სიახლეები

ქობულეთში შტორმით დანგრეული სანაპიროს აღდგენაში 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

02.03.2024
ქობულეთში შტორმით დანგრეული სანაპიროს აღდგენაში 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

ქობულეთში შტორმის დროს დაზიანებული სანაპირო ზოლის აღდგენა-რეაბილიტაციაზე მერიამ ტენდერი 1 928 800 ლარით გამოაცხადა.

ტენდერს ახლავს პროექტი, რომლის მიხედვითაც უნდა შესრულდეს სამუშაოები. პროექტი ითვალისწინებს როგორც ახალი კონსტრუქციების, ასევე შტორმის შემდეგ დაზიანებული და დასაწყობებული მასალებისა [მაგალითად ფილების] და ინვენტარის მოწყობას.

პირობის მიხედვით სამუშაოები, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადების მომდევნო დღიდან, 120 დღეში უნდა დასრულდეს.

ტენდერში წინადადებების მიღება კი, 2024 წლის 17 მარტს დაიწყება და 22 მარტს დასრულდება.

პლაჟზე ჩასასვლელად ქობულეთის სანაპიროზე მოსაწყობი ლითონის კიბე / ფოტო პროექტიდან

„შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა შეადგენს 3  წელს. საგარანტიო ვადის ათვლა იწყება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში შეწყვეტის მომენტიდან.

მიმწოდებელი პასუხს აგებს საგარანტიო ვადის ფარგლებში ობიექტის შეუფერხებელ ფუნქციონირებაზე. თუ საგარანტიო ვადის განმავლობაში აღმოჩნდება ობიექტის ნორმალური ექსპლუატაციისათვის ხელის შემშლელი ნაკლი, მიმწოდებელი ვალდებულებას ღებულობს საკუთარი ხარჯით აღმოფხვრას ნაკლი შემსყიდველის მიერ მითითებულ ვადაში.“ – აღნიშნულია ტენდერში.

სატენდერო მოთხოვნაა, რომ შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში შესრულებული ჰქონდეს წელიწადში საშუალოდ 2 893 200 ლარის ოდენობის ანალოგიური ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები.

2023 წლის 27 ნოემბერს, ძლიერი შტორმის შედეგად ქობულეთში ზღვა სანაპიროზე გადმოვიდა, დააზიანა ინფრასტრუქტურა და დატბორა სახლები:

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: