„თავისუფალი ხმა არ უნდა დარჩეს, ყველა უნდა მივიდეს არჩევნებზე. თუ არ მივლენ, იმ თავისუფალ ხმას „ოცნება“ გამოიყენებს“ – გვიხსნის იაშა გოგაძე სოფელ მახოდან, მას სოფლის ცენტრთან ახლოს ერთ-ერთი მაღაზიის წინ შევხვდით, სადაც დასასვენებლად და ცივი ლუდის დასალევად მივიდა.
69 წლის პენსიონერს აქტიური მუშაობა არ შეუძლია, თუმცა სამუშაო სჭირდება, პენსია წამლებსაც არ ჰყოფნის: „მანქანა შევიძინე და ვტაქსაობ საღამოობით, 20-30 ლარს ვაკეთებ, სახლში პური მიმაქვსო.“
საარჩევნოდ მობილიზება, თითოეული ამომრჩევლის მიერ არჩევანის დაფიქსირება, იაშა გოგაძის აზრით აუცილებელი პირობაა ცვლილებისთვის. ცვლილება კი აუცილებლად საჭირო, რომ „ევროკავშირში შევიდეთ და არა რუსეთში“.
„ოცნების“ წინასწარი პროგნოზები, რომ არჩევნების უპირატესობით მოგებას გეგმავს, იაშა გოგაძეს უჩენს მოლოდინს, რომ „გააყალბებენ“. რა მოხდება ასეთ შემთხვევაში? – იაშა გოგაძე მოვლენების შესაძლო განვითარების თავის ვერსიას გვიზიარებს:
„თუ გააყალბებენ ომი იქნება“.
ამ ნათქვამმა ავტომატურად გადაგვიყვანა სამთავრობო რიტორიკაზე, „ომი გინდათ“. რესპონდენტს ვკითხეთ, აშინებს თუ არა ამ ნარატივით „ოცნება“ მოქალაქეებს.
„რა თქმა უნდა, აშინებს. რუსეთისკენაა, თქვენ ვერ ხვდებით ამას? – რუსებს ემორჩილებიან მაგენი ყველა. უნდა მოვაშოროთ და შევიდეთ ევროკავშირში, რომ გვქონდეს კარგი ცხოვრება. იქ ვცხოვრობდი და ვიცი, რაცაა რუსეთი, მაგათთან რაც შეიძლება შორს უნდა დაიჭირო თავი. თავი მეფედ მოაქვთ და ძველი კავშირის აღდგენა უნდათ, ვინ შევა მაქ. არ ვშორდებით ევროპასო, რომ ამბობს „ოცნება“, სათავეში უნდა ყოფნა და მაგიტომ ამბობს, ორჯერ ორი ოთხია, რომ ასეა. ალბათ პუტინმა უთხრა თუ ამ კანონს არ მიიღებ… არ ვიცი ახლა იქ რა ხდება, პოლიტიკაში არ ვერევი, მაგრამ ერთი ის ვიცი, რომ ეს მთავრობა მოსაშორებელია, ხალხი ცხოვრობს გადარჩენისთვის, როგორმე პური ნახოს, სახლში მიიტანოს. ფული იშოვა მთავრობის წარმომადგენელმა, გლეხმა კი არ იშოვა აბა. რა თქმა უნდა, ევროპა უკეთესია და ეს მთავრობა სასწრაფოდ მოსაცილებელია. როგორ და არცერთი ხმა არ უნდა ჩავარდეს. მაგენი იმიზა ომობენ და უნდათ იქ გასვლა, რომ კიდევ გააგრძელონ მოპარვა და ფული მათ ჰქონდენ, აბა მე რატომ არ მინდა გასვლა და არ ვომობ მაგაზე. ამდენ ხალხს, დემონსტრანტებს ცემენ იმის გულობიზა, რომ გააჩუმონ ხალხი და როგორც პუტინი რუსეთშია, ისე იყოს. მაგ რუსული კანონის დახმარებით დარჩება სათავეში და მაგისთვის უნდა“.
მახოში მოსახლეობასთან გასაუბრება მეტწილად სოფლის საყოფაცხოვრებო პრობლემებით იწყება და ქვეყნის გამოწვევებით გრძელდება, აუცილებლად განიხილება მოახლოებული არჩევნები, ბოლოს კი საგარეო კურსის ცვლილების თემაზე გადავდივართ.

იაშა გოგაძე
აქ შეხვდებით მოქალაქეებს, რომლებიც ღიად აკრიტიკებენ მთავრობას, როგორც პირად საუბარში, ასევე კამერასთან: „ეს ასეა და უნდა ვთქვათ, არ უნდა გვეშინოდეს.“ არიან ისეთებიც, რომლებიც პირად საუბარში აფიქსირებენ თავის პოზიციას, მაგრამ გამოჩენა არ უნდათ და ისეთებიც, რომელთა მოსაზრებებიც ზუსტად ემთხვევა სახელისუფლებო პროპაგანდას, ზოგჯერ გამოჩენა მათაც არ უნდათ.
სოფელი მახო ზღვის დონიდან 120 მეტრში მდებარეობს. ბათუმის შემოსასვლელიდან მახოში მისვლამდე 14 კილომეტრია. შეიძლება ითქვას, რომ ქალაქთან სიახლოვის გამო სოფელში გადაადგილების პრობლემა მწვავედ არ დგას დღის წესრიგში, თუმცა ზოგან მოძრაობის გრაფიკის დარღვევას უჩივიან.

ქალაქის ხედი სოფელ მახოდან
ხელვაჩაურის გზიდან „მახოს ხიდზე“ რომ გადაუხვევ, ავტომანქანით 2-3 წუთში უკვე სოფელში ხვდები, სოფლის ცენტრი მაღლობზეა, სადაც სამარშრუტო მიკროავტობუსებს მგზავრები ბოლო გაჩერებაზე მიჰყავთ და იქვე ჩერდებიან შემდეგ გასვლამდე. აქ არის სოფლის სკოლა და თავშეყრის ადგილიც.
სოფელში ბევრმა გვითხრა, რომ სოციალური დახმარების მისაღებად განაცხადი შეავსო, მიიჩნევს, რომ ეკუთვნის, თუმცა შესაბამისი ქულები ვერ მიიღო. ბევრი ოჯახი კი მსგავს „შემწეობას“ ემიგრაციაში წასული ოჯახის წევრისგან იღებს. ჯანდაცვის სერვისებით კმაყოფილები არიან, თუმცა ამბობენ, რომ საკმარისი არ არის. ერთ-ერთი მოქალაქე გვიყვება, რომ შვილი საფრანგეთში წავიდა მძიმე დიაგნოზით: „იქ უფასოდ მკურნალობენ, აცოცხლებენ, აქ ვერ გადარჩებოდა.“
სოფელში განხილვის თემაა ბუნებრივი აირით მომარაგების საკითხი. ოთხი წელია მილები შემოიყვანეს და წელს ჩაგვირთეს, მაგრამ ზოგიერთ მოსახვევში ისეა გაყვანილი უსაფრთხო არ არისო. ითხოვენ შესაბამისი სამსახურები დაინტერესდნენ და ზომებიც მიიღონ.

ადგილობრივების თქმით, ეს მახოში სახიფათო მოსახვევია: „ბევრჯერ ჩავარდა მანქანა, თან ზედ გაზის მილი გადის, ბევრჯერ მივმართეთ მერიას, თუმცა უშედეგოდ. მაინც და მაინც უნდა დაიღუპოს ვინმე, რომ მოაწესრიგონ?“

სოფელი მახო
გვითხრეს ისიც, რომ სოფელში ხელმოწერებს აგროვებენ „მახოში საბჭო გაგვიკეთონ, რამე თუ დაგვჭირდება თხილნარში რატომ უნდა ვიაროთო“. გარდა ამისა, „სოფლის ექიმი მახოში კვირაში ერთი დღით ამოდის და სხვა დღეებში თხილნარში გვიწევს მასთან მისვლაო“.
სოფლის პრობლემები გვერდით გადადო და ქვეყნის საჭიროებებზე დაიწყო საუბარი ავთანდილ ზაქარაძემაც. მასთან სახლში მივედით. გვითხრა, რომ მთავრობის მუშაობით უკმაყოფილოა და ცვლილებების საჭიროებას თავადაც გარდაუვალ აუცილებლობად მიიჩნევს და ოპოზიციური პარტიებისგან მათი ხედვის მკაფიოდ წარდგენას ითხოვს:
„პარტიებმა უნდა გაიგონ, რომ არჩევნების წინ მაინც უნდა გამოაცხადონ რა სოციალურ სიკეთეებს მოუტანენ ხალხს არჩევის შემთხვევაში. რით გაუმჯობესდება ხალხის ცხოვრება, მე მხედველობაში მაქვს პენსიები, სტუდენტების სტიპენდიები, მინიმალურია ხელფასები. გზაჯვარედინზე მყოფი ქვეყანა უნდა ჩავაბათ მსოფლიო ვაჭრობის დიდ საქმეში, მოვასწროთ პორტების მოწყობა, არცერთ პარტიას არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ დავრჩებით ისეთ უბადრუკ მდგომარეობაში, როგორშიც ჩაგვაყენეს. მაინც განვვითარდებით და წავალთ წინ. მე ამის იმედი მაქვს, მაინც მოვლენ ჩვენთან რეფორმატორები, არა ისეთი რეფორმატორები, რომლებიც ერთი ხელით ვითომ რეფორმებს აკეთებენ, მეორე ხელით კი ერის ფსიქოლოგიურ გენოციდს. თუ ასე არ მოხდა, ჩვენ გველოდება დემოგრაფიული კატასტროფა… არ გვეღირსა ნორმალური მმართველი.“

ავთანდილ ზაქარაძე
გოჩა მსხალაძეს სოფლის თავშეყრის ადგილზე შევხვდით. ჩვენთან საუბარში მან ჯერ სოფლის რწმუნებულის მუშაობა შეაფასა.
„გამგებელი მუშაობს დამაკმაყოფილებლად, გლეხურ საქმეებს აგვარებს, ვინმეს თუ სახლი დაენგრა ან სტიქია ემუქრება, ბინას აძლევენ. ამ სოფლიდან რვა ოჯახმა ბინა მიიღო“,- გვითხრა მან. შემდეგ რუსეთთან მეზობლობის და ევროკავშირში შესვლის საკითხსაც შევეხეთ.
„ევროკავშირში შესვლაზე ხალხის განწყობა ორნაირია, ზოგს უნდა, ზოგს არ უნდა. მე, მაგალითად, დუმილს ვარჩევ“, – ამბობს გოჩა. გვითხრა ისიც, რომ „ომი არავის არ უნდა, და რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა უნდა გვქონდეს, რადგან ახლო მეზობელი რუსეთია, ვიდრე ამერიკა.“
გოჩას ვკითხეთ, როგორ წარმოუდგენია კეთილმეზობლური ურთიერთობა ოკუპაციის პირობებში, მან ნათქვამი დააზუსტა: „ასეთ შემთხვევაში ძნელია გქონდეს კეთილმეზობლური ურთიერთობა, მაგრამ ვეცადოთ, რომ აფხაზები და ოსები შევირიგოთ. აფხაზეთთან და ოსეთთან გვინდა და არა რუსეთთან. მარტო არ დავრჩებით მთელი კავკასია ჩვენკენაა. ევროპაც დაგვეხმარება, რა თქმა უნდა დაგვეხმარება.“

გოჩა მსხალაძე
რუსეთის მეზობლობისა და ევროკავშირში შესვლის საკითხს ჩვენთან დიდი სიფრთხილით განიხილავს ქალი, რომლის ოჯახის წევრიც საფრანგეთში „ექიმებმა სიკვდილს გადაარჩინეს“ და როგორც თვითონ ამბობს „აცოცხლებენ.“
გვიხსნის, რომ რუსეთი მეზობელია, მთავრობამ კი „ბომბის ჩამოვარდნისგან გადაგვარჩინა.“ დიდხანს არიდებდა თავს კითხვაზე პასუხს, ვისი ბომბისგან გადაგვარჩინა მთავრობამ „მეზობლის თუ ვინმე სხვისი“. ბოლოს გვითხრა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ბეშუმში წაიყვანა შვილები: „იქედან, რომ ნაძვი ჩამოვიტანე მაშინ, ნახეთ იგერ იზრდება“ – ეზოს კუთხეზე მიგვითითა.
ამ ქალებმა ფოტო არ გადაგვაღებინეს.
ასაკოვანი ქალი გვიყვება, რომ ერთი წელი იარა ხელვაჩაურის მერიაში კონკრეტული დახმარების მოთხოვნით: „ ნაგროვები წყალი ჩამოდის წვიმის დროს და მიწა მიაქვს, მინდოდა მიმართულება შეეცვალათ.“
გვიყვება, რომ უარი არ უთქვამთ, თუმცა არც დაეხმარნენ. ის ყირგიზეთიდან არის საქართველოს მოქალაქეზე იყო დაქორწინებული და 2014 წლიდან მეუღლესთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა საცხოვრებლად. შვილები ყირგიზეთში ცხოვრობენ: „არ უნდათ აქ ცხოვრება. მე მოქალაქეობა არ მაქვს, ვითხოვდი და უარი მითხრეს, ათი წლის შემდეგ მოგვმართეო. პენსია ყირგიზეთშიც დაბალია, ისევე როგორც აქ. მეუღლე დამეღუპა, რადგან მოქალაქეობა არ მაქვს, ვერც ჯანდაცვის პროგრამებით ვსარგებლობ.“

გულნარა ნაკაშიძე სოფლის მაღაზიაში მუშაობს. გვიყვება, რომ სოფელში განსაკუთრებით სუფთა წყლის მიწოდების პრობლემა აწუხებთ: „დაახლოებით პირველი საათისთვის რომ შეწყდება, საღამოს ექვსამდე წყალი არ გვაქვს. სულ ასეა, ყველა ზაფხულს. სისუფთავე სრულად წყალზეა დამოკიდებული. ამ ზაფხულში წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაში ვართ“.
სოფლის მეორე პრობლემად მან ქუჩის განათება დაასახელა: „მხოლოდ ცენტრშია გზა განათებული, სოფლის მომაღლო ადგილები კი ღამით ჩაბნელებულია, ტურის შიშით ვერ გაგვივლია, გზაზე გამოდიან. “
გულნარას თქმით, სოფლიდან ბევრი ემიგრაციაში ვალების გამო წავიდა, მუშაობენ და ფულს აგზავნიან, რომ ბანკების ვალები დაფარონ: „ჩემი ახლობლები წასულები არიან უკვე შვიდი წელია თურქეთში, საბერძნეთში, ისრაელში სამუშაოდ.“
გულნარა გვიყვება, რომ სოფელში მოსულ მთავრობის წარმომადგენელს მოსახლეობამ ბავშვებისთვის სტადიონისა და გასართობი სივრცის მოწყობა სთხოვა, მან კი უპასუხა ადგილები შესყიდულია და თქვენ თუ გამონახავთ ჩვენ გავაკეთებთო.
გულნარა სიღარიბეზე გვიყვება. ამბობს, რომ არ იცის, როგორ ახერხებენ მთავრობის წარმომადგენლები ამ ღარიბ ქვეყანაში გამდიდრებას: „მაი რომ ვიცოდე, რა მიჭირს.“

გულნარა ნაკაშიძე
მახოში, ევროპის მოწინააღმდეგეებში, ჰომოფობიურ განწყობებსაც მოუკიდებია ფეხი, აქ რამდენიმემ გვითხრა, რომ ევროპა ლგბტ თემის გაძლიერებას ნიშნავს მათთვის. ასეთი განწყობა ჩვენთან საუბარში სტუდენტმაც კი დააფიქსირა. მან გვითხრა, რომ რუსული კანონს ეწინააღმდეგება, რადგან რუსულია, მაგრამ არ უნდა ევროპა, რადგან „ტრადიციული ქვეყანა ვართ“ და ლგბტ თემი არ მომწონსო.
„ ხელისუფლებას უნდა ერთი მხრივ აირიდოს ომი, როგორიც უკრაინას აქვს და მეორე მხრივ რუსეთისკენ წაგვწიოს. ევროპა კარგია, მაგრამ მისი მინუსები გააჩნია. ლგბტ თემი პირველ რიგში. ტრადიციული ქვეყანა ვართ და მაგიტომ. ეს ტრადიციულ ქვეყანაში მიუღებელია“, – ამბობს ირინა ხინკილაძე.

ირინა ხინკილაძე






