მთავარი,სიახლეები

100 ათასი ლარი გამოვუყოთ ხულოში მეწყრით დაზარალებულ ოჯახებს – ენმ

02.03.2024
100 ათასი ლარი გამოვუყოთ ხულოში მეწყრით დაზარალებულ ოჯახებს – ენმ

დღეს, 2 მარტს, ხულოში, სოფელ გელაძეებში იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.

გელაძეები ერთ-ერთი სოფელია, რომელიც მეწყრის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა. განსაკუთრებით დაზიანებულია გელაძეებისა და პაქსაძეებს შორის დამაკავშირებელი გზა.

„ურთულესი და საგანგაშო მდგომარეობაა მაღალმთიან აჭარაში, სტიქიამ უსახლკაროდ დატოვა ასობით ოჯახი, დაზიანებულია გზები, ინფრასტრუქტურა.

დღემდე მოსახლეობის ნაწილი ცხოვრობს სტიქიის ზონებში, არ გააჩნიათ მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ ინფორმაცია, ბინის ქირისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 300 ლარიანი დახმარება არასაკმარისია.

ბინის შესაძენად კი ბიუჯეტიდან ჯერ კიდევ არ არის გამოყოფილი თანხები“, – ამბობს უმაღლესი საბჭოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“, გია აბულაძე.

დამეწყრილი სოფელი ხულოში

მისი თქმით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შემუშავებული აქვს 5-პუნქტიანი გეგმა სტიქიით დაზარალებულთა მხარდასაჭერად, რომელიც ითვალისწინებს მეწყრით დაზარალებული მოსახლეობის დახმარებას თითო ოჯახზე 100 – 100 ათასი ლარის ოდენობით.

ბინის ქირავნობისთვის კი სახელმწიფომ დაზარალებულ ოჯახებს უნდა გამოუყოს სულ ცოტა 500-1000 ლარი და დაუყოვნებლივ გაასახლოს სტიქიის ზონიდან.

ასევე, ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ეკომიგრანტი ბავშვები არ დარჩნენ საბავშვო ბაღისა და სკოლის მიღმა.

ამუშავდეს ეკომიგრანტების გადამზადებისა და დასაქმების პროგრამა“, – ამბობს გია აბულაძე.

ხულო. სოფელი გელაძეები

ხულოს ცენტრალური გზიდან სოფელ გელაძეებამდე მისვლა მხოლოდ ფეხითაა შესაძლებელი, უგზოდ დარჩენილი მოსახლეობა დამეწყრილ, ტალახიან და დაბზარულ გზებზე ფეხით გადაადგილდება.

ქვის ცვენა გამვლელებს საფრთხეს უქმნის, თუმცა უგზოდ დარჩენილი სოფლიდან მოსახლეობა საკუთარი ძალებით ცდილობს გამოსვლას, რომ საკვები შეიძინოს.

_________________________

მთავარი ფოტო: დამეწყრილი სოფელი გელაძეები.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: