რასთან გვაქვს საქმე, როცა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობა არავის სურს? – ბსუ-ს რექტორის პოზიციაზე განაცხადების მიღება დასრულდა, საარჩევნო კომისიაში კი, ერთი განცხადებაც არ შევიდა.
ბსუ-ს პროფესორებს: ნანა ტრაპაიძეს და რამაზ ხალვაშს ვესაუბრეთ იმაზე, თუ რას აჩვენებს ეს შემთხვევა, როცა ერთი კანდიდატიც აღარ არის არჩევნებზე. რამდენიმე პროფესორმა დღეს ამ თემაზე საუბრისგან თავი შეიკავა. პასუხებს შორის იყო პოზიცია, რომ ეს მათი საქმე არ არის, ან აზრი არაფერს აქვს.
ნანა ტრაპაიძე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი:
„ნამდვილად არ არის სასაცილო ამბავი, მაგრამ ერთი ძველი ანეკდოტი მახსენდება, გურული რომ გოჭს ყიდის, ბოლოღა დარჩა, მივიდა კლიენტი, იცნო, მაღალჩინოსანი კომუნისტი, ეკითხება მყიდველი, რა ღირს გოჭიო, აარჩიე ბატონოო. რა ავარჩიო, ერთიაო. რა ვიცი, ერთ კანდიდატს აყენებთ არჩევნებზე და აირჩიეთო, გვთხოვთ და ჩემი ერთი გოჭი რით ვერ აგირჩევიათო.
წარმოიდგინეთ, ეს ერთი კანდიდატიც არ არის რექტორის არჩევნებზე ბსუ-ში. საბჭოთა არჩევნებს გავასწარით?
რიტორიკული შორისდებულები იქეთ იყოს და, ამას მიზეზები აქვს. პირველი მიზეზი ის მგონია, რომ ამ ბოლო პერიოდის პოლიტიკურმა სიტუაციამ, ბათუმისთვის არნახულმა საპროტესტო ტალღამ, უნივერსიტეტის სტუდენტობის აქტიურობამ და იმან, რომ გაურკვეველია, რა მოხდება ხვალ, რა პოლიტიკური ვითარება იქნება ქვეყანაში არჩევნების დროს და არჩევნების მერე, როგორც ჩანს, გამოიწვია თავშეკავება, პასუხისმგებლობის სფეროდან დისტანცირება.
ეტყობა, ეს შიში, თუ უფრო სიფრთხილე, იმდენად ძლიერია, რომ კარიერულ ამბიციებსაც ჩრდილავს, თორემ მსურველი, ცხადია, იქნება. მთავარი და აქტიური კონტექსტი ამ ვითარებისა, ეს მგონია. პასიური და თან სტაბილური კონტექსტი კი სხვაა
ის, რომ რექტორის არჩევნებზე არც ერთი განცხადება არ შესულა, ეს, პირველ რიგში, არის უნივერსიტეტის პრობლემა. ერთია, რომ არსებობს უნივერსიტეტის პოლიტიკური მართვისა და დაქვემდებარების სახელისუფლებო მიზანი, მაგრამ მეორეა ის, რომ საკონტროლოც არაფერია, ყველაფერი თავისთავად მოწყვლადი და კონფორმისტულია.
პერსონალური გამონაკლისები მხოლოდ დასტურია ამ რეალობის და მათი რიგებიდან პოზიციონირება, არსებული მოცემულობის ფონზე, კომიკურიც კი შეიძლება იყოს.
უნივერსიტეტის მართვა ეს არის უნივერსიტეტის რეალური ავტონომიის საკითხი და დაკავშირებულია პოლიტიკურ კონტექსტთან. ასე რომ, უნივერსიტეტიც, ისევე როგორც ყველა სფერო, აკადემიური თუ სხვა, უკავშირდება ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კლიმატს და კლიმატი ერთი და ორი ადამიანის თუნდაც ძალიან ნათელი ხედვითა და პროგრამით არ იცვლება. ეს საზოგადოების დონეზე პოლიტიკური არჩევანით გადასაწყვეტი საკითხია.“
რამაზ ხალვაში, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი:
„ნებისმიერ შემთხვევაში რექტორად გავა სახელისუფლებო კანდიდატი, ეს არის ორჯერ-ორი ოთხი. როგორ ჩანს, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ამ ეტაპზე არ წამოეყენებინა საერთოდ კანდიდატი და დაეტოვებინა მოქმედი რექტორი მოვალეობის შემსრულებლად. ამ ეტაპზე ასე ჩანს,“ – გვითხრა რამაზ ხალვაშმა, რომელმაც წინა წლებში ორჯერ სცადა, გამხდარიყო ბსუ-ს რექტორი.
რამაზ ხალვაში ამბობს, რომ რექტორობის სურვილი აღარ აქვს, რადგან მიაჩნია, რომ აზრს კარგავს არჩევნებში მონაწილეობა, თუ რექტორობის კანდიდატს ხელისუფლების მხარდაჭერა არ აქვს.
ამის მიუხედავად რამაზ ხალვაში არ ეთანხმება პოზიციას, რომ უნივერსიტეტმა ნაბიჯი უკან გადადგა დემოკრატიული მართვის და ავტონომიურობის დაცვის თვალსაზრისით.
„ვერ გეტყვით, რომ ეს არის ნაბიჯი უკან. მე არ მაქვს სურვილი და სხვის მაგივრად ვერ გავაკეთებ კომენტარს…
ამ საკითხს უნდა შევხედოთ სხვაგვარად. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ვმონაწილეობდი რექტორის არჩევნებში – შესანიშნავი მენეჯერი გამოდგა ალიოშა ბაკურიძე, რომელიც რექტორი გახდა. შემდეგ მერაბ ხალვაშმა გააგრძელა ეს საქმიანობა ისე, რომ რყევები არ მომხდარა.
არავინ არ დაუშვებს იმას, რომ რექტორი იყოს დაპირისპირებული ხელისუფლებასთან. არც რომელიმე პროფესორს აწყობს ის, რომ რექტორს და ხელისუფლებას შორის იყოს დაპირისპირებული,“ – გვითხრა რამაზ ხალვაშმა.
პროფესორი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ აკადემიური საბჭო უნივერსიტეტის ინტერესების დაცვას ხელისუფლების მორჩილებას ამჯობინებს.
„მორჩილება არა, თანამშრომლობა უწევს უნივერსიტეტის რექტორს მოქმედ ხელისუფლებასთან… არა მგონია, მერაბ ხალვაში მონა და მორჩილი ყოფილიყო…
ამიტომაც, აკადემიური საბჭო მოქმედებს უნივერსიტეტის შიდა ინტერესებიდან გამომდინარე,“ – გვითხრა რამაზ ხალვაშმა. მას შევახსენეთ, რომ უნივერსიტეტის „ინტერესია“ არა კონფორმისტულ პოზიციაზე დარჩენა, არამედ, პირველ რიგში, უნივერსიტეტის ავტონომიურობის დაცვა და გაძლიერება, რაც არჩევითობით იწყება.
„წელს მე აღარ მქონია რექტორობის სურვილი. უნივერსიტეტში რაიმეს გაკეთება თუ გსურს ადამიანს, ამის საშუალება არსებობს და ავირჩიე სხვა გზა, უფრო პრაქტიკული გზა. ბევრ სიახლეს მივაღწიე ამ სტატუსით – რაც შევთავაზე უნივერსიტეტს, ადმინისტრაცია ეს მიიღო, სხვათა შორის,“ – გვიპასუხა პროფესორმა.
ბსუ-ს აკადემიური საბჭო უახლოეს დღეებში გადაწყვეტს, ვინ იქნება ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი არაუმეტეს შემდეგი 6 თვე. დიდი ალბათობით ეს შეიძლება მერაბ ხალვაში იყოს, რომელიც მეორე ვადით უკვე იყო უნივერსიტეტის რექტორი და ამჯერად აღარ ჰქონდა არჩევნებში მონაწილეობის უფლება.