Batumelebi | უნივერსიტეტის რექტორის შესახებ უნივერსიტეტის რექტორის შესახებ – Batumelebi
RU | GE  

უნივერსიტეტის რექტორის შესახებ

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის,

საერთაშორისო ურთიერთობების მე-4 კურსის სტუდენტი

 

 
 
 
უნივერსიტეტში ყველაზე აქტიური განხილვის საგანი ბოლო პერიოდში ბატონი ალიოშა ბაკურიძის თანამდებობიდან გადადგომა-დარჩენის საკითხია. საკითხის განხილვისთანავე გააქტიურდნენ რექტორობის მსურველი კანდიდატები, რომლებიც უხვად არიან, მაგრამ ღირსეული კანდიდატის პოვნა, ვფიქრობ, ძალიან გაჭირდება. ახლა უნივერსიტეტში დაიწყო არსებული სიტუაციის და ბატონი ალიოშას მოღვაწეობის ანალიზი. უნივერსიტეტში ნამდვილად არის ბევრი პრობლემა, ჩვენი უნივერსიტეტი, სამწუხაროდ, ვერ პასუხობს ევროპულ სტანდარტებს თავისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ლიტერატურით, პროფესორ-მასწავლებლებით, მაგრამ უნდა ვიყოთ ობიექტურები და ადეკვატურები. დაახლოებით ხუთი წლის წინ უნივერსიტეტში ეს პრობლემები იყო ორმაგი და სამმაგი მოცულობით. სამწუხაროდ, უნივერსიტეტს არ გააჩნია იმდენი ფინანსები, რომ ერთი ხელის მოსმით გააუმჯობესოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ჩვენს რეგიონში არ არის კონკურენცია სამეცნიერო-აკადემიურ წრეებში და ამ პრობლემების მოგვარებას წლები სჭირდება, მაგრამ წინ გადადგმული ნაბიჯები და პროგრესი ამ პრობლემების მოსაგვარებლად უკვე ყოველწლიურად იგრძნობა.
 
 
 
ალიოშა ბაკურიძის სახელს უკავშირდება საგამოცდო ცენტრის შექმნა, წარმატებული თანამშრომლობა და გაცვლითი პროგრამები ევროპის უნივერსიტეტებთან (მოგეხსენებათ, ამ მხრივ ჩვენი უნივერსიტეტი მესამეა საქართველოში), საგამოცდო ბარიერების დაწესება, აკადემიური პერსონალისათვის ხელფასების გაზრდა, აკადემიური პერსონალის პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობის მონიტორინგი და უამრავი სხვა რეფორმა, რომელთა შედეგადაც აკადემიური მოსწრების და საქმიანობის ხარისხი, როგორც სტუდენტების, ასევე ლექტორების, საგრძნობლად გაიზარდა. ლექტორებმა უფრო მეტად გააცნობიერეს მათი სამსახურებრივი მოვალეობები და პასუხისმგებლობა. ბიბლიოთეკა, რომელიც ყოველთვის თითქმის ცარიელი იყო, ახლა უკვე ვეღარ იტევს სტუდენტებს საგამოცდო სესიების დროს.
 
 
 
სტუდენტებში ყველაზე დიდ უკმაყოფილებას იწევს კონდიცირების სისტემის არ არსებობა, ზოგიერთ კორპუსში გათბობისა და ინტერნეტის არ არსებობა და ეს უკმაყოფილება სრულიად სამართლიანია, მაგრამ ვინც იცის, თუ როგორ არის გადანაწილებული კომპეტენციები უნივერსიტეტის მმართველ რგოლებს შორის, ის ალბათ ხვდება, რომ რექტორის უშუალო კომპეტენციასა და მოვალეობაში შედის არა ზემოთ აღნიშნული პრობლემები, არამედ უნივერსიტეტში აკადემიური დონის გაუმჯობესება და ამ მხრივ, ვფიქრობ, ყველაფერი პოზიტიურად ვითარდება.
 
 
რა თქმა უნდა, იყო გარკვეული ხარვეზები: აუდიტორიების ვიდეომონიტორინგი, ფაკულტეტების მუდმივი რეორგანიზაციები, მაგრამ საერთო ჯამში, ჩემი აზრით, ალიოშა ბაკურიძე არის კარგი მენეჯერი და რექტორი.
 
 
იმედი მაქვს, რომ ის ვადის ამოწურვამდე, ანუ 2016 წლამდე, გააგრძელებს მოვალეობის შესრულებას.
საუბრის დასასრული
 
 
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ლევან ტარიელაძე