მთავარი,სიახლეები

„ყვავილები არ არის აუცილებელი, იყოს სიყვარული“ – დედის დღე ბათუმში

03.03.2024 •
„ყვავილები არ არის აუცილებელი, იყოს სიყვარული“ – დედის დღე ბათუმში

დღეს 3 მარტს, საქართველოში ალბათ ყველაზე ბევრი ყვავილი გაიყიდა.

ბათუმის ქუჩებშიც შეხვდებით ადამიანებს – ბავშვებს, ქალებს, კაცებს, რომლებიც ყვავილებით ხელში სადღაც მიიჩქარიან.

ხალხმრავლობაა, ყვავილების გამყიდველებთანაც.

თედო და ნინიც ყვავილებს დედისთვის ყიდულობენ.

დედასთან მიაქვთ ყვავილები სალომეს და მელანოსაც. მათი თქმით, დედა მათთვის ყველაზე ძვირფასია ამქვეყნად, რადგან მასზე უკეთ არავინ ზრუნავს მათზე.

„ჩვენ უზომოდ გვიყვარს დედა, რადგან ბავშვობიდან სულ გვერდში გვიდგას ყველა საქმეში და ყოველთვის გვიგებს, გვეხმარება და ყოველთვის მეგობრად მიგვაჩნდა დედა“-ამბობენ გოგონები.

მეგი და ევაც დედასთან მიიჩქარიან ამ ყვავილებით.

გოგონების აზრით, ყველა დღე დედის უნდა იყოს და მხოლოდ 3 მარტს არ უნდა გაგახსენდეს მისი არსებობა.

„ჩემი აზრით დედა ყოველდღე იმსახურებს ყვავილებს. ესეც ძალიან მცირედია მის შრომასთან შედარებით. მარტო სუფრასთან არ უნდა გაგვახსენდეს დედა, ეს არ არის საკმარისი. ისიც გვინახავს, სუფრაზე დედის სადღეგრძელოს რომ სვამენ და მეორე წუთში ძალიან ცუდად ექცევიან და გულს ტკენენ. ეს დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს.“-ამბობენ გოგონები.

3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება.

3 მარტი – დედის დღე ბათუმში.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანაში დედის, ქალის მიმართ პატივისცემა სიტყვიერ დონეზე  გამოიხატება, საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა იმ ქვეყნებს შორის, რომელიც ქალზე ძალადობის მაღალი სტატისტიკით და ქალთა მკვლელობებით გამორჩევა.

მარტო გასულ წელს, საქართველოში 6 თვეში, 13 ქალი მოკლეს.

2018 წლიდან 2022 წლის ჩათვლით ქალთა მკვლელობებისა და მკვლელობის მცდელობების 183 შემთხვევა დაფიქსირდა ქვეყანაში.

„არ არის აუცილებელი ყვავილები, იყოს სიყვარული და სითბო. მეტი არაფერი გვჭირდება ამქვეყნად. “- ამბობს ნარგიზ ჯინჭარაძე.

_____________________

მთავარი ფოტო: სკაუტი ბავშვები ბათუმის ქუჩებში ქალებს ყვავილებს ჩუქნიან.

 

გადაბეჭდვის წესი