თებერვალს. ბათუმის მერიასთან ახლოს.
ბათუმი, გორგილაძის ქუჩა. ფოტო გადაღებულია 29 თებერვალს. ბათუმის მერიის წინ.

 

ბათუმი, გორგილაძის ქუჩა. ფოტო გადაღებულია 29 თებერვალს. იგივე ავტომანქანა მერიის  შენობის მხრიდან – აქ კარგად ჩანს, როგორ კეტავს ავტომანქანა ზებრა გადასასვლელს.

ამ თემით დაინტერესებას მოქალაქეები უკვე აჭარის უმაღლეს საბჭოსაც სთხოვენ. შესაბამისი პეტიცია უმაღლეს საბჭოში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა „თემიდამ“ დაარეგისტრირა.

„ჩვენი ქვეყანა ცდილობს შექმნას ინკლუზიური გარემო, იზრუნოს მოქალაქეთა კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში დიდ გამოწვევად რჩება შშმ პირების უსაფრთხო გადაადგილება და ადაპტირებული გარემო.

ქვეყანაში ადაპტირებული გარემოს ნაკლებად ხელმისაწვდომობა პირდაპირ არის დაკავშირებული შშმ პირების უფლების განხორციელების შეზღუდვასთან.

უსინათლო ან/და მცირედ მხედველ ადამიანებს თანმხლები პირების გარეშე უჭირთ ქუჩაში უსაფრთხოდ გადაადგილება. მათ მცირე ნაწილს უსინათლოთა ხელჯოხები გადაეცათ. თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენს ქვეყანაში ტაქტილური ფილები ისე არ არის დამონტაჟებული, რაც ხელს შეუწყობდა მათ უსაფრთხო გადაადგილებას. ბევრ უბანსა და ქუჩაზე ეს ფილები დაზიანებულია ან/და საერთოდ არ არის“, – ვკითხულობთ პეტიციაში.

მოსწავლეები უმაღლეს საბჭოს სთავაზობენ გზებს, რაც, მათი აზრით, პრობლემას გადაჭრის.

  • ყურადღება უნდა გამახვილდეს ორიენტაციასა და ბილიკებზე. ტაქტილური ფილები განლაგდეს თანმიმდევრულად ბილიკებზე, რითაც უსინათლოები ან/და მცირედ მხედველები იხელმძღვანელებენ.
  • სასურველია გამოიკვეთოს საკვანძო ადგილები: საცალფეხო გადასასვლელები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმოსვლის გზის მონაკვეთები, კომერციული უბნები, სამთავრობო შენობები და რეკრეაციული სივრცეები; შეიქმნას თანმიმდევრული შაბლონები, ტაქტილური ფილების თანმიმდევრული და ადვილად გასარჩევი ნიმუშები, რათა იოლად შეძლოს ნავიგაცია უსინათლო ან/და მცირედ მხედველმა ადამიანმა.
  • მონიტორინგი უნდა განხორციელდეს რეგულარულად, დაზიანებული ფილები ჩანაცვლდეს ახლით (სასურველია დაზიანებული ფილები შეინახოს, აუცილებლობის შემთხვევაში, დროებითი გამოყენების მიზნით), რათა უზრუნველყოფილი იყოს უსინათლო ან/და მცირედ მხედველი მოქალაქეების გზაზე უსაფრთხოდ გადაადგილების პროცესი.
ბათუმი, გორგასლის ქუჩა. ფოტო გადაღებულია 29 თებერვალს.

პეტიციის ავტორებმა საინფორმაციო კამპანიის საჭიროებაზეც გაამახვილეს ყურადღება. ისინი ითხოვენ საზოგადოების ინფორმირებულობისთვის პერიოდულად მოეწყოს საინფორმაციო კამპანია:  „შეიტანე წვლილი თანამოქალაქის უსაფრთხო გადაადგილებაში“, რათა მოქალაქეებმა გააცნობიერონ ტაქტილური ფილების მნიშვნელობა უსინათლო ან/და მცირედ მხედველი ადამიანების უსაფრთხოდ გადაადგილების პროცესში.“

პარკირება საჯარო სკოლასთან

პეტიცია უმაღლეს საბჭოში ინგა მოსიძემ 2024 წლის 9 თებერვალს დაარეგისტრირა. პეტიციაზე უკვე დაფიქსირებულია 202 ხელმოწერა.

უსინათლო ან მცირედმხედველი ადამიანების უსაფრთხო და ინკლუზიური გარემოს შექმნის თაობაზე პეტიცია უმაღლესი საბჭოს იურიდიულმა სამსახურმა იურიდიულად გამართულად მიიჩნია. პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება გრძელდება.

2024 წლის ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

2024 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 4 მარტს დაიწყება.

გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო ცენტრები კვლავ გაიხსნება: თბილისში, რუსთავში, თელავში, გორში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ოზურგეთში, ბათუმში, ახალციხეში, ხულოსა და ამბროლაურში.

რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად იქნება შესაძლებელი.

ძირითად ეტაპზე – 4 აპრილის 18:00 საათამდე გამოსაცდელმა უნდა შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ გამოსაცდელი გამოცდებზე ვეღარ დარეგისტრირდება.

საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა გამოსაცდელებს 15 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ.

საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი  მათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.

შეფასებისა და გამოცდების ცენტრის განმარტებით, აბიტურიენტებს კვლავ შეეძლებათ სასურველი რაოდენობის იმ საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა, რომლებზეც მათ მიერ არჩეული საგნები ბარდება.

საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, რეგისტრაციაც 4 მარტს დაიწყება.

ცენტრის განცხადებით, იმ პირებისთვის, რომლებიც წელს მასწავლებლის გამოცდაზე გასვლას გეგმავენ, რეგისტრაციის თარიღები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში შაბათ-კვირას

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 1-ელი მარტის 21 საათიდან 2 მარტის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
  • ღამით: 1 – 6 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 გრადუსი ყინვა – 3 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 1-2 ბალი, ზღვის წყლის ტემპერატურა +10 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 3 და 4 მარტს ზოგან მოსალოდნელია მცირე წვიმა.

3-წლიანი ბაკალავრიატი ამ ეტაპზე მხოლოდ ერთ მიმართულებას შეეხება – მინისტრი

განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვრის თქმით, სამომავლოდ საბაკალავრო პროგრამები სამწლიანი გახდება, მაგისტრატურა კი – ერთწლიანი.

თუმცა ამ ეტაპზე ეს ცვლილება ყველა პროგრამას არ შეეხება და მხოლოდ ერთ – ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულებაზე გავრცელდება.

„ამ ეტაპისთვის დადგენილია ბიზნესის და მენეჯმენტის მიმართულებისთვის. თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ სხვა მიმართულებითაც გავხსნათ.

ასევე წინსწრებით ვიტყვით, რომ ამ სამოცკრედიტიან, ანუ ერთწლიან სამაგისტრო პროგრამას ექნება ერთი მნიშვნელოვანი სიახლე – შესაძლებელი იქნება ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაბარება, მაგრამ თუ აბიტურიენტს სურვილი აქვს, რომ სახელმწიფო გრანტი მოიპოვოს, მხოლოდ ამ შემთხვევაში მოუწევს ეროვნულ გამოცდებზე გასვლა. თუმცა ამ პროგრამას გარკვეული შეზღუდვები ექნება და თუ სადოქტოროზე სურს ადამიანს სწავლის გაგრძელება, ამ შემთხვევაში სამაგისტრო იქნება ორწლიანი, ამ ეტაპზე“, – ამბობს გიორგი ამილახვარი.

მისი თქმით, სამწლიანი საბაკალავრო პროგრამა, საერთაშორისო პრაქტიკა და ამის არდანერგვა აცდენა იქნება ქართული უმაღლესი განათლების საერთაშორისო სტანდარტებთან.

„თუმცა ეს თავად უნივერსიტეტის გადასაწყვეტი იქნება. მათ შეუძლიათ ორივე პროგრამა  განახორციელონ, როგორც მოისურვებენ. არ იზღუდება – არც 4-წლიანი, თუმცა შესაძლებლობას ვხსნით“, – ამბობს ამილახვარი.

მისი თქმით, ორივე პროგრამა – როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო იქნება ინგლისურენოვანიც, რაც საერთაშორისო სტუდენტებსაც მისცემს აქ სწავლის შესაძლებლობას.

„დღეს გარკვეული კომპონენტები საქართველოში შეზღუდულია და ამ ბაზარსაც ვხსნით, რადგან არ ვიყოთ მხოლოდ ერთ ან ორ ქვეყანაზე დამოკიდებული და საერთაშორისო სტუდენტებს სამედიცინოს გარდა სხვა სპეციალობებზეც შეეძლოთ განათლების მიღება საქართველოში“, – ამბობს ამილახვარი.

ამილახვრის თქმით, მომდევნო კვირიდან პარლამენტს ასევე წარუდგენენ კანონპროექტს, რომელიც სტუდენტებს დისტანციური განათლების შესაძლებლობას მისცემს.

ნერგეეთში მეწყერს გადარჩენილი ოჯახებისთვის მოქალაქეები ფულს აგროვებენ

7 თებერვალს სოფელ ნერგეეთში მეწყრის შედეგად 13 ოჯახი დარჩა უსახლკაროდ. ოჯახები გეოლოგიურ დასკვნებს ელოდებიან და ამჯერად მუნიციპალიტეტის მიერ დაქირავებულ სახლებში ცხოვრობენ.

ნერგეეთის მცხოვრებლები სახლების მდგომარეობის შეფასებას ელოდებიან გეოლოგებისგან, რის შემდეგაც უნდა გადაწყდეს კომპენსაციის ოდენობა, თუმცა რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესი, უცნობია.

ბაღდათში მცხოვრებლებმა მეწყრით დაზარალებულ ოჯახებთან შეთანხმებით სოლიდარობის კამპანია დაიწყეს.

კამპანიის ინიციატორი და აქტივისტი, ლილი ფულარიანი გვეუბნება, რომ დაზარალებულებს ძირითადად სჭირდებათ პირადი და ყოველდღიური სარგებლობის ნივთები:

„ვისი სახლიც გადარჩა, მათ ნაწილს იქაურობის დატოვება იმავე დღეს მოუწია და უკან ნივთების გამოსატანადაც ვერ ბრუნდებიან. ვკითხეთ დაზარალებულებს, რა სჭირდებათ ახლა და რადგან ძალიან ბევრი, წვრილმანი ნივთია საჭირო, თანხის შეგროვება გადავწყვიტეთ.

ვისაც სურვილი აქვს, ჩვენთან ერთად შეუძლია დაუდგეს ამ ოჯახებს გვერდით, შეუძლიათ თუნდაც 1 ლარი ჩარიცხონ.

გამოქვეყნდება ჩარიცხული თანხის ოდენობა, ჩამრიცხველების რაოდენობას და სახელ-გვარებს გამოვაქვეყნებთ. ძირითადად ორგანიზაციის მხრიდან გაფორმდება ოჯახებთან მიღება-ჩაბარების ფორმა“, – ამბობს ლილი ფულარიანი.

ლილი ბაღდათში მცხოვრები აქტივისტი და სოფელ დიმის საინიციატივო ჯგუფის ,,დიმელი ქალების“ ერთ-ერთი დამფუძნებელია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს 2023 წლის ანგარიშში, რომელიც საქართველოში სტიქიური გეოლოგიური პროცესების შედეგებსა და 2023 წლის პროგნოზებს აღწერს, ნათქვამია, რომ მეწყრული პროცესების გააქტიურება მოსალოდნელია იმერეთის რეგიონის შვიდ სოფელში: ობჩა, დიმი, წითელხევი, ფერსათი, ნერგეეთი, შუბანი და ზეგანი

ლილი გვეუბნება, რომ მისი სოფელიც, დიმი, ამ ჩამონათვალშია და მეწყერსაშიშ ადგილებში მისი სახლისგან მოშორებით, ხალხი ცხოვრობს:

„რაიმე კომუნიკაცია მუნიციპალიტეტის მხრიდან იმის შესახებ, თუ სად რა არის მოსალოდნელი, როგორ შეგვიძლია მეწყერსაშიში ადგილების იდენტიფიცირება და პირველადი რეაგირება, არ ყოფილა. პირადად მე ამის მოლოდინი არც მქონია. დოკუმენტებით და ონლაინ მასალებით ვცდილობ ინფორმაციის მოგროვებას. ალბათ თავად მოვიძიებ ვინმეს, ვინც ბუნებრივი კატასტროფების საფრთხის დროს რეაგირებას მასწავლის, მეც და ჩემ გარშემომყოფებსაც.

ჩემს სოფელზე უფრო რთული მდგომარეობაა წითელხევსა და სხვა სოფლებში. იქაც, როგორც ვიცი, ხალხი ისევ დაბზარული სახლების შეფასებას ელოდება. სოფელ ობჩაში შიდა საუბნო გზებიც პრობლემურია, ფერსათი-შუბანის გზაც დამეწყრილია“, – ამბობს ლილი ფულარიანი.

7 თებერვალს სოფელ ნერგეეთში ჩამოწოლილ მეწყერს 9 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სრულად განადგურდა 4 საცხოვრებელი სახლი. სოფლის დამეწყვრის შემდეგ ნერგეეთიდან 7 ოჯახი გაასახლეს მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 1 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის პირველ მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 414 680 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +920]
  • ტანკი – 6 610 ერთეული [+17]
  • ჯავშანტექნიკა – 12 582 ერთეული [+30]
  • საარტილერიო სისტემა – 10 106 ერთეული [+36]
  • MLRS – 1 000 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 691 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 345 ერთეული [+3]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 7 794 ერთეული [+26]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 912 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 25 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 13 206 ერთეული [+54]
  • სპეცტექნიკა – 1 611 ერთეული [+10]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის პირველ მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 575 თვითმფრინავი
  • 267 ვერტმფრენი
  • 13 862 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 475 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 15 304 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 227 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 8 242 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 19 236 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინა ერთ დღეში უკვე მესამე „სუ-34“-ის ჩამოგდებაზე აცხადებს

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რა წარმონაქმნია საშვილოსნოს მიომა (ფიბრომა) – ექიმის რჩევები

საშვილოსნოს მიომა/ფიბრომა არის არასიმსივნური, კეთილთვისებიანი წარმონაქმნი. მცირე მიომების/ფიბრომების უმეტესობა არ იწვევს ჩივილებს, თუმცა არის შემთხვევები, როცა სიმპტომები გამოხატულია ძლიერი მენსტრუალური სისხლდენით, ხშირი შარდვითა და ტკივილებით. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის” მეან-გინეკოლოგი ნათია მელუა დაავადების ნიშნებსა და მისი მკურნალობის გზებზე საუბრობს.

  • რა წარმონაქმნია საშვილოსნოს მიომა/ფიბრომიომა?

საშვილოსნოს მიომა, იგივე ფიბრომა წარმოადგენს საშვილოსნოს კეთილთვისებიან წარმონაქმნს, რომელიც კუნთოვანი ქსოვილისგან წარმოიშობა. საშვილოსნო კუნთოვანი ორგანოა. სხვადასხვა ფაქტორთა ზემოქმედებით კუნთოვანი უჯრედები არასწორად იწყებენ გამრავლებას, რა დროსაც ყალიბდება მიომური კვანძები ან დიფუზიური მიომატოზი.

Clevland Clinic: საშვილოსნოს ფიბრომა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კეთილთვისებიანი წარმონაქმნია. საშვილოსნოს მქონე ადამიანების დაახლოებით 40%-დან 80%-ს აქვს ფიბრომა. იგი ყველაზე ხშირად გვხვდება 30-დან 50 წლამდე ასაკის ადამიანებში.

  • კონკრეტულად, სად ლოკალიზდება საშვილოსნოს მიომა?

ლოკალიზების მიხედვით არსებობს საშვილოსნოს მიომების სხვადასხვა ტიპები, ესენია: 

ინტრამურალური კვანძები – იზრდება საშვილოსნოს კედელში, კუნთოვანი ქსოვილის სიღრმეში [ეს ყველაზე გავრცელებული ტიპია];

 სუბმუკოზური კვანძები, იზრდებიან საშვილოსნოს შიდა (ლორწოვანი) გარსის ქვეშ, საშვილოსნოს ღრუსკენ; 

სუბსეროზული კვანძები, გამოდის საშვილოსნოს გარეთ. შეიძლება გახდეს საკმაოდ დიდი;

ცერვიკალურია მიომა, როდესაც კვანძები მდებარეობს საშვილოსნოს ყელში.

  • ზომით რამხელა შეიძლება იყოს მიომა?

მიომური კვანძები, როგორც წესი, ვითარდება რამდენიმე ერთად. კვანძები ზომით და წონით განსხვავდება ერთმანეთისგან. ზოგიერთი კვანძის წონამ შესაძლოა რამდენიმე კილოსაც კი მიაღწიოს.

Clevlend clinic: არ არსებობს მიომის ზუსტი ზომა, რომელიც ავტომატურად ნიშნავს, რომ ის მოსაშორებელია. ექიმი თქვენი სიმპტომების მიხედვით განსაზღვრავს, არის თუ არა საჭირო ოპერაციული ჩარევა. მაგალითად, დაახლოებით 13 მილიმეტრის დიამეტრის მიომასაც კი შეუძლია ჭარბი სისხლდენის გამოწვევა მისი ადგილმდებარეობის მიხედვით. 

როცა კვანძებში კუნთოვანი ქსოვილი ჭარბობს და ის რბილია, მას ლეიომიომას უწოდებენ, როცა კვანძებში შემაერთებელი ქსოვილია მეტი, წარმონაქმნი შედარებით მკვრივია და მას ფიბრომიომას უწოდებენ.

  • რა სიმპტომატიკა ახასიათებს, როგორ ამოვიცნოთ?

ხშირად მიომას არანაირი სიმპტომი არ აქვს, თუმცა იმის მიხედვით, თუ სად მდებარეობს, რა ზომისაა, რა რაოდენობისაა მიომები, შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სახის სიმპტომატიკა:

  • ჭარბი ან/და გახანგრძლივებული მენსტრუაცია;
  • ტკივილი და დისკომფორტი მენჯის ღრუში;
  • ხშირი შარდვა, როცა დიდი მიომური კვანძი შარდის ბუშტს აწვება;
  • შარდის ბუშტის დაცლის სირთულე;
  • მუცლის გარშემოწერილობის ზრდა (ორსულობის მსგავსად);
  • ყაბზობა და გაძნელებული დეფეკაცია ხდება მაშინ, როცა მიომური კვანძები ნაწლავს აწვება;
  • თვითნებური აბორტი [მუცლის მოშლა];
  • მტკივნეული სქესობრივი აქტი

Clevlend clinic წერს, რომ მიომის სხვა სიმპტომები ასევე შეიძლება მოიცავდეს: სისხლდენას მენსტრუაციათა შორის; მუცლის ქვედა ნაწილში სისავსის შეგრძნებას/შებერილობას; წელის ტკივილსა და ხანგრძლივ (ქრონიკული) ვაგინალურ გამონადენს.

  • რატომ ჩნდება მიომა?

საშვილოსნოს მიომის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა კვლევები მოწმობს, რომ ჰორმონები ესტროგენი და პროგესტერონი, გარკვეულ როლს ასრულებენ ამ პროცესში.

ფიბროიდები შეიცავს უფრო მეტ ესტროგენულ და პროგესტერონის რეცეპტორებს, ვიდრე საშვილოსნოს ნორმალური კუნთების უჯრედები. გარდა ამისა, მიომის კვანძების უმეტესობა ვითარდება რეპროდუქციული ასაკის ადამიანებში. მათი წარმოქმნის რისკი კი მენოპაუზის შემდეგ,  ჰორმონის გამომუშავების შემცირების გამო იკლებს.

Clevlend clinic:  კვლევებმა აჩვენა, რომ მიომური კვანძები მიდრეკილია ზრდისკენ, როდესაც ჰორმონების დონე უფრო მაღალია (მაგალითად ორსულობის დროს) და მცირდება, როდესაც ჰორმონის დონე დაბალია (მაგალითად მენოპაუზის დროს).

გარდა ამისა, არსებობს რისკ-ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მიომური კვანძების განვითარების შანსებზე. ეს შეიძლება შეიცავდეს: გენეტიკური წინასწარგანწყობა (მაგალითად თუ დედას ან ბებიას ჰქონდა მიომა, მისი განვითარების რისკი უფრო მაღალია); მენსტრუაციის ადრეული დაწყება (ნაადრევი მენარქე); სიმსუქნე და სხეულის მასის უფრო მაღალი ინდექსი (BMI); არაჯანსაღი კვება – კერძოდ რაციონი ხორცით და ნაკლებად მწვანე ბოსტნეულით, ხილით; ასევე სხვადასხვა დაავადება, მათ შორის დიაბეტი და ჰიპერთირეოზი.

  • რა გართულებები შეიძლება მოყვას?

საშვილოსნოს ფიბროიდების უმეტესობა არ იწვევს სერიოზულ გართულებებს და ხშირად ჩივილების გარეშეც მიმდინარეობს. თუმცა ზოგიერთმა მიომამ შესაძლოა გარკვეული გართულებები გამოიწვიოს. მაგალითად, სუბმიკოზურმა (ლორწოვანქვეშა) კვანძებმა, შესაძლოა გამოიწვიოს ძლიერი სისხლდენა და გახანგრძლივებული მენსტრუაცია; სისხლის კარგვის შედეგად კი შესაძლოა განვითარდეს ანემია. 

მიომების სხვა გავრცელებული გართულებებია: ძლიერი ტკივილი; მუცლის ან მენჯის არეში შეშუპება; და იშვიათ შემთხვევებში უნაყოფობა.

  • როგორია მკურნალობა?

საშვილოსნოს მიომის მკურნალობა შეიძლება განსხვავდებოდეს კვანძების ზომის, რაოდენობისა და ადგილმდებარეობის მიხედვით, ასევე იმის მიხედვით, თუ რა სიმპტომებს იწვევენ ისინი. სიმპტომების გარეშე მიმდინარე მიომას მკურნალობა არ სჭირდება. 

მსუბუქი მიმდინარეობისას ეფექტურია მედიკამენტური თერაპია. ამ დროს ხშირად გამოიყენება გონადოტროპინ-რილიზინგ-ჰორმონი. იგი არეგულირებს სისხლში ესტროგენისა და პროგესტერონის დონეს.

გარდა ამისა, შესაძლოა მკურნალობა მოიცავდეს დინამიკურ დაკვირვებას, რომელიც გულისხმობს მიომის კვანძების ულტრაბგერით კონტროლს, ექვსი თვის ინტერვალით.

ქირურგიულ მკურნალობას მიმართავენ მაშინ, როცა პაციენტს მიომის გამო აღენიშნება სისხლდენა, აქვს ზომიერი ან ძლიერი ტკივილის ან საშარდე გზების და ნაწლავების პრობლემები.

ქირურგიული მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს კვანძების ამოღებას; მიომური კვანძის მკვებავი სისხლძარღვის დაზიანებას; მიომური კვანძის დაშლას ლაზერით, მოყინვით და საშვილოსნოს ამოკვეთას [ეს პროცედურა შეიძლება რეკომენდებული იყოს მაშინ, როცა პაციენტს აქვს ძალიან ძლიერი სისხლდენა ან დიდი ზომის მიომები].

Clevland Clinic: საშვილოსნოში მიომების/ფიბრომების მიუხედავად, დაორსულება შესაძლებელია. ექიმი შეიმუშავებს მათი მონიტორინგის გეგმას. ორსულობის დროს, თქვენი სხეული ათავისუფლებს ჰორმონების მაღალ დონეს, ეს ჰორმონები ხელს უწყობენ ორსულობას. თუმცა, მათ ასევე შეუძლიათ მიომური კვანძების გაზრდა. დიდმა მიომამ შეიძლება გამოიწვიოს: საკეისრო კვეთის საჭიროება; პლაცენტის ნაადრევი აცლა; ნაადრევი მშობიარობა.

რატომ ვერ იღებს ინტერნეტმედია სასამართლო სხდომას? – დავა საკონსტიტუციოში

შეიძლება თუ არა საერთო სასამართლოებში პროცესს ინტერნეტმედია იღებდეს? – ამ საკითხზე მომზადებული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს, 29 თებერვალს განიხილა. „საინფორმაციო ცენტრების ქსელის“ სარჩელში დავის საგანი ის სამართლებრივი ნორმაა, რომელიც ინტერნეტმედიას უზღუდავს საერთო სასამართლოებში სხდომის ვიდეო გადაღებას, ან სასამართლო პროცესის Live-ში ჩართვას.

სასამართლო პროცესზე ვიდეოგადაღების უფლება კანონით საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს, რომელიც ვალდებულია ჩანაწერი გადასცეს მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს მოთხოვნისთანავე. თუ ამ უფლებით საზოგადოებრივი მაუწყებელი არ სარგებლობს, ამ შემთხვევაში პროცესს სხვა საეთერო მაუწყებელი იღებს, ხოლო თუ ასეთი რამდენიმეა, მოსამართლე წილისყრით გამოავლენს მედიასაშუალებას, რომელიც სასამართლო პროცესს გადაიღებს. წილისყრაში ონლაინმედია არ მონაწილეობს.

„სრულყოფილი მასალის შესაქმნელად გვჭირდება სასამართლო პროცესის ამსახველი მთელი ვიდეომასალა, რაზედაც ხელი არ მიგვიწვდება. მე არანაირი ბერკეტი არ მაქვს, ვინმეს მოვთხოვო, ჩავერიო მათ სარედაქციო საქმიანობაში, რომ ბოლომდე დარჩეს პროცესზე და მთელი სხდომა გადაიღოს… როცა პროცესზე საერთოდ არაა მისული რომელიმე მედია, მაშინაც კი არ მრთავენ ნებას, პროცესი გადავიღო,“ – მიმართა მოსამართლეებს ჟურნალისტმა და მედიამენეჯერმა, გელა მთივლიშვილმა.

მის სარჩელს თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლის წერილი ახლავს, როცა ონლაინმედიის ჟურნალისტს სასამართლო სხდომის გაშუქებაზე უარი უთხრეს.

„…ასეთი უფლებამოსილებით სარგებლობა შეუძლია საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ სხვა პირს, სასამართლო სხდომის დაწყების წინ საქმის განმხილველი მოსამართლისათვის წერილობითი განცხადების წარდგენის საფუძველზე. ვინაიდან თქვენ არ წარმოადგენთ არც საზოგადოებრივ მაუწყებელს და არც საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე სხვა მფლობელს, ვერ განახორციელებთ სასამართლო პროცესის ფოტოგადაღებასა და ვიდეოჩაწერას,“ – მიუწერია მოსამართლეს გელა მთივლიშვილისთვის.

გელა მთივლიშვილმა მოსამართლეებს ამ კუთხით არსებული პრაქტიკა გააცნო და განუმარტა, რომ საერთო საეთერო მაუწყებლის სტატუსის მქონე მედიასაშუალებები ყველა სასამართლო პროცესს სრულად არ აშუქებენ, მას კი შესაძლოა, კონკრეტულ საქმეზე სასამართლო სხდომის სრული ჩანაწერი დასჭირდეს. ჟურნალისტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს უთხრა ისიც, რომ გამონაკლისი ბათუმის საქალაქო სასამართლოა, სადაც რამდენიმე შემთხვევაში ცალკეულმა მოსამართლემ, კეთილი ნების საფუძველზე, ონლაინგამოცემას ვიდეოს გადაღების უფლება მისცა.

„იმ შემთხვევაშიც, როცა არცერთი კამერა არ დგას სასამართლოს დარბაზში, რატომ უნდა შევიზღუდო: მხოლოდ იმიტომ, რომ ონლაინმედიას წარმოვადგენ?“ – ჰკითხა მოსამართლეებს ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა.

როგორ აისახება საკანონმდებლო რეგულირებით დაცული საკითხები, მაგალითად, ბავშვთა უფლებები, დაზარალებულის უფლებები ამ დროს, როცა სასამართლო პროცესის შესახებ ვიდეოს ინტერნეტ მედია ავრცელებს და მას საეთერო მაუწყებლის სტატუსი არ აქვს? – ეს ძირითადი საკითხია, რაზეც დისკუსია შედგა.

მოსამართლეებს მოსარჩელის ინტერესების დამცველმა და საიას იურისტმა, გიორგი გოცირიძემ უთხრა, რომ არსებობს „ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“, რომლის ხელმომწერი ჟურნალისტები მედიაგაშუქების სტანდარტს იზიარებენ. გელა მთივლიშვილმა კი აღნიშნა, რომ „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ საბჭოს წევრია, სადაც მიმართვიანობა მაღალია და ეს ბევრად ეფექტური ორგანოა, ვიდრე კომუნიკაციების კომისიის მიერ დაწესებული თვითრეგულირების მექანიზმი.

„ვინც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრი არ არის, იმათზე როგორი იქნება ეს რეაგირება?“ – დაინტერესდა მოსამართლე მანანა კობახიძე.

„ქარტიამ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გაიზიარა ევროპული ქვეყნების პრაქტიკა და განვიხილავთ განცხადებას იმის მიუხედავად, ჟურნალისტი ქარტიის წევრი არის, თუ არა.

„თქვენ, ბატონო გელა, მეტ ინტრიგაზე, მეტ სკანდალზე ხართ ორიენტირებული, თუ ზოგადად, სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ამბებიც გაქვთ?“ – იკითხა მერაბ ტურავამ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ და პაუზის შემდეგ დაამატა – „ორივე ნებადართულია და ლეგიტიმური,“ – დასძინა მერაბ ტურავამ.

გელა მთივლიშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მხოლოდ თანასწორ დამოკიდებულებას ითხოვს – ინტერნეტმედიასაც მიეცეს სასამართლო სხდომების ვიდეოგაშუქების შესაძლებლობა.

საკონსტიტუციო სასამართლო გელა მთივლიშვილის სარჩელს განიხილავს

„მას სურს მიიღოს უფლებები ვალდებულებების გარეშე, რაც მაუწყებლებს გააჩნიათ“, – უთხრა მოსამართლეებს ქრისტინე კუპრავამ, ის საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის ინტერესებს იცავს და „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას“ საერთოდ აუარა გვერდი. მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ყველა სახელმწიფო თავად იღებს პასუხისმგებლობას, რა სახით იქნება წვდომა სასამართლო სხდომებზე და ეს საკითხი სახელმწიფოს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო რეგულირების მიღმა ვერ დარჩება.

ქრისტინე კუპრავას თქმით, ვინაიდან კანონმდებლობა „ინტერნეტმედიას“ არ განმარტავს და ონლაინ მედიასაშუალებები არ ექვემდებარებიან ლიცენზიას, ან ავტორიზებას: „მათზე ვერ იქნება დადგენილი წესები და ვალდებულებები, ვერ იქნებიან კომუნიკაციების კომისიის რეგულირების ქვეშ, მათ წესდებაში ეს შეიძლება იყოს ასახული, შეიძლება – არ იყოს“.

„წარმოვიდგინოთ, მოსამართლესთან მიდის ფიზიკური პირი და ეუბნება, რომ აქვს ინტერნეტმედია, ეს პრაქტიკული პრობლემა შეიძლება იყოს მოსამართლისთვის…“ – პარლამენტის წარმომადგენლის აზრით, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოსამართლე ვერ გადაამოწმებს, არის თუ არა პასუხისმგებლიანი ონლაინმედია, როცა მას პროცესის გადაღების უფლებას აძლევს.

„მაგრამ თუ მოთხოვნა სწორია, როგორ უნდა გადამოწმდეს და ასე შემდეგ, ეს უფრო ტექნიკური დეტალი ხომ არ არის, რომ სახელმწიფომ ვალდებულება აიღოს, შექმნას რეესტრი და აღრიცხოს? თუ საკონსტიტუციო იტყვის, რომ ისინი არიან თანასწორები თანასწორთა შორის, სახელმწიფო იქნება ვალდებული, ეს ტექნიკური საკითხი გადაწყვიტოს,“ – მიმართა პარლამენტის ინტერესების დამცველს, მოსამართლე მერაბ ტურავამ.

„ინტერესი რომ აქვთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მივიჩნიოთ თანაბარ სუბიექტად,“ – ქრისტინე კუპრავამ ხაზი გაუსვა იმას, რომ ლიცენზირება და კანონით სავალდებულო სხვა რეგულაციებია საჭირო ამ უფლების მოსაპოვებლად.

„სადავო ნორმა ზღუდავს ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების მანერას – სასამართლო პროცესის ფოტო-ვიდეოგადაღებას, სასამართლოდან პირდაპირ ჩართვას, თუკი პროცესს არ ესწრება საზოგადოებრივი მაუწყებელი ან საერთო საეთერო მაუწყებელი, კანონმდებლობა უშვებს ინტერნეტმედიის მიერ საჯარო სასამართლო სხდომიდან ინფორმაციის ზეპირად ან წერილობით მოპოვებისა და გავრცელების შესაძლებლობას.

სადავო ნორმა ინტერნეტმედიას უკრძალავს სხდომის მიმდინარეობის ვიდეოს ჩაწერას, ფოტოს გადაღებას, როცა სხდომას არ ესწრება საზოგადოებრივი მაუწყებელი ან სხვა საერთო საეთერო მაუწყებელი. რაც შეეხება პირდაპირ ჩართვას, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ინფორმაცია მომენტალურად მიდის ადრესატამდე – მედიის აუდიტორიამდე. შესაბამისად, სადავო ნორმით დადგენილი აკრძალვა – ინტერნეტმედიამ სასამართლოდან პირდაპირი ჩართვა განახორციელოს, უნდა ჩაითვალოს ინფორმაციის გავრცელების უფლების შეზღუდვად, ხოლო ვიდეოჩაწერის და ფოტოგადაღების აკრძალვა – ინფორმაციის მოპოვების უფლების შეზღუდვად,“ – აღნიშნულია სარჩელში.

„მე-12 კლასში ისე უნდა გვასწავლონ, რომ რეპეტიტორი აღარ დაგვჭირდეს“ – მოსწავლეები სკოლაზე

„ბათუმელების“ რესპონდენტი მოზარდების აზრით, მე-12 კლასმა საჯარო სკოლებში, ფაქტობრივად, ფუნქცია დაკარგა.

ახალგაზრდების აზრით, ეს განაპირობა იმან, რომ დამამთავრებელ კლასში მოსწავლეების 95 პროცენტი კერძო მასწავლებელთან ამჯობინებს იმ საგნებში მომზადებას, რომლებიც ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებისთვის სჭირდებათ. ისინი აღარ მიიჩნევენ საჭიროდ, დრო დაკარგონ ისეთი საგნების სწავლაზე, რაც მათ სამომავლო გეგმებში აღარ შედის.

ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, თუ რის გამო აღარ უღირთ ბოლო წელს სკოლაში სიარული, მოზარდები კლასების გადატვირთულობასაც ასახელებენ.

„რეპეტიტორთან მაქსიმუმ 6 ან 7 მოსწავლე ვართ, კლასში კი 30-35 მოსწავლეა. ეს საშუალებას აძლევს რეპეტიტორს, რომ მოასწროს დავალებების გამოკითხვაც და მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობაც. კლასში კი ეს ვერ ხერხდება.

გარდა ამისა, რეპეტიტორთან ყურადღება გამახვილებულია უფრო ეროვნული გამოცდების საკითხებზე, სკოლა კი მიყვება დადგენილ სტანდარტს, გეგმას“, – ამბობს მეთორმეტეკლასელი მარიამ შაფათავა.

მისი თქმით, ძალიან რთულია 35-ბავშვიან კლასში მასწავლებელი ყველა მოსწავლის საჭიროებას თანაბრად გასწვდეს.

„მაშინ გაკვეთილი ისეთი საინტერესო უნდა იყოს, რომ ყველა მოსწავლე ჩაერთოს პროცესში. სამწუხაროდ, ეს ასე არ არის.

პრობლემაა ისიც, რომ მე-12 კლასში მოსწავლეებს უკვე აქვთ ერთი მიზანი – ჩააბარონ ეროვნული გამოცდები წარმატებით და ამის იქით სხვა არაფერი აინტერესებთ.

შესაბამისად, მოსწავლეები აღარ უსმენენ იმ გაკვეთილებს, რომლებიც მათ ეროვნულზე არ სჭირდებათ. თუ ბიოლოგია არ აინტერესებს მოსწავლეს, მისი ყურადღება ამ გაკვეთილზე, ბუნებრივია, სხვაგან არის მიქცეული, ხომ? ცდილობს გაიხედოს იქით-აქეთ, გადაიჩურჩულოს, ეს ქმნის ხმაურს, მერე იწყება კითხვები – ვინ ხმაურობს? რატომ ლაპარაკობთ? და იქმნება კონფლიქტური გარემო კლასში.

ვიღაც კალამს გაისვრის, ვიღაც რაღაცას და ის მოსწავლეც კი, რომელიც მოტივირებული იყო, ვთქვათ, ამ გაკვეთილის მოსასმენად, ისიც აღარ უსმენს. მოტივაცია ეკარგება“, – ამბობს მარიტა ღოღობერიძე.

მარიტას აზრით, ასეთ გაკვეთილებზე მოსწავლის ყურადღების მიპყრობა, მით უმეტეს 45 წუთში, შეუძლებელია.

„ზოგადად, აქტიურობა არის ბავშვის ბუნება, ამიტომ კეთებით სწავლება, აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი ყოველთვის ამართლებს. ასეთ გაკვეთილებს ატარებდა ჩემი ქართულის მასწავლებელი და არასდროს დამავიწყდება მისი გაკვეთილები, სადაც  ყველა მოსწავლე ჰყავდა პროცესში ჩართული.

ასე ვისწავლეთ „შუშანიკის წამებაც“, რომელიც რთული ტექსტია წასაკითხად, რადგან არ გვესმის ძველი ქართული და გვიჭირდა ამ ტექსტების აღქმა.

გავაკეთეთ ინსცენირება „შუშანიკიდან“, მაგალითად, პურის ჭამის სცენა გავაცოცხლეთ და ეს არასდროს დამავიწყდება.

კეთებით, ინსცენირებით, ბევრად კარგად აღიქვამ გმირსაც, პროცესებსაც და გეხმარება პრობლემის, თემის გააზრებაში. თუ ასეთი იქნება გაკვეთილები, ბუნებრივია, მოსწავლეების მოტივაციაც გაიზრდება.

თუმცა მე-12 კლასში მაინც არ ვარ სათანადოდ ჩართული. არ ვიცი, რაღაც შეიცვალა ალბათ და ეს უკავშირდება ისევ და ისევ იმას, რომ აქცენტი გადატანილი მაქვს ეროვნულ გამოცდებზე და არა საგაკვეთილო პროცესზე“, – გვეუბნება მარიტა ღოღობერიძე.

მარიამ შაფათავაც მიიჩნევს, რომ მე-12 კლასში ისე უნდა იყოს სასწავლო პროცესი წარმართული, რომ მოსწავლეებს რეპეტიტორთან სიარული არ დასჭირდეთ.

„სკოლა უნდა აძლევდეს მოსწავლეს ისეთ განათლებას, რომ ცალკე მომზადების გარეშე შეძლოს ეროვნული გამოცდების ჩაბარება.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, სკოლა ეხმარებოდეს მოსწავლეებს პროფესიულ ორიენტაციაში“, – ამბობს მარიამი.

მის პოზიციას იზიარებს მარიტაც.

„ამდენი გაკვეთილი ტარდება ხომ, კარგი იქნება, თუ ერთი გაკვეთილი მაინც დაეთმობა პროფესიების განხილვას, რადგან მოსწავლემ უფრო ადრეულ საფეხურზე შეძლოს იმის გარკვევა, რომელი პროფესია უფრო აინტერესებს.

ჩემი აზრით, მეშვიდე კლასიდან უკვე უნდა დაიწყოს მოსწავლემ ამაზე ფიქრი.

დღეს ჩემ გარშემო ძალიან ბევრი ბავშვი ემზადება, დადის რეპეტიტორთან და მაინც არ იციან, სად ჩააბარონ, რა უნდათ ცხოვრებაში, რისი კეთება მოსწონთ. როცა ბოლო წელს ფიქრობ სადღაც ჩაბარებაზე და მაინც არ ხარ არჩევანში დარწმუნებული, ეს პრობლემაა.

ეს უნდა იყოს გააზრებული არჩევანი, რომ უნივერსიტეტში გატარებული წლებიც არ აღმოჩნდეს დაკარგული“, – ამბობს მარიტა.

მარიამ შაფათავა სკოლებში „არების“ საკითხსაც შეეხო: მისი აზრით, ეს დამატებითი პრობლემაა მეთორმეტეკლასელებისთვის, რადგან სახელმწიფო პრობლემის გადაჭრის ნაცვლად კლასებში მოსწავლეების შეკავებას სადამსჯელო მექანიზმით ცდილობთ.

„სამინისტრო ითხოვს, რომ მეთორმეტეკლასელები გაკვეთილებზე ისხდნენ და ძალიან გაამკაცრეს „არების“ დაწერა. თუ „არებზე“ გაწითლდი, მაშინ ექსტერნი უნდა ჩააბარო. აქეთ ეროვნულები, აქეთ ექსტერნი. ეს სტრესია.

ახლა ხანდახან იმის გამო მივდივარ, რომ არები არ დამეწეროს, მაშინ, როცა შემიძლია, რომ გამოვიძინო და კერძო გაკვეთილებზე დამშვიდებული წავიდე.

ამის გამო მთელი დღე გარეთ ვარ, ვეღარც ჭამას ვასწრებ და მთელი დღე გარეთ მიწევს ყოფნა“, – ამბობს მარიამ შაფათავა.

„მე არანაირად არ მჭირდება დავიტვირთო ზედმეტად თავი იმ პროგრამით, რომელიც ეროვნულ გამოცდებზე შეიძლება არ შემხვდეს. ჩემი ერთადერთი მიზანი ეროვნულის კარგად ჩაბარებაა და არა გაკვეთილებზე დასწრება“, – გვეუბნება მარიტაც.

მოსწავლეების აზრით, მე-12 კლასი იმ შემთხვევაში შეიძენს ფუნქციას, თუ სკოლა ჩაენაცვლება კერძო მასწავლებელს და თავად იკისრებს მოსწავლეების მომზადებას ეროვნული გამოცდებისთვის.

„ეს იქნება მხოლოდ გამოსავალი, რადგან თუ მეცოდინება, რომ სკოლაში იმ საგნებს გავივლი უფრო ღრმად და საფუძვლიანად, რომლებიც უნდა ჩავაბარო ეროვნულზე, მაშინ ვივლი სკოლაში და აღარ გავიქცევი რეპეტიტორთან.

იყოს თუნდაც 6 გაკვეთილი, ოღონდ ძირფესვიანად გავიაროთ ის მასალა, რაც მჭირდება მომავლისთვის. კლასში ჩავუჯდები და აქ მოვისმენ გაკვეთილს, როცა მეცოდინება, რომ ეს გამომადგება სამომავლოდ“, – ამბობს მარიტა.

მარიამის თქმით, მოსწავლის განათლებაზე სკოლამ, სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა.

ითქვა, რომ მომავალში შეიცვლება მოდელი და მოსწავლეები სკოლის გამოცდებით შეძლებენ უმაღლესში ჩაბარებას. თუ სკოლა მოინდომებს და მოსწავლეს მისცემს მაქსიმალურ ცოდნას, ეს ძალიან ბევრ რამეში დაგვეხმარება“, – ამბობს მარიამი.

სალომე გორგილაძე

ინგლისური ენის რეპეტიტორი და კერძო სკოლის ყოფილი მასწავლებელი, სალომე გორგილაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში მთელი 12 წელი თუ არა, ბოლო ორი წელი თითქმის ყველა კერძო რეპეტიტორთან ემზადება და ეს თითქოს გარდაუვალია.

„ჩემს პრაქტიკაში მქონია შემთხვევები, როცა მითქვამს მშობლისთვის, რომ მის შვილს არ სჭირდება მომზადება, თუმცა ის ამბობს – იყოს, მაინც.

მათ არ აქვთ ნდობა არც სკოლის, არც მასწავლებლის, არც შვილების მიმართ და ალბათ ამის საფუძველიც აქვთ.

მეორე პრობლემაა ის, რომ ზუსტად ამის გამო ყველა ბავშვს, სულ რომ არაფერი აკეთოს, აქვს მოლოდინი, რომ ბოლო წლებში მაინც მოემზადება. თუმცა მერე აღმოაჩენს, რომ აღარ აქვს საკმარისი უნარები, ამხელა მასალა ერთდროულად აითვისოს და კარგავს მოტივაციას.

თავი და თავი პრობლემის კი არის ის, რომ განათლების სისტემა არ გვივარგა, ვეღარ პასუხობს მოთხოვნებს, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს სულ ტარდება რეფორმები. ახალი მაკულატურით, ახალი ფურცლომანიით დააკისრეს პედაგოგს ყველაფერი, გარდა იმისა, რაც მას რეალურად ეკისრება.

უმაღლესში ჩაბარების სისტემაც არასწორია, რადგან მთელი 12 წელი ბავშვი უნდა იყოს ჩართული სასწავლო პროცესში და ერთი წლის მონაცემით არ უნდა ხდებოდეს მიღება.

სისტემა არ გვივარგა, პროგრამა, კურიკულუმი არ გვივარგა, სკოლები არ არის სათანადოდ აღჭურვილი, სკოლები გადაჭედილია ბავშვებით და ორ-ორ ცვლაში ასწავლიან. ეს ძალიან არაეფექტურია. ბევრ სკოლას სპეციალისტების პრობლემა უდგას და ამდენი პრობლემის ფონზე არ არის გასაკვირი, რომ ბავშვებს აქვთ პრეტენზიები.

პრობლემები გვაქვს ყოველმხრივ. ასევე გვაქვს მოსწავლეების პასუხისმგებლობის პრობლემაც.

თაობებს რომ ვუყურებ, არიან საოცრად ჭკვიანები, კრეატიულები, არიან ბავშვები, რომლებიც თავისით სწავლობენ უცხო ენას, ბევრ უნარს ივითარებენ. არ ვიცი, სად ვუკლავთ მათ ამ უნარებს და მოტივაციას – სკოლაში თუ სახლში.

საბოლოოდ მაინც ვერ ვიღებთ იმას, რასაც უნდა ვიღებდეთ ახალი თაობისგან“.

თუკი შეიცვლება მოდელი და სკოლის გამოცდებით ჩაირიცხებიან მოსწავლეები უმაღლესში, მოშლის ეს რეპეტიტორის ინსტიტუტს? – სალომე გორგილაძის თქმით, ეს მოდელი აპრობირებულია მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში.

„თუმცა საქართველოში მეეჭვება, რომ ამან იმუშაოს, რადგან ჩვენთან ნეპოტიზმი ყვავის“, – გვეუბნება ის.

„რაღაც დონეზე კორუფციაც გვაქვს, შესაბამისად, მგონია, რომ ჯერ ამ მოდელისთვის მზად არ ვართ. ჯერჯერობით, საქართველოში ისიც კი პრობლემაა, რომ ნაცნობის თუ მეგობრის შვილს სამართლიანად დაუწერო ნიშანი. მე სკოლას ზუსტად იმიტომ დავანებე თავი, რომ აღარ მქონდა იმის ნერვები მომესმინა მშობლებისთვის, თუ როგორ იყო მისი შვილი წინა წლებში ათოსანი და ახლა რა დაემართა.

ორი ვარიანტია – ან ტყუილად იღებდა მაღალ ნიშნებს, ან მასალა გართულდა უსაშველოდ. მე კიდევ არ შემიძლია ტყუილად დავუწერო ვინმეს ნიშანი“.

სალომეს თქმით, საბოლოოდ, მაინც სახელმწიფოს პასუხისმგებლობა იკვეთება, რადგან თუ სახელმწიფო არ შეიმუშავებს ეფექტურ მოდელს, „მასწავლებელი ჯადოქარიც რომ იყოს, ამინდს ვერ შექმნის. უნდა იყოს გამართული სისტემა, სადაც არც მოსწავლეს და არც მასწავლებელს არ ექნებათ იმის საშუალება, რომ რაღაც ისე არ გააკეთონ, რაც საჭიროა ხარისხიანი განათლების მისაღებად“, – ამბობს სალომე გორგილაძე.

რატომ დავდივართ რეპეტიტორთან - ბათუმელი მე-12 კლასელების მოსაზრება

 გომისმთაზე ასფალტი 2022 წელს უნდა დაეგოთ, რატომ ვერ დასრულდა ამ გზის მშენებლობა

საავტომობილო გზების დეპარტამენტი აცხადებს, რომ ოზურგეთი-გომისმთას საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს „აქტიურად ახორციელებს და ამ ეტაპზე უკვე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს“. თუმცა, ეს გზა 2022 წელს უნდა დასრულებულიყო.

აღნიშნული გზის 21-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, კერძო კომპანია New Road-თან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, 2022 წლის ნოემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ეს ვადა რამდენჯერმე გადაიწია. დეპარტამენტმა სამუშაოების დასრულების მიზნით კომპანიას დამატებითი ვადა ჯერ 2023 წლის აგვისტომდე მისცა, შემდეგ კი, იმავე წლის 16 დეკემბრამდე.

როგორც დღეს, 2024 წლის 29 თებერვალს, დეპარტამენტიდან მოგვწერეს, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2024 წლის აგვისტოში დასრულდება. რატომ გადაიწია სამუშაოების დასრულების ვადა, შესაბამისი დოკუმენტაცია შესყიდვების პორტალზე ამ დროისთვის არ იძებნება.

ასფალტის დაგება გომისმთაზე მისასვლელ გზაზე / ფოტო: გზების დეპარტამენტი / 29.02.2024

„სარეაბილიტაციო მონაკვეთი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს და მთაგორიან, დაუსახლებელ რელიეფზე გადის. გზა ბჟუჟჰესის ტერიტორიაზე იწყება და გომის მთის საკურორტო დასახლებაში სრულდება. შესაბამისად, ამ მონაკვეთზე გამართული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მნიშვნელოვანია ტურისტებისა და ვიზიტორების უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვისაც“, – აცხადებს გზების დეპარტამენტი.

გზაზე სამუშაოების დაწყებიდან დღემდე კურორტ გომისმთაზე მოხვედრა შეზღუდული იყო. ზაფხულის სეზონზე გზაზე გადაადგილება სპეციალური გრაფიკით იყო შესაძლებელი:

„არსებული გზა დაზიანებული და ხრეშოვანი იყო. სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია – გზის საფარისა და ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია და განახლება, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნების და მგზავრთა მოსაცდელი პავილიონების მოწყობა. ასევე, გათვალისწინებულია საავტომობილო გზის საგზაო ნიშნებით აღჭურვა, ზღუდარების მოწყობა, საგზაო ბოძკინტების დაყენება და სავალი ნაწილის მონიშვნა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 18.8 მილიონი ლარია“, – აღნიშნულია გზების დეპარტამენტის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში, თუმცა სამუშაოებში გაცილებით მეტი თანხა იხარჯება.

აღსანიშნავია, რომ დეპარტამენტმა New Road-თან ხელშეკრულება 2020 წლის 31 აგვისტოს გააფორმა 18 811 888 ლარზე [ტენდერი 23 837 700 ლარით იყო გამოცხადებული].

შესყიდვების პორტალის დღევანდელი მონაცემებით, ძირითად ხელშეკრულებაში ცვლილება 24-ჯერ შეიტანეს. სამუშაოების ღირებულება კი, 18,8 მილიონი ლარიდან 19,4 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

ამავე პორტალის მიხედვით, სახელშეკრულებო თანხის 98 პროცენტი კომპანიისთვის უკვე გადარიცხულია [19 474 387 ლარიდან გადახდილია 19 007 262 ლარი].

ასფალტის დაგება ოზურგეთი-გომისმთის გზაზე / ფოტო: გზების დეპარტამენტი / 29.02.2024

არის ქართული სასამართლო პროტესტის ჩახშობის ინსტრუმენტი? – როგორ მუშაობს საკონსტიტუციო

„ხელისუფლება სასამართლოს იყენებს, როგორც ინსტრუმენტს, ჩაახშოს პროტესტი, აღწევს კიდეც ამ მიზანს…“ – მიიჩნევს კოტე ჩაჩანიძე, ერთ-ერთი აქტივისტი, ვინც პროტესტის გამოხატვის გამო 2015 წელს დასაჯეს.

კოტე ჩაჩანიძე თბილისში „პანორამას“ მშენებლობას აპროტესტებდა: „პანორამა არა …ლე“ – ამ პლაკატების „მოშორებას“ ითხოვდა პოლიციელი აქტივისტისგან. კოტე და სხვა აქტივისტებიც დააკავეს. მოსამართლემ დაკავებულები წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააჯარიმა. პანორამა აშენდა. ეს საქმე სტრასბურგის სასამართლომ განიხილა და თქვა, რომ გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდა, საკონსტიტუციო სასამართლოს კი, რომელიც ქვეყნის მთავარი კანონის – კონსტიტუციის გარანტი უნდა იყოს, 2019 წლიდან დღემდე გადაწყვეტილება არ მიუღია.

ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეებზე საკონსტიტუციო სასამართლო სახელმწიფოებრივი ინტერესების ნაცვლად, კანონის უპატივცემულობას და დუმილს ამჯობინებს. მაგალითად, „ფარული მოსმენების საქმეზე“ სასამართლომ არსებითი განხილვა 2019 წელს დაასრულა, თუმცა ამ შემთხვევაშიც 5 წელია გადაწყვეტილებას არ აცხადებს. თუკი საკონსტიტუციო სასამართლო „ფარული მოსმენების საქმეზე“ მოსარჩელეების ინტერესებს დააკმაყოფილებდა, სუს-ს აღარ ექნებოდა შესაძლებლობა, მარტივად მოესმინა ნებისმიერი ჩვენგანისთვის.

ეს რომ ასეა, დადასტურდა კიდეც: ვიდრე მოსამართლეებმა 5 წელი გადაწყვეტილება  არ დადეს, დაიდო „სუსის ფაილები“. ფაილებში დასახელებულმა არაერთმა პირმა კი, ჩანაწერების ნამდვილობა დაადასტურა.

საკონსტიტუციო სასამართლომ 5 წლის დაგვიანებით დაიწყო, მაგალითად, „ანა დოლიძის საქმის“ განხილვა, რომელიც მოსამართლეების შერჩევას უკავშირდება. სასამართლო თაროდან არც რელიგიური ორგანიზაციების სარჩელს იღებს, რაც საპატრიარქოსთან სხვა რელიგიური ორგანიზაციების გათანასწორებას ეხება.

„ჩვენ ვაპროტესტებდით „პანორამას“ მშენებლობას. თავდაპირველად გიგა მაქარაშვილს ეჭირა ეს ქაღალდი წარწერით – „პანორამა არა …ლე“. გიგა როცა აიყვანეს, შემდეგ ჩვენ დავიჭირეთ,“ – 2015 წლის აქციის გახსენება ვთხოვეთ კოტე ჩაჩანიძეს, რომელიც ახლა გერმანიაში ცხოვრობს. – „პოლიცია ითხოვდა, მოაშორეთ ეს პლაკატები, მოაშორეთო…

კოტე ჩაჩანიძე 2015 წლის საპროტესტო აქციაზე – „არა პანორამას“

მერე, ჩვენ დაგვაკავეს და ხულიგნობის მუხლით გაგვასამართლეს, მაგრამ არაფერი დაგვიზიანებია. ვინმეს შესაძლოა ჩვენი პროტესტის ფორმა არ მოეწონა, მაგრამ ეს ჩვენი პროტესტი იყო.

ხელისუფლების მიზანია, ჩაახშოს პროტესტი, ცდილობენ, მიაჩვიონ ხალხი, რომ გასაჩივრება და გაპროტესტება არ არის მისაღები, რომ პროტესტი თუ გამოთქვა, დაისჯები – საქართველოში 100 და 200 ლარი ჯარიმის გადახდაც შეიძლება პრობლემა იყოს. საბოლოო ჯამში, მეორედ და მესამედ დაფიქრდები, რამდენად შეიძლება გამოვხატო პროტესტი? რა დამიჯდება ეს? იქითკენ მიდის საქმე, რომ პოზიტიური ცვლილებების მიღწევა რთულდება,“ – გვიყვება აქტივისტი,

კოტე ჩაჩანიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ხატია არდაზიშვილმა 100 ლარით დააჯარიმა. ახლა იგივე მუხლი – წვრილმანი ხულიგნობა უკვე 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. კონსტანტინე ჩაჩანიძის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში 2018 წელს დარეგისტრირდა. 2019 წელს ამ საქმის არსებითი განხილვა დასრულდა.

რა ინტერესით მოქმედებენ მოსამართლეები, რას ეტყოდით მათ? – ვკითხეთ აქტივისტს.

„რთულია, რამე ვუთხრა მოსამართლეებს, სათქმელი არაფერი დარჩა. ვეტყოდი, რომ გადადექით, თუ არ შეგიძლიათ შეეწინააღმდეგოთ რეპრესიულ მექანიზმს და ადგილი დაუთმეთ ადამიანებს, ვისაც შეუძლიათ დაიცვან კანონი და ქვეყნის მომავალზე ზრუნვა.

ეს მოსამართლეები მმართველი პოლიტიკური ელიტის ინტერესებზე უფრო ზრუნავენ, ვიდრე სახელმწიფოს ინტერესებზე. ნუ სპობენ ქვეყნის მომავალს, ამას ვეტყოდი,“ – ამბობს კოტე ჩაჩანიძე „ბათუმელებთან“.

კოტე ჩაჩანიძე „პანორამას“ აქციაზე

სასამართლოს დადგენილებაში აღნიშნულია, რომ „მოსარჩელეს ეკავა უცენზურო სიტყვების შემცველი ქაღალდი“ აქციაზე „არა პანორამას“. აქცია თბილისის საკრებულოსთან იმ დღეს გაიმართა, როცა გაირკვა, რომ „პანორამა თბილისის“ პროექტზე მშენებლობის ნებართვა გაიცა.

მოსარჩელის ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში გიორგი გოცირიძე იცავს, საიას იურისტი. მისი აზრით, მოსამართლემ ბლანკეტურად არ უნდა იმოქმედოს და უხამსი სიტყვების გამოყენების დროს გაითვალისწინოს კონტექსტი:

„ამ სარჩელის მიზანს არ წარმოადგენს, მოხდეს სრული დაუსჯელობა უხამსი სიტყვების საჯაროდ წარმოთქმისათვის. უხამსი სიტყვების წარმოთქმის დასჯადობა არსებითად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის…

თუმცა გამოხატვის თავისუფლების უფლებისაგან არაფერი დარჩება, თუ კონკრეტული სიტყვების გამოყენებაზე დაწესდება აბსოლუტური და ბლანკეტური აკრძალვა. არსებობს შემთხვევები, როცა პროფანაციული სიტყვების გამოყენებისათვის არ შეიძლება ადამიანი ისჯებოდეს. მოსამართლე ხატია არდაზიშვილის მსჯელობის საპირისპიროდ შეიძლება ითქვას, პროფანაციულ სიტყვებს, მათ შორის მამაკაცის სქესის აღმნიშვნელ ტერმინს, შესაძლოა გააჩნდეს სამეცნიერო და საგანმანათლებლო ღირებულება: მაგალითად, უდავოა, რომ სულხან-საბა ორბელიანის ,,სიტყვის კონას“ გააჩნია როგორც საგანმანათლებლო, ასევე სამეცნიერო ღირებულება. ამ ნაწარმოებში გვხვდება ის ტერმინი, რისთვისაც მოსარჩელე ცნეს სამართალდამრღვევად…“ – აღნიშნულია სარჩელში.

სარჩელში ხაზგასმულია ისიც, რომ სასქესო ორგანოს აღმნიშვნელი სიტყვა შეიძლება ფილმებსა და სერიალებშიც იყოს, ამ ნაწარმოებებზე შეზღუდვის დაწესება კი, ცენზურა იქნება.

„ანალოგიურად ამ ტერმინის გამოყენება შესაძლოა აღმოჩნდეს მაპროვოცირებელი ფაქტორი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებზე დებატებში ჩასართავად. სიტყვის თავისუფლების კონსტიტუციაში ჩაწერის მიზანს წარმოადგენს, დაიცვას ის საშუალებები და ფორმები, რაც ახალისებს მოქალაქეებს, ჩაერთონ პოლიტიკური მნიშვნელობის დებატებში. ქალაქ თბილისის ურბანული პოლიტიკა არის იმდენად მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესის საგანი, რომ პროვოკაციული, მათ შორის, ერთი შეხედვით, პროფანაციული გამონათქვამები, ამართლებს ამ საკითხზე საზოგადოებრივი დისკუსიების წარმოებას და ამ საკითხზე საზოგადოების ყურადღების მიპყრობას. პოლიტიკური და საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხზე პროფანაციული ტერმინის გამოხატვა დაცულია გამოხატვის თავისუფლებით, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ ტერმინის გამოყენება არ ისახავს მიზნად რომელიმე ადამიანის შეურაცხყოფას,“ – აღნიშნულია სარჩელში.

აქციაზე „არა პანორამას“ დაკავებული აქტივისტების საქმეზე გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლომ 2022 წელს მიიღო. ევროსასამართლომ კონვენციის დარღვევა დაადგინა.

„აღნიშნული სიტყვა, სასამართლოს ინტერპრეტაციით, „მოსარჩელეების მიერ გამოყენებული იყო, როგორც სტილისტური იარაღი მათი მხრიდან პროექტის აშენების შესახებ პროტესტის უკიდურესად მწვავედ გამოსახატავად… მათ არ გაითვალისწინეს, რომ მე-10 მუხლი მიემართება არა მხოლოდ ინფორმაციასა და იდეებს, რაც არ არის მიჩნეული უხამსობად, არამედ ისეთ [ინფორმაციასა და იდეებსაც], რაც აღიზიანებს, გააოცებს თუ შეაწუხებს სახელმწიფოსა თუ საზოგადოების რომელიმე სექტორს“, – წერია სტრასბურგის სასამართლოს მიერ 2022 წელს მიღებულ გადაწყვეტილებაში.

ევროსასამართლომ ასევე შენიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლების უფლებაში ჩარევა გამოიხატა არა მხოლოდ პოლიციის მიერ დემონსტრანტების 100-100 ლარით დაჯარიმებით, არამედ პროტესტის ადგილიდან ძალის გამოყენებით გაყვანით. ევროსასამართლომ სახელმწიფო დაავალდებულა, მოსარჩელეებს გადაუხადოს 1040 ევრო ზიანის ასანაზღაურებლად.

ამ შემთხვევაში, როცა ევროსასამართლომ დაადგინა დარღვევა, შესაძლოა, განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ? – ვკითხეთ იურისტს, გიორგი გოცირიძეს.

„ამ პირობებში, როცა სტრასბურგის სასამართლოს აქვს უკვე დადგენილი კონვენციის დარღვევა, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების დარღვევა, სხვა დასკვნამდე არ ვიცი, როგორ შეიძლება მივიდეს სასამართლო. ეს გარკვეულწილად სატესტო საქმეა. ადრე თუ გვიან სასამართლო მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, თუმცა შედეგი არის საინტერესო. სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ პანორამა თბილისის არქიტექტურული პროექტის შედარება მამაკაცის სასქესო ორგანოსთან არის გამოხატვის თავისუფლებით დაცული და ამ ქმედებისთვის ადამიანის დაკავება წარმოადგენს კონვენციით აღიარებული გამოხატვის თავისუფლების დარღვევას. იგივეა დავის საგანი საკონსტიტუციო სასამართლოში,“ – განმარტავს გიორგი გოცირიძე „ბათუმელებთან“.

ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო დუმს, „პანორამა“ აშენდა და თბილისის ისტორიული ხედი ასე შეიცვალა

სარჩელში, რომლითაც კოტე ჩაჩანიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა, ამ კუთხით რამდენიმე საინტერესო ანალოგიაა აღწერილი: სხვა ქვეყნებმა რა მიდგომა დაამკვიდრეს, როცა ადამიანი პროტესტის გამოხატვის დროს იყენებს შეურაცხმყოფელ სიტყვებს?

მაგალითად, აშშ-ს უზენაესი სასამართლოს 1971 წლის გადაწყვეტილება საქმეზე „კოენი კალიფორნიის წინააღმდეგ“, წერია:

„…კოენი იმყოფებოდა ლოს ანჯელესის საგრაფოს სასამართლოს შენობის კორიდორში. კოენი ატარებდა ჟაკეტს, რომელსაც ახლდა წარწერა: მოვტ…ნ ჯარში გაწვევა [“Fuck the Draft”]. ეს წარწერა ყველასთვის დასანახი იყო.

ამ დროს სასამართლოს კორიდორში იმყოფებოდნენ ქალები და ბავშვები. ამის შემდეგ კოენი დააკავეს. კოენმა მისცა ჩვენება იმის თაობაზე, რომ გააზრებულად ჩაიცვა ჟაკეტი, რომელსაც ამგვარი წარწერა ჰქონდა გაკეთებული. კოენს სურდა საზოგადოებისათვის ემცნო მისი ღრმად უარყოფითი დამოკიდებულება ვიეტნამის ომში ჯარისკაცების გაწვევაზე.

კოენი მსჯავრდებული იქნა შეურაცხმყოფელი ქმედების ჩადენით საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისათვის. ლოს ანჯელესის მუნიციპალურმა სასამართლომ მას შეუფარდა პატიმრობა 30 დღით. აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ ამ საქმეზე დაადგინა კონსტიტუციის პირველი შესწორებით გარანტირებული სიტყვის თავისუფლების დარღვევა.

სახელმწიფო ვალდებული იყო დაეცვა ის ადამიანები, ვისაც არ სურდათ კოენის უგემოვნო და ვულგარული გამონათქვამის მოსმენა [დატყვევებული აუდიტორია]. სასამართლოს თქმით: „დაუშვებელია გამოხატვა მხოლოდ იმის გამო იქცეს სამართალდარღვევად, რომ მოსაზრება შემთხვევით იმ ადამიანმა მოისმინოს ან წაიკითხოს, ვისაც ეს არ სურს. მართალია, პირადი ცხოვრების უფლება ადამიანს აძლევს უფლებას, საკუთარ სახლში არ მოისმინოს აზრები, რასაც არ ეთანხმება, მაგრამ ამით სრული აკრძალვა ვერ დაწესდება საზოგადოებრივ დიალოგთან დაკავშირებით. სასამართლომ არაერთხელ განაცხადა, რომ ჩვენი სახლის მიღმა ხშირად ჩვენდა უნებურად ჩვენთვის უსიამოვნო საუბრის მძევლები ვხდებით. უსიამოვნო გამონათქვამის მოსმენისაგან სხვა ადამიანის დაცვის მიზნით, კონსტიტუციის დაცვით, გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად სახელმწიფომ უნდა დაადასტუროს, რომ ამ საუბრით პირადი ცხოვრების უფლება დაუშვებელი ფორმით შეილახებოდა. ამასთან ამ უფლებამოსილების ფართოდ გამოყენება შეიცავს იმის რისკს, რომ უმრავლესობამ დისიდენტები ძალით გააჩუმოს,“ – ვკითხულობთ საკონსტიტუციო სარჩელში.

საქმე, სადაც მოსამართლეებმა კანონი დაარღვიეს – „გამოგირთავთ მიკროფონებს“ 

კანონით გათვალისწინებულია კონკრეტული ვადა, როცა საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი უნდა განიხილოს. სარჩელის რეგისტრაციიდან სასამართლომ 9 თვეში უნდა განიხილოს საქმე. განსაკუთრებულ შემთხვევებში, ეს ვადა შესაძლოა 2 თვით გახანგრძლივდეს.

კანონით არაა განსაზღვრული, საქმის განხილვის დასრულებიდან რა ვადაში უნდა გამოცხადდეს გადაწყვეტილება.

„რატომ არღვევთ კანონს?“ – შეკითხვა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მას შემდეგ დავუსვით, როცა სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ სხდომაზე ერთი საათით შესვენება გამოაცხადა.

2024 წლის 28 თებერვალს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა „ანა დოლიძის საქმის“ არსებითი განხილვა 5-წლიანი პაუზის შემდეგ დაიწყო. ეს საქმე სასამართლოში 2018 წელს შევიდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა „ბათუმელების“ შეკითხვა უპასუხოდ დატოვეს. „ასეთი რამ, რომ პროცესზე შეკითხვა დასვათ და ჩვენ აქ დისკუსია გავმართოთ, კანონი ასეთ რამეს არ ითვალისწინებს,“ – მხოლოდ ეს გვითხრა მერაბ ტურავამ. ვიდრე ის სხდომათა დარბაზს დატოვებდა, ვუთხარით, რომ პრესცენტრთან მოსამართლეების ჩაწერის მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. მოსამართლემ არაფერი თქვა, როდის უპასუხებს შეკითხვებს.

„ანა დოლიძის საქმეც“ განსაკუთრებულია. ის მოსამართლეების უვადოდ გამწესებას ეხება. მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამწესებს. მოსამართლეების კონკურსს და გასაუბრების პროცესსაც კი, ანა დოლიძე მიკერძოებულობის მოტივით ააცილეს. მისი თვითაცილება მოსამართლეობის კანდიდატებმა მოითხოვეს. მოთხოვნა საბჭომ დააკმაყოფილა.

საკონსტიტუციო სასამართლომ ეს საქმე 5 წლის შემდეგ ჩამოიღო თაროდან, მას შემდეგ, რაც მოსამართლეები უვადოდ გაამწესეს და ანა დოლიძეც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი აღარ არის.

იმ დროს, როცა „ოცნების“ ხელისუფლება წინა ხელისუფლებას პოლიტიკურ რეპრესიებში მუდმივად ადანაშაულებს, ანა დოლიძემ 2018 წელს, როცა იგი ჯერ კიდევ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი იყო, საჯაროდ თქვა, რომ არ დაუჭერს მხარს მოსამართლეებს, რომლებიც „პოლიტიკური რეპრესიების იარაღი გახდნენ“.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კანონი პირდაპირ აკისრებს ვალდებულებას, შეამოწმოს მოსამართლეების კეთილსინდისიერება.

არსებითი განხილვის სხდომა „ანა დოლიძის საქმეზე“ საკონსტიტუციო სასამართლოში – 2024 წლის 28 თებერვალი
  • მნიშვნელოვანი დეტალი: 2018 წელს მოსამართლეობის კანდიდატების რიგში ყოფილა მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილიც, ვისაც ანა დოლიძის აცილება მოუთხოვია. ხვიჩა კიკილაშვილი უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა, მისი შვილი – გოგა კიკილაშვილი კი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი გახდა. მოსამართლის შვილს პარლამენტმა მალევე დაუჭირა მხარი, როგორც კი, საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია.
  • ხვიჩა კიკილაშვილი ხელვაჩაურის სასამართლოს მოსამართლე იყო, როცა მის სამუშაო მაგიდაზე „გიორგი მიქაუტაძის საქმე“ გაჩნდა. გიორგი მიქაუტაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი იყო და მას კონკრეტული ადამიანები არასრულწლოვანზე ფიზიკურ ძალადობას ედავებოდნენ. მალევე ეს პირები, რომლებიც მოსამართლეს ძალადობაში ადანაშაულებდნენ, ბრალდებულების სკამზე აღმოჩნდნენ. ვიდრე მათ მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი განაჩენს გამოუტანდა, ბრალდებულებმა დიდ ბრიტანეთს შეაფარეს თავი და პოლიტიკური თავშესაფარი მიიღეს.
  • გიორგი მიქაუტაძე ახლა უზენაეს სასამართლოშია, ხვიჩა კიკილაშვილი კი, ამ საქმის განხილვის დასრულების შემდეგ დაწინაურდა – იგი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გახდა, შემდეგ – საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე.
  • „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, რომელიც „გიორგი მიქაუტაძის საქმეში“ ბრალდებულების ინტერესებს იცავდა, მიიჩნევდა, რომ მოსამართლე – ხვიჩა კიკილაშვილმა კოლეგიალობა კანონზე მაღლა დააყენა.

საინტერესოა ისიც, რომ მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის უვადოდ გამწესებაში მონაწილეობდა იუსტიციის საბჭოს მდივანი – გიორგი მიქაუტაძე.  მან აცილების საკითხი მას შემდეგ დააყენა, როცა საჯაროდ უთხრეს, რომ სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი.

უფრო შორს წასულა საკონსტიტუციო სასამართლო: 2018 წელს ანა დოლიძემ სარჩელის დაკმაყოფილებასთან ერთად, სადავო ნორმის შეჩერებაც მოითხოვა დავის გადაწყვეტამდე. კანონით დადგენილი ვადების დარღვევის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლო 2023 წლის დეკემბერში იკრიბება და საოქმო ჩანაწერს წერს:

აღნიშნულ ვაკანტურ თანამდებობაზე მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება უკვე დასრულებულია. ამდენად, უკვე გავლილია ის ეტაპი, რომელიც მოსარჩელის მიმართ სადავო ნორმის გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. შესაბამისად, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება ვერ იქნება მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული გამოუსწორებელი შედეგის თავიდან აცილების ქმედითი მექანიზმი.

ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ წინამდებარე საოქმო ჩანაწერის მიღების მომენტისათვის მოსარჩელე აღარ არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რაც მის მიმართ განჭვრეტად მომავალში სადავო ნორმის მოქმედებას გამორიცხავს,“ – ვკითხულობთ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2023 წელს მიღებულ საოქმო ჩანაწერში.

ხვიჩა კიკილაშვილი პლენუმის დღევანდელ სხდომას არ დასწრებია – თავი აიცილა. სხდომაზე არც ანა დოლიძე იყო.

მამა-შვილი კიკილაშვილები: ხვიჩა კიკილაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს წევრია, გოგა კიკილაშვილი – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი

„ხვიჩა კიკილაშვილს მონაწილეობა უნდა მიეღო განხილვაში?“ – გამოსვლა მალევე შეაწყვეტინა სასამართლო სხდომაზე გიორგი გოცირიძეს მოსამართლე ევა გოცირიძემ. გიორგი გოცირიძე სასამართლოში ანა დოლიძის ინტერესებს იცავს.

„მე არ მომითხოვია მისი [ხვიჩა კიკილაშვილის] აცილება და საინტერესო იქნებოდა,“ – უპასუხა მოსამართლეს გიორგი გოცირიძემ. მან ევა გოცირიძეს გაახსენა, იუსტიციის საბჭოს წევრი რომ იყო და ასევე, პარლამენტის ყოფილი წევრიცაა საკონსტიტუციოს მოსამართლე.

„ჩემი ფუნქცია არის ის, რომ დაგარწმუნოთ, მათ შორის, თქვენ მიერ ინიციირებული საკანონმდებლო აქტები შეიძლება იყოს არაკონსტიტუციური,“ – უთხრა მოსამართლე ევა გოცირიძეს საიას იურისტმა. მოსამართლე ევა გოცირიძემ დააზუსტა: „მხოლოდ გადაწყვეტილების მიღების პროცესს უნდა გამოეთიშოს იუსტიციის საბჭოს წევრი, თუ არსებობს ეჭვი მიუკერძოებლობაზე?“ – იკითხა მან.

„კეთილსინდისიერების ერთ-ერთი კრიტერიუმი არის ის, რომ ადამიანი უნდა იყოს დამოუკიდებელი და სამოსამართლეო საქმიანობას ახორციელებდეს პოლიტიკური გავლენის გარეშე… პოლიტიკურ გავლენაზე ბრალდების გამო მოხდა სწორედ ანა დოლიძის ჩამოცილება,“ – განაცხადა გიორგი გოცირიძემ და ხაზი გაუსვა იმას, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პირდაპირი ფუნქციაა, მოსამართლეების კეთილსინდისიერება შეამოწმოს.

საიას იურისტის მტკიცებით, როცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს აქვს მოსაზრება მოსამართლეობის კონკრეტული კანდიდატების კეთილსინდისიერებაზე, მას უნდა მიეცეს გასაუბრებაზე კანდიდატის არგუმენტების მოსმენის შესაძლებლობა, კანდიდატისთვის კი, პირიქით, საბჭოს წევრის მიერ წინმსწრებად გაკეთებული განცხადება „დახმარებაა“ –  გასაუბრებაზე კონკრეტული მტკიცებულებებით, ანუ მომზადებული მივიდეს და თავისი კეთილსინდისიერება დაადასტუროს.

„როცა პერსონიფიცირებულია ეს განცხადება?“ – საუბარში მოსამართლე მანანა კობახიძე ჩაერთო.

მოსამართლეს გიორგი გოცირიძემ განუმარტა, რომ შესაძლოა, კრიტიკული განცხადება ეხებოდეს კონკრეტულ ადამიანსაც, მაგალითად, ყოფილ მოსამართლეს, რომელიც დისციპლინური გადაცდომის გამო გაათავისუფლეს მოსამართლეობიდან ან „პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად იქცა“ და ახლა ისევ მოსამართლეობა სურს.

საიას იურისტმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ არასწორია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიუკერძოებლობის სტანდარტის შედარება სისხლის სამართლის საქმის განმხილველ მოსამართლესთან. გიორგი გოცირიძის თქმით, იუსტიციის საბჭოს წევრი უნდა ინტერესდებოდეს, მათ შორის, მედიაში კონკრეტულ მოსამართლეებზე გავრცელებული ინფორმაციით.

„პრესაში გავრცელებულ ცნობებს არ სჭირდება გადამოწმება?“ – მიუბრუნდა საიას იურისტს მოსამართლე ევა გოცირიძე.

„გასაუბრება იძლევა ამის შესაძლებლობას, რომ გადამოწმებულ იქნას პრესაში გავრცელებული ინფორმაციაც,“ – უპასუხა მოსამართლეს გიორგი გოცირიძემ.

„როცა წინმსწრებად ხდება პერსონიფიცირებული განცხადება?,“ – იკითხა ისევ მოსამართლე მანანა კობახიძემ, – „ამ შემთხვევაში კანდიდატს არ ექნება საფუძველი, რომ უნდობლობის საფუძველი გაუჩნდეს? თქვენ რომ მოსამართლეობის კანდიდატი იყოთ, ამ დროს იუსტიციის საბჭოს რომელიმე წევრი გამოვიდეს საჯაროდ და კონკურსამდე, გასაუბრებამდე თქვას, რომ ბატონი გიორგი მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციაში და ასრულებდა რომელიმე უცხო ქვეყნის დაკვეთებს, სერიოზული ბრალდებები წარგიდგინოთ, თქვენ არ გაგიჩნდებათ საფუძველი, ეჭვი შეიტანოთ მის მიუკერძოებლობაში?“ – დაასრულა მოსამართლემ.

„მივიდოდი გასაუბრებაზე და დავასაბუთებდი, რომ უცხო ქვეყნის ინტერესს კი არ ვატარებდი, არამედ ვემსახურებოდი ადამიანის უფლებებს, აცილებას არ მოვითხოვდი,“ – კატეგორიული აღმოჩნდა საიას იურისტი, გიორგი გოცირიძე.

„გამოგირთავთ მიკროფონებს, მოსარჩელე მერე გამოხატავს პრეტენზიას,“ – გაცხარდა სხდომის თავმჯდომარე, მერაბ ტურავა, რადგან გიორგი გოცირიძეს სიტყვის დასრულებამდე დაუსვეს შეკითხვები მოსამართლეებმა.

გიორგი გოცირიძის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აქცენტი „კორპორატივიზმია“ სასამართლო სისტემაში, რაზეც ვენეციის კომისიაც საუბრობს. იურისტი ამბობს, რომ როცა სასამართლო სისტემაში კორპორატივიზმის პრობლემა არსებობს, პრეზიდენტის მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშნულ არამოსამართლე წევრის პროცესში აქტიური მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„არამოსამართლე წევრისგან განსხვავებით, მოსამართლეობის კანდიდატი შეიძლება იყოს იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრის კოლეგა, მრავალი წელი ერთად ჰქონდეთ ნამუშევარი, ერთ პალატაში და ასე შემდეგ, ჰქონდეთ პირადი ურთიერთობა. როდესაც კეთილსინდისიერება ფასდება, შესაძლოა, მოსამართლე წევრისთვის უხერხულობასთან იყოს დაკავშირებული მისი მეგობრისთვის შეკითხვის დასმა კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით,“ – უთხრა მოსამართლეებს გიორგი გოცირიძემ.

შედარებით ნაკლები დრო დასჭირდა პარლამენტის ინტერესების დამცველს, ლევან ღავთაძეს. მისი თქმით, ანა დოლიძის განცხადება ზოგადი არ იყო და შეეხებოდა კონკრეტულ მოსამართლეებს, რომლებსაც იმ პერიოდში ამწესებდნენ. სამივე ინსტანციის სასამართლომ დაადასტურა ის, რომ ანა დოლიძის განცხადებაში მოსამართლეები იდენტიფიცირებადი იყვნენ.

ლევან ღავთაძემ ყურადღება გამახვილა სარჩელის იმ მონაკვეთზე, სადაც მოსარჩელე წერს, რომ მოსამართლეობის კონკრეტული კანდიდატების მიმართ მიკერძოებულობა რომც დადასტურდეს, ეს სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის მისაღებია.

„ზოგადი განცხადება რა შეიძლება ყოფილიყო, მაგალითად?“ – დაინტერესდა მოსამართლე მერაბ ტურავა.

„მაგალითად, ის, რომ მოსამართლე არ შეიძლება იყოს მიკერძოებული,“ – უპასუხა სასამართლოს თავმჯდომარეს პარლამენტის იურისტმა.

  • რელიგიური ორგანიზაციების სარჩელიც თაროზე შემოდეს – დავა საპატრიარქოსთან უფლებების გათანასწორებას ეხება 

საკონსტიტუციო სასამართლოში არაერთი საქმეა, სადაც საქმის განხილვის ვადა დაირღვა და ადამიანები წლობით შედეგს ელიან, ან საქმის განხილვა დასრულდა და 5 წლის შემდეგაც გადაწყვეტილება არ არსებობს.

შესამჩნევია, რომ განსაკუთრებით იმ საქმეების განხილვა ჭიანურდება, სადაც მიღებულმა გადაწყვეტილებებმა შესაძლოა გავლენიანი ჯგუფების გავლენები დაასუსტოს და დემოკრატია – გააძლიეროს, მაგალითად, ფარულ მოსმენებზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული სამართლიანი გადაწყვეტილება აღარ დაუტოვებს სუს-ს შესაძლებლობას, ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე გვითვალთვალოს, როცა მას ეს მოუნდება.

რელიგიური ორგანიზაციების სარჩელის დაკმაყოფილებაც გავლენიან ჯგუფს ეხება, ამ შემთხვევაში, საპატრიარქოს, რომლის პრივილეგიებიც ასევე შეიძლება შესუსტდეს.

რელიგიური ორგანიზაციების 4 სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში 2019, 2020 და 2021 წლებში შევიდა. ერთ-ერთ სარჩელზე, რომლის დასაშვებობაზეც სასამართლოს 2020 წელს უმსჯელია, გადაწყვეტილება არსებითად განსახილველად დაშვებაზე დღემდე არ არსებობს. ამ შემთხვევაში სადავოდაა გამხდარი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმები, რომლებიც ზღუდავს რელიგიური ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შეძენის ან გაცვლის უფლებას. გამონაკლისი დაწესებულია მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის.

სარჩელები ასევე ეხება არადომინანტური რელიგიური გაერთიანებების მიმართ არსებულ საგადასახადო უთანასწორობას. კერძოდ, სადავო ნორმა არაეკონომიკური მიზნით გამოყენებული მიწის [ქონების] გადასახადისაგან ათავისუფლებს მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიას და ამ შეღავათს მიღმა ტოვებს ყველა სხვა რელიგიურ გაერთიანებას.

სარჩელი ეხება კოდექსის იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობასაც, რომლებიც საღვთისმსახურო პროდუქციის შემოტანის დროს იმპორტის გადასახადისგან მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ათავისუფლებს, ხოლო სხვა რელიგიურ გაერთიანებებს უზღუდავს ამ შესაძლებლობით სარგებლობას.

ერთ-ერთი სარჩელი კი შეეხება სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში არსებულ ჩანაწერს, რომელიც რელიგიურ ორგანიზაციებს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული რელიგიური დანიშნულების ნაგებობებისა და მათი ნანგრევების პრივატიზების უფლებას უზღუდავს. არსებული საკანონმდებლო მოწესრიგება ამ კატეგორიის ქონების პრივატიზებას უკრძალავს ყველა სუბიექტს, მათ შორის რელიგიურ გაერთიანებებს. მიუხედავად ამისა, საქართველოს საპატრიარქო კვლავ ინარჩუნებს ამ უფლებას, რაც გამომდინარეობს საპატრიარქოსა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმებიდან.

ეს საკითხი ორმხრივად პრობლემურია, ვინაიდან ის არა მხოლოდ წარმოშობს დისკრიმინაციას, არამედ ყველა არადომინანტურ რელიგიურ გაერთიანებას ართმევს საბჭოთა ხელისუფლების მართვის პერიოდში ჩამორთმეული საკუთრების დაბრუნების შესაძლებლობას. 2021 წლის 28 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმე არსებითად განსახილველად მიიღო, სარჩელის არსებითი განხილვის სხდომის თარიღი ამ დრომდე უცნობია,“ – აღნიშნულია „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ ანგარიშში. ეს ორგანიზაცია საკონსტიტუციო სასამართლოში რელიგიური ორგანიზაციების ინტერესებს იცავს.

უფლებადამცველები, რომლებიც საკონსტიტუციოში სარჩელებზე მუშაობენ, შენიშნავენ, რომ პერიოდულად საკონსტიტუციო სასამართლო დემოკრატიული და სამართლიანი სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს, მაგალითად, 2018 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა რელიგიური გაერთიანებების სარჩელი და დაადგინა დისკრიმინაცია, ასევე არაკონსტიტუციურად ცნო „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6³ მუხლის 1-ლი პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობას ითვალისწინებდა მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის.

„სასამართლომ აღნიშნა, რომ “[მართლმადიდებელი] ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარება დაკავშირებულია მის ისტორიულ ღვაწლთან და არ ემსახურება მართლმადიდებელი ქრისტიანული რელიგიისთვის პრივილეგირებული სამართლებრივი მდგომარეობის შექმნას აწმყოში. […] დიფერენცირება და ეკლესიისთვის სამართლებრივად უპირატესი მდგომარეობის შექმნა არ არის და არ შეიძლება იყოს კონსტიტუციის მიზანი. […] ეკლესიისთვის გარკვეული უფლების მინიჭება არ გულისხმობს იმავე უფლებით სხვა რელიგიური ორგანიზაციების მიერ სარგებლობის ხელშეშლას”, – ვკითხულობთ „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ ანგარიშში.

 „საქმეების ასე გაჭიანურება ხომ არ აჩვენებს იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლო უფრთხილდება წარსულში მიღებულ თამამ გადაწყვეტილებას და კონსტიტუციის აქტიურად დაცვის ნაცვლად, განზე გადგომას და დუმილს ამჯობინებს?“ – ეს გიორგი გოცირიძეს ვკითხეთ, საიას იურისტს, რომელიც ხშირად წარმოადგენს სხვადასხვა მოსარჩელეს საკონსტიტუციოში.

„ვფიქრობ, ეს ტესტია, ასეთ საქმეებზე საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიცია. ძნელია თქვა, რატომ ხდება ეს, მაგრამ როცა ამდენი წელი გადაწყვეტილებას არ აცხადებ, გამოდის, რომ ის არ არის უფლებების დაცვის ეფექტური საშუალება, მაგალითად, მოსმენების საქმეზე, ამ საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე.

მეორე მხრივ, არსებობს, მაგალითად, „ბირჟა მაფიის საქმე“, როცა საკონსტიტუციომ თქვა, რომ პოლიციელის ჩვენება არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ნარკოტიკის შენახვისთვის ადამიანი ციხეში გაუშვა – აუცილებელია არსებობდეს ნეიტრალური მტკიცებულებები. ეს ტესტი საკონსტიტუციომ ძალიან წარმატებით გაიარა, თუმცა მას ბევრი ტესტი აქვს კიდევ გასავლელი, რაც საერთო სასამართლოების დამოუკიდებლობას ეხება, იუსტიციას და მოსმენებს, რაც ქვეყანაში ამდენი წლის პრობლემაა. ახლაც შეიძლება გვისმენდნენ, როცა მე და თქვენ ტელეფონით ვსაუბრობდეთ,“ – ამბობს გიორგი გოცირიძე.

გიორგი გოცირიძე საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე

გიორგი გოცირიძის დაკვირვებით, საკონსტიტუციო სასამართლო რეალურად დატვირთულია და სარჩელებმა დაახლოებით 2010 წლიდან იმატა, როცა საკონსტიტუციო სასამართლომ თამამი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება დაიწყო. უფლებადამცველი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თითოეულ საქმეზე არგუმენტირებული დასაბუთება, ხოლო სიჩქარის მოტივით სწრაფად გადაწყვეტილებების მიღება შესაბამისი დასაბუთების გარეშე იმაზე უფრო დამაზიანებელი იქნება, ვიდრე, მაგალითად, პირველი ინსტანციის სასამართლოს რომელიმე გადაწყვეტილება.

„თუმცა სასამართლო უნდა ანიჭებდეს პრიორიტეტებს კონკრეტულ საქმეებს,“ – მიიჩნევს გიორგი გოცირიძე, – „როცა სარჩელი ეხება მწვავე პრობლემას და მას უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი.

საქმეების ასე გაჭიანურება რომ პრობლემაა, ეს დადასტურდა: ვიდრე ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ველით, გამოჩნდა სუს-ის ფაილები. დავინახეთ, რომ სასულიერო პირებიდან დაწყებული, რიგითი ადამიანების ჩათვლით, ყველას გვისმენენ.

საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის გაჭიანურება აფერხებს დემოკრატიის განვითარებას. ბუნებრივია, საკონსტიტუციო სასამართლოს მოეთხოვება, განსაკუთრებული ინტერესის საქმეებს პრიორიტეტი მიანიჭოს და დროულად განიხილოს. ყველა საქმეზე ის ვერ დაიცავს ვადებს,“ – მიიჩნევს გიორგი გოცირიძე.

„5 წელი მართლაც დიდი დროა“ – სახალხო დამცველის მოადგილე 

სახალხო დამცველის მოადგილეს უჭირს სახელი დაარქვას იმას, რასთან გვაქვს საქმე, როცა საკონსტიტუციო სასამართლო წლობით გადაწყვეტილებებს არ იღებს. არის თუ არა ეს კანონის უპატივცემულობა, როცა, მაგალითად, ადამიანებს სისტემატურად და უკანონოდ უთვალთვალებენ, სასამართლო კი 5 წელი გადაწყვეტილებას არ იღებს?

„არ ვიცი, რა ახსნა აქვთ მათ. ფაქტია, რომ კანონმდებლობით დადგენილ ვადებს არ იცავენ. ჩვენი შეფასება არის ის, რომ მართლმსაჯულება უნდა განხორციელდეს დროულად… ვერ გეტყვით, რა ობიექტური მიზეზი შეიძლება არსებობდეს – 5 წელი მართლაც დიდი დროა, რომ მიიღო გადაწყვეტილება,“ – ამბობს ელენე ღუდუშაური, სახალხო დამცველის მოადგილე.

სახალხო დამცველის სარჩელებზეც დარღვეულია ვადები. რა გამოსავალს ხედავს სახალხო დამცველი? – ელენე ღუდუშაური გვარწმუნებს, რომ გაჭიანურებულია იმ საქმეების განხილვაც, ან გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის არ არის და არც განსაკუთრებული სირთულით გამოირჩევა.

ელენე ღუდუშაური

„გვაქვს 2017, 2018 წლებში შეტანილი სარჩელები, რაზეც გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ბოლო სამი წელი სარჩელების რაოდენობა გაზრდილია, თუმცა ეს არ შეიძლება იყოს გაჭიანურების საფუძველი. მაგალითად, სამხრე კამერების გამოყენებაზე სარჩელი 2022 წელს შევიტანეთ, არსებითად მიღების საკითხი გადაწყვეტილია, მაგრამ დღემდე არ არის ეს საკითხი განხილული.

საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე არსებითად განსახილველად მიიღო 2023 წლის თებერვალში და არ განუხილავს სარჩელი ოპერატიული ღონისძიებების შესახებ. გამოვყოფდი ასევე სარჩელს შშმ პირთა პარკირების პრობლემაზე. ამ საქმეზე სასამართლო გასულია სათათბირო ოთახში და ორი წელია გადაწყვეტილება არ მიუღია.

უნდა ითქვას ისიც, რომ წელს შედარებით დადებითი ტენდენცია გვაქვს – ახალ სარჩელებზე საქმისწარმოება დაჩქარდა. ჩვენი რეკომენდაცია არის ის, რომ ბუნდოვანია ვადები და არ არის რეგულირებული, სათათბირო ოთახში გასვლის შემდეგ რა დროში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სასამართლომ, პირველ რიგში, ეს უნდა შეიცვალოს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ელენე ღუდუშაურმა, სახალხო დამცველის მოადგილემ.

___

„ბათუმელებმა“ სტატია მოამზადა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „ბათუმელები“ და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებას.

ახალრეაბილიტირებული ბაგრატიონის ქუჩაც ნახევრად ადაპტირებულია

დღეს, 29 თებერვალს, ეტლით მოსარგებლე ადამიანებმა და შშმ პირთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა ბათუმში განახლებული ბაგრატიონის ქუჩა დაათვალიერეს.

ეტლით მოსარგებლე ადამიანების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქუჩა ახალი რეაბილიტირებულია და ხელშეკრულებაც ითვალისწინებს ქუჩების და ტროტუარების ადაპტირებას, სამუშაოების შემსრულებელი კომპანიები ხელშეკრულების პირობებს ხშირად არღვევენ. მერია კი პასუხს არ სთხოვს.

ეტლით მოსარგებლე პირების თქმით,  რეაბილიტირებულ ბაგრატიონის ქუჩაზეც მსგავსი პრობლემებია. გადასასვლელები არ არის ნულოვან ნიშნულზე, 3-5 და 7 სმ-იანი შემაღლებებია ტროტუარზე ასასვლელებთან, რის გამოც ეტლით მოსარგებლეს უჭირს დამოუკიდებლად გადაადგილება.

არაადაპტირებულია უსინათლოთა ტაქტილური ბილიკებიც, რაც პრობლემებს უქმნის უსინათლო პირებს ქუჩაში გადაადგილებისას.

„სტანდარტები უგულებელყოფილია, ადაპტირება – ფასადური. უსინათლოთა ტაქტილური ბილიკი ისევ დეკორის მიზნით არის გაკეთებული, რადგან რეალურ ფუნქციას ვერ ასრულებს.

რაც შეეხება ეტლით გადასასვლელებს, როცა გუშინ დავაანონსეთ აქცია, როგორც ჩანს, გამოვიდნენ ამ დილით და რაღაცები ჩაასწორეს, რადგან ზოგიერთ ნაწილს ეტყობოდა, რომ ახალი ჩამოთლილი იყო კიდეები“-ამბობს შშმ პირთა უფლებადამცველი, ნინო ჩხაიძე.

ტროტუარებთან მოუწესრიგებელია საკანალიზაციო ჭების სახურავები და ყრია ქვაფენილის ნარჩენებიც.

„მერიასთან წლების წინ შევთანხმდით, რომ ყველა პროექტში გათვალისწინებული იქნებოდა ნულოვანი დონეები თავისი სტანდარტული დახრილობით, მაგრამ ისევ ისე გრძელდება დარღვევები.

ერთია პროექტი, მეორე – აღსრულება, მესამე – ინსპექტირება და პროექტის შესაბამისობის დადგენა და აქ რომელ ეტაპზე მოხდა დარღვევა, მოქალაქემ სად და რატომ უნდა არკვიოს, როცა ყველანაირი სამსახური არსებობს, რომ ამას აკონტროლებდეს და სამაგალითოდ სჯიდეს“ – ამბობს ეტლით მოსარგებლე თომა კაკაბაძე.

„ბათუმელებმა“ რამდენჯერმე გადაამოწმა მასთან და სხვა ეტლით მოსარგებლე პირებთან ერთად ქალაქის ახალგაშენებული თუ რეაბილიტირებული უბნები, თუმცა ფაქტი აჩვენებს, რომ სამუშაოთა მწარმოებელი კომპანიები არ ითვალისწინებენ არც შშმ პირთა უფლებებს და არც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ასრულებენ კეთილსინდისიერად.

„ბათუმელებმა“ მერიის კეთილმოწყობის სამსახურს ჰკითხა, თუ რატომ არის ხარვეზებით შესრულებული სამუშაოები და არ არის შშმ პირთა უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის ყველა საჭირო სტანდარტი დაცული ქუჩების რეაბილიტაციისას, რაზეც აღნიშნულ სამსახურში ამჯერადაც ზედაპირულად და სტანდარტულად გვიპასუხეს:

„სამმართველოს მიერ შესყიდულ ყველა პროექტში გათვალისწინებულია შშმ პირთა საჭიროებებზე ადაპტირებული გარემოს შექმნა, სადაც ახალი გზის მოწყობა ხორციელდება ყველა მისამართზე, შესაბამისი ნორმების გათვალისწინებით. ხოლო იმ ქუჩებზე, რაც უკვე მოწყობილია, ეტაპობრივად ხორციელდება გადასასვლელების ნულოვან ნიშნულებზე დაყვანა“.

მერიის სამმართველოს ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბაგრატიონის ქუჩაზე არსებულ დარღვევაზე ვკითხეთ, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ.

ამ თემაზე: „კროსვორდივითაა, უნდა გამოიცნო“ – რა მოაწყვეს ბაგრატიონის ქუჩის სკვერში 2 მილიონად

საჩუქარი ქალებს ქართულ-ებრაული ინოვაციური კლინიკისგან სრულ მომსახურებაზე

ქართულ-ებრაული ინოვაციური სამედიცინო ცენტრი BIRTH-ი ქალებისა და მამაკაცების ჯანმრთელობაზე ზრუნვას წარმატებულად განაგრძობს. კლინიკა ქალთა დღეებთან დაკავშირებით, 1-ელი მარტიდან 10 მარტის ჩათვლით გთავაზობთ შემდეგ საჩუქრებს:

  • 30% -იანი ფასდაკლება

ლაბორატორიული და ბიოქიმიურ კვლევებზე – კლინიკაში ინოვაციური დანადგარებით და ხარისხიანი რეაქტივებით ტარდება, რაც დროული და ზუსტი დიაგნოსტიკის გარანტიას იძლევა.

გინეკოლოგიური PRP თერაპია- თრომბოციტებით მდიდარი პლაზმური თერაპია (PRP) ტარდება ქრონიკული ანთებითი პროცესების (ქრონიკული ცერვიციტი, ვაგინიტი, ენდომეტრიტი, საშვილოსნოს ყელის ეროზია) დროს; მშობიარობის შემდგომი საშოს მოცულობის ცვლილებისას; საშოს კედლის ტონუსის დაქვეითებისას; ატროფიული ვაგინირების მენოპაუზის პერიოდში; როცა ქალს აღენიშნება საშოს სიმშრალე, სქესობრივი აქტის დროს დისკომფორტი, ქავილი და შარდის შეუკავებლობა.

  • 25 %-იანი ფასდაკლება

რეპროდუქტოლოგის კონსულტაცია უნაყოფობის საკითხზე:
ჩვენთან შესაძლებელია სპერმოგრამის გაკეთება, ასევე ლაბორატორიული დიაგნოზის შედეგების შეფასება, უნაყოფობის დაძლევის გზების შემუშავება. კონსულტაციებს ატარებენ ქართველი და ებრაელი ექსპერტები, რაც განაპირობებს სწორ დიაგნოზს და ეფექტიან მკურნალობას.

უნაყოფობის მკურნალობა ხელოვნური განაყოფიერების (IVF) გარეშე.
უშვილობის მიზეზებიდან გამომდინარე ექიმები გასცემენ დანიშნულებას, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით გამოიყენება ორსულობის მისაღებად.

საშვილოსნოს შიდა (ხელოვნური) ინსემინაცია გამოიყენება იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ ფალოპის მილების კარგი გამტარობა. სპერმა წინასწარ დამუშავდება და გაიწმინდება, რათა მივიღოთ ორსულობა.

  • 20 %-იანი ფასდაკლება

გინეკოლოგისა და უროლოგის კონსულტაციები:
მენსტრუალური ციკლის დარღვევები (მათ შორის გოგონებში), გარეთა და შიგნითა სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებების, მათ შორის სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების თანამედროვე დიაგნოსტიკა და მკურნალობა; საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების, პაპილომა ვირუსის დიაგნოსტიკა, კოლპოსკოპია, საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების მკურნალობა; ენდომეტრიოზის თანამედროვე დიაგნოსტიკა და მკურნალობა; ესთეტიკური და ინტიმური გინეკოლოგია.

ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა უახლესი აპარატურით და მაღალი კვალიფიკაციის რადიოლოგების ჩართულობით გთავაზობთ: ფარისებრი და სარძევე ჯირკვლების კვლევას; მუცლის ღრუს ორგანოების კვლევას; მცირე მენჯის ღრუს ორგანოებისა და სამეანო კვლევები 3D რეკონსტრუქციით.

ჰისტეროსკოპია და მილების შემოწმება ულტრათანამედროვე მეთოდით არის შესაძლებელი, რომლის მეშვეობითაც ხდება საშვილოსნოს ყელის არხისა და საშვილოსნოს ღრუს ვიზუალური დათვალიერება, სხვადასხვა გინეკოლოგიური პათოლოგიის დიაგნოსტიკის მიზნით.

  • 15%-იანი ფასდაკლება

ხელოვნური განაყოფიერება რეკომენდებულია პაციენტებისათვის, ვისთვისაც უშვილობის მკურნალობის სხვა მეთოდები უშედეგოა. პროცედურა ითვალისწინებს საკვერცხეების ჰორმონალურ სტიმულაციას, ტრანსვაგინალურ ფუნქციას ( საკვერცხიდან კვერცხუჯრედების ამოღება), მათ განაყოფიერებას და ემბრიონების კულტივაციას, საბოლოოდ კი – ემბრიონის გადატანას საშვილოსნოში. ასევე შესაძლებელია ხელოვნური განაყოფიერება ბუნებრივ ციკლში ( ჰორმონალური სტიმულაციის გარეშე).

კვერცხუჯრედების გაყინვა აქტუალურია იმ ქალებისთვის, რომლებიც დიდ ყურადღებას უთმობენ კარიერას, თვითგანვითარებას, მოგზაურობას და შვილის გაჩენას გეგმავენ უფრო გვიან ასაკში. ჩვენთან შესაძლებელია ქალმა ახალგაზრდა ასაკში ( 35 წლამდე ) გაყინოს საკუთარი კვერცხუჯრედები და გამოიყენოს ისინი უფრო გვიან ასაკში შვილოსნობისთვის.

დეტალებზე დაგვიკავშირდით:
მისამართი: რუსთაველის 39, ბათუმი, საქართველო
ტელეფონის ნომერი: +995 557 53 36 92

ჩაიტარეთ დიაგნოსტიკა და მკურნალობა ისრაელის ხარისხით!

ტენდერი სასტუმროს და საკონფერენციო სივრცის მომსახურებაზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ აცხადებს ტენდერს სასტუმრო და საკონფერენციო მომსახურებაზე.

ტენდერი ცხადდება პროექტის ,,ერთიანი საქართველო ევროპისთვის“ ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ხელშეწყობას, საზოგადოების ფართო ჩართულობითა და თანამშრომლობით; ქვეყანაში დემოკრატიის, სამოქალაქო საზოგადოების, ახალგაზრდების, მედიის, ბიზნესის, ახალგაზრდა ადვოკატებისა და აქტივისტების სამართლებრივ მხარდაჭერასა და გაძლიერებას; სამეცნიერო კვლევებისა და საზოგადოებრივი დიალოგის ინიციირებას; საქართველოს საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირების ზრდას.
პროექტის ერთ-ერთი აქტივობაა პროექტში ჩართული მედიაკოალიციის წევრებისთვის ტრენინგის და სამუშაო შეხვედრის [კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავებისთვის] ჩატარება.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ა(ა)იპ „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლს“ სჭირდება სასტუმრო და საკონფერენციო მომსახურება.

წინადადების მიღების, განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადები:

შემსყიდველი ორგანიზაცია: ა(ა)იპ „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“
წინადადების მიღების დაწყების თარიღი: 01.03.2024
წინადადების მიღების დასრულების თარიღი: 10. 03.2024
წინადადების განხილვის ბოლო ვადა: 18.03.2022
ხელშეკრულების გაფორმების ბოლო ვადა: 25.03.2024
მომსახურების დასრულების ბოლო ვადა: 01.04.2024

ტექნიკური დავალების მიზანი

წინამდებარე ტექნიკური დავალების მიზანია სასტუმროს შერჩევა, ტრენინგის ორგანიზების, მონაწილეთა ღამისთევისა და კვების მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით.

კონკრეტული დავალება:

30 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით (2 დღე), ტრენინგის ორგანიზებისათვის 1 საკონფერენციო დარბაზის (22 პირის განთავსება) გამოყოფა. სატრენინგო სივრცეებში განთავსებული უნდა იყოს: მაგიდები, სკამები, წყალი, დაფა, პროექტორი, პროექტორის ეკრანი, ლეპტოპი, WI-FI. სივრცე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობისათვის.

29 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, ტრენინგის მონაწილეთა განთავსება ერთადგილიან ნომრებში, ღამისთევითა და კვებით (სამჯერადი კვება, ორი ყავის შესვენება) უზრუნველყოფა. კერძოდ:

  • 29 მარტი, 2024 წელი: დაბინავება (22- 1-ადგილიანი ნომერი და ვახშამი 22 პერსონაზე)
  • 30 მარტი, 2024 წელი: ღამისთევა (22 – 1-ადგილიანი ნომერი), საუზმე, სადილი, გალა ვახშამი, 2 ყავის შესვენება 22 პერსონაზე;
  • 31 მარტი, 2024 წელი: საუზმე, სადილი, 2 ყავის შესვენება 22 პერსონაზე;

ძირითადი მოთხოვნები:

  • მომსახურების გაწევის სავარაუდო ადგილი: ქალაქი ბათუმი
  • სასტუმროს უნდა შეეძლოს მაღალი ხარისხის მომსახურება.
  • სასტუმროს უნდა ჰქონდეს მაღალი დონის კონდიცირებული საკონფერენციო დარბაზი და სასტუმროს ნომრები (ინდივიდუალური სველი წერტილი თითოეულ ნომერს, ცივი და ცხელი წყალი, გათბობა კონდიცირების სისტემა);
  • სასტუმროში უნდა იყოს 1 საკონფერენციო დარბაზი 22 – 25 მსმენელზე გათვლილი. დაუშვებელია სხვა დამხმარე ფართობის საკონფერენციო დარბაზად გამოყენება;
  • სასტუმროში მონაწილეების დაბინავების, კვებისა და ტრენინგების ორგანიზების მომსახურება გაწეულ უნდა იქნას ერთი სასტუმროს მიერ, ერთ შენობაში;
  • საკონფერენციო დარბაზი უნდა იყოს იზოლირებული და დამოუკიდებელი. საკონფერენციო დარბაზს უნდა ჰქონდეს დღის ბუნებრივი განათება (უფანჯრო ოთახები არ განიხილება) და უნდა ნიავდებოდეს.
  • საკონფერენციო დარბაზი არ უნდა იყოს განთავსებული სარდაფის ან ნახევრად სარდაფის ტიპის ფართობში;
  • სასტუმროს მთელ ტერიტორიაზე უნდა იყოს უფასო ინტერნეტი (“WI-FI”);
  • სასტუმროში უნდა ფუნქციონირებდეს ლიფტი;
  • ტრენინგების მსვლელობისას მონაწილეები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ დღის განმავლობაში საუზმით, სადილით, ვახშმითა და ყავის შესვენებით (ორჯერ). საუზმე, სადილი და ვახშამი უნდა იყოს მრავალფეროვანი, უნდა მოიცავდეს ძირითად ცივ და ცხელ კერძებს, სალათებს, დესერტს და უალკოჰოლო სასმელებს;
  • სასტუმრომ უნდა უზრუნველყოს ტრენინგებში მონაწილე, ერთდროულად 22 სტუმრის ინდივიდუალურ ნომრებში განთავსება და მომსახურება.
  • შესყიდვის ობიექტის ღირებულება განისაზღვრება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მიხედვით.
  • გასაწევი მომსახურების დაზუსტებული რაოდენობა და დრო მიმწოდებელს ეცნობება მომსახურების გაწევამდე 5 კალენდარული დღით ადრე.
  • იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველის მიერ დაგეგმილი ტრენინგების ჩატარების თარიღები შეიცვლება, აღნიშნულის შესახებ მიმწოდებელს შემსყიდველი შეატყობინებს დაგეგმილი ტრენინგების სავარაუდო განხორციელების თარიღამდე 5 დღით ადრე და შეათანხმებს ახალ თარიღს, თუ ამის შესაძლებლობა არსებობს;
  • დაგეგმილი შეხვედრის დაწყებამდე 5 დღით ადრე შემსყიდველი სასტუმროს გადასცემს დღის წესრიგს და მონაწილეთა სიას, ტექნიკური და საორგანიზაციო საკითხების მოწესრიგების მიზნით.

მომსახურების გაწევის პერიოდი: 2024 წლის 29 -31 მარტი.

ანგარიშსწორების პირობები: ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით ეროვნულ ვალუტაში (ლარი), ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესახებ გაფორმებული მიღება- ჩაბარების აქტის საფუძველზე.

ინფორმაცია ტენდერის მონაწილისთვის:

  • შეთავაზება წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულად, ქართულ ენაზე.
  • შეთავაზება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
    – პრეტენდენტის სახელწოდება;
    – პრეტენდენტის იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი;
    – ს/კ;
    – პასუხისმგებელი (საკონტაქტო) პირის სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი;
    – ინფორმაცია (პრეზენტაცია, ფოტო მასალა) სერვისის შესახებ;
    – მომსახურების შესაბამისი დეტალური ხარჯთაღრიცხვა (შემოთავაზება წარმოდგენილ უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში (ლარი). საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესასრულებელ სამუშაოებთან დაკავშირებული ყველა გადასახდელის გათვალისწინებით. შემოთავაზებული ფასი არ უნდა მოიცავდეს დღგ-ს).
    – ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (უახლოესი თარიღით განახლებული)

პრეტენდენტს შეარჩევს პროექტის გუნდი. შემსყიდველი ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ იმ პრეტენდენტს, რომელიც დააკმაყოფილებს ძირითად მოთხოვნებს.

განაცხადი მიიღება ელექტრონულად 2024 წლის 01 მარტიდან 10 მარტის ჩათლით 18:00 საათამდე მისამართზე: batumi_ijh@yahoo.com.  სათაურში მიუთითეთ „სასტუმროს მომსახურება“.

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ მისამართზე: ბათუმი, მემედ აბაშიძის გამზირი #48;

საკონტაქტო პირი: ირმა დიმიტრაძე. მობ.: 558455488; ელ.ფოსტა: batumi_ijh@yahoo.com


პროექტი მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ, მას ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით, რომელშიც შედიან ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) სამოქალაქო საზოგადოების ფონდი (CSF) და  თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი (IJH).

ნახევარი მილიონის ოქროს გადმოტანისთვის სარფის საბაჟოზე მძღოლი დააკავეს

სარფის საბაჟო საზღვარზე ნახევარ მილიონზე მეტი ლარის ღირებულების ოქროს საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტი გამოვლინდა, რაზეც დაკავებულია ერთი პირი. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მის კუთვნილ ავტობუსში მოწყობილი სპეციალური სამალავით, საბაჟო-გამშვები პუნქტი სარფის გავლით, საქართველოში შემოიტანა არადეკლარირებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის საიუველირო ნაკეთობები.

გამოძიების ამ ეტაპზე ავტობუსში აღმოჩენილია და ამოღებულია 5 კილოგრამზე მეტი ოქროს ნაკეთობები, სავარაუდო ღირებულებით 535 000 ლარი.

გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ავტობუსში სხვა შესაძლო სამალავების აღმოჩენისა და დამატებით კონტრაბანდული ძვირფასეულობის ამოღების მიზნით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7-წლამდე ვადით.

პირველი მარტიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება

დღეს, 29 თებერვალს, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი სრულდება, შესაბამისად, პირველი მარტიდან ნადირობა იკრძალება.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აცხადებს, რომ უკანონო ნადირობის პრევენციის მიზნით, 1-ელი მარტიდან კონტროლს 24-საათიან რეჟიმში განახორციელებს.

„აკრძალულ პერიოდში ნადირობის შემთხვევაში, კანონის დამრღვევი პირის მიმართ შესაბამისი საჯარიმო სანქციები იმოქმედებს. რიგ შემთხვევაში, მოხდება მოპოვებული ობიექტებისა და სანადირო იარაღის კონფისკაცია; ასევე, კანონის თანახმად, შესაძლოა, პირს სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლებაც ჩამოერთვას.

ფრინველის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, საჯარიმო თანხას, გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხაც ემატება. თუ მოპოვებული ნანადირევით გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი განიხილება.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, დარეკონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 153 [ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია], რათა დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს.“ – აცხადებს დეპარტამენტი.

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში გაიხსნება.

ხელვაჩაურში ძმის მკვლელობაში ბრალდებულს 16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ძმის სანადირო თოფით მკვლელობაში ბრალდებულ კაცს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საუბარია 2023 წლის 2 ივნისს მომხდარ შემთხვევაზე. გამოძიების ვერსიით, ხელვაჩაურში, სოფელ კიბეში ძმამ სანადირო თოფით ძმა მოკლა. სასამართლო პროცესებზე მოწმეებმა მოსამართლეს უთხრეს, რომ ბრალდებული მკვლელობის მოტივად მშობლების შეურაცხყოფას ასახელებდა და არასასურველ სასიყვარულო ურთიერთობას.

„ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო,“ – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორი ამინდი იქნება მარტის პირველ დღეებში ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 29 თებერვლის 21 საათიდან პირველი მარტის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 გრადუსი ყინვა – 3 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 1-2 ბალი, ზღვის წყლის ტემპერატურა +10 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 2 და 3 მარტს მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 29 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 29 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 413 760 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 150]
  • ტანკი – 6 593 ერთეული [+23]
  • ჯავშანტექნიკა – 12 552 ერთეული [+44]
  • საარტილერიო სისტემა – 10 070 ერთეული [+41]
  • MLRS – 1 000 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 690 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 342 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 7 768 ერთეული [+15]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 912 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 25 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 13 152 ერთეული [+40]
  • სპეცტექნიკა – 1 601 ერთეული [+7]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 29 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 575 თვითმფრინავი
  • 267 ვერტმფრენი
  • 13 715 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 475 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 15 286 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 227 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 8 223 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 19 211 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook
Exit mobile version