კვირის ამბები

“ერი”, რომელსაც თვლემს

25.03.2014 • 4086
“ერი”, რომელსაც თვლემს

 

 

„სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირიო” – დღეს ჩვენს რეალობაში ეს ანდაზა ზედმეტად აქტუალურია, შეიძლება საჯაროდ ნაკლებად ჟღერს, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების პოზიცია ამ ოთხსიტყვიან მოსწრებულ ფრაზაში გამოიხატება. შეიძლება ვინმე შემომედავოს – ჩვენ ხომ ის ერი ვართ, ვინც საუკუნეთა მანძილზე ერთმანეთს ვედექით გვერდითო, ჩვენ ხომ ჩვენი ძმები არასდროს მიგვიტოვებიაო, ჩვენ ხომ საუკუნოვანი ტოლერანტი ერი ვართო, მაგრამ დღეს საქართველოში არსებული რეალობა სხვა რამეზე მეტყველებს.

 

ჩემი „რადიკალური” მოსაზრებები ზოგს შეიძლება უსაფუძვლო მემარცხენული გაზვიადების ნაყოფი ეგონოს, მაგრამ უბრალოდ მე მინდა შევხედოთ ფაქტებს ინტერპრეტაციების გარეშე, რა გვაღელვებს და რა მიგვაჩნია უმნიშვნელოდ. თანამედროვე რეალობაში ამის გაზომვის ერთ-ერთ კარგ საშუალებად სოციალური ქსელები გვევლინება (ამას საზოგადოებრივი აზრის მკვლევარებიც ადასტურებენ). ჩვენში ცუკერბერგისეულ ლურჯ ქსელში ბოლო თვეების მთავარი თემები იყო: ნინი ბადურაშვილის ქორწინება-განშორების ამბები, ია ფარულავას გათხოვება-გაშორება-შერიგების „სკანდალი“, უცნობი მსახიობის სექსზე გაჟღერებული ფრაზები და სხვა მრავალი მსგავსი „სკანდალები”.

 

შემდეგ საფეხურზე დგას „ეშმაკისეული ID”-ის გარშემო არსებული დისკუსია „ბნელებსა” და „პროგრესულებს” შორის, „ქართველობას გვართმევენს” გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი და მოფაშისტო გამომცემლობების სტატიები.

 

თითქოს არაფერია ამაში გასაკვირი, გლობალურ სამყაროში მსგავსი თემებისადმი ინტერესიდან გამომდინარე, მაგრამ აქ დგას მეორე საკითხი: ამ „თემების” კვალდაკვალ სხვა საკითხებზე რამდენად მიდის მსჯელობა საზოგადოებაში.

 

ჩვენს საზოგადოებას არ აღელვებს:

 

  •  ყოველწლიურად 1000-მდე ბავშვის შიმშილითა და არასრულფასოვანი კვებით დაღუპვა;
 
  •  ყოველწლიურად ათობით მუშის არასათანადო პირობებისა და ხშირად უხეშად დარღვეული უსაფრთხოების ზომების გამო დაღუპვა;
 
  •  ათასობით მუშის საშიშ პირობებში მუშაობა და შეურაცმყოფელი ხელფასები;
 
  •  გამწვანების გარეშე დარჩენილი ქალაქები;
 
  •  თავიანთი თანამოქალაქეები, რომლებსაც ლამის ეკოციდს უწყობენ ერთეულების მოგების გასაზრდელად;
 
  •  თანამოქალაქეები, რომელთაც დაუკითხავად ყრიან თავიანთი მამაპაპისეულ მიწა-წყლიდან შესაბამისი კომპენსაციის გარეშე;
 
  •  ის მომავალი ახალი თაობა, რომელიც უსახსრობის გამო ვერ სწავლობს;
 
  •  თანამოქალაქეები, რომლებიც უსახსრობის გამო ვერ იღებენ შესაბამის სამედიცინო დახმარებას.
 

სია შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს, მაგრამ, ვფიქრობ, დასკვნისთვის ეს ყველაფერი საკმარისზე მეტია. დასკვნა კი ძალზე მარტივია: ჩვენ ვართ „ერი“, რომელსაც გაუთავებელი „თრობის” შედეგად უკვე მერამდენედ „ტკბილად” გვძინავს (თუმცა ჯერ უიმედოდ არა), გამოღვიძების ჟამს კი ცუდი საქციელი გვახასიათებს, „მაგიდაზე“ არსებული ნივთების მტვრევა და მაგიდის კიდეების დაზიანება. თუ ძალა გვეყო და ჩაფსკვნილი მეზობელიც დაგვეხმარა, კიდეების მტვრევაც. გამოღვიძებულს კი გვახასიათებს „წარსულის დიადი მოგონებების~ ხშირად შეხსენება სხვებისადმი, იმის დასამტკიცებლად, რომ დათრობამდე ჩვენც „კარგი ხალხი” ვიყავით. გამოფხიზლებულს გვახასიათებს თავის მოკატუნება, ალბათ იმიტომ, რომ რეალობა ჩვენს თავმოყვარეობას ლახავს, თავის მოკატუნების ხშირად განმეორება კი ქრონიკულ ჩვევად გადაგვექცა და ჩვენში აშკარა დიდი ძილის წინარე ეტაპს, ერთგვარ თვლემას იწვევს.

 

სანამ ძილის ახალ ტალღას მივეცემით, დროა ხმაურიანად შევაჯანჯღაროთ და „ცივი წყალი~ გადავასხათ „ერს”.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: