სიახლეები

მილიონები იხარჯება, შშმ პირები კი უსაფრთხოდ მაინც ვერ გადაადგილებიან – მოსწავლეების პეტიცია

01.03.2024 • 3847
მილიონები იხარჯება, შშმ პირები კი უსაფრთხოდ მაინც ვერ გადაადგილებიან – მოსწავლეების პეტიცია

მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში ადაპტირებული გარემოს შექმნის მიზნით ბიუჯეტიდან მილიონები იხარჯება, ეს რეალურ უსაფრთხო გარემოს შშმ პირებისთვის არ ქმნის. ერთი მხრივ, ეს გარემო ვერ აკმაყოფილებს ხარისხს იმ დონეზე, რომ რაც არის იმის გამოყენება მაინც იყოს შესაძლებელი უსაფრთხოდ, მეორე მხრივ კი, სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს შესაბამის კონტროლს იმისთვის, რომ შესაბამისი საჭიროების მქონე პირს მისთვის განკუთვნილი გზა, ავტომანქანის გასაჩერებელი ადგილი, მოსაცდელი და ასე შემდეგ ჩახერგილი არ დახვდეს.

ბათუმი, გორგილაძის ქუჩა. ფოტო გადაღებულია 29 თებერვალს. ბათუმის მერიასთან ახლოს.

ბათუმი, გორგილაძის ქუჩა. ფოტო გადაღებულია 29 თებერვალს. ბათუმის მერიის წინ.

 

ბათუმი, გორგილაძის ქუჩა. ფოტო გადაღებულია 29 თებერვალს. იგივე ავტომანქანა მერიის  შენობის მხრიდან – აქ კარგად ჩანს, როგორ კეტავს ავტომანქანა ზებრა გადასასვლელს.

ამ თემით დაინტერესებას მოქალაქეები უკვე აჭარის უმაღლეს საბჭოსაც სთხოვენ. შესაბამისი პეტიცია უმაღლეს საბჭოში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა „თემიდამ“ დაარეგისტრირა.

„ჩვენი ქვეყანა ცდილობს შექმნას ინკლუზიური გარემო, იზრუნოს მოქალაქეთა კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში დიდ გამოწვევად რჩება შშმ პირების უსაფრთხო გადაადგილება და ადაპტირებული გარემო.

ქვეყანაში ადაპტირებული გარემოს ნაკლებად ხელმისაწვდომობა პირდაპირ არის დაკავშირებული შშმ პირების უფლების განხორციელების შეზღუდვასთან.

უსინათლო ან/და მცირედ მხედველ ადამიანებს თანმხლები პირების გარეშე უჭირთ ქუჩაში უსაფრთხოდ გადაადგილება. მათ მცირე ნაწილს უსინათლოთა ხელჯოხები გადაეცათ. თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენს ქვეყანაში ტაქტილური ფილები ისე არ არის დამონტაჟებული, რაც ხელს შეუწყობდა მათ უსაფრთხო გადაადგილებას. ბევრ უბანსა და ქუჩაზე ეს ფილები დაზიანებულია ან/და საერთოდ არ არის“, – ვკითხულობთ პეტიციაში.

მოსწავლეები უმაღლეს საბჭოს სთავაზობენ გზებს, რაც, მათი აზრით, პრობლემას გადაჭრის.

  • ყურადღება უნდა გამახვილდეს ორიენტაციასა და ბილიკებზე. ტაქტილური ფილები განლაგდეს თანმიმდევრულად ბილიკებზე, რითაც უსინათლოები ან/და მცირედ მხედველები იხელმძღვანელებენ.
  • სასურველია გამოიკვეთოს საკვანძო ადგილები: საცალფეხო გადასასვლელები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმოსვლის გზის მონაკვეთები, კომერციული უბნები, სამთავრობო შენობები და რეკრეაციული სივრცეები; შეიქმნას თანმიმდევრული შაბლონები, ტაქტილური ფილების თანმიმდევრული და ადვილად გასარჩევი ნიმუშები, რათა იოლად შეძლოს ნავიგაცია უსინათლო ან/და მცირედ მხედველმა ადამიანმა.
  • მონიტორინგი უნდა განხორციელდეს რეგულარულად, დაზიანებული ფილები ჩანაცვლდეს ახლით (სასურველია დაზიანებული ფილები შეინახოს, აუცილებლობის შემთხვევაში, დროებითი გამოყენების მიზნით), რათა უზრუნველყოფილი იყოს უსინათლო ან/და მცირედ მხედველი მოქალაქეების გზაზე უსაფრთხოდ გადაადგილების პროცესი.

ბათუმი, გორგასლის ქუჩა. ფოტო გადაღებულია 29 თებერვალს.

პეტიციის ავტორებმა საინფორმაციო კამპანიის საჭიროებაზეც გაამახვილეს ყურადღება. ისინი ითხოვენ საზოგადოების ინფორმირებულობისთვის პერიოდულად მოეწყოს საინფორმაციო კამპანია:  „შეიტანე წვლილი თანამოქალაქის უსაფრთხო გადაადგილებაში“, რათა მოქალაქეებმა გააცნობიერონ ტაქტილური ფილების მნიშვნელობა უსინათლო ან/და მცირედ მხედველი ადამიანების უსაფრთხოდ გადაადგილების პროცესში.“

პარკირება საჯარო სკოლასთან

პეტიცია უმაღლეს საბჭოში ინგა მოსიძემ 2024 წლის 9 თებერვალს დაარეგისტრირა. პეტიციაზე უკვე დაფიქსირებულია 202 ხელმოწერა.

უსინათლო ან მცირედმხედველი ადამიანების უსაფრთხო და ინკლუზიური გარემოს შექმნის თაობაზე პეტიცია უმაღლესი საბჭოს იურიდიულმა სამსახურმა იურიდიულად გამართულად მიიჩნია. პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება გრძელდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: