მთავარი,სიახლეები

ხელისუფლებავ: რიჟვაძევ, ივანიშვილო, გვითხარით, სად ვიცხოვროთ – ქალების აქცია ბათუმში

03.03.2024 • 3938
ხელისუფლებავ: რიჟვაძევ, ივანიშვილო, გვითხარით, სად ვიცხოვროთ – ქალების აქცია ბათუმში

დღეს, 3 მარტს, ბათუმში უსახლკარო და მარტოხელა ქალებმა აქცია გამართეს.

მოქალაქეების თქმით, ისინი საცხოვრების გარეშე არიან დარჩენილნი და ხელისუფლება მათ ყურადღებას არ აქცევს.

აქციაზე იმყოფებოდა მარტოხელა დედა მაგული ფუტკარაძეც, რომელმაც გვითხრა, რომ მის შვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ერთადერთი საცხოვრებელი ბინა წლების წინ, სწორედ შვილის მკურნალობის გამო გაყიდა.

დღეს კი დედაც და შვილიც ღია ცის ქვეშ არიან დარჩენილები.

„დღეს დედის დღეა და წესით, ჩვენს ოჯახებში, შვილებთან ერთად უნდა ვიყოთ თბილად, მაგრამ ეს ფუფუნება ჩვენ არ გვაქვს, ქუჩაში ვართ. ავადმყოფ შვილთან ერთად სხვის სახლში ვარ შეკედლებული. ვინ შეგიკედლებს ამდენი ხნით?

ორი წელია ვიბრძვი, კარდაკარ დავდივარ, დღე და ღამეს ვათენებდით მთავრობის სახლის წინ – ზამთარი, ზაფხული, წვიმაში, ქარში ბავშვებთან ერთად და ხელისუფლება არ გამოსულა და არ დაინტერესებულა, როგორ ხართ და რა გიჭირთო“, – ამბობს მაგული ფუტკარაძე.

მაგული ფუტკარაძე

ქალის თქმით, როცა აჭარის მთავრობის შენობის წინ აქციებს მართავდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები ფანჯრებიდან უყურებდნენ და იცინოდნენ.

„დაგვიდგნენ გვერდით, რაღაც ტვირთი მაინც შეგვიმსუბუქონ. ჩემი შვილი ავად არის და რა ვქნა, ჩემი პენსიით ვიყიდი მე სახლს დღეს? რა თქმა უნდა, ვერ ვიყიდი.

მარტოხელა დედა ვარ, მარტოდ გავზარდე შვილი. რა გავაკეთო, დავრჩი ქუჩაში უსახლკაროდ. არავინ მიკედლებს, ქირას ვერ ვიხდი“, – ამბობს მაგული.

მას ვკითხეთ, რატომ შეიძლება ვერ ეხმარებოდეს ხელისუფლება ამ ქალებს, უსახლკარო მოქალაქეებს? მაგული ასკვნის, რომ ხელისუფლებას გაჭირვებული მოქალაქეები არ აინტერესებს.

„ამას წინათ აქცია იყო და დამიბარეს მთავრობის სახლში. 2 ათას ლარს მოგცემთ და გაჩერდიო. ორი ათასი ლარი მეყოფა? რაში გადავიხადო ორი ათასი?

წყლის, პურის და მარილის ფული მაქვს, სახლი არ მაქვს. სად წავიდეს ჩემი შვილი, როცა მე აღარ ვიქნები, ვინ შეხედავს? არავინ. რაღაც კუთხე ხომ უნდა დავუტოვო შვილს“, – ამბობს მაგული ფუტკარაძე.

ის კითხვებს სვამს და პასუხს ელოდება ხელისუფლებისგან.

„რა ვქნა, დამაკვალიანეთ, ხალხო, სად წავიდე. ხელისუფლებავ, – რიჟვაძევ, ივანიშვილო, – დამაკვალიანეთ. სადმე კუთხე მომეცით, რომ ვიცხოვრო“, – ამბობს მაგული.

ქალის თქმით, მას შესთავაზეს, სადმე შენობაში შეჭრილიყო უკანონოდ, ოღონდ აქციაზე არ გასულიყო.

„მითხრეს, მაგული, მიდი, გატეხე რამე და შედი, აქციაზე აღარ მოხვიდეო. რატომ არ მოვიდე აქციაზე, მე, საქართველოს მოქალაქეს, მიშლიან ბათუმში გავლას?“ – ამბობს მაგული ფუტკარაძე.

აქციაზე იმყოფებოდა მზიური ბალაძეც, რომელიც რამდენიმე წელია ხელისუფლებას მისი პრობლემის გადაჭრას სთხოვს.

მზიური ბალაძე

მზიური ამბობს, რომ ჰყავს შშმ შვილი და თვითონაც ონკოპაციენტია.

„რატომ არ შეუძლია ბათუმის მერიას, რომ უსახლკარო ხალხს ყურადღება მოგვაქციოს, სადმე შეგვასახლოს და მოგვცეს რაიმე ფართობი?

ქირის საშუალება არ მაქვს, ამიტომ მეც სხვის სახლში ვარ შეკედლებული“, – ამბობს მზიური ბალაძე.

შშმ შვილის დედაა ელვარდი ნოვოსარდიანიც, რომელიც ასევე უსახლკაროა.

ელვარდი ნოვოსარდიანი

„შვილი მყავს შშმ პირი დაბადებიდან. ვწვალობ, მარტოხელა ქალი ვარ, არავინ არის ჩემი დამხმარე, რომ ბინა ვიყიდო.

მთავრობას ვთხოვ, ყურადღება მოგვაქციოს. რატომ არ გვაქცევენ ყურადღებას, რისთვის სხედან მერიაში, ფულის გულისთვის? ვცადე მერთან შეხვედრა, მაგრამ არ შემხვდა. აქ, ბათუმში, არ არის სოციალური სახლები, რა სახლ-კარი გინდაო – ასე მითხრეს.

ბაზარში დამლაგებლად ვმუშაობ 400 ლარზე, 300 ლარს ბინის ქირაში ვიხდი, ასი ლარით როგორ ვიცხოვროთ? არ გვყოფნის არაფერში. რამდენი ხანი უნდა ვჭამოთ ერთი პური ორმა ადამიანმა? ამ სასადილოს საჭმელი და ერთი ცალი პური არჩილ ჩიქოვანმა წაიღოს და თავის ოჯახს აჭამოს.

არც მინდა ამათი საჭმელი, მომცეს ერთი კუთხე, რომ ვიყო ჩემს შშმ შვილთან ერთად“, – ამბობს ელვარდი ნოვოსარდიანი.

ნაზი იაკობაძე

ნაზი იაკობაძეს 4 შვილიშვილი ჰყავს. მის შვილს საცხოვრებელი ბინა არ აქვს და დახმარებას სახელმწიფოს სთხოვს.

„ჩემს ქალიშვილს ბინა არ აქვს, მისი სახლი კი ეროზირებულია და ოთხ შვილთან ერთად ჩემთან არის შემოკედლებული. მინდა, რომ ხელისუფლება დაეხმაროს“, – გვეუბნება ის.

თინა ანთაძე

ეროზირებულია თინა ანთაძის სახლიც. ის ხულოდან, სოფელ გელაძეებიდანაა. სოფელი მეწყრულმა პროცესებმა სერიოზულად დააზიანა. აღარ არსებობს სოფელში მისასვლელი გზები, საცხოვრებელი სახლები საფრთხის ქვეშაა.

„ჩვენი სოფელი გარესამყაროს მოწყვეტილია. ასე, ღია ცის ქვეშ რამდენი ხანი უნდა ვიყოთ. დღე-ხვალ, დღე-ხვალ, გვპირდებიან და მერე ჩუმდებიან“.

მისი თქმით, ხელისუფლება დაზარალებულ ოჯახს არც ქირის თანხით ეხმარება.

„სოფელში ვერ შევდივართ, ვერ გამოვდივართ. აქ ჩამოვედი ოჯახით და ხელვაჩაურში, ავტოფარეხში ვართ გაჩერებული“, – ამბობს თინა ანთაძე.

უსახლკარო მოქალაქეები ხელისუფლებას საცხოვრებელს სთხოვენ.

უსახლკარო ადამიანები აჭარის მთავრობის შენობასთან აქციებს რეგულარულად მართავენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ჯერჯერობით ხელისუფლება მოქალაქეების მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს. ამის მიუხედავად ისინი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: