ბათუმის ახალ ბულვარში მდებარე სკვერში, გამწვანებულ ადგილს დააბეტონებენ. ამფითეატრთან 277 კვადრატული მეტრი ტერიტორია ბულვარის ადმინისტრაციამ იჯარით 10 წლის ვადით გაასხვისა. აქ კვების ობიექტის განთავსება აუქციონის პირობაში ბულვარს ჰქონდა ჩადებული.
სკვერში მოიჯარე კომპანია კაფეს ააშენებს. პროექტი ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა უკვე შეითანხმა.
მოიჯარე შპს „შავი ზღვის დელფინია“, რომლის მესაკუთრე და დირექტორია მარადი სანიკიძე. ის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ადმინისტრაციის უფროსია.
მოიჯარე კომპანიას დღეს გაცილებით დიდი ტერიტორია აქვს შემოღობილი ვიდრე იჯარით აქვს გადაცემული.
„იჯარით აღებულ ტერიტორიაზე მოეწყობა ბეტონის ფილა, რომელზეც დაიდგმება კაფეს კონსტრუქცია – დროებითი ნაგებობა. რაც შეეხება დღეს შემოღობილ ტერიტორიას, ეს ამ კონსტრუქციის დასასაწყობებლად არის, მეტი დაცულობისთვის. როგორც კი დამონტაჟდება კაფე, ეს ღობეც მოიხსნება და მაგ ტერიტორიაზე დამატებით რაიმეს მოწყობას არ ვგეგმავთ. ყველაფერი კეთდება და გაკეთდება ისე, როგორც არის საიჯარო ხელშეკრულებაში და შეთანხმებული პროექტით“ – გვითხრა მარად სანიკიძემ.
„მიწის ნაკვეთი მდებარეობს ქალაქ ბათუმში კახაბრის დასახლებაში, გააჩნია მისასვლელი გზა, ხოლო დანარჩენი მხრიდან ესაზღვრება მრავალბინიანი სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლები. ასევე გასართობი პარკის ტერიტორია.“ – აღნიშნულია საპროექტო დოკუმენტაციაში, თუმცა ამავე დოკუმენტში არის ფოტოები, სადაც ნათლად ჩანს, რომ საპროექტო ტერიტორია, სადაც ბულვარის ადმინისტრაციამ კაფეს ჩადგმა გადაწყვიტა, გამწვანებულ ზოლში მდებარეობს:
რატომ გადაწყვიტა ბათუმის ბულვარმა კაფეს ჩადგმა გამწვანებულ ტერიტორიაზე? – ამ კონკრეტულ კითხვაზე პასუხად ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან მოგვწერეს, რომ „ახალი ბულვარის განაშენიანების გეგმის თანახმად, ისევე როგორც სკეიტ პარკი, ამ ტერიტორიებზე განსაზღვრული იყო კაფეს მოწყობაც, რის საფუძველზეც გამოცხადდა ელექტრონული აუქციონი“.
ბულვარის პრესსამსახურიდან ასევე მოგვწერეს, რომ „ტერიტორია აუქციონში გამარჯვებულმა კომპანიამ უსაფრთხოების მიზნით დროებით შემოღობა სამუშაოების დასრულებამდე“.
„პროექტი მიზნად ისახავს კაფეს მშენებლობას თანამედროვე დაგეგმარებით… შენობა-ნაგებობა წარმოადგენს ერთსართულიან კაფეს რომლის გაბარიტული ზომები საშუალოდ შეადგენს 20.0X12.36მ ხოლო შენობის მაქსიმალური სიმაღლე შეადგენს 6.220 მ-ს.“ – აღნიშნულია პროექტში.
ნაკვეთი, სადაც კაფე უნდა ააშენონ ბათუმის ბულვარს ბოლოს აუქციონზე [2023 წლის ივლისში] 24 000 ლარად [წლიური საიჯარო ქირა] ჰქონდა გამოტანილი. აუქციონის ბიჯი 720 ლარი იყო, სადაც ერთი ბიჯით შპს „შავი ზღვის დელფინმა“ გაიმარჯვა.
შესაბამისად, ქონების სარგებლობისთვის კომპანია ბულვარს წელიწადში 24 720 ლარს გადაუხდის. კაფეს მოწყობაში კი „შავი ზღვის დელფინმა“ 300 ათასი ლარის ინვესტიცია უნდა ჩადოს.
აუქციონის ზოგიერთი პირობა შეგიძლიათ ნახოთ აქ
- „აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია, სარგებლობაში გადაცემულ ქონებაზე განათავსოს კაფე-ბარის ტიპის საზოგადოებრივი დანიშნულების კვების ობიექტი;
- აუქციონში გამარჯვებულ პირს ზემოხსენებული ქონება სარგებლობაში გადაეცემა 10 წლის ვადით;
- აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია საკუთარი სახსრებით გადაიხადოს ყველა სახის კომუნალური მომსახურების გადასახადი და უზრუნველყოს ყველა საჭირო მრიცხველის მონტაჟი;
- მოიჯარე ვალდებულია უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 12 (თორმეტი) თვის ვადაში მშენებლობის ნებართვის მიღება და არაუგვიანეს 18 (თვრამეტი) თვის ვადაში საზოგადოებრივი დანიშნულების კვების ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება/ამოქმედება;
- მოიჯარე ვალდებულია, სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე, არაუმეტეს 18 თვის ვადაში განახორციელოს არანაკლებ 300 000 (სამასი ათასი) ლარის ინვესტიცია, რომლის დადასტურებაც უნდა მოხდეს შესაბამისი დამოუკიდებელი აუდიტორული დასკვნით;
- მოიჯარე ვალდებულია სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში გადაცემული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გამოიყენოს მხოლოდ დანიშნულებისამებრ, მიზნობრივად;
- მოიჯარე ვალდებულია, აუნაზღაუროს სსიპ „ბათუმის ბულვარ“-ს სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების მდგომარეობის გაუარესებით გამოწვეული ზიანი(ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- მოიჯარე ვალდებულია, იჯარის ვადის განმავლობაში უზრუნველყოს იჯარის საგანზე მესამე პირთა შეუფერხებელი წვდომა, ასევე ეკრძალება იჯარის საგნის შემოღობვით ან/და ნებისმიერი სხვა სახით შეაფერხოს მესამე პირების იჯარის საგანთან წვდომა, ბათუმის ბულვარის განაშენიანების გენერალური გეგმის შესაბამისად;
- მოიჯარე ვალდებულია, სარგებლობის ვადის ამოწურვის შემდეგ ქონება დააბრუნოს პირვანდელ მდგომარეობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ქონებაზე არსებული ყველა გაუმჯობესება აღირიცხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად (მესაკუთრე) და მოსარგებლეს არ აუნაზღაურდება მის მიერ გაწეული ხარჯები;
- მოიჯარეს ეკრძალება, იჯარის ხელშეკრულებით მიღებული უფლება-მოვალეობები გადასცეს მესამე პირს, სსიპ „ბათუმის ბულვარი“-ს წინასწარი თანხმობის გარეშე;
- მოიჯარეს ეკრძალება სარგებლობის უფლებით გადაცემულ ქონებაზე განახორციელოს მესამე პირის რეკლამა, აღნიშნული უფლების მართვაზე უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ სსიპ „ბათუმის ბულვარს“;
- მოიჯარეს ეკრძალება, სსიპ „ბათუმის ბულვარი“-ს თანხმობის გარეშე, განახორციელოს სარგებლობის უფლებით გადაცემულ ქონებაზე მიმდინარე ან კაპიტალური სახის სამუშაოები;
- მოიჯარეს ეკრძალება, სარგებლობაში გადაცემულ ქონებაზე მოაწყოს ავტოსადგომი, ბათუმის ბულვარის განაშენიანების გენერალური გეგმის შესაბამისად;
- მეიჯარე [ბულვარის ადმინისტრაცია] უფლებამოსილია, ქონების მესაკუთრის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნიდან 2 კვირის ვადაში გააუქმოს საიჯარო ხელშეკრულება და მოიჯარეს მოსთხოვოს სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების გამოთავისუფლება. ამ პუნქტით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მეიჯარე მოიჯარეს დაუბრუნებს წლიური სარგებლობის საფასურის შესაბამის თვიურად დაანგარიშებულ პროპორციულ თანხას.“