Batumelebi | არჩევნების სამზადისი არჩევნების სამზადისი – Batumelebi
RU | GE  

არჩევნების სამზადისი

 

როგორ ემზადება თვითმართველობის არჩევნებისთვის „ქართული ოცნება“ და  „ნაციონალური მოძრაობა“ მაღალმთიან აჭარაში, რა კრიტერიუმით არჩევენ საპარლამენტო პარტიები კანდიდატებს და როგორ დაკომპლექტდება პროპორციული თუ მაჟორიტარული სიები –  ამ საკითხის გარკვევას „ბათუმელები“  შეეცადა. 

 

გამგებლის, პროპორციულ და მაჟორიტარული სიით ერთიან კანდიდატზე „ქართული ოცნება“ ხულოში ჯერ არ შეთანხმებულა, კოალიციაში შემავალი პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ რამდენიმე კანდიდატს განიხილავენ, მათი ვინაობა საჯაროდ არ სახელდება.

 

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ხულოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე რამაზ ძირკვაძე ამბობს, რომ მაჟორიტარები აქ პრაიმერით შეირჩევიან.

 

„რამდენიმე სავარაუდო კანდიდატს განვიხილავთ, მაგრამ ვინაობას ვერ დაგისახელებთ, შესაძლებელია შეიცვალოს საარჩევნო სია. კოალიციურ შტაბში შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც თემებში პრაიმერს ჩაატარებს, პრაიმერი გამოავლენს მაჟორიტარობის კანდიდატებს, ხულოელებმა უნდა გადაწყვიტონ მათი კადრები. ვფიქრობ, ყურადღება პროფესიონალიზმს და ხალხისთვის მისაღებ პიროვნებას მივაქციოთ, თვითმართველობაში უმრავლესობით მოვალთ“, – აცხადებს რამაზ ძირკვაძე.

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ გამგებლის კანდიდატად აქ მოქმედი გამგებლის ბესიკ ბაუჩაძის კანდიდატურას განიხილავს. რამაზ ძირკვაძე ამ შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

 

„ბესიკ ბაუჩაძე დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, არ არის გამორიცხული დასახელდეს კიდეც კანდიდატად. ერთი კი ცხადია, ის, ვინც ხულოს საკრებულოში „ნაციონალური“ პარტიით შევიდა და ახლა „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს, კანდიდატად არ დასახელდება,“ –  ამბობს რამაზ ძირკვაძე.

 

გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე ამბობს, რომ კენჭისყრას აპირებს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

 

„ნაციონალურ“ხულოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე კახა დეკანაძე ამბობს, რომ კადრებთან დაკავშირებით მუშაობა ჯერ არ დაუწყიათ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, სიის პირველ ნომრად საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარის, ნოდარ თავართქილაძის კანდიდატურა განიხილება.

 

„ნაციონალური მოძრაობა“ კანდიდატებს არ ასახელებს შუახევშიც. „ბათუმელების“ ინფორმაციით, გამგებლობის კანდიდატად მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი ნუგზარ ამაღლობელი, პროპორციული სიით პირველ ნომრად კი მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მევლუდ ჭურკვეიძე განიხილება. ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“  შუახევის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე სოსლან ზოიძე არ უარყოფს. მისი განცხადებით, კანდიდატებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას დელეგატებთან ერთად პოლიტსაბჭო მიიღებს.

 

„რამდენიმე კანდიდატზე მიმდინარეობს მსჯელობა, საბოლოო გადაწყვეტილებას, დელეგატებთან და პოლიტ საბჭოსთან ერთად მივიღებთ და დაახლოებით ერთ თვეში გახდება ცნობილი. კანდიდატად შეიძლება ჭურკვეიძეც დასახელდეს, მეგრელიძეც, ამაღლობელიც და სხვებიც, არც ის არის გამორიცხული, მოსახლეობაში გამოკითხვა ჩავატაროთ. მაქვს მოლოდინი საკმაოდ მაღალ პროცენტს ავიღებთ არჩევნებზე, მაჟორიტარებში ნახევარზე მეტს მაინც გავიყვათ“, –  ამბობს სოსლან ზოიძე.

 

„ქართული ოცნების“ შუახევის ორგანიზაციის თავჯდომარის, ნოდარი ქარცივაძის თქმით, სიით და მაჟორიტარი კანდიდატები ადგილზე შეირჩევიან, გამგებლის კანდიდატურაზე კი პოლიტსაბჭო იმსჯელებს.

 

„შუახევის საკრებულოს მომავალი ბედი მხოლოდ შუახევში უნდა გადაწყდეს, აქ მაცხოვრებლებმა უნდა შეარჩიონ,“ –  ამბობს ნოდარ ქარცივაძე.

 

შუახევის მოქმედი გამგებელი, ტარიელ ებრალიძე ამბობს, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტლება არ მიუღია. „მაგრამ, თუ მივიღებ მონაწილეობას, კენჭს მხოლოდ გამგებლობაზე ვიყრი“, – ამბობს ის. 

 

ვის წარადგენს გამგებლად „ქართული ოცნება“ ქედაში, ამ ეტაპზე უცნობია. პარტიას ქედაში რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე არ ჰყავს, სიით პირველ კანდიდატად ამირან დევაძე მოიაზრება.

 

ქედის მოქმედი გამგებელი დავით დუმბაძე ამბობს, რომ შეთავაზებას თუ მიიღებს, უარს არ იტყვის.

 

„ეს საკითხი იმ პარტიის გადასაწყვეტია, რომელსაც წარმოვადგენ. თუ შემომთავაზებენ უარს ნამდვილად არ ვეტყვი. ამბიციური გეგმები მაქვს ქედის ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით“, –  აცხადებს დავით დუმბაძე.

 

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, ქედის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვაჟა ბოლქვაძე ამბობს, რომ ყველა კანდიდატს პრაიმერით შეარჩევენ.

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა“ ქედაში პარტიის ორგანიზაციის თავმჯდომარის, მუნიციპალიტეტის ყოფილის გამგებლის, ვაჟა ბოლქვაძისა და საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის მოადგილის, ჯემალ შარაძის  კანდიდატურებს განიხილავს გამგებლის პოზციაზე, სიაში პირველ ნომრად კი ქედის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ზვიად თურმანიძე და საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე ბადრი დიასამიძე განიხლებიან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ეკა ბარამიძე