ბათუმში მარტივად შესამჩნევია, თუ როგორ აქვთ კაფეებს მიტაცებული ტროტუარები, რაც ფეხითმოსიარულეებს, ეტლით მოსარგებლეებსა და ველოსიპედისტებს ხშირად უქმნის პრობლემებს. ზოგიერთი მოქალაქე პრობლემას არ იმჩნევს, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც საკუთარი ძალებით, აქტივიზმით ცდილობენ უფლებების დაცვას. მათ შორისაა ბათუმელი ანა ნიქაბაძეც.
ანამ ტროტუარის მიტაცების ამსახველი ბოლო ფოტო 16 ივლისს გამოაქვეყნა ფეისბუქის პირად გვერდზე და ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას რეაგირებისკენ მოუწოდა. საუბარია ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე არსებულ კაფეზე – „კიდევ ერთი“, რომელიც, ფოტოს მიხედვით, გარე სივრცის მოწყობას გეგმავს ტროტუარზე. ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ, 17 ივლისს, აღნიშნულ კაფესთან „ბათუმელებიც“ იმყოფებოდა, თუმცა კაფესთან რკინის კონსტრუქციები აღარ დაგხვდა, კაფეს წარმომადგენელმა კი, რომელმაც ჩვენთან საუბარი ქართულ ენაზე არ მოისურვა და რუსულად გვესაუბრა, არ დააზუსტა, აპირებს თუ არა აქ კაფე ქუჩის ნაწილის ათვისებას და აქვს თუ არა ნებართვა ამისთვის.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ანა ნიქაბაძე სოციალური ქსელითა თუ სხვა სახის აქტიურობით ბათუმში არსებულ მდგომარეობას აპროტესტებს. ანა ველომოყვარულთა კლუბის – Love to Ride – Batumi-ის თანადამფუძნებელია, ქალაქში გადასაადგილებლად მხოლოდ ველოსიპედს იყენებს და ხშირად ამახვილებს ყურადღებას იმაზე, თუ როგორი შეზღუდულია ველომოყვარულებისთვის ქალაქში გადაადგილება.
„ბათუმელები“ ანა ნიქაბაძეს სწორედ ბათუმში გადაადგილების პრობლემებზე ესაუბრა.
- ანა, თქვენი აზრით, როგორ იცვლება ბათუმი და რა შეიძლება იყოს ეფექტური იმ სატრანსპორტო, ქაოსური მდგომარეობის გადაჭრისას, რაც გვხვდება დღეს ქალაქში?
ევროპაში სხვისი სივრცის მოპარვის ხარჯზე კეთილდღეობა დანაშაულია და ისჯება, ძალიან დიდი ჯარიმებია.
ძალიან კარგი იქნება, რომ ტროტუარების მითვისების შემთხვევებზე მივუთითოთ ობიექტების მეპატრონეებს მათ არაკანონიერ ქმედებაზე და მინიმუმ, დისკომფორტი შევუქმნათ.
მოქალაქეებმა უნდა გავაცნობიეროთ, რომ ტროტუარი ჩვენ გვეკუთვნის. ეს არის საზოგადოებრივი სივრცე და ტროტუარზე გამწვანება, მისი შენახვა, მოვლა, ჩვენი გადასახადებიდან გადახდილი ფულით ფინანსდება. მაგალითად, თუ ტროტუარზე ძალიან მძიმე კონსტრუქციები უნდა ჩაიდგას, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი?
თუ აქვს ხელშეკრულება მუნიციპალიტეტთან გაფორმებული კერძო სექტორს, იქ წერია, რომ რაიმეს დაზიანების შემთხვევაში თავად კერძო სექტორი აღადგენს ტროტუარს. ჩვენ ძალიან ბევრი შემთხვევა გვაქვს, როცა სხვადასხვა სახის მშენებლობის დროს მძიმე მასალა შეაქვს მშენებელს ადგილზე, რის გამოც ზიანდება ტროტუარები და ველობილიკები. მერე უნდა მოვიდეს ბათუმის მერიის სამსახური, გადაღებოს და შეაკეთოს. ეს ხდება ჩვენი ფულით და ეს თანაგანცდა, რომ ეს ქალაქი შენ გეკუთვნის, შენ ხარჯავ იმაში თანხას, თუ როგორ გამოიყურება ეს ქალაქი, ძალიან მნიშვნელოვანია.
არ უნდა შეგვეშინდეს საკუთარი აზრის გამოხატვის, დაფიქსირების. მოქალაქეები ვართ და ჩვენი ხმა გადამწყვეტია. მე ასე ვუდგები საკითხებს და ამას ვურჩევდი სხვებსაც. სხვა გამოსავალი არ არის.
ბათუმი რთული ქალაქი გახდა. პატარა ბათუმი, ტურისტული ქალაქი, რომელიც იწვევდა დასვენების, მენტალურ ჯანმრთელობაზე კარგი ზემოქმედების ასოციაციას, საცხოვრებლად მოსახერხებელი ქალაქის, სადაც შეგიძლია იმუშაო, დაისვენო, ორ საათში მთაში ახვიდე… ახლა ეს ყველაფერი გახდა ფუფუნება, იმიტომ, რომ ქალაქი არ იგეგმება შესაბამისად.
რაც ბათუმში მოგვწონდა, ბათუმის სული, ბათუმის იდენტობა, თითქოს უჩინარდება.
ქალაქი იზრდება, მოსახლეობაც გაიზარდა და იმდენად მოუმზადებელია ბათუმი ამ გაზრდილი ფართობის და მოსახლეობის [მიღების] თვალსაზრისით, რომ ვერ აუდის და ვერ გვთავაზობს შესაბამის სერვისებს.
მე ვარ ველომოყვარული და ბათუმში ცხოვრების პერიოდში ყოველთვის ვცდილობ გამოვიყენო ველოსიპედი, როგორც ტრანსპორტის საშუალება. სამსახური იქნება ეს, საყიდლები, ნებისმიერი საქმის მოგვარება, იუსტიციაში ვარ წასასვლელი თუ ა.შ., ველოსიპედი ჩემი ტრანსპორტია.
ბოლო პერიოდში, განაშენიანების თვალსაზრისით, ბეტონის კედლები, რომლებიც ემატება და ემატება ქალაქს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმოსვლაზეც აისახება. განაშენიანების ეს ფორმა ფაქტობრივად, ბათუმში საშუალებას აღარ ტოვებს, რომ გადაადგილება იყოს მოქნილი.
ზოგადად, ბათუმს არ აქვს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაცხადებული პოლიტიკა. ბათუმის მერია ამატებს ავტობუსებს და ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტს არ აქვს სივრცე, მათთვის პარკირება არის მოუწესრიგებელი და არ აქვს გადაადგილების საშუალება, რა აზრი აქვს?!
ბევრი რომ ამბობს ხოლმე, ბენზე-ბარცხანაში გადაადგილება შეუძლებელიაო, განსაკუთრებით ბოლო წლებში, ისეა უკვე ბათუმის ქუჩებშიც. მე რომ ველოსიპედზე დავჯდე და ქალაქის გარეუბნიდან შემოვიდე ქალაქის ცენტრში, განსაკუთრებით ზაფხულში, შეუძლებელია. ქალაქი აღარ გიტოვებს სურვილს, რომ გადაადგილდე.
- თქვენ აქტიურად ამონიტორინგებთ ბათუმის ქუჩებს და აქტიურობთ სოციალურ ქსელშიც. როდის დაიწყეთ ამ სახის აქტივობები?
არ მეზარება ჩამოვიდე ველოსიპედიდან და მივუთითო კერძო სექტორს, რომ ხელყოფენ თავისუფალ გადაადგილებას, პირველ რიგში ფეხით მოსიარულეთათვის და არა მხოლოდ შშმ პირებისთვის.
ფაქტობრივად, კერძო სექტორი გეუბნება, რომ კი, ჩემთან მოდი, ყავა დალიე, მაგრამ მე შენს, როგორც მოქალაქის თავისუფლად გადაადგილებას ხელვყოფ.
კერძო სექტორში ამბობენ ხოლმე, რომ ნებართვა აქვთ. გამოაქვეყნონ ეს ნებართვა, გვაჩვენონ და იყოს ეს საჯარო.
ევროპაშიც ათვისებულია ტროტუარები, მაგრამ ეს ყველაფერი შესაბამისადაა დარეგულირებული. მაგიდის, სკამის ზომაა მნიშვნელოვანი.
თითქოს ქალაქის მერიასაც, მუნიციპალურ ინსპექციასაც არ აინტერესებს ეს საკითხი და ფაქტობრივად, კერძო სექტორის კეთილ ნებაზე ვართ დამოკიდებული.
2020 წლიდან მოყოლებული, რაც ველომოყვარულთა კლუბი დავაარსეთ, ყოველთვის მივუთითებთ მსგავს დარღვევებზე. ლერმონტოვის და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაში არის ერთი ობიექტი, რომლის გადაკვეთაც ყოველთვის მიწევს, რადგან ლერმონტოვზე ვცხოვრობ და შეუძლებელია იქ გავლა. ძალიან მრცხვენია ხოლმე, რომ ფეხით ვინც გადაადგილდება მას დავუსიგნალო ჩემი ველოსიპედიდან და ვუთხრა – გამიშვი. უნდა ჩამოვიდე და ხელით გავიყვანო ველოსიპედი და რატომ, რატომ უნდა გავაკეთო ეს, როცა საფეხმავლო სივრცე უნდა ეკუთვნოდეს ფეხით მოსიარულეს და ველობილიკი უნდა გვეკუთვნოდეს ჩვენ, ველომოყვარულებს.
მცენარეებით აქვთ შემოსაზღვრული და მთლიანად ათვისებული ტროტუარის მონაკვეთი. ოდნავ რომ გაწეული იყოს მცენარეები და ტროტუარის ნაწილი ჰქონდეთ დატოვებული იმისთვის, რომ ერთმა ადამიანმა მაინც გაიაროს – ასე არ არის. ბევრჯერ მივუთითე. მეუბნებოდნენ – „კი, გავწევთ“ და ეს „გაწევა“ არასდროს არ დადგა, როგორც ფაქტი.
ბოლოს გადავწყვიტე განცხადების დაწერა. მე ინგლისურად ვესაუბრებოდი და ისინი რუსულად მპასუხობდნენ. მესმის რუსული, მხვდებოდი, მაგრამ ვპასუხობდი ინგლისურად. ბოლოს დავწერე განცხადება ქალაქის მერის სახელზე და მივუთითე, რომ შესაბამისი უწყება მივიდე და ფაქტზე რეაგირება მოახდინოს.
-
თქვენი მოლოდინი როგორია, ექნება სათანადო რეაქცია მერიას?
ეს განაცხადი მე გავაკეთე 8 ივლისს და 10 სამუშაო დღეში უნდა მივიღო პასუხი. ეს არის მონაწილეობის მექანიზმი, მივედი, დავწერე განცხადება და ველოდები უკუკავშირს. დემოკრატია ასე მუშაობს.
ორი დღის წინ ჩავიარე და კიდევ ისე იდგა ეს მცენარეები ლერმონტოვის და ფარნავაზ მეფის კვეთაში, არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია ჯერჯერობით. ისევ ოკუპირებულია თავისუფალი ტროტუარი. მე ველოდები, რომ რაღაც პასუხს აუცილებლად დამიბრუნებენ, თუმცა განსაკუთრებულ რეაგირებას არ ველი.
ჩვენი ორგანიზაციის სახელით სულ სამი განაცხადი მაქვს შეტანილი.
მეორე განცხადება ეხება პარკირებების მენეჯმენტს და იმას, თუ რამდენი მანქანა დააჯარიმეს ამ წლის დასაწყისიდან ტროტუარებსა და ველობილიკებზე არასწორი პარკირებისთვის. მესამე ჩემი განცხადება კი შეეხება მერიის საავტომობილო გვირაბის ახალ პროექტს. ველოგადაადგილების გენერალური გეგმის მიხედვით, წერეთლის ქუჩა, ყოფილი მაიაკოვსკის ქუჩა და ა.შ., არის ის ქუჩები, სადაც ველობილიკები უნდა დაიხაზოს და ამან ხელი უნდა შეუწყოს ველოქსელის გააქტიურებას ქალაქში. ახალი პროექტები დგება და ამაზე მერიას არ აქვს არავისთან კომუნიკაცია. არც შშმ პირთა საზოგადოებასთან, არც ველომოყვარულებთან. არ ხდება ჩართულობისა და მონაწილეობის უზრუნველყოფა.
ასევე, მე ამ განაცხადში მოვითხოვე განმარტება, თუ რის საფუძველზე აკეთებს ამ სატრანსპორტო გვირაბს მერია. მანქანების ნაკადი, რაოდენობა დათვალა და იმიტომ აკეთებს, თუ რატომ, რადგან ეს სერიოზული პროექტია.
ქალაქში შეუძლებელია გადაადგილება და მერია თუ ვერ აცნობიერებს მონაწილეობის ფუნქციას, რომ სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს უნდა ჰკითხო, როდესაც პროექტს აკეთებ, პროექტს შეისყიდი, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა.
- თქვენ ბოლო დღეებში ფოტო გამოაქვეყნეთ სოციალურ ქსელში ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან. რომ მოგვიყვეთ, რა ხდებოდა იქ?
გორგასლის ქუჩაზე მე არ ვიცოდი კაფე – „კიდევ ერთის“ არსებობის შესახებ, ალბათ ახლახან გაიხსნა. როცა ველობილიკზე მოვდიოდი, დავინახე რამდენიმე ადამიანი, რომლებიც აზომვით სამუშაოებს აკეთებდნენ. ფოტოზეც კარგად ჩანს, რომ თუ აქ გეგმავს ეს კაფე სტუმრების გამასპინძლებას, ეს იქნება ტროტუარის და თავისუფალი სივრცის ხარჯზე კერძო სექტორის მიერ სერვისის რეალიზაციის კიდევ ერთი ფაქტი.
