განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვრის თქმით, სამომავლოდ საბაკალავრო პროგრამები სამწლიანი გახდება, მაგისტრატურა კი – ერთწლიანი.
თუმცა ამ ეტაპზე ეს ცვლილება ყველა პროგრამას არ შეეხება და მხოლოდ ერთ – ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულებაზე გავრცელდება.
„ამ ეტაპისთვის დადგენილია ბიზნესის და მენეჯმენტის მიმართულებისთვის. თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ სხვა მიმართულებითაც გავხსნათ.
ასევე წინსწრებით ვიტყვით, რომ ამ სამოცკრედიტიან, ანუ ერთწლიან სამაგისტრო პროგრამას ექნება ერთი მნიშვნელოვანი სიახლე – შესაძლებელი იქნება ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაბარება, მაგრამ თუ აბიტურიენტს სურვილი აქვს, რომ სახელმწიფო გრანტი მოიპოვოს, მხოლოდ ამ შემთხვევაში მოუწევს ეროვნულ გამოცდებზე გასვლა. თუმცა ამ პროგრამას გარკვეული შეზღუდვები ექნება და თუ სადოქტოროზე სურს ადამიანს სწავლის გაგრძელება, ამ შემთხვევაში სამაგისტრო იქნება ორწლიანი, ამ ეტაპზე“, – ამბობს გიორგი ამილახვარი.
მისი თქმით, სამწლიანი საბაკალავრო პროგრამა, საერთაშორისო პრაქტიკა და ამის არდანერგვა აცდენა იქნება ქართული უმაღლესი განათლების საერთაშორისო სტანდარტებთან.
„თუმცა ეს თავად უნივერსიტეტის გადასაწყვეტი იქნება. მათ შეუძლიათ ორივე პროგრამა განახორციელონ, როგორც მოისურვებენ. არ იზღუდება – არც 4-წლიანი, თუმცა შესაძლებლობას ვხსნით“, – ამბობს ამილახვარი.
მისი თქმით, ორივე პროგრამა – როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო იქნება ინგლისურენოვანიც, რაც საერთაშორისო სტუდენტებსაც მისცემს აქ სწავლის შესაძლებლობას.
„დღეს გარკვეული კომპონენტები საქართველოში შეზღუდულია და ამ ბაზარსაც ვხსნით, რადგან არ ვიყოთ მხოლოდ ერთ ან ორ ქვეყანაზე დამოკიდებული და საერთაშორისო სტუდენტებს სამედიცინოს გარდა სხვა სპეციალობებზეც შეეძლოთ განათლების მიღება საქართველოში“, – ამბობს ამილახვარი.
ამილახვრის თქმით, მომდევნო კვირიდან პარლამენტს ასევე წარუდგენენ კანონპროექტს, რომელიც სტუდენტებს დისტანციური განათლების შესაძლებლობას მისცემს.