„საბავშვო ბაღი მხოლოდ მეზობელ სოფელ კირნათშია, ყოველდღე პატარა ბავშვები მეზობელ სოფელში დადიან, ტრანსპორტირების საფასური ოჯახიდან 75 ლარია, ჩვენ სოციალურად დაუცველები ვართ,“ – გვითხრა დონა თათელაძემ, რომელიც ხელვაჩაურში, სოფელ მარადიდში ცხოვრობს.
მარადიდელებმა გვითხრეს, რომ სოფელში საბავშვო ბაღის მოწყობას მათ რამდენჯერმე დაჰპირდა ადგილობრივი ხელისუფლება, ტენდერიც იყო გამოცხადებული და შესაბამისი ადგილიც გამოიყო სოფლის ცენტრში, თუმცა დაპირება წლებია არ შესრულებულა.
„არ ვიცი, რატომ ვერ გააკეთეს საბავშვო ბაღი, რამ შეუშალათ ხელი. კარგი იქნებოდა ბაღი აქვე რომ იყოს, მე თვითონ ჩავაკითხავდი ჩემს ბავშვებს.
არ ვიცი, სულ რამდენი ოჯახია ასეთი, მაგრამ ერთი მიკროავტობუსი გვემსახურება. ყოველ დილით აკითხავს ბავშვებს და მერე უკან აბრუნებს.
ფეხბურთის მოედანსაც დაგვპირდნენ, მაგრამ არც ის გააკეთეს. არაფერია ამ სოფელში ბავშვებისთვის. ეს კი არა, წყლის მილები მოვითხოვეთ და ესეც არ მოგვცეს, ჩვენით ვიყიდეთ,“ – გვითხრა დონა თათელაძემ.
დონა უმუშევარია. დასაქმებული მხოლოდ მისი ქმარია – როგორც სოცდაუცველი, სოფლის შიდა გზების დალაგებაზე მუშაობს. ამ სოფელში 6 ადამიანი მხოლოდ სოფლის გზას ალაგებს. დონა ამბობს, რომ საბავშვო ბაღში ბავშვების ტრანსპორტირების საფასურის – 75 ლარის გადახდა, სოციალურად დაუცველის სტატუსის მიუხედავად, მაინც უწევთ.
ხელისუფლებამ ბიუჯეტის ხარჯზე 40 ათასი ადამიანი წინასაარჩევნოდ დაასაქმა. შესაძლოა, დასაქმებულების რიცხვი კიდევ გაიზარდოს. დასაქმების ეს პროგრამა არჩევნების დასრულებიდან რამდენიმე თვეში შეწყდება. დონას ამ პროგრამაზე საუბარი არ სურს, თუმცა აქვს გზავნილი ქვეყნის ევროპულ მომავალზე.
„მე მინდა ევროპა ჩემი ბავშვებისთვის. არ ვენდობი რუსეთს, იმიტომ, რომ ოკუპანტია,“ – გვითხრა დონა თათელაძემ.
რატომ ვერ მოეწყო საბავშვო ბაღი სოფელ მარადიდში, ან რატომ ვერ ხერხდება მინიმუმ სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან ბავშვების საბავშვო ბაღში ტრანსპორტირების ხარჯის დაფინანსება? – შეკითხვა ხელვაჩაურის მერიაში უპასუხოდ დატოვეს.


