მთავარი,სიახლეები

სანადირო თოფით ძმის მკვლელობის საქმე – „გასროლის ხმა მახსოვს მხოლოდ“

31.01.2024 •
სანადირო თოფით ძმის მკვლელობის საქმე – „გასროლის ხმა მახსოვს მხოლოდ“

„ჩვენებას არ ვაძლევ“, – მხოლოდ ეს უთხრა მოსამართლე ნინო სახელაშვილს სასამართლოში მოწმის სახით დაბარებულმა რევაზ ლ.-მ, რომელიც მოკლული კაცის მამაა. მკვლელობაში რევაზ ლ-ს მეორე შვილია ბრალდებული.

2023 წლის 2 ივნისს, პროკურატურის ვერსიით, ხელვაჩაურის ერთ-ერთ სოფელში ძმამ სანადირო თოფით ძმა მოკლა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში ეს საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეა. დღეს, 31 იანვარს, მოსამართლემ ექსპერტების ჩვენებები მოისმინა.

ბრალდებულის მამას კანონი აძლევს უფლებას, არ მისცეს ჩვენება ოჯახის წევრის წინააღმდეგ. მოსამართლემ მოწმეს ასევე განუმარტა, რომ სხდომათა დარბაზის დატოვება შეეძლო. თუმცა მან დარბაზში დარჩენა არჩია – მეორე რიგის ერთ სკამზე ჩამოჯდა და ექსპერტებს თავიდან ბოლომდე მოუსმინა.

„დავღუპე და მეც დავიღუპე თავი“, – მკვლელობაში ბრალდებულთან გასაუბრების ჩანაწერები წაუკითხა მოსამართლეს ფსიქიატრიული ექსპერტიზის ფსიქიატრმა, მაკა დადიანმა. მისი, როგორც ექსპერტის დასკვნით, ბრალდებული ფსიქიკურად დაავადებული არ არის.

კიდევ ერთი ექსპერტის, ფსიქოლოგის დასკვნით, ბრალდებული არც აფექტურ მდგომარეობაში იყო დანაშაულის ჩადენის დროს.

„გასროლის ხმა მახსოვს მხოლოდ, ასე მგონია, კინოში ვარ,“ – ამჯერად ფსიქოლოგმა გაიხსენა, რა უთხრა შეხვედრის დროს მკვლელობაში ბრალდებულმა.

„წინა დღით სანადიროდ ვიყავი, ამიტომაც მქონდა ტყვიები იქვე… დედას დასცინოდა, აბუჩად იგდებდა, ყველაზე მეტად ეს ვერ ავიტანე,“ – უთქვამს ბრალდებულს ფსიქოლოგებისთვის.

მკვლელობაში ბრალდებული რამაზ ლ. 35 წლისაა. მას სამხედრო მოსამსახურედ მუშაობის გამოცდილება აქვს და ავღანეთშიც ყოფილა. რამაზ ლ. აგვისტოს ომის მონაწილეცაა.

„მოტივთან დაკავშირებით დაგისახელათ მშობლების შეურაცხყოფა და არასასურველი სასიყვარულო ურთიერთობა?“ – ფსიქიატრს სთხოვა დაკონკრეტება პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ.

„დიახ, ასეა,“ – ჩაილაპარაკა მოწმემ, რომელიც დისტანციურად, სოციალური ქსელის საშუალებით გამოიკითხა თბილისიდან.

მოწმეების თქმით, ბრალდებული მათთან გასაუბრების დროს მკვლელობის მოტივად ძმის მხრიდან მშობლების სისტემატურად შეურაცხყოფის გარდა ასახელებდა იმას, რომ „ის ქუჩურ ცხოვრებას მისდევდა“. და  ასევე: გარდაცვლილს დაქორწინება სურდა ქალთან, ვისაც ორი შვილი ჰყავდა წინა ქორწინებიდან.

„იმ დილითაც ვცადე დალაპარაკება ძმასთან, ვინ ჩემი ფეხები ხარო… დედა შეესწრო, როცა სანადირო თოფი გამოვიტანე… ბიძაშვილის ცოლმა სასწრაფოს დაურეკა, მე მხოლოდ წინ და უკან დავდიოდი,“ – ესეც ფსიქოლოგის ჩანაწერია.

„ვერ დაგელაპარაკებით,“ – გვიპასუხეს მოკლულის ოჯახის წევრებმა და ადვოკატმა, ვისთან გამოლაპარაკებაც სხდომის დასრულების შემდეგ ვცადეთ.

სასამართლოსთვის ჩვენება ჯერ არ მიუცია ბრალდებულს. გამოსაკითხი კიდევ 3 მოწმე დარჩა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: