სიახლეები

 გომისმთაზე ასფალტი 2022 წელს უნდა დაეგოთ, რატომ ვერ დასრულდა ამ გზის მშენებლობა

29.02.2024 • 3380
 გომისმთაზე ასფალტი 2022 წელს უნდა დაეგოთ, რატომ ვერ დასრულდა ამ გზის მშენებლობა

საავტომობილო გზების დეპარტამენტი აცხადებს, რომ ოზურგეთი-გომისმთას საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს „აქტიურად ახორციელებს და ამ ეტაპზე უკვე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს“. თუმცა, ეს გზა 2022 წელს უნდა დასრულებულიყო.

აღნიშნული გზის 21-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, კერძო კომპანია New Road-თან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, 2022 წლის ნოემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ეს ვადა რამდენჯერმე გადაიწია. დეპარტამენტმა სამუშაოების დასრულების მიზნით კომპანიას დამატებითი ვადა ჯერ 2023 წლის აგვისტომდე მისცა, შემდეგ კი, იმავე წლის 16 დეკემბრამდე.

როგორც დღეს, 2024 წლის 29 თებერვალს, დეპარტამენტიდან მოგვწერეს, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2024 წლის აგვისტოში დასრულდება. რატომ გადაიწია სამუშაოების დასრულების ვადა, შესაბამისი დოკუმენტაცია შესყიდვების პორტალზე ამ დროისთვის არ იძებნება.

ასფალტის დაგება გომისმთაზე მისასვლელ გზაზე / ფოტო: გზების დეპარტამენტი / 29.02.2024

„სარეაბილიტაციო მონაკვეთი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს და მთაგორიან, დაუსახლებელ რელიეფზე გადის. გზა ბჟუჟჰესის ტერიტორიაზე იწყება და გომის მთის საკურორტო დასახლებაში სრულდება. შესაბამისად, ამ მონაკვეთზე გამართული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მნიშვნელოვანია ტურისტებისა და ვიზიტორების უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვისაც“, – აცხადებს გზების დეპარტამენტი.

გზაზე სამუშაოების დაწყებიდან დღემდე კურორტ გომისმთაზე მოხვედრა შეზღუდული იყო. ზაფხულის სეზონზე გზაზე გადაადგილება სპეციალური გრაფიკით იყო შესაძლებელი:

„არსებული გზა დაზიანებული და ხრეშოვანი იყო. სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია – გზის საფარისა და ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია და განახლება, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნების და მგზავრთა მოსაცდელი პავილიონების მოწყობა. ასევე, გათვალისწინებულია საავტომობილო გზის საგზაო ნიშნებით აღჭურვა, ზღუდარების მოწყობა, საგზაო ბოძკინტების დაყენება და სავალი ნაწილის მონიშვნა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 18.8 მილიონი ლარია“, – აღნიშნულია გზების დეპარტამენტის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში, თუმცა სამუშაოებში გაცილებით მეტი თანხა იხარჯება.

აღსანიშნავია, რომ დეპარტამენტმა New Road-თან ხელშეკრულება 2020 წლის 31 აგვისტოს გააფორმა 18 811 888 ლარზე [ტენდერი 23 837 700 ლარით იყო გამოცხადებული].

შესყიდვების პორტალის დღევანდელი მონაცემებით, ძირითად ხელშეკრულებაში ცვლილება 24-ჯერ შეიტანეს. სამუშაოების ღირებულება კი, 18,8 მილიონი ლარიდან 19,4 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

ამავე პორტალის მიხედვით, სახელშეკრულებო თანხის 98 პროცენტი კომპანიისთვის უკვე გადარიცხულია [19 474 387 ლარიდან გადახდილია 19 007 262 ლარი].

ასფალტის დაგება ოზურგეთი-გომისმთის გზაზე / ფოტო: გზების დეპარტამენტი / 29.02.2024

გადაბეჭდვის წესი


ასევე: