სიახლეები

ბათუმის გათავისუფლების ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის დღე

23.03.2014 •
ბათუმის გათავისუფლების ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის დღე

„დღეს პატივს მივაგებთ იმ უამრავ ქართველს, რომლებმაც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მიიღეს მონაწილეობა აქ მიმდინარე ბრძოლებში. თავი გასწირეს  ქვეყნისთვის. სწორედ ეს გახდა ერთიანობისა  და თავგანწირვის სიმბოლო მთელი ქვეყნისათვის,“  –  განაცხადა ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა.

იქ, სადაც ბათუმის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების  საფლავები იყო განთავსებული, დღეს სკვერია მოწყობილი და ჯვარია აღმართული. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის, ირაკლი ჩავლეიშვილის თქმით, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, როდის და რა ფორმით დაიდგმება  მემორიალი.

„ამ სკვერთან დაკავშირებით მრავალჯერ იყო გადაწყვეტილება  მიღებული, მაგრამ  დღეს რაც არის ის არის. ვერ წავიწიეთ წინ. დგას ჯვარი. ჯვარი სიმბოლოა, გამოხატულებაა  დაღუპული ადამიანებისა და ამ ადამიანებმა თავიანთი გმირობით უკვდაყვეს თავიანთი თავი. რა ფორმას მიიღებს შემდეგში, რა ძეგლი დაიდგება და როგორი კომპოზიცია იქნება, ეს არის ჯერ გადაწყვეტილი,“ – განუცხადა „ბათუმელებს“ ირაკლი ჩავლეიშვილმა.

დღესვე ბათუმელი ფოტოგრაფის, გიზო ჩიგოგიძის ფოტოგამოფენა გაიმართა, რომელიც 90-იან წლებში, ბათუმის გათავისულფებისთვის ბრძოლაში დაღუპულთა საფლავების აღმოჩენის პერიოდს ასახავს.

1921 წლის მარტში, მას შემდეგ რაც თებერვალში საქართველოს გაასაბჭოეს, თურქეთის საჯარისო ნაწილებმა ბათუმის ოლქი დაიკავეს. ქართველმა გენერალმა მაზნიაშვილმა, ბათუმი თურქი ჯარისკაცებისგან გაათავისუფლა. ბათუმის გათავისუფლების ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლათა დღეს ყოველწლიურად, 23 მარტს აღნიშნავენ.

გადაბეჭდვის წესი