რკინის კონსტრუქცია, რაც მე ვნახე, ძალიან ახლოსაა უსინათლოთა ბილიკთან. ხშირად მოქალაქეებს არ ეძლევათ ამ მიზეზით ტროტუარზე გავლის საშუალება და უწევთ, რომ გაიარონ ველობილიკზე. ესაა ხელშეშლა თავისუფლად გადაადგილებაში. მე ვერ დავდებ თავს, არ ვიცი, ამ ობიექტს აქვს თუ არა ნებართვა მუნიციპალიტეტისგან გარე სივრცის ტროტუარზე მოწყობის, მაგრამ როგორც ჩანს, მათ ძალიან არ ესიამოვნათ ჩემი გამოხმაურება სოციალურ ქსელში.
გარდა ამისა, როცა შეხვალ ამ კაფეს სოციალურ ქსელში, ყველაფერი უდევთ რუსულ ენაზე. კი, არის ქართული სუბტიტრები, ინგლისურად უწერიათ აღწერაში რაღაცები, მაგრამ რუსულად ესაუბრებიან აუდიტორიას და მიჩნდება კითხვა: მე, ბათუმელ ანა ნიქაბაძეს, რომელსაც მინდა ყავა დავლიო და რუსულად მეუბნებიან ჩემს ქალაქში, მოდი და აქ დალიე ყავაო, რას ნიშნავს ეს?! არანაირად არ შევალ მე იქ და არ დავხარჯავ ჩემს ხელფასს. მნიშვნელობა აქვს რომელ ენაზე მიმასპინძლდებიან, მენიუ რომელ ენაზეა შედგენილი.
ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორში სოციალური პასუხისმგებლობის გააზრება. მე რაც ვნახე, ძალიან შემაშფოთებელი იყო ტროტუარის კუთვნილი სივრცის ათვისების თვალსაზრისით. თუ აქვთ ნებართვა მუნიციპალიტეტისგან, გამოაქვეყნონ მათ გვერდზე, საჯაროდ.
რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პრობლემაა, რომ მუნიციპალურ, ქალაქის ადმინისტრაციის დონეზე ამოდენა გააზრება არ არსებობს, როგორი ნებართვები შეიძლება გაიცეს. თუ არასწორად გასცემენ ნებართვებს, ჩვენ მოგვიწევს მოვთხოვოთ პასუხი და ამას გავაკეთებთ. არ იქნება ისე, რომ მე უკან დავიხევ, როგორც მოქალაქე თუ ველომოყვარული. ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. აღარ არის იმის ფუფუნება, რომ რაიმეზე თვალი დავხუჭოთ.
სოციალური თვალსაზრისითაც, ძალიან დიდ ნაპრალებს აჩენს საზოგადოებაში ის, რომ მთავრობამ შემოუშვა რუსები, ფაქტობრივად, უკონტროლოდ და ეს რაღაც ელიტად ჩამოყალიბდა, რომელსაც აქვს საშუალება იქირაოს სივრცეები. ჩვენს სტუდენტებს ბინის ქირა გაუძვირდათ, რადგან ისინი უფრო გადამხდელუნარიანები არიან. ფასებზე გავლენა მოახდინეს და საბოლოო ჯამში ჩემი, ჩვენი ცხოვრების ხარისხზე მოახდინეს გავლენა. რა თქმა უნდა, მე როგორც მოქალაქეს, ეს მეხება.
განცდა მაქვს, რომ ჩემს ქალაქში ცხოვრება გამიძვირდა, იმიტომ, რომ რუსებმა თავიანთი სტანდარტები შექმნეს.
მე არჩევნებზე იმიტომ არ დავდივარ, რომ ასეთი სიტუაცია შეიქმნას.
ის რუსული ბიზნესები, რაც ბათუმშია, ისევ რუს ხალხს ემსახურება ძირითადად. რა თქმა უნდა, იქ ალბათ შევლენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, მაგრამ შენ რომ ევროპელი ტურისტი ჩამოგყავს და გინდა თავი მოაწონო, ძველი ბათუმი დაათვალიერებინო და ბათუმის ისტორიაზე, ბერძნული და ინგლისური განაშენებიანების შესახებ მოუყვე და იქ ხედავ რუსულ წარწერებს… ასეთი გამოცდილება გვქონდა, რომ ნორვეგიელმა ტურისტმა ერთ-ერთ ბარში გვითხრა, აღარ მინდოდა აქ ჩამოსვლა, როცა გავიგე, რომ ძალიან ბევრი რუსი ცხოვრობს ბათუმშიო. ქართულმა ბიზნესმაც უნდა გადაწყვიტოს და აიღოს პასუხისმგებლობა.