„ბათუმელების“ რესპონდენტი მოზარდების აზრით, მე-12 კლასმა საჯარო სკოლებში, ფაქტობრივად, ფუნქცია დაკარგა.
ახალგაზრდების აზრით, ეს განაპირობა იმან, რომ დამამთავრებელ კლასში მოსწავლეების 95 პროცენტი კერძო მასწავლებელთან ამჯობინებს იმ საგნებში მომზადებას, რომლებიც ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებისთვის სჭირდებათ. ისინი აღარ მიიჩნევენ საჭიროდ, დრო დაკარგონ ისეთი საგნების სწავლაზე, რაც მათ სამომავლო გეგმებში აღარ შედის.
ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, თუ რის გამო აღარ უღირთ ბოლო წელს სკოლაში სიარული, მოზარდები კლასების გადატვირთულობასაც ასახელებენ.
„რეპეტიტორთან მაქსიმუმ 6 ან 7 მოსწავლე ვართ, კლასში კი 30-35 მოსწავლეა. ეს საშუალებას აძლევს რეპეტიტორს, რომ მოასწროს დავალებების გამოკითხვაც და მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობაც. კლასში კი ეს ვერ ხერხდება.
გარდა ამისა, რეპეტიტორთან ყურადღება გამახვილებულია უფრო ეროვნული გამოცდების საკითხებზე, სკოლა კი მიყვება დადგენილ სტანდარტს, გეგმას“, – ამბობს მეთორმეტეკლასელი მარიამ შაფათავა.
მისი თქმით, ძალიან რთულია 35-ბავშვიან კლასში მასწავლებელი ყველა მოსწავლის საჭიროებას თანაბრად გასწვდეს.
„მაშინ გაკვეთილი ისეთი საინტერესო უნდა იყოს, რომ ყველა მოსწავლე ჩაერთოს პროცესში. სამწუხაროდ, ეს ასე არ არის.
პრობლემაა ისიც, რომ მე-12 კლასში მოსწავლეებს უკვე აქვთ ერთი მიზანი – ჩააბარონ ეროვნული გამოცდები წარმატებით და ამის იქით სხვა არაფერი აინტერესებთ.
შესაბამისად, მოსწავლეები აღარ უსმენენ იმ გაკვეთილებს, რომლებიც მათ ეროვნულზე არ სჭირდებათ. თუ ბიოლოგია არ აინტერესებს მოსწავლეს, მისი ყურადღება ამ გაკვეთილზე, ბუნებრივია, სხვაგან არის მიქცეული, ხომ? ცდილობს გაიხედოს იქით-აქეთ, გადაიჩურჩულოს, ეს ქმნის ხმაურს, მერე იწყება კითხვები – ვინ ხმაურობს? რატომ ლაპარაკობთ? და იქმნება კონფლიქტური გარემო კლასში.
ვიღაც კალამს გაისვრის, ვიღაც რაღაცას და ის მოსწავლეც კი, რომელიც მოტივირებული იყო, ვთქვათ, ამ გაკვეთილის მოსასმენად, ისიც აღარ უსმენს. მოტივაცია ეკარგება“, – ამბობს მარიტა ღოღობერიძე.
მარიტას აზრით, ასეთ გაკვეთილებზე მოსწავლის ყურადღების მიპყრობა, მით უმეტეს 45 წუთში, შეუძლებელია.
„ზოგადად, აქტიურობა არის ბავშვის ბუნება, ამიტომ კეთებით სწავლება, აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი ყოველთვის ამართლებს. ასეთ გაკვეთილებს ატარებდა ჩემი ქართულის მასწავლებელი და არასდროს დამავიწყდება მისი გაკვეთილები, სადაც ყველა მოსწავლე ჰყავდა პროცესში ჩართული.
ასე ვისწავლეთ „შუშანიკის წამებაც“, რომელიც რთული ტექსტია წასაკითხად, რადგან არ გვესმის ძველი ქართული და გვიჭირდა ამ ტექსტების აღქმა.
გავაკეთეთ ინსცენირება „შუშანიკიდან“, მაგალითად, პურის ჭამის სცენა გავაცოცხლეთ და ეს არასდროს დამავიწყდება.
კეთებით, ინსცენირებით, ბევრად კარგად აღიქვამ გმირსაც, პროცესებსაც და გეხმარება პრობლემის, თემის გააზრებაში. თუ ასეთი იქნება გაკვეთილები, ბუნებრივია, მოსწავლეების მოტივაციაც გაიზრდება.
თუმცა მე-12 კლასში მაინც არ ვარ სათანადოდ ჩართული. არ ვიცი, რაღაც შეიცვალა ალბათ და ეს უკავშირდება ისევ და ისევ იმას, რომ აქცენტი გადატანილი მაქვს ეროვნულ გამოცდებზე და არა საგაკვეთილო პროცესზე“, – გვეუბნება მარიტა ღოღობერიძე.
მარიამ შაფათავაც მიიჩნევს, რომ მე-12 კლასში ისე უნდა იყოს სასწავლო პროცესი წარმართული, რომ მოსწავლეებს რეპეტიტორთან სიარული არ დასჭირდეთ.
„სკოლა უნდა აძლევდეს მოსწავლეს ისეთ განათლებას, რომ ცალკე მომზადების გარეშე შეძლოს ეროვნული გამოცდების ჩაბარება.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, სკოლა ეხმარებოდეს მოსწავლეებს პროფესიულ ორიენტაციაში“, – ამბობს მარიამი.
მის პოზიციას იზიარებს მარიტაც.
„ამდენი გაკვეთილი ტარდება ხომ, კარგი იქნება, თუ ერთი გაკვეთილი მაინც დაეთმობა პროფესიების განხილვას, რადგან მოსწავლემ უფრო ადრეულ საფეხურზე შეძლოს იმის გარკვევა, რომელი პროფესია უფრო აინტერესებს.
ჩემი აზრით, მეშვიდე კლასიდან უკვე უნდა დაიწყოს მოსწავლემ ამაზე ფიქრი.
დღეს ჩემ გარშემო ძალიან ბევრი ბავშვი ემზადება, დადის რეპეტიტორთან და მაინც არ იციან, სად ჩააბარონ, რა უნდათ ცხოვრებაში, რისი კეთება მოსწონთ. როცა ბოლო წელს ფიქრობ სადღაც ჩაბარებაზე და მაინც არ ხარ არჩევანში დარწმუნებული, ეს პრობლემაა.
ეს უნდა იყოს გააზრებული არჩევანი, რომ უნივერსიტეტში გატარებული წლებიც არ აღმოჩნდეს დაკარგული“, – ამბობს მარიტა.
მარიამ შაფათავა სკოლებში „არების“ საკითხსაც შეეხო: მისი აზრით, ეს დამატებითი პრობლემაა მეთორმეტეკლასელებისთვის, რადგან სახელმწიფო პრობლემის გადაჭრის ნაცვლად კლასებში მოსწავლეების შეკავებას სადამსჯელო მექანიზმით ცდილობთ.
„სამინისტრო ითხოვს, რომ მეთორმეტეკლასელები გაკვეთილებზე ისხდნენ და ძალიან გაამკაცრეს „არების“ დაწერა. თუ „არებზე“ გაწითლდი, მაშინ ექსტერნი უნდა ჩააბარო. აქეთ ეროვნულები, აქეთ ექსტერნი. ეს სტრესია.
ახლა ხანდახან იმის გამო მივდივარ, რომ არები არ დამეწეროს, მაშინ, როცა შემიძლია, რომ გამოვიძინო და კერძო გაკვეთილებზე დამშვიდებული წავიდე.
ამის გამო მთელი დღე გარეთ ვარ, ვეღარც ჭამას ვასწრებ და მთელი დღე გარეთ მიწევს ყოფნა“, – ამბობს მარიამ შაფათავა.
„მე არანაირად არ მჭირდება დავიტვირთო ზედმეტად თავი იმ პროგრამით, რომელიც ეროვნულ გამოცდებზე შეიძლება არ შემხვდეს. ჩემი ერთადერთი მიზანი ეროვნულის კარგად ჩაბარებაა და არა გაკვეთილებზე დასწრება“, – გვეუბნება მარიტაც.
მოსწავლეების აზრით, მე-12 კლასი იმ შემთხვევაში შეიძენს ფუნქციას, თუ სკოლა ჩაენაცვლება კერძო მასწავლებელს და თავად იკისრებს მოსწავლეების მომზადებას ეროვნული გამოცდებისთვის.
„ეს იქნება მხოლოდ გამოსავალი, რადგან თუ მეცოდინება, რომ სკოლაში იმ საგნებს გავივლი უფრო ღრმად და საფუძვლიანად, რომლებიც უნდა ჩავაბარო ეროვნულზე, მაშინ ვივლი სკოლაში და აღარ გავიქცევი რეპეტიტორთან.
იყოს თუნდაც 6 გაკვეთილი, ოღონდ ძირფესვიანად გავიაროთ ის მასალა, რაც მჭირდება მომავლისთვის. კლასში ჩავუჯდები და აქ მოვისმენ გაკვეთილს, როცა მეცოდინება, რომ ეს გამომადგება სამომავლოდ“, – ამბობს მარიტა.
მარიამის თქმით, მოსწავლის განათლებაზე სკოლამ, სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა.
„ითქვა, რომ მომავალში შეიცვლება მოდელი და მოსწავლეები სკოლის გამოცდებით შეძლებენ უმაღლესში ჩაბარებას. თუ სკოლა მოინდომებს და მოსწავლეს მისცემს მაქსიმალურ ცოდნას, ეს ძალიან ბევრ რამეში დაგვეხმარება“, – ამბობს მარიამი.
ინგლისური ენის რეპეტიტორი და კერძო სკოლის ყოფილი მასწავლებელი, სალომე გორგილაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში მთელი 12 წელი თუ არა, ბოლო ორი წელი თითქმის ყველა კერძო რეპეტიტორთან ემზადება და ეს თითქოს გარდაუვალია.
„ჩემს პრაქტიკაში მქონია შემთხვევები, როცა მითქვამს მშობლისთვის, რომ მის შვილს არ სჭირდება მომზადება, თუმცა ის ამბობს – იყოს, მაინც.
მათ არ აქვთ ნდობა არც სკოლის, არც მასწავლებლის, არც შვილების მიმართ და ალბათ ამის საფუძველიც აქვთ.
მეორე პრობლემაა ის, რომ ზუსტად ამის გამო ყველა ბავშვს, სულ რომ არაფერი აკეთოს, აქვს მოლოდინი, რომ ბოლო წლებში მაინც მოემზადება. თუმცა მერე აღმოაჩენს, რომ აღარ აქვს საკმარისი უნარები, ამხელა მასალა ერთდროულად აითვისოს და კარგავს მოტივაციას.
თავი და თავი პრობლემის კი არის ის, რომ განათლების სისტემა არ გვივარგა, ვეღარ პასუხობს მოთხოვნებს, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს სულ ტარდება რეფორმები. ახალი მაკულატურით, ახალი ფურცლომანიით დააკისრეს პედაგოგს ყველაფერი, გარდა იმისა, რაც მას რეალურად ეკისრება.
უმაღლესში ჩაბარების სისტემაც არასწორია, რადგან მთელი 12 წელი ბავშვი უნდა იყოს ჩართული სასწავლო პროცესში და ერთი წლის მონაცემით არ უნდა ხდებოდეს მიღება.
სისტემა არ გვივარგა, პროგრამა, კურიკულუმი არ გვივარგა, სკოლები არ არის სათანადოდ აღჭურვილი, სკოლები გადაჭედილია ბავშვებით და ორ-ორ ცვლაში ასწავლიან. ეს ძალიან არაეფექტურია. ბევრ სკოლას სპეციალისტების პრობლემა უდგას და ამდენი პრობლემის ფონზე არ არის გასაკვირი, რომ ბავშვებს აქვთ პრეტენზიები.
პრობლემები გვაქვს ყოველმხრივ. ასევე გვაქვს მოსწავლეების პასუხისმგებლობის პრობლემაც.
თაობებს რომ ვუყურებ, არიან საოცრად ჭკვიანები, კრეატიულები, არიან ბავშვები, რომლებიც თავისით სწავლობენ უცხო ენას, ბევრ უნარს ივითარებენ. არ ვიცი, სად ვუკლავთ მათ ამ უნარებს და მოტივაციას – სკოლაში თუ სახლში.
საბოლოოდ მაინც ვერ ვიღებთ იმას, რასაც უნდა ვიღებდეთ ახალი თაობისგან“.
თუკი შეიცვლება მოდელი და სკოლის გამოცდებით ჩაირიცხებიან მოსწავლეები უმაღლესში, მოშლის ეს რეპეტიტორის ინსტიტუტს? – სალომე გორგილაძის თქმით, ეს მოდელი აპრობირებულია მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში.
„თუმცა საქართველოში მეეჭვება, რომ ამან იმუშაოს, რადგან ჩვენთან ნეპოტიზმი ყვავის“, – გვეუბნება ის.
„რაღაც დონეზე კორუფციაც გვაქვს, შესაბამისად, მგონია, რომ ჯერ ამ მოდელისთვის მზად არ ვართ. ჯერჯერობით, საქართველოში ისიც კი პრობლემაა, რომ ნაცნობის თუ მეგობრის შვილს სამართლიანად დაუწერო ნიშანი. მე სკოლას ზუსტად იმიტომ დავანებე თავი, რომ აღარ მქონდა იმის ნერვები მომესმინა მშობლებისთვის, თუ როგორ იყო მისი შვილი წინა წლებში ათოსანი და ახლა რა დაემართა.
ორი ვარიანტია – ან ტყუილად იღებდა მაღალ ნიშნებს, ან მასალა გართულდა უსაშველოდ. მე კიდევ არ შემიძლია ტყუილად დავუწერო ვინმეს ნიშანი“.
სალომეს თქმით, საბოლოოდ, მაინც სახელმწიფოს პასუხისმგებლობა იკვეთება, რადგან თუ სახელმწიფო არ შეიმუშავებს ეფექტურ მოდელს, „მასწავლებელი ჯადოქარიც რომ იყოს, ამინდს ვერ შექმნის. უნდა იყოს გამართული სისტემა, სადაც არც მოსწავლეს და არც მასწავლებელს არ ექნებათ იმის საშუალება, რომ რაღაც ისე არ გააკეთონ, რაც საჭიროა ხარისხიანი განათლების მისაღებად“, – ამბობს სალომე გორგილაძე.