მთავარი,სიახლეები

აჭარის უმაღლესი საბჭო გენდერულ კვოტებს აუქმებს

18.07.2024
აჭარის უმაღლესი საბჭო გენდერულ კვოტებს აუქმებს

საქართველოს პარლამენტის შემდეგ გენდერულ კვოტებს აჭარის უმაღლესი საბჭოც აუქმებს.

ხვალ, 19 ივლისს, აჭარის უმაღლესი საბჭო რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს „უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონპროექტს, რომლითაც მთელი რიგი ცვლილებებია დაგეგმილი, მათ შორის უქმდება გენდერული კვოტებიც.

აქამდე მოქმედი კანონმდებლობით, პარტიები ვალდებული იყვნენ უსკოს თავმჯდომარისათვის წარდგენილ პარტიულ სიაში ყოველი მეოთხე ქალი ყოფილიყო. თუ პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში არ იქნებოდა დაცული დადგენილი სქესთა შორის ბალანსი, პოლიტიკურ პარტიას უბრუნდებოდა სია და ხარვეზის აღმოსაფხვრელად ეძლეოდა 3 დღე. თუ ხარვეზი არ აღმოიფხვრებოდა, ანუ თუ პარტიულ სიაში ყოველი მეოთხე არ იქნებოდა ქალი, პარტიული სია რეგისტრაციაში არ გატარდებოდა.

თუ „ოცნების“ დეპუტატები კანონპროექტის კანონად ქცევას მხარს დაუჭერენ, გენდერული კვოტები აჭარის უმაღლეს საბჭოშიც გაუქმდება.

კანონპროექტით, რომელიც „ოცნების“ დეპუტატებმა აჭარის უმაღლეს საბჭოში 11 ივლისს დააინიციირეს და რომელსაც დაჩქარებული წესით განიხილავენ, ასევე იცვლება უმაღლეს საბჭოში მანდატების განაწილების წესი, ხოლო პოლიტიკურ პარტიებს საშუალება ექნებათ პარტიულ სიებში მუნიციპალიტეტების მიხედვით განსაზღვრონ ე.წ. დელეგატები.

ოპოზიცია ამ დაგეგმილ ცვლილებას ეწინააღდეგება.

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ნინო ჩხეტია, რომელიც წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი იყო, ამბობს, რომ მმართველი პარტია არჩევნების წაგების შიშმა შეიპყრო, რის გამოც საარჩევნო კანონმდებლობის საკუთარ თავზე მორგება დაიწყო.

„ქართული ოცნება“ აჭარის უმაღლეს საბჭოში მანდატების განაწილების წესს ცვლის და ამით არანაირ შანსს არ ტოვებს, რომ არჩევნები სამართლიან და დემოკრატიულ  გარემოში ჩატარდება,“ – განაცხადა 17 ივლისს გამართულ ბრიფინგზე ნინო ჩხეტიამ.

დღეს, 18 ივლისს, ოპოზიციონერის განცხადებას იურიდიული კომიტეტის სხდომაზე გამოეხმაურა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე.

გაბაიძის განცხადებით დაგეგმილი ცვლილებები „აბსოლუტურად ემთხვევა ერთი-ერთზე საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის მანდატების განაწილების წესს. მე მგონია, მანდატების განაწილების ეს წესი ხელს უნდა აძლევდეს მცირე პარტიებს“.

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც დავით გაბაიძე შეეხო, ე.წ. დელეგატებია. დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებით, პარტიებს საშუალება ექნებათ აჭარის 6 მუნიციპალიტეტში პარტიულ სიაში განსაზღვრონ დელეგატის ვინაობა.

ოპოზიცია ფიქრობს, რომ ამით „ოცნება“ ცდილობს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებით გაჩენილი ნაპრალი შეავსოს და ასე მიიმხროს ამომრჩეველი.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ 18 ივლისს საკომიტეტო მოსმენაზე თქვა, რომ ის პრობლემას ვერ ხედავს დელეგატების განსაზღვრაში, რადგან „მოქალაქემ უნდა იცოდეს, ვის უნდა ეკონტაქტოს“.

„დელეგატების საკითხი ისე და იმ ფორმით იქნა დაყენებული, თითქოს ჩვენ კვაზი მაჟორიტარულ სისტემას ვთავაზობთ მოქალაქეებს.

არ ვთავაზობთ კვაზი მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას, გამომდინარე იქიდან, რომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა ნიშნავს იმას, რომ პარტიულ სიას კი არ აძლევს მოქალაქე ხმას, აძლევს კონკრეტულ სახელსა და გვარს.

ამ შემთხვევაში ასე არ ხდება. კენჭისყრა მოხდება პარტიებისათვის, ხმის მიცემა მოხდება პარტიებისათვის, უბრალოდ კანონი აძლევს შესაძლებლობას კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტს, პარტიას, ვინც დარეგისტრირებული იქნება უსკოში, რომ ამ პარტიული სიიდან მიუთითოს კანდიდატებზე, რომ ეს კონკრეტული პირი იქნება დელეგატი კონკრეტული მუნიციპალიტეტიდან,“ – განმარტა დავით გაბაიძემ.

მისივე თქმით, თითოეული პარტია თავად გადაწყვეტს, მიუთითოს თუ არა პარტიულ სიაში დელეგატთა ვინაობა.

„ჩვენ პოლიტიკურ ძალას ამის მზადყოფნა და სურვილი აქვს. ვნახოთ, შეიძლება ეს ნება განსჯის შედეგად არ გამოვიყენოთ, მაგრამ ეს შესაძლებლობა პოლიტიკურ სუბიექტებს არ უნდა წავართვათ,“ – განმარტა დავით გაბაიძემ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესია, სადაც საარჩევნო კანონმდებლობას გამარტივებული წესით განიხილავენ, ხვალ, 19 ივლისს გაიმართება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: