სპორტი

მკლავჭიდელი ჩემპიონები

22.03.2014 • 2336
მკლავჭიდელი ჩემპიონები

 

დარინა ცეცხლაძე

 

სხვადასხვა წონით კატეგორიაში აჭარიდან კიდევ ხუთმა მკლავჭიდელმა მოიპოვა პირველობა. 21 წლამდე ბიჭებს შორის პირველი ადგილი ლევან პოღოსიანმა და მერაბ კაკაბაძემ მოიპოვეს, 21 წელს გადაცილებულ გოგონებს შორის კი – მარინა ფუტკარაძემ, ნინო მახარაძემ, დარინა ცეცხლაძემ და ლამზირა ლეონიძემ. მკლავჭიდის ჩემპიონატში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან დაახლოებით 400  სპორტსმენი მონაწილეობდა. როგორც აჭარის მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი გოჩა შავაძე ამბობს, აჭარამ საუკეთესო შედეგი აჩვენა.

 

გოჩა შავაძე: „წლების განმავლობაში წარმატებულად გამოდიან ჩვენი მკლავჭიდელები, განსაკუთრებით უფროსი ასაკის გოგონები, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატზე სხვა რეგიონების სპორტსმენებს არ უტოვებენ მედალს. მედლების 96 პროცენტი წელსაც გოგონებმა მოიპოვეს აჭარიდან. წელს ლამზირა ლეონიძემ პირველად მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული +65 წონით კატეგორიაში, მარცხენა მკლავში. აღსანიშნავია გასული წლების საქართველოს ჩემპიონები, მარინე ფუტკარაძე, რომელსაც ბადალი არ ჰყავს საქართველოში და არა მარტო საქართველოში. ბიჭებში ყველაზე კარგად წელს პირველად გამოვიდა 80-კილოგრამ წონით კატეგორიაში 17 წლის გია მარკოიძე (მარცხენა მკლავი), რომელმაც მესამე საპრიზო ადგილი აიღო და ჩვენი სპორტსმენი, 21 წლამდე მაჰმუდ ჭელიძე, რომელმაც მეორე საპრიზო ადგილი აიღო 21 წლამდე. განუმეორებელია მერაბ კაკაბაძე, მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი, მარცხენა მკლავში პირველი ადგილის მფლობელი. ბიჭებიდან გვაქვს შემდეგი შედეგი: პირველი ადგილი – 6, მეორე – 5, მესამე ადგილი – 5.

 

მკლავჭიდელები შეკრებებს და წვრთნებს ბათუმის უნივერსიტეტის სპორტულ დარბაზში გადიან. მათ წვრთნებს თემურ ლიპარტაშვილი უტარებს. ნინო მახარაძე კი, რომელიც სტუდენტია და თბილისში ღია უნივერსიტეტში სწავლობს, უნივერსიტეტის სპორტდარბაზში ემზადება დამატებით შეჯიბრებისთვის, რომელიც საქართველოდან ევროპის ჩემპიონატში მონაწილე გოგონების შერჩევას ითვალისწინებს. ნინო 22 წლისაა, იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობს. ამჟამად მას ორი მიზანი აქვს: წარჩინებული სწავლით მოიპოვოს გრანტი და მოემზადოს ევროპის ჩემპიონის შესარჩევი შეჯიბრებისთვის. კითხვაზე, თუ რამ გამოიწვია მკლავჭიდისადმი მისი დიდი ინტერესი, ის პასუხობს:

 

„მიჭირდა იმასთან შეგუება, თუ როგორ შეიძლება ყოფილიყო ქალი მკლავჭიდში. ამან გამოიწვია ჩემში დიდი ინტერესი. გოჩა შავაძესთან შემთხვევით მოვხვდი, შემომთავაზა ხელვაჩაურში გამართულ ჩემპიონატში მიმეღო მონაწილეობა და აქედან გამიჩნდა სურვილი, რომ ვყოფილიყავი უფრო მაღალ სტატუსზე, გავმხდარიყავი აჭარის ჩემპიონი, საქართველოს ჩემპიონი. უკვე მეხუთე წელია, რაც ამ სპორტში ვარ და ძალიან მომწონს. უკვე სამგზის საქართველოს ჩემპიონი ვარ. დიდ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს, ძალიან დიდს, რაც ბევრი ქალისთვის შეუძლებელია. ჩემთვისაც თავიდან რთული იყო, როცა გიწევს მძიმე წონასთან მუშაობა, მაგრამ თანდათან ყველაფერს ეჩვევი და როცა მიგაჩნია თავი წარმატებულ სპორტსმენად, უფრო და უფრო გიძლიერდება სურვილი, მეტი იმუშაო უკეთესი შედეგისთვის“.

 

ნინო მახარაძე

 

ნინო ყოველდღიურად სამ საათს ვარჯიშობს.

 

დარინა ამბობს, რომ ტექნიკური თვალსაზრისით ქალიც ისე ვარჯიშობს, როგორც კაცი. მას ქალის ასპარეზობა უფრო საინტერესოდ მიაჩნია: „ქალის ასპარეზობის დროს მკლავჭიდზე უფრო მეტი მონდომება მოდის. ყველაზე კარგი მომენტია, როცა ხელს წევ და უკან გესმის რამდენიმე ასეული ადამიანის ხმა, მათი შეძახილები, ეს გამხნევება ორმაგ დატვირთვასა და პასუხისმგებლობას გაკისრებს“.

 

აჭარის მკლავჭიდის ფედერაცია ოფიციალურად 2009 წელს ჩამოყალიბდა. დღემდე მას ჩატარებული აქვს დაახლოებით 80 ტურნირი. ფედერაციის პრეზიდენტი გოჩა შავაძე აღნიშნავს, რომ დეპარტამენტის დახმარებით, რომელმაც რვა მაგიდა შეუძინა მათ, პრიზიორების რიცხვი გაიზარდა. გადაწყვეტილია, რომ რამდენიმე სპორტსმენი ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას. მაისში მერაბ კაკაბაძე ბაქოში გაემგზავრება ევროპის ჩემპიონატზე. ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს ასევე გოგონებიდან მარინა ფუტკარაძეც, და შესაძლოა ნინო მახარაძე, თუკი ის შესარჩევ ეტაპს გადალახავს. 

გადაბეჭდვის წესი