მთავარი,სიახლეები

კომპანიამ ქობულეთის კულტურის ცენტის რეაბილიტაცია ვერ დაასრულა – მერია კონცერტს ღია ცის ქვეშ მართავს

01.03.2024 •
კომპანიამ ქობულეთის კულტურის ცენტის რეაბილიტაცია ვერ დაასრულა – მერია კონცერტს ღია ცის ქვეშ მართავს

ხვალ, 2 მარტს, ქობულეთში ჯგუფ „რეროს“ სოლო კონცერტი უნდა გაიმართოს. კონცერტის ორგანიზატორი ქობულეთის მერიაა. არსებული ინფორმაციით, კონცერტი ქობულეთის კულტურის ცენტრში უნდა გამართულიყო, თუმცა მერია იძულებული გახდა კონცერტის ადგილი შეეცვალა.

მერიის ინფორმაციით, კონცერტისთვის სცენა ღია ცის ქვეშ მოაწყვეს, რადგან ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ კულტურის ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები ვერ დაასრულა.

ქობულეთის კულტურის ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი ქობულეთის მერიამ 2023 წლის 30 იანვარს გამოაცხადა. შესყიდვის საწყის ღირებულებად 904 000 ლარი მიუთითეს. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, შპს „ნიკამ“, სამუშაოს შესრულება მერიას 840 720 ლარად შესთავაზა და უკონკურენტოდ მოიგო. სხვა კომპანიას ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობა არ მიუღია.

ხელშეკრულება 2023 წლის 29 მარტს გაფორმდა და მიმწოდებელს სამუშაოები მომდევნო 180 დღის განმავლობაში უნდა დაესრულებინა.

2023 წლის 31 ივლისს, ქობულეთის მერს, ლევან ზოიძეს, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა აცნობა კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულების, ხოლო ხელშეკრულების შესრულების ინსპექტირების ჯგუფმა ვადის გადაცილების შესახებ. მერს ასევე შეატყობინეს, რომ კომპანიას ხელშეკრულებაში გაწერილი პირობების შესაბამისად პირგასამტეხლოს გადასახდელი თანხიდან დაუქვეთდდნენ.

ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელი, ვახტანგ კაკალაძე მერს წერდა, რომ პირველი ეტაპის სამუშაოები 27 მაისის ჩათვლით უნდა დასრულებულიყო. შემდეგ ლევან ზოიძეს მეორე ეტაპის სამუშაოების დაგვიანებაზეც მისწერეს.

დოკუმენტების მიხედვით, ამ პერიოდის განმავლობაში ხელშეკრულებაში რამდენიმე ტექნიკური ხასიათის ცვლილება შევიდა პროექტის ავტორთან შეთანხმებით. სწორედ ამ ცვლილების გათვალისწინებით კომპანიას აღებული ვალდებულების შესრულების ვადა გაუზარდეს და  სამუშაოების დასრულების საბოლოო ვადად 2023 წლის 24 ნოემბერი განუსაზღვრეს.

#4- ცვლილებაში ვკითხულობთ, რომ ხელშეკრულება მოქმედია 2024 წლის პირველი მარტის ჩათვლით. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციით, კომპანიას უკვე ჩაურიცხეს 587 259 ლარი.

ქობულეთის მერის მოადგილე დავით ვერულიძე 29 თებერვალს მედიასთან ინტერვიუში ამბობს, რომ სამუშაოები უახლოეს მომავალში უნდა დასრულდეს, თუმცა კონკრეტულ ვადას ვერ ასახელებს.

კულტურის ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოების შეფერხების შესახებ „ბათუმელებს“ გასული წლის ოქტომბერში მოგვწერეს. 12 ოქტომბერს ინფორმაცია ოფიციალურად გამოვითხოვეთ. საჯარო ინფორმაცია ვერ მივიღეთ. კანონის დარღვევის შესახებ ქობულეთის მერს, 2024 წლის 9 თებერვალს ოფიციალურად ვაცნობეთ. ქობულეთის მერმა 14 სამუშაო დღის შემდეგ წერილობით გვაცნობა, რომ „კულტურის სახლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ყველა დოკუმენტაცია არის საჯარო და განთავსებულია spa.ge-ზე.“

ამ პასუხის მოსამზადებლად ქობულეთის მერიამ 14 სამუშაო დღე გამოიყენა

 

შპს „ნიკა“ 2014 წელს დაფუძნებული კომპანიაა და მის ასივე პროცენტს კომპანიის დირექტორი, მამუკა ჯიმშერაძე ფლობს.

ამ კომპანიამ აჭარის განათლების სამინისტროს ორი მნიშვნელოვანი პროექტი ჩააგდო. შეუსრულებელი ვალდებულებისა და ორი შეწყვეტილი ტენდერის შემდეგ შპს „ნიკამ“ 2023 წელს სახელმწიფო სტრუქტურებთან კიდევ  რამდენიმე მაღალბიუჯეტიანი კონტრაქტი გააფორმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: