პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება შეიტანა, რომლის მიხედვით, საბაზო განათლება ოთხწლიანი გახდა ( VII-X კლასები), რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი აქამდე მე-9 კლასის დასრულების შემდეგ წყვეტდა მოსწავლე სწავლას, ახლა მე-10 კლასის დასრულების ვალდებულებაც ექნება. საფეხურის ბოლოს კი, მოსწავლეები გამოცდას ჩააბარებენ.
რა იცვლება ამით საჯარო სკოლებში? – ამ თემაზე „ბათუმელები“ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულის საჯარო სკოლის დირექტორს ნაზი საბანიძეს ესაუბრა.
დირექტორის თქმით, საკითხი ინდივიდუალურია, თუმცა მისი სკოლას დადებითად წაადგება.
„რატომღაც ნებისმიერ მოსწავლეს, მშობელს მიაჩნია, რომ საშუალო განათლება აუცილებლად უნდა მიიღოს მოსწავლემ. ჩვენთვის პრობლემაა ის, რომ სკოლა მცირეკონტინგენტიანია და გვაქვს მხოლოდ საბაზო საფეხური, საშუალო საფეხურზე სწავლის გაგრძელება ვისაც სურს, ის სხვა სკოლაში გადადის.
წელს ერთმა ძალიან კარგმა ბიჭმა დაამთავრა მეცხრე კლასი და რადგან ეს კანონი აქამდე არ არსებობდა, ახლა სწავლის გასაგრძელებლად სხვა სკოლაში გადადის.
მისი ძმა მეშვიდე კლასშია, ისიც საუკეთესო მოსწავლეა, მისი და კი პირველ კლასში უნდა შემოსულიყო, მაგრამ რადგან უფროსი შვილი სხვა სკოლაში აგრძელებს სწავლას, მისი და-ძმაც იქ გადაიყვანეს მშობლებმა. ჩვენ კი სამი მოსწავლე დავკარგეთ. აქამდე რომ დაემატებინათ მეათე კლასი საბაზოზე, ეს ბავშვები დარჩებოდნენ ჩვენს სკოლაში.
სკოლაში ახლა 21 მოსწავლე გვყავს მხოლოდ. იცით ეს რამხელა პრობლემაა ჩვენთვის? სოფლისთვის, ცხოვრების ხარისხითვის ძალიან ძვირადღირებულია მოსწავლეები, რადგან სადაც სკოლაა ცხოვრება გრძელდება ხომ? სამი ბავშვის დაკარგვა კი ძალიან ცუდია“-ამბობს ნაზი საბანიძე.
მისი თქმით, ბავშვების სიმწირეს ისიც განაპირობებს, რომ სოფლები დიდი მანძილითაა სკოლასთან დაშორებული და როცა ტრანსპორტირება არ იყო, საერთოდ ვერ ახერხებდნენ შორი მანძილიდან მოსვლას.
„იყო პერიოდი, როცა პირველკლასელი არ გვყავდა. დამამთავრებელ კლასშიც არ გვყავდა მოსწავლეები, ახლა კი 21 მოსწავლე გვყავს.
სვანეთში 100-ბავშვიანი სკოლა არის მხოლოდ სამი დარჩენილი. უმეტეს შემთხვევაში მშობლები ჰკიდებენ ხელს თავიანთ შვილებს და მიჰყავთ იქ, სადაც საშუალო სკოლაა.
ურჩევნიათ, რომ ბავშვი თავიდანვე ასეთ სკოლაში იყოს, ვიდრე შემდეგ მოუწიოს გადასვლა. ამიტომ, ჩვენნაირი სკოლებში მოსწავლეების კონტინგენტი იკლებს.
არის შემთხვევები, როცა ოჯახმა აღარ ისურვა ბავშვის გამოშვება, რადგან მეცხრე კლასის გოგონას გაშვება მშობელს უჭირს, როცა მარტო მას ემსახურება მანქანა.
იყო პერიოდი, როცა ტრანსპორტირება არ იყო, ჩემს სახლში ვიტოვებდი მოსწავლეებს, რომ სკოლა არ დახურულიყო და არ მოწყვეტილიყვნენ ბავშვები სკოლას.
ძალიან ბევრი მოსწავლე მყავდა, რომლებსაც გული სწყდებოდათ იმის გამო, რომ სწავლა ვერც უმაღლესში გააგრძელეს და ვერც კოლეჯში, რადგან ადრე, მესტიაში არსებულ პროფესიულ კოლეჯს სტუდენტური საცხოვრებელი არ ჰქონდა და ვერ მიდიოდნენ სასწავლებლად.
ჩემი სოფლიდან 37 კილომეტრია მესტიამდე, სხვა სოფლები კიდევ უფრო შორსაა. ათწლიან სწავლებაზე რომ გაიგეს ძალიან გაუხარდათ ბავშვებს, ისე უყვართ ამ სკოლაში სწავლა“-გვეუბნება ნაზი საბანიძე.
საშუალო რომ გახდეს სკოლა, რა არის ამისთვის საჭირო? – ვკითხეთ დირექტორს.
მისი თქმით, არსებულ პირობებში სკოლა ავტორიზაციის მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს, რადგან მცირე კონტინგენტის გარდა, სკოლას არ აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა.
„ახლა არის ავტორიზაციის პროცესი, რომელიც წესით 2026 წელს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ გააგრძელეს 2031 წლამდე. ავტორიზაცია საკმაოდ რთული პროცესია, რადგან მაღალ სტანდარტს ითხოვს.
სკოლა უნდა იყოს გარემონტებული, თანამედროვე სწავლების შესაბამისი, კადრები უნდა ჰყავდეს მაღალი სტატუსის და ასე შემდეგ.
ჩვენი სკოლის შენობა არის პატარა და არათუ რემონტს, არამედ საჭიროებს გადაკეთებას და გაფართოებას. ფართი იმდენად მცირე და სარემონტოა, რომ ისტ-ისა და საბუნებისმეტყველო საგნების ოთახები გაერთიანებული გვაქვს. ერთი ოთახიც კი არ მოდის ავტორიზაციის სტანდარტთან შესაბამისობაში.
ლაბორატორიები არ გვაქვს, მაგრამ შეიძლება ვირტუალური ლაბორატორია მოიტანო, ხომ? კარგი პედაგოგები მყავს და გაკვეთილები საინტერესო გახადონ“-ამბობს ნაზი საბანიძე.
მისი თქმით, მცირეკონტინგენტიან სკოლაში დირექტორობა ძალიან რთულია. ამიტომაც არ გამოჩნდნენ კანდიდატები. ის ორჯერ იყო არჩეული დირექტორი, ახლა კი მოვალეობის შემსრულებელია.
„იმედია გამოჩნდება ვინმე“-ამბობს ნაზი.
ცუდი პირობების მიუხედავად, დირექტორი ახალ სახელფასო ფორმულას არ უჩივის. მისი თქმით, სკოლაში ორი წამყვანი და მენტორი მასწავლებელია და ყველაზე ნაკლებად მათი ხელფასი გაიზარდა, თუმცა სხვა პედაგოგებს, ვისაც სრული დატვირთვა აქვს, მათი ხელფასი გაიზარდა.
„800 ლარითაც კი გაეზარდათ ზოგიერთს. იმიტომ, რომ მცირეკონტინგენტიან სკოლებში, საგნობრივი ჯგუფის საათებს ვაძლევდი მასწავლებლებს.
საბუნებისმეტყველოზე მცირეა საათები, მაგრამ ფიზიკას, ქიმიას, ბიოლოგიას ვინც ასწავლის ერთად, მათ შეეხოთ მატება.
სამოქალაქო განათლების პედაგოგი ასწავლის ისტორიას და გეოგრაფიას და შესაბამისად, აქვს სრული დატვირთვა. გულდასაწყვეტია ის, რომ სტატუსის მქონეებს არ მოგვმატებია ბევრი. ამ სტატუსებისთვის ჩვენ ბევრი ვიშრომეთ. ამიტომ, ვინც მეტი იშრომა და იმას ნაკლები აქვს, ეს არის ცოტა გულსაკლავ“-ამბობს ნაზი საბანიძე.
რაც შეეხება საშუალო საფეხურს, როგორც დირექტორი ამბობს, ამ ეტაპზე დეტალები არ არის ცნობილი, თუ როგორ მოხდება მოსწავლეების შეფასება. „როცა მოხდება ამ კანონის მოდიფიცირება, მერე გვეცოდინება ალბათ ყველაფერი. თუმცა, როგორც ითქვა, ამ საფეხურზეც შემოდის გამოცდები“-ამბობს ნაზი საბანიძე.