საკრებულოში ვიცე-მერად დანიშნული გიორგი ერმაკოვის დანიშვნას განიხილავენ

 

გიორგი ერმაკოვი

„თქვენ დღეს, ხვალ თუ არა ზეგ საკრებულოს გვერდის ავლით ბათუმს დაუნიშნავთ მერს. ეს იქნება კატასტროფული ქმედება თვითმმართველობის ისტორიაში. ისე წყნარად მიდის ეს ყველაფერი, ვითომ რიგითი სამსახურის ხელმძღვანელი დავნიშნეთ, ან მთავარი  სპეციალისტი მოვიყვანეთ. რაღაცას ვცვლით  ქალაქში, იმას რაც მეც მეხება, როგორც საკრებულოს წევრს და მიუხედავდ იმისა, რომ მე მეხება, თქვენ ამის უფლებას მართმევთ“, -უთხრა გიორგი კირთაძემ საკრებულოს თავმჯდომარეს.

 

ირაკლი ჩავლეიშვილმა  გიორგი კირთაძის მოსაზრებას ეჭვი, მარჩიელობა და ჭორი უწოდა:

 

„ეს ჭორი შეიძლება ისე განვითარდეს, რომ ტყუილი ფაქტად მოეჩვენოს ადამიანს. ყველა საჭირბოროტო საკითხის გადაწყვეტილებაში, რაც ხდება ქალაქში, მე და ბატონი ჯემალი ერთად ვართ და კიდევ ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი“.

 

საკრებულოს თავმჯდომარემ ისიც აღნიშნა, რომ ჯემალ ანანიძესთან ერთად მუშაობის დროს კომფორტულად გრძნობს თავს. თუმცა, თუ ჯემალ ანანიძე „თანამდებობას დატოვეს ქალაქი მერის გარეშე არ დარჩება“.

 

გიორგი კირთაძე ვარაუდობს, რომ მერის გადაყენაბის საკითხზე, გუშინ საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი ჩავლეიშვილი თბილისში დაიბარეს.

 

 

თამარის დასახლებაში ცარიელ შენობაში 29 ოჯახი შეიჭრა

 

„ბათუმელები“ შენობაში შეჭრილი ერთ-ერთი სოციალურად დაუცველის  ნათესავს ესაუბრა.

 

„სახლი არ აქვთ, კარი არ აქვთ და შეიჭრნენ ცარიელ შენობაში. ერთ-ერთი ჩემი ოჯახის წევრია. უსახლკაროდაა, უბინაოდაა და შევიდნენ. სოციალურად დაუცველი ოჯახებია ყველა,“ – განუცხადა „ბათუმელებს“  აკაკი შანთიძემ.

 

შენობა აჭარის ფინანსთა და  ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. როგორც სამინისტროში განგვიცხადეს, ამჟამად საკითხს სწავლობენ და კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ. 

ჯემალ ანანიძე ერმაკოვის დანიშვნაზე კომენტარს აკეთებს

 

ჯემალ ანანიძის განცხადებით, გიორგი ერმაკოვი პირადი გადაწყვეტილებით დანიშნა:

 

„პიროვნული გადაწყვეტილებაა, მას ვიცნობ უკვე დიდი ხანია და რადგანაც წავიდა მოარული ხმები (რომ ის მე ჩამანაცვლებდა), გავესაუბრე მეც და ჩემთვის მისაღები იყო ეს კანდიდატურა. მერი უფლებამოსილია დანიშნოს თავისი მოადგილეები“. 

 

რაც შეეხება ნათია სურგულაძეს, ჯემალ ანანიძის განცხადებით ყოფილმა ვიცე-მერმა  ნათია სურგულაძემ წარმოადგინა სტრატეგიული გეგმა მერიის ორი სამსახურის – აიპ „ბათუმის სცენასა“ და აიპ „ კულტურის ცენტრის“ გაერთიანების შესახებ.

 

„ მისი სურვილია, რომ ამ გაერთიანებას ჩაუდგეს სათავეში.  წარვუდგინეთ ეს წინადადება საკრებულოს და ყველა კომისია გაიარა წარმატებით“.  

ბათუმში საშაურმე დახურეს და 1000 ლარით დააჯარიმეს

 

„ჩვენ ვერ ვიტყვით, კონკრეტულად რომელი ინგრედიენტი იყო დაბინძურებული. ლაბორატორიული კვლევის შედეგად მზა შაურმის კერძში მეზოფილების, აერობების და ფაკულტატური ანაერობების ზღვრულად დასაშვებ ნორმაზე სამჯერ მეტი რაოდენობა აღმოჩნდა. პროდუქტი ასევე შეიცავდა ნაწლავის ჩხირის ბაქტერიებს, კოლიფორმებს. კანონის მიხედვით, 65 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ობიექტი 1000 ლარით დაჯარიმდა, რაც მავნე სურსათის ბაზარზე განთავსებას გულისხმობს“-განუმარტა „ბათუმელებს“ აჭარის სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენელმა, კვების ჰიგიენისტმა თამარ ბერძენიშვილმა.


თამარ ბერძენიშვილის თქმით, ობიექტი დახურულია და თუკი სამომავლოდ, კვების ობიექტებთან დაკავშირებულ კანონმდებლობის ნორმებს დაააკმაყოფილებს, მას ისევ შეეძლება მუშაობის გაგრძელება.


რაც შეეხება ქალაქში არსებულ სხვა საშაურმეებს, აჭარის სურსათის უვნებლობის სამსახური დღეიდან მათ რეგულარულ შემოწმებას აპირებს.


გასულ კვირას მოწამლულმა ოცდაერთმა ადამიანმა სამედიცინო გამოკვლევა გაიარა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


 

გიორგი ერმაკოვი ვიცე-მერად დანიშნეს

 

როგორც მერიის პრესსამსახურში „ბათუმელებს“ განუცხადეს, ნათია სურგულაძე მალე სხვა თანამდებობას დაიკავებს:

„მერია ქმნის ახალ სამსახურს და ის ამ სამსახურის ხელმძღვანელად დაინიშნება“. 

 

რაც შეეხება ჯემალ ანანიძის ერმაკოვით ჩანაცვლებას, ამის თაობაზე „ბათუმელებს“ გასულ კვირას სანდო წყარომ აცნობა. თუმცა, ჯემალ ანანიძის შესაძლო გადაყენებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი ჩავლეიშვილმა ჭორი უწოდა:

„ეს ყველაფერი ჭორია და მე ჭორებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ “ – განაცხადა მან.

 

ბათუმის მერს ოთხი მოადგილე ჰყავს. 

 

ბათუმის მერია

იაფი სახლი უსახლკაროებს ბათუმის მერიისგან

 

ინფორმაცია ე.წ. იაფი სახლის პროექტით სარგებლობის კრიტერიუმებზე, რაც მერიას 20 იანვრამდე უნდა წარედგინა საკრებულოსთვის, საკრებულოს კანცელარიაში ამ დრომდე არ შესულა. ეს იყო პირობა, რომლითაც საკრებულოს უმრავლესობამ 2014 წლის ბიუჯეტში პროექტის განხორციელებისთვის ორ მილიონ 500 000 ლარი გაითვალისწინა. საკრებულოს ოპოზიცია კი ამ თანხის ნაშთში გადატანას ითხოვდა.

“თუ კრიტერიუმები მკაცრად არ იქნება გაწერილი, არ არის გამორიცხული ამ პროექტით ბიძაშვილ-მამიდაშვილებისთვის ბინების დარიგება დაიწყონ, ან ვინმემ ფულის საკეთებლად გამოიყენოს”, _ ამ მოტივით საკრებულოს უმცირესობამ “ნაციონალური მოძრაობიდან” პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა.

იაფი სახლის პროექტით სარგებლობის დაზუსტებული კრიტერიუმები მერიას ჯერ კიდევ არ აქვს, თუმცა “არსებობს მისი ჩონჩხი”, რომელსაც მერიის ეკონომიკური დაგეგმარების სამსახური ამუშავებს. ამ სამსახურის ხელმძღვანელის, ტიტე აროშიძის ინფორმაციით, “ჩონჩხი” ანუ პროექტის კრიტერიუმების პირველადი მონახაზი ასეთია:
ოჯახს საცხოვრებელი ბინის საფასურის დასაფარავად ყოველთვიურად დაახლოებით იმ ოდენობის თანხას გადაიხდის, რამდენსაც ბინის ქირაში იხდის. ყოველთვიური გადასახადის ოდენობის განსაზღვრისას მიღებული ფართობის ზომასაც ექნება მნიშვნელობა. გადახდილი თანხა კი ბინის საფასურს გამოაკლდება. ასე ოჯახი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საცხოვრებლის გამოსყიდვას შეძლებს და ბინის მესაკუთრე გახდება.

“პირველ ეტაპზე ჩვენ ვგეგმავთ ხუთსართულიანი, 200-ბინიანი კორპუსის მშენებლობას. პროექტირებაზე გამოცხადდება ტენდერი. გვინდა, რომ პროექტი ითვალისწინებდეს დამატებით პირობებსაც, თუ ეს ძალიან არ გააძვირებს მას”, _ განმარტავს ტიტე აროშიძე.

დამატებით პირობებში კორპუსში ენერგოეფექტურობის მისაღწევად საჭირო შეფუთვა, სადარბაზოში შშმ პირების დამოუკიდებლად გადაადგილებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა, ეზოს მოწყობა და გამწვანება იგულისხმება.
რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მერიამ იმ შემთხვევაში, თუ ოჯახმა გარკვეული პერიოდის შემდეგ ბინის საფასურის გადახდა ყოველთვიურად ვეღარ შეძლო? _ ასეთი შემთხვევებისთვის მერიაში რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ. შესაძლოა მერიამ ოჯახი დიდი ფართობის მქონე ბინიდან შედარებით მცირე ფართობის ბინაში გადაიყვანოს და შეუმციროს ყოველთვიური გადასახადის ოდენობა, მისცეს ექვსთვიანი ვადა, შეუდგინოს გადახდის ახალი გრაფიკი ან მანამდე გადახდილი თანხის ნაწილი სახელმწიფოს საკუთრებაში ცხოვრების ქირად ჩაუთვალოს, ნაწილი კი უკან დაუბრუნოს და ბინიდან გამოსახლება მოსთხოვოს.

მერია განიხილავს მოსაზრებას, რომ კორპუსში ბინების ათი პროცენტი ჩვეულებრივ მოქალაქეებზეც გაიყიდოს, ოღონდ ამ შემთხვევაში მერია მსურველებს სხვა პირობებზე მოელაპარაკება.

“შესაძლოა მათ მერიამ გაუწეროს ხუთწლიანი და არა ათწლიანი ვადა ბინის საფასურის დასაფარავად. ეს კარგი იქნება იმისათვის, რომ ამ კორპუსებს რაღაც სტატუსი არ მიენიჭოს. გვინდა, რომ საზოგადოების მიერ ეს აღიქმებოდეს ჩვეულებრივ საცხოვრებელ სახლად. განვიხილეთ რამდენიმე ქვეყნის მაგალითი, სადაც მსგავსი პროექტები განხორციელდა. აღმოჩნდა, რომ რიგ შემთხვევებში მსგავს კორპუსებში მცხოვრებ ადამიანებს შეექმნათ გვერდით კორპუსებში მცხოვრებლებთან ინტეგრაციის პრობლემა”.

მერიაში განიხილავენ მოსაზრებებს იმასთან დაკავშირებითაც, თუ როგორ უნდა მოხერხდეს პროექტის კომერციული ინტერესებისათვის გამოყენების მცდელობის თავიდან აცილება.

 

“ვთქვათ მაქვს ბინა, სადაც ვცხოვრობ, მაგრამ ჩემი ავტორიტეტით თუ კორუფციული სქემით მოვახერხე ამ პროგრამაში ჩართვა, სახელმწიფოს გამოვაპარე. შემდეგ მინდა, რომ ეს ბინა გავყიდო და მივიღო სარგებელი. ამისგან დასაცავად ჩვენ ვირჩევთ პრინციპს, ბინა ოჯახს საკუთრებაში ათი წლის განმავლობაში არ დაურეგისტრირდება. შენობა და მიწა, რომელზეც სახლი დგას, რჩება მერიის ბალანსზე. ათი წლის შემდეგ კი ვაწესებთ მორატორიუმს _ კიდევ ათი წელი ბინის გაყიდვა, გაქირავება ან კომერციული სარგებლის მიღება დაუშვებელი იქნება. 20 წლის გასვლის შემდეგაც რომ გამოვრიცხოთ ე.წ. მაკლერის ინტერესი, მესაკუთრეს ვალდებულებაში ჩავუწერთ, რომ თუკი გაყიდის ბინას, მან უნდა გაყიდოს არასაბაზრო ფასად, არამედ თვითღირებულებით _ ამ ბინით ისევ იმ პიროვნებამ რომ ისარგებლოს, ვისაც უჭირს. საუბარია იმაზეც, რომ ბინები გავითვალისწინოთ იმ პირებისთვისაც, ვისაც არანაირი საშუალება არა აქვს და ღია ცის ქვეშ ცხოვრობს”.

პროექტით სარგებლობის მსურველთა განცხადებას სპეციალური კომისია შეისწავლის. პრიორიტეტი უსახლკაროებს მიენიჭებათ, მათ, რომლებიც ხუთ წელზე მეტ ხანს ბათუმში ნაქირავებ ბინაში ან ნათესავებთან ცხოვრობენ.
ამ დროისათვის ბათუმში 1700 უსახლკარო ოჯახი ცხოვრობს. ეს მონაცემი მერიის სოციალურ განყოფილებაში მოქალაქეების მიმართვების საფუძველზე დათვალეს. მონაცემებში არ შედის ინფორმაცია იმ ოჯახების შესახებ, რომლებიც ბათუმის გარეუბნებში ბარაკის ტიპის სახლებში, ხშირად გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ. ამ მონაცებეში არ შედის ინფორმაცია იმ ოჯახების შესახებაც, რომლებმაც საკუთარი სახლები ეკოლოგიური პრობლემების გამო დატოვეს.
უკვე შერჩეულია სავარაუდო მშენებლობის ადგილიც, მერია იაფი სახლის მშენებლობას ჯავახიშვილის ქუჩის ბოლოში გეგმავს.

“თუ პროექტი გაამართლებს, მომავალი წლის ბიუჯეტშიც გავითვალისწინებთ. იქნებ მოხერხდეს, რომ ათი წლის შემდეგ ქალაქს ამდენი უსახლკარო არ ჰყავდეს”, _ ამბობს ტიტე აროშიძე.

იაფი სახლი მშენებლობის კრიტერიუმების გაწერის შემდეგ პროექტს საზოგადოებას წარუდგენენ განსახილველად. მერია პროექტირებაზე ტენდერს მხოლოდ ამის შემდეგ გამოაცხადებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კონკურსი გამომძიებელი ჟურნალისტებისთვის


საუკეთესო სტატიის შერჩევა მოხდება შემდეგი  კრიტერიუმების საფუძველზე:

(ა) სტატიის მიუკერძოებლობა, ყველა მხარის პოზიციის წარმოჩენა;

(ბ) სტატიაში განხილული პრობლემის აქტუალურობა  და ნაშრომის საზოგადოებრივი სარგებელი;

(გ) ნაშრომის ორიგინალურობა (მათ შორის საკუთარი ძალებით და არა სხვის ინფორმაციაზე დაყრდნობით მოპოვებული ინფორმაციის სიმრავლე);

(დ) რამდენად წამყვანი როლი ითამაშა თავად ჟურნალისტმა ნაშრომში წარმოდგენილი პრობლემის გამოაშკარავებაში;

(ე) სტატიაში მოყვანილი სანდო  და გადამოწმებული წყაროების სიმრავლე;

(ზ) თხრობის თანმიმდევრული და გასაგები სტილი.

საგამოძიებო ნაშრომი უნდა ეხებოდეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მიმდინარე პროცესებს და არსებულ პრობლემებს. ჟურნალისტი საგამოძიებო თემის შერჩევაში შეზღუდული არ არის. თემატიკა შეიძლება მოიცავდეს:

 

  • სახელმწიფო შესყიდვებს;
  • საჯარო მოხელეთა ინტერესთა კონფლიქტს;
  • სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულ პირთა ბიზნესინტერესებს და შესაძლო კორუფციული გარიგებებს;
  • ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებულ სოციალურ–ეკონომიკურ პრობლემებს;
  • აჭარაში საკუთრების უფლებების შელახვას;
  • ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შელახვის ფაქტებს;
  • გარემოს დაცვას და ა.შ.

კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2014 წლის 5 მაისს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ ჟურნალისტებს, რომელებიც 2014 წლის 27 იანვრიდან 2014 წლის 27 აპრილამდე ქართულენოვან გაზეთში/ჟურნალში/ინტერნეტ გამოცემაში გამოაქვეყნებენ სტატიას.

გამარჯვებული სტატიის ავტორს გადაეცემა ფულადი ჯილდო 900 ლარის ოდენობით და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ სერტიფიკატი. ასევე, გამოვლინდება მეორე და მესამე ადგილზე გასული სტატიები (ფულადი ჯილდო 700 და 500 ლარი შესაბამისად).

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა ჟურნალისტმა უნდა წარმოადგინოს სტატიის სამი ასლი და იმ გაზეთის/ჟურნალის ერთი ასლი (თუ საგაზეთო სტატიაა). თუ სტატია ონლაინ პლატფორმაზე გამოქვეყნდა, მასალის 3 ასლი, ამობეჭდილი ფორმით, სტატიაზე url ბმულის მითითებით, არაუგვიანეს 2014 წლის 30 აპრილის 14:00 საათისა ორგანიზაციის ბათუმის წარმომადგენლობაში (მისამართი: ბათუმი, ლუკა ასათაინის 27/7) ან დაუკავშირდით ბათუმის ოფისის ხელმძღვანელს თეა ჭანტურიშვილს ტელეფონზე 599 09 36 26, ასევე ელექტრონულ მისამართზე: Tea.tchanturishvili@transparency.ge  

პროექტი, რომელსაც საერთაშორისო გამჭვირვალობა ახორციელებს, დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს  მხარდაჭერით.

„ოღონდ გულგრილი ნუ იქნება..”

საუბრის დაწყებამდე ციალა ორგანიზაციაში სტაჟირების გავლის მსურველ სტუდენტს ხვდება. ბევრ კითხვას უსვამს, ცდილობს ბევრი გაიგოს მათზე. შემდეგ საქმიანი კითხვებიდან შედარებით სახალისო კითხვებზე გადადის – „მეტი ფანტაზიისთვის“: „ჯადოსნური ჯოხი რომ გქონდეს, რას გააკეთებდი?“ – კითხვას ვიმახსოვრებ.

ციალა დღის უმეტეს ნაწილს, არასამუშაო საათებსაც კი, სამსახურს უთმობს, იმიტომ არა, რომ ამის ვალდებულება აქვს: „მსიამოვნებს ამ ყველაფერზე ფიქრი და საქმის კეთება.“

2009 წლიდან მოყოლებული დღემდე ძალიან ბევრი კითხვა ჩნდებოდა. მაშინ ჩვენც პატარები ვიყავით, ახალი დაწყებული გვქონდა საქმიანობა. იყო ბევრი პრობლემა ეკომიგრანტების კომპენსაციებთან დაკავშირებით. შემდეგ ეს ხალხი გადასახლდა. გაგვიჩნდა ინტერესი, რატომ გადასახლდნენ, სად წავიდნენ? _ შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ისინი ძალიან ბევრნი არიან და დავიწყეთ პროექტი ეკომიგრატებზე. იმ დროს სამთავრობო უწყებებშიც კი ბევრმა არ იცოდა, რას ნიშნავდა ეკომიგრატი,“  – მიყვება ციალა.

ციალას ეკომიგრანტებზე ბევრი ამბავი აქვს მოსაყოლი, ამბავი ერთ ქალზე, ერთ ბავშვზე, ერთ ოჯახზე, ერთ სოფელზე, გზაზე, ჩავარდნილ ხიდზე, მარტო დარჩენილ ქალზე… ამ ამბებზე ხშირად, მისდაუნებურად ფიქრობს და „გული წყდება.“

„თაობები იზრდება ამ ადამიანების ოჯახებში. ჩვენ რაღაც დემოკრატიას ვაშენებთ, მესამე მთავრობა შეიცვალა, ვითომ სამოქალაქო სექტორის განვითარება გვინდა და ამ დროს ადამიანებს აქვთ კვების პრობლემა, განათლების მიღების პრობლემა. თუ მათთვის რაღაც არ შეიცვალა და ყველასთვის არ გახდა ხელმისაწვდომი ის, რაც ვითარდება, არ ვიცი რა იქნება. იცით რა ხდება? – ერთია, რაღაც პროექტი გააკეთე და დებ შედეგს. მობრუნდები და ისევ იქ ხარ, ამ ადამიანებისთვის არაფერი არ იცვლება.“

საკუთარი თავის დახასიათებისას ამბობს, რომ ის, რაც ყველაზე მეტად აღელვებს, ყალბი პატრიოტიზმია: „რომელსაც ყველგან ვხვდები. ვითომ ქართველობა, ვითომ სიყვარული და ასე შემდეგ. ქართულ სუფრაზე შეიძლება ქალი აიყვანონ ზეცაში და  მეორე დღეს იგებ, რომ იგივე ადამიანები სხვა რაღაცას აკეთებენ, ყველაფერს ღირებულებას უკარგავენ. თუნდაც რელიგიასთან მიმართებაში – მაღიზიანებს ეს ფსევდორელიგიურობა. ადამიანებს, რომლებსაც ბიბლია არ წაუკითხავთ, ამბიცია აქვთ, რომ ყველაზე რელიგიურები არიან. არ ვეჩხუბები ასეთ ადამიანებს, მაგრამ შეიძლება ძალიან გავბრაზდე, როცა რაღაცას მიმტკიცებენ.“

პროფესიით იურისტია, მაგისტრატურა კონფლიქტოლოგიის განხრით გაიარა. ამბობს, რომ ეს არის მიმართულება, რომელშიც ამ ეტაპზე ჩართული არ არის, მაგრამ ძალიან აინტერესებს და მაქსიმალურად ცდილობს მიიღოს ინფორმაცია, რა ხდება ამ კუთხით ქვეყანაში: „ერთ-ერთი პროგრამის მონაწილეც ვიყავი, სადაც ქართველი და აფხაზი ახალგაზრდები მოლდოვაში ვსწავლობდით ამ ქვეყანაში არსებულ კონფლიქტებს. ძალიან საინტერესო იყო ეს პროცესი.“

რაც მას სხვებისგან განასხვავებს, არის ის, რომ არ არის კონფლიქტური: „არასდროს მიჩხუბია, არ მიყვირია. უფრო განრიდებას ვახდენდი. როდესაც ვატყობ ჩემი მეგობარი გაბრაზებულია და უნდა რომ იჩხუბოს, ამ დროს ვარ ძალიან მშვიდი და არაფერს ვამბობ. მოგვიანებით იმ ადამიანს აუცილებლად ავუხსნი, რომ არასწორად მოიქცა.“

თავისუფალი დრო იშვიათად აქვს, მისთვის საუკეთესო დასვენება მეგობართან ერთად სადმე, მშვიდ ადგილზე წასვლა, ყავის დალევა და საუბარია. ახლა იმ დროის უკან დაბრუნებაზე ოცნებობს, როცა ორი თვით იმერეთში, დედის სოფელში ისვენებდა: „როცა ძალიან ცუდად ვარ, მინდა ისევ იქ წავიდე, ჩავწვე ჰამაკში, როგორც მაშინ და რაღაც წავიკითხო. ძალიან მინდა ის ორი თვე თუნდაც ერთ კვირად იქცეს და ისევ დაბრუნდეს. ახლა სამეცნიერო ლიტერატურის წაკითხვა მიწევს და მაქვს მოთხოვნილება, რომ რაღაცა სხვა წავიკითხო ოღონდ ისე, როგორც მაშინ. ახლა სხვანაირად ვკითხულობ. ეს, ალბათ, იმის ბრალია, რომ ვერ ვეთიშები იმ ყველაფერს, რაც ჩემ ირგვლივაა და ეს ძალიან ცუდია.“

ჩვენი საუბრის დასასრულს მისივე კითხვას ვუბრუნებ, „ჯადოსნური ჯოხი რომ გქონდეს, რას შეცვლიდი?“ რამდენიმე წამით დაფიქრდა. „მინდა, რომ ამ ქვეყნად გულგრილობა აღარ იყოს. ამაზე ბევრი მიფიქრია. სიტყვას, ადამიანის მიმართ ნათქვამს, თუნდაც ბავშვის მიმართ, დიდი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება შენ რაღაც გულგრილად ან ზერელედ თქვა, მაგრამ სხვა ადამიანისთვის ეს ემოციური იყოს. ყველა ამბავმა რაღაც შეცვალა ჩემში, რაღაც დამრჩა. იყო შემთხვევა, როცა მივიღე კედელი მეორე მხრისგან. აბსოლუტურად სხვა  გადავეცი და სხვა მივიღე. მერე მეც დისკომფორტი მექმნება. ოღონდ გულგრილი ნუ იქნება და თუნდაც ცუდი ან კარგი იყოს.“

მორწმუნეები მუსლიმთა სამმართველოს რეორგანიზაციას ითხოვენ

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ის აჭარაში ჯემალ პაქსაძისთვის სრულიად საქართველოს მუფთად არჩევის მისალოცად ჩამოვიდა, რაც მისთვის დიდი პატივია:

 

„გარდა ამ მოლოცვისა, გვქონდა სხვა საკითხებზეც საუბარი. მადლობა ღმერთს, ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მოახდინოს იმ ზარალის ანაზღაურება, რაც  საქართველოში იწვნიეს რელიგიურმა გაერთიანებებმა, რომლებიც საბჭოთა პერიოდში განიცდიდნენ პერმანენტულ დევნას. მათ მიიღეს მატერიალური და მორალური ზარალი.  საჭიროდ ჩავთვალე დეტალებში აგვეხსნა, თუ  რას წარმოადგენს ეს დადგენილება და რა ნაბიჯები შეიძლება  გადადგას სახელმწიფომ მომავალში რელიგიური უმცირესობების მიმართ.“

 

მინისტრის თქმით შეხვედრაზე მას მეჩეთის მშენებლობის ადგილზეც ჰკითხეს:

 

„ნამდვილიად ვიცი, რომ მეჩეთი უნდა აშენდეს, მე  ვიცი, რომ გადაწყვეტილია, თუმცა ნამდვილად არ ვიცი ადგილი.  მიმდინარეობს ადგილის მოძიება. ეს არ არის ჩემი პრეროგატივა, ეს უფრო ადგილობრივი ხელისუფლების გადასაწყვეტია.“

 

ჯემალ პაქსაძის ინფორმაციით კი ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც მინისტრთან ისაუბრეს, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს გაყოფა იყო. მუფთის თქმით მათი თხოვნაა, რომ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ძველი სტატუსი იყოს შენარჩუნებული. გარდა ამისა, მათ აქვთ პრობლემა სამმართველოს დამფუძნებლებთანაც. ამაზე შეხვედრის სხვა მონაწილეებიც საუბრობენ.

 

„ჩვენ გვაქვს პრეტენზია იმაზე, რომ არსებული მუსლიმთა სამმართველო არ აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რასაც ჩვენ მივიჩნევთ სწორად. ეს სამმართველო არ არის მუსლიმების დაფუძნებული. ჩვენ მოვითხოვეთ მისი რეორგანიზაცია, რადგანაც ის სახელმწიფომ  დააფუძნა და სახელმწიფომ უნდა მოახდინოს მისი რეორგანიზაცია. დაგვპირდნენ, რომ ასეც იქნება. მინისტრმა განაცხადა, რომ მოხარულია იმის გამო, რომ არჩეულია სრულიად საქართველოს მუფთი. ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ მუფთი ვერ იქნება არჩეული, რადგან მახინჯ ორგანიზაციაში ვერ მოხდება მისი არჩევა. პიროვნებასთან არ გვაქვს პრობლემა, მთავარია ეს სიტუაცია გამოსწორდეს. ვუთხარით ისიც, რომ აღნიშნული სამმართველოს დაფინანსებაც ვერ იქნება სწორი იმ თვალსაზრისით, რომ ზოგადად ეს არ ემსახურება მუსლიმ თემს. “  _ ამბობს „ქართველ მუსლიმთა კავშირის“  ხელმძღვანელის მოადგილე ტარიელ ნაკაიძე.

 

სამმართველოს რეორგანიზაციის მოთხოვნას მინისტრი პასუხობს:

 

„შესაძლებელია რეორგანიზაცია, ამაში ტრაგედია არ არის. არსებობს სამმართველო, რომელზეც უკვე მიბმულია მრავალი სამართლებრივი კონტექსტი. შესაბამისად მე მივიჩნევ, რომ საჭიროა მისი რეორგანიზება გარკვეული მიმართულებებით. შესაძლებელია წესდებაც გადაიხედოს, შესაძლოა ამა თუ იმ დამფუძნებლის მიზანშეწონილებაზეც იყოს საუბარი, მაგრამ ეს სამსჯელოა. მე არ ვთვლი, რომ ორგანიზაციული და სამართლებრივი პრობლემები შეიძლება გადაულახავი იყოს, როცა არსებობს პოლიტიკური ნება ცვლილებები განხორციელდეს. “

 

რაც შეეხება ბათუმში მეჩეთის მშენებლობის სავარაუდო ადგილს, მუფთის თქმით „იგეგმება ახალი, გრანდიოზული მეჩეთის მშენებლობა. ადგილმდებარეობაზე საუბარს ნუ ვიჩქარებთ. ეს  იქნება არამარტო მეჩეთი, ეს იქნება  მიმზიდველი ადგილი სხვა ქვეყნის ტურისტებისა და ასევე ადგილობრივი მცხოვრებლებისათვის. მადლობელი ვარ იმისთვის, რასაც დღევანდელი ხელისუფლება აკეთებს ხალხისთვის. წინ ამის ფაქტები გვიდევს. მაგალითად, სამცხე-ჯავახეთში აღდგენილი იქნა მინარეთი. ორი დღის წინ ბატონმა პრეზიდენტმა გადაწყვიტა დაფინანსების საკითხი. იმედია მომავალშიც ყველაფერი იქნება გადაწყვეტილი ისე, როგორც ჩვენი მრევლი და რელიგიათა საბჭო ჩათვლის. გაკეთდეს ისე, რომ ისლამი იყოს ჩვეულებრივი მოვლენა საქართველოში. ამ ქვეყნის მშენებლები იყვნენ, არიან და ყოველთვის იქნებიან ქართველი მუსლიმები. “- ამბობს მუფთი ჯემალ პაქსაძე.

 

სასამართლოს გადაწყვეტილება „ორბის“ საქმეზე


მოსამართლე თამარ ბურჯანაძემ სხდომაზე გადაწყვეტილება გამოაცხადა და ლია ლიბერმანის მოთხოვნა – სამშენებლო კომპანია „ორბთან“ დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ბინის საფასურის _ 70 ათასი ლარის უკან დაბრუნების შესახებ, არ დააკმაყოფილა.


ლია ლიბერმანი „ორბს“ იმის გამო უჩიოდა, რომ კომპანიამ მშენებლობის დროს სტატუსი შეცვალა და საცხოვრებელი ტიპის სახლი სასტუმროდ გადააკეთა, რაც მოსარჩელე მხარის განმარტებით, ხელშეკრულებაში არ იყო მითითებული, მან 2010 წელს „ორბისგან“ ბინა, საცხოვრებელი კორპუსის სტატუსით შეიძინა.


სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ამ ცვლილებას ლია ლიბერმანისთვის ზიანი არ მიუყენებია და შესაბამისად მისი სარჩელიც არ დააკმაყოფილა.


თუმცა სამშენებლო კომპანიას მომჩივანისთვის 567 დოლარის გადახდა იმის გამო მოუწევს, რომ კომპანიამ ბინის მშენებლობის ვადები დაარღვია, რაზეც ასევე დაობდა ლიბერმანი. ლია ლიბერმანის უფლებებს ადვოკატი ნოდარ დეისაძე იცავს, კომპანია ორბის ინტერესებს კი – გელა მახარაძე.

მომჩივანი მხარე მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებს.

SMS სერვისი ავტობუსების განრიგის გასაგებად

სერვისით სარგებლობისათვის საჭიროა მგზავრმა აკრიფოს 32+,  კონკრეტულ გაჩერებასთან განთავსებული ელექტრონული დაფის ნომერი და მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გაგზავნოს ნომერზე: 577 55 11 80. ამის შემდეგ  მგზავრი მიიღებს  ინფორმაციას გაჩერებაზე ავტობუსის მოსვლის დროის შესახებ.

მომსახურების ღირებულება ინდივიდუალურია მომხმარებლის მობილური ქსელის ტექსტური შეტყობინების ტარიფების შესაბამისად.  თუ უფასო სმს-სერვისი გაქვთ ჩართული – უფასოა, თუ კორპორატიულით სარგებლობთ  –  1 თეთრი, დანარჩენი – 6 თეთრი.

რას ითხოვს 61 იპოთეკარი

 

 

„წელიწადი და სამი თვეა მოლოდინში ვართ. ჩვენ არ ვითხოვთ თანხის დაფარვას მთავრობისგან. ერთადერთი სურვილი გვაქვს, შუამავლობა გაგვიწიოს ხელისუფლებამ, რომ მივიღოთ დაბალპროცენტიანი გრძელვადიანი სესხები და ამოგვიღონ მოვალეთა სიიდან“-განაცხადა შეხვედრის დამთავრების შემდეგ საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა ლილი მორჩაძემ.

 

მისივე განმარტებით მათი საკითხი ისევ გადაუწყვეტელია.

 

„მთავრობის თავმჯდომარისგან ჯერ-ჯერობით მხოლოდ ეს პასუხი გვაქვს – შევხვდებით და დაველაპარაკებით ბანკირებს“.

როგორც იპოთეკარებმა განაცხადეს, ისინი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ხვალ, 3 საათზე კვლავ შეხვდებიან.

 

აჭარის ფინანსთა მინისტრი შეკითხვამ გააღიზიანა

 

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ უმაღლესი საბჭოს წევრმა ეკა თარგამაძემ დავით ბალაძეს სამინისტროს მიერ განხორციელებული მსხვილი ინვესტიციის დასახელება სთხოვა, რაზეც დავით ბალაძემ  განაცხადა:

 

„ჩვენ პომპეზური საინვესტიციო პროექტი არ დაგვიწყია, მაგრამ მომავალში დავიწყებთ. ვესაუბრეთ სინგაპურებლებს, საქმე ეხება 70 მილიონიანი ლარის სასტუმროს მშენებლობას. იმ პირობებში, როცა ინვესტორებს შეგნებულად აჯარიმებდნენ ყოფილი ხელისუფლების დროს, რთული იყო პირველ წელს ახალი ინვესტიციების მოძიება“.

 

ეკა თარგამაძის შეფასებით მინისტრი მტკივნეულად რეაგირებს კრიტიკაზე.

 

„მე პასუხად მივიღე, რომ ახალი ინვესტიცია რეგიონში არ განხორციელებულა და ამ ერთი წლის მანძილზე სამინისტრო დაკავებული იყო წინა ხელისუფლების პროექტების გადახედვით“- განაცხადა ეკა თარგამაძემ.

 

 

13 მილიონი სოციალური სახლისთვის

 

 

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის დავით ბალაძის თქმით 2014 წელს პრიორიტეტი სოციალური მიმართულება იქნება, რომლის ფარგლებში იგეგმება 13 მილიონიანი პროექტის – „სოციალური სახლის“ მშენებლობა. პროექტი 2017 წლამდე დამთავრდება და ეკომიგრანტებისა და სოციალურად დაუცველთათვის სახლების აშენებას ითვალისწინებს.

 

„სამინისტროს პრიორიტეტი სოციალური კუთხით მუშაობაა. ვიმუშავებთ რომ დაგეგმილი ღონისძიებები აუცილებლად შესრულდეს“ – განაცხადა დავით ბალაძემ.

 

 

 

 

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი საკრებულოს წევრის კითხვებს პასუხობს

 

ზურაბ ფუტკარაძე
ზურაბ ფუტკარაძე

მინისტრი ამბობს, რომ ბათუმის ახლად შემოერთებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობისთვის ვაუჩერების არგაცემის მიზეზად აჭარის სამინისტროს სასოფლო სამეურნეო მიწების არ ქონა არ დაუსახელებია.

 

„გასულ წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ არ  შემოერთებულ ტერიტორიებზე მოსახლეობაზე არ გაცემულიყო ბარათები. ჩვენ სამინისტროს წინაშე რამდენჯერმე დავაყენეთ საკითხი – ამ ხალხს აქვს მიწის ნაკვეთები და ამუშავებს. წელს მათ ეს გაითვალისწინეს“ – განმარტავს ზაურ ფუტკარაძე.

 

მინისტრის  განცხადებითვე, იმ ხალხს, ვისაც არ მიუღია სასოფლო-სამეურნეო ბარათები შარშანდელი დანაკლისი არ აუნაზღაურდებათ.

 

რესურსცენტრის უფროსის ვაკანსიაზე კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები

 

კონკურსის პირველი ეტაპი, რომელიც აპლიკაციების გადარჩევა-შეფასებას გულისხმობდა, 31-დან 17-მა აპლიკანტმა გადალახა.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ, 2014 წლის 27 იანვარს განიხილა შემოსული განაცხადების შესაბამისობა საკონკურსო პირობებთან. კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ ის კონკურსანტები, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ საკონკურსო პირობებს.

 

კონკურსის მეორე ეტაპი – ტესტირება, 31 იანვარს, 12.00 საათზე ქალაქ ბათუმში, მასწავლებელთა სახლში (განათლების ფონდი) გაიმართება. მასწავლებელთა სახლის მისამართია ბაგრატიონის ქ.N121-ში. კონკურსანტებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ერთჯერადი დახმარების გაუქმებული პროგრამა


ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი მევლუდ წულუკიძე ამბობს, რომ პროგრამის შეწყვეტა ფინანსური რესურსის არამიზნობრივად ხარჯვამ განაპირობა. თუმცა სამსახურის უფროსი აქვე იმასაც დასძენს, რომ პროგრამა მალე ამოქმედდება.

 

„უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებზე ერთჯერადი დახმარების“ პროგრამა გასულ წელს 25 000 ლარით დაფინანსდა, რომლის ფარგლებში ფინანსური დახმარება იმ ოჯახებმა მიიღეს, ვისაც ნაკლებად უჭირდა, ხოლო ის, ვისაც უფრო მეტად უჭირდა, დახმარების გარეშე დარჩა. სწორედ ამ ნიუანსმა განაპირობა პროგრამის ამოვარდნა, თუმცა ჩვენ დავინახეთ პროგრამის ამოქმედების საჭიროება, რისთვისაც საკრებულოს დასამტკიცებლად გადავუგზავნეთ ერთჯერადი დახმარების პროგრამა გაზრდილი – 50 000-ლარიანი ბიუჯეტით, რომლითაც გაჭირვებულ ოჯახებს ერთჯერადად 100 ლარით ისევ დავეხმარებით. სოფლისა და თემის რწმუნებულების დახმარებით ყველა ოჯახს გადავამოწმებთ“, – განაცხადა მევლუდ წულუკიძე.

 

2013 წელს სოციალური პროგრამები ხულოში 468 660 ლარით იყო დაფინანსებული, მიმდინარე წლის გეგმა კი _ 388 740 ლარია.

 

საკრებულოს წევრის შეკითხვები აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს

 

ნოდარ დუმბაძე
ნოდარ დუმბაძე

ნოდარ დუმბაძე მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირებს და ცრუ დაპირებად მიიჩნევს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამას, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობის იმ ნაწილს, ვისაც გასულ წელს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ვაუჩერი არ მიუღია, 2014 წელს დაურიგდება აღინიშნული ბარათები.

 

 

„2014 წლის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტში გაჩნდა თანხა, რომელიც ითვალისწინებს ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე 11 ათას სასოფლო-სამეურნეო ბარათის მოსახლეობაზე გადაცემას. წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ არის კითხვები. 2013 წელს ეს ბარათები არ გადაეცა მოსახლეობას. სამინისტრო აცხადებდა, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი არ არსებობდა ქალაქის ტერიტორიაზე. როგორ გაჩნდა წელს თავისუფალი მიწინ ნაკვეთები და აპირებს თუ არა სოფლის მეურნეობის  სამინისტრო იმ დავალიანების დაფარვას, რომელიც გასულ წელს არ მიუღია მოსახლეობას?

 

ვფიქრობ, ეს ამბავი უკავშირდება მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს“ – განაცხადა ნოდარ დუმბაძემ.

 

წერილი საკუთარ თავს – მარიამ კოჩალიძე

 

 

მარიამ კოჩალიძე
მარიამ კოჩალიძე

„როგორც ყველა პატრიოტ ადამიანს, მეც მინდა ვიყო აქტიური მოქალაქე და წვლილი შევიტანო ჩემი ქვეყნისა და ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებაში, მათი კეთილდღეობისთვის ზრუნვაში. ვიცი, რომ ეს ჩემთვის არ იქნება მარტივი, რადგან გარეწინაღობების გარდა მე მიწევს და უკვე ვცდილობ დავამარცხო შინაგანი კომპლექსები, ვცდილობ დავაფიქსირო ყველგან ჩემი აზრი, ვთქვა ჩემი სიტყვა და გამოვხატო გულისტკივილი პრობლემების მიმართ.

 

 

სწორედ ეს არის აქტიური მოქალაქეობა. ვთვლი, რომ ჯერ კიდევ ბევრი მიკლია იდეალურად აქტიურ მოქალაქეობამდე, თუმცა დიდი სურვილი მაქვს, რომ გავხდე ან მიუახლოვდე მაინც იდეალურად აქტიურ მოქალაქეობას.

 

ჩემი ოჯახისთვის, სკოლისთვის თუ ქალაქისთვის ალბათ ბევრი რამის გაკეთება შეიძლება და მინდა კიდეც. ოჯახს მინდა ცხოვრების უკეთესი პირობები შევუქმნა ისე, როგორც ქალაქში მცხოვრებ მოსახლეობას. მინდა, რომ ისინიც ჩავრთო ამ საქმიანობაში და გვერდიდან ყურების მაგივრად უშუალოდ მონაწილეობა მივაღებინო.

 

 

სკოლაში კი, პირველ რიგში, შევქმნიდი თვითმმართველობას, რათა უფრო ახლოს იყოს და უფრო მეტად ჰქონდეს კავშირი დირექციას თავის მოსწავლეებთან და იზრუნოს მათ პრობლემებზე.

 

როგორც აქტიურ მოქალაქეს, ფართოდ მეშლება კარი სამოქალაქო საზოგადოებისკენ, ეს მიქმნის იმის პერსპექტივას, რომ მეც მისი შემადგენელი ნაწილი გავხდე მომავალში და უფრო მეტად შევძლო საზოგადოების საქმიანობაში ჩართვა, ვიყო უფრო გავლენიანი, რათა შევძლო პრობლემების ფათო მასშტაბით მოგვარება.

ჩემი სამოქალაქო აქტიურობის ლოზუნგია _ ცხოვრება მშვენიერია. აქედან გამომდინარე მიზანიც არის ის, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს დავეხმარო, რათა შეიცნონ თავადაც მათი უფლებები, მოვალეობები…

 

 

და ალბათ, პირველ რიგში, საჭიროა, რომ მოისპოს ის გულგრილობა, რომელსაც იჩენს მოსახლეობის დიდი ნაწილი სამოქალაქო საქმიანობის მიმართ“.

 

 

სტიქიით დაზარალებული ოჯახები ბინებს მიიღებენ

 

გასულ წელს მიწისძვრით დაზარალებული 26 ოჯახი კი, რომლებიც იძულებულნი გახდნენ საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინათ, ამ დრომდე ნაქირავებ ბინებში რჩებიან. მთავრობა ამ ოჯახებისთვის გეოლოგიურად მდგრად ადგილზე სახლების მშენებლობის წინადადებას განიხილავს, თუმცა პროექტი ჯერ დამტკიცებული არ არის.

 

გასულ წელს მიწისძვრამ აჭარაში  316 საცხოვრებელი სახლი, მათ შორის რამდენიმე კორპუსი დააზიანა, აქედან სტიქიის შემდეგ საცხოვრებლის დატოვება ხელვაჩაურში ცხრა, ხოლო ქობულეთში 17 ოჯახს მოუწია, ისინი ამ დრომდე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ. 

 

„ნაქირავებში ვართ, ჩვენი სახლი მიწისძვრამ ისე დააზიანა, იქ ვეღარ ვიცოვრეთ  და მუნიციპალიტეტის გამგეობა ჩვენი ბინის ქირის ხარჯს ფარავს.  ვფიქრობ, რომ პრობლემას არ შეგვიქმნიან და ქირის გადახდას მანამდე არ შეწყვეტენ, ვიდრე საკუთარი საცხოვრებელი არ გვექნება“ – ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული ნიკო ჩაიქირდი „ბათუმელებთან.“

 

მიწისძვრით დაზარალებული 26  ოჯახის ბინის ქირის ხარჯს, თითოეულისთვის ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ფარავს. დაზარალებულები იმედოვნებენ, რომ სახელმწიფო მათ ამ თანხით მანამდე დაეხმარება,  ვიდრე  მუდმივ საცხოვრებელს არ შესთავაზებს.

 

 „შევისწავლეთ ყველა  დაზარალებული ოჯახი. დამატებით გამგეობებმა მოგვმართეს იმ ოჯახებთან დაკავშირებით, რომლებიც  საჭიროებდნენ ბინის დაქირავებას. სპეციალურმა კომისიამ  მუნიციპალიტეტების მიხედვით შეისწავლა ზარალი. ვინაიდან თანხა იყო საკმაოდ ბევრი, დაახლოებით 2 მილიონ ნახევრამდე, რეაგირებისათვის წერილი გადავუგზავნეთ  საქართველოს ცენრალურ მთავრობას.  რის შემდეგაც რეგიონალური განვითარების სამინისტროდან ჩამოვიდნენ სპეციალისტები და კიდევ ერთხელ  ადგილზე გასვლით შევისწავლეთ, თუ  რა პირობებში აღმოჩდნენ ეს ოჯახები, შემდეგ ეს მასალები გადაიგზავნა რეგიონალური განვითარების სამინისტროში და ველოდებით გადაწყვეტილებას.“ – ამბობს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე. მისივე ინფორმაციით,  იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც მიწისძვრის შედეგად სახლები დაენგრათ და ახლა ნაქირავებ ბინებში ცხოვრობენ, მთავრობა გეოლოგიურად მდგრად ადგილზე სახლების მშენებლობის წინადადებას განიხილავს.

 

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით,  სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, დაზარალებულების ქირისთვის საჭირო თანხა აჭარის რესპუბლიკურ ბიჯეტში გათვალისწინებული სარეზერვო ფონდიდან გამოიყო. 

ხანძარი ფარნავაზ მეფის ქუჩაზე

ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, ბარაკის ტიპის საცხოვრებელ სახლს ცეცხლი ღამის ათ საათზე წაეკიდა. დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. როგორც ბათუმის სახანძრო სამსახურში „ბათუმელებს“ აცნობეს, თავდაპირველად შემთხვევის ადგილას გასული იყო 5 ბრიგადა, ამ დროისათვის კი ხანძარს ორი სახანძრო ბრიგადა ებრძვის.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებს ამ დროისათვის იკვლევენ.

საკრებულოს შენობაში აქცია შეწყდა

 

 საკრებულოს თავმჯდომარის შუამდგომლობით, აქციის ერთ-ერთი  მონაწილის, ინეზა ბერიძის ოჯახს  რამდენიმე თვით ბინის ქირას ისევ მერია გადაუხდის.

  რა გადაწყვეტილებას მიიღებს მუნციპალიტეტი სოციალურად დაუცველ სხვა  ოჯახების  მიმართ ეს  ერთ კვირაში გახდება ცნობილი.

დღეს დილიდან სოციალურად დაუცველი შვიდი ოჯახი  საკრებულოს თავმჯდომარის მისაღებში  თავშესაფარს ითხოვდა.

 

აქცია საკრებულოს თავმჯდომარის მისაღებში

 

 სოციალურად დაუცველები თავშესაფარს მოითხოვენ.  ისინი საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი ჩავლეიშვილსაც შეხვდენ.

 „აქედან მანამდე არ წავალთ სანამ არ დააკმაყოფილებენ ჩვენს  მოთხოვნას“-განაცხადა  სოციალურად დაუცველმა შუშანა შაინიძემ. ის ამბობს, რომ ქირის საფასურს ვერ იხდის, რის გამოც ბინიდან ასახლებენ.

ირაკლი ჩავლეიშვილმა “ბათუმელებს“ უთხრა, რომ ორ ოჯახს მახინჯაურის ტერიტორიაზე არსებულ შენობაში შესვლა შესთავაზა, მათ კი პირობები დაიწუნეს და უარი განაცხადეს.

„ამ ადამიანებს შევთავაზეთ მახინჯაურის დედათა და ბავშვთა სარეაბილიტაციო  ცენტრში დღესვე გადაყვანა, რომელიც გარემონტებულია, არის ცალკე ოთახი,  ტელევიზორით, თბილი წყლით, მაგრამ უარი გვითხრეს. მათი მოთხოვნაა ბინების  საკუთრებაში გადაცემა. ჩვენ საბინაო ფონდი გვაქვს, მაგრამ ასე ვერ დავარიგებთ მათ, რადგან 1700 ოჯახი დგას     აღრიცხვაზე, რომელებიც ასევე მოითხოვენ ბინებს“.

 

 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მისაღები

 

ბათუმში მანდარინის ფორუმი მიმდინარეობს

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ციტრუსთან დაკავშირებულ პრობლემებზე და შესაძლებლობებზე მსჯელობენ. ფორუმს ფერმერები, მანდარინის ექსპორტიორები, გადამამუშავებელი და შესაფუთი მასალის მწარმოებელი კომპანიები ესწრებიან.

„დღეს მხოლოდ ხარისხიან პროდუქტს აქვს მომავალი. ჩვენ თუ უხარისხო პროდუქციას ვაწარმოებთ, ვერ ვიქნებით კონკურენტუნარიანი. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ფერმერებმა დაიცვან აგროვადები და ხარისხი. ამ მიზნით ვატარებთ ტრენინგებს“  – განაცხადა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრiს მოადგილემ დავით ნატროშვილმა.

მანდარინის ფორუმი USAID-ის ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის (EPI) მხარდაჭერით ტარდება. მისი ხელმძღვანელის ნიკა ჩაჩხიანის განმარტებით ფერმერთა გადამზადება-სწავლება სამი წელია მიმდინარეობს:

„დღემდე  3000 ფერმერი გადამზადდა. პროექტის ბოლო წელს  გადამზადების პროცესშია 800 ფერმერი. ისინი სწავლობენ ბაღის მოვლას, გასხვლას, შხამქიმიკატების გამოყენებასა და მოსავლის აღებას, თუ როგორ უნდა მოიხმარონ უახლესი ტექნოლოგიები და გააუმჯობესონ მოსავალი“-განაცხადა ნიკა ჩაჩხიანმა.

ფორუმი დღის ბოლომდე გაგრძელდება.

ბათუმში მანდარინის ფორუმი პირველად 2013 წლის იანვარში ჩატარდა.

 

არც ერთი ახალი კადრი უმაღლეს საბჭოში

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, კონკურსი 19 ვაკანტურ ადგილზე იყო გამოცხადებული.  საკონკურსოდ რეგისტრაცია 402-მა პირმა გაიარა.

„ბათუმელების“ მოთხოვნაზე, გაესაჯაროებინათ, კონკურსის წესით აყვანილი საჯარო მოხელეების ბიოგრაფიული მონაცემები (CV), უმაღლესმა საბჭომ უარი განაცხადა: „არ გვაქვს პერსონალური ინფორმაციის გაცემის უფლება“.

მოგვიანებით „ბათუმელების“ რედაქციას აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურიდან დაუკავშირდნენ და განაცხადეს, რომ კონკურსის მეორე ეტაპი ჯერ არ დასრულებულა და ჯამბულ კურცხალიძე არასრულ ინფორმაციას ფლობდა.

არასამთავრობოების განცხადება საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით

 

2014 წლის 23 იანვარს, საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის კანდიდატების მეორე ეტაპის კენჭისყრა ჩაატარა. ორივე ეტაპის კენჭისყრის შედეგად, ცხრა ვაკანტურ თანამდებობაზე სულ ოთხი კანდიდატი აირჩა.

არასამთავრობოები თვლიან, რომ სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევმა კომისიამ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნდობა მოიპოვა, ვინაიდან საქმიანობა ღიად, გამჭვირვალედ და კანონის მოთხოვნების შესაბამისად წარმართა – “კომისიის საქმიანობის ხარისხი აისახა პარლამენტისთვის წარდგენილ 27 კაციან სიაში, რომელიც პარლამენტსა და უფლებამოსილ სუბიექტებს აძლევდა არჩევანის საკმაოდ ფართო შესაძლებლობას”.

არასამთავრობოების განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საბოლოო შედეგი ცხრაკაციანი სამეურვეო საბჭოს სახით, არამედ ის თუ როგორ ხდება სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა შერჩევა.

ისინი მიიჩნევენ, რომ კომისიის მიერ პროცესისადმი მაღალი სანდოობის მოპოვების შემდგომ, პარლამენტმა ვერ მოახერხა პროცესის იმგვარად წარმართვა, რომ ეჭვქვეშ არ დაეყენებინა საკუთარი ნება გაეთავისუფლებინა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო პოლიტიკური გავლენისგან.

“სამწუხაროდ, ჯერ კიდევ კომისიის მიერ საქმიანობის დაწყების პირველ დღეებში, მმართველი კოალიციის წარმომადგენელთა განცხადებები კონკურსის ვადის გახანგრძლივებასა და კანდიდატობის მსურველებისათვის დამატებითი შესაძლებლობის მიცემის შესახებ, უმცირესობის დეპუტატთა მიერ კანდიდატთა დასახელების შემდგომ საკუთარი ხმების უკან გამოთხოვის პრეცედენტები, კენჭისყრის პროცესის მეორე ეტაპზე ხმის მიცემისას დამდგარი შედეგი, სადაც არ იკვეთება სუბიექტებს შორის კონსენსუსის მიღწევის მცდელობა, – მიუთითებს მაუწყებლის შესახებ კანონის ცვლილებების სულისკვეთების უგულებელყოფას, რომელსაც უნდა უზრუნველეყო, სუბიექტებს შორის კონსენსუსის საფუძველზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის გამჭვირვალობა და მეტი პლურალიზმი მის საქმიანობაში” – ნათქვამია განცხადებაში.

ისინი საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ, ძველი კომისიის შემადგენლობის პირობებში, უზრუნველყოს ახალი კონკურსის ორგანიზება, რათა მათ მიერ პროცესისადმი უკვე მოპოვებული ნდობა საბჭოს დაკომპლექტების საბოლოო შედეგში იყოს გარანტირებული. ასევე, მიიღოს დროული და ეფექტიანი გადაწყვეტილება, რათა ახალმა სამეურვეო საბჭომ უზრუნველყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შეუფერხებელი საქმიანობა.

განცხადებას შემდეგი არასამთავრობოები ავრცელებენ: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდა”, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა და კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” მედიის განვითარების ფონდი.

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დახმარება იზრდება

 

ეს პროგრამებია:

1. შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე ბავშვთა სოციალური ადაპტაცია. პროგრამა 50 ათას ლარს მოიცავს და განსაკუთებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის   სადღეღამისო ცენტრის შექმნას ითვალისწინებს. 50 ბავშვი, მათ შორის მაღალმთიანი რაიონებიდან, მიიღებს უფასო სამედიცინო მომსახურებას, სადღეღამისო მომსახურებას კვებით, ფსიქოლოგიური დახმარებას, სოციალური უნარ-ჩვევების სწავლებას. ცენტრის ამოქმედება გაზაფხულიდან იგეგმება.

 

2. მიუსაფარ დედათა და ბავშვთა საცხოვრებელით უზრუნველყოფა. პროგრამის ფარგლებში   მარტოხელა ფეხმძიმეებს და დედებს, ვისაც ჰყავთ 10 წლამდე ბავშვი, ექნებათ 24 საათიანი თაშესაფარი. თავშესაფარში ფუნქციონირების მახინჯაურის ყოფილ ჩვილ ბავშვთა სახლში. ამ წუთში იქ, ხუთი დედა და ექვსი ბავშვი აფარებს თავს. 124 100 ლარიან პროგრამის ფარგლებში მათთვის გათვალისწინებულია დღეში სამჯერადი კვება, ტანსაცმლისა და პირადი ჰიგიენის ნივთების გადაცემა. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია აჭარის ნებისმიერ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანს.

 

3. 2008 წელს, რუსეთ საქართველოს ომის დროს და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულთა ოჯახების დახმარება. ერთჯერადი დახმარების პროგრამა 76 ათას ლარს შეადგენს. სოციალური დეპარტამენტის უფროსის ინფორმაციით, ასეთი 18 ოჯახია აჭარაში. სამინისტრო, დედის დღეზე, დაღუპულ მეომართა დედებს და მეუღლეებს, სულ 22 ბენეფიციარს, 1000 ლარს გადასცემს. აგვისტოს თვეში თითოეულ ოჯახი  კი – 3000 ლარის კომპენსაციას მიიღებს.

4. ახალშობილი ტყუპების ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარება. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაცემა იმ ოჯახებზე, სადაც დაიბადება ტყუპი – 2 ბავშვი 2000 ლარის, 3 ბავშვი – 3000 ლარის, 4 ბავშვი – 4000 ლარის ოდენობით (ტყუპისცალზე – 1000 ლარი). ახალშობილი ტყუპების ოჯახების ერთჯერადი მატერიალური  დახმარება აჭარის ჯანდაცვის სამინიტრომ 250 ათასი ლარით განსაზღვრა.

5. სქოლიოზით დაავადებულ ბავშვთა რეაბილიტაცია. პროგრამის ბიუჯეტი 457 300 ლარია და 18 წლამდე, ორი ათასზე მეტი ბავშვისთვის მოიცავს ექიმ-სპეციალისტის კონსულტაციას, რენტგენოლოგიურ გამოკვლევას, სარეაბილიტაციო ღონისძიებებს. თითოეული ბავშშვისთვის განკუთვნილია 178 ლარის სარეაბილიტაციო მომსახურება.

 

გარდა ახალი პროგრამებისა აჭარის ჯანდაცვის სოციალური დეპარტამენტი აგრძელებს ოთხ პროგრამის შესრულებას. ამ პროგრამზებზე, შარშანდელთან შედარებით დაფინანსება გაიზარდა:

სმენადაქვეითებულ მოქალაქეთა სმენით აპარატების უზრუნველყოფის პროგრამაში შარშან იყო 100 ათასი ლარი, წელს 35 ათასი ლარით გაიზარდა და პროგრამის თანხის მოცულობა 135 ათასს შეადგენს.

 

ცერებრალურ დამბლით დაავედებულ ბავშვთა ფსიქოსომატური რეაბილიტაციის პროგრამა, შარშან შეადგენდა 245 ათას ლარს, წელს 350 ათას ლარამდე გაიზარდა. ეს პროგრმა 18 წლამდე ასაკის ორას ორმცდა რვა ბავშვის სარეაბილიტაციო მკურნალობაზეა გათვლილი.   თითოეულ მათგანის მკურნალობა წელიწადში 1400 ლარით დაფინანსდება.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და ხანდაზმულ პირთა გადაადგილების საშუალებებით უზრუნველყოფა შარშან იყო 30 ათასი წელს 45 ათასი ლარს მოიცავს.

100 წელს გადაცილებული მოქალაქეებზე ერთჯერადი დახმარების ხანდაზმულთათვის ერთჯერადი დახმარება 500 ლარით გაიზარდა. ას წელს გადაცილებულები 2014 წლიდან 1000 ლარს მიიღებენ. გასულ წელს პროგრამის ბიუჯეტი 40 ათასი ლარი იყო ოთხმოც ბენეფიციარზე. ხოლო წელს მისი ბიუჯეტი 69 ათასი ლარს შეადგენს. ეს თანხა 63 ბენეფიციარზე უნდა გადანაწილდეს.

პროგრამები ვრცელდება იმ ოჯახებზე ვინც სოციალურად დაუცველ ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაშია.

„ბათუმური საღამოები“ – ფესტივალი ბათუმში

 

ფესტივალს 12  თებერვალს ალეკო აბაშიძის ფოტოგამოფენა  „ფესტივალიდან ფესტივალამდე“ გახსნის. იმავე დღეს გაიმართება კლასიკური მუსიკის კონცერტი, რომელშიც ზ. ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის, რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლისა და მელიტონ ბალანჩივაძის  ხელოვნების სკოლის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას.

 

ფესტივალში მონაწილეობას ნინო ქათამაძე, რომა რცხილაძე და სოფო ხალვაში  მიიღებენ. 27 თებერვალს მუსიკალური ცენტრის სოლისტის, ევროპაში მოღვაწე ტენორის ირაკლი კახიძის სოლო კონცერტი „წვიმიანი მზიანეთი“ გაიმართება.

 

 „ბათუმური საღამოები“  1 მარტს ანრი ჯოხაძის კონცერტით დასრულდება. 

 

 

ხანძრის გამომწვევ მიზეზს კრიმინალისტები დაადგენენ

 

სოფელ მეტეხიაში მაშველები და მეხანძრეები ცეცხლს ოთხი საათის განმავლობაში აქრობდნენ.  „შეშის დამზადების პროცესი დასრულებულია, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა, ამიტომ, შესაძლოა, გამიზნულ ქმედებებთან და დივერსიასთან გვქონდეს საქმე.

წინასწარი ვარაუდოთ გამოვრიცხავთ გლეხის დაუდევრობას“-აღნიშნა   აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა თურმანიძემ  „ბათუმელებთან“ საუბრისას.

 რთული რელიეფის გამო სახანძროს მანქანებს შემთხვევის  ადგილზე მისვლა გაუჭრიდათ ხანძრის ლიკვიდაციას ძლიერი ქარი აფერხებდა. ხანძარი სამ ჰექტრამდე ტერიტორიას, ჩაის პლანტაციებსა და ტყის მასივს გაუჩნდა. 

მამუკა თურმანიძის ინფორმაციით, სამაშველო სამსახურის მორიგე ჯგუფებმა, სახანძრო სამსახურისა და შსს სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა  ნიჩბებით ჩააქრეს ხანძარი.

 

ევროკავშირის რჩეული ფილმები ბათუმში

მათ შორის: ტასოს ბულმეტისის ფილმი, – „სანელებლების გემო“, რეჟისორ დენის ბოტსის ფილმი, – „მაგარი ბავშვები არ ტირიან“. ფილმში ლეიკემიით დაავადებული გოგონას ამბავია გადმოცემული. ჰოლანდიური მაღალბიუჯეტიანი მარია პეტერსის ფილმი, – „სანი ბოი“, რომელიც შავკანიანი სურინამელი მამაკაცისა და თეთრკანიანი ჰოლანდიელი ქალის აკრძალული სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს.

 

ფესტივალზე ნაჩვენები იქნება, ლარს ფონ ტრიერის ფილმი, „მელანქონია“, ანა-გრეტე-ბიარუპ რისის ფილმი, – „ეს ცხოვრება“. ფილმი ეფუძნება ფილების ოჯახის რეალურ ისტორიას, რომელიც ნაცისტური გერმანიის მიერ დანიის ოკუპაციის პერიოდში ოკუპანტებს დაუპირისპირდა.

 

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ასევე, ულრიხ კოლერის კინოსურათი -„ძილის ავადმყოფობა“. რეჟისორ ფეო ალადაგის ფილმი „როცა ჩვენ ვცხოვრობთ“, პაოლო ბიანკინის ფილმი, „მზე შიგნით“, რეჟისორ ივან ნიტჩევის ნაწარმოები „სამყაროს დასასრულის შემდეგ.

 

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ნიკოლა ფილიბერის ფილმი, „ „ყოფნა და ქონა“, სადაც აღწერილია საფრანგეთის პროვინციაში არსებული ერთოთახიანი სკოლის დოკუმენტური პორტრეტი.

 

ჩეხური ფილმი, „ავაზაკები“, რომელიც ახალგაზრდა წყვილისა და მათი სამი შვილის შესახებ მოგვითხრობს.

 

რეჟისორ ლაილა პაკალნინას  ფილმი, „პიცები“. ფესტივალზე ნაჩვენები იქნება ასევე რეჟისორ შტეფან ტოლცის დოკუმენტური ფილმი საქართველოზე, „სრული სვლით დასავლეთისკენ-საქართველო მომავლის ძიებაში “ და  კიდევ რამდენიმე საინტერესო კინოსურათი.

 

ფილმების ჩვენება 18:00 საათზე  კინოთეატრ  „აპოლოში“ გაიმართება. ფესტივალზე დასწრება უფასოა.

 

კინოფესტივალი ბათუმში

 

 

 

45 მლნ წყლის სისტემების რეაბილიტაციისთვის

 

მომდევნო ეტაპში, რომელიც პროექტის ფინანსური მხარის განხილვას ითვალისწინებს, მხოლოდ ის კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც წინასაკვალიფიკაციო ეტაპს – ტექნიკურ პირობებს დააკმაყოფილებენ. სააბოლოო შედეგები დაახლოებით 2 თვეში გახდება ცნობილი.

აღნიშნული სამუშაოების ღირებულება 7 მლნ ევროს შეადგენს, აქედან 4 მლნ ევროს სამეზობლო ინვესტირების ფონდი (NIF) გრანტის სახით აფინანსებს, ხოლო დარჩენილ თანხას ადგილობრივი თვითმმართველობა გაიღებს.

ჯამში, წყლისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაციის მესამე ფაზის სამუშაოებისთვის 45 მლნ ევრო დაიხარჯება, რომლითაც თამარის, ბონი-გოროდოკის, ანგისის და აეროპორტის დასახლებების წყლის სისტემების რეაბილიტაცია და მშენებლობა არის გათვალისწინებული.

პარალელურად, ბათუმის თვითმმართველობა ჭაობის სანიაღვრე სისტემის გამართვისთვის 7 მლნ ევროს დახარჯავს.

 

უმაღლესი საბჭოს წევრი, ბორდის დაკომპლექტებას თამაშს უწოდებს

„ეს არის რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილების პირდაპირი იგნორირება, რაც რთულად აისახება აჭარის უმაღლეს საბჭოსა და საქართვლოს პარლამენტს შორის მომავალ ურთიერთობაზე.

 

ვფიქრობ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს არჩევანს პატივი სცეს ქართული ოცნების უმრავლესობამ. რომ აღარ მოხდეს ორჯერ წარდგენილი ღირსეული კანდიდატის ჩავარდნა. 

 

იმისათვის რომ უმრავლესობის ლობირებული კანდიდატი არ დამტკიცდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში, უმაღლესი საბჭოს იმ წევრებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს გენო გელაძის კანდიდატურის დამტკიცებას, არ უნდა  მიიღონ   კენჭისყრაში მონაწილეობა, თანამდებობა კი ვაკანტური დარჩება” – განაცხადა პეტრე ზამბახიძემ პრესკონფერენციაზე.

 

უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის 5 წევრის შერჩევაზე კიდევ ერთხელ გამოაცხადებს კონკურსს.

 

 

პეტრე ზამბახიძე

 

 

 

საკრებულოს მრჩეველთა საბჭოში წევრები შეიცვლებიან

საკრებულოსთან არსებული მრჩეველთა საბჭო  19 წევრისგან შედგება. ქალაქ ბათუმში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ბიზნეს სექტორისა და მასმედიის საშუალებების ორ–ორი წარმომადგენლისაგან.

საბჭოს დანარჩენ 13 წევრს წარმოადგენს ადგილობრივი მოქალაქეები, ბათუმის 13-ვე ტერიტორიული ერთეულის მიხედვით („საზოგადოებრივი დარბაზის“ თავმჯდომარეები).

საბჭო არის საკრებულოს სათათბირო–საკონსულტაციო ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს თვითმმართველობის საქმიანობის გამჭვირვალობას და მის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობას.

საბჭოს წევრების არჩევა ხდება ერთი წლის ვადით.

პასუხი სოფლის მეურნეობის მინისტრს

 

„გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ  მინისტრის გაღიზიანება და არაკორექტულობა გამოიწვია ჩვენს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციისა და მინისტრის ბიზნეს-ინტერესების კავშირმა“-აცხადებენ ორგანიზაციის წევრები.

 ორგანიზაციის წევრებმა  24 იანვარს სოფლის მეურნეობის სამინისტროში ბრიფინგი გამართეს და მინისტრის გადადგომა მოითხოვეს, რადგან  მათ დროულად ვერ მიიღეს საჯარო ინფორმაცია,  რომელიც „საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, მუნიციპალიტეტების მიხედვით ვაუჩერების გაცემას ითვალისწინებდა.

ზაურ ფუტკარაძემ არასამთავრობო ორგანიზაციის ბრალდებებს ასე უპასუხა: „ძალიან სუსტი მოსწავლეები ჰყავს „ნაციონალურ მოძრაობას“ გაზრდილი, ადამიანმა ჯერ რძე შეიშროს და ისე ისაუბროს სამინისტროზე“.

მინისტრის განცხადებით, ინფორმაციას რომელსაც ორგანიზაციის წევრები მისგან მოითხოვნდნენ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან უნდა გამოეთხოვათ. 

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა თქმით, მათთვის მიუღებელია, მინისტრის მცდელობა, ორგანიზაციის საქმიანობა დაუკავშიროს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას.

 

შესაძლოა ბათუმში არსებული ყველა საშაურმე შემოწმდეს

 

ორშაბათს შევიკრიბებით და ალბათ დაიგეგმება უნდა შემოწმდეს თუ არა ყველა საშაურმე“.   მისივე თქმით, ორშაბათისთვის თბილისიდან მონიტორინგის  ჯგუფი  ბათუმში მოდის, რომელიც კიდევ ერთხელ გააკეთებს დეტალურ შემოწმებას.

მანამდე კი სურსათის უვნებლობის სააგენტოს აღებული აქვს ნიმუშები თუ რა ინგრენდიენტებისაგან შედგებოდა საკვები და საიდან იძენდა აღნიშნული ობიექტი პროდუქციას.

თამარ ბერძენიშვილის განმარტებით,  მასალები შესასწავლად თბილისშია გადაგზავნილი. პასუხი ოთხი დღის შემდეგ გახდება ცნობილი.   

Exit mobile version