კვირის ამბები

„რაც კარგები ვართ…“

23.03.2014 • 2192
„რაც კარგები ვართ…“

 

„მამაჩემთან ხშირად მაქვს დავა საბჭოთა ეპოქაზე, აზრი ვერ შევაცვლევინე. ვფიქრობ, მისთვის უკვე ძნელია გადააფასოს ღირებულებები. ზეაღმატებითი პათოსიც მგონია, რომ სწორედ ამ ეპოქიდან მოდის, რადგან პოპულიზმი და სიყალბე ყველაზე მეტად ამ პერიოდს ახასიათებდა“,  – გვეუბნება სტუდენტი ედო არძენაძე. მისი აზრით, აღმატებითი ფორმა  –  „ყველაზე კარგები ვართ“ ინერციით კვებავდა ყველა შემდგომ თაობას, თუმცა ეს ტენდენციები  დღესაც განიცდის ფორმაციას.

 

„ჩვენს თაობაში სნობიზმი უფრო მოდაშია, ვიდრე პათეტიკა. ასე მგონია გულზე მჯიღის ცემა ქართველების გამორჩეულობის გამო, ძველ თაობას უფრო ახასიათებს“, – ამასაც ახალგაზრდა ედო ფიქრობს. 

 

ედო არძენაძე

 

მისი აზრით, სტერეოტიპებზე საზოგადოებას არ უყვარს ფიქრი და განსჯა. „ამიტომ სჭარბობს ზეაღმატებითი კლიშეები ქართულ საზოგადოებაში, ქართველს ემოციაზე, ნაპერწკალზე აყოლა უყვარს, ფიქრი და განსჯა კი – ნაკლებად. ამიტომ არის ჩვენი მწერლობა და პოეზიაც პათეტიკით გაჯერებული. ვფიქრობ, მთავარი პრობლემა იმაშია, რომ ოქროს შუალედის პოვნა ყოველთვის გვიჭირს“.

 

ედო მიიჩნევს, რომ სტერეოტიპებისგან თავის დაღწევის ერთადერთი გზა განათლებაა: „ვიკითხოთ და ვიფიქროთ ბევრი. როცა ამას გააკეთებ, მართვადი აღარ იქნები“. 

 

ფსიქოლოგ ჯანა ჯავახიშვილის განმარტებით, არ შეიძლება მხოლოდ ერთი, ცალკე აღებული აზროვნებისა თუ თვითშეფასების კლიშეთი („რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ“) რაიმე სერიოზული დასკვნები გამოვიტანოთ ერის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ. მაგრამ ფართომასშტაბიანი კრიზისების დროს დიდ ჯგუფებს, მათ შორის – ერებს, ახასიათებთ ერთგვარი გადახრა ნარცისიზმისკენ. „და აი აქ, ყურს მიჩვეული და ერთი შეხედვით უწყინარი კლიშე – „რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ“ – შესაძლოა სწორედ ამ პრობლემურ მდგომარეობაში გადასვლის ერთ-ერთი ინდიკატორი გახდეს. გამომდინარე იქედან, რომ პერმანენტულ კრიზისში ვართ, ჩვენთვის არ არის უცხო ნარცისტული რეაქციები. ნარცისტული მდგომარეობაა საზოგადოების ფრაგმენტაცია, რომელიც თავს იჩენს სტერეოტიპული დამოკიდებულებით „მე კარგი ვარ, შენ ცუდი“, სადაც უმრავლესობა ვერ იტანს უმცირესობას, უმცირესობა – უმრავლესობას, და ყველა ერთად კი -ერთმანეთს“.

 

ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ დიდი ჯგუფების ფსიქოლოგიაში, აგრეთვე, ქრესტომათიულია ნარცისიზმის ისეთი გამოვლენა, როცა მთელი ერი საკუთარ მდგომარეობაზე ზრუნვას მხოლოდ ერთ ადამიანს დააკისრებს, „როგორც ეს მოხდა, მაგალითად, ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში. როცა სამი-ოთხმილიონიანი საზოგადოება საკუთარი ცხოვრების გამო პასუხისმგებლობას ერთ კონკრეტულ ადამიანს აკისრებს, ეს ძალიან უხერხულია. ამიტომ, არ არის გასაკვირი, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ცდილობს, წავიდეს ქვეყნის პოლიტიკური ავანსცენიდან“.

 

ჯანა ჯავახიშვილი

ფსიქოლოგის შეფასებით, გამორჩეულობის ან ღვთიური მისიის მატარებლის (მაგალითად, კლიშე – „ღვთისმშობლის წილხვედრი) იდეა, რომელიც ასე აქტუალურია ქართულ დისკურსში, პატარა ერებისთვის დამახასიათებელია: „იგივე კლიშეები აქვთ, მაგალითად, სომხებსაც, როდესაც საუბრობენ საკუთარ უნიკალობაზე; თუმცა, ეს ნამდვილად არ არის უცხო არც დიდი ერებისთვის, კრიზისის დროს – „გავიხსენოთ თუნდაც 11 სექტემბრის მაგალითი, ან ბოსტონის მარათონის ტრაგედია, რომელმაც ამერიკის მოქალაქეებში, აბსოლუტურად მსგავსად ჩვენისა, პატრიოტიზმზე პედალირებისა და პატრიოტიზმით მანიპულირების რეაქციები გააღვიძა“.

 

ფსიქოლოგის აზრით, კლიშეების მოშლისთვის აუცილებელია განათლება, სამოქალაქო ფასეულობებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარება. „დემოკრატიული ფასეულობები არ არის აბსტრაქტული ცნება, ეს უპირველეს ყოვლისა, ადამიანის უფლებების გაცნობიერებას, გაფრთხილებასა და დაცვას გულისხმობს. დემოკრატია არ ნიშნავს უმრავლესობის ჰეგემონიას უმცირესობაზე ან პირიქით – ეს გაკვეთილი საბჭოთა პერიოდში უკვე გავიარეთ. დემოკრატია ნიშნავს ყოველი კონკრეტული ადამიანის უფლებების დაცვას. თუნდაც ერთი ადამიანის უფლებების ნიველირება იმ მიზეზით, რომ `ხალხს ასე უნდა“  – დიდი შეცდომაა. დემოკრატია შენდება ყოველი კონკრეტული ადამიანის უფლებების დაცვით“.

 

პედაგოგი ნინო სურმანიძე მიიჩნევს, რომ პიროვნების იდენტობის ბაზისი, ოჯახის შემდეგ საგანმანათლებლო გარემოში ყალიბდება: „ყველა გონიერმა ერმა იცის, რომ არც სხვაზე ბევრად უარესია და არც უკეთესი. ყველა ერს აქვს გამორჩეული და რაღაც თვითმყოფადი, ისევე როგორც ქართველებს. `რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ“, უფრო თვითგადარჩენის ინსტინქტია, თუმცა ერმა არ უნდა დაკარგოს რეალური თვითშეფასების უნარი. დღეს ცოტა გაღიზიანებული ვართ თურქებზე ხომ? იმიტომ, რომ უფრო განვითარებულია. ჩვენ ხშირად გულზე ვსკდებით იმის გამო, რომ სხვა გვჯობნის“.

 

ნინო სურმანიძე აკაკი ბაქრაძეს იხსენებს: „მწერალთა კავშირიდან გამოსვლის დროს ერთ მოხუც სომეხს უთქვამს, როგორი ჭკვიანები ხართ ქართველები და ჩვენ რა სისულელე ვქენით, გასტრიტი ავიკიდეთ – არ ვჭამეთ, არ ვსვით და ფული ვაგროვეთ, მოვიდნენ კომუნისტები და ყველაფერი წაგვართვეს, თქვენ ქეიფი მაინც შეგრჩათო. ერთი შეხედვით, როგორც ბაქრაძე ამბობდა, სასაცილოა ეს ამბავი, მაგრამ მეორე მხრივ, არსებობს კითხვა, – რომ არ მოსულიყვნენ კომუნისტები? ჩვენის დაფასებაც უნდა ვისწავლოთ და კრიტიკულად შეხედვაც. ქართველები ლაღები ვართ და ამ სილაღეში ბევრი რამ გამოგვეპარა. პრობლემაა ის, რომ დღემდე საბჭოთა ეპოქას მივტირით, ეპოქას სადაც უზნეო ადამიანებს ვზრდიდით, სადაც სხვის ჯიბეში ხელის ჩაყოფა, სახელმწიფო ქონების ქურდობა, ქურდობა არ იყო, ავტობუსში სკამების დაჭრა უწესობა არ იყო. აღზრდა მარტო წიგნის წაკითხვა არ არის. წიგნს თეიმურაზ ხევისთავიც კითხულობდა, მაგრამ მაგაზე ბნელი პერსონაჟი ჯერ არ შემხვედრია. წაკითხულის ანალიზია მნიშვნელოვანი“. 

 

ნინო სურმანიძის აზრით, კლიშეები უნდა დაინგრეს და გადასარჩენი უნდა გადარჩეს:

 

„რაც მოსაშორებელია ნელ-ნელა მოშორდება. შეიცვალა გლოვის ფორმები, თუმცა ჯერ ქელეხებს არაფერი შველის. როცა ვიღაც არ აკეთებს, მე ვეუბნები ხოლმე, თქვით, რომ ეს კარგია. კურიოზია, რომ დღესაც კი, ცოცხალი ადამიანები სასაფლაოზე თავიანთ თავს ახატავენ. ერის საუკეთესო თვისებად არც ყანწებით ღვინის სმა მიმაჩნია, მაგრამ თანამედროვე ბავშვებმა მინდა გაიგონ, რომ რუსთაველი და ვაჟაც ქართველები არიან და მათი შემოქმედება უდიდესი ფასეულობების მატარებელია. უნდა გადარჩეს ქვევრის ღვინო, ქართული ფოლკლორი და ბევრი რამ, რაც ჩვენი იდენტობისთვის მნიშვნელოვანია“.

 

ნინო სურმანიძე

 

ნინო სურმანიძის აზრით, ერთ-ერთი პოპულარული კლიშე – „ქართველები ყველაზე ტოლერანტი ერი ვართ“, პატარა ერის სინდრომით საზრდოობს: „ჩვენ გვაქვს გლობალიზაციის შიში, ამიტომ არის, რომ ამ კლიშეს საწინააღმდეგოდ მოქმედებს სიძულვილი. ეს არის შიში, რომ შესაძლებელია ეთნოსის გარეგნული და სულიერი ნიშნები შეიცვალოს. ის, რომ ჭაბუა ამირეჯიბის შვილიშვილი ფერადკანიანია, შეიძლება დღეს არ არის პრობლემა, მაგრამ გვაშინებს ის, რომ დროთა განმავლობაში შეიძლება ქართველის ფერი შეიცვალოს. ქართველის ადაპტირება ევროპაში ადვილია, რადგან არ არსებობს რასობრივი ბარიერი, ევროპაში წასული ქართველები ხშირად იცვლიან სახელს, გვარს… ამ ტენდენციის გაგრძელების ეშინია ქართველს. ზეაღმატებითი კლიშეებიც – „რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ“ – ამ შიშით არის  გამყარებული.

 

ქართველი ერის იდენტობის, ფასეულობების შესახებ დისკუსიას მეტ-ნაკლებად ვაწყდებით ყოველდღიურ ცხოვრებაში. თითქმის ყოველთვის სჭარბობს აღმატებითი ფორმა – „ყველაზე კარგები“. თუმცა შეიმჩნევა ახალი ტენდენციაც – გაჩნდნენ ადამიანები, რომლებიც სვამენ კრიტიკულ კითხვას – რით გამოვირჩევით სხვებისგან?

 

გადაბეჭდვის წესი