კვირის ამბები

ჯარიმები ხე-ტყისა და ხრეშის უკანონო მოპოვებისთვის

24.03.2014 • 3240
ჯარიმები ხე-ტყისა და ხრეშის უკანონო მოპოვებისთვის

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მაღალმთიან აჭარაში გასულ და მიმდინარე წელს, გარემოსდამცველებმა არაერთი ისეთი ჯარიმა გამოწერეს, რომელიც მდინარის კალაპოტიდან ინერტული მასალის მოპოვებას უკავშირდებოდა. არადა, ეს მდინარეები ჰესების მშენებლობის გამო სულ მალე უნდა დაიტბოროს.

 

„შუახევში კაცი რომ ცხოვრობს და ბებიის სასაფლაოს ვერ აკეთებს, ეს ხომ წარმოუდგენელია. სოფელში ხშირია ფაქტი, როცა ადამიანებს აჯარიმებენ მდინარიდან ქვა-ღორღის ამოღებისთვის და ტყის გაჩეხვისთვის. ტყე უნდა დავიცვათ და ბუნება, მაგრამ ხე მოჭრა გასათბობად და დაგაჯარიმონ?! გაჭირვებული გლეხისთვის ჯარიმებით ამოხრჩობა ძნელია“, – ამბობს სოფელ პაპოშვილების რწმუნებული სულიკო ფუტკარაძე. 

 

 

სწორედ მისი შუამდგომლობითა და დახმარებით არ დააჯარიმა სასამართლომ მდინარიდან ქვა-ღორღის ამოღებისთვის ის ადამიანი, ვისაც ბებიის საფლავის მოპირკეთება უნდოდა და ამისთვის მდინარიდან ინერტული მასალა ამოიღო. მეზობლებმა და სოფლის რწმუნებულმა სოფელში ხელწერები შეაგროვეს, ბებიის გარდაცვალების დოკუმენტი თან დაურთეს და მოსამართლეს გაუგზავნეს.

 

დაჯარიმებული საჯაროდ საუბარს ერიდება.

 

წელს, 10 იანვარს, ხელვაჩაურის რაიონის მოსამართლე ამირან ძაბუნიძემ 640 ლარით დააჯარიმა მოქალაქე გარემოზე ზიანის მიყენების გამო. დაჯარიმებულმა ერთი ძირი თხემლის ხე მოჭრა. მან განმარტა, რომ ხე ზამთარში ოჯახის გასათბობად სჭირდებოდა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის მოქალაქეს დამატებით 500 ლარის ჯარიმა დაეკისრა.

 

ასი სანტიმეტრის წიფლის ჯიშის ხე მოჭრა ხელვაჩაურში მცხოვრებმა კიდევ ერთმა მოქალაქემ. მოსამართლემ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 652 ლარად შეაფასა. ადმინისტრაციული ჯარიმის სახით ამ მოქალაქესაც, დამატებით 500 ლარის გადახდა დაეკისრა.

 

2011, 2012, 2013 წლებში, ხელვაჩაურის რაიონული, ქედის, ხულოსა და შუახევის მაგისტრანტი სასამართლოდან მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ სულ 306 ადამიანი დაჯარიმდა ხე-ტყის უკანონო მოჭრის გამო. 2014 წლის 26 თებერვლამდე კი იმავე სასამართლოებმა 61 ადამიანი დააჯარიმა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მოქალაქეების უმრავლესობას ჯარიმები გადახდილი არ აქვთ. სასამართლოში ასევე არ ყოფილა პრეცედენტი, როცა გარემოსდამცველები კომპანიას ან ბიზნესსაქმიანობაში ჩართულ პირებს უჩივიან გარემოზე ზიანის მიყენების გამო ხეების უკანონოდ გაჩეხის ფაქტზე.

 

2013 წლის განმავლობაში და 2014 წლის ამ დრომდე რამდენი სააღსრულებო ფურცელი აღსრულდა აჭარაში ხე-ტყის გაჩევისა და ინერტული მასალის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე და ჯარიმებით რამდენი ლარი შევიდა ბიუჯეტში – ამ კითხვით სააღსრულებო ბიუროს მივმართეთ, თუმცა გამარტივებული წარმოების სამსახურის უფროსმა ლეილა მიქელაძემ მოგვწერა, რომ გამიჯნულად ჯარიმების სტატისტიკა არ აქვთ, ამიტომ „სააღსრულებო ბიურო მოკლებულია შესაძლებლობას, დააკამყოფილოს მოთხოვნა“.

 

ხე-ტყის უკანონოდ გაჩეხვის გამო გამართული სასამართლო გადაწყვეტილების ასლების მიხედვით, რომელიც ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოდანაა გამოთხოვილი, საშუალოდ ერთ ადამიანს 1500 ლარით აჯარიმებენ, გამოდის, რომ 2011, 2012, 2013 და 2014 წლის 26 თებერვლამდე დაახლოებით ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ჯარიმის გადახდა დაეკისრა მოქალაქეებს.

 

ადგილობრივები ასევე ამბობენ, რომ ძირითადად იმ გლეხებს აჯარიმებენ, რომლებიც ხეებს გასათბობად ჭრიან. სამაგიეროდ, თითქმის არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც დააჯარიმეს კომპანიები, რომლებიც ხე-ტყით გაყიდვაზე მუშაობენ.

 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სამსახურის უფროსის ვახტანგ ღოღობერიძის მიერ მოწოდებული წერილობითი ინფორმაციით, 2014 წლის 1 იანვრიდან 5 მარტამდე ქობულეთის მუნიციპალიტეტში 12 ფაქტი დაფიქსირდა წიაღის სათანადო ლიცენზიის გარეშე მოპოვების ფაქტზე, ხელვაჩაურში – 11, ქედის მუნციპალიტეტში კი – 1 ფაქტი. უცნობია ასევე, უკანონოდ ინერტული მასალის მოპოვების გამო დაჯარიმებით, რამდენი ლარი შევიდა ბიუჯეტში.

 

 

 

ინერტული მასალების და ხე-ტყის უკანონო მოპოვებისთვის ჯარიმების რაოდენობა ნახევარ მილიონ ლარზე მეტია

გადაბეჭდვის წესი


ასევე: