მუნიციპალურ ინსპექციას „ამბასადორი აილენდის“ უკანონო მშენებლობა ჯერ კიდევ არ შეუსწავლია

მიმდინარეობს შესწავლა – გვიპასუხეს ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში, როცა „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ უკანონო მშენებლობაზე ვიკითხეთ. ინსპექციას ვკითხეთ, რა რეაგირება ჰქონდა ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩაზე, სახელმწიფოს ტერიტორიაზე მერის ნებართვის გარეშე დაწყებული მშენებლობის გამო.

ამ მშენებლობის თაობაზე „ბათუმელებმა“ 13 ივლისს გამოაქვეყნა სტატია. დღეს 20 ივლისია, მასალის გამოქვეყნებიდან კი ხუთი სამუშაო დღე გავიდა. თუმცა ინსპექციას არც კი გაუფრთხილებია კომპანია, რომელიც ქალაქის თვალსაჩინო ადგილას უკანონოდ აშენებს. მერიის პასუხია – „მიმდინარეობს შესწავლა“ .

ასე ხდება „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ შემთხვევაში, როცა დიდ ფულს დიდი ძალა აქვს, სხვა დროს კი ინსპექცია გაცილებით  ოპერატიულია.    საქმე ისაა, რომ ეს კომპანია აჭარის მთავრობის მხარდაჭერით სარგებლობს. 

„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ 82 პროცენტი ელგუჯა ქებურიას ეკუთვნის. ამ კომპანიამ ბათუმის ბულვარში მიმდინარე მშენებლობისას სანებართვო პირობები არაერთხელ დაარღვია. თუმცა, მიუხედავად ამისა, ის ყოველთვის სარგებლობდა აჭარის მთავრობის მხარდაჭერით: ნაბართვის გამცემი ორგანო, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო, ყოველთვის ითანხმებდა ახალ პროექტს, რაც დარღვევას ამართლებდა. ელგუჯა ქებურიას კიდევ ერთ კომპანიას – „ამბასდადორი ბათუმი აილენდს“ კი ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩაზე 89 ჰექტარი სივრცე, საქართველოს მთავრობამ, სიმბოლურ ფასად – 1 ლარად და  65-წლიანი აღნაგობის უფლებით გადასცა.

ბათუმის საკრებულოს უმრავლესობამ კი მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ბულვარის დაცვისა და განვითარების გეგმიდან ამოიღეს ჩანაწერი, რომ „ამბასადორის“ პროექტი ბულვარისთვის შეუსაბამოა.

„ბათუმელების“ მიერ მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით, შესასწავლი აღარაფერია და „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ ოდისეი დიმიტრიადის ქუჩაზე, საიჯარო წესით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობა ნამდვილად უნებართვოდ, შესაბამისად უკანონოდ დაიწყო.

დოკუმენტის მიხედვით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები ბათუმის მერს, არჩილ ჩიქოვანს 2 დღის წინ, 17 ივლისს შეათანხმეს, ეს პირველი ეტაპია, ამის შემდეგ კომპანიამ მერის თანხმობა უნდა მიიღოს არქიტექტურულ ნაწილზე, შემდეგი ეტაპი კი სამშენებლო ნებართვის გაცემა იქნება.

ზღვასთან ახლოს, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის გასწვრივ, 3445 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ ხუთი წლის ვადით, საიჯარო წესით გადასცეს. ნაკვეთის გასხვისების საფუძვლად საჯარო რეესტრის ამონაწერში ბათუმის საკრებულოს განკარგულებაა მითითებული. ეს იმის გამო, რომ ნაკვეთი მუნიციპალიტეტს ეკუთვნოდა, ვიდრე ის მთავრობამ „ამბასადორი ბათუმი აილენდისთვის“ გადასაცემად არ მოითხოვა. ამ თემაზე ვრცლად წაიკითხეთ აქ. 

დოკუმენტებისთვის მიხედვით, ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა, „ამბასადორი ბათუმი აილენდისთვის“ საიჯარო წესით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრის განთავსების თაობაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს  2024 წლის 02 მაისს მიწერა  და მოსაზრების გაზიარება სთხოვა. მერმა მინისტრს შესაბამისი დოკუმენტებიც გადაუგზავნა. 1 ივლისს მერს მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ აცნობა, რომ წინააღმდეგი არ არის:

„სამინისტრო არ არის წინააღმდეგი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მოქმედი ნორმებისა და წესების დაცვით განთავსდეს საპროექტო ობიექტი, ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრი.“

 

 

 

საპროექტო ტერიტორია მდინარეების ბარცხანისა და ყოროლისწყალს შორის მდებარეობს. დოკუმენტების მიხედვით პროექტით გათვალისწინებულია პანორამული ხედების მქონე, ტურისტული ინფრასტრუქტურისათვის საჭირო ერთსართულიანი შენობის მშენებლობა, რომლის მაქსიმალური სიმაღლე 5 მეტრი უნდა იყოს.

შენობაში უნდა განთავსდეს საკონფერენციო დარბაზი, საპრეზენტაციო სივრცე, ადმინისტრაცია და სამუშაო სივრცეები, ასევე სამზარეულო, საკუჭნაო, სველი წერტილი და პანდუსი. შენობის მოშენების ფართობია 200 კვ.მეტრი. გადახურვა უნდა მოოეწყოს მსუბუქი კონსტრუქციით:

„მასალად გამოყენებული იქნება სენდვიჩ-პანელის სახურავი. სამუშაო სივრცეების ტიხრებად ასევე გამოყენებული იქნება მინის და მსუბუქი პანელების კონსტრუქციები. საპროექტო შენობის მზიდი კონსტრუქცია წარმოადგენს ლითონის კარკასს, საძირკვლები წერტილოვან ტიპს. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შენობის ირგვლივ, როგორც კორდის, ბუჩქების, დეკორატიული ნარგავების, გაშენება“, – ეს დოკუმენტებით, შეასრულებს თუ არა ამ ყველაფერს „ამბასადორი  ბათუმი აილენდი“ , რომელისთვისაც სამშენებლო კოდექსის დარღვევა დიდი ხნის ჩვევა ან მუსაობის სტილია, ეს მომავალში გამოჩნდება.

 

რენდერი

სოფელში, სადაც ნაგვის ურნა 3 თვე არ დაუცლიათ, აქ 6 სოცდაუცველი გზას ალაგებს

„სამი თვე არავინ მოსულა, რომ დაეცალათ ნაგვის ურნა,“ – გვითხრეს ხელვაჩაურის სოფელ მარადიდში, ძაბლავეთის უბანში. აქ მცხოვრებმა ადამიანებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ცხელ ხაზზეც რამდენჯერმე დარეკეს, მაგრამ ურნასთან არავინ მისულა.

მოსახლეობის თქმით, ბოლო 3 თვე, მათ ნარჩენები სოფლის სხვა ადგილებში განთავსებულ ნაგვის ურნებამდე მიაქვთ, სადაც ნაგვისმცლელი მანქანა მოძრაობს. ძაბლავეთი კი, სოფლის ბოლოა.

რატომ არ იცლება ნაგვის ურნა? – შეკითხვით ხელვაჩაურის მერიას მივმართეთ, თუმცა კითხვა უპასუხოდ დატოვეს. ამ პრობლემაზე საუბარს თავი აარიდა ხელვაჩაურის მერიის წარმომადგენელმაც სოფელ მარადიდში ილია დიდმანიძემ.

იგივე სოფელ მარადიდში, როგორც სოფელში გვითხრეს, მინიმუმ 10 სოცდაუცველი ადამიანია დასაქმებული: სკოლაში, სოფლის ცენტრის მოვლაზე, 6 სოცდაუცველი კი, სოფლის გზას ალაგებს.

ერთ-ერთ სოცდაუცველს, ხათუნა მუთიძეს, მიტოვებულ ნაგვის ურნასთან ახლოს მდებარე სახლში ვესაუბრეთ:

„მე ვმუშაობ გზის დალაგებაზე, 6 ქალი ვართ დასაქმებული სხვადასხვა ადგილას, დანაწილებული გვაქვს ადგილები, დღეში 3-4 საათი გვიწევს მუშაობა.

ნაგვის ურნა არ ვიცი, დააგვიანდათ ეტყობა, თორემ ისე დადიოდა, რა ვიცი,“ – გვიპასუხა ხათუნა მუთიძემ.

40 ათას სოციალურად დაუცველს ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სამუშაო გამოუძებნეს. მათი ჯამაგირი თვეში 300 ლარია. ხშირ შემთხვევაში დასაქმებულთა სამუშაოს აღწერა აჩვენებს, რომ მათი დასაქმება ფორმალურია. მაგალითად, ტანკს ქედაში, წონიარისის ცენტრში, ორი კაცი ალაგებს, სოფელ გულებში კი, ქალი ალაგებს ოთახს, რომელიც სოფლის ცენტრში მოუწყვიათ და იქ შეკრებილი ბიჭები ჯოკერს თამაშობენ.

ზოგიერთ სოფელში კი, სოცდაუცველები ნაგვის ურნებთანაც დაასაქმეს – თუ ვინმე ურნასთან ნაგავს დატოვებს, ყუთში რომ მოათავსოს. ერთ-ერთი ასეთი დასაქმებული ხულოში, სოფელ კვატიაში შადიმან ხოზრევანიძე იყო. ის ამბობს, რომ უმუშევარი დატოვეს მას აქეთ, რაც ხელისუფლების კრიტიკა დაიწყო. 

საპარლამენტო არჩევნების დასრულებიდან რამდენიმე თვეში სოცდაუცველების დასაქმების პროგრამა შეჩერდება. გამოდის თუ არა, რომ „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ ამ ფორმით – თითქმის ფორმალური დასაქმებით – საბიუჯეტო სახსრებით ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოხდენას ცდილობს? – ეს სოფელ მარადიდში ხათუნა მუთიძესაც ვკითხეთ.

„გავიგე, რომ წყდება ეს პროგრამა, მაგრამ ეს არ არის სწორი ნამდვილად. ისე ვერ ეხმარებიან გაჭირვებულებს ვერანაირად, აქაც ცოტაა ხელფასი, მაგრამ მაინც სახლში ვართ გამოკეტილი…

მე ვინმეს ვერ მოვუგებ, ჩემი სიტყვა არ გაჭრის… ჩემი აზრი არა მგონია სადმე გამოადგეს ვინმეს,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ხათუნა მუთიძემ.

ნაგვის ურნა სოფელ მარადიდში

ბათუმის მერი 56-მილიონიან ობიექტს არ იბარებს

ახალი ბულვარიდან აეროპორტის ასაფრენ ზოლამდე მოწყობილ ზღვისგან დამცავ ნაგებობას, რომლის მშენებლობაც 2022 წელს დასრულდა, ბათუმის მერი დღემდე არ იბარებს.

ნაგებობის მოწყობასა და მიმდებარე სანაპირო ზოლის აღდგენაში ქვეყნის ბიუჯეტიდან 56,9 მილიონი ლარი დაიხარჯა.

ნაპირდამცავი ნაგებობა ბათუმის ახალ ბულვართან / 15.07.2024

რატომ არ აწერს ხელს ბათუმის მერი მიღება-ჩაბარების აქტს? – ამ კითხვაზე „ბათუმელები“ ქალაქის მერიიდან პასუხს ჯერ ზეპირად, შემდეგ კი წერილობით ელოდებოდა, თუმცა 3 ივლისს გაგზავნილ წერილზე მერიას დღემდე არ გაუცია პასუხი.

„პასუხის მომზადებაზე შესაბამისი სამსახური მუშაობს“, – გვითხრეს მერიის პრესსამსახურში გუშინ, 19 ივლისს, არადა, კანონის თანახმად, პასუხი მაქსიმუმ 10 დღეში უნდა მიგვეღო. თუმცა მერიამ ამ შემთხვევაში ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ყველა მოთხოვნა დაარღვია.

მერიაში გაგზავნილი წერილით რამდენიმე საჯარო დოკუმენტის ასლსაც ვითხოვდით, რომლებიც „ბათუმელებმა“ სხვა წყაროებით მოიპოვა.

ბათუმის მერიის ერთ-ერთი კომპეტენტური პირის მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით, ქალაქის მერიას შესაბამისი სპეციალისტები არ ჰყავს, რომ ამ ნაგებობას მოუაროს, ამასთან მიღება-ჩაბარებისთვის საჭირო პროცედურები არ არის დასრულებული.

ნაპირდამცავი ნაგებობა ბათუმის ახალ ბულვართან / წყობიდან შტორმის დროს ამოგდებული ლოდები / 15.07.2024

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით კი, ნაპირდამცავი ნაგებობის მიღება-ჩაბარებისთვის საჭირო ყველა პროცედურა დასრულებულია და 2022 წლის თებერვლის შემდეგ ფონდი ამ ნაგებობის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი არ არის. მოვლა-პატრონობაზე ამ დრომდე უარს ამბობს ბათუმის მერიაც. შესაბამისად, მესამე წელია, რაც ნაპირდამცავ ნაგებობას პატრონი არ ჰყავს.

„საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად, ფონდის დაკვეთით, 2020 წლის თებერვლის თვეში [2022 წლის თებერვლის თვეში ასევე დასრულდა ე.წ. „დეფექტების აღმოფხვრის პერიოდი“] დასრულდა ბათუმის ნაპირ-დაცვისა და სანაპირო ზოლის ნაწილის მოწყობის სამუშაოები. აქედან გამომდინარე, აღნიშნული პერიოდის შემდეგ ფონდის უფლებამოსილებებსა და კომპეტენციას სცილდება ობიექტის ფლობასთან, სარგებლობასთან, ექსპლუატაციასთან, მოვლა-პატრონობასთან ან/და მის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხები“, – მოგვწერეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2024 წლის 12 ივლისს.

ნაპირდამცავი ნაგებობა ბათუმის ახალ ბულვართან / წყობიდან შტორმის დროს ამოგდებული ლოდი / 15.07.2024

რა აქტს არ აწერს ხელს ბათუმის მერი

დამცავი ნაგებობის მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი ხელს 2022 წლის ივნისიდან დღემდე ხელს არ აწერს, „ბათუმელებმა“ ქალაქის მერიისგან წერილობით გამოითხოვა, თუმცა არ მოგვაწოდეს.

მიღება-ჩაბარების აქტის ის [შესწორებული] ვარიანტი, რაც „ბათუმელებს“ აქვს, 2022 წლის 7 დეკემბრით თარიღდება და გადაგზავნილია ბათუმის მერთან ხელმოსაწერად, თუმცა მას ხელს მხოლოდ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი აწერს.

ამ აქტის მიხედვით, დამცავი ნაგებობის საბალანსო ღირებულება 56 960 486 ლარია და ფონდი ამ ობიექტს ბათუმის მუნიციპალიტეტს გადასცემს ბალანსიდან-ბალანსზე, უსასყიდლოდ, გრანტის სახით.

მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ბათუმის მერი ხელს არ აწერს.
ნაპირდამცავი ნაგებობა ბათუმის ახალ ბულვართან / წყობიდან შტორმის დროს ამოვარდნილი ლოდები / 15.07.2024

წერილები ბათუმის მერს

ნაპირდამცავი ნაგებობის ჩაბარებაზე ბათუმის მერს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან რამდენიმე წერილი გამოუგზავნეს.

პირველი წერილი 2022 წლის 9 ივნისითაა დათარიღებული, რომელშიც ფონდი ქალაქის მერს წერს, რომ ჩაიბაროს ინფრასტრუქტურა და გაუწიოს შესაბამისი ექსპლუატაცია. წერილს ახლდა მიღება-ჩაბარების აქტის პროექტიც:

მეორე წერილი ფონდმა არჩილ ჩიქოვანს 2022 წლის 8 დეკემბერს გამოუგზავნა მიღება-ჩაბარების შესწორებულ აქტთან ერთად.

„განმეორებით გთხოვთ, დაავალოთ შესაბამის სამსახურებს, რომ დაასრულონ ობიექტის მიღების პროცესი და მოგვაწოდონ ობიექტის მიღება-ჩაბარების აქტის
ხელმოწერილი ეგზემპლარი.“ – წერენ ბათუმის მერს.

2023 წლის 25 აპრილს არჩილ ჩიქოვანს ფონდიდან კიდევ ერთხელ მისწერეს, რომ „ელექტრონული ფოსტით გამოიგზავნა ბათუმის მერიის მიერ მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი“, და რომ „შესაბამისი ხელმოწერილი აქტი ბათუმის მერიიდან ჯერჯერობით მიღებული არ აქვთ“:

ფონდიდან მიღებულ წერილებზე არჩილ ჩიქოვანს როგორც ჩანს პასუხები არ გაუცია. ჩვენ აღნიშნული წერილების პასუხები ბათუმის მერიისგანაც გამოვითხოვეთ და მუნიციპალური განვითარების ფონდიდანაც, თუმცა ისინი არცერთი უწყებიდან არ მიგვიღია.

აღნიშნულ საკითხზე ბათუმის მერიის პასუხს, მიღების შემთხვევაში, აქვე მოგაწვდით.

ნაპირდამცავი ნაგებობა ბათუმის ახალ ბულვართან / წყობიდან შტორმის დროს ამოგდებული ლოდი / 15.07.2024

ნაპირდამცავი ნაგებობის მოვლა, პირველ რიგში გულისხმობს იმას, რომ ლოდებით აგებული ამ ბერმის გასწვრივ მუდმივად უნდა იყოს პლაჟი [მინიმუმ 20 მეტრი სიგანის], რომ შტორმის დროს ნაგებობა ნაკლებად დაზიანდეს.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს, ანუ დამცავი ნაგებობის აშენებიდან თითქმის ერთი წლის თავზე, ზღვას ამ ნაგებობის დაშლა დაწყებული ჰქონდა.

ვრცლად ამ თემაზე: სანაპირო და დამცავი ნაგებობა, რომელსაც ზღვა შლის [ფოტო]

ნაპირდამცავი ნაგებობა ბათუმის ახალ ბულვართან / წყობიდან შტორმის დროს ამოგდებული ლოდი / 15.07.2024

ლოდების დაშლის პროცესი დროებით მას შემდეგ შეჩერდა, რაც აჭარის ბიუჯეტიდან ზღვის ხელოვნური კვების სამუშაოები დააფინანსეს და ხრეშის შეტანა დაიწყეს სანაპიროზე. ხრეშის შეტანა კი არა ამ ნაგებობის დაცვის, არამედ ახალი ბულვარის სანაპიროს ნგრევის შესაჩერებლად გადაწყდა. 2021 წელს შტორმმა ახალი ბულვარის მიმდებარე სანაპირო ზოლის ნგრევა დაიწყო.

ნაპირის ნგრევის პროცესი დროებით შეჩერდა, თუმცა ხრეშის შეტანით წარმოქმნილი ხელოვნური პლაჟის ვიწრო ზოლი, რომელიც ლოდების გასწვრივაა, ამ ნაგებობის ზღვისგან დაცვის გარანტი არ არის.

ნაპირდამცავი ნაგებობა ბათუმის ახალ ბულვართან / ლოდების ნაგებობის მდგრადობისთვის ზღვის ხელოვნური კვებაა აუცილებელი, რომ ნაგებობის წინ ხელოვნური პლაჟი შეიქმნას და შენარჩუნდეს / 15.07.2024

ბათუმში ზღვის ხელოვნური კვებისთვის წელს 1,7 მილიონი ლარია გათვალისწინებული. თანხა ამჯერადაც აჭარის ბიუჯეტიდან დაიხარჯება, თუმცა ეს ღონისძიება ძირითადად ახალი ბულვარის გასწვრივ არსებული სიტუაციის [პლაჟის] შენარჩუნებისთვის არის აუცილებელი.

ზღვის სანაპიროზე შესატანად 110 ათას კუბურ მეტრ ხრეშს ამჯერადაც მდინარე ჭოროხიდან ამოიღებენ. სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერია გამოცხადებული, სადაც წინადადებების მიღება 2024 წლის 31 ივლისს დასრულდება.

დამცავი ნაგებობის უპატრონობაზე „ბათუმელები“ 2022 წელშიც წერდა, როცა შტორმმა ხელოვნური პლაჟი წარეცხა, რის შედეგადაც ლოდების ნაწილი ზღვაში აღმოჩნდა.

ნაგებობის ჩაბარებასთან დაკავშირებით მაშინ ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ  „მიმდინარეობდა შესაბამისი პროცედურები“. მუნიციპალური განვითარების ფონდიდან კი მოგვწერეს, რომ „დამატებითი დეფექტები ვიზუალურად აღმოჩენილი არ იყო“, ნაგებობის მოვლა კი სცილდებოდა ფონდის საქმიანობას.

ამ თემაზე ვრცლად:

„ნუ აძვრებით ქვებზე“ – უსაფრთხოა თუ არა ნაპირდამცავი ნაგებობა ახალ ბულვარში

ბსუ-ში, მოვალეობის შემსრულებლის კონკურსში, მხოლოდ მოქმედი რექტორი დარეგისტრირდა

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კონკურსში, მხოლოდ ერთი კანდიდატი, – მოქმედი რექტორი, მერაბ ხალვაში იღებს მონაწილეობას. სხვა მსურველები არც ამჯერად გამოჩნდნენ.

ბსუ-ს ახალი რექტორი 19 ივლისს უნდა აერჩია, თუმცა არჩევნებში მონაწილეობის მსურველი არავინ აღმოჩნდა. ერთი განცხადებაც კი არ შესულა საარჩევნო კომისიაში. მოქმედ რექტორს, მერაბ ხალვაშს კი კონკურსში მესამედ მონაწილეობის უფლება აღარ აქვს.

შესაბამისად, აკადემიურმა საბჭომ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი უნდა აირჩიოს 6 თვის ვადით. ექვსი თვის შემდეგ კი, კონკურსი ხელახლა გამოცხადდება.

მოქმედი რექტორი მოვალეობის შემსრულებელი იმ შემთხვევაში გახდება, თუ ის ხმათა უმრავლესობას, ანუ 6 ხმას მიიღებს აკადემიური საბჭოსგან.

რა იქნება იმ შემთხვევაში, თუკი აკადემიური საბჭო ხმას არ მისცემს ამ ერთადერთ კანდიდატს? – ჰკითხა „ბათუმელებმა“ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს გიორგი დიასამიძეს. მისი თქმით, მსგავსი პრეცედენტი აქამდე არ ყოფილა და არც ახლა ელოდებიან.

„ასეთი რამ არ მომხდარა ჯერჯერობით რომ მოვალეობის შემსრულებელი არ აერჩიოთ. მაგრამ თუ მოხდება, ამაზე იმსჯელებს აკადემიური საბჭო.

მოვალეობის შემსრულებლის არჩევის შემდეგ, სანამ ექვსი თვე დასრულდება, აკადემიური საბჭო ისევ გამოაცხადებს რექტორის არჩევნებს. კანდიდატებმა ერთი თვის ვადაში უნდა შემოიტანონ განაცხადები და შემდეგ შეარჩევენ ახალ რექტორს 4 წლის ვადით“, – ამბობს გიორგი დიასამიძე.

მოვალეობის შემსრულებელი ორშაბათს, 22 ივლისს უნდა აირჩიონ.

„14:00 საათზე იქნება კანდიდატის სამოქმედო გეგმის განხილვა, რომელსაც წარუდგენს აკადემიურ საბჭოს და დასრულების შემდეგ იქნება ფარული კენჭისყრა“.

რატომ არ ისურვა არავინ ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობა? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ბსუ-ს პროფესორებსაც ესაუბრა. პროფესორების აზრით, აქამდე პრობლემა იყო ერთკანდიდატიანი არჩევნები, ახლა კი ეს ერთი კანდიდატიც აღარ არის, რაც უნივერსიტეტისთვის სერიოზული პრობლემაა.

_____________

ამ თემაზე:

მართლა აღარ სურს არავის ბსუ-ს რექტორობა? – ორი მოსაზრება ჩაშლილ არჩევნებზე

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 20 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 20 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 565 610 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +990]
  • ტანკი – 8 257 ერთეული [+7]
  • ჯავშანტექნიკა – 15 917ერთეული [+15]
  • საარტილერიო სისტემა – 15 542 ერთეული [+22]
  • MLRS – 1 121 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 895 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 362 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 12 350 ერთეული [+34]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 401 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 20 968 ერთეული [+59]
  • სპეცტექნიკა – 2 607 ერთეული [+14]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 20 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 630 თვითმფრინავი
  • 277 ვერტმფრენი
  • 27 915 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 554 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 620 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 379 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 12 120 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 23 870 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„დიპლომატიის ძალას შეუძლია, დაგვეხმაროს ტერიტორიების დაბრუნებაში“ — ზელენსკი

რა ელის სამყაროს, თუ პუტინს უკრაინაში გამარჯვების საშუალება მიეცემა – იუვალ ნოახ ჰარარი 

რუსეთში რიგები დგას კომისარიატებთან, რომ ჩაეწერონ და წავიდნენ ომში ხელფასის გამო – ინტერვიუ

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რას შეცვლის სკოლებისთვის საბაზო საფეხურზე მე-10 კლასის დამატება

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება შეიტანა, რომლის მიხედვით, საბაზო განათლება ოთხწლიანი გახდა ( VII-X კლასები), რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი აქამდე მე-9 კლასის  დასრულების შემდეგ წყვეტდა მოსწავლე სწავლას, ახლა მე-10 კლასის დასრულების ვალდებულებაც ექნება. საფეხურის ბოლოს კი, მოსწავლეები გამოცდას ჩააბარებენ.

რა იცვლება ამით საჯარო სკოლებში? – ამ თემაზე „ბათუმელები“ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულის საჯარო სკოლის დირექტორს ნაზი საბანიძეს ესაუბრა.

დირექტორის თქმით, საკითხი ინდივიდუალურია, თუმცა მისი სკოლას დადებითად წაადგება.

„რატომღაც ნებისმიერ მოსწავლეს, მშობელს მიაჩნია, რომ საშუალო განათლება აუცილებლად უნდა მიიღოს მოსწავლემ. ჩვენთვის პრობლემაა ის, რომ სკოლა მცირეკონტინგენტიანია და გვაქვს მხოლოდ საბაზო საფეხური, საშუალო საფეხურზე სწავლის გაგრძელება ვისაც სურს, ის სხვა სკოლაში გადადის.

წელს ერთმა ძალიან კარგმა ბიჭმა დაამთავრა მეცხრე კლასი და რადგან ეს კანონი აქამდე არ არსებობდა, ახლა სწავლის გასაგრძელებლად სხვა სკოლაში გადადის.

მისი ძმა მეშვიდე კლასშია, ისიც საუკეთესო მოსწავლეა, მისი და კი პირველ კლასში უნდა შემოსულიყო, მაგრამ რადგან უფროსი შვილი სხვა სკოლაში აგრძელებს სწავლას, მისი და-ძმაც იქ გადაიყვანეს მშობლებმა. ჩვენ კი სამი მოსწავლე დავკარგეთ. აქამდე რომ დაემატებინათ მეათე კლასი საბაზოზე, ეს ბავშვები დარჩებოდნენ ჩვენს სკოლაში.

სკოლაში ახლა 21 მოსწავლე გვყავს მხოლოდ. იცით ეს რამხელა პრობლემაა ჩვენთვის? სოფლისთვის, ცხოვრების ხარისხითვის ძალიან ძვირადღირებულია მოსწავლეები, რადგან სადაც სკოლაა ცხოვრება გრძელდება ხომ? სამი ბავშვის დაკარგვა კი ძალიან ცუდია“-ამბობს ნაზი საბანიძე.

მისი თქმით, ბავშვების სიმწირეს ისიც განაპირობებს, რომ სოფლები დიდი მანძილითაა სკოლასთან დაშორებული და როცა ტრანსპორტირება არ იყო, საერთოდ ვერ ახერხებდნენ შორი მანძილიდან მოსვლას.

„იყო პერიოდი, როცა პირველკლასელი არ გვყავდა. დამამთავრებელ კლასშიც არ გვყავდა მოსწავლეები, ახლა კი 21 მოსწავლე გვყავს.

სვანეთში 100-ბავშვიანი სკოლა არის მხოლოდ სამი დარჩენილი. უმეტეს შემთხვევაში მშობლები ჰკიდებენ ხელს თავიანთ შვილებს და მიჰყავთ იქ, სადაც საშუალო სკოლაა.

ურჩევნიათ, რომ ბავშვი თავიდანვე ასეთ სკოლაში იყოს, ვიდრე შემდეგ მოუწიოს გადასვლა. ამიტომ, ჩვენნაირი სკოლებში მოსწავლეების კონტინგენტი იკლებს.

არის შემთხვევები, როცა ოჯახმა აღარ ისურვა ბავშვის გამოშვება, რადგან მეცხრე კლასის გოგონას გაშვება მშობელს უჭირს, როცა მარტო მას ემსახურება მანქანა.

იყო პერიოდი, როცა ტრანსპორტირება არ იყო, ჩემს სახლში ვიტოვებდი მოსწავლეებს, რომ სკოლა არ დახურულიყო და არ მოწყვეტილიყვნენ ბავშვები სკოლას.

ძალიან ბევრი მოსწავლე მყავდა, რომლებსაც გული სწყდებოდათ იმის გამო, რომ სწავლა ვერც უმაღლესში გააგრძელეს და ვერც კოლეჯში, რადგან ადრე, მესტიაში არსებულ პროფესიულ კოლეჯს სტუდენტური საცხოვრებელი არ ჰქონდა და ვერ მიდიოდნენ სასწავლებლად.

ჩემი სოფლიდან 37 კილომეტრია მესტიამდე, სხვა სოფლები კიდევ უფრო შორსაა. ათწლიან სწავლებაზე რომ გაიგეს ძალიან გაუხარდათ ბავშვებს, ისე უყვართ ამ სკოლაში სწავლა“-გვეუბნება ნაზი საბანიძე.

საშუალო რომ გახდეს სკოლა, რა არის ამისთვის საჭირო? – ვკითხეთ დირექტორს.

მისი თქმით, არსებულ პირობებში სკოლა ავტორიზაციის მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს, რადგან მცირე კონტინგენტის გარდა, სკოლას არ აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

„ახლა არის ავტორიზაციის პროცესი, რომელიც წესით 2026 წელს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ გააგრძელეს 2031 წლამდე. ავტორიზაცია საკმაოდ რთული პროცესია, რადგან მაღალ სტანდარტს ითხოვს.

სკოლა უნდა იყოს გარემონტებული, თანამედროვე სწავლების შესაბამისი, კადრები უნდა ჰყავდეს მაღალი სტატუსის და ასე შემდეგ.

ჩვენი სკოლის შენობა არის პატარა და არათუ რემონტს, არამედ საჭიროებს გადაკეთებას და გაფართოებას. ფართი იმდენად მცირე და სარემონტოა, რომ ისტ-ისა და საბუნებისმეტყველო საგნების ოთახები გაერთიანებული გვაქვს. ერთი ოთახიც კი არ მოდის ავტორიზაციის სტანდარტთან შესაბამისობაში.

ლაბორატორიები არ გვაქვს, მაგრამ შეიძლება ვირტუალური ლაბორატორია მოიტანო, ხომ? კარგი პედაგოგები მყავს და გაკვეთილები საინტერესო გახადონ“-ამბობს ნაზი საბანიძე.

მისი თქმით, მცირეკონტინგენტიან სკოლაში დირექტორობა ძალიან რთულია. ამიტომაც არ გამოჩნდნენ კანდიდატები. ის ორჯერ იყო არჩეული დირექტორი, ახლა კი მოვალეობის შემსრულებელია.

„იმედია გამოჩნდება ვინმე“-ამბობს ნაზი.

ცუდი პირობების მიუხედავად, დირექტორი ახალ სახელფასო ფორმულას არ უჩივის. მისი თქმით, სკოლაში ორი წამყვანი და მენტორი მასწავლებელია და ყველაზე ნაკლებად მათი ხელფასი გაიზარდა, თუმცა სხვა პედაგოგებს, ვისაც სრული დატვირთვა აქვს, მათი ხელფასი გაიზარდა.

„800 ლარითაც კი გაეზარდათ ზოგიერთს. იმიტომ, რომ მცირეკონტინგენტიან სკოლებში, საგნობრივი ჯგუფის საათებს ვაძლევდი მასწავლებლებს.

საბუნებისმეტყველოზე მცირეა საათები, მაგრამ ფიზიკას, ქიმიას, ბიოლოგიას ვინც ასწავლის ერთად, მათ შეეხოთ მატება.

სამოქალაქო განათლების პედაგოგი ასწავლის ისტორიას და გეოგრაფიას და შესაბამისად, აქვს სრული დატვირთვა. გულდასაწყვეტია ის, რომ სტატუსის მქონეებს  არ მოგვმატებია ბევრი. ამ სტატუსებისთვის ჩვენ ბევრი ვიშრომეთ. ამიტომ, ვინც მეტი იშრომა და იმას ნაკლები აქვს,  ეს არის ცოტა გულსაკლავ“-ამბობს ნაზი საბანიძე.

რაც შეეხება საშუალო საფეხურს, როგორც დირექტორი ამბობს, ამ ეტაპზე დეტალები არ არის ცნობილი, თუ როგორ მოხდება მოსწავლეების შეფასება. „როცა მოხდება ამ კანონის მოდიფიცირება, მერე გვეცოდინება ალბათ ყველაფერი. თუმცა, როგორც ითქვა, ამ საფეხურზეც შემოდის გამოცდები“-ამბობს ნაზი საბანიძე.

ბათუმის მერიის მოხელე ბულვარში კაფეს აშენებს და სკვერი დააბეტონა – პროექტი მერმა შეითანხმა

ბათუმის ახალ ბულვარში მდებარე სკვერში, გამწვანებულ ადგილს დააბეტონებენ. ამფითეატრთან 277 კვადრატული მეტრი ტერიტორია ბულვარის ადმინისტრაციამ იჯარით 10 წლის ვადით გაასხვისა. აქ კვების ობიექტის განთავსება აუქციონის პირობაში ბულვარს ჰქონდა ჩადებული.

სკვერში მოიჯარე კომპანია კაფეს ააშენებს. პროექტი ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა უკვე შეითანხმა.

შემოღობილი სკვერი ახალ ბულვარში / 15.07.2024

მოიჯარე შპს „შავი ზღვის დელფინია“, რომლის მესაკუთრე და დირექტორია მარადი სანიკიძე. ის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ადმინისტრაციის უფროსია.

მოიჯარე კომპანიას დღეს გაცილებით დიდი ტერიტორია აქვს შემოღობილი ვიდრე იჯარით აქვს გადაცემული.

იჯარით გაცემული [აღნიშნულია მოწითალო ფერით] და შემოღობილი ტერიტორია [წითელი წყვეტილი ხაზით] ახალ ბულვარში

„იჯარით აღებულ ტერიტორიაზე მოეწყობა ბეტონის ფილა, რომელზეც დაიდგმება კაფეს კონსტრუქცია – დროებითი ნაგებობა. რაც შეეხება დღეს შემოღობილ ტერიტორიას, ეს ამ კონსტრუქციის დასასაწყობებლად არის, მეტი დაცულობისთვის. როგორც კი დამონტაჟდება კაფე, ეს ღობეც მოიხსნება და მაგ ტერიტორიაზე დამატებით რაიმეს მოწყობას არ ვგეგმავთ. ყველაფერი კეთდება და გაკეთდება ისე, როგორც არის საიჯარო ხელშეკრულებაში და შეთანხმებული პროექტით“ – გვითხრა მარად სანიკიძემ.

„მიწის ნაკვეთი მდებარეობს ქალაქ ბათუმში კახაბრის დასახლებაში, გააჩნია მისასვლელი გზა, ხოლო დანარჩენი მხრიდან ესაზღვრება მრავალბინიანი სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლები. ასევე გასართობი პარკის ტერიტორია.“ – აღნიშნულია საპროექტო დოკუმენტაციაში, თუმცა ამავე დოკუმენტში არის ფოტოები, სადაც ნათლად ჩანს, რომ საპროექტო ტერიტორია, სადაც ბულვარის ადმინისტრაციამ კაფეს ჩადგმა გადაწყვიტა, გამწვანებულ ზოლში მდებარეობს:

ფოტოები საპროექტო დოკუმენტებიდან

რატომ გადაწყვიტა ბათუმის ბულვარმა კაფეს ჩადგმა გამწვანებულ ტერიტორიაზე? – ამ კონკრეტულ კითხვაზე პასუხად ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან მოგვწერეს, რომ „ახალი ბულვარის განაშენიანების გეგმის თანახმად, ისევე როგორც სკეიტ პარკი, ამ ტერიტორიებზე განსაზღვრული იყო კაფეს მოწყობაც, რის საფუძველზეც გამოცხადდა ელექტრონული აუქციონი“.

ბულვარის პრესსამსახურიდან ასევე მოგვწერეს, რომ „ტერიტორია აუქციონში გამარჯვებულმა კომპანიამ უსაფრთხოების მიზნით დროებით შემოღობა სამუშაოების დასრულებამდე“.

„პროექტი მიზნად ისახავს კაფეს მშენებლობას თანამედროვე დაგეგმარებით… შენობა-ნაგებობა წარმოადგენს ერთსართულიან კაფეს რომლის გაბარიტული ზომები საშუალოდ შეადგენს 20.0X12.36მ ხოლო შენობის მაქსიმალური სიმაღლე შეადგენს 6.220 მ-ს.“ – აღნიშნულია პროექტში. 

კაფეს შენობის ესკიზი პროექტიდან
კაფე ახალ ბულვარში – ფოტომონტაჟი პროექტიდან

ნაკვეთი, სადაც კაფე უნდა ააშენონ ბათუმის ბულვარს ბოლოს აუქციონზე [2023 წლის ივლისში] 24 000 ლარად [წლიური საიჯარო ქირა] ჰქონდა გამოტანილი. აუქციონის ბიჯი 720 ლარი იყო, სადაც ერთი ბიჯით შპს „შავი ზღვის დელფინმა“ გაიმარჯვა.

შესაბამისად, ქონების სარგებლობისთვის კომპანია ბულვარს წელიწადში 24 720 ლარს გადაუხდის. კაფეს მოწყობაში კი „შავი ზღვის დელფინმა“ 300 ათასი ლარის ინვესტიცია უნდა ჩადოს.

აუქციონის ზოგიერთი პირობა შეგიძლიათ ნახოთ აქ
  • „აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია, სარგებლობაში გადაცემულ ქონებაზე განათავსოს კაფე-ბარის ტიპის საზოგადოებრივი დანიშნულების კვების ობიექტი;
  • აუქციონში გამარჯვებულ პირს ზემოხსენებული ქონება სარგებლობაში გადაეცემა 10 წლის ვადით;
  • აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია საკუთარი სახსრებით გადაიხადოს ყველა სახის კომუნალური მომსახურების გადასახადი და უზრუნველყოს ყველა საჭირო მრიცხველის მონტაჟი;
  • მოიჯარე ვალდებულია უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 12 (თორმეტი) თვის ვადაში მშენებლობის ნებართვის მიღება და არაუგვიანეს 18 (თვრამეტი) თვის ვადაში საზოგადოებრივი დანიშნულების კვების ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება/ამოქმედება;
  • მოიჯარე ვალდებულია, სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე, არაუმეტეს 18 თვის ვადაში განახორციელოს არანაკლებ 300 000 (სამასი ათასი) ლარის ინვესტიცია, რომლის დადასტურებაც უნდა მოხდეს შესაბამისი დამოუკიდებელი აუდიტორული დასკვნით;
  • მოიჯარე ვალდებულია სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში გადაცემული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გამოიყენოს მხოლოდ დანიშნულებისამებრ, მიზნობრივად;
  • მოიჯარე ვალდებულია, აუნაზღაუროს სსიპ „ბათუმის ბულვარ“-ს სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების მდგომარეობის გაუარესებით გამოწვეული ზიანი(ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • მოიჯარე ვალდებულია, იჯარის ვადის განმავლობაში უზრუნველყოს იჯარის საგანზე მესამე პირთა შეუფერხებელი წვდომა, ასევე ეკრძალება იჯარის საგნის შემოღობვით ან/და ნებისმიერი სხვა სახით შეაფერხოს მესამე პირების იჯარის საგანთან წვდომა, ბათუმის ბულვარის განაშენიანების გენერალური გეგმის შესაბამისად;
  • მოიჯარე ვალდებულია, სარგებლობის ვადის ამოწურვის შემდეგ ქონება დააბრუნოს პირვანდელ მდგომარეობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ქონებაზე არსებული ყველა გაუმჯობესება აღირიცხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად (მესაკუთრე) და მოსარგებლეს არ აუნაზღაურდება მის მიერ გაწეული ხარჯები;
  • მოიჯარეს ეკრძალება, იჯარის ხელშეკრულებით მიღებული უფლება-მოვალეობები გადასცეს მესამე პირს, სსიპ „ბათუმის ბულვარი“-ს წინასწარი თანხმობის გარეშე;
  • მოიჯარეს ეკრძალება სარგებლობის უფლებით გადაცემულ ქონებაზე განახორციელოს მესამე პირის რეკლამა, აღნიშნული უფლების მართვაზე უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ სსიპ „ბათუმის ბულვარს“;
  • მოიჯარეს ეკრძალება, სსიპ „ბათუმის ბულვარი“-ს თანხმობის გარეშე, განახორციელოს სარგებლობის უფლებით გადაცემულ ქონებაზე მიმდინარე ან კაპიტალური სახის სამუშაოები;
  • მოიჯარეს ეკრძალება, სარგებლობაში გადაცემულ ქონებაზე მოაწყოს ავტოსადგომი, ბათუმის ბულვარის განაშენიანების გენერალური გეგმის შესაბამისად;
  • მეიჯარე [ბულვარის ადმინისტრაცია] უფლებამოსილია, ქონების მესაკუთრის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნიდან 2 კვირის ვადაში გააუქმოს საიჯარო ხელშეკრულება და მოიჯარეს მოსთხოვოს სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების გამოთავისუფლება. ამ პუნქტით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მეიჯარე მოიჯარეს დაუბრუნებს წლიური სარგებლობის საფასურის შესაბამის თვიურად დაანგარიშებულ პროპორციულ თანხას.“

 

შემოღობილი სკვერი ახალ ბულვარში / 15.07.2024

როცა საბავშვო ბაღი მეზობელ სოფელშია, მგზავრობა კი 75 ლარი ღირს – მარადიდი

„საბავშვო ბაღი მხოლოდ მეზობელ სოფელ კირნათშია, ყოველდღე პატარა ბავშვები მეზობელ სოფელში დადიან, ტრანსპორტირების საფასური ოჯახიდან 75 ლარია, ჩვენ სოციალურად დაუცველები ვართ,“ – გვითხრა დონა თათელაძემ, რომელიც ხელვაჩაურში, სოფელ მარადიდში ცხოვრობს.

მარადიდელებმა გვითხრეს, რომ სოფელში საბავშვო ბაღის მოწყობას მათ რამდენჯერმე დაჰპირდა ადგილობრივი ხელისუფლება, ტენდერიც იყო გამოცხადებული და შესაბამისი ადგილიც გამოიყო სოფლის ცენტრში, თუმცა დაპირება წლებია არ შესრულებულა.

„არ ვიცი, რატომ ვერ გააკეთეს საბავშვო ბაღი, რამ შეუშალათ ხელი. კარგი იქნებოდა ბაღი აქვე რომ იყოს, მე თვითონ ჩავაკითხავდი ჩემს ბავშვებს.

არ ვიცი, სულ რამდენი ოჯახია ასეთი, მაგრამ ერთი მიკროავტობუსი გვემსახურება. ყოველ დილით აკითხავს ბავშვებს და მერე უკან აბრუნებს.

ფეხბურთის მოედანსაც დაგვპირდნენ, მაგრამ არც ის გააკეთეს. არაფერია ამ სოფელში ბავშვებისთვის. ეს კი არა, წყლის მილები მოვითხოვეთ და ესეც არ მოგვცეს, ჩვენით ვიყიდეთ,“ – გვითხრა დონა თათელაძემ.

დონა უმუშევარია. დასაქმებული მხოლოდ მისი ქმარია – როგორც სოცდაუცველი, სოფლის შიდა გზების დალაგებაზე მუშაობს. ამ სოფელში 6 ადამიანი მხოლოდ სოფლის გზას ალაგებს. დონა ამბობს, რომ საბავშვო ბაღში ბავშვების ტრანსპორტირების საფასურის – 75 ლარის გადახდა, სოციალურად დაუცველის სტატუსის მიუხედავად, მაინც უწევთ.

ხელისუფლებამ ბიუჯეტის ხარჯზე 40 ათასი ადამიანი წინასაარჩევნოდ დაასაქმა. შესაძლოა, დასაქმებულების რიცხვი კიდევ გაიზარდოს. დასაქმების ეს პროგრამა არჩევნების დასრულებიდან რამდენიმე თვეში შეწყდება. დონას ამ პროგრამაზე საუბარი არ სურს, თუმცა აქვს გზავნილი ქვეყნის ევროპულ მომავალზე.

„მე მინდა ევროპა ჩემი ბავშვებისთვის. არ ვენდობი რუსეთს, იმიტომ, რომ ოკუპანტია,“ – გვითხრა დონა თათელაძემ.

რატომ ვერ მოეწყო საბავშვო ბაღი სოფელ მარადიდში, ან რატომ ვერ ხერხდება მინიმუმ სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან ბავშვების საბავშვო ბაღში ტრანსპორტირების ხარჯის დაფინანსება? – შეკითხვა ხელვაჩაურის მერიაში უპასუხოდ დატოვეს.

 

ცესკოს თავმჯდომარე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სადამკვირვებლო მისიას შეხვდნენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და მოადგილე გიორგი შარაბიძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას შეხვდნენ.

შეხვედრის მთავარი თემა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობა იყო.

როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს და არაერთ საქმიანობას ახორციელებს იმისთვის, რომ პარლამენტის არჩევნები ელექტრონული აპარატების გამოყენებით მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს.

მისივე თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და განათლება, რაც საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანია არჩევნებამდე წლინახევრით ადრე დაიწყო.

გიორგი კალანდარიშვილმა სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს ასევე გააცნო ინფორმაცია საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირების პროექტის შესახებ, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.

გიორგი კალანდარიშვილმა ასევე ისაუბრა კომპანია „სმარტმატიკთან“ თანამშრომლობის შესახებ, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციას 26 ოქტომბრის არჩევნებზე საარჩევნო ელექტრონული აპარატებითა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით მოემსახურება. აღნიშნულ კომპანიას 36 ქვეყანაში არჩევნების მოდერნიზების გამოცდილება აქვს.

ცესკოს თავმჯდომარემ სადამკვირვებლო მისიას დეტალურად გააცნო საარჩევნო ელექტრონული საშუალებების საერთაშორისო აუდიტის შედეგებიც. მისი თქმით, 2023 წლის 1-ელ ოქტომბერს ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გამართული შუალედური/რიგგარეშე არჩევნების და აღნიშნულ არჩევნებზე გამოყენებული ელექტრონული საშუალებების შესაბამისობის აუდიტი საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანია „Pro V&V“-მ განახორციელა.

კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ელექტრონული აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფა, საერთაშორისო სტანდარტებთან, საქართველოს კანონმდებლობასთან და ტექნიკურ სპეციფიკაციებთან შესაბამისობაში იყო.

შეხვედრაზე ისაუბრეს დეზინფორმაციაზე როგორც გლობალურ გამოწვევაზე და მასთან გამკლავების გზებზე. ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს ამ კუთხით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიდგომა და პრაქტიკა გააცნო, რითაც უწყება საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფს.

შეხვედრის მიმდინარეობისას გაიმართა დისკუსია. მონაწილეებმა აქტუალურ საარჩევნო საკითხები განიხილეს და მოსაზრებები გაცვალეს. შეხვედრის დასასრულს, ცესკოს თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მიესალმება საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ჩართულობას 26 ოქტომბრის არჩევნებში. მისი თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციას, როგორც ღია და გამჭვირვალე უწყებას, ყოველთვის ჰქონდა და მომავალშიც ექნება მჭიდრო თანამშრომლობა სადამკვირვებლო მისიებთან, რაც არჩევნების მთლიანობის უზრუნველსაყოფად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია უკვე დაიწყო. IRI-ის 20 გრძელვადიანი დამკვირვებელი არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დაფარავს საარჩევნო ოლქებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ბორჯღალოსნები ავსტრალიის ნაკრებს სიდნეიში დაუპირისპირდებიან

20 ივლისს, ბორჯღალოსნები 2024 წლის ზაფხულის ბოლო ტესტ-მატჩს სიდნეიში, მასპინძელ ავსტრალიასთან გამართავენ. „ალიანს სთედიუმზე“ შეხვედრა თბილისის დროით, დილის 09:45 საათზე დაიწყება.

„ავსტრალია ძალიან კარგი გუნდია, კარგი სამწვრთნელო შტაბით. ჯო შმიდტის გარშემო ძლიერი გუნდი შეიკრიბა. ჩვენ მათთან არასდროს გვითამაშია მსოფლიო თასს მიღმა, არასდროს გვითამაშია ავსტრალიაში მათ წინააღმდეგ და არასდროს დაგვიმარცხებია ისინი. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ საკუთარი თავი“ – განაცხადა ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ კოკერილმა.

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები „ვოლაბებთან“ ისტორიაში მესამედ ითამაშებს – პირველად მსოფლიო თასს მიღმა.

საქართველო ავსტრალიას პირველად 2019 წლის იაპონიის მსოფლიო თასზე შეხვდა და ანგარიშით – 27:8 წააგო. შემდეგ 2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასზე და ამჯერადაც მეტოქემ გაიმარჯვა ანგარიშით – 35:15.

2024 წელს ზაფხულის სერიის წინა ორი მატჩიდან საქართველოს ნაკრებმა ერთი მოიგო და ერთიც წააგო. პირველი თამაში საქართველოს ნაკრებმა ბათუმში, ფიჯის ნაკრების წინააღმდეგ დათმო ანგარიშით – 12-21. ხოლო, მეორე მატჩში კი უკვე იაპონიას სტუმრად სძლია ანგარიშით – 23-25.

ცესკოს თავმჯდომარემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს 26 ოქტომბრის არჩევნებზე ინფორმაცია მიაწოდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შეხვდა.

ოფიციალური გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ცესკოში გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა პარლამენტის არჩევნები იყო. გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის გაწეული, მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის, აგრეთვე საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის,  ამომრჩეველთა ინფორმირებისა და განათლების საკითხების შესახებ.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს არჩევნების საერთაშორისო ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჩატარების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული აქტივობებზე. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ინსტიტუციის წინაშე არსებული გამოწვევები და საჭიროებები.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. შეხვედრა 18 ივლისს ცესკოში გაიმართა.

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით 17-ე ჯაზფესტივალს

26-28 ივლისს, ბათუმი მეჩვიდმეტედ მასპინძლობს შავი ზღვის ჯაზფესტივალს. ფესტივალის ორგანიზატორები აჭარის რეგიონის სტუმრებს, როგორც ყოველთვის განსაკუთრებულ საღამოებს პირდებიან. ფესტივალი წელს თავის ტრადიციულ ადგილს, ბათუმის კორტების სცენას უბრუნდება.

26 ივლისი

ფესტივალს გახსნის 11 გრემის ჯილდოს მფლობელი მუსიკოსი  ფილიპ ლასიტერი თავის თერთმეტკაციანი ბენდით. ლასიტერი ლეგენდარული არტისტის პრინცის (PRINCE) New Power Generation-ის უცვლელი წევრი იყო. 

27 ივლისი 

ფესტივალის  სტუმრების წინაშე ვირტუოზი დრამერი ჯოჯო მაიერი წარსდგება.  ჯოჯო მაიერი ცნობილია, როგორც ჯაზის, დრამენდბეისის და ჯანგლ ( Jazz, Drum&Bass, Jungle) მუსიკალური სტილის გამაერთიანებლად. ის არის ელექტრონული კვარტეტის NERVE-ს ლიდერი, რომელიც მან 1997 წელს დააარსა.

28 ივლისი

შავი ზღვის ჯაზფესტივალის ჰედლაინერები The Jacksons! მუსიკის ისტორიაში ყველაზე ცნობილი და პოპულარული ოჯახი:  ტიტო, ჯეკი და მარლონ ჯექსონების ენერგიული შოუ  არის შესაძლებლობა მუსიკის ისტორიაში ერთერთ უდიდეს, პოპის სუპერ ჯგუფის ლაივ კონცერტს დაესწროს მაყურებელი. ჯექსონების  საოცარ შოუზე გაჟღერდება ხუთივე ძმის, მათ შორის ჯერმინ და მაიკლ ჯექსონების მიერ შექმნილი ყველა ცნობილი მეგა ჰიტი, რომლებმაც დიდი ხანია მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა:   “ABC”, “I Want You Back”, “I’ll Be There” და მრავალი სხვა. 

ტრადიციულად ჯაზმატარებელი თბილისიდან ბათუმისკენ მუსიკის ჰანგებში მხიარული განწყობით ამგზავრებს ფესტივალის სტუმრებს. ყოველი დღის ბოლოს  კი ვარსკვლავური ჯემსეიშენი გაიმართება ივერია ბიჩზე. 

ფესტივალის კარი სტუმრებისთვის 19.00 საათზე გაიღება. 

  • შავი ზღვის ჯაზფესტივალს წარმოადგენს თიბისი კონცეპტი
  • ტრადიციული მხარდამჭერები: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აჭარის კულტურის სამინისტრო, ბათუმის მერია.
  • ოფიციალური სპონსორი:  Visa 
  • სპონსორები: ტოიოტა, ისი პარი 
  • მასპინძელი: სასტუმრო „ჰილტონი“, „ივერია ბიჩი“ რესტორანი „პორტო ფრანკო“ და კაფე „პრივეტ იზ ბატუმა“
  • საინფორმაციო მხარდაჭერა: გაზეთი ბათუმელები, იმედი TV, რადიო ფორტუნა, ინტერნეტ ჟურნალი Marketer.ge, პალიტრა მედია ჰოლდინგი, სარეკლამო სააგენტო  ალმა
  • ორგანიზატორი კომპანია „ისთერნ პრომოუშენსი“

ბილეთები იყიდება www.tkt.ge-ზე.

ბილეთების გაყიდვის დაწყებიდან ერთი კვირის განმავლობაში, მხოლოდ თიბისი კონცეპტის Visa ბარათის მფლობელებს ექნებათ შესაძლებლობა შეიძინონ ბილეთები 25%-იანი ფასდაკლებით. წინასწარი გაყიდვის შემდეგ, თიბისი კონცეპტის Visa ბარათზე გავრცელდება 20%-იანი ფასდაკლება, თიბისი Visa ბარათზე კი 15%-იანი.

რამ დააბინძურა ზღვა ბათუმში – კადრები, რომელიც მოქალაქემ გადაიღო

„არ ვიცი, რა ჩადიოდა ზღვაში, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს მშენებლობის პროცესში რეცხვის დროს გამოყენებული წყალია,“ – გვითხრა ბათუმში მცხოვრებმა ზურაბ ბოლქვაძე, რომელმაც გუშინ, 18 ივლისის დილით, ბათუმის პლაჟზე ზღვის დაბინძურების ფოტოები გადაიღო.

ზურაბ ბოლქვაძის თქმით, ის ბათუმის სანაპიროზე კომპანია „ალიანს ჯგუფის“ მშენებარე სასტუმროს „მერიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე იყო, სადაც ზღვას სანიაღვრე არხი უერთდება. გარემოსდაცვის ზედამხედველობის სამსახურში ადასტურებენ, რომ საქმე სამართალდარღვევასთან გვაქვს.

„ცურვა მინდოდა და უკან გამოვბრუნდი, აღარ შეისვლებოდა… ამ ადგილას ხშირად ვცურავ, პერიოდულად ცემენტის წყალს უშვებენ, მაგრამ ეს უფრო ღამის საათებში ხდება, ახლა დილით იყო, დაახლოებით 9 საათზე. დავრეკე 112-ზე და გარემოს დაცვა მოვიდა, მაგრამ ვერ მითხრეს, იყო თუ არა ეს დარღვევა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ზურაბ ბოლქვაძე.

„სამართალდარღვევაზე დაწყებულია ადმინისტრაციული საქმისწარმოება, შედგა შესაბამისი აქტი. წარმოების დასრულების შემდგომ, გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები და შედგება შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი,“ – მოგვწერეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის პრესცენტრიდან.

აქ ვერ გვითხრეს, სავარაუდოდ რამ დააბინძურა ზღვა, ან როგორია დაბინძურების მასშტაბი და საფრთხე.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 19 ივლისის 21 საათიდან 20 ივლისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტეს რაიონში ელჭექის ხასიათის წვიმა;

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 27 – 32 გრადუსი 
  • ღამით: 18 – 23 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 27 – 32 გრადუსი 
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +27 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 21-22 ივლისს აჭარაში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

„ტროტუარიც და ეს ქალაქი ჩვენ გვეკუთვნის“ – ინტერვიუ

ბათუმში მარტივად შესამჩნევია, თუ როგორ აქვთ კაფეებს მიტაცებული ტროტუარები, რაც ფეხითმოსიარულეებს, ეტლით მოსარგებლეებსა და ველოსიპედისტებს ხშირად უქმნის პრობლემებს. ზოგიერთი მოქალაქე პრობლემას არ იმჩნევს, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც საკუთარი ძალებით, აქტივიზმით ცდილობენ უფლებების დაცვას. მათ შორისაა ბათუმელი ანა ნიქაბაძეც.

ანამ ტროტუარის მიტაცების ამსახველი ბოლო ფოტო 16 ივლისს გამოაქვეყნა ფეისბუქის პირად გვერდზე და ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას რეაგირებისკენ მოუწოდა. საუბარია ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე არსებულ კაფეზე – „კიდევ ერთი“, რომელიც, ფოტოს მიხედვით, გარე სივრცის მოწყობას გეგმავს ტროტუარზე. ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ, 17 ივლისს, აღნიშნულ კაფესთან „ბათუმელებიც“ იმყოფებოდა, თუმცა კაფესთან რკინის კონსტრუქციები აღარ დაგხვდა, კაფეს წარმომადგენელმა კი, რომელმაც ჩვენთან საუბარი ქართულ ენაზე არ მოისურვა და რუსულად გვესაუბრა, არ დააზუსტა, აპირებს თუ არა აქ კაფე ქუჩის ნაწილის ათვისებას და აქვს თუ არა ნებართვა ამისთვის. 

ფოტო კაფე “კიდევ ერთის” მიმდებარე ტერიტორიიდან, რომელიც ანა ნიქაბაძემ ფეისბუქზე გამოაქვეყნა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ანა ნიქაბაძე სოციალური ქსელითა თუ სხვა სახის აქტიურობით ბათუმში არსებულ მდგომარეობას აპროტესტებს. ანა ველომოყვარულთა კლუბის – Love to Ride – Batumi-ის თანადამფუძნებელია, ქალაქში გადასაადგილებლად მხოლოდ ველოსიპედს იყენებს და ხშირად ამახვილებს ყურადღებას იმაზე, თუ როგორი შეზღუდულია ველომოყვარულებისთვის ქალაქში გადაადგილება.

„ბათუმელები“ ანა ნიქაბაძეს სწორედ ბათუმში გადაადგილების პრობლემებზე ესაუბრა.

  • ანა, თქვენი აზრით, როგორ იცვლება ბათუმი და რა შეიძლება იყოს ეფექტური იმ სატრანსპორტო, ქაოსური მდგომარეობის გადაჭრისას, რაც გვხვდება დღეს ქალაქში?

ევროპაში სხვისი სივრცის მოპარვის ხარჯზე კეთილდღეობა დანაშაულია და ისჯება, ძალიან დიდი ჯარიმებია.

ძალიან კარგი იქნება, რომ ტროტუარების მითვისების შემთხვევებზე მივუთითოთ ობიექტების მეპატრონეებს მათ არაკანონიერ ქმედებაზე და მინიმუმ, დისკომფორტი შევუქმნათ.

მოქალაქეებმა უნდა გავაცნობიეროთ, რომ ტროტუარი ჩვენ გვეკუთვნის. ეს არის საზოგადოებრივი სივრცე და ტროტუარზე გამწვანება, მისი შენახვა, მოვლა, ჩვენი გადასახადებიდან გადახდილი ფულით ფინანსდება. მაგალითად, თუ ტროტუარზე ძალიან მძიმე კონსტრუქციები უნდა ჩაიდგას, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი?

თუ აქვს ხელშეკრულება მუნიციპალიტეტთან გაფორმებული კერძო სექტორს, იქ წერია, რომ რაიმეს დაზიანების შემთხვევაში თავად კერძო სექტორი აღადგენს ტროტუარს. ჩვენ ძალიან ბევრი შემთხვევა გვაქვს, როცა სხვადასხვა სახის მშენებლობის დროს მძიმე მასალა შეაქვს მშენებელს ადგილზე, რის გამოც ზიანდება ტროტუარები და ველობილიკები. მერე უნდა მოვიდეს ბათუმის მერიის სამსახური, გადაღებოს და შეაკეთოს. ეს ხდება ჩვენი ფულით და ეს თანაგანცდა, რომ ეს ქალაქი შენ გეკუთვნის, შენ ხარჯავ იმაში თანხას, თუ როგორ გამოიყურება ეს ქალაქი, ძალიან მნიშვნელოვანია.

არ უნდა შეგვეშინდეს საკუთარი აზრის გამოხატვის, დაფიქსირების. მოქალაქეები ვართ და ჩვენი ხმა გადამწყვეტია. მე ასე ვუდგები საკითხებს და ამას ვურჩევდი სხვებსაც. სხვა გამოსავალი არ არის.

ბათუმი რთული ქალაქი გახდა. პატარა ბათუმი, ტურისტული ქალაქი, რომელიც იწვევდა დასვენების, მენტალურ ჯანმრთელობაზე კარგი ზემოქმედების ასოციაციას, საცხოვრებლად მოსახერხებელი ქალაქის, სადაც შეგიძლია იმუშაო, დაისვენო, ორ საათში მთაში ახვიდე… ახლა ეს ყველაფერი გახდა ფუფუნება, იმიტომ, რომ ქალაქი არ იგეგმება შესაბამისად.

რაც ბათუმში მოგვწონდა, ბათუმის სული, ბათუმის იდენტობა, თითქოს უჩინარდება.

ქალაქი იზრდება, მოსახლეობაც გაიზარდა და იმდენად მოუმზადებელია ბათუმი ამ გაზრდილი ფართობის და მოსახლეობის [მიღების] თვალსაზრისით, რომ ვერ აუდის და ვერ გვთავაზობს შესაბამის სერვისებს.

მე ვარ ველომოყვარული და ბათუმში ცხოვრების პერიოდში ყოველთვის ვცდილობ გამოვიყენო ველოსიპედი, როგორც ტრანსპორტის საშუალება. სამსახური იქნება ეს, საყიდლები, ნებისმიერი საქმის მოგვარება, იუსტიციაში ვარ წასასვლელი თუ ა.შ., ველოსიპედი ჩემი ტრანსპორტია.

ბოლო პერიოდში, განაშენიანების თვალსაზრისით, ბეტონის კედლები, რომლებიც ემატება და ემატება ქალაქს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმოსვლაზეც აისახება. განაშენიანების ეს ფორმა ფაქტობრივად, ბათუმში საშუალებას აღარ ტოვებს, რომ გადაადგილება იყოს მოქნილი.

ზოგადად, ბათუმს არ აქვს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაცხადებული პოლიტიკა. ბათუმის მერია ამატებს ავტობუსებს და ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტს არ აქვს სივრცე, მათთვის პარკირება არის მოუწესრიგებელი და არ აქვს გადაადგილების საშუალება, რა აზრი აქვს?!

ბევრი რომ ამბობს ხოლმე, ბენზე-ბარცხანაში გადაადგილება შეუძლებელიაო, განსაკუთრებით ბოლო წლებში, ისეა უკვე ბათუმის ქუჩებშიც. მე რომ ველოსიპედზე დავჯდე და ქალაქის გარეუბნიდან შემოვიდე ქალაქის ცენტრში, განსაკუთრებით ზაფხულში, შეუძლებელია. ქალაქი აღარ გიტოვებს სურვილს, რომ გადაადგილდე.

  • თქვენ აქტიურად ამონიტორინგებთ ბათუმის ქუჩებს და აქტიურობთ სოციალურ ქსელშიც. როდის დაიწყეთ ამ სახის აქტივობები?

არ მეზარება ჩამოვიდე ველოსიპედიდან და მივუთითო კერძო სექტორს, რომ ხელყოფენ თავისუფალ გადაადგილებას, პირველ რიგში ფეხით მოსიარულეთათვის და არა მხოლოდ შშმ პირებისთვის.

ფაქტობრივად, კერძო სექტორი გეუბნება, რომ კი, ჩემთან მოდი, ყავა დალიე, მაგრამ მე შენს, როგორც მოქალაქის თავისუფლად გადაადგილებას ხელვყოფ.

კერძო სექტორში ამბობენ ხოლმე, რომ ნებართვა აქვთ. გამოაქვეყნონ ეს ნებართვა, გვაჩვენონ და იყოს ეს საჯარო.

ევროპაშიც ათვისებულია ტროტუარები, მაგრამ ეს ყველაფერი შესაბამისადაა დარეგულირებული. მაგიდის, სკამის ზომაა მნიშვნელოვანი.

თითქოს ქალაქის მერიასაც, მუნიციპალურ ინსპექციასაც არ აინტერესებს ეს საკითხი და ფაქტობრივად, კერძო სექტორის კეთილ ნებაზე ვართ დამოკიდებული.

2020 წლიდან მოყოლებული, რაც ველომოყვარულთა კლუბი დავაარსეთ, ყოველთვის მივუთითებთ მსგავს დარღვევებზე. ლერმონტოვის და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაში არის ერთი ობიექტი, რომლის გადაკვეთაც ყოველთვის მიწევს, რადგან ლერმონტოვზე ვცხოვრობ და შეუძლებელია იქ გავლა. ძალიან მრცხვენია ხოლმე, რომ ფეხით ვინც გადაადგილდება მას დავუსიგნალო ჩემი ველოსიპედიდან და ვუთხრა – გამიშვი. უნდა ჩამოვიდე და ხელით გავიყვანო ველოსიპედი და რატომ, რატომ უნდა გავაკეთო ეს, როცა საფეხმავლო სივრცე უნდა ეკუთვნოდეს ფეხით მოსიარულეს და ველობილიკი უნდა გვეკუთვნოდეს ჩვენ, ველომოყვარულებს.

მცენარეებით აქვთ შემოსაზღვრული და მთლიანად ათვისებული ტროტუარის მონაკვეთი. ოდნავ რომ გაწეული იყოს მცენარეები და ტროტუარის ნაწილი ჰქონდეთ დატოვებული იმისთვის, რომ ერთმა ადამიანმა მაინც გაიაროს – ასე არ არის. ბევრჯერ მივუთითე. მეუბნებოდნენ – „კი, გავწევთ“ და ეს „გაწევა“ არასდროს არ დადგა, როგორც ფაქტი.

ბოლოს გადავწყვიტე განცხადების დაწერა. მე ინგლისურად ვესაუბრებოდი და ისინი რუსულად მპასუხობდნენ. მესმის რუსული, მხვდებოდი, მაგრამ ვპასუხობდი ინგლისურად. ბოლოს დავწერე განცხადება ქალაქის მერის სახელზე და მივუთითე, რომ შესაბამისი უწყება მივიდე და ფაქტზე რეაგირება მოახდინოს.

  • თქვენი მოლოდინი როგორია, ექნება სათანადო რეაქცია მერიას?

ეს განაცხადი მე გავაკეთე 8 ივლისს და 10 სამუშაო დღეში უნდა მივიღო პასუხი. ეს არის მონაწილეობის მექანიზმი, მივედი, დავწერე განცხადება და ველოდები უკუკავშირს. დემოკრატია ასე მუშაობს.

ორი დღის წინ ჩავიარე და კიდევ ისე იდგა ეს მცენარეები ლერმონტოვის და ფარნავაზ მეფის კვეთაში, არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია ჯერჯერობით. ისევ ოკუპირებულია თავისუფალი ტროტუარი. მე ველოდები, რომ რაღაც პასუხს აუცილებლად დამიბრუნებენ, თუმცა განსაკუთრებულ რეაგირებას არ ველი.

ჩვენი ორგანიზაციის სახელით სულ სამი განაცხადი მაქვს შეტანილი.

მეორე განცხადება ეხება პარკირებების მენეჯმენტს და იმას, თუ რამდენი მანქანა დააჯარიმეს ამ წლის დასაწყისიდან ტროტუარებსა და ველობილიკებზე არასწორი პარკირებისთვის. მესამე ჩემი განცხადება კი შეეხება მერიის საავტომობილო გვირაბის ახალ პროექტს. ველოგადაადგილების გენერალური გეგმის მიხედვით, წერეთლის ქუჩა, ყოფილი მაიაკოვსკის ქუჩა და ა.შ., არის ის ქუჩები, სადაც ველობილიკები უნდა დაიხაზოს და ამან ხელი უნდა შეუწყოს ველოქსელის გააქტიურებას ქალაქში. ახალი პროექტები დგება და ამაზე მერიას არ აქვს არავისთან კომუნიკაცია. არც შშმ პირთა საზოგადოებასთან, არც ველომოყვარულებთან. არ ხდება ჩართულობისა და მონაწილეობის უზრუნველყოფა.

ასევე, მე ამ განაცხადში მოვითხოვე განმარტება, თუ რის საფუძველზე აკეთებს ამ სატრანსპორტო გვირაბს მერია. მანქანების ნაკადი, რაოდენობა დათვალა და იმიტომ აკეთებს, თუ რატომ, რადგან ეს სერიოზული პროექტია.

ქალაქში შეუძლებელია გადაადგილება და მერია თუ ვერ აცნობიერებს მონაწილეობის ფუნქციას, რომ სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს უნდა ჰკითხო, როდესაც პროექტს აკეთებ, პროექტს შეისყიდი, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა.

  • თქვენ ბოლო დღეებში ფოტო გამოაქვეყნეთ სოციალურ ქსელში ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან. რომ მოგვიყვეთ, რა ხდებოდა იქ?

გორგასლის ქუჩაზე მე არ ვიცოდი კაფე – „კიდევ ერთის“ არსებობის შესახებ, ალბათ ახლახან გაიხსნა. როცა ველობილიკზე მოვდიოდი, დავინახე რამდენიმე ადამიანი, რომლებიც აზომვით სამუშაოებს აკეთებდნენ. ფოტოზეც კარგად ჩანს, რომ თუ აქ გეგმავს ეს კაფე სტუმრების გამასპინძლებას, ეს იქნება ტროტუარის და თავისუფალი სივრცის ხარჯზე კერძო სექტორის მიერ სერვისის რეალიზაციის კიდევ ერთი ფაქტი.

რკინის კონსტრუქცია, რაც მე ვნახე, ძალიან ახლოსაა უსინათლოთა ბილიკთან. ხშირად მოქალაქეებს არ ეძლევათ ამ მიზეზით ტროტუარზე გავლის საშუალება და უწევთ, რომ გაიარონ ველობილიკზე. ესაა ხელშეშლა თავისუფლად გადაადგილებაში. მე ვერ დავდებ თავს, არ ვიცი, ამ ობიექტს აქვს თუ არა ნებართვა მუნიციპალიტეტისგან გარე სივრცის ტროტუარზე მოწყობის, მაგრამ როგორც ჩანს, მათ ძალიან არ ესიამოვნათ ჩემი გამოხმაურება სოციალურ ქსელში.

გარდა ამისა, როცა შეხვალ ამ კაფეს სოციალურ ქსელში, ყველაფერი უდევთ რუსულ ენაზე. კი, არის ქართული სუბტიტრები, ინგლისურად უწერიათ აღწერაში რაღაცები, მაგრამ რუსულად ესაუბრებიან აუდიტორიას და მიჩნდება კითხვა: მე, ბათუმელ ანა ნიქაბაძეს, რომელსაც მინდა ყავა დავლიო და რუსულად მეუბნებიან ჩემს ქალაქში, მოდი და აქ დალიე ყავაო, რას ნიშნავს ეს?! არანაირად არ შევალ მე იქ და არ დავხარჯავ ჩემს ხელფასს. მნიშვნელობა აქვს რომელ ენაზე მიმასპინძლდებიან, მენიუ რომელ ენაზეა შედგენილი.

ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორში სოციალური პასუხისმგებლობის გააზრება. მე რაც ვნახე, ძალიან შემაშფოთებელი იყო ტროტუარის კუთვნილი სივრცის ათვისების თვალსაზრისით. თუ აქვთ ნებართვა მუნიციპალიტეტისგან, გამოაქვეყნონ მათ გვერდზე, საჯაროდ.

რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პრობლემაა, რომ მუნიციპალურ, ქალაქის ადმინისტრაციის დონეზე ამოდენა გააზრება არ არსებობს, როგორი ნებართვები შეიძლება გაიცეს. თუ არასწორად გასცემენ ნებართვებს, ჩვენ მოგვიწევს მოვთხოვოთ პასუხი და ამას გავაკეთებთ. არ იქნება ისე, რომ მე უკან დავიხევ, როგორც მოქალაქე თუ ველომოყვარული. ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. აღარ არის იმის ფუფუნება, რომ რაიმეზე თვალი დავხუჭოთ.

სოციალური თვალსაზრისითაც, ძალიან დიდ ნაპრალებს აჩენს საზოგადოებაში ის, რომ მთავრობამ შემოუშვა რუსები, ფაქტობრივად, უკონტროლოდ და ეს რაღაც ელიტად ჩამოყალიბდა, რომელსაც აქვს საშუალება იქირაოს სივრცეები. ჩვენს სტუდენტებს ბინის ქირა გაუძვირდათ, რადგან ისინი უფრო გადამხდელუნარიანები არიან. ფასებზე გავლენა მოახდინეს და საბოლოო ჯამში ჩემი, ჩვენი ცხოვრების ხარისხზე მოახდინეს გავლენა. რა თქმა უნდა, მე როგორც მოქალაქეს, ეს მეხება.

განცდა მაქვს, რომ ჩემს ქალაქში ცხოვრება გამიძვირდა, იმიტომ, რომ რუსებმა თავიანთი სტანდარტები შექმნეს.

მე არჩევნებზე იმიტომ არ დავდივარ, რომ ასეთი სიტუაცია შეიქმნას.

ის რუსული ბიზნესები, რაც ბათუმშია, ისევ რუს ხალხს ემსახურება ძირითადად. რა თქმა უნდა, იქ ალბათ შევლენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, მაგრამ შენ რომ ევროპელი ტურისტი ჩამოგყავს და გინდა თავი მოაწონო, ძველი ბათუმი დაათვალიერებინო და ბათუმის ისტორიაზე, ბერძნული და ინგლისური განაშენებიანების შესახებ მოუყვე და იქ ხედავ რუსულ წარწერებს… ასეთი გამოცდილება გვქონდა, რომ ნორვეგიელმა ტურისტმა ერთ-ერთ ბარში გვითხრა, აღარ მინდოდა აქ ჩამოსვლა, როცა გავიგე, რომ ძალიან ბევრი რუსი ცხოვრობს ბათუმშიო. ქართულმა ბიზნესმაც უნდა გადაწყვიტოს და აიღოს პასუხისმგებლობა.

ანა ნიქაბაძე სხვა ველომოყვარულებთან ერთად ბათუმში

 

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 19 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 19 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 564 620 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +980]
  • ტანკი – 8 250 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 15 902 ერთეული [+19]
  • საარტილერიო სისტემა – 15 520 ერთეული [+55]
  • MLRS – 1 120 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 894 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 361 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 12 316 ერთეული [+42]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 401 ერთეული [+3]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 20 909 ერთეული [+76]
  • სპეცტექნიკა – 2 593 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 19 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 630 თვითმფრინავი
  • 277 ვერტმფრენი
  • 27 841 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 552 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 611 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 379 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 12 059 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 23 829 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„დიპლომატიის ძალას შეუძლია, დაგვეხმაროს ტერიტორიების დაბრუნებაში“ — ზელენსკი

რა ელის სამყაროს, თუ პუტინს უკრაინაში გამარჯვების საშუალება მიეცემა – იუვალ ნოახ ჰარარი 

რუსეთში რიგები დგას კომისარიატებთან, რომ ჩაეწერონ და წავიდნენ ომში ხელფასის გამო – ინტერვიუ

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ცესკომ ეროვნული ბანკის თანამშრომლებს საარჩევნო სიახლეები და ელექტრონული ტექნოლოგიები გააცნო

ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში საარჩევნო სიახლეებსა და ელექტრონულ ტექნოლოგიებს ეროვნული ბანკის წარმომადგენლები გაეცნენ. საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა და აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა.

მან 2024 წლის არჩევნებისთვის მზადების პროცესისა და ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ისაუბრა. გაიმართა საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრაცია და იმიტირებული კენჭისყრა. შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ პრაქტიკაში გამოეცადათ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობა.

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას და აპარატის თანამშრომლებს მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია იმ საარჩევნო ტექნოლოგიების შესახებ, რომლებიც გამოყენებული იქნება 26 ოქტომბრის არჩევნებზე. აღსანიშნავია, რომ შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში განხორციელდა. იყო არაერთი კითხვა და მონაწილეებმა დეტალური და ამომწურავი პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო საკითხებზე. თეორიულ ინფორმაციასთან ერთად მათ, ასევე, ჰქონდათ შესაძლებლობა, პრაქტიკაში გამოეცადათ ტექნოლოგიური საშუალებები“, – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.

ჩვენ ძალიან დიდი ინტერესით ვუსმენდით ცესკოს გუნდის მიერ ჩატარებულ პრეზენტაციას. მართლაც, უამრავი სამუშაოა ჩატარებული, საარჩევნო პროცესი სრულიად განახლებულია, ეყრდნობა ახალ ტექნოლოგიებს. ვფიქრობ, საკმაოდ მარტივია, ძალიან ლოგიკურად არის აწყობილი. ამასთან, გვეხმარებიან სპეციალურად მომზადებული ადამიანები. ვფიქრობ, საარჩევნო უბანზე მისული არცერთი ამომრჩეველი არ დარჩება ყურადღების გარეშე და საკმაოდ მარტივად შეასრულებს თავის მოქალაქეობრივ ვალს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და განათლება საარჩევნო ადმინისტრაციის ერთერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების დემონსტრაცია ეტაპობრივად იმართება ქვეყნის მასშტაბით ხალხმრავალ ადგილებში, საჯარო და კერძო სტრუქტურებში. დღეის მდგომარეობით უკვე ინფორმირებულია 500 000-მდე ადამიანი.

აღსანიშნავია, რომ ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში 6 ივლისიდან საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება მიმდინარეობს. ახალი პროექტის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 მუნიციპალიტეტში, წინასწარ განსაზღვრულ 89 ლოკაციაზე, ყოველ შაბათკვირას გამართულ შეხვედრებზე ამომრჩევლებს საშუალება აქვთ პირადად გაეცნონ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობას.

„ოცნება“ უნდა წავიდეს VS „ოცნებამ“ გადაგვარჩინა ბომბს – ამბავი სოფელ მახოდან

„თავისუფალი ხმა არ უნდა დარჩეს, ყველა უნდა მივიდეს არჩევნებზე. თუ არ მივლენ, იმ თავისუფალ ხმას „ოცნება“ გამოიყენებს“ – გვიხსნის იაშა გოგაძე სოფელ მახოდან, მას სოფლის ცენტრთან ახლოს ერთ-ერთი მაღაზიის წინ შევხვდით, სადაც დასასვენებლად და ცივი ლუდის დასალევად მივიდა.

69 წლის პენსიონერს აქტიური მუშაობა არ შეუძლია, თუმცა სამუშაო სჭირდება, პენსია წამლებსაც არ ჰყოფნის: „მანქანა შევიძინე და ვტაქსაობ საღამოობით, 20-30 ლარს ვაკეთებ, სახლში პური მიმაქვსო.“

საარჩევნოდ მობილიზება, თითოეული ამომრჩევლის მიერ არჩევანის დაფიქსირება, იაშა გოგაძის აზრით აუცილებელი პირობაა ცვლილებისთვის. ცვლილება კი აუცილებლად საჭირო, რომ „ევროკავშირში შევიდეთ და არა რუსეთში“.

„ოცნების“ წინასწარი პროგნოზები, რომ არჩევნების უპირატესობით მოგებას გეგმავს, იაშა გოგაძეს უჩენს მოლოდინს, რომ „გააყალბებენ“. რა მოხდება ასეთ შემთხვევაში? – იაშა გოგაძე მოვლენების შესაძლო განვითარების თავის ვერსიას გვიზიარებს:

„თუ გააყალბებენ ომი იქნება“.

ამ ნათქვამმა ავტომატურად გადაგვიყვანა სამთავრობო რიტორიკაზე, „ომი გინდათ“. რესპონდენტს ვკითხეთ, აშინებს თუ არა ამ ნარატივით „ოცნება“ მოქალაქეებს.

„რა თქმა უნდა, აშინებს. რუსეთისკენაა, თქვენ ვერ ხვდებით ამას? – რუსებს ემორჩილებიან მაგენი ყველა. უნდა მოვაშოროთ და შევიდეთ ევროკავშირში, რომ გვქონდეს კარგი ცხოვრება. იქ ვცხოვრობდი და ვიცი, რაცაა რუსეთი, მაგათთან რაც შეიძლება შორს უნდა დაიჭირო თავი. თავი მეფედ მოაქვთ და ძველი კავშირის აღდგენა უნდათ, ვინ შევა მაქ. არ ვშორდებით ევროპასო, რომ ამბობს „ოცნება“, სათავეში უნდა ყოფნა და მაგიტომ ამბობს, ორჯერ ორი ოთხია, რომ ასეა. ალბათ პუტინმა უთხრა თუ ამ კანონს არ მიიღებ… არ ვიცი ახლა იქ რა ხდება, პოლიტიკაში არ ვერევი, მაგრამ ერთი ის ვიცი, რომ ეს მთავრობა მოსაშორებელია, ხალხი ცხოვრობს გადარჩენისთვის, როგორმე პური ნახოს, სახლში მიიტანოს. ფული იშოვა მთავრობის წარმომადგენელმა, გლეხმა კი არ იშოვა აბა. რა თქმა უნდა, ევროპა უკეთესია და ეს მთავრობა სასწრაფოდ მოსაცილებელია. როგორ და არცერთი ხმა არ უნდა ჩავარდეს. მაგენი იმიზა ომობენ და უნდათ იქ გასვლა, რომ კიდევ გააგრძელონ მოპარვა და ფული მათ ჰქონდენ, აბა მე რატომ არ მინდა გასვლა და არ ვომობ მაგაზე. ამდენ ხალხს, დემონსტრანტებს ცემენ იმის გულობიზა, რომ გააჩუმონ ხალხი და როგორც პუტინი რუსეთშია, ისე იყოს. მაგ რუსული კანონის დახმარებით დარჩება სათავეში და მაგისთვის უნდა“.

მახოში მოსახლეობასთან გასაუბრება მეტწილად სოფლის საყოფაცხოვრებო პრობლემებით იწყება და ქვეყნის გამოწვევებით გრძელდება, აუცილებლად განიხილება მოახლოებული არჩევნები, ბოლოს კი საგარეო კურსის ცვლილების თემაზე გადავდივართ.

იაშა გოგაძე

აქ შეხვდებით მოქალაქეებს, რომლებიც ღიად აკრიტიკებენ მთავრობას, როგორც პირად საუბარში, ასევე კამერასთან: „ეს ასეა და უნდა ვთქვათ, არ უნდა გვეშინოდეს.“ არიან ისეთებიც, რომლებიც პირად საუბარში აფიქსირებენ თავის პოზიციას, მაგრამ გამოჩენა არ უნდათ და ისეთებიც, რომელთა მოსაზრებებიც ზუსტად ემთხვევა სახელისუფლებო პროპაგანდას, ზოგჯერ გამოჩენა მათაც არ უნდათ.

„ოცნება“ უნდა წავიდეს VS „ოცნებამ“ გადაგვარჩინა ბომბს – ამბავი სოფელ მახოდან

სოფელი მახო ზღვის დონიდან 120 მეტრში მდებარეობს. ბათუმის შემოსასვლელიდან მახოში მისვლამდე 14 კილომეტრია. შეიძლება ითქვას, რომ ქალაქთან სიახლოვის გამო სოფელში გადაადგილების პრობლემა მწვავედ არ დგას დღის წესრიგში, თუმცა ზოგან მოძრაობის გრაფიკის დარღვევას უჩივიან.

ქალაქის ხედი სოფელ მახოდან

ხელვაჩაურის გზიდან „მახოს  ხიდზე“ რომ გადაუხვევ, ავტომანქანით 2-3 წუთში უკვე სოფელში ხვდები, სოფლის ცენტრი მაღლობზეა, სადაც სამარშრუტო მიკროავტობუსებს მგზავრები ბოლო გაჩერებაზე მიჰყავთ და იქვე ჩერდებიან შემდეგ გასვლამდე. აქ არის სოფლის სკოლა და თავშეყრის ადგილიც.

სოფელში ბევრმა გვითხრა, რომ სოციალური დახმარების მისაღებად განაცხადი შეავსო, მიიჩნევს, რომ ეკუთვნის, თუმცა შესაბამისი ქულები ვერ მიიღო. ბევრი ოჯახი კი მსგავს „შემწეობას“ ემიგრაციაში წასული ოჯახის წევრისგან იღებს. ჯანდაცვის სერვისებით კმაყოფილები არიან, თუმცა ამბობენ, რომ საკმარისი არ არის. ერთ-ერთი მოქალაქე გვიყვება, რომ შვილი საფრანგეთში წავიდა მძიმე დიაგნოზით: „იქ უფასოდ მკურნალობენ, აცოცხლებენ, აქ ვერ გადარჩებოდა.“

სოფელში განხილვის თემაა ბუნებრივი აირით მომარაგების საკითხი. ოთხი წელია მილები შემოიყვანეს და წელს ჩაგვირთეს, მაგრამ ზოგიერთ მოსახვევში ისეა გაყვანილი უსაფრთხო არ არისო. ითხოვენ შესაბამისი სამსახურები დაინტერესდნენ და ზომებიც მიიღონ.

ადგილობრივების თქმით, ეს მახოში სახიფათო მოსახვევია: „ბევრჯერ ჩავარდა მანქანა, თან ზედ გაზის მილი გადის, ბევრჯერ მივმართეთ მერიას, თუმცა უშედეგოდ. მაინც და მაინც უნდა დაიღუპოს ვინმე, რომ მოაწესრიგონ?“

სოფელი მახო

გვითხრეს ისიც, რომ სოფელში ხელმოწერებს აგროვებენ „მახოში საბჭო გაგვიკეთონ, რამე თუ დაგვჭირდება თხილნარში რატომ უნდა ვიაროთო“. გარდა ამისა, „სოფლის ექიმი მახოში კვირაში ერთი დღით ამოდის და სხვა დღეებში თხილნარში გვიწევს მასთან მისვლაო“.

სოფლის პრობლემები გვერდით გადადო და ქვეყნის საჭიროებებზე დაიწყო საუბარი ავთანდილ ზაქარაძემაც. მასთან სახლში მივედით. გვითხრა, რომ მთავრობის მუშაობით უკმაყოფილოა და ცვლილებების საჭიროებას თავადაც გარდაუვალ აუცილებლობად მიიჩნევს და ოპოზიციური პარტიებისგან მათი ხედვის მკაფიოდ წარდგენას ითხოვს:

„პარტიებმა უნდა გაიგონ, რომ არჩევნების წინ მაინც უნდა გამოაცხადონ რა სოციალურ სიკეთეებს მოუტანენ ხალხს არჩევის შემთხვევაში. რით გაუმჯობესდება ხალხის ცხოვრება, მე მხედველობაში მაქვს პენსიები, სტუდენტების სტიპენდიები, მინიმალურია ხელფასები. გზაჯვარედინზე მყოფი ქვეყანა უნდა ჩავაბათ მსოფლიო ვაჭრობის დიდ საქმეში, მოვასწროთ პორტების მოწყობა, არცერთ პარტიას არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ დავრჩებით ისეთ უბადრუკ მდგომარეობაში, როგორშიც ჩაგვაყენეს. მაინც განვვითარდებით და წავალთ წინ. მე ამის იმედი მაქვს, მაინც მოვლენ ჩვენთან რეფორმატორები, არა ისეთი რეფორმატორები, რომლებიც ერთი ხელით ვითომ რეფორმებს აკეთებენ, მეორე ხელით კი ერის ფსიქოლოგიურ გენოციდს. თუ ასე არ მოხდა, ჩვენ გველოდება დემოგრაფიული კატასტროფა… არ გვეღირსა ნორმალური მმართველი.“

 

ავთანდილ ზაქარაძე

გოჩა მსხალაძეს სოფლის თავშეყრის ადგილზე შევხვდით. ჩვენთან საუბარში მან ჯერ სოფლის რწმუნებულის მუშაობა შეაფასა.

„გამგებელი მუშაობს დამაკმაყოფილებლად, გლეხურ საქმეებს აგვარებს, ვინმეს თუ სახლი დაენგრა ან სტიქია ემუქრება, ბინას აძლევენ. ამ სოფლიდან რვა ოჯახმა ბინა მიიღო“,- გვითხრა მან. შემდეგ რუსეთთან მეზობლობის და ევროკავშირში შესვლის საკითხსაც შევეხეთ.

„ევროკავშირში შესვლაზე ხალხის განწყობა ორნაირია, ზოგს უნდა, ზოგს არ უნდა. მე, მაგალითად, დუმილს ვარჩევ“, – ამბობს გოჩა. გვითხრა ისიც, რომ „ომი არავის არ უნდა, და რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა უნდა გვქონდეს, რადგან ახლო მეზობელი რუსეთია, ვიდრე ამერიკა.“

გოჩას ვკითხეთ, როგორ წარმოუდგენია კეთილმეზობლური ურთიერთობა ოკუპაციის პირობებში, მან ნათქვამი დააზუსტა: „ასეთ შემთხვევაში ძნელია გქონდეს კეთილმეზობლური ურთიერთობა, მაგრამ ვეცადოთ, რომ აფხაზები და ოსები შევირიგოთ. აფხაზეთთან და ოსეთთან გვინდა და არა რუსეთთან. მარტო არ დავრჩებით მთელი კავკასია ჩვენკენაა. ევროპაც დაგვეხმარება, რა თქმა უნდა დაგვეხმარება.“

გოჩა მსხალაძე

რუსეთის მეზობლობისა და ევროკავშირში შესვლის საკითხს ჩვენთან დიდი სიფრთხილით განიხილავს ქალი, რომლის ოჯახის წევრიც საფრანგეთში „ექიმებმა სიკვდილს გადაარჩინეს“ და როგორც თვითონ ამბობს „აცოცხლებენ.“

გვიხსნის, რომ რუსეთი მეზობელია, მთავრობამ კი „ბომბის ჩამოვარდნისგან გადაგვარჩინა.“ დიდხანს არიდებდა თავს კითხვაზე პასუხს, ვისი ბომბისგან გადაგვარჩინა მთავრობამ „მეზობლის თუ  ვინმე სხვისი“. ბოლოს გვითხრა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ბეშუმში წაიყვანა შვილები: „იქედან, რომ ნაძვი ჩამოვიტანე მაშინ, ნახეთ იგერ იზრდება“ – ეზოს კუთხეზე მიგვითითა.

ამ ქალებმა ფოტო არ გადაგვაღებინეს.

ასაკოვანი ქალი გვიყვება, რომ ერთი წელი იარა ხელვაჩაურის მერიაში კონკრეტული დახმარების მოთხოვნით: „ ნაგროვები წყალი ჩამოდის წვიმის დროს და მიწა მიაქვს, მინდოდა მიმართულება შეეცვალათ.“

გვიყვება, რომ უარი არ უთქვამთ, თუმცა არც დაეხმარნენ. ის ყირგიზეთიდან არის საქართველოს მოქალაქეზე იყო დაქორწინებული და 2014 წლიდან მეუღლესთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა საცხოვრებლად. შვილები ყირგიზეთში ცხოვრობენ: „არ უნდათ აქ ცხოვრება. მე მოქალაქეობა არ მაქვს, ვითხოვდი და უარი მითხრეს, ათი წლის შემდეგ მოგვმართეო. პენსია ყირგიზეთშიც დაბალია, ისევე როგორც აქ. მეუღლე დამეღუპა, რადგან მოქალაქეობა არ მაქვს, ვერც ჯანდაცვის პროგრამებით ვსარგებლობ.“

გულნარა ნაკაშიძე სოფლის მაღაზიაში მუშაობს. გვიყვება, რომ სოფელში განსაკუთრებით სუფთა წყლის მიწოდების პრობლემა აწუხებთ: „დაახლოებით პირველი საათისთვის რომ შეწყდება, საღამოს ექვსამდე წყალი არ გვაქვს. სულ ასეა, ყველა ზაფხულს. სისუფთავე სრულად წყალზეა დამოკიდებული. ამ ზაფხულში წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაში ვართ“.

სოფლის მეორე პრობლემად მან ქუჩის განათება დაასახელა: „მხოლოდ ცენტრშია გზა განათებული, სოფლის მომაღლო ადგილები კი ღამით ჩაბნელებულია, ტურის შიშით ვერ გაგვივლია, გზაზე გამოდიან. “

გულნარას თქმით, სოფლიდან ბევრი ემიგრაციაში ვალების გამო წავიდა, მუშაობენ და ფულს აგზავნიან, რომ ბანკების ვალები დაფარონ: „ჩემი ახლობლები წასულები არიან უკვე შვიდი წელია თურქეთში, საბერძნეთში, ისრაელში სამუშაოდ.“

გულნარა გვიყვება, რომ სოფელში მოსულ მთავრობის წარმომადგენელს მოსახლეობამ ბავშვებისთვის სტადიონისა და გასართობი სივრცის მოწყობა სთხოვა, მან კი უპასუხა ადგილები შესყიდულია და თქვენ თუ გამონახავთ ჩვენ გავაკეთებთო.

გულნარა სიღარიბეზე გვიყვება. ამბობს, რომ არ იცის, როგორ ახერხებენ მთავრობის წარმომადგენლები ამ ღარიბ ქვეყანაში გამდიდრებას: „მაი რომ ვიცოდე, რა მიჭირს.“

გულნარა ნაკაშიძე

მახოში, ევროპის მოწინააღმდეგეებში, ჰომოფობიურ განწყობებსაც მოუკიდებია ფეხი, აქ რამდენიმემ გვითხრა, რომ ევროპა ლგბტ თემის გაძლიერებას ნიშნავს მათთვის. ასეთი განწყობა ჩვენთან საუბარში სტუდენტმაც კი დააფიქსირა. მან გვითხრა, რომ რუსული კანონს ეწინააღმდეგება, რადგან რუსულია, მაგრამ არ უნდა ევროპა, რადგან „ტრადიციული ქვეყანა ვართ“ და ლგბტ თემი არ მომწონსო.

„ ხელისუფლებას უნდა ერთი მხრივ აირიდოს ომი, როგორიც უკრაინას აქვს და მეორე მხრივ რუსეთისკენ წაგვწიოს. ევროპა კარგია, მაგრამ მისი მინუსები გააჩნია. ლგბტ თემი პირველ რიგში. ტრადიციული ქვეყანა ვართ და მაგიტომ. ეს ტრადიციულ ქვეყანაში მიუღებელია“, – ამბობს ირინა ხინკილაძე.

ირინა ხინკილაძე

აჭარის უმაღლესი საბჭო გენდერულ კვოტებს აუქმებს

საქართველოს პარლამენტის შემდეგ გენდერულ კვოტებს აჭარის უმაღლესი საბჭოც აუქმებს.

ხვალ, 19 ივლისს, აჭარის უმაღლესი საბჭო რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს „უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონპროექტს, რომლითაც მთელი რიგი ცვლილებებია დაგეგმილი, მათ შორის უქმდება გენდერული კვოტებიც.

აქამდე მოქმედი კანონმდებლობით, პარტიები ვალდებული იყვნენ უსკოს თავმჯდომარისათვის წარდგენილ პარტიულ სიაში ყოველი მეოთხე ქალი ყოფილიყო. თუ პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში არ იქნებოდა დაცული დადგენილი სქესთა შორის ბალანსი, პოლიტიკურ პარტიას უბრუნდებოდა სია და ხარვეზის აღმოსაფხვრელად ეძლეოდა 3 დღე. თუ ხარვეზი არ აღმოიფხვრებოდა, ანუ თუ პარტიულ სიაში ყოველი მეოთხე არ იქნებოდა ქალი, პარტიული სია რეგისტრაციაში არ გატარდებოდა.

თუ „ოცნების“ დეპუტატები კანონპროექტის კანონად ქცევას მხარს დაუჭერენ, გენდერული კვოტები აჭარის უმაღლეს საბჭოშიც გაუქმდება.

კანონპროექტით, რომელიც „ოცნების“ დეპუტატებმა აჭარის უმაღლეს საბჭოში 11 ივლისს დააინიციირეს და რომელსაც დაჩქარებული წესით განიხილავენ, ასევე იცვლება უმაღლეს საბჭოში მანდატების განაწილების წესი, ხოლო პოლიტიკურ პარტიებს საშუალება ექნებათ პარტიულ სიებში მუნიციპალიტეტების მიხედვით განსაზღვრონ ე.წ. დელეგატები.

ოპოზიცია ამ დაგეგმილ ცვლილებას ეწინააღდეგება.

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ნინო ჩხეტია, რომელიც წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი იყო, ამბობს, რომ მმართველი პარტია არჩევნების წაგების შიშმა შეიპყრო, რის გამოც საარჩევნო კანონმდებლობის საკუთარ თავზე მორგება დაიწყო.

„ქართული ოცნება“ აჭარის უმაღლეს საბჭოში მანდატების განაწილების წესს ცვლის და ამით არანაირ შანსს არ ტოვებს, რომ არჩევნები სამართლიან და დემოკრატიულ  გარემოში ჩატარდება,“ – განაცხადა 17 ივლისს გამართულ ბრიფინგზე ნინო ჩხეტიამ.

დღეს, 18 ივლისს, ოპოზიციონერის განცხადებას იურიდიული კომიტეტის სხდომაზე გამოეხმაურა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე.

გაბაიძის განცხადებით დაგეგმილი ცვლილებები „აბსოლუტურად ემთხვევა ერთი-ერთზე საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის მანდატების განაწილების წესს. მე მგონია, მანდატების განაწილების ეს წესი ხელს უნდა აძლევდეს მცირე პარტიებს“.

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც დავით გაბაიძე შეეხო, ე.წ. დელეგატებია. დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებით, პარტიებს საშუალება ექნებათ აჭარის 6 მუნიციპალიტეტში პარტიულ სიაში განსაზღვრონ დელეგატის ვინაობა.

ოპოზიცია ფიქრობს, რომ ამით „ოცნება“ ცდილობს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებით გაჩენილი ნაპრალი შეავსოს და ასე მიიმხროს ამომრჩეველი.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ 18 ივლისს საკომიტეტო მოსმენაზე თქვა, რომ ის პრობლემას ვერ ხედავს დელეგატების განსაზღვრაში, რადგან „მოქალაქემ უნდა იცოდეს, ვის უნდა ეკონტაქტოს“.

„დელეგატების საკითხი ისე და იმ ფორმით იქნა დაყენებული, თითქოს ჩვენ კვაზი მაჟორიტარულ სისტემას ვთავაზობთ მოქალაქეებს.

არ ვთავაზობთ კვაზი მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას, გამომდინარე იქიდან, რომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა ნიშნავს იმას, რომ პარტიულ სიას კი არ აძლევს მოქალაქე ხმას, აძლევს კონკრეტულ სახელსა და გვარს.

ამ შემთხვევაში ასე არ ხდება. კენჭისყრა მოხდება პარტიებისათვის, ხმის მიცემა მოხდება პარტიებისათვის, უბრალოდ კანონი აძლევს შესაძლებლობას კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტს, პარტიას, ვინც დარეგისტრირებული იქნება უსკოში, რომ ამ პარტიული სიიდან მიუთითოს კანდიდატებზე, რომ ეს კონკრეტული პირი იქნება დელეგატი კონკრეტული მუნიციპალიტეტიდან,“ – განმარტა დავით გაბაიძემ.

მისივე თქმით, თითოეული პარტია თავად გადაწყვეტს, მიუთითოს თუ არა პარტიულ სიაში დელეგატთა ვინაობა.

„ჩვენ პოლიტიკურ ძალას ამის მზადყოფნა და სურვილი აქვს. ვნახოთ, შეიძლება ეს ნება განსჯის შედეგად არ გამოვიყენოთ, მაგრამ ეს შესაძლებლობა პოლიტიკურ სუბიექტებს არ უნდა წავართვათ,“ – განმარტა დავით გაბაიძემ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესია, სადაც საარჩევნო კანონმდებლობას გამარტივებული წესით განიხილავენ, ხვალ, 19 ივლისს გაიმართება.

რას ნიშნავს ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება ხალხისთვის და რას ნიშნავს „ოცნებისთვის“

45 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა რუსულ კანონს.

კანონი გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს უნდა ამოქმედდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ 3 აგვისტოდან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უფლება ექნება რეპრესიები დაიწყოს სამოქალაქო საზოგადოების მიმართ.

რუსული კანონი ხელისუფლებას საშუალებას აძლევს ჩაახშოს კრიტიკული აზრი და გაუსწორდეს ყველა იმ ორგანიზაციას, ვისი მუშაობაც არ მოსწონს.

სანამ რუსული კანონით დაკანონებული რეპრესიები დაიწყება, კანონმა ქვეყნისთვის უარყოფითი შედეგები უკვე მოიტანა და ის საქართველოს თითოეულ მოქალაქეს შეეხო.

კერძოდ, საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერდა, გაუარესდა ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. საქართველოს შეუწყდა მრავალმილიონიანი დახმარებები, რომელიც აშშ-დან და ევროკავშირიდან ჰქონდა.

„ამ დროისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია“, – ეს განცხადება ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ 9 ივლისს გააკეთა. ელჩმა ასევე თქვა, რომ ქართველი ხალხი ირჩევს მთავრობას, რომელი მთავრობაც შემდეგ წყვეტს ქვეყნის პოლიტიკურ კურსს. თუ მომავალი მთავრობა დაინტერესებული იქნება ევროკავშირში გაწევრიანებით, ევროკავშირი საქართველოს დაეხმარება ამ მიზნის მიღწევაში. ხოლო თუ არ იქნება დაინტერესებული, მაშინ ევროკავშირი იმუშავებს საქართველოსთან, როგორც მუშაობს ბევრ სხვა ქვეყანასთან, მაგალითად, ტუნისთან, აზერბაიჯანთან, ყაზახეთთან

საქართველოს მოსახლეობა ახლა უყურებს როგორ ნადგურდება ყველა მიღწევა, რომელიც ქვეყანას გასული 30 წლის განმავლობაში ჰქონდა დასავლეთისკენ სვლის მიმართულებით.

რუსული კანონის მიღების შედეგები:

  • როგორი იყო რუსული კანონის 45 დღე საქართველოსთვის და რა საფრთხეების წინაშე აღმოჩნდა ქვეყანა

რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი, ანალიტიკოსი გიორგი ბადრიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ რუსულმა კანონმა რისკის ქვეშ დააყენა საქართველოს ეროვნული ინტერესები, შელახა ქვეყნის ნდობა და რეპუტაცია მთავარი პარტნიორების თვალში. რაც მთავარია, ქვეყნის დასავლელი პარტნიორები აპირებენ საქართველოს მიმართ პოლიტიკას ძირფესვიანად გადახედონ.

„ამ კანონმა შეაჩერა საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირში. ეს არ იყო რაღაც თეორიული საკითხი. ეს იყო კონკრეტული მექანიზმის მქონე და კონკრეტული ვადის მქონე პერსპექტივა ჩვენი ქვეყნისთვის. შესრულებული ვალდებულებების შემთხვევაში საქართველო ევროკავშირის წევრი შეიძლება გახდეს 2030 წელს.

შეერთებულმა შტატებმა ფიზიკურად გადაარჩინა საქართველო 90-იან წლებში და ხელი შეუწყო მის დამოუკიდებლობას. დასავლეთიდან გამოგზავნილი გრანტების 95% მიდიოდა ქვეყნის ბიუჯეტში. ხელისუფლება იყო ამის მიმღები.

ევროკავშირმა მრავალმილიონიანი დახმარება შეგვიჩერა ახლა რუსული კანონის გამო, თუ ასე გაგრძელდა, ეს ძალიან მალე პირდაპირ აისახება ყველა მოქალაქის ცხოვრების ხარისხზე.

ვისაც ჰგონია, რომ ეს კანონი არის პრობლემა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლებისთვის, აი, ძალიან ღრმად ცდებიან. ეს არის მექანიზმი, რომლის შედეგადაც მთელი ქვეყანა გადაიხდის ძალიან დიდ ფასს. გადაიხდის თითოეული მოქალაქე.

ეს არის პირველ რიგში სიმბოლური გაფორმება იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება, პირადად ბატონი ივანიშვილი, დაპირებული დემოკრატიული და ევროპული სისტემის ნაცვლად აშენებს რუსული ტიპის ავტორიტარულ რეჟიმს. ავტორიტარული რეჟიმის გაფორმება გაუიოლდებათ დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების თავიდან მოშორების შემდეგ.

გიორგი ბადრიძე

  • „ევროინტეგრაციის პროცესი გაჩერებულია“ – თქვა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა. რას ნიშნავს ეს ქვეყნისთვის და რას ნიშნავს „ქართული ოცნებისთვის“?

„ოცნებიდან“ დავიწყოთ. „ოცნება“ აქამდე არასდროს ყოფილა გულწრფელი ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ. ის არ აცხადებდა შეწყვეტას, დღესაც ზოგჯერ იძახის უცნაურად, გაუგებრად, ევროკავშირში შევალთო, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა თავისი პოზიცია ნათლად გამოხატა.

არასდროს არ ყოფილა „ოცნების“ სწრაფვა ევროინტეგრაციისკენ გულწრფელი, რადგან ევროკავშირში გაწევრიანება დაკავშირებულია ძირეული დემოკრატიული რეფორმების განხორციელებასთან და მათ ცხოვრებაში დანერგვასთან, დამოუკიდებელ სასამართლოსთან, თავისუფალ არჩევნებთან და ა.შ.

ამის ნაცვლად ოლიგარქიულ რეჟიმს ყოველთვის ერჩივნა ჰქონოდა პირდაპირი კონტროლი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, საკანონმდებლოზე, სასამართლოზე და ახლა გადაწვდა სამოქალაქო საზოგადოებას, ერთადერთ სფეროს, რომელსაც ის პირდაპირ, ძალისმიერად ვერ აკონტროლებდა. ასე რომ, მათთვის ეს ბუნებრივი მდგომარეობაა.

ერთადერთი რამის გამო არ აცხადებდა ღიად „ოცნება“ კურსიდან გადახვევის შესახებ: ერთი მხრივ იღებდნენ მრავალ მილიონიან დახმარებას ევროკავშირის მხრიდან, მეორე მხრივ მშვენივრად იცოდნენ, რომ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა კატეგორიულად არ მიიღებდა ევროპული პერსპექტივის მოსპობას.

ახლა რაც შეეხება მოქალაქეებს.

ოქტომბერში ექნებათ შესაძლებლობა კიდევ ერთხელ თქვან, დააფიქსირონ თავიანთი არჩევანი უნდათ თუ არა, რომ იყონ ევროპული, განვთარებული, მაღალი კეთილდღეობის მქონე მშვიდობიანი ქვეყნის მოქალაქეები თუ უნდათ იყვნენ რუსეთის მიყრუებული, ღარიბი კოლონია.

ეს იქნება განსხვავება.

ბოლო შემთხვევაში, თუკი ივანიშვილი, ახლიდან გაიფორმებს ძალაუფლებას, ყველა ის სიკეთე, რომელიც ამ წლების განმავლობაში მუდმივად მოდიოდა ევროკავშირიდან გაქრება. ძალიან ბევრმა მოქალაქემ არც იცის, რომ სწორედ ევროკავშირის და აშშ-ს დაფინანსებით განხორციელდა უამრავი პროექტი – წყალსადენი იქნება ეს, ჯანდაცვის მიმართულების პროექტები, განათლების თუ სხვა.

არჩევანი ნათელია – მოქალაქეები ან ირჩევენ მშვიდობას, დაცულობა ევროკავშირსა და ნატოში ან რუსეთის ღარიბი და უუფლებო ვასალის პროვინციის სტატუსს.

  • როდესაც „ოცნების“ მხარდამჭერებს ეუბნებიან, რომ ოცნების პოლიტიკის გამო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერდა, ეს ადამიანები ამბობენ რომ „გაგრძელდება“. რას ემყარება მათი ეს ოპტიმიზმი, როცა ევროსტრუქტურიდან ყველა ამბობს, რომ ასე არ იქნება?

არ არის ეს არანაირი ოპტიმიზმი, ესაა უტიფარი ტყუილი.

თავხედური ტყუილია, მაშინ როცა მშვენივრად იციან, რომ სინამდვილეში რა გადაწყვეტილებაც მიიღეს, ეს გადაწყვეტილება პირდაპირ ხაზავს ამ ხელისუფლების პირობებში საქართველოს ევროპულ მომავალს.

ეს შეტყობინება დამარცვლით და მათ შორის, წერილობით არის მოსული, ევროკავშირისგან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებისგან.

ეს უტიფარი ტყუილი „ევროინტეგრაცია გაგრძელდება“, ჩემი აზრით გამოხატავს „ოცნების“ დამოკიდებულებას საკუთარი ამომრჩევლის მიმართ, რომელსაც, როგორც ჩანს, „ოცნება“ მიიჩნევს გონებასუსტად.

შეუძლიათ შავზე თეთრი იძახონ და თეთრზე შავი და ამტკიცონ, რომ ევროკავშირში გააწევრიანებენ საქართველოს. არ ვიცი ჯარით აპირებენ შესვლას და ევროკავშირის ისე დაპყრობას, თუ როგორ. ფაქტია, ევროკავშირი ამ რუსული ყაიდის, ანტიდემოკრატიული რეჟიმის პირობებში საქართველოს ევროკავშირში არ მიიღებს. ეს გარკვევით გვითხრეს.

  • ქართული ოცნების“ ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილი შეეცადა მიეტაცებინა ოპოზიციის მრავალთვიანი გზავნილი, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არის ერთგვარი რეფერენდუმი საქართველოსთვის, აირჩევს ევროპას თუ აირჩევს რუსეთს. ივანიშვილმა თქვა, რომ „ეს არჩევნები არის რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის“. სინამდვილეში ევროკავშირი არის მშვიდობა და ნატოა მშვიდობა. როგორ ხსნით ამ გზავნილის მიტაცების მცდელობას?

ეს არის კიდევ ერთი გამოხატულება ყველაფრის თავდაყირა დაყენების, უტიფარი ტყუილების. როგორც ჩანს [ივანიშვილს] ამ განცხადებების ადრესატი [ამომრჩეველი] მართლა მიაჩნია გამოქვაბულში მცხოვრებად, რომელსაც არაფერი სმენია ევროკავშირზე, ნატოზე…

დაარსების დღიდან ნატოს და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები არიან ქვეყნები, რომლებსაც აქვთ ყველაზე ხანგრძლივი მშვიდობის პერიოდი.  ნატოსა და ევროკავშირში არიან სწრაფი დემოკრატიული განვითარების და ყველაზე მაღალი კეთილდღეობის მქონე ქვეყნები. ამ ქვეყნებს ვერავინ გაუბედა თავდასხმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

ზუსტად ნატოსა და ევროკავშირის გამო, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი, უწყვეტი მშვიდობის პერიოდია ევროპაში. ეს იცის წერა-კითხვის უცოდინარმა ადამიანმაც კი.

მთელი მსოფლიოდან ადამიანები ცდილობენ ევროპის ქვეყნებში მოხვედრას. მათ შორის „ქართული ოცნების“ ბობოლა წევრებიც, რომლებიც ყოველთვის ცდილობდნენ ესარგებლათ ევროკავშირის სიკეთეებით, მიეცათ ევროპული განათლება თავიანთი შვილებისთვის ან დრო გაეტარებინათ ევროპაში.

ასე რომ, მართლა არ ვიცი რა ტიპის ადამიანებზეა გათვლილი ეს შიშის დანერგვის კამპანია. მაშინ, როცა საქართველოს გრძელვადიანი უსაფრთხოება შეიძლება იყოს უზუნველყოფილი მხოლოდ ევროკავშირის და ნატოს წევრობის შედეგად და არა რუსეთისგან გაურკვეველი დაპირებების მიღებაზე. უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთი ისტორიულად ყოველთვის ცდილობდა საქართველოს განადგურებას.

მარტო დარჩენილი საქართველო აღმოჩნდება ისევ რუსული იმპერიალიზმის მსხვერპლი და არანაირ მშვიდობას ეს არ მოიტანს.

სად შეწყდა წყლის მიწოდება ბათუმსა და ქალაქის შემოგარენში

კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, 19 ივლისის 02:00 საათამდე წყლის მიწოდება შეეზღუდათ ბენზეს, ბარცხანას, მაიაკოვსკის, ორთაბათუმის, წინსვილის, ჩაისუბნის, გ. წერეთელის, თაბუკაშვილის, სახოკიას, სვიშევსკის, ნ. ნიჟარაძის, ფრიდონ ხალვაშის გამზირსა და ჩიხებში მცხოვრებ აბონენტებს.

კომპანიის ცნობით, წყლის შეწყვეტის მიზეზი მთაში არსებული უხვი ნალექის შედეგად ჩაქვისა და ლეჩას სათავე ნაგებობიდან წყალმომარაგების შეზღუდვაა.

ფეისბუქზე ყალბი პროფილებით თანხის სესხებას ითხოვდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით 1 პირი დააკავა, 20 წლის ახალგაზრდა, რომელიც  წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალური ქსელი „ფეისბუქის“ პლატფორმაზე კონკრეტული მოქალაქეების სახელისა და გვარების, ასევე ფოტოსურათების გამოყენებით ყალბ გვერდებს ქმნიდა.

აღნიშნული გვერდების გამოყენებით, სხვადასხვა პირს უკავშირდებოდა, ნდობის მოპოვების შემდეგ კი თანხის სესხებას სთხოვდა. ბრალდებული აღნიშნული დანაშაულებრივი სქემით რამდენიმე მოქალაქის თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა“ –

შსს-ს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

________________

ფოტო შს სამინისტროს ვიდეომასალიდან.

შეკვეთილში მცხოვრებთა თქმით, ადგილობრივებს ზღვაზე გასასვლელი ჩაუკეტეს

„ძალიან შემაშფოთებელია საერთო სარგებლობის რესურსების მიტაცება, მითვისება. ერთეულებისაა ზღვა, ჰაერი, წყალი და ჩვენ არაფერი? ზღვაზე გასვლის უფლებაც არ გვაქვს?

ერთეულებზე ყოფილა მორგებული ქვეყანა“, – ამბობს ლელა ჯაველიძე „ბათუმელებთან“, რომელიც შეკვეთილში ცხოვრობს.

მოქალაქის თქმით, სასტუმროები – Magnika Resort და Iveriaelli Hotel Georgia Shekvetili ადგილობრივ მცხოვრებლებს პლაჟზე გადასვლის უფლებას არ აძლევენ.

ქალის განცხადებით, სასტუმროების მფლობელებმა მიისაკუთრეს საერთო სარგებლობაში არსებული გზაც.

„ზღვასთან გააკეთეს აბრა, დააყენეს დაცვაც და ეკითხებიან ადამიანებს – „ვისი დამსვენებელი ხარ“, „აქ არ გაიარო“, კერძო საკუთრებააო.

გუშინ შევიკრიბეთ მთელი მეზობლობა, ვესაუბრეთ მეპატრონეებს, მაგრამ აზრი ვერ გამოვიტანეთ მისი საუბრიდან, რაღაცას მიედ-მოედება.

ჯერ გვითხრა, კერძო საკუთრებაა, მაგრამ გაიარეთო, მაგრამ ამ პლაჟზე ჩემი ტურისტი უნდა დაწვეს და თქვენი „აქანა-იქანა“ დონის ტურისტებით მათ დისკომფორტს უქმნითო.

ზუსტად ასე გვითხრა. ესე იგი, თვითონ მაღალი დონის ყოფილა და ჩვენ არა“, – გვეუბნება ლელა ჯაველიძე.

გზა გადაგვიკეტეს, პლაჟზე გასვლის უფლებას არ გვაძლევენ – მოქალაქეები შეკვეთილში.

მისი თქმით, აღნიშნულ სასტუმროებს კილომეტრამდე ტერიტორიები აქვთ მისაკუთრებული და სხვა ადამიანებს თუკი მოუნდებათ პლაჟზე გადასვლა, შემოვლითი გზებით უნდა ისარგებლონ.

„რომც გაგატაროს, გეუბნება პლაჟზე არ დაწვეო. ყველაფერი გამიგია, მაგრამ სანაპიროს გასხვისება ან მითვისება გაგონილა სადმე?

დოკუმენტს არ გვაჩვენებენ, არ მივაჩნივართ არაფრად, დაბალ ფენად გვთვლიან და მათ მხარესაა ძალაუფლება. ლობირებენ ყველგან – მერიაში, სხვა უწყებებში და ჩვენ აღარ გვისმენს არავინ.

მივმართეთ მერიასაც და მოგვწერეს სასაცილო წერილი, რომ პლაჟზე გავლას და განთავსებას არავინ გიშლით, მაგრამ პლაჟამდე მისასვლელი გზა კერძო საკუთრებააო“, – ამბობს ლელა ჯაველიძე.

საუბარში გვერთვება დათო ჯაველიძეც, მისი თქმით, მოსაკვლევია, რის საფუძველზე გადასცა საკუთრებაში გზა მერიამ სასტუმროს მფლობელს.

„როგორ გაყიდა მერიამ საერთო სარგებლობის გზა? – შეცდომით გაყიდეს თუ მიზანმიმართულად, ეს არ ვიცით, მაგრამ 300-მდე ოჯახს გადაადგილებას რომ გვიზღუდავენ, ფაქტია.

ზღვაზე რომ გავიდე, ერთკილომეტრიანი წრე უნდა დავარტყა და იქაც არ დაწვეო – გეუბნებიან. თავიდან როცა დაიწყეს ამ გზის გადაღობვა, თქვეს, რომ გავაკეთებთ და ყველა ისარგებლებსო. ამით გაგვაჩერეს და მოგვატყუეს. ახლა გვეუბნებიან, „წადით აქედან“, – ამბობს დათო ჯაველიძე.

მოქალაქეების თქმით, „მაგნიკა რიზორთის“ მფლობელი, ესთეტიკური კლინიკების ქსელის მფლობელი გიორგი მჭედლიძეა, რომელიც საქართველოს და რუსეთის მოქალაქეა. „ივერია ლ-ის“ კი მერაბ ხომერიკი ფლობს.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, სასტუმრო „ივერია ლ-ის“ მფლობელი ლიკა ხომერიკია, თუმცა ცალკეულ დოკუმენტებში მერაბ ხომერიკის სახელიც ფიქსირდება.

„ივერია ლ-ის“ მფლობელი გვეუბნება, მე დუბაიში, რომ ვისვენებდი, ხუთ-ვარსვკვლავიან სასტუმროში, ავტობუსი გვემსახურებოდა და გავყავდით პლაჟზეო. ესე იგი, დაიქირავეთ ავტობუსი და ტურისტი გეყოლება თუ სტუმარი, ასე იარეთ ზღვაზე. დაგვცინიან.

„მაგნიკას“ მეპატრონემ მითხრა მე არ მინდა კონფლიქტი, შეგიშვებთ გზაზე, მაგრამ მდინარე სეფასთან გადით და იქ დაისვენეთო. ეს მდინარე ზღვას უერთდება და კი იცით ალბათ, მდინარე ზღვას რომ უერთდება, როგორი სიტუაციაა იქ.

თანაც არჩევანის უფლებას გვართმევენ და თვითონ გვიწყვეტენ, სად დავისვენოთ და როგორ. მეც მინდა კომფორტი შევუქმნა ჩემს დამსვენებელს და საკუთარ თავსაც“, – ამბობს ლელა ჯაველიძე.

მოქალაქეების თქმით, ძალიან შემაშფოთებელია საერთო სარგებლობის რესურსების მიტაცება.

„ერთეულებისაა ზღვა, ჰაერი, წყალი და ჩვენ არაფერი? ზღვაზე გასვლის უფლებაც არ გვაქვს? ეს ძალიან შემაშფოთებელია. ერთეულებზე ყოფილა მორგებული ქვეყანა“, – ამბობს ლელა ჯაველიძე.

„ბათუმელები“ შეკვეთილში კიდევ ერთ მოქალაქეს, მზია ხომერიკს ესაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ ამ პრობლემის გამო ტურისტები ჯავშნებს აუქმებენ.

„ეს პრობლემა ახლა წარმოიშვა, რადგან აქამდე ვიცოდით, რომ ყველასი იყო ეს გზა. უცებ აღმოჩნდა, რომ საფეხმავლო ბილიკზე, რომელიც გააკეთა „ივერია ლ-მა“, თურმე ჩვენ და ჩვენს ტურისტებს გავლა არ შეგვიძლია.

თუმცა ყველაზე სანერვიულო თემა ის არის, რომ ტურისტები გვიუქმებენ ჯავშნებს, როცა იგებენ, რომ შემოვლითი გზებით მოუწევთ პლაჟზე გადასვლა და შეიძლება იქაც არ გააჩერონ. აი, ახლაც ერთ დამსვენებელს ვესაუბრებოდი, რომელიც აპირებს აგვისტოში ჩამოსვლას, მაგრამ თუ გზის პრობლემაა, მაშინ გავაუქმებ ჯავშანსო, მეუბნება.

სასტუმროს მეპატრონე მეუბნება, რომ დღეს შეიძლება გაგატაროთ ამ გზაზე, მაგრამ სამომავლოდ მაინც გექნებათ პრობლემა, რადგან ეს სერვიტუტი, რომელიც გამოყოფილია ახლა პლაჟზე გადასასვლელად, ჩაიკეტებაო.

თუ ხვალ ის მიწის ნაკვეთიც გაიყიდება, რასაც ამ წუთას სერვიტუტი ადევს, მაშინ საერთოდ აღარ გვექნება პლაჟზე ჩასვლის უფლება. მაშინ ჩვენ უნდა შევისყიდოთ მეზობლებმა ეს სერვიტუტის ადგილი, რომ არ ჩაგვიკეტოს სხვა მეპატრონემ“, – ამბობს მზია ხომერიკი.

მერის წარმომადგენელი ნატანების ადმინისტრაციულ ერთეულში, ვალერიან ვაჩეიშვილიც დასტურებს, რომ პლაჟზე გადასასვლელი გზა კერძო საკუთრებაშია, თუმცა ვინ და როგორ გაყიდეს გზა, ამაზე ვერ გვპასუხობს. მისი თქმით, პლაჟზე ყოფნის უფლება ყველას აქვს, პლაჟი არ იყიდება და ვერც სასტუმროს მფლობელი შეუზღუდავს სხვა მოქალაქეს იქ ყოფნის უფლებას.

„ალბათ ფრთები უნდა გამოვისხათ და გადავფრინდეთ? ჩასასვლელი თუ ჩაგვიკეტეს, არც ტურისტი გვეყოლება და ფაქტობრივად გვანადგურებენ პატარა საოჯახო ტიპის სასტუმროებს. ჩვენ არსებობას გვისპობენ.

„ჩვენს ეზოში ნუ შემოდის თქვენი ხალხი“ – ასე გვეუბნებოდა გუშინ „ივერია ლ-ის“ წარმომადგენელი და როგორ არის ეს მათი ეზო, როცა მათი ტერიტორია შემოღობილი აქვთ.

რაც შეეხება პლაჟს, მე მგონი უხერხულია დამსვენებელს უთხრა, „იქ არ დაჯდე და აქ დაჯექი“. მაშინ იყიდეთ გვერდით ნაკვეთი და იქ გაჭერით ბილიკიო, – გვეუბნებიან. სახელმწიფოს გარეშე ხომ ამ მიწებს ვერ მიისაკუთრებდნენ, არა? თვითონ გაიკეთეს საქმე და ჩვენ, ამდენი კომლი მოგვიქნიეს“, – ამბობს მზია ხომერიკი.

ამ საკითხზე კომენტარის მისაღებად ვცადეთ ოზურგეთის მერთან დაკავშირებაც, თუმცა ავთანდილ თალაკვაძემ არ გვიპასუხა. მერს წერილობითაც ვკითხეთ, თუ იცნობს აღნიშნულ პრობლემას და თუ აქვთ სასტუმროების მფლობელებს უფლება, ზღვაზე გადასასვლელი ბილიკები საკუთრებაში დაირეგისტრირონ?

მერიისგან განმარტების მიღების შემთხვევაში ინფორმაცია აქვე განახლდება.

რაც შეეხება სასტუმროების მფლობელების პოზიციას, „ბათუმელები“ დაუკავშირდა მერაბ ხომერიკს, რომელმაც ამ თემაზე განმარტება არ ისურვა.

გიორგი მჭედლიძეს კი ამ დროისთვის ტელეფონი გამორთული აქვს.

საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, ტერიტორია, რომელიც სერვიტუტით არის დატვირთული, უკვე კერძო საკუთრებაა. კონკრეტულად კი, ეს ტერიტორია გიორგი მჭედლიძისა და მერაბ ხომერიკის თანასაკუთრებაშია.

საკონსტიტუციოს თანამშრომელი პოლიციის მხრიდან ძალადობასა და უკანონო დაკავებაზე წერს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფროსი თანაშემწე, თორნიკე ობოლაშვილი, ფეისბუქის პირად გვერდზე დეტალურად აღწერს, როგორ დააკავა ის პოლიციამ ქუჩაში უკანონოდ, შემდეგ კი პოლიციის შენობაში გადაიყვანა და ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. თორნიკე ობოლაშვილმა უკვე მიმართა სპეციალურ საგამოძიებო პოლიციას.

წუხელ თორნიკე ობოლაშვილის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს ფეისბუქზე უცვლელად გთავაზობთ:

„ჩემს ამბავსაც მოგიყვებით, სამწუხაროდ მოკლედ მოყოლა არ გამომივა..

ორშაბათს, 15 ივლისს, საღამოს 6-ის ნახევრისკენ, გამოვედი ჩემი საცხოვრებელი სახლიდან და მივდიოდი ავტობუსის გაჩერებისკენ, რათა შევხვედროდი მეგობარს. გაჩერებისკენ მიმავალს მომესმა სიტყვები – „ჯიგარო, აქეთ მოიწი“. როდესაც მივტრიალდი დავინახე, რომ ჩვეულებრივ ტანსაცმელში გამოწყობილი ორი დაახლოებით 40 წლის მამაკაცი მე მთხოვდა მათთან მისვლას.

ვკითხე ვინ იყვნენ და რა უნდოდათ, რაზეც მიპასუხეს, რომ იყვნენ პოლიციიდან და სურდათ ჩემი იდენტიფიცირება. ვინაიდან, გარეგნულად არაფერზე ეტყობოდათ, რომ პოლიციელები იყვნენ მოვთხოვე ჯერ თავად წარმოედგინათ შესაბამისი საბუთი, რის შემდეგაც ერთ-ერთმა მაჩვენა თავისი სამსახურებრივი მოწმობა. აღნიშნულის შემდგომ, დავრწმუნდი რა, რომ ნამდვილად პოლიციიდან იყვნენ ჩემი ჩანთიდან ამოვიღე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გამომართვა ერთ-ერთმა მათგანმა.

ამ დროს მეორე პოლიციელმა მითხრა, რომ „ტურისტს“ ვგავდი, ვერ მივხვდი რას გულისხმობდა და ვთხოვე ახსნა თუ რას გულისხმობდა ამით, რაზეც მიპასუხა, რომ ეს ცუდი განზრახვით არ უთქვამს და კომპლიმენტად უნდა მიმეღო.

ამის შემდგომ, ამავე პოლიციელმა მითხრა, რომ ზედაპირულად უნდა შევემოწმებინე, რაზეც დავთანხმდი და ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე საშუალება მივეცი ზედაპირულად შევემოწმებინე.

მას შემდეგ, რაც ზედაპირულად შემამოწმა, ამავე პოლიციელმა მითხრა, რომ ჩანთა გამეხსნა, რაზეც უარი განვაცხადე, განვუმარტე, რომ ჩანთაში არაფერი უკანონო არ მედო, რომ ვიყავი იურისტი, ვიცოდი ჩემი უფლებები და რომ თუ ჩემი ჩანთის გახსნა უნდოდათ მაშინ უნდა ეწარმოებინათ ჩხრეკა, შესაბამისი პროცედურების დაცვით. ამის შემდგომ, ამავე პოლიციელი გადავიდა აშკარა მუქარის ტონზე და მითხრა რომ თუ ჩანთას არ გავხსნიდი, მაშინ 3 საათით დამაყოვნებდა ადგილზე და ვერსად წავიდოდი.

აღნიშნულზე ვუპასუხე, რომ მისი მუქარა იყო არაკანონიერი და კიდევ რამდენჯერმე მოვითხოვე დაებრუნებინათ ჩემი პირადობის მოწმობა და გავეშვი, რადგან მეგობართან შესახვედრად მაგვიანდებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ყველაფერს გადავიღებდი ვიდეო კამერით. ჩემი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ისინი არ მიბრუნებდნენ პირადობის მოწმობას, მეუბნებოდნენ, რომ თუ მართლა მეჩქარებოდა მაშინ გამეხსნა ჩანთა და თან მეუბნებოდნენ რომ ნუ ვკანკალებდი :დ (არ ვკანკალებდი :დ).

ასე ვიყავით დაახლოებით 5 წუთი, რის შემდეგაც ამოვიღე ჩემი მობილურის ტელეფონი და ჩავრთე კამერა, რათა ამესახა ამ პოლიციელების უკანონო ქმედებები. როგორც კი დაინახეს, რომ გადაღება მართლა დავიწყე, მაშინვე ორივე შეხმატკბილებულად მომვარდა, ტელეფონი წამართვეს, ხელები ძლიერად გადამიგრიხეს და სწრაფი ტემპით წამიყვანეს მათი მანქანისკენ.

მე არანაირი წინააღმდეგობა არ გამიწევია. ამ დროს დავინახე, რომ იქვე იმყოფებოდა ერთი ბიჭი, რომელსაც ვთხოვე ეს ყველაფერი ვიდეოკამერით გადაეღო, მაგრამ მითხრა, რომ მის ტელეფონს კამერა გაფუჭებული ჰქონდა და ვერ გადაიღებდა. სანამ მანქანამდე მივედით გზაზე წამაქციეს და ასფალტზე დამაგდეს, რის შედეგადაც იდაყვიდან და თითებიდან სისხლი წამომივიდა.

ამ დროს გავიგე, რომ ერთ-ერთმა მათგანმა რაციით დამხმარე ეკიპაჟიც გამოიძახა. მალევე მანქანის უკანა სავარძელზე ძალით ჩამაგდეს, ერთი პოლიციელი საჭესთან დაჯდა, ხოლო მეორე ჩემს გვერდით და ხელი ძლიერად გადამიგრიხა. ამ დროს დამხმარე ეკიპაჟიც მოუვიდათ და უკანა სავარძელზე კიდევ ერთი პოლიციელი მომიჯდა, რომელმაც მეორე ხელიც გადამიგრიხა. ასე მიმიყვანეს თემქის პოლიციის განყოფილებამდე. მანქანიდან ისევ ძალით გადმომიყვანეს და შემიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.

პოლიციის შენობაში შეყვანის შემდეგ ერთ-ერთმა პოლიციელმა აგდებული ტონით მითხრა – „ჰა, ახლა ხო მაინც გახსნი მაგ ჩანთას“. ამაზეც ვუპასუხე რომ მე ჩემი ნებით ჩანთას არ გავხსნიდი და თუ უნდოდათ ენახათ მაშინ უნდა გაეჩხრიკათ. ამის შემდეგ ჩამიყვანეს ქვევით სართულზე, სადაც კამერები არ იყო და დამიწყეს აგდებული ტონით საუბარი, რომ რამდენს ვბედავდი, როცა უარს ვეუბნებოდი ჩანთის გახსნაზე.

მე მოვითხოვე განემარტათ სტატუსი ვიყავი თუ არა დაკავებული, რაზეც ისევ აგდებული ტონით მითხრეს რომ ბორკილები ხომ არ მეკეთა და თუ იურისტი ვიყავი ეს უნდა მცოდნოდა :დ. თუმცა, რა თქმა უნდა, პოლიციის შენობის დატოვებაზე უარი მითხრეს და „განმიმარტეს“. რომ ვიყავი არა დაკავებული არამედ შეკავებული (პოლიციის განყოფილებაში :დ).

ამის შემდეგ მოვითხოვე ადვოკატთან ზარის განხორციელება, რაზეც მითხრეს, რომ რახან დაკავებული არ ვიყავი ამიტომ არ მქონდა არც ზარის განხორციელების უფლება და არ დამარეკინეს. ასე გავიდა დაახლოებით 1 საათი, რა დროსაც ჩემთან მოვიდა არაერთი პოლიციელი, რომლებიც ზუსტად ერთი და იგივეს მეუბნებოდნენ – თითქოს ვალდებული ვიყავი, რომ ჩანთა გამეხსნა და რომ არ გახსნის მიზეზი მხოლოდ ის შეიძლებოდა ყოფილიყო, რომ შიგნით რაღაც უკანონოს ვინახავდი.

ამის შემდეგ ჩამოვიდა ისევ ის პოლიციელი, დამიბრუნა ჩემი ტელეფონი და მითხრა, რომ უფლება მქონდა დამერეკა ადვოკატთან. მე გამოვართვი ტელეფონი და როგორც კი მას ბლოკი მოვხსენი, უკნიდან მეორე პოლიციელი მომეპარა, ტელეფონი წამართვა და გაიქცა :დ, ხოლო დანარჩენმა პოლიციელებმა მითხრეს რომ სკამზე დავრჩენილიყავი და არ გავნძრეულიყავი.

მიუხედავად ამდენი და ასეთი სახის უკანონობისა შევძელი თავის ხელში აყვანა და მშვიდად განვაგრძე მოცდა (სხვა რაღა დამრჩენოდა..). აშკარა იყო, რომ სურდათ ჩემს ტელეფონში არსებული პირადი ინფორმაციის ნახვა იმ იმედით, რომ იქნებ რამე უკანონოსაც გადაყროდნენ :დ.

ამის შემდეგ ჩემთან ჩამოვიდა კიდევ ერთი პიროვნება, რომელმაც თავი გამაცნო განყოფილების უფროსად და მითხრა თავიდან მომეყოლა ყველაფერი. მეც დავიწყე თავიდან ყველაფრის მოყოლა, მაგრამ ლაპარაკისას მაჩერებდა და მეუბნებოდა ხელები არ მექნია და მშვიდად მესაუბრა (ხელები ისედაც გაჩერებული მქონდა და მშვიდად ვსაუბრობდი :დ).

განყოფილების უფროსს ყველაფერი დეტალურად მოვუყევი (ის, რომ უკანონოდ წამართვეს ტელეფონი, უკანონოდ დამაკავეს, მომაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, მექცეოდნენ აგდებულად და რომ ტელეფონი მეორედ წამართვეს (ამჯერად განბლოკილ მდგომარეობაში) და დიდი ვარაუდით უკანონოდ აგროვებდნენ ჩემს ტელეფონში არსებულ პირადი ხასიათის ინფორმაციას და ვთხოვე დაებრუნებინათ ჩემი ტელეფონი და მოეცათ უფლება დამერეკა ადვოკატთან, რაზეც მან მიპასუხა, რომ მომეცადა და თვითონ აუცილებლად გაერკვეოდა საქმის ვითარებაში. ასევე, მკითხა თუ სად ვმუშაობდი და ვუთხარი რომ ვიყავი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომელი, რის შემდეგაც მისი სახის გამომეტყველებაზე უკმაყოფილება შევნიშნე.

საბოლოოდ წავიდა იმ პირობით რომ საქმის დეტალებში მალე გაერკვეოდა და მთხოვა მომეცადა მის დაბრუნებამდე. მე ვიცდიდი, ის არ მოვიდა. არც ის მითხრეს დალოდების საათები როდიდან რომლამდე მქონდა :დ.

დაახლოებით კიდევ 1 საათის გასვლის შემდეგ კვლავ ჩამოვიდა რამდენიმე პოლიციელი და მითხრეს, რომ წინააღმდეგობას გაწევას აზრი არ ჰქონდა და ჩანთა გამეხსნა. ამაზე ვუთხარი, რომ მე წინააღმდეგობა არცერთ ეტაპზე არ გამიწევია და რომ მე თვითონ ჩანთას კვლავ არ გავხსნიდი და თუ უნდოდათ თავად გაეჩხრიკათ. ამის შემდგომ გამომართეს ჩანთა და დაიწყეს მისი გაჩხრეკა და ვიდეო გადაღება. მათდა სამწუხაროდ არც ჩანთაში აღმომაჩნდა რაიმე სახის უკანონო ნივთი.

სამაგიეროდ აღმოჩნდა ჩემი სამსახურებრივი მოწმობა, რომელზეც ეწერა, რომ ნამდვილად ვიყავი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფროსი თანაშემწე. აღნიშნულის შემდგომ, ჩემს მიმართ აქამდე არსებული აგდებული ტონი ძირეულად შეიცვალა და დაიწყეს, რომ რაღაც გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, რომ თუ მე თავიდანვე ვანახებდი მათ ჩემს სამსახურებრივ მოწმობას ისინი მაშინვე გამიშვებდნენ და ეს „გაუგებრობაც“ არ მოხდებოდა.. მეტი დამაჯერებლობისთვის ერთ-ერთმა მათგანმა დაიგინა :დ. ასევე მითხრეს, რომ თითქოს ჩვენ ერთ საერთო საქმეს ვემსახურებოდით და ბევრი საერთო გვქონდა :დ (კენდრიკს მეტი საერთო აქვს დრეიკთან ვიდრე მე ყველა იმ პოლიციელთან, რომლებიც ასეთ უკანონობას სჩადიან, არღვევენ ადამიანის უფლებებს და აზიანებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორიტეტს.

ამის შემდგომ ჩემთან მოვიდა კიდევ ერთი პიროვნება, რომელიც გამეცნო როგორც გამომძიებელი და მითხრა რომ დგებოდა ჩემი დაკავების ოქმი და რომ დაახლოებით 1 საათში შევძლებდი პოლიციის შენობის დატოვებას, თუმცა დარეკვის საშუალება არც მან მომცა, რადგან, მისი აზრით, ადვოკატის საჭიროება არ იყო..:დ.

დაახლოებით 1 საათში მართლაც ჩამოვიდა ის პოლიციელი, რომელმაც დამაკავა და მითხრა, რომ ხელი უნდა მომეწერა დაკავების ოქმზე, რაზეც უარი განვაცხადე 2 მიზეზის გამო: ა) ძალიან რთულად ან საერთოდ არ იკითხებოდა ოქმში რა ეწერა; ბ)რისი წაკითხვაც მოვახერხე იყო ტყუილი, კერძოდ, ოქმში ეწერა, რომ მე დაკავებისთანავე განმემარტა ჩემს მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსი და დაკავების საფუძველი, რომ მქონდა ჩემი დაკავების ფაქტი მეცნობებინა ახლობლებისთვის.

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, არათუ ამ უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა არ მომცეს, ისიც კი არ განმიმარტეს, რომ ვიყავი დაკავებული და არა შეკავებული :დ. ასევე, ოქმში რაც გავარჩიე მედავებიან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენას, რაც თითქოს გამოიხატა იმაში, რომ არ მივეცი ზედაპირული შემოწმების ჩატარების შესაძლებლობა.

ზემოთ უკვე აღვნიშნე, რომ მაშინვე დავთანხმდი ზედაპირულ შემოწმებას და რომ არანაირი წინააღმდეგობა არ გამიწევია, რაც შეეხება ჩანთის გახსნაზე უარის თქმას, ეს უკვე აღარ წარმოადგენს ზედაპირულ შემოწმებას და სრული უფლება მქონდა უარი მეთქვა ჩანთის გახსნაზე. ასევე ოქმში წერია, რომ თითქოს პოლიციელებს ვესაუბრებოდი ცინიკურად, რაც ასევე ტყუილია, თუ ცინიზმში იმას არ გულისხმობენ, რომ ვიცოდი კანონში რა ეწერა და მოვუწოდებდი კანონის შესაბამისად ემოქმედათ.

საბოლოოდ, 4 საათზე მეტი დროის განმავლობაში ვიყავი უკანონოდ დაკავებული, არ მომცეს უფლება დამერეკა, რის გამოც ბევრ ჩემთვის ძვირფას ადამიანს, მათ შორის ასაკოვან ბებიას, მოუწია ნერვიულობა. გამიჩხრიკეს ტელეფონი, ფოტო-ვიდეოსურათების განყოფილებაში ჩასულები იყვნენ წინა წლის გაზაფხულამდე :დ. არ ვიცი კიდევ რა სახის ინფორმაციას გაეცნენ. ასევე წაშლილი დამხვდა ის რამდენიმეწამიანი ვიდეო, რომლის გადაღებაც მოვასწარი სანამ ტელეფონს წამართმევდნენ.

ცხადია, ჩემს ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ მექანიზმს გამოვიყენებ იმისთვის, რომ ამ პოლიციელებმა კანონის მთელი სიმკაცრით აგონ პასუხი მათ მიერ ჩადენილ არაერთ დანაშაულზე.

გუშინ უკვე მივმართე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და ველი მათგან ადეკვატურ რეაგირებას. დღეს, წესით უნდა დამკავშირებოდნენ და სამედიცინო შემოწმება უნდა გამევლო სამხარაულის ექსპერტიზაში, რადგან იდაყვზე, თითებზე და მხრებზე მაქვს დაზიანებები და სისხლჩაქცევები ასევე კლინიკაში გავლილი დიაგნოზის თანახმად, მაქვს მარჯვენა მხრის სახსრის იოგების ღრძობა-დაჭიმულობა, თუმცა ჯერ არ დამკავშირებიან.

ყველას დიდ მადლობას გიხდით თანადგომისთვის. ამასთან, ძალიან გთხოვთ, თუ 15 ივლისს საღამოს 6-ის ნახევრიდან 6-საათამდე პერიოდში ვინმე იმყოფებოდა თემქის მე-3 მკრ.რ-ის მე-5 კვარტალში და შეესწრო აღნიშნულ ინციდენტს დამიკავშირდით“.

თორნიკე ობოლაშვილის თქმით, ის უკვე გამოკითხეს, თუმცა მისთვის არ არის ცნობილი გამოძიების დაწყების შესახებ.

პედაგოგები პრემიერ-მინისტრს ახალი სახელფასო ფორმულის შეცვლას სთხოვენ

მასწავლებელთა საინიციატივო ჯგუფმა, საჯარო სკოლის 69 პედაგოგმა პრემიერ-მინისტრს წერილობით მიმართა. პედაგოგები ახალი სახელფასო ფორმულის გადახედვას, მასწავლებლის სტატუსის აღდგენას და სახელფასო დოკუმენტში ფუნქციური დანამატის განსაზღვრას მოითხოვენ.

პედაგოგების განცხადებით, სახელფასო ფორმულის გათვალისწინებით, წამყვან-მენტორ მასწავლებელთა სტატუსის დანამატი მესამედამდე შემცირდა.

„მართალია, საბაზო ხელფასი გაიზარდა, თუმცა მატება დანამატის ხარჯზე მოხდა და შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი თითქმის არ შეიცვალა“ – აცხადებენ პედაგოგები.

„ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ წერილს, რომელიც პედაგოგებმა პრემიერს დღეს, 17 ივლისს გაუგზავნეს.

„მოგახსენებთ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2024 წლის 19 ივნისს გამოქვეყნებული ბრძანების, N 108/ნ „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“, თანახმად გამოქვეყნებულმა სახელფასო პოლიტიკამ მასწავლებელთა დიდი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.

სახელფასო პოლიტიკის თანახმად, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა საბაზო ხელფასის მატების კუთხით, საათის ღირებულების გაზრდით პედაგოგთა საათობრივი ანაზღაურება გახდა მაღალი, რაც მისასალმებელია, თუმცა სახელფასო ანაზღაურების მატების პარალელურად შეიქმნა მთელი რიგი პრობლემები, როგორც ხელფასის მატების კუთხით, ასევე მასწავლებელთა კვალიფიკაციისა და მიღწევების გაუფასურებით.

მასწავლებელთა საზოგადოება ფიქრობს, რომ სახელფასო ფორმულის შედგენაში მონაწილე პირებმა გარკვეული მიზეზების გამო ვერ გაითვალისწინეს ქართული სკოლების სპეციფიკა და ინდივიდუალური საჭიროებები. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის ნიუანსები, რომლებიც ფორმულის ავტორებს გამორჩათ და მათი გათვალისწინება ვერ მოხერხდა იმ დროში, რომელშიც დაანონსებული იყო ახალი სახელფასო ფორმულის შემუშავება.

პედაგოგთა კორპუსთან შეხვედრისა და დისკუსიისას გამოიკვეთა შემდეგი სახის პრობლემები:

  • მცირეკონტინგენტიან სკოლებში, საათების დეფიციტის ფონზე, მასწავლებელთა ანაზღაურების მატება უპრეცედენტო ვერ იქნება, რადგან სახელფასო ფორმულით ხელფასის გაზრდა მხოლოდ საათების რაოდენობას უკავშირდება;
  • დაწყებითი კლასის მასწავლებლებს, სახელმწიფოს მოთხოვნით, ჩაბარებული აქვთ კომბინირებული გამოცდა, რომელიც მხოლოდ სახელმწიფო ენას, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებას მოიცავს. ამ საათების კვირეული ჯამი კი 13-14 საათი გახლავთ.
  • სკოლების უმტეს ნაწილში დაწყებითი კლასების მასწავლებლები მხოლოდ ამ საგნებს ასწავლიან, შესაბამისად, მათი სრული დატვირთვა აღნიშნული რაოდენობის საათებით განისაზღვრება. სწორედ ამ ფაქტორისა და დაწყებითი კლასების ურთულესი სპეციფიკის გათვალისწინებით, აბსოლუტურად მართებული იქნება მათთვის სრულ დატვირთვად განისაზღვროს 13 საათი და მიეცეთ სრული განაკვეთის შესაბამისი საათობრივი ანაზღაურება და დანამატები.
  • სკოლების ნაწილში კი დაწყებითი კლასების პედაგოგები ასწავლიან სხვა საგნებსაც (მე და საზოგადოება, ხელოვნება, მუსიკა, სპორტი ) შესაბამისი საგნობრივი სპეციალისტების დეფიციტის გამო, ან/და დირექციის გადაწყვეტილებით, იმისათვის, რომ ახალი წესით დაუანგარიშდეთ დაუდასტურებელი საგნები, უწევთ, დამატებით ჩააბარონ კიდევ რამდენიმე გამოცდა საათების შესავსებად.
  • დაწყებითი კლასების პედაგოგებს ახალი წესით დაანგარიშება არ შეეხოთ ჭადრაკის სწავლების შემთვევაშიც. ამ საგნის სწავლების უფლების მოსაპოვებლად მათ გაიარეს ტრენინგები და აიღეს საგნის სწავლების დამადასტურებელი სერტიფიკატები.
  • ამ საგანში არ ჩატარებულა გამოცდა (ისევე როგორც საგან მე და საზოგადოებაში) შესაბამისად, პედაგოგებიც ვერ დაადასტურებდნენ საგნობრივ კომპეტენციას. ახალი სახელფასო ფორმულით, მათ არ ეთვლებათ აღნიშნული საგანი დადასტურებულად და ხელფასი დაუდასტურებელი საათების ღირებულებით განისაზღვრა.
  • პრობლემა საჭიროებს შესწავლას და სახელფასო პოლიტიკაში ცვლილებების შეტანას.
  • არაქართულენოვანი სკოლებისთვის დაწყებითი საფეხურის კომბინირებული გამოცდა (მშობლიური ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV)) არ არსებობს მათს მშობლიურ ენაზე.
  • შესაბამისად, თუ არაქართულენოვანი სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელს საგნის გამოცდის ჩაბარება და უფროსის სტატუსის მოპოვება უნდა, გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში უნდა ჩააბაროს და არა იმ საგანში, რომელსაც სკოლაში ასწავლის (აზერბაიჯანული ენა და ლიტერატურა, სომხური ენა და ლიტერატურა…).
  • სტატუსის მოსაპოვებლად ჩააბარო ის საგანი, რომელსაც არ ასწავლი, არამარტო რთულია, არამედ არალოგიკურიც და დისკრიმინაციულიც. შესაბამისად, არაქართულენოვანი სკოლების დაწყებითი კლასების მასწავლებლებს დაწყებითი საფეხურის კომბინირებული გამოცდის ჩაბარება და უფროსის სტატუსის მოპოვება არ შეუძლიათ და არც ხელფასი მოემატებათ ახალი სახელფასო ფორმულით, რაც, ვფიქრობთ, უსამართლობაა.
  • ასევე სავალალოა საბუნებისმეტყველო საგნებისა და მეორე უცხოური ენის პედაგოგთა ბედი, რადგან მცირეკონტინგენტიან სკოლებში მათი დატვირთვა ვერ აღწევს 15 საათამდე.
  • სტატუსის მიხედვით მასწავლებლები იყოფიან უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებად. თითოეული სტატუსის მოსაპოვებლად პედაგოგებმა დააკმაყოფილეს სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული მოთხოვნები, შესაბამისად, სახელმწიფომ აღიარა მათი საქმიანობა და მიანიჭა კვალიფიკაცია, რაც წახალისებული იყო შესაბამისი დანამატით. ახალმა სახელფასო ფორმულამ კი სამივე სტატუსის მქონე მასწავლებლები დააზარალა და მათ მიერ გაწეული შრომა ავტომატურად უგულებელყო, კერძოდ, უფროსი მასწავლებლის სტატუსი დანამატიანად აღარ ფიგურირებს დოკუმენტში.
  • ფორმულის გათვალისწინებით, წამყვან-მენტორ მასწავლებელთა სტატუსის დანამატი მესამედამდე შემცირდა. მართალია, საბაზო ხელფასი გაიზარდა, თუმცა მატება დანამატის ხარჯზე მოხდა და შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი თითქმის არ შეიცვალა.
  • ან, თუ შეიცვალა, ამის საკომპენსაციოდ საჭირო გახდა ორი წლით 200 ლარიანი დანამატის გაცემა, რამაც მაღალი სტატუსის მქონე მასწავლებელთა უმეტეს ნაწილში გულისწყრომა და მოტივაციის დაცემა გამოიწვია.
  • გარდა მორალური ზიანისა, დაწყებითების, საბუნებისმეტყველო, მეორე უცხოური ენისა და სხვ. წამყვან-მენტორ მასწავლებლებს მატერიალური ზარალიც მიაყენა ახალმა სახელფასო ფორმულამ: თუ გავითვალისწინებთ, რომ 2024 წლის იანვარში მასწავლებლების ანაზღაურება 125 ლარით უნდა გაზრდილიყო (ხელზე ასაღები 100 ლარი), 2025 წლის იანვრამდე, ერთი წლის განმავლობაში, მასწავლებელს 1200 ლარი უნდა მომატებოდა. ახალი ფორმულით კი იანვრამდე 157X6=942 ლარს მიიღებენ.

2025 წლიდან ეს ზარალი მზარდია და ორი წლის შემდეგ საერთოდ გაუგებარია ანაზღაურების შემცირების პერსპექტივა.

  • ასევე მნიშვნელოვანია მოწვეული და მაძიებელი მასწავლებლების მდგომარეობის გათვალისწინება. სისტემაში მრავლად გვყავს 1 და 4 კრედიტიანი მასწავლებლები, რომელთაც სახელმწიფომ უფროსის სტატუსი მიანიჭა და სახელფასო მატება შეეხოთ, მაგრამ ასევე გვყავს საგნობრივ კომპეტენცია დადასტურებული პედაგოგები, რომელთაც არ აქვთ მინიჭებული უფროსი მასწავლებლის სტატუსი, ასევე მაღალმთიან რეგიონებში გვყავს პედაგოგები, რომლებმაც ვერ დაადასტურეს საგნობრივი კომპეტენცია, მაგრამ კადრების დეფიციტის გამო სკოლამ ვერ გაათავისუფლა ისინი და მოწვეული ან მაძიებელი პედაგოგის სტატუსით ატარებენ გაკვეთილებს. მოწვეულ და მაძიებელ პედაგოგებს ახალი სახელფასო ფორმულით საერთოდ არ ეხებათ საბაზო ანაზღაურების მატება. ეს იმ ფონზე, როცა გაიზარდა საათობრივი ანაზღაურება, ხოლო მოწვეული ან მაძიებელი პედაგოგის მიერ ჩატარებული გაკვეთილების საფასური ძველი ტარიფით განისაზღვრა, რაც პედაგოგის შრომას აუფასურებს. ვფიქრობთ, ეს მოცემულობა დისკრიმინაციულია.
  • სახელფასო ფორმულა არ ითვალისწინებს კლასის დამრიგებლის ხელფასის მატებას. კლასის დამრიგებლის პოზიცია საპასუხისმგებლო და შრომატევადია, შესაბამისად, ანაზღაურება არ შეესაბამება გაწეულ შრომას.
  • ახალი სახელფასო ფორმულით სპეც. მასწავლებლის ანაზღაურება დამოკიდებულია სსსმ მოსწავლეთა რაოდენობაზე და არ აღემატება 18 საათიანი დატვირთვის შესაბამის თანხას, კერძოდ, სპეც. მასწავლებელს, შესაძლოა, მოეთხოვოს კვირაში 25 საათიანი დატვირთვა, თუმცა მისი ანაზღაურება 18 საათიანი დატვირთვის შესაბამისია. მაგალითად, ამა თუ იმ საგნის მასწავლებლისთვის 25 საათიანი სამუშაო დატვირთვის ანაზღაურება 2350 ლარია, ხოლო ანალოგიური დატვირთვის მქონე სპეც. მასწავლებლის ხელფასი 1344-1790 ლარით განისაზღვრება.
  • ახალი სახელფასო დოკუმენტით დაზარალდნენ კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგები, განსაკუთრებით ისინი, ვინც დასაქმებულნი არიან მცირეკონტინგენტიან სკოლებში.
  • მცირეკონტინგენტიან სკოლებში კომპიუტერული მეცნიერების მასწავლებელი მხოლოდ 7-8 საათს ატარებს, საათობრივი სარგოს 210-240 ლარის 672-778 ლარამდე გაზრდა ვერ უზრუნველყოფს უფროსის, წამყვანისა და მენტორის სტატუსის დანამატის შემცირების კომპენსირებას.
  • ვინაიდან ფორმულით მასწავლებელთა სახელფასო ზრდა მიბმულია საათობრივ დატვირთვაზე, ამან შეიძლება გამოიწვიოს:

ა) მასწავლებელთა დაპირისპირება საათების გადანაწილების პროცესში;

ბ) გაკვეთილების ხარისხის დაწევა, რაც გამოწვეული იქნება დიდი რაოდენობით საათობრივი დატვირთვით;

გ) არაფორმალური განათლების უგულებელყოფა;

დ) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სურვილის დაქვეითება;

ე) პროფესიაში ახალი კადრების შემოდინების შეფერხება, სახელფასო პოლიტიკით მე-15 საათის ღირებულება განისაზღვრება 206 ლარით, ხოლო 15 საათის შემდეგ იკლებს საათის ანაზღაურება.

13. გაუგებარია, რას ეყრდნობა მე-15 საათის განსხვავებული ტარიფი ან შემდგომ კლება.

14. სამუშაო გამოცდილებისა და განათლების ხარისხის დანამატი 15 საათის შემთხვევაში სრული სახით გაიცემა და ნაკლების შემთხვევაში – პროპორციული წესით. გამოდის, რომ ნაკლები დატვირთვის შემთხვევაში ნებისმიერი გამოცდილება და ხარისხი ეჭვქვეშ დგება.

15. მაღალმთიან რეგიონებში საჯარო სკოლის მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე დანამატი სრული დატვირთვის შემთხვევაში 150 ლარით განისაზღვრება, ნაკლები საათობრივი დატვირთვის შემთხვევაში იკლებს პროპორციულად, რაც გაუმართლებელია. ზემოთ განხილული პუნქტების გათვალისწინებით, მოვითხოვთ:

ა) უფროსი მასწავლებლის სტატუსის აღდგენას და სახელფასო დოკუმენტში ფუნქციური დანამატის განსაზღვრას;

ბ) უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ფუნქციური დანამატი განისაზღვროს მათი შრომისა და მიღწეული კვალიფიკაციის შესაბამისად. აღდგეს სტატუსის დანამატის არსებული ოდენობა, რაც პედაგოგებისთვის არის პროფესიული კვალიფიკაციის თანამდებობრივი სარგო, შრომის დაფასება და თითოეული პედაგოგისთვის კარიერულ საფეხურზე წინსვლის მოტივაცია;

გ) საბაზო ხელფასის მატება შეეხოს მოწვეულ და მაძიებელ პედაგოგებს

დ) დაწყებითი კლასების პედაგოგებს, რომელთაც მოეთხოვებოდათ მხოლოდ კომბინირებული გამოცდის (ქართულის, მათემატიკისა და ბუნების) ჩაბარება, საათობრივ ბადეში III-IV კლასებში მხოლოდ 13 საათი უფიქსირდებათ, ხოლო I-II კლასებში – 14 საათი.

სამართლიანი იქნება აღნიშნული კატეგორიის მასწავლებელთა საბაზო ხელფასის 18 საათიანი დატვირთვის ღირებულებამდე გაზრდა;

ე) გაიზარდოს კლასის დამრიგებლის ანაზღაურება;

ვ) ახალ სახელფასო დოკუმენტში გათვალისწინებულ იქნას მცირესაათიანი საგნები: მოქალაქეობა, უცხოური ენები, კომპიუტერული ტექნოლოგიები;

ზ) მაღალმთიან რეგიონებში საჯარო სკოლის პედაგოგთა თანამდებობრივ სარგოზე დანამატი, მიუხედავად საათობრივი დატვირთვისა, განისაზღვროს 150 ლარით.

მასწავლებელთა საინიციატივო ჯგუფი საქართველოს პედაგოგების უმრავლესობის სახელით გთხოვთ, სასკოლო საზოგადოების ფართო ჩართულობით გადაიხედოს არსებული ბრძანება და შემუშავდეს ახალი სახელფასო პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს ყველა პედაგოგის შრომითი უფლებების დაცვას, მიღწეული პედაგოგიური კვალიფიკაციის, უფროსის, წამყვანისა და მენტორის სტატუსის სათანადოდ დაფასებას და სქემით განსაზღვრული დანამატის აღდგენას, რომელიც არ იქნება მიბმული საათობრივ ანაზღაურებასთან“.

ამავე თემაზე: 

ააყვირეს ის პედაგოგებიც კი, რომლებსაც არაფერზე ხმა არ გაუღიათ – მენტორი მასწავლებელი ხელფასებზე

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 18 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 18 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 563 640 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 130]
  • ტანკი – 8 245 ერთეული [+7]
  • ჯავშანტექნიკა – 15 883 ერთეული [+12]
  • საარტილერიო სისტემა – 15 465 ერთეული [+54]
  • MLRS – 1 120 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 893 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 361 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 12 274 ერთეული [+50]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 398 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 20 833 ერთეული [+92]
  • სპეცტექნიკა – 2 593 ერთეული [+7]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 18 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 629 თვითმფრინავი
  • 277 ვერტმფრენი
  • 27 783 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 552 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 608 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 379 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 12 037 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 23 800 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რა ელის სამყაროს, თუ პუტინს უკრაინაში გამარჯვების საშუალება მიეცემა – იუვალ ნოახ ჰარარი 

რუსეთში რიგები დგას კომისარიატებთან, რომ ჩაეწერონ და წავიდნენ ომში ხელფასის გამო – ინტერვიუ

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რას აპირებს Gen Z არჩევნებზე

მმართველმა პარტიამ საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. „ოცნების“ საარჩევნო გზავნილები ამჯერადაც განსხვავებულად მოაზროვნე საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობასა და ომით დაშინების პროპაგანდაზეა აგებული.

როგორ აპირებს ახალგაზრდობა დაეხმაროს საზოგადოებას პროპაგანდით გამოწვეული შიშებისა თუ გაურკვევლობის დაძლევაში, რითაც „ოცნება“ ბოლო წლებია აქტიურად კვებავს.

„ბათუმელები“ ახალგაზრდა აქტივისტებს ესაუბრა, რომლებიც რუსული კანონის წინააღმდეგ მთელი თვე იდგნენ რუსთაველზე და დღემდე აქტიურად იბრძვიან საქართველოს ევროპული მომავლისთვის.

ლუკა ნაცვლიშვილი, ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია.

ლუკა ნაცვლიშვილი, სტუდენტი

ლუკას თქმით, ბოლო ორი წელია პოლიტიკურ პროცესებში ახალგაზრდები განსაკუთრებით არიან ჩართული და ამ ახალი ძალის დაბადებას სწორედ შარშან მარტის და წელს მაისის საპროტესტო აქციებმა შეუწყო ხელი.

„აი, ამ აქციებს შორის დაიბადა ახალი ქართული საზოგადოება, ძალიან ძლიერი და ერთიანი, რასაც ივანიშვილი არანაირად არ ელოდა. ამას ვხედავთ მისი გამოსვლებიდანაც. დაძაბულები და ანერვიულებულები არიან.

რეალურად, „ქართულ ოცნების“ მიმართ ამ 12 წლის განმავლობაში ასეთი ოპოზიციური განწყობა არასდროს ყოფილა, როგორიც ახლაა – ახალგაზრდობამ გაიღვიძა და ჩემი დაკვირვებით, არჩევნებზეც აპირებენ მისვლას და თავიანთი პოზიციის გამოხატვას.

და ყველაზე მაგარი არის ის, რომ ამ იდეას აზიარებენ ერთმანეთში, ამაზე საუბრობენ, რომ არჩევნებზე მისვლა აუცილებელია“, – ამბობს ლუკა ნაცვლიშვილი.

მისი თქმით, პროპაგანდა მაინც ახდენს გავლენას საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე, ამიტომ მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს დაველაპარაკოთ და მარტივად ავუხსნათ, თუ რატომ არის ევროკავშირში ყოფნა ჩვენი ქვეყნისთვის მშვიდობის გარანტია.

„როცა ადამიანს კონკრეტული ფაქტებით ესაუბრები, შეუძლებელი სიმართლეს გაექცეს. პროპაგანდის გავლენის შემცირება მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი.

„დაფიონი“ პირველ ეტაპზე ვაპირებთ გააქტიურებას ონლაინ. კერძოდ ტიკტოკისა და იუტუბის პლატფორმებზე, რადგან ვიცით, რომ ბევრი მომხმარებელი ჰყავს ამ პლატფორმებს.

ვაპირებთ მაგალითებით, ფაქტებით ვესაუბროთ ადამიანებს იმაზე, თუ რატომ არის მისი მისვლა არჩევნებზე გადამწყვეტი. მოვიყვანთ მაგალითებს იმაზე, ვთქვათ ამა თუ იმ დეპუტატმა როგორ მოიგო 1 ხმით არჩევნები და სხვა არაერთი მაგალითიც გვექნება.

ჩვენი პროექტი მოიცავს ისტორიულ ნაწილსაც, რადგან თუ ისტორია არ იცი, ვერც მომავალი გექნება უკეთესი. უახლოეს ისტორიაზე ჩავწერთ ვიდეოებს, რადგან ეს პერიოდი ნაკლებად ისწავლება სკოლებში და მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ისეთ ფაქტებზე ინფორმაცია, რაც ცვლიდა ჩვენი ქვეყნის ბედს.

უკრაინის მხარდასაჭერ ერთ-ერთ აქციაზე შინდისფერი დროშით ვიყავი და ერთი ჩემი ტოლა ახალგაზრდა ვერ მიხვდა რა დროშა იყო. ახალგაზრდების რაღაც ნაწილი არ იცნობს ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას, ამბროსი ხელაიას და ბევრ ისეთ გამოჩენილ მოღვაწეს, რომლებსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში“, – გვეუბნება ლუკა ნაცვლიშვილი.

როგორ აპირებთ ესაუბროთ ადამიანებს ომის შიშზე, რომელსაც თესავს ხელისუფლება. რა მოერევა ამ პროპაგანდას – ვკითხეთ ლუკას.

მისი აზრით, ისევ და ისევ იმ მოვლენებსა და ფაქტებზე ხშირი საუბარი, რაც ეს ორი წელია ხდება.

„არ მჭირდება ისეთი „მშვიდობა“, თუკი ჩემი აზრის გამოხატვის გამო პოლიცია ხელებს გადაგვიგრეხს, ზონდერებს მოგვისევენ და თავისუფლებას წაგვართმევენ.

თუ დღეს გვეამაყება დავით აღმაშენებლის დიდგორი, მაშინ ეს სულისკვეთება უნდა გავაგრძელოთ ჩვენც. რა ექნება ჩვენს მომავალ თაობას საამაყო, თუკი მტრის შიშით უარს ვიტყვით თავისუფლებაზე?

ის, რომ რუსეთი იმპერიაა და დიდია, თუ ამას თავი დავუხარეთ, ვერ დავიცავით ჩვენი იდენტობა, თავისუფლება, ის რამაც აქამდე მოგვიყვანა და ვართ დამოუკიდებლები, მაშინ დავემსგავსებით ბელარუსს და ვიქნებით რუსეთის უკანა ეზო.

ამ ყველაფერმა უნდა იტრიალოს ხალხის გონებაში, რომ შეძლონ ადამიანებმა მოსმენა და გააზრება.

რაც შეეხება რეგიონებში, სოფლებში გასვლას, ამის რესურსი ახლა არ გაგვაჩნია, მაგრამ როცა იუტუბზე გადავალთ, თუ ამ პროექტებმა დააგროვა ნახვები, იმედი მაქვს გამოჩნდებიან ფონდები, დონორები, ვინც დაგვეხმარება რეგიონებში გასვლაში და შევძლებთ ყველა თაობის ადამიანს ვესაუბროთ“, – ამბობს ლუკა.

მეგი დიასამიძე ასევე სამოქალაქო მოძრაობა „ჯიუტის“ აქტივისტია. ისიც მიიჩნევს, რომ მოსახლეობასთან შეხვედრა და მათთან პროპაგანდის წინააღმდეგ დისკუსიები, ძალიან მნიშვნელოვანია.

„ივანიშვილის გზავნილები „გლობალური ომის პარტიაზე“ რომ ვუსმენ, ჩემთვის არის სასაცილო, მაგრამ  სამწუხაროდ, მათ გზავნილებს ჯერ კიდევ ჰყავთ მსმენელი.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აზრით, ჩვენ არჩევნები უკვე მოგებული გვაქვს, მაინც არის სამუშაო ამომრჩევლის იმ ნაწილთან, ვისზეც მუშაობს პროპაგანდა.

აქციებმა, რომელიც ორი თვის განმავლობაში მიდიოდა, ჩემი დაკვირვებით გარდატეხა მოახდინა ადამიანებში, თუმცა მაინც საჭიროა ვიმუშაოთ პროპაგანდის მსხვერპლებთან.

მე პირადად, ჩემი მეგობრები, ვისაც გვინდა, რომ ამ არჩევნებზე ხმები დავიცვათ, ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი გამოსავალი არის დამკვირვებლობაშიც.

„ქართულ ოცნებას“ ეს ბრძოლა წაგებული აქვს და ეს არჩევნები იქნება ხმების დაცვა.

როცა ახალი თაობა სწორ პოზიციებს აფიქსირებს, მშობლების თაობა უკვე ამ მხარეს დგება. შესაბამისად, მშობლების თაობასთან კომუნიკაცია ამ ფოკუსით, არის საჭირო.

ყველა ადამიანს, ვისაც გააზრებული აქვს თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ამ არჩევნებს ქვეყნისთვის, მაქსიმალურად უნდა იმუშაონ ამომრჩეველთან“, – ამბობს მეგი.

აქვს თუ არა „ჯიუტს“ ადამიანური, ფინანსური რესურსები იმისთვის, რომ შეძლოს ველზე გასვლა და ხალხთან მუშაობა? – ვკითხეთ მას.

მეგის თქმით, „ჯიუტს“ ეს რესურსი აქვს.

„ჯიუტი“ მოხალისეობრივ საწყისებზე მუშაობს, შემოწირულებებზე ვართ დამოკიდებული, თუმცა ბევრი აქტიური სტუდენტი გვყავს, რომლებიც მალე დაბრუნდებიან რეგიონებში და ისინი იქ, ადგილზე იმუშავებენ „ოცნების“ პროპაგანდის წინააღმდეგ.

ჩვენ შეთანხმებული ვართ, რომ რეგიონებში გავიდეთ. დიდ ქალაქებში გავალთ, სოფლებში ვნახოთ, თუ მოვახერხებთ.

ახალგაზრდები ასევე ჩართული ვართ პროექტში „დააკვირდი“, არჩევნებზე დამკვირვებლებს ვატრენინგებთ. 500 მსურველი გვყავს უკვე. აქედან 100 ადამიანი დავატრენინგეთ და ვაგრძელებთ ტრენინგებს“, – ამბობს მეგი.

გიორგი დუმბაძე, აქტივისტი

ვესაუბრეთ კიდევ ერთ ბათუმელ აქტივისტს, გიორგი დუმბაძეს.

„ქართული ოცნების“ პოზიცია გასაგებია და ისიც, რომ ამ პარტიისგან არაფერი ნათელი არ წამოვა და არც აქამდე ჩანდა. ისიც ნათელია, რომ ამ არჩევნებზეც პროპაგანდით გააგრძელებენ მუშაობას, მათ შორის იქნება ომზე აპელირება და შიშების ჩანერგვა ხალხში.

მათ ჰქონდათ 12 წელი და არაფერი გააკეთეს იმისთვის, რის გაკეთებასაც ახლა, 4 წელში გვპირდებიან. ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“ კუთხეშია მიმწყვდეული.

მათი ელექტორატიც ხომ მთლიანად იმ ადამიანებზეა აწყობილი, ვისაც არ უნდა ამ შიშებისგან გათავისუფლება. ვერც იმაზე მეტ მხარდამჭერს მიიღებს „ოცნება“ ამ თემებზე საუბრით, რაც დღეს ჰყავს.

ახალგაზრდების მუშაობას რაც შეეხება, ჩვენ შევეცდებით ვაჩვენოთ ადამიანებს ის კონტრასტი, რაც ახლავს რუსეთთან ან ევროპასთან სიახლოვეს.

რუსეთი არის ომი, ჭაობი, ის, რასაც ამდენი ხანი გავურბოდით და მეორე მხარეს არის ევროპა, ის ღირებულებები, რისთვისაც საუკუნეების განმავლობაში ვიბრძვით“, – ამბობს გიორგი დუმბაძე.

მისი თქმით, მას და მის თანამოაზრეებს ერთი თვის შიგნით დაგეგმილი აქვთ სხვადასხვა პროექტი, რაც ითვალისწინებს ქალაქებსა თუ სოფლებში ჩასვლას და ადამიანებთან პირდაპირ კომუნიკაციას.

„უფრო მეტი აქცენტი იქნება იმ სოფლებზე, სადაც ყველაზე ნაკლებად მიდის ინფორმაცია და ყველაზე მოწყვლადია ამ პროპაგანდისთვის ადამიანები, რომელსაც „ოცნება“ იყენებს.

მნიშვნელოვანია იმ ხალხთან საუბარი, ვისაც კითხვები აქვს ვთქვათ იგივე ომთან მიმართებაში. ამ ხალხთანაც გვექნება საუბარი, შევეცდებით ავუხსნათ მათ ყველაფერი მაგალითებზე, ფაქტებზე დაყრდნობით – მშვიდობა არის ევროპაში.

სწორედ ევროკავშირის წევრი ქვეყნებია, ვისაც გაწევრიანებიდან დღემდე არასდროს ჰქონიათ ომი და ეს არის ფაქტი.

ყველაზე მშვიდობიანი და სტაბილური რეგიონი არის ევროპა და ეს არის ფაქტი და არა ჩვენი მოსაზრება. ინდივიდუალურად მე, ჩემს მეგობრებთან ერთად ვაპირებ ერთ თვეში ხალხში გასვლას და ვიცი სხვა ახალგაზრდებიც, რომლებიც უფრო ადრეც აპირებენ მოსახლეობასთან შეხვედრებს“, – გვეუბნება გიორგი დუმბაძე.

საარჩევნო ელექტრონულ ტექნოლოგიებს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თანამშრომლები გაეცნენ

ელექტრონული არჩევნების დანერგვასთან დაკავშირებით ამომრჩეველთა ფართომასშტაბიანი ინფორმირების კამპანია აქტიურად გრძელდება. კამპანიის ფარგლებში, საარჩევნო ელექტრონული აპარატების მუშაობას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) თანამშრომლები გაეცნენ. 

ელექტრონული საშუალებების დანერგვასთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის, საარჩევნო ტექნოლოგიების უპირატესობებისა და მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ შეხვედრის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა გააცნო. 

,,აქტიური დისკუსიის ფონზე წარიმართა საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში, რისთვისაც ხელმძღვანელს და ყველა მონაწილე პირს თანადგომისთვის, მათი აქტიური მონაწილეობისა და ჩართულობისთვის მინდა მადლობა გადავუხადო. მე და ჩემმა გუნდმა მათ გავუზიარეთ ინფორმაცია ტექნოლოგიური საშუალებების ინტერვენციის, ელექტრონული სიახლეებისა და სერვისების შესახებ, რომელიც გამოყენებული იქნება 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის“ – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.  

საარჩევნო ტექნოლოგიების შესახებ საინფორმაციო შეხვედრას, ასევე ესწრებოდა კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე. 

„საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში იმ ახალი პროექტებისა და ტექნოლოგიების შესახებ გაიმართა შეხვედრა, რომელიც ამომრჩეველს აძლევს სრულიად ახალ შესაძლებლობას, ძალიან მარტივად და მოხერხებულად განახორციელოს საარჩევნო პროცესში მონაწილეობა. ჩვენი გუნდისთვის ეს ინფორმაცია იყო ძალიან ღირებული, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრაციას და ბატონ გიორგი კალანდარიშვილს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია ის შრომა, რომელიც ადმინისტრაციას ბოლო წლებში გაწეული აქვს საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში.“ – აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ. 

შეხვედრის მონაწილეები პირადად გაეცნენ საარჩევნო ტექნოლოგიების მუშაობას, რომელიც 2024 წლის 26 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნებზე ფართო მასშტაბით იქნება გამოყენებული. მათ ასევე მონაწილეობა მიიღეს იმიტირებულ კენჭისყრაში და პრაქტიკაში თავად გამოცადეს ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის აპარატების მუშაობა.

საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ამომრჩევლებთან შეხვედრები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რადგან ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და განათლება საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. 

“ოცნება აჭარის უმაღლეს საბჭოში მანდატების განაწილების წესს ცვლის“ – გახარიას პარტიის ბრიფინგი

„ქართული ოცნება“ აჭარის უმაღლეს საბჭოში მანდატების განაწილების წესს ცვლის და ამით არანაირ შანსს არ ტოვებს, რომ არჩევნები სამართლიან და დემოკრატიულ  გარემოში ჩატარდება,“ –  განაცხადა დღეს, 17 ივლისს გამართულ ბრიფინგზე ნინო ჩხეტიამ, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ.

ჩხეტიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ არჩევნების წაგების შიშმა შეიპყრო, რის გამოც საარჩევნო კანონმდებლობის საკუთარ თავზე მორგება დაიწყო.

„გაზაფხულზე საქართველოს საარჩევნო კოდექსში უამრავი ცვლილება განხორციელდა. ეს ცვლილებები იყო განკუთვნილი იმისათვის, რომ მორგებოდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას.

ეს ვირუსულად გადმოედო ადგილობრივ ხელისუფლებასაც. 11 ივლისს აჭარის უმაღლეს საბჭოში დარეგისტრირდა კანონპროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებებს. აღნიშნული კანონპროექტით იცვლება მანდატების განაწილების წესი.

აქამდე მანდატების განაწილების წესით არ რჩებოდა გაუნაწილებელი მანდატი, შემოთავაზებული წესი კი გათვლილია გაუნაწილებელი მანდატების მორჩენაზე, რომლის მითვისებასაც ცდილობს „ოცნება“.

მოგეხსენებათ, რომ აჭარის უმაღლესი საბჭო შედგება 21 წევრისგან, სადაც ერთ მანდატსაც უმრავლესობის ფორმირებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება“, – თქვა დღეს გამართულ ბრიფინგზე ნინო ჩხეტიამ.

დღესვე ბრიფინგზე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ისაუბრა ბათუმში და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში სხვა რეგიონებიდან „გადმოწერილი მოქალაქეების“ შესახებ.

კერძოდ, პარტია აცხადებს, რომ „სხვა რეგიონებიდან საკუთარი მომხრეების გადმოწერით „ოცნება“ ცდილობს არჩევანის შეცვლას და ძალაუფლების მიტაცებას არჩევნებში“.

„მომხრეების აჭარაში ჩაწერით საპარლამენტო არჩევნებზე არაფერს კარგავს ოცნება, ხოლო აჭარაში უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მობილიზებას უკეთებს მომხრეებს სხვა ქალაქებიდან თუ სოფლებიდან,“ – თქვა ნინო ჩხეტიამ.

აჭარის უმაღლესმა საბჭომ საკანონმდებლო ორგანოს დაკომპლექტების წესის ცვლილებაზე კანონპროექტი 11 ივლისს დააინიცირა. სხვა არაერთ ცვლილებასთან ერთად, ცვლილება შედის 65-ე მუხლში, რომელსაც ემატება სრულიად ახალი პუნქტი. ამ პუნქტის მიხედვით, უმაღლესი საბჭოს წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5% მაინც მიიღეს. არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.

იცვლება 65-ე მუხლის მერვე პუნქტის შინაარსიც და ის კანონში შემდეგი რედაქციით იქნება:

„პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 21-ზე და იყოფა ყველა იმ პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღეს.

მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 21-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანამიმდევრობით მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები“.

კანონპროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აჭარის უმაღლესმა საბჭომ 15 ივლისს განიხილა ბიუროზე.

კანონპროექტზე საკომიტეტო მოსმენა 18 ივლისს გაიმართება.

„გუმბათი ჯგუფი“ ბათუმის ძველი ავტოსადგურის ინოვაციურ ბიზნეს ცენტრად გადაქცევას გეგმავს

გუმბათი ჰაბი

„გუმბათი ჯგუფმა“ ახლახან შეიძინა სს „ბათუმის ავტოსადგურის“ მაჟორული წილი, დაგეგმილია სამომავლოდ 100%-იანი წილის გამოსყიდვა. კომპანია 150 მილიონამდე დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. პროექტის მიზანი არსებული სივრცის თანამედროვე, მრავალფუნქციურ ბიზნეს ცენტრად გარდაქმნაა.

ახალი კომპლექსი მოიცავს სავაჭრო ცენტრს, სასტუმროს, საცხოვრებელ კომპლექსს, საოფისე სივრცეებს, საპარკინგე ზონას, სწრაფი კვების ობიექტებს, ბავშვთა გასართობ ცენტრს და საბანკო მომსახურების პუნქტებს. ეს პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ ზრდას და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს.

„გუმბათი ჰაბი“ არა მხოლოდ გააუმჯობესებს ქალაქის ინფრასტრუქტურას, არამედ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონის ეკონომიკურ ზრდას, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და გაზრდის ტურისტულ მიმზიდველობას.

ავტოსადგურის საკითხი

„გუმბათი ჯგუფი“ აცნობიერებს არსებული ავტოსადგურის მნიშვნელობას ქალაქისთვის. ამიტომ, კომპანია აქტიურად მუშაობს ალტერნატიული ლოკაციის შერჩევაზე ახალი, თანამედროვე ავტოსადგურის მოსაწყობად. ეს უზრუნველყოფს არა მხოლოდ არსებული თანამშრომლების სამუშაო ადგილების შენარჩუნებას, არამედ გააუმჯობესებს მგზავრთა მომსახურების ხარისხს და ქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას.

გუმბათი ჯგუფი რეგიონული განვითარების სამსახურში

„გუმბათი ჯგუფის“ 26-წლიანი ისტორია წარმატებებით და მნიშვნელოვანი პროექტებითაა სავსე. ამ პერიოდში კომპანიამ ააშენა მილიონი კვადრატული მეტრი ფართობი, განახორციელა ორი ოლიმპიური სტანდარტის სტადიონის მშენებლობა, შექმნა ათობით კომერციული და საცხოვრებელი კომპლექსი, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი რეგიონის ურბანულ განვითარებას.

„გუმბათი ჯგუფის“ საცხოვრებელი პროექტები გამოირჩევა დახვეწილი დიზაინისა და ფუნქციურობის უნიკალური შერწყმით. თითოეული საცხოვრებელი კომპლექსი წარმოადგენს მულტიფუნქციურ სივრცეს, რაც ქმნის გარემოს ადამიანური კავშირების დასამყარებლად, უზრუნველყოფს თითოეული მაცხოვრებლისთვის ინდივიდუალური, კომფორტული სივრცის არსებობას.

კომპანიის მიდგომა ხელს უწყობს ჯანსაღი, ბალანსირებული საცხოვრებელი გარემოს შექმნას, სადაც თანამედროვე ადამიანის ყველა საჭიროებაა გათვალისწინებული.

„გუმბათი ჯგუფი“ აგრძელებს ინოვაციური იდეების ძიებას და რჩება რეგიონული განვითარების ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალად. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მუშაობას რეგიონის განვითარებისა და მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის. გვჯერა, რომ ერთად შევქმნით უკეთეს მომავალს აჭარისთვის და მთელი საქართველოსთვის.

„დინამო ბათუმი“ დღეს რაზგრადის „ლუდოგორეცთან“ განმეორებით შეხვედრას გამართავს

დღეს, 17 ივლისს, „დინამო ბათუმი“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე რაზგრადის „ლუდოგორეცთან“ განმეორებით შეხვედრას გამართავს.

მატჩი ბათუმის სტადიონზე 21:00 საათზე დაიწყება.

გუნდებს შორის პირველი შეხვედრა ბულგარეთში გაიმართა და ის მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით – 3:1 დასრულდა.

შემდეგ ეტაპზე გამარჯვებული ორი მატჩის ჯამში ნაჩვენები შედეგის მიხედვით გამოვლინდება. შესაბამისად, ბათუმის დინამოს მინიმუმ 2-ბურთიანი სხვაობით მოგება სჭირდება თამაშის პენალტების სერიამდე მისაყვანად.

„მინდა ვთქვა, რომ გუნდში კარგი განწყობაა, ბიჭები ბრძოლისთვის მზად არიან. ამიტომაც, ჩვენ ამ შეხვედრას ძალიან ველოდებით. გვსურს ვრეაბილიტირდეთ ამ მატჩზე“ – ამბობს ანდრეი დემჩენკო, „დინამო ბათუმის“ მთავარი მწვრთნელი.

„დინამო ბათუმის“ შემდეგი მეტოქეები როგორც მოგების, ასევე წაგების შემთხვევაში, ცნობილია.

„ლუდოგორეცთან“ მოგების შემთხვევაში, „დინამო ბათუმის“ მეტოქე მინსკის „დინამოსა“ და ერევნის „პიუნიკს“ შორის გამარჯვებული იქნება.

თუ „დინამო“ პირველივე ეტაპიდან გავარდება, მაშინ გუნდი კონფერენსლიგაზე გადაინაცვლებს, სადაც უელსურ „ტნს“-სა და მონტენეგროულ „დეჩიჩს“ შორის წაგებულს შეხვდება.

__________________________

მთავარი ფოტო: „დინამო ბათუმის“ ფეისბუქგვერდიდან

საქართველოს წყალში მხტომელთა ნაკრებმა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 4 საგზური მოიპოვა

საქართველოს წყალში მხტომელთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა და ისტორიაში პირველად მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ოთხი საგზური მოიპოვა.

კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, ეს საქართველოს წყალში ხტომის ისტორიაში უპრეცედენტო შედეგია. მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას მარიამ შანიძე, თეკლა შარია, გიორგი წულუკიძე და ალექსანდრე ცხომელიძე დაიცავენ.

კონტინენტის პირველობაზე 14 წლის ალექსანდრე ცხომელიძემ 3 მეტრი ტრამპლინიდან ხტომაში 396,35 ქულა დააგროვა და მეხუთე ადგილი დაიკავა.

ალექსანდრე ცხომელიძემ და გიორგი წულუკიძემ 3 მეტრი ტრამპლინიდან სინქრონულ ხტომაში მერვე ადგილი დაიკავეს, თეკლე შარიამ და მარიამ შანიძემ კი შარშანდელი შედეგი გააუმჯობესეს და 3 მეტრი ტრამპლინიდან სინქრონულ ხტომაში 219,84 ქულით მეექვსე ადგილი დაიკავეს.

სამინისტროს ცნობით, მოპოვებული მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურების რაოდენობით საქართველო დიდი ბრიტანეთის, იტალიის, გერმანიისა და უკრაინის შემდეგ მეხუთე პოზიციაზეა.

ბსუ-მ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები გამოაცხადა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები გამოაცხადა.

რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები გამოაცხადეს მას შემდეგ, რაც ბსუ-ს რექტორის არჩევნებზე არც ერთი კანდიდატი არ დარეგისტრირდა. ახლა აკადემიურმა საბჭომ 6 თვით რექტორის მოვალეობის შემსრულებელი უნდა აირჩიოს. ეს შეიძლება იყოს როგორც მოქმედი რექტორი, ისე ნებისმიერი სხვა პირი.

ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს 2024 წლის 18 ივლისიდან 19 ივლისის ჩათვლით, ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები კი, ფარული კენჭისყრით, 22 ივლისს, 15:00 საათზე გაიმართება.

ამავე თემაზე: https://batumelebi.netgazeti.ge/news/535011/

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17 ივლისის 21 საათიდან 18 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან ელვა-ჭექა და წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 28 – 33 გრადუსი 
  • ღამით: 18 – 23 გრადუსი

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 28 – 33 გრადუსი 
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა +27 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 19-20 ივლისს აჭარაში საღამოს და ღამის საათებში ზოგან მოსალოდნელია დროგამოშვებით ელვა-ჭექა და წვიმა.

შიშის წამალი არის საუბარი – როგორ ვებრძოლოთ ომზე „ოცნების“ პროპაგანდას

როგორ ნერგავს „ქართული ოცნება“ ომის შიშს და როგორ უნდა განიკურნოს ამომრჩეველი ამ შიშებისგან? – სწორედ ამ თემაზე ესაუბრა „ბათუმელები“ ფსიქოლოგ სალომე ჩარკვიანს, რომელიც შიშის პროპაგანდის დაძლევაზე გვიზიარებს თავის მოსაზრებას.

  • ქალბატონო სალომე, „ქართული ოცნების“ საარჩევნო რიტორიკა გაჟღენთილია შიშის პროპაგანდით: „აბა ომი გინდათ?“, „რუსეთმა თუ მოინდომა, ერთ საათში გაგვაქრობს“, ნატოში სწრაფვის გამო აღმოჩნდა უკრაინა ომში და ასე შემდეგ. პროპაგანდის ამ იარაღმა რომ არ დააბრკოლოს ადამიანების არჩევანზე, რა დაეხმარება მათ ამ შიშების გაფანტვაში?

ჯერ დავიწყოთ იმით, რომ ომის შიშზე დაფუძნებული პროპაგანდა არ არის პირველი, რაც „ოცნებამ“ გააკეთა. რუსული პროპაგანდის მთავარი პრინციპია ის, რომ ჯერ „ნაცების“ უნდა გვშინებოდა, მერე ამ ომის, ეს ომიც რომ აღარ ეყოთ, ლგბტქ გარყვნილების პროპაგანდა შემოიტანეს.

ეს ერთი. მეორე, რატომ არის შიში ერთ-ერთი ყველაზე მარტივად გამოსაყენებელი პროპაგანდის მიერ, იმიტომ, რომ ზოგადად, ეს არის პირველყოფილი გრძნობა, განცდა და არ სჭირდება გააზრება, სხვა რაღაცებისგან განსხვავებით.

შიში არ არის მხოლოდ ადამიანური ფაქტორი, ნებისმიერი ცხოველის გადარჩენის მთავარი ინსტინქტია და ტვინის აზროვნების ფუნქციები არ სჭირდება მას. ამიტომ თუ მე შიშის გამომწვევ რაღაც ტრიდერს მოგაწვდი, სანამ შენ ფიქრს დაიწყებ, იქამდე შეგეშინდება. ამიტომ არის ძალიან მარტივი, რადგან ჯერ განვიცდით და მერე ვიწყებთ გაანალიზებას.

შიშს ახასიათებს უამრავი არარაციონალური შიშები და ფსიქოლოგია ამას გააზრებით მეთოდოლოგით კურნავს. მაგალითად, თუ ვიღაცას ეშინია ობობების ან თაგვების, ამის გააზრებით იწყება განკურნება, თუ რატომ ეშინია.

ამიტომ, ომიც ერთ-ერთი ასეთი ფაქტორია, რომელიც გამოცდილი თუ არ გვაქვს, უჯრედულ დონეზე მაინც გვახსოვს ყველას, რომ რაღაც საშიშია. მით უმეტეს, ჩვენ გვახსოვს რუსეთთან ომი და როცა ვიღაც გეუბნება, რომ თუ ამას არ იზამ, ომი გვექნება, ბუნებრივია, სანამ ამ ადამიანის მსჯელობას დავაყენებთ ეჭვის ქვეშ, მანამდე მოდის შიში.

შესაბამისად, შიშის წამალი არის მსჯელობა და აზროვნება.

  • დღეს, ამომრჩეველი თუ ახერხებს მაგალითად კონტექსტის წაკითხვას, რატომ აწვდიან ამა თუ იმ პროპაგანდას და თუ ვერ ახერხებს, როგორ უნდა დავეხმაროთ მათ ამ შიშების დაძლევაში?

აქ უფრო მეტი პრეტენზია მაქვს მედიასთან და ოპოზიციასთან, რადგან სწორედ აქ არის საჭირო ზუსტი და მოკლე მესიჯბოქსებით საუბარი.

მედია უფრო მსჯელობს იმაზე თუ რა კარგი იქნება ევროპა, რა კარგი იქნება პროგრესი, მაგრამ როგორც ვთქვით, შიში მოდის მანამდე, სანამ ადამიანი ამ ყველაფრის გააზრებას მოასწრებს. ეუბნებიან, რომ  პროგრესისკენ თუ წახვალ, მოკვდები. შესაბამისად, სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია ბევრისთვის, ვიდრე იგივე თავისუფლება თუ განვითარება.

ამიტომ  მე მაგალითად ვისურვებდი, რომ „აბა ომი გინდა?“ ასეთივე პატარა  მესიჯბოქსით ვესაუბროთ ადამიანებს. პროპაგანდისტები მართლა სულელები კი არ არიან, ასეთი პრიმიტიული წინადადებებით რომ გველაპარაკებიან. უბრალოდ ეს არის ადვილად შეღწევადი ადამიანის ტვინებში და ასეთივე მარტივი უნდა იყოს პოლიტიკოსების მესიჯბოქსიც.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ „აი, მოლდოვა რა კარგად მიდის“, რამხელა ნახტომი გააკეთა რუსეთისგან, დსთ-დან ლამის პირდაპირ ევროკავშირში გააკეთა ნახტომი ხომ? და ეს იმიტომ კი არა, რომ რუსეთი გახდა კარგი, იმიტომ, რომ რუსეთს აღარ აქვს ახალი ომის თავი.

  • რუსეთის სისუსტე და ომის ფაქტორი ჩვენ სასარგებლოდ შეგვიძლია გამოვიყენოთ?

დიახ, თუმცა კიდევ ვამბობ, რომ ეს უნდა იყოს მარტივ მესიჯბოქსებად მიწოდებული და ეს უნდა იყოს ყველგან და ყოველთვის.

შემდეგი პროპაგანდა არის ის, რომ „ახლა ჩვენთვის არ სცალია რუსეთს, მაგრამ ჩვენი სამყოფი რაკეტები სულ ექნება“. ამ შემთხვევაში შეგვიძლია დავსვათ კითხვები, თუ პროგრესს შევაჩერებთ, ეს დაგვიცავს ომისგან? მაგალითად 90-იან წლებში როცა არანაირი პროგრესი არ გვქონდა, არც ევროკავშირსა და ნატოზე იყო საუბარი, ამან დაგვიცვა რუსეთთან ომისგან? პირიქით, უფრო დიდი ომი გვქონდა.

აგვისტოს ომს ვერც კი შევადრით აფხაზეთისა და ცხინვალის ომებს, ზუსტად მაგიტომ, რომ მაშინ ბევრად მოწყვლადები, სუსტები და მარტონი ვიყავით.

აგვისტოს ომიც იმიტომ იყო ბევრად მოკლეხნიანი, რომ დასავლეთის მხარდაჭერა გვქონდა.

თუ შევადარებთ იმას, რომ უფრო განვითარების შემთხვევაში რას გვიზამს რუსეთი და იმას, რუსეთის უკანა ეზოდ თუ დავრჩებით რა გველოდება, მაშინ უნდა შევხედოთ რა უქნა რუსეთმა ჩეჩნეთს, აფხაზეთს.

მარტო ომით ხომ არ არის რუსეთისგან გამოწვეული სიკვდილი. ჩეჩნეთში ომი არ არის, მაგრამ ეს ხალხი დღეს უკრაინაში იღუპება. სინამდვილეში, რუსეთი თვითონ არის სიკვდილის მანქანა და რა ტიპის კომუნიკაციაშიც არ უნდა დარჩე მასთან და რა ტიპის თანამშრომლობაშიც არ უნდა იყო, ის შენ სიკვდილს მოგიტანს.

თუნდაც იგივე 90-იანების მაგალითი რომ ავიღოთ, ომის მერე ნარკოტიკით, ქუჩური გარჩევებით, ზუსტად რუსულ-ქურდული მენტალიტეტით რამდენი ადამიანი დაიღუპა ეგ რომ დავთვალოთ, არცერთ ომს არ ჩამოუვარდებოდა საქართველოში.

ამიტომ, ესეც არის რაღაც მესიჯბოქსად დასალაგებელი, რომ უნდა გვეშინოდეს ადამიანებს, დიახ, მაგრამ უნდა გეშინოდეთ რუსეთთან სიახლოვის და არა განვითარების.

  • ომის შიშის პარალელურად, რუსული პროპაგანდა მუშაობს საქართველოს იზოლაციაზე. პარტიაც კი შეიქმნა ამ არჩევნებისთვის „ნეიტრალური საქართველო“. იზოლაციის შიშზეც რომ ვილაპარაკოთ, რა ზიანის მომტანია ეს და რა განსხვავებაა ომის შიშსა და მარტოდ დარჩენას შორის?

კარგი თემაა ესეც, იმიტომ, რომ ადამიანები, ვისაც ვერ დააჯერეს, რომ პროგრესის შემთხვევაში რუსეთი ომს მოგვიტანს და ისე ხელს გადაგვისვამს თურმე თავზე, ამ ადამიანებისთვის შექმნეს ახალი პროპაგანდა, რომ „არც რუსეთი მინდა და არც დასავლეთი“, ვიქნები ასე ჩემთვის.

ამაზეც არსებობს ძალიან მარტივი პასუხი. არ არსებობს ქვეყანა, რომელიც მარტოა. ნებისმიერ ისტორიულ მონაკვეთში პოლიტიკას ქმნიდნენ ალიანსები. რაც უფრო ძლიერ ალიანსში ხარ, რაც უფრო ძლიერ თანამშრომლობაში ხარ, მით უფრო ძლიერი ხარ.

ავიღოთ თუნდაც თურქეთის მაგალითი. როგორ გაძლიერდა თურქეთის თავდაცვა ნატოში ალიანსის შემდეგ, აგერ აზერბაიჯანს ომი მოაგებინა. ვინც აირჩია სწორი მოკავშირე, იმან მოიგო. აზერბაიჯანმა აირჩია სწორი მოკავშირე და მოიგო ომი, სომხეთმა აირჩია რუსეთი და დარჩა მარტო.

დღეს თურქეთი არის ნატოს წევრი ქვეყანა, რუსეთი კი თვითონ აწარმოებს ომებს.

არ არსებობს მეზობელი, რომელთანაც რუსეთს არეულობა არ აქვს. აზიისკენ შეიძლება ომები არ აქვს, მაგრამ მთლიანად მოცულია მათი ეკონომიკა და კულტურა.

ეს ყველაფერი ძალიან გასაგებია იმის გასააზრებლად, თუ ვინ უნდა გვყავდეს მოკავშირედ.

  • ამ ყველაფრის პარალელურად რუსული პროპაგანდა მუშაობს იმაზე, რომ მეგობარი გამოგვიცხადოს მტრად, რომ დასავლეთს ჩვენი დამონება უნდა და ასე შემდეგ. რას უნდა მივაქციოთ ასეთ დროს ყურადღება, რომ მუდმივმა ჩიჩინმა არ მიგვიყვანოს მცდარ წარმოდგენებამდე?

მე ვეთანხმები იმ მსჯელობაში ადამიანებს, რომ გეოპოლიტიკაში არ არსებობს მეგობრები, რომ ასეთი ემოციური კავშირები როგორც ადამიანებს შორის არსებობს, არ არსებობს სახელმწიფოებს შორის. მაგრამ არსებობს საერთო ინტერესები და სწორედ ეს ინტერესები გვამეგობრებს და გვაახლოებს მოკავშირეებთან. აი, ამ ინტერესებიდან უნდა ამოვიდეთ ჩვენც.

ჩვენ იმის იდენტიფიცირება უნდა გავაკეთოთ, რა არის ევროპის ინტერესი, რა არის რუსეთის ან აქეთ კიდევ ჩინეთის ინტერესი და რა გვინდა ჩვენ.

ისევ და ისევ, ესეც არის მესიჯბოქსების დონეზე დასალაგებელი, თუ როგორ ექცევა რუსეთი, ჩინეთი და ირანი თავის მოქალაქეებს და როგორ ევროკავშირის ქვეყნები და რომელი გვინდა ჩვენ აქედან?

  • აი, ამ პროპაგანდისტული მესიჯბოქსების გაფილტვრაში რა ეხმარება ადამიანს?

იმის ახსნა და გაანალიზება, რომ რამდენჯერაც ევროპა და ამერიკა ეცადა, რომ არ გაეღიზიანებინა რუსეთი, ამას არ მოჰყოლია კარგი შედეგები. ამ არგაღიზიანების გამო გვაიგნორეს ჩვენც და უკრაინაც გარკვეული პერიოდი, სანამ ფართომასშტაბიანი ომი არ დაიწყო უკრაინაში.

რამდენი მიწის დაკარგვა, რამდენი ადამიანის სიკვდილი დააიგნორეს რუსეთის არგაღიზიანების გამო, მაგრამ სინამდვილეში ეს ჩვენი არგუმენტია და არა ხელისუფლების, რომ „გლობალურო ომის პარტია“ დასავლეთი კი არა არის, რომელმაც ყველაფერი სცადა, რომ რუსეთი არ გაეღიზიანებინა, არამედ ეს არის რუსეთი. ეს უნდა იყოს ჩვენთვისაც მაგალითი.

რუსეთმა კარგად იმუშავა თავის დროზე პროპაგანდისტულად და თქვა, რომ აი, თქვენ – დასავლეთი, დემოკრატია ნუ მომიახლოვდებით, თორემ მერე მე თავი უნდა დავიცვა.

და ამას იმეორებენ დღემდე ვიღაც ბრიყვები, რომ უკრაინა ნატოში რომ წევრიანდებოდა, ამიტომ დაიწყო თურმე რუსეთმა ომი. მაშინ როცა უახლოეს პერიოდში არ იყო უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე საუბარი და ვერც ჩვენ, ვერც უკრაინა და მოლდოვა – რომ არა ეს ომი, ვერც კი ვიოცნებებდით ამ მოკლე დროში ევროკავშირში გაწევრიანებაზე.

ასე, რომ ეს არგუმენტები ჩვენკენაა, რომ არაფერი მუშაობს რუსეთის დასაწყნარებლად გარდა იმისა, რომ ძალით შეაჩერო ის. როცა მოძალადე შენს მოსაკლავად მოდის, მარტო პირჯვრის გადაწერა, სამწუხაროდ, ვერ გიშველის.

  • რა შემთხვევაში შეგვიძლია ომის თავიდან არიდება?

ომის თავიდან არიდება და, ზოგადად, მტრისგან თავდაცვაც შეგვიძლია იმ შემთხვევაში, თუ ვიქნებით ძლიერი სახელმწიფო. ძლიერ სახელმწიფოში იგულისხმება როგორც განათლებული და ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა, საიდანაც ახალგაზრდები არ მიდიან სხვა ქვეყანაში, ასევე იგულისხმება ძლიერი თავდაცვა, რომელსაც აქვს დიდი ბიუჯეტი და ამ ყველაფერს ვერ გავაკეთებთ დასავლეთის დახმარების გარეშე.

შევხედოთ ისრაელს, როგორ გააკეთა ის ყველაფერი, რაც დღეს აქვს. ის მტრებით არის გარშემორტყმული და რუსეთი არაფერია იმასთან შედარებით, რა გარემოცვაც აქვს ისრაელს ხომ? და როგორ იცავს თავს. რომ არა დასავლეთი, შეძლებდა ამას ისრაელი მარტო?

ზუსტადაც რომ დასავლეთია მშვიდობის გარანტი ნებისმიერი ქვეყნისთვის და აქეთკენ უნდა ვიაროთ ჩვენც.

უბრალოდ, არ არსებობს სხვა მაგალითი ისტორიაში, არც უახლესში, რომ ქვეყანამ გეზი აიღო დასავლეთისკენ და არ განვითარდა. და ქვეყანა, რომელმაც გეზი აიღო რუსეთისკენ – განვითარდა.

  • დღეს გვაქვს დასავლეთისგან ისეთი შემოთავაზებები, რაც არ გვქონია ისტორიის მანძილზე – უვიზო მიმოსვლა აშშ-ში და თავისუფალი ვაჭრობა. გვაქვს ევროკავშირში გაწევრიანების რეალური პერსპექტივა. როგორ ფიქრობთ, აი ამ შესაძლებლობებს გადაწონის რუსული პროპაგანდა?

უკრაინის ომმა ბევრი რამ შეცვალა უკვე. წილი ნაყარია, ომი მიმდინარეობს არა მხოლოდ უკრაინასა და რუსეთს შორის, არამედ ცივილიზებულ სამყაროსა და ავტორიტარების სამყაროებს შორის.

და ეს წილი რახან ნაყარია, ისიც ნათელია, რომ ამ ყველაფერს მოჰყვება ახალი საზღვრების ფორმირება. ამ ახალ საზღვრებში სად აღმოვჩნდებით ჩვენ – განვითარებულ სამყაროში თუ მაჩანჩალა მესამე სამყაროში, ეს იქნება ხალხის გადაწყვეტილება ოქტომბერში.

  • ინტერნეტის სამყაროა, არსებობს სანდო გამოცემებიც და ისიც ნათელია, ვინ მუშაობს რუსულ პროპაგანდაზე. ამიტომ ადამიანის არჩევანია, საიდან მიიღოს ინფორმაცია, რომ არ იყოს შიშების ქვეშ, თუ რა არის აქ გასაკეთებელი?

აქ მუშაობს ტენდენცია, რომელიც ახასიათებს ადამიანს, რომ რაღაც ეტაპის მერე ეძებს არა დაბალანსებულ ინფორმაციას, არამედ ეძებს ინფორმაციას, რომელიც გაამყარებს მის რწმენას. ამიტომ, თუ აქვს ადამიანს იმის განცდა, რომ მაგალითად „ოცნება“ საქმეს აკეთებს, ის აუცილებლად ეცდება მიიღოს ის ინფორმაცია, რომელიც მის წარმოდგენებს დაადასტურებს.

ადამიანისთვის ზოგადად მტკივნეული განცდაა, გაიაზროს, რომ ირაციონალურია ის, რისიც სჯეროდა. ამიტომ ამ სეგმენტს უნდა ვესაუბროთ ძალიან პატარა და განმეორებითი მესიჯბოქსებით, რომ ეს ინფორმაცია გაჯდეს მის ცნობიერში და ასე განეიტრალდეს პროპაგანდა.

Exit mobile